მეტისმეტს მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან?
„რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8).
1. რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ყველა არ ემსახურება იეჰოვას?
იეჰოვა თავისი ხალხისგან რაღაცას ითხოვს. მიქას ზემოხსენებული სიტყვების წაკითხვის შემდეგ შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვედით, რომ ღვთის მოთხოვნები გონივრულია. მიუხედავად ამისა, მრავალი არ ემსახურება დიდებულ შემოქმედს, ზოგმა კი, საერთოდ შეწყვიტა მისადმი მსახურება. რატომ? იმიტომ, რომ ამ ხალხის აზრით, ღმერთი მეტისმეტს ითხოვს ჩვენგან. ნამდვილად ასეა ეს? თუ იეჰოვას მოთხოვნებისადმი ამ ადამიანების დამოკიდებულებაა არასწორი? ამ საკითხის არსის გაგებაში ისტორიული ცნობები დაგვეხმარება.
2. ვინ იყო ნაყამანი და რის გაკეთება მოსთხოვა მას იეჰოვას წინასწარმეტყველმა?
2 არამის მეფის სარდალი, ნაყამანი, კეთრით იყო დაავადებული. მას ურჩიეს, რომ ისრაელში წასულიყო იეჰოვას წინასწარმეტყველის სანახავად, რომელსაც მისი განკურნების ძალა შესწევდა. ნაყამანი მხლებლებითურთ იერუსალიმისკენ მიმავალ გზას დაადგა და აი, მიუახლოვდა ღვთის წინასწარმეტყველ ელისეს სახლს. მასპინძელი ამ საპატიო სტუმართან შესახვედრად სახლიდან არც კი გამოსულა. მან მსახურის პირით შეუთვალა: „შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები“ (მეოთხე მეფეთა 5:10).
3. რატომ უგულებელყო ნაყამანმა თავიდან იეჰოვას მოთხოვნა?
3 ნაყამანი ღვთის წინასწარმეტყველის მოთხოვნას თუ შეასრულებდა, საშინელი დაავადებისგან განიკურნებოდა. როგორ ფიქრობთ, მეტისმეტს ითხოვდა მისგან იეჰოვა? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაყამანი არ აპირებდა იეჰოვას მოთხოვნის შესრულებას. „განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი ისრაელის ყველა მდინარეს არ სჯობია? — წამოიძახა მან პროტესტის ნიშნად, —განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ განვიწმიდები?“ შემდეგ კი ბრაზმორეული გატრიალდა (მეოთხე მეფეთა 5:12).
4, 5. ა) როგორ დაჯილდოვდა ნაყამანის მორჩილება და როგორი იყო ამაზე მისი რეაქცია? ბ) რას განვიხილავთ ახლა?
4 რა აბრკოლებდა ნაყამანს? ცხადია, არა ის, რომ ღვთის მოთხოვნის შესრულება ძალზე რთული იყო. ნაყამანს მსახურებმა ტაქტიანად მიმართეს: „საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: იბანე და განიწმიდებიო!“ (მეოთხე მეფეთა 5:13). როგორც ვხედავთ, ნაყამანს თავისი აზროვნება აბრკოლებდა. მისი აზრით, ღირსეულად არ მოექცნენ და იმის გაკეთება მოსთხოვეს, რაც ერთი შეხედვით, უსარგებლო და დამამცირებელი იყო. მიუხედავად ამისა, ნაყამანმა მიიღო მსახურების მიერ მიცემული ტაქტიანი რჩევა და მდინარე იორდანეში შვიდჯერ ჩაყვინთა. წარმოიდგინეთ მისი სიხარული, როდესაც „ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა“! ნაყამანი მადლიერებით აღივსო და გამოაცხადა, რომ იმ დღიდან იეჰოვას გარდა არც ერთ სხვა ღმერთს არ სცემდა თაყვანს (მეოთხე მეფეთა 5:14—17).
