საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტეს რჯული
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 სექტემბერი
    • ქრისტეს რჯული

      „ვარ. . . ქრისტეს რჯულიერი“ (1 კორინთელთა 9:21).

      1, 2. ა) როგორ შეიძლებოდა ადამიანთა მრავალი შეცდომის თავიდან აცილება? ბ) რის სწავლა ვერ შეძლო ქრისტიანულმა სამყარომ იუდაიზმის ისტორიიდან?

      „არც ადამიანებს და არც მთავრობებს არაფერი უსწავლიათ ანუ არ უმოქმედიათ ისტორიის პრინციპებიდან გამომდინარე“. ასეთი აზრი გამოთქვა მე-19 საუკუნის გერმანელმა ფილოსოფოსმა. ნამდვილად, ადამიანთა ისტორიის გზა შეიძლება, აიწეროს, როგორც „უგუნურების სვლა“, საზარელი შეცდომებისა და გარდამტეხი პუნქტების სერია, რომელთაგანაც უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ ადამიანები წარსულის შეცდომებზე სწავლას შეეცდებოდნენ.

      2 წარსულის შეცდომებზე სწავლის მსგავსი უარყოფა ხაზგასმულია ღვთიური რჯულის ამ განხილვაში. იეჰოვა ღმერთმა მოსეს რჯული შეცვალა უკეთესით — ქრისტეს რჯულით. მაგრამ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებმა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სხვებს ასწავლიან ამ რჯულს და რჯულის თანახმად ცხოვრობენ, ვერ შეძლეს, რამე ესწავლათ ფარისეველთა უაღრესად დიდი უგუნურებისგან. ასე რომ, ქრისტიანულმა სამყარომ დაამახინჯა და შეურაცხყო ქრისტეს რჯული, ზუსტად ისე, როგორც იუდაიზმმა მოსეს რჯული. როგორ გახდა ეს შესაძლებელი? უპირველესად, მოდი, თვითონ ქრისტეს რჯული განვიხილოთ — რა არის, ვის მართავს და როგორ, და რით განსხვავდება მოსეს რჯულისგან. შემდეგ განვიხილავთ, თუ როგორ შეურაცხყო ის ქრისტიანულმა სამყარომ. დაე, ამგვარად ვისწავლოთ ისტორიისგან და სასარგებლო ავითვისოთ!

      ახალი კავშირი

      3. რა აღთქმა წარმოთქვა იეჰოვამ ახალი კავშირის დადებასთან დაკავშირებით?

      3 იეჰოვას გარდა ვის შეეძლო, გაეუმჯობესებინა სრულყოფილი რჯული? მოსეს რჯულის კავშირი იყო სრულყოფილი (ფსალმუნი 18:8). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ წარმოთქვა აღთქმა: „აჰა, დადგება ჟამი. . . და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას“. ათი მცნება — მოსეს რჯულის ბირთვი — დაწერილი იყო ქვის ფილებზე. მაგრამ ახალ კავშირზე იეჰოვა ამბობდა: „წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ“ (იერემია 31:30–33).

      4. ა) რომელი ისრაელია შეყვანილი ახალ კავშირში? ბ) სულიერი ისრაელის გარდა, კიდევ ვინ ემორჩილება ქრისტეს რჯულს?

      4 ვინ იქნებოდა ახალ კავშირში, ანუ აღთქმაში, შეყვანილი? რასაკვირველია, ეს არ იქნებოდა პირდაპირი გაგებით ‘ისრაელის სახლი’, რომელმაც უარყო ახალი კავშირის შუამდგომელი (ებრაელთა 9:15). არამედ, ეს ახალი „ისრაელი“ იქნებოდა ‘ღვთის ისრაელი’, სულიერი ისრაელი (გალატელთა 6:16; რომაელთა 2:28, 29). სულითცხებული ქრისტიანების ამ პატარა ჯგუფს მოგვიანებით უნდა შეერთებოდა ყოველი ერის წარმომადგენელი „უამრავი ხალხი“, რომელსაც იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის სურვილი ექნებოდა (გამოცხადება 7:9, 10; ზაქარია 8:23). თუმცა არ მონაწილეობენ ახალ კავშირში, ესენიც უნდა დაქვემდებარებოდნენ რჯულს (შეადარე ლევიანნი 24:22; რიცხვნი 15:15). როგორც „ერთი ფარა“, ‘ერთი მწყემსის’ ხელმძღვანელობით, ყველა უნდა ყოფილიყო „ქრისტეს რჯულიერი“, როგორც ამას პავლე მოციქული წერდა (იოანე 10:16; 1 კორინთელთა 9:21). პავლე ახალ კავშირს, ანუ აღთქმას, უწოდებდა ‘უმჯობეს აღთქმას’. რატომ? ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ის დაფუძნებულია შესრულებულ აღთქმებზე და არა მომავლის აჩრდილზე (ებრაელთა 8:6; 9:11–14).

      5. რა არის ახალი კავშირის მიზანი და რატომ ექნება წარმატება?

      5 რა არის ამ კავშირის მიზანი? წარმოშვას მეფეთა და მღვდელთა ერი მთელი კაცობრიობის საკურთხებლად (გამოსვლა 19:6; 1 პეტრე 2:9; გამოცხადება 5:10). მოსეს რჯულის კავშირს ამ გაგებით არასოდეს წარმოუშვია ასეთი ერი, რადგან მთელი ისრაელი ისე აჯანყდა, როგორც ერთი კაცი, და დაკარგა ამის შესაძლებლობა (შეადარე რომაელთა 11:17–21). ახალი კავშირი მაინც, უსათუოდ, წარმატებულია რადგან დაკავშირებულია სავსებით განსხვავებული რჯულის ნიმუშთან. რა მხრივ არის განსხვავებული?

      თავისუფლების რჯული

      6, 7. როგორ იძლეოდა ქრისტეს რჯული მეტ თავისუფლებას, ვიდრე მოსეს რჯული?

      6 ქრისტეს რჯული არაერთხელ უკავშირდება თავისუფლებას (იოანე 8:31, 32). მას უწოდებენ ‘თავისუფალი ხალხის რჯულს’ და ‘თავისუფლების სრულყოფილ რჯულს’ (იაკობი 1:25; 2:12, აქ). რასაკვირველია, ადამიანთა შორის ნებისმიერი თავისუფლება პირობითია. მიუხედავად ამისა, რჯული გვთავაზობს გაცილებით მეტ თავისუფლებას, ვიდრე მისი წინამორბედი მოსეს რჯული. როგორ?

