საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა გვათავისუფლებს!
    საგუშაგო კოშკი — 2019 | დეკემბერი
    • 2 საიუბილეო წელიწადს ძველ ისრაელშიც აღნიშნავდნენ. ყოველ 50-ე წელს დიდი დღესასწაული იმართებოდა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საიუბილეო წლის დადგომა ისრაელებისთვის გათავისუფლებას ნიშნავდა. რატომ არის ეს მოვლენა ჩვენთვის საინტერესო? ისრაელებისთვის დადგენილი საიუბილეო წელიწადი შეგვახსენებს, რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის, რათა სამუდამოდ გავეთავისუფლებინეთ. აგრეთვე გვანახვებს, დღესვე როგორ აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე ღვთისგან ბოძებული თავისუფლება, რომლის შესახებაც იესომ ისაუბრა (წაიკითხეთ ლუკას 4:16—19).

      საიუბილეო წელიწადი ძველ ისრაელში

      საიუბილეო წელიწადი განსაკუთრებული მოვლენა იყო, რომელსაც ისრაელები ყოველ 50-ე წელს აღნიშნავდნენ. აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ისრაელებს ექვსი წლის განმავლობაში მიწა უნდა დაემუშავებინათ, დაეთესათ და მოსავალი აეღოთ, მეშვიდე წელი კი შაბათის წლად ითვლებოდა. ამ წელს არც თესვა შეიძლებოდა და არც გასხვლა. ასეთი შვიდი შვიდწლიანი პერიოდის (7 × 7 = 49) მომდევნო, 50-ე წელი საიუბილეო წელი იყო. აღთქმულ მიწაზე შესვლის წლიდან თუ გადავითვლით, ისრაელების პირველი საიუბილეო წელი ძვ. წ. 1424 წელს, თიშრის თვეში დაიწყო (ლევ. 25:2—4, 8—10).

      საიუბილეო წელს გათავისუფლებულ მონებს ოჯახები სიხარულით ეგებებიან

      საიუბილეო წელს ისრაელისთვის სიხარული მოჰქონდა, რადგან მონები თავიანთ ოჯახებსა და სამკვიდროს უბრუნდებოდნენ (იხილეთ აბზაცი 3)b

      3. ლევიანების 25:8—12-ის თანახმად, რა სიკეთე მოჰქონდა საიუბილეო წელიწადს ისრაელებისთვის?

      3 უკეთ რომ გავიგოთ, რას გულისხმობდა იესო თავისუფლებაში, ვისაუბროთ საიუბილეო წელზე, რომელიც იეჰოვამ ძველ დროში მცხოვრებ თავის მსახურებს დაუდგინა. ღმერთმა ისრაელებს უთხრა: „განწმინდე ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადე იმ მიწაზე თავისუფლება მისი ყველა მკვიდრისთვის. იუბილე იქნება ეს თქვენთვის. დააბრუნეთ ყველა თავ-თავის სამკვიდროში და თავ-თავის ოჯახში“ (წაიკითხეთ ლევიანების 25:8—12). წინა სტატიიდან გავიგეთ, რომ ყოველკვირეული შაბათის დაცვა ისრაელების კეთილდღეობას ემსახურებოდა. მაგრამ რა სიკეთე მოჰქონდა მათთვის საიუბილეო წელიწადს? მაგალითად, თუ რომელიმე ებრაელს ვალის გამო მიწის გაყიდვა მოუწევდა, საიუბილეო წელს გაყიდული მიწა ისევ მას უბრუნდებოდა. ასე რომ, შეეძლო დაბრუნებული სამკვიდრო შთამომავლებისთვის გადაეცა. ან შეიძლებოდა დიდ ვალებში ჩაფლული ისრაელი იძულებული გამხდარიყო, რომ ვალის დასაფარად საკუთარი თავი ან რომელიმე შვილი მონად გაეყიდა. თუმცა საიუბილეო წელიწადს მონა თავის ოჯახში უნდა დაებრუნებინათ. ამგვარად, ისრაელში სამუდამო მონობა არავის ემუქრებოდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იეჰოვა ნამდვილად ზრუნავდა თავის ხალხზე.

      4, 5. რატომ არის საიუბილეო წელიწადი ჩვენთვისაც ყურადსაღები მოვლენა?

      4 კიდევ რა სიკეთე მოჰქონდა საიუბილეო წელიწადს ისრაელებისთვის? ბიბლიაში ვკითხულობთ: „არ უნდა იყოს ღარიბი თქვენ შორის, რადგან იეჰოვა გაკურთხებთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, რომ დაეუფლოთ მას“ (კან. 15:4). რა სამწუხაროა, რომ დღეს სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ — მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი ღატაკდებიან.

  • იეჰოვა გვათავისუფლებს!
    საგუშაგო კოშკი — 2019 | დეკემბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება