საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
    • „ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“

      „ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათ. 23:9, 10).

      1. ვის ცნობენ იეჰოვას მოწმეები თავის წინამძღოლად, და რატომ?

      ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს ჰყავთ წინამძღოლები, მაგალითად კათოლიკურ ეკლესიას რომის პაპი ხელმძღვანელობს, აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიას კი არაერთი პატრიარქი თუ მიტროპოლიტი. იეჰოვას მოწმეები არც ერთ ადამიანს არ აღიარებენ თავიანთ წინამძღოლად და არც არავის მიმდევრები ხდებიან. ამით სრულდება იეჰოვას წინასწარმეტყველება თავისი ძის, იესოს შესახებ: „აი, მოწმედ მივეცი იგი ერებს, წინამძღოლად და მეთაურად მივეცი ერებს“ (ეს. 55:4). ცხებული ქრისტიანებისა და მათი თანამსახური „სხვა ცხვრისგან“ შემდგარი საერთაშორისო კრება იეჰოვას მიერ დანიშნული წინამძღოლის გარდა არავის ცნობს (იოან. 10:16). ისინი ეთანხმებიან იესოს სიტყვებს: „ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათ. 23:10).

      ისრაელის სულიერი მთავარი

      2, 3. რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღვთის ძემ ისრაელის ცხოვრებაში?

      2 ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებამდე საუკუნეებით ადრე იეჰოვამ თავის ხალხს, ისრაელს უთხრა, რომ ანგელოზი წაუძღვებოდათ. ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლების შემდეგ იეჰოვამ მათ მიმართა: „ანგელოზს წაგიმძღვარებ, რომ დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილზე, რომელიც მოვამზადე. იფრთხილე მის წინაშე და მოუსმინე მის ხმას. არ ეურჩო მას, არ გაპატიებს ცოდვას, რადგან მასშია