      7 ერთი მხრივ, არავინ დაბადებულა ქრისტეს რჯულის ქვეშევრდომად. ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა რასა ან დაბადების ადგილი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჭეშმარიტი ქრისტიანები საკუთარი ნებით ირჩევენ გულში რჯულისადმი მორჩილების უღელს. ასეთი მოქმედებით ისინი ხვდებიან, რომ ესაა საამური უღელი, მსუბუქი ტვირთი (მათე 11:28–30). თუ გახსოვს, მოსეს რჯულის დანიშნულება იყო, ადამიანისთვის ესწავლებინა, რომ ცოდვილია და აუცილებლად ესაჭიროება გამომსყიდველური მსხვერპლი (გალატელთა 3:19). ქრისტეს რჯული ასწავლის, რომ მესია მოვიდა, საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა გამომსყიდველური ფასი და გზა გაგვიხსნა ცოდვისა და სიკვდილის საშინელი ბატონობისგან თავისუფლებისაკენ! (რომაელთა 5:20, 21). ამის გამოსაყენებლად ‘რწმენა უნდა გამოვავლინოთ’ ამ მსხვერპლის მიმართ (იოანე 3:16).

      8. რას შეიცავს ქრისტეს რჯული და მის თანახმად ცხოვრებისთვის, რატომ არ არის საჭირო კანონის ასობით წესის გაზეპირება?

      8 ‘რწმენის გამოვლენა’ ნიშნავს ქრისტეს რჯულის თანახმად ცხოვრებას. ეს აგრეთვე ქრისტეს ყოველი მცნებისადმი მორჩილებასაც ნიშნავს. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ვალდებული ვართ, დავიზეპიროთ ასობით კანონი და წესი? არა. თუმცა მოსემ, ძველი კავშირის შუამავალმა, დაწერა მოსეს რჯული, იესოს, ახალი რჯულის შუამავალს, ერთი სიტყვაც არ დაუწერია. ამის ნაცვლად, ის ცხოვრობდა ამ რჯულით. სრულყოფილი ცხოვრებით მან თავის მიმდევრებს ნიმუში მისცა (1 პეტრე 2:21). შესაძლოა, ადრინდელი ქრისტიანების თაყვანისმცემლობა ამიტომაც იყო მოხსენიებული, როგორც ‘გზა’ (საქმეები 9:2; 19:9, 23; 22:4; 24:22). მათთვის ქრისტეს რჯული ნაჩვენები იყო ქრისტეს ცხოვრებით. ადამიანს ქრისტესთვის რომ მიებაძა, ამ კანონს უნდა დამორჩილებოდა. მათი ძლიერი სიყვარული მის მიმართ ნიშნავდა, რომ რჯული ნამდვილად მათ გულებში იყო ჩაწერილი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო (იერემია 31:32; 1 პეტრე 4:8). ვინც სიყვარულის გამოა მორჩილი, არასოდეს იგრძნობს თავს დაჩაგრულად — ეს მეორე მიზეზია იმისა, თუ რატომ ეწოდება ქრისტეს რჯულს ‘თავისუფალი ხალხის რჯული’.

      9. რა არის ქრისტეს რჯულის არსი და რა მხრივ შეიცავს ეს რჯული ახალ მცნებას?

      9 თუ სიყვარული მოსეს რჯულში მნიშვნელოვანი იყო, ქრისტეს რჯულში ძირითად არსს წარმოადგენს. ამგვარად, ქრისტეს რჯული შეიცავს ახალ მცნებას — ქრისტიანებს უნდა ჰქონდეთ თავგანწირული სიყვარული ერთიმეორის მიმართ. მათ ქრისტეს მსგავსი სიყვარული უნდა გამოავლინონ; იესომ მეგობრების გულისთვის მზადყოფნით დადო საკუთარი სიცოცხლე (იოანე 13:34, 35; 15:13). მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს რჯული თეოკრატიის უფრო დიდებული გამომხატველია, ვიდრე მოსეს რჯული იყო. როგორც ამ ჟურნალის ერთ-ერთ წინა გამოცემაში იყო აღნიშნული: „თეოკრატია ღმერთის მმართველობაა; ღმერთი სიყვარულია; მაშასადამე, თეოკრატია სიყვარულით მმართველობაა“.

      იესო და ფარისევლები

      10. როგორ განსხვავდებოდა იესოს სწავლება ფარისეველთა სწავლებისგან?

      10 გასაოცარი არაა, რომ იესო იმდროინდელ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს დაუპირისპირდა. ‘თავისუფლების სრულყოფილი რჯული’ ძალიან შორს იყო მწიგნობართა და ფარისეველთა გონებისგან. ისინი ცდილობდნენ, კონტროლი გაეწიათ ხალხისთვის ადამიანთა მიერ გამოგონილი წესებით. მათი სწავლება უმოწყალო, საბრალმდებლო, ნეგატიურ სწავლებად იქცა. მისგან მკვეთრი სხვაობით, იესოს სწავლება უაღრესად წამახალისებელს და სასარგებლოს წარმოადგენდა! იესო იყო პრაქტიკული და ეხებოდა რეალურ საჭიროებებსა და საზრუნავს. ის ასწავლიდა უბრალოდ და ნამდვილი გრძნობით, იყენებდა ყოველდღიური ცხოვრების მაგალითებს და ღვთის სიტყვის ავტორიტეტს. ამის გამო „ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით“ (მათე 7:28). დიახ, იესოს სწავლება შეეხო მათ გულს!

      11. როგორ ცხადყო იესომ, რომ მოსეს რჯული კეთილგონივრულობითა და მოწყალებით უნდა ყოფილიყო გამოყენებული?

      11 იმის ნაცვლად, რომ მოსეს რჯულისთვის უფრო მეტი წესები დაემატებინა, იესომ აჩვენა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ იუდეველებს რჯული ცხოვრებაში — კეთილგონივრულობითა და მოწყალებით. მაგალითად, გაიხსენე ის შემთხვევა, როდესაც იესოს მიუახლოვდა სისხლის დენით დატანჯული ქალი. მოსეს რჯულის თანახმად, ყოველი, ვისაც ის მიეკარებოდა, უწმინდური გახდებოდა, ამგვარად, მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაევლო მრავალ ხალხში! (ლევიანნი 15:25–27). მას ისე ძალიან სურდა განკურნება, რომ გაკვეთა ხალხის ბრბო და იესოს ტანისამოსს შეეხო. ქალს სისხლის დენა მაშინვე შეუწყდა. უსაყვედურა თუ არა იესომ მას რჯულის დარღვევისთვის? არა; პირიქით, მან იგრძნო მისი სასოწარკვეთილი მდგომარეობა და ნათლად აჩვენა რჯულის უდიდესი მცნება — სიყვარული. იესომ თანაგრძნობით უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“ (მარკოზი 5:25–34).

      იძლევა თუ არა ქრისტეს რჯული პირადი არჩევნის საშუალებას?