5 კაცობრიობის არსებობის მანძილზე იეჰოვა ხალხისგან სხვადასხვა კანონის შესრულებას ითხოვდა. გიწვევთ რამდენიმე მათგანის განსახილველად. განხილვისას საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „რა რეაქცია მექნებოდა, იეჰოვას ჩემგან რომ მოეთხოვა ეს“? მომდევნო სტატიაში კი განვიხილავთ, დღეს რას ითხოვს ჩვენგან ღმერთი.
რას მოითხოვდა იეჰოვა წარსულში
6. რის შესრულებას მოითხოვდა ღმერთი პირველი წყვილისგან და როგორ შეასრულებდით მსგავს მითითებას თქვენ?
6 იეჰოვამ პირველ წყვილს, ადამსა და ევას, უთხრა, გამრავლებულიყვნენ, დაუფლებოდნენ დედამიწას და ებატონათ ცხოველებზე. ამასთანავე ისინი ვრცელ ბაღისმაგვარ ადგილას დაასახლა (დაბადება 1:27, 28; 2:9—15). მაგრამ იეჰოვამ, ამასთანავე, პირველ წყვილს რაღაც აუკრძალა. ედემის ბაღში, მსხმოიარე ხეებს შორის, იყო ერთი ხე, რომლის ნაყოფი არ უნდა ეჭამათ (დაბადება 2:16, 17). იყო ეს მეტისმეტის მოთხოვნა? განა სიამოვნებით არ შეასრულებდით ამ დავალებას, თუ გეცოდინებოდათ, რომ მარადიულად იცხოვრებდით და ამასთანავე სრულყოფილი ჯანმრთელობა გექნებოდათ? ბაღში მაცდური რომ გამოჩენილიყო, არ უარყოფდით მის ნებისმიერ წინადადებას? არ დაეთანხმებოდით იმ აზრს, რომ იეჰოვას სრული უფლება ჰქონდა, თქვენთვის რაღაც უმნიშვნელო აეკრძალა? (დაბადება 3:1—5).
7. ა) რა დავალება მისცა ნოეს ღმერთმა და რა წინააღმდეგობები შეხვდა მას? ბ) რა თვალსაზრისი გაქვთ იმაზე, რაც იეჰოვამ მოსთხოვა ნოეს?
7 მოგვიანებით იეჰოვამ კიდობნის აშენება დაავალა ნოეს, რათა მსოფლიო წარღვნის დროს გადარჩენილიყო. თუ გავითვალისწინებთ კიდობნის უზარმაზარ ზომებს, ადვილად მივხვდებით, რომ სამუშაო საკმაოდ რთული იქნებოდა. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ ირგვლივ მრავალი დამცინავი და მტრულად განწყობილი ადამიანი იცხოვრებდა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა პატივი იყო ნოესთვის ის, რომ თავისი ოჯახისა და მასთან ერთად მრავალი ცხოველის გადარჩენის შესაძლებლობა მიეცა (დაბადება 6:1—8, 14—16; ებრაელთა 11:7; 2 პეტრე 2:5). ასეთი დავალება თქვენ რომ მიგეღოთ, გააკეთებდით ყველაფერს მის შესასრულებლად, თუ დაასკვნიდით, რომ იეჰოვა მეტისმეტს ითხოვდა თქვენგან?
8. რის გაკეთება მოსთხოვა ღმერთმა აბრაამს და რა იყო ნაჩვენები აბრაამის მზადყოფნით?
8 ღმერთმა აბრაამს ძალიან რთული დავალება მისცა: „მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად“ (დაბადება 22:2). რადგან იეჰოვას აღთქმული ჰქონდა, რომ ისაკს, რომელსაც იმ დროს შვილები არ ჰყავდა, შთამომავლობა ეყოლებოდა, ეს მოთხოვნა აბრაამის რწმენის გამოცდა იყო — შეძლებდა იეჰოვა ისაკის აღდგენას? როდესაც აბრაამმა შვილის მსხვერპლად შეწირვა დააპირა, ღმერთმა არ მოაკვლევინა ახალგაზრდა ყმაწვილი. ამ შემთხვევამ თვალსაჩინო გახადა, რომ ღმერთი კაცობრიობისთვის მსხვერპლად გაიღებდა და მოგვიანებით აღადგენდა თავის ძეს (დაბადება 17:19; 22:9—18; იოანე 3:16; საქმეები 2:23, 24, 29—32; ებრაელთა 11:17—19).
9. რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ იეჰოვა აბრაამისგან მეტისმეტს არ ითხოვდა?
9 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ იეჰოვა აბრაამისგან მეტისმეტს ითხოვდა. მაგრამ მართლა ასე იყო ეს? განა ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმედი, რომელსაც მკვდრეთით აღდგენის ძალა შესწევს, თუ მორჩილებას მოითხოვს, სიყვარულს არ ავლენს, ამას დროებით სიკვდილით მიძინებაც რომ მოჰყვეს? იესო ქრისტე და მისი პირველი საუკუნის მიმდევრები ასე არ ფიქრობდნენ. ისინი მზად იყვნენ ღვთის ნების შესრულებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა და თვით სიკვდილიც კი აეტანათ (იოანე 10:11, 17, 18; საქმეები 5:40—42; 21:13). სიტუაცია თუ მოითხოვდა, თქვენც მზად იქნებოდით იმავეს გასაკეთებლად? განვიხილოთ კიდევ რამდენიმე დავალება, რის შესრულებასაც იეჰოვა იმ ადამიანებისგან მოითხოვდა, რომლებიც თანახმა იყვნენ, მის ხალხად წოდებულიყვნენ.
რჯული, რომელიც იეჰოვამ ისრაელებს მისცა
10. ვინ დადო იმის აღთქმა, რომ იეჰოვას ყველა მოთხოვნას შეასრულებდა, და რა მისცა მათ იეჰოვამ?
10 აბრაამის ძის, ისაკისა, და შვილიშვილის, იაკობის ანუ ისრაელის, შთამომავლებისგან ისრაელი ერი წარმოიშვა. იეჰოვამ ისინი ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა (დაბადება 32:28; 46:1—3; მეორე მეფეთა 7:23, 24). ცოტა ხნის შემდეგ ეს ხალხი იეჰოვას შეჰპირდა, რომ მის ნებისმიერ მოთხოვნას შეასრულებდა. „ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა“ — თქვეს მათ (გამოსვლა 19:8). ისრაელებს სურდათ, რომ იეჰოვა ყოფილიყო მათი მმართველი, ამიტომ მან მათი სურვილის თანახმად, ათი მცნების ჩათვლით, 600-ზე მეტი მითითება მისცა. დროთა განმავლობაში ღვთის მიერ მოსეს მეშვეობით მიცემული ეს მითითებები, უბრალოდ, რჯულის სახელით გახდა ცნობილი (პირველი ეზრა 7:6; ლუკა 10:25—27; იოანე 1:17).
11. რა იყო ისრაელებისთვის რჯულის მიცემის ერთ-ერთი მიზანი და მოიყვანეთ რჯულიდან ზოგი კანონი, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებოდა?
11 რჯულის მიცემის ერთ-ერთი მიზანი ისრაელების დაცვა იყო და ამიტომ მასში ის წესები ჩაიწერა, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებაში, საქმიან ურთიერთობებში, ბავშვების მოვლასა და სხვა საკითხებში გამოადგებოდათ (გამოსვლა 20:14; ლევიანნი 18:6—18, 22—24; 19:35, 36; მეორე რჯული 6:6—9). გარდა ამისა, ღმერთმა ისრაელებს მისცა კანონები, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობისას გამოადგებოდათ; ამასთანავე, რჯულში თანამოძმის ცხოველებისადმი დამოკიდებულებაზეც იყო ყურადღება გამახვილებული (ლევიანნი 19:18; მეორე რჯული 22:4, 10). ყოველწლიური დღესასწაულების გადახდისა და თაყვანისცემის მიზნით ერთად შეკრების შესახებ მოთხოვნა კი ამ ერს სულიერების შენარჩუნებაში ეხმარებოდა (ლევიანნი 23:1—43; მეორე რჯული 31:10—13).
12. რა იყო რჯულის მთავარი მიზანი?
12 რჯულის მთავარი მიზანი მოციქულმა პავლემ თავის წერილში მოიხსენია: „დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი [ქრისტე], რომლისადმიცაა აღთქმა“ (გალატელთა 3:19). რჯული ისრაელებს თავიანთ არასრულყოფილებას შეახსენებდა. აქედან გამომდინარე ლოგიკურია დავასკვნათ, რომ საჭირო იყო სრულყოფილი მსხვერპლი, რომელიც სრულიად გაათავისუფლებდა მათ ცოდვისგან (ებრაელთა 10:1—4). ამგვარად, რჯულის დანიშნულება იყო იესოს — მესიის ანუ ქრისტეს — მისაღებად ხალხის მომზადება. პავლე წერდა: „რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით“ (გალატელთა 3:24).
იყო იეჰოვას რჯული დამამძიმებალი?
13. ა) რას ფიქრობდნენ არასრულყოფილი ადამიანები რჯულის შესახებ და რატომ? ბ) იყო სინამდვილეში რჯული დამამძიმებელი?
13 მიუხედავად იმისა, რომ რჯული ‘წმინდა, მართალი და კეთილი’ იყო, მრავალი მას დამამძიმებლად მიიჩნევდა (რომაელთა 7:12). რჯული სრულყოფილი იყო, რის გამოც მისი მაღალი ნორმების შესაბამისად მოქცევა ისრაელების შესაძლებლობას აღემატებოდა (ფსალმუნი 18:8). ამიტომაც უწოდა მოციქულმა პეტრემ მას „უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს, ვერც ჩვენ“ (საქმეები 15:10). ცხადია, სინამდვილეში რჯული დამამძიმებელი არ იყო და მის შესრულებას ხალხისთვის სარგებლობა მოჰქონდა.
14. რომელი მაგალითები ცხადყოფს, რომ რჯულის დაცვა ისრაელებისთვის უდიდესი სარგებლობის მომტანი იყო?
14 მაგალითად, რჯულის თანახმად, ქურდს კი არ აპატიმრებდნენ — ამუშავებდნენ, რათა ორმაგად ან მეტად გადაეხადა მოპარულის საფასური. ამგვარად, არც დაზარალებულს ეკარგებოდა რამე და არც შრომისმოყვარე ხალხს აწვებოდა ტვირთად ციხეებზე ზრუნვა (გამოსვლა 22:1, 3, 4, 7). რჯულით მავნე საკვების ჭამა აკრძალული იყო. თუ ღორის ხორცი კარგად არ არის მოხარშული ან შემწვარი, შეიძლება ადამიანი ტრიქინელოზით დაავადდეს, ხოლო ბოცვერის ხორცისგან — ტულარემიით (ლევიანნი 11:4—12). მსგავსად ამისა, რჯული ხალხის ჯანმრთელობას იმითაც იცავდა, რომ ლეშთან შეხებას უკრძალავდა. თუ ვინმე გვამს შეეხებოდა, ის უნდა განბანილიყო და ტანისამოსი გაერეცხა (ლევიანნი 11:31—36; რიცხვნი 19:11—22). ექსკრემენტები მიწაში უნდა ჩაეფლათ, რაც ხალხს სხვადასხვა მიკრობის გავრცელებისგან დაიცავდა, მიკრობებისა, რომელთა არსებობა მეცნიერებამ ბოლო საუკუნეებში აღმოაჩინა (მეორე რჯული 23:13).
15. ისრაელებისთვის რა იყო დამამძიმებელი?