      12. ა) რატომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქრისტეს რჯული ყოველივეს ნების დამრთველია? ბ) რა ცხადყოფს, რომ მრავალი კანონების დაწესებამ გამოიწვია თავდასაძვრენი საშუალებები?

      12 უნდა დავასკვნათ თუ არა, რომ, რადგანაც ქრისტეს რჯული ‘თავისუფლებისაა’, ყოველივეს ნების დამრთველია იმ საკითხებში, რომლებშიც ფარისევლები თავიანთი ზეპირი გადმოცემებით ადამიანთა მოქმედებებს მკაცრ საზღვრებს უდებდნენ? არა. კანონთა სისტემები დღეს ცხადყოფენ, რომ, ხშირად, რაც უფრო მეტი კანონია, ადამიანები პოულობენ თავის დასაძვრენ საშუალებებსa. დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს ფარისეველთა კანონების სიმრავლე უბიძგებდა ადამიანებს, ეძებნათ თავის დასაძვრენი საშუალებები, დაუდევრად შესრულებული საქმეები მოკლებული იყო სიყვარულს და ავითარებდა საკუთარ თვალში სამართლიანობას, რათა შინაგანი გახრწნილება შენიღბულიყო (მათე 23:23, 24).

      13. რატომ არის ქრისტეს რჯული მოქმედებისთვის უფრო ამაღლებული ნორმების ნაყოფის მქონე, ვიდრე ნებისმიერი კოდექსი?

      13 ამისგან განსხვავებით, ქრისტეს რჯული არ ასწავლის მსგავს თვალსაზრისს. სინამდვილეში, რჯულისადმი მორჩილება დაფუძნებულია იეჰოვას მიმართ სიყვარულსა და ისეთ მორჩილებაზე, რაც გამოიხატება სხვების მიმართ ქრისტეს თავგანწირული სიყვარულისადმი მიბაძვით, რისი შედეგიც ფორმალური კანონით დაშვებული კოდექსის მიყოლის ნაცვლად, ყოფაქცევის მაღალზნეობრივი ნორმებია. სიყვარული არ ეძებს თავის დასაძვრენ საშუალებებს; გვაფრთხილებს, რომ არ გავაკეთოთ საზიანო, რასაც კანონით დაშვებული კოდექსი აშკარად არ კრძალავს (იხილე მათე 5:27, 28). ამგვარად, ქრისტეს რჯული გვინერგავს სურვილს, რომ სხვებისთვის კარგი გავაკეთოთ — გამოვავლინოთ გულუხვობა, სტუმართმოყვარეობა და სიყვარული — რასაც ვერც ერთი ფორმალური კანონი ვერ გვაიძულებდა (საქმეები 20:35; 2 კორინთელთა 9:7; ებრაელთა 13:16).

      14. როგორი გავლენა ჰქონდა ქრისტეს რჯულის თანახმად ცხოვრებას პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაზე?

      14 რადგან ადრინდელი ქრისტიანული კრების წევრები ქრისტეს რჯულის თანახმად ცხოვრობდნენ, თბილი, მოსიყვარულე ატმოსფეროთი ტკბებოდნენ, რაც შედარებით თავისუფალი იყო მკაცრი, მსჯავრისდამდები და თვალთმაქცი მოქმედებებისგან, რომლებიც ასე გავრცელებული იყო იმდროინდელ სინაგოგებში. კრებების ახალ წევრებს ნამდვილად უნდა ჰქონოდათ ისეთი გრძნობა, რომ ცხოვრობდნენ ‘თავისუფალი ხალხის რჯულით’!

      15. რომელია ის ზოგიერთი მცდელობა, რომლებსაც იყენებდა სატანა ქრისტიანული კრების გასახრწნელად?

      15 მაგრამ სატანას მაინც დიდი სურვილი ჰქონდა ქრისტიანული კრება შიგნიდან გაეხრწნა, ზუსტად ისე, როგორც ისრაელი ერი გახრწნა. პავლე მოციქული გაფრთხილებას იძლეოდა, რომ მოვიდოდნენ მგლის მსგავსი ადამიანები, რომლებიც ‘უკუღმართად ილაპარაკებდნენ’ და დაჩაგრავდნენ ღვთის სამწყსოს (საქმეები 20:29, 30). პავლეს ბრძოლა უწევდა იუდაიზმის მიმდევრებთან, რომლებიც ცდილობდნენ, ქრისტეს რჯულის პირობითი თავისუფლება გაეცვალათ მოსეს რჯულისადმი დამონებაში, რომელიც ქრისტეში ასრულდა (მათე 5:17; საქმეები 15:1; რომაელთა 10:4). ბოლო მოციქულის სიკვდილის შემდეგ, ასეთი განდგომილებისთვის გზა უკვე ფართოდ გაიხსნა. ასე რომ, გახრწნილება ფართოდ გავრცელდა (2 თესალონიკელთა 2:6, 7).

      ქრისტიანული სამყარო ბილწავს ქრისტეს რჯულს

      16, 17. ა) როგორი ფორმა მიიღო გახრწნილებამ ქრისტიანულ სამყაროში? ბ) როგორ შეუწყო ხელი კათოლიკური ეკლესიის კანონებმა დამახინჯებულ წარმოდგენას სექსზე?

      16 ქრისტიანული სამყაროს არაერთ ფორმაში გახრწნილება ისევე გაბატონდა, როგორც იუდაიზმში. ქრისტიანული სამყაროც ცრუ მოძღვრებებისა და დაცემული ზნეობის მსხვერპლი გახდა. და სწორედ მისმა მცდელობამ, დაეცვა სამწყსო გარე ზეგავლენისგან, წმინდა თაყვანისმცემლობის მცირე ნასახიც კი ამოჭამა. მკაცრი და არაბიბლიური კანონები უფრო და უფრო მატულობდა.

      17 კათოლიკურ ეკლესიას პირველი ადგილი უჭირავს საეკლესიო კანონების შექმნაში. ეს კანონები, ძირითადად, სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებში იქნა დამახინჯებული. ერთ-ერთი წიგნი (Sexuality and Catholicism) აღნიშნავს: ეკლესიამ შთანთქა სტოიციზმის ბერძნული ფილოსოფია, რომელიც ეჭვით უყურებდა ნებისმიერი სახის სიამოვნებას. ეკლესიამ დაიწყო იმის სწავლება, რომ სქესობრივი კავშირით სიამოვნების მიღება, მათ შორის, ბუნებრივი, ცოლ-ქმრული, კავშირით, იყო ცოდვა (დაუპირისპირე იგავნის 5:18, 19). სექსი, როგორც ირწმუნებოდნენ, მხოლოდ გამრავლებისთვის იყო და სხვა არაფრისთვის. ამგვარად, ეკლესიის კანონი მსჯავრს სდებდა ჩასახვის საწინააღმდეგო ნებისმიერ საშუალებას, როგორც ძალიან სერიოზულ ცოდვას და ზოგჯერ მრავალწლიან მონანიებას მოითხოვდა. გარდა ამისა, სამღვდელოებას ეკრძალებოდა დაქორწინება, იმ ედიქტის თანახმად, რომლის ნაყოფიც არის უზომო და უკანონო სქესობრივი აღვირახსნილობა, მათ შორის ბავშვების გაუპატიურება (1 ტიმოთე 4:1–3).

      18. რა შედეგი მოჰყვა საეკლესიო კანონების გამრავლებას?

      18 როდესაც ეკლესიის კანონთა რიცხვმა იმატა, შეკრეს წიგნებად. წიგნებმა ბნელში მოაქცია ბიბლია და მისი ადგილი დაიკავა (შეადარე მათე 15:3, 9). იუდაიზმის მსგავსად, კათოლიციზმმა უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნიერების ლიტერატურას და მასში საშიშროებას ხედავდა. ამგვარად, ეს თვალსაზრისი იქამდე მივიდა, რომ ვერ გაითვალისწინა ბიბლიის გონივრული რჩევა (ეკლესიასტე 12:12; კოლასელთა 2:8). იერონიმმა, ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის საეკლესიო მწერალმა, წამოიძახა: „ო, უფალო, თუ კიდევ მექნება ქვეყნიური წიგნები, ან წავიკითხავ მათ, ეს შენი უარყოფა იქნება“. დროთა განმავლობაში ეკლესიამ თავის თავზე აიღო წიგნების ცენზურა — თვით ისეთი წიგნებისაც, რომლებიც ქვეყნიურ საკითხებზე იყო. ამგვარად, მე-17 საუკუნის ასტრონომი გალილეო, დაგმეს, რადგან იმის ნაწერებში იხსნებოდა, რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს. ეკლესია ყველაფერში იჩემებდა საბოლოო ძალაუფლებას თვით ასტრონომიულ საკითხებშიც — საბოლოოდ, ასეთმა მოქმედებამ ძირი გამოუთხარა ბიბლიის მიმართ რწმენას.

      19. როგორ შეუწყო ხელი მონასტრებმა მკაცრ ავტორიტარულობას?

      19 საეკლესიო წესების დადგენა აყვავდა მონასტრებში, სადაც ბერები, რომლებმაც უარყვეს საკუთარი თავი, წუთისოფლისგან განცალკევებით ცხოვრობდნენ. კათოლიკური მონასტრების უმრავლესობა მიჰყვებოდა „წმინდა ბენედიქტეს წესდებას“. აბატი (ტერმინი, რომელიც წამოვიდა სიტყვა „მამის“ არამეული შესატყვისიდან) აბსოლუტური ძალაუფლებით მმართველობდა (შეადარე მათეს 23:9). თუ ბერი ღებულობდა მშობლებისგან საჩუქარს, აბატს უნდა გადაეწყვიტა ბერი მიიღებდა მას თუ სხვა ვინმე. გარდა იმისა, რომ მსჯავრს სდებდა ვულგარულობას, ერთ-ერთი წესდება კრძალავდა უბრალო ლაქლაქსა და ხუმრობებს და ამბობდა: „არც ერთმა მოწაფემ არ უნდა ისაუბროს მსგავს საკითხებზე“.

      20. რა ცხადყოფს, რომ პროტესტანტიზმმაც შეუწყო ხელი ისეთ ავტორიტარულობას, რომელიც საღვთო წერილიდან არ გამომდინარეობდა?

      20 პროტესტანტიზმმა, რომელიც ცდილობდა, ჩაეტარებინა რეფორმა კათოლიციზმის არაბიბლიური ექსცესების წინააღმდეგ, ძალიან მალე, დაიწყო მის მსგავსად მკაცრი წესების დაწესება, რომლებიც არ იყო ქრისტეს რჯულზე დაფუძნებული. მაგალითად, მოწინავე რეფორმატორს, ჟან კალვინს, უწოდეს „განახლებული ეკლესიის კანონმდებელი“. ის ჟენევაში ხელმძღვანელობდა უთვალავი მკაცრი წესით, რომლებსაც ახორციელებდნენ „უხუცესები“, რომელთა „თანამდებობაც“, კალვინის აზრით, იყო „ზედამხედველობა თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე“ (დაუპირისპირე 2 კორინთელთა 1:24). ეკლესია აკონტროლებდა ფუნდუკებს და აწესებდა, თუ როგორი საუბარი იყო ნებადართული. ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა არასერიოზული სიმღერა და ცეკვა, დაწესებული იყო მკაცრი ჯარიმაb.

      ქრისტიანული სამყაროს შეცდომებზე სწავლა

      21. როგორი იყო ქრისტიანობის ტენდენციის ‘დაწერილისგან გადახვევის’ საერთო შედეგი?

      21 დაიცვა თუ არა ამ წესებმა და კანონებმა ქრისტიანული სამყარო გახრწნილებისგან? მან სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო! დღეს ქრისტიანული სამყარო დაყოფილია ასობით სექტად, რომლებშიც ბატონობს უკიდურესი სიმკაცრიდან დაწყებული უზომო მიმტევებლობამდე მისული წესები. ყოველი მათგანი, ასე თუ ისე, ‘გადავიდა დაწერილს’, და დაუშვა, რომ ადამიანურმა აზროვნებამ უხელმძღვანელოს სამწყსოს და შეეწინააღმდეგოს ღვთიურ რჯულს (1 კორინთელთა 4:6).

      22. რატომ არ ნიშნავს ქრისტეს რჯულის დასასრულს ქრისტიანულ სამყაროში არსებული მრავალი მანკიერება?

      22 მაგრამ მთელი ისტორიის მანძილზე ქრისტეს რჯულის წინააღმდეგ მოქმედებას წარმატება არ მოჰყოლია. იეჰოვა ღმერთი ადამიანებს არასოდეს დართავს ნებას, აღმოფხვრან ღვთიური რჯული. ქრისტიანული რჯული დღეს საკმაოდ ძლიერია ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორის და მათთვის უდიდესი უპირატესობაა მის თანახმად ცხოვრება. მაგრამ ღვთიური რჯულის წინააღმდეგ იუდაიზმისა და ქრისტიანული სამყაროს მოქმედებების განხილვის შემდეგ, დროული იქნება შეკითხვა: „როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ქრისტეს რჯულის თანახმად, ისე, რომ ღვთის სიტყვის წამბილწველი ადამიანური აზროვნებისა და იმ წესების მახეში არ გავებათ, რომლებიც ძირს უთხრიან ღვთიური რჯულის ნამდვილ მნიშვნელობას? როგორი გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა ჩაგვაგონოს ქრისტეს რჯულმა დღეს?“ ამ შეკითხვებს უპასუხებს შემდეგი სტატია.