15 რჯული ხალხისგან მეტისმეტს არ ითხოვდა. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყოდით ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ თავზე რჯულის განმმარტებლის პასუხისმგებლობას იღებდნენ. მათ მიერ დამატებული კანონების შესახებ ჯეიმზ ჰეისტინგზის რედაქტორობით გამოცემულ „ბიბლიურ ლექსიკონში“ აღნიშნულია: „ყოველ ბიბლიურ მითითებას მრავალი პატარ-პატარა კანონი ჰქონდა დართული . . . ამგვარად ცდილობდნენ, რომ ნებისმიერი წვრილმანი რჯულის ჩარჩოებში მოექციათ და, ყოველგვარი გულმოწყალების გარეშე, მკაცრი ემპირიული მეთოდებით ემართათ ადამიანის ცხოვრება . . . სინდისის ხმას ახშობდნენ; ღვთის სიტყვის მაცოცხლებელი ძალა ნულამდე დაჰყავდათ და უამრავი კანონის დამატებით აშთობდნენ“.
16. რა თქვა იესომ რელიგიური წინამძღოლების მიერ დამატებული დამამძიმებელ კანონებსა და გადმოცემებთან დაკავშირებით?
16 იესო ქრისტემ მსჯავრი დასდო მრავალი კანონის დამმატებელ რელიგიურ წინამძღოლებს: „კრავენ მძიმე ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითითაც არ სურთ დაძვრა“ (მათე 23:2, 4). მან აღნიშნა, რომ ადამიანების მიერ დამატებული დამამძიმებელი კანონები და გადმოცემები, საგულდაგულოდ დაბანის რიტუალის ჩათვლით, ‘ღვთის სიტყვას აუქმებდა’ (მარკოზი 7:1—13; მათე 23:13, 24—26). ისრაელის რელიგიური მოძღვრები დედამიწაზე იესოს მოსვლამდეც კი არასწორად ასწავლიდნენ ხალხს იეჰოვას ნამდვილ მოთხოვნებს.
სინამდვილეში რას მოითხოვს იეჰოვა
17. რატომ არ მოსწონდა იეჰოვას ურწმუნო ისრაელებისგან შეწირული მსხვერპლი?
17 წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვამ თქვა: „გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!“ (ესაია 1:10, 11). რატომ არ მოსწონდა ღმერთს შესაწირავები? განა თვითონ არ ითხოვდა ამას რჯულის თანახმად? (ლევიანნი 1:1—4:35). საქმე ის იყო, რომ ეს ხალხი მისადმი უპატივცემულობას ავლენდა. სწორედ ამიტომ არიგებდა მათ ღმერთი: „განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ“ (ესაია 1:16, 17). განა ეს არ უნდა დაგვეხმაროს, ჩავწვდეთ იეჰოვას მოთხოვნებს, რომლებსაც ის თავის მსახურებს უყენებს?
18. სინამდვილეში რას მოითხოვდა იეჰოვა ისრაელებისგან?
18 იესომ ცხადყო, სინამდვილეში რას მოითხოვს ღმერთი. მან ეს გააკეთა კითხვაზე — „რომელი მცნებაა დიდი სჯულში?“, პასუხის გაცემისას — „‘შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.’ ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.’ ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათე 22:36—40; ლევიანნი 19:18; მეორე რჯული 6:4—6). წინასწარმეტყველმა მოსემ იგივე თქვა, როდესაც იკითხა: „რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით. დაიცვა უფლის მცნებები და წესები“ (მეორე რჯული 10:12, 13; 15:7, 8).
19. როგორ ცდილობდნენ ისრაელები, წმინდები გამოჩენილიყვნენ, მაგრამ რა უთხრა მათ იეჰოვამ?
19 არასწორი მოქმედებების მიუხედავად, ისრაელებს წმინდად წარმოჩენის სურვილი ჰქონდათ. თუმცა რჯულის თანახმად, მარხვა მხოლოდ წელიწადში ერთხელ, დანაშაულის გამოსყიდვის დღეს, მოითხოვებოდა, ისინი უფრო ხშირად იცავდნენ ხოლმე (ლევიანნი 16:30, 31). მაგრამ ამისთვის იეჰოვასგან გაკიცხვა დაიმსახურეს: „განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი? რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?“ (ესაია 58:3—7).
20. რისთვის გაკიცხა იესომ ფარისევლები?
20 იმ ისრაელებს, რომლებსაც საკუთარი თავი მართალი ეგონათ, იგივე პრობლემა ჰქონდათ, რაც იესოს თანამედროვე ფარისევლებს, რომლებსაც იესომ უთხრა: „იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ რაც უფრო მთავარია რჯულში — განკითხვა, წყალობა და სარწმუნოება. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ“ (მათე 23:23; ლევიანნი 27:30). განა იესოს სიტყვები არ გვეხმარება, გავიგოთ, სინამდვილეში რას მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან?
21. როგორ შეაჯამა წინასწარმეტყველმა მიქამ იეჰოვას მოთხოვნები ჩვენს მიმართ?
21 იმის ნათელსაყოფად, იეჰოვა რას მოითხოვს და რას — არა, ღვთის წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა: „რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? აღსავლენებით — წელგამოვლილი ხბოებით ხომ არ წარვდგეო? ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო? ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:6—8).
22. განსაკუთრებით რას მოითხოვდა იეჰოვა რჯულის თანახმად მცხოვრებთაგან?
22 ამგვარად, განსაკუთრებით რას მოითხოვდა იეჰოვა რჯულის თანახმად მცხოვრებთაგან? რა თქმა უნდა, მათ უნდა ჰყვარებოდათ იეჰოვა ღმერთი. ამასთანავე მოციქულმა პავლემ აღნიშნა: «„მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ » (გალატელთა 5:14). მსგავსი რამ მისწერა პავლემ რომაელ ქრისტიანებსაც: „სხვისი მოყვარული ასრულებს სჯულს . . . სიყვარული სჯულის შესრულებაა“ (რომაელთა 13:8—10; „ახალი აღთქმა და ფსალმუნები, 1990).
ეს მეტისმეტი არ არის
23, 24. ა) რატომ არ უნდა მივიჩნიოთ არასოდეს მეტისმეტად ის, რასაც იეჰოვა ითხოვს ჩვენგან? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
23 ნუთუ არ გვიზიდავს მოსიყვარულე, ყურადღებიანი და გულმოწყალე იეჰოვა ღმერთი? მისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, დედამიწაზე იმისთვის მოვიდა, რომ ღვთის სიყვარული განედიდებინა — ადამიანებისთვის დაენახვებინა, რამდენად ძვირფასები არიან ისინი იეჰოვასთვის. ღვთის სიყვარულის ნათელსაყოფად იესო პატარა ბეღურების შესახებ ამბობს: „არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე“. შემდეგ კი ასეთი სიტყვებით ამთავრებს: „ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (მათე 10:29—31). ნამდვილად, არასოდეს უნდა მივიჩნიოთ მეტისმეტად ის, რასაც ჩვენგან ასეთი მოსიყვარულე ღმერთი ითხოვს!
24 მაგრამ დღეს რას მოითხოვს ჩვენგან იეჰოვა? რატომ ჰგონია ზოგს, რომ ის მეტისმეტს მოითხოვს? ამ კითხვებზე პასუხები დაგვანახებს, რატომ არის უდიდესი პატივი იეჰოვას ნებისმიერი მოთხოვნის შესრულება.
შეგიძლიათ უპასუხოთ?
◻ ზოგი რატომ არ ემსახურება იეჰოვას?
◻ როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში იეჰოვას მოთხოვნები?
◻ რა მიზნებს ემსახურებოდა რჯული?
◻ რატომ არ არის ჩვენთვის მეტისმეტი იეჰოვას მოთხოვნები?
[სურათი 18 გვერდზე]
ადამიანების მიერ დამატებული კანონები, მაგალითად, საგულდაგულოდ დაბანის შესახებ კანონი, თაყვანისცემას დამამძიმებელს ხდიდა.