  • ცხოვრება ქრისტეს რჯულის თანახმად
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 სექტემბერი
    • ცხოვრება ქრისტეს რჯულის თანახმად

      „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს“ (გალატელთა 6:2).

      1. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქრისტეს რჯული სიკეთის კეთებისთვის უზარმაზარ ძალას წარმოადგენს?

      რუანდაში იეჰოვას ჰუტუ და ტუტსი მოწმეები სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ, რომ ერთმანეთი დაეცვათ ეთნიკური ხოცვა-ჟლეტისგან, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. კობეში (იაპონია) იეჰოვას მოწმეები, რომლებმაც დამანგრეველი მიწისძვრის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს, მათი დაღუპვის გამო გულმოკლულები იყვნენ. მაგრამ უკან არ იხევდნენ სიკვდილისგან გადაერჩინათ სხვები. დიახ, დედამიწის ყოველი კუთხიდან მოსული გულისამაჩუყებელი მაგალითები ცხადყოფს, რომ დღეს ქრისტეს რჯული მოქმედია. ის სიკეთის კეთების უზარმაზარი ძალაა.

      2. რა მხრივ ვერ გაიგო ქრისტიანულმა სამყარომ ქრისტეს რჯული და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ რჯულის შესასრულებლად?

      2 ამავე დროს, სრულდება ბიბლიის წინასწარმეტყველება ამ კრიტიკული ‘უკანასკნელი დღეების’ შესახებ. მრავალს ‘ღვთისმოსაობის სახე აქვს’, მაგრამ ‘მის ძალას უარყოფენ’ (2 ტიმოთე 3:1, 5). განსაკუთრებით კი ქრისტიანულ სამყაროში, სადაც რელიგია, ხშირად, ფორმალურია და არა გულიდან გამომდინარე. იმიტომ ხომ არა, რომ ქრისტეს რჯულის თანახმად ცხოვრება ძალიან ძნელია? არა. იესო არ მოგვცემდა ისეთ რჯულს, რომლის მიყოლაც შეუძლებელი იქნებოდა. უბრალოდ, ქრისტიანულმა სამყარომ ვერ გაიგო ქრისტეს რჯული. მან ვერ დაიცვა ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვები: „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს“ (გალატელთა 6:2). ჩვენ ‘ვასრულებთ ქრისტეს რჯულს’ იმით, რომ ვატარებთ ერთმანეთის ტვირთს, არ ვბაძავთ ფარისევლებს და უსამართლოდ არ ვუმატებთ ჩვენს ძმებს ტვირთს.

      3. ა) რომელ ზოგიერთ მცნებას შეიცავს ქრისტეს რჯული? ბ) რატომ იქნებოდა არასწორი, დაგვესკვნა, რომ ქრისტიანულ კრებას არ უნდა ჰქონდეს წესები ქრისტეს უშუალო მითითებების გარდა?

      3 ქრისტეს რჯული შეიცავს იესო ქრისტეს ყველა მითითებას — იქნება ეს ქადაგება თუ სწავლება, თვალის სიწმინდის დაცვა თუ უბრალოება, განუწყვეტელი მუშაობა მოყვასთან მშვიდობის შესანარჩუნებლად თუ კრებიდან უწმინდურების აღმოფხვრა (მათე 5:27–30; 18:15–17; 28:19, 20; გამოცხადება 2:14–16). ნამდვილად, ქრისტიანები ვალდებული არიან, დაიცვან ბიბლიაში მოცემული ყველა მცნება, რომლებიც ქრისტეს მიმდევრებისთვის არის განსაზღვრული. მაგრამ ეს არაა საკმარისი. იეჰოვას ორგანიზაციამ, ასევე, ინდივიდუალურად ყოველმა კრებამ, უნდა დააწესოს აუცილებელი წესები და მოქმედების ნორმები, რომ დაიცვას სანიმუშო წესრიგი (1 კორინთელთა 14:33, 40). ქრისტიანები ვერც კი შეიკრიბებოდნენ, თუ არ ექნებოდათ მითითება — როდის, სად და როგორ შეკრებილიყვნენ! (ებრაელთა 10:24, 25). იმ კეთილგონივრული მითითებების მიყოლა, რომლებზეც პასუხისმგებელმა პირებმა იზრუნეს ორგანიზაციაში, აგრეთვე ქრისტეს რჯულის შესრულების ნაწილია (ებრაელთა 13:17).

      4. რა არის წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მამოძრავებელი ძალა?

      4 მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ თაყვანისმცემლობას არ ხდიან აზრს მოკლებულ კანონთა კრებულად. ისინი იეჰოვას იმიტომ კი არ ემსახურებიან, რომ ვიღაც პიროვნებამ ან ორგანიზაციამ დაავალა ამის კეთება. პირიქით, თაყვანისმცემლობისთვის მათი მამოძრავებელი ძალა არის სიყვარული. პავლე წერდა: „ქრისტეს სიყვარული გვაიძულებს“ (2 კორინთელთა 5:14, აქ, სქოლიო). იესომ თავის მიმდევრებს უბრძანა, ჰყვარებოდათ ერთმანეთი (იოანე 15:12, 13). თავგანწირული სიყვარული ქრისტეს რჯულის საძირკველია და ის აიძულებს და ახალისებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს ყველგან, როგორც ოჯახში, აგრეთვე კრებაში. მოდი, განვიხილოთ, როგორ.

      ოჯახში

      5. ა) როგორ შეუძლიათ მშობლებს ქრისტეს რჯულის შესრულება ოჯახში? ბ) რა ესაჭიროებათ ბავშვებს მშობლებისგან და რა დაბრკოლებები უნდა გადალახოს ზოგიერთმა მშობელმა, რომ დააკმაყოფილოს ის?

      5 პავლე მოციქული წერდა: „მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესელთა 5:25). როდესაც ქმარი ჰბაძავს ქრისტეს და თავის მეუღლეს სიყვარულითა და გაგებით ექცევა, ქრისტეს რჯულის მნიშვნელოვან მხარეს ასრულებს. გარდა ამისა, ქრისტემ ყველას დასანახად გამოავლინა პატარა ბავშვების მიმართ სიყვარული, როდესაც მოეხვია მათ, ხელები დაადო და აკურთხა (მარკოზი 10:16). მშობლები, რომლებიც ქრისტეს რჯულს ასრულებენ, მსგავს სიყვარულს ავლენენ თავიანთი ბავშვების მიმართ. ფაქტია, რომ არიან ისეთი მშობლებიც, რომლებისთვისაც ძნელია, ამ საკითხში ქრისტეს მაგალითს მიბაძონ. ზოგი ბუნებით არაა ისეთი, რომ გრძნობები გამოხატოს. მშობლებო, არ დაუშვათ, რომ ასეთმა შეხედულებამ შეგბოჭოთ, არამედ გამოავლინეთ შვილების მიმართ ის სიყვარული, რასაც მათდამი გრძნობთ! არაა საკმარისი, რომ მხოლოდ თქვენ იცოდეთ, რომ გიყვართ ისინი. მათაც უნდა იცოდნენ ეს. თუ არ ეცდებით, რამენაირად გამოამჟღავნოთ სიყვარული, მათ არ ეცოდინებათ ეს (შეადარე მარკოზი 1:11).

      6. ა) აუცილებელია თუ არა ბავშვებისთვის მშობლებისგან წესების დადგენა და რატომ პასუხობ პირადად შენ ასე? ბ) ოჯახში არსებული წესების რა მიზეზი უნდა გაიგონ ბავშვებმა? გ) რა საშიშროება იქნება თავიდან აცილებული იმ შემთხვევაში, როდესაც ქრისტეს რჯული ბატონობს ოჯახში?

      6 ამავე დროს, ბავშვებისთვის საჭიროა საზღვრების დადგენაც, რაც ნიშნავს, რომ მშობლებმა უნდა დაადგინონ წესები და, ზოგ შემთხვევაში დასაჯონ კიდეც მათ შესასრულებლად (ებრაელთა 12:7, 9, 11). მსგავს შემთხვევებშიც ბავშვებს უფრო და უფრო უნდა დაეხმაროთ, რომ გაიგონ ამ წესების დადგენის მიზეზი: მშობლების მათდამი სიყვარული. მათ უნდა ისწავლონ, რომ სიყვარული საუკეთესო მიზეზია, რათა დაემორჩილონ მშობლებს (ეფესელთა 6:1; კოლასელთა 3:20; 1 იოანე 5:3). გამჭრიახი მშობლის მიზანია, ასწავლოს პატარებს პირადი ‘გონებრივი შესაძლებლობების’ ისე გამოყენება, რომ, საბოლოოდ, თვითონ შეძლონ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება (რომაელთა 12:1, აქ; შეადარე 1 კორინთელთა 13:11). მეორე მხრივ, წესები არ უნდა იყოს მეტისმეტად ბევრი ან დასჯა — უზომოდ სასტიკი. პავლე ამბობს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“ (კოლასელთა 3:21; ეფესელთა 6:4). როდესაც ოჯახში ქრისტეს რჯული ბატონობს, დასჯის დროს ადგილი არა აქვს თავშეუკავებელ სიბრაზეს ან გულსაკლავ სარკაზმს. ასეთ ოჯახებში ბავშვები თავს უსაფრთხოდ და წახალისებულად გრძნობენ, და არა გულდამძიმებულად და დამცირებულად (შეადარე ფსალმუნი 35:8).

      7. რა მხრივ შეიძლება, რომ ბეთელის ოჯახები სანიმუშოს წარმოადგენდეს ოჯახში წესების დადგენასთან დაკავშირებით?

      7 ისინი, რომლებმაც ინახულეს ბეთელის ოჯახები მთელ მსოფლიოში, ამბობენ, რომ ბეთელის ოჯახი სამაგალითოს წარმოადგენს ოჯახურ წესებთან დაკავშირებულ საკითხებში გაწონასწორებულობის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ბეთელი სრულწლოვანებისგან შედგება, ასეთი დაწესებულება ძალიან ჰგავს ოჯახსa. ბეთელის მუშაობა არის რთული და წესების მნიშვნელოვან რაოდენობას მოითხოვს — რასაკვირველია, უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ ოჯახში. მაგრამ უხუცესები საკუთარ თავზე ღებულობენ ინიციატივას ბეთელის ოჯახებში, ოფისებსა და ქარხნის სამუშაოებში და ცდილობენ, ქრისტეს რჯული გამოიყენონ. მათ პირად ვალდებულებად მიაჩნიათ, რომ მხოლოდ სამუშაოს კი არ გაუწიონ ორგანიზება, არამედ ხელი შეუწყონ სულიერ წინსვლასა და თანამშრომელთა შორის ‘უფლის სიხარულს’ (ნეემია 8:10). მაშასადამე, ისინი ცდილობენ ყველაფერი დადებითად და გამამხნევებლად გააკეთონ და ისწრაფვიან, იყვნენ კეთილგონიერები (ეფესელთა 4:31, 32). არაა გასაკვირი, რომ ბეთელის ოჯახები ცნობილია სიხარულით აღსავსე სულით!

      კრებაში

      8. ა) რა უნდა იყოს კრებაში ყოველთვის ჩვენი მიზანი? ბ) რომელ ვითარებებში მოითხოვდა ზოგიერთი მითითებების მიღებას ან ცდილობდა წესების დადგენას?

      8 მსგავსად, ჩვენი მიზანია, რომ კრებაშიც სიყვარულით აღვაშენოთ ერთიმეორე (1 თესალონიკელთა 5:11). ასე რომ, თითოეული ქრისტიანი უნდა იყოს ფრთხილი, რათა სავსებით პირად საკითხებზე საკუთარი აზრები სხვებს არ მოახვიოს თავზე და არ დაუმძიმოს ტვირთი. ხანდახან საგუშაგო კოშკის საზოგადოებაში მოდის წერილები თხოვნით, რომ საზოგადოებისგან მიიღონ მითითებები, თუ როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება გარკვეულ ფილმებს, წიგნებსა და თვით სათამაშოებს. მაგრამ საზოგადოებას არა აქვს უფლება, დაწვრილებით გამოიკვლიოს ასეთი საკითხები და გამოსცეს მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის პირადი ან თვითონ ოჯახის თავის საქმე, რომელმაც ბიბლიის პრინციპებისადმი სიყვარულის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მრავალს აქვს ისეთი მიდრეკილება, რომ საზოგადოების რჩევები და მითითებები წესებად აქციოს. მაგალითად, 1996 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“ (რუს.) გვთავაზობდა შესანიშნავ გამამხნევებელ სტატიას უხუცესების მიერ კრების წევრების რეგულარულ სამწყემსო მონახულებასთან დაკავშირებით. ნუთუ ეს წესების დადგენისთვის იყო განზრახული? არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია რჩევების მიმყოლთათვის ძალიან სასარგებლოა, ზოგი უხუცესი ვერ იყენებს მას. მსგავსად, სტატიაში „მკითხველთა შეკითხვები“ 1995 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) გამოცემაში, მოცემული იყო გაფრთხილება ღირსების დამამცირებელ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ნათლობის დროს უკიდურესობამდე მიდიან, აწყობენ თავაშვებულ ღრეობებსა და დღესასწაულებს. ზოგი ამ აწონ-დაწონილი რჩევის წაკითხვის შემდეგ უკიდურესობაში გადავარდა და რაღაც წესიც კი დაადგინა, რომ ნათლობის შემთხვევაში გამამხნევებელი ღია ბარათის გაგზავნა არასწორი იქნებოდა!

      9. რატომ არის მნიშვნელოვანი, თავი ავარიდოთ ერთმანეთის მიმართ ზომაგადასულ კრიტიკასა და მსჯავრის დადებას?

      9 ასევე, განვიხილოთ ისიც, რომ, თუ ‘თავისუფლების სრულყოფილი რჯული’ ჩვენს შორის სუფევს, უნდა შევიგნოთ, რომ ყველა ქრისტიანს ერთნაირი სინდისი არა აქვს (იაკობი 1:25). ნუთუ საკამათოდ უნდა გავხადოთ რომელიმე პიროვნების პირადი არჩევანი, რითაც არ ირღვევა ბიბლიის პრინციპები? არა. ასეთი მოქმედება განხეთქილების მომტანი იქნებოდა (1 კორინთელთა 1:10). როდესაც თანაქრისტიანზე მსჯავრის დადებასთან დაკავშირებით გაფრთხილებას იძლეოდა, პავლემ თქვა: „თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება“ (რომაელთა 14:4). თუ ერთმანეთის შესახებ ვლაპარაკობთ იმ საკითხებზე, რაც პიროვნების პირად სინდისზეა, საშიშროების წინაშე ვდგებით, გული ვატკინოთ იეჰოვას (იაკობი 4:10–12).

      10. ვინ არიან დანიშნული კრების ზედამხედველებად და როგორ უნდა ამოვუდგეთ მათ მხარში?

      10 მოდი, გავიხსენოთ ისიც, რომ უხუცესები დანიშნული არიან იმისთვის, რომ იზრუნონ ღვთის სამწყსოზე (საქმეები 20:28). ისინი დასახმარებლად არიან. ჩვენ თავისუფლად უნდა მივუახლოვდეთ მათ რჩევისთვის, რადგან ბიბლიის მკვლევარები არიან და კარგად არიან გაცნობილი ყოველივე იმას, რაც საგუშაგო კოშკის საზოგადოების ლიტერატურაში იყო განხილული. როდესაც უხუცესები ხედავენ ისეთ მოქმედებას, რაც შემდეგში ბიბლიის პრინციპების დარღვევაში გადაიზრდება, გაბედულად იძლევიან საჭირო რჩევას (გალატელთა 6:1). კრების წევრები მიჰყვებიან ქრისტეს რჯულს, როდესაც თანამშრომლობენ ძვირფას მწყემსებთან, რომლებიც მათ შორის ხელმძღვანელობას იღებენ საკუთარ თავზე (ებრაელთა 13:7).

      უხუცესები იყენებენ ქრისტეს რჯულს

      11. როგორ იყენებენ უხუცესები ქრისტეს რჯულს კრებაში?

      11 უხუცესებს ძალიან სურთ, კრებაში შეასრულონ ქრისტეს რჯული. ისინი ხელმძღვანელობას იღებენ საკუთარ თავზე კეთილი ცნობის ქადაგებაში, ბიბლიიდან ისე ასწავლიან, რომ მსმენელების გულს შეეხოს და, როგორც მოსიყვარულე, ალერსიანი მწყემსები, საუბრობენ „დამწუხრებულებთან“ (1 თესალონიკელთა 5:14, აქ). ისინი ერიდებიან არაქრისტიანულ თვალსაზრისს, რაც ასე ხშირია ქრისტიანული სამყაროს რელიგიებში. ფაქტია, რომ ეს წუთისოფელი უდიდესი სისწრაფით განიცდის გადაგვარებას და უხუცესები პავლეს მსგავსად, გულმოდგინედ ზრუნავენ სამწყსოზე; მაგრამ ასეთი ზრუნვის დროს ინარჩუნებენ გაწონასწორებას (2 კორინთელთა 11:28).

      12. როდესაც ქრისტიანი უხუცესს დახმარებისთვის მიმართავს, როგორ შეუძლია უხუცესს მოიქცეს?

      12 მაგალითად, ქრისტიანს, შესაძლოა, სურს, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, უხუცესისგან მიიღოს რჩევა რომლის შესახებაც არ არის ბიბლიის პირდაპირი მითითება ან სხვადასხვა ქრისტიანული პრინციპების გაწონასწორებას მოითხოვს. დავუშვათ, დაწინაურება შესთავაზეს ისეთ სამუშაოზე, სადაც უფრო დიდ ხელფასს სთავაზობენ, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებენ. ან, შესაძლოა, ურწმუნო მამა ახალგაზრდა ქრისტიანისგან მოითხოვს იმას, რაც შესაძლოა მის მსახურებაზე მოახდენს გავლენას. ასეთ ვითარებაში უხუცესი თავს იკავებს პირადი თვალსაზრისის გამოთქმაზე. ამის ნაცვლად, როგორც მოსალოდნელია, გადაშლის ბიბლიას და დაეხმარება მას, იმსჯელოს შესაბამის პრინციპებზე. თუ ხელმისაწვდომია, მან შეიძლება გამოიყენოს „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსი“, რომ ნახოს, რა თქვა ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ ამ საკითხთან დაკავშირებით „საგუშაგო კოშკის“ და სხვა პუბლიკაციების ფურცლებზე (მათე 24:45). როგორ უნდა მოიქცეს უხუცესი, თუ, მისი აზრით, ქრისტიანი არაგონივრულ გადაწყვეტილებას ღებულობს? თუ გადაწყვეტილება პირდაპირ არ არღვევს ბიბლიის პრინციპებს ან კანონებს, ქრისტიანი დაინახავს, რომ უხუცესი პატივს სცემს პიროვნების უფლებას, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, რადგან იცის, რომ ‘ყველა თავის სატარებელს ატარებს’. მაგრამ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:5, 7).

      13. რატომ ეხმარებიან უხუცესები სხვებს, თვითონ იმსჯელონ საკითხზე, იმის ნაცვლად, რომ კითხვებზე პირდაპირი პასუხი გასცენ ან საკუთარი თვალსაზრისი შესთავაზონ?

      13 რატომ მოქმედებს გამოცდილი უხუცესი ასე? სულ მცირე, ორი მიზეზის გამო. პირველი: პავლემ ერთ-ერთ კრებას უთხრა, რომ ‘არ უფლობდა მათ რწმენაზე’ (2 კორინთელთა 1:24). როდესაც უხუცესი ძმას ეხმარება, იმსჯელოს ბიბლიის მუხლებზე და მიიღოს შემეცნებაზე დამყარებული გადაწყვეტილება, პავლეს პოზიციას ჰბაძავს. მას ესმის, რომ მის უფლებებს აქვს საზღვრები, როგორც იესოს ესმოდა საკუთარი უფლებების საზღვრები (ლუკა 12:13, 14; იუდა 9). ამავე დროს, უხუცესები მზად არიან დახმარების აღმოსაჩენად იმ დროს, როდესაც საჭიროა პირდაპირი, ბიბლიიდან გამომდინარე რჩევის მიცემა. მეორე: უხუცესი ასწავლის თანაქრისტიანებს. პავლე მოციქული ამბობდა: „მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“ (ებრაელთა 5:14). მაშასადამე, მოწიფულობის მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ ათვისების უნარი, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის სხვაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. როცა უხუცესი თანაქრისტიანს უჩვენებს, როგორ იმსჯელოს ბიბლიის მუხლებზე, წინსვლაში ეხმარება მას.

      14. როგორ შეუძლიათ მოწიფულ პიროვნებებს, აჩვენონ, რომ მინდობილი არიან იეჰოვაზე?

      14 ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების გულზე იმოქმედებს. ამიტომ მოუწოდებენ თავიანთი ძმების გულს მოწიფული ქრისტიანები, ევედრებიან ისე, როგორც პავლე (2 კორინთელთა 8:8; 10:1; ფილიმონი 8, 9). პავლემ იცოდა, რომ სამართლიანებს კი არა, ძირითადად, უსამართლოებს ესაჭიროებათ დაწვრილებითი კანონები, რომ სათანადოდ მოიქცნენ (1 ტიმოთე 1:9). ის ეჭვსა და უნდობლობას კი არ ავლენდა ძმების მიმართ, არამედ რწმენას. ერთ კრებას სწერდა: „ჩვენ კი გვჯერა თქვენს გამო უფალში“ (2 თესალონიკელთა 3:4). პავლეს რწმენა, ნდობა და დაჯერებულობა ძალიან ბევრს აკეთებდა ქრისტიანების წასახალისებლად. უხუცესებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებს იგივე მიზანი აქვთ. რა გამომაცოცხლებლები არიან ეს ერთგული ადამიანები, რადგან სიყვარულით მწყემსავენ ღვთის სამწყსოს! (ესაია 32:1, 2; 1 პეტრე 5:1–3).

      ცხოვრება ქრისტეს რჯულის თანახმად

      15. რომელი კითხვები შეგვიძლია დავუსვათ საკუთარ თავს, რომ დავინახოთ, ვიყენებთ თუ არა ქრისტეს რჯულს ძმებთან ურთიერთობაში?

      15 ყოველ ჩვენგანს გვესაჭიროება, შევამოწმოთ საკუთარი თავი, რომ ვნახოთ, ვცხოვრობთ თუ არა ქრისტეს რჯულის თანახმად და ხელს ვუწყობთ თუ არა სხვებში მის მოქმედებას (2 კორინთელთა 13:5). სინამდვილეში, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება შეკითხვები: „ვახალისებ სხვებს თუ კრიტიკული ვარ? გაწონასწორებას ვავლენ თუ უკიდურესობებში ვვარდები? ყურადღებით ვექცევი სხვებს თუ საკუთარ უფლებებს ვიჟინებ?“ ქრისტიანი არ უნდა ცდილობდეს, უკარნახოს ძმას, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგას ამა თუ იმ საკითხში, რომელიც ბიბლიაში განსაკუთრებული ხაზგასმით არ არის მოცემული (რომაელთა 12:1; 1 კორინთელთა 4:6).

      16. როგორ შეგვიძლია ქრისტეს რჯულის მნიშვნელოვანი მხარის გამოყენებით დავეხმაროთ მათ, რომლებსაც უარყოფითი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე?

      16 ჩვენს კრიტიკულ დროში ძალიან მნიშვნელოვანია, ვცდილობდეთ ერთმანეთის გამხნევებას (ებრაელთა 10:24, 25; შეადარე მათე 7:1–5). როდესაც ვუყურებთ ჩვენს ძმებსა და დებს, ნუთუ მათი დადებითი თვისებები უფრო მეტს არ ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე სისუსტეები? იეჰოვასთვის ყველა ძვირფასია. სამწუხაროდ, ყველა არ ფიქრობს ასე, თვით საკუთარ თავზეც კი. მრავალი მიდრეკილია, დაინახოს მხოლოდ პირადი ნაკლი და არასრულყოფილება. ასეთების — და სხვების — გასამხნევებლად ნუთუ არ უნდა შევეცადოთ ერთ ან ორ ადამიანთან მაინც მოვახერხოთ საუბარი კრების შეხვედრებისას, რომ გაიგონ, რატომ ვაფასებთ მათ დასწრებასა და მნიშვნელოვან შესაწირავს, რასაც კრებისთვის აკეთებენ? რა სასიხარულოა, რომ ასეთნაირად არის შესაძლებელი შეამსუბუქო მათი ტვირთი და შეასრულო ქრისტეს რჯული! (გალატელთა 6:2).

      ქრისტეს რჯული მოქმედებს!

      17. რა ცხადყოფს, რომ ქრისტეს რჯული ჩვენს კრებაში მოქმედია?

      17 ქრისტიანულ კრებაში მოქმედებს ქრისტეს რჯული. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ — როდესაც თანაქრისტიანები ხალისით ქადაგებენ კეთილ ცნობას, როდესაც ანუგეშებენ და ამხნევებენ ერთმანეთს, როდესაც დიდი პრობლემების მიუხედავად, იბრძვიან, ემსახურონ იეჰოვას, როდესაც მშობლები ცდილობენ ისე აღზარდონ ბავშვები, რომ სიხარულით აღსავსე გულით უყვარდეთ იეჰოვა, როდესაც ზედამხედველები ღვთის სიტყვას ასწავლიან სიყვარულითა და სითბოთი, სამწყსოს უნერგავენ იეჰოვასადმი მარადიული მსახურების უდიდეს სურვილს (მათე 28:19, 20; 1 თესალონიკელთა 5:11, 14). როდესაც ჩვენ, როგორც ინდივიდუალური პიროვნებები, ქრისტეს რჯულს საკუთარ ცხოვრებაშიც ვამოქმედებთ, როგორ ხარობს იეჰოვას გული! (იგავნი 23:15). მას სურს, რომ ყველამ, ვისაც მისი სრულყოფილი რჯული უყვარს, მარადიულად იცხოვროს. მომავალ სამოთხეში ჩვენ ვნახავთ იმ დროს, როდესაც ადამიანები იქნებიან სრულყოფილები, როდესაც არავინ დაარღვევს რჯულს და ჩვენი გულის ყოველ მიდრეკილებას კონტროლი გაეწევა. რა დიდებული ჯილდოა ქრისტეს რჯულის თანახმად ცხოვრება!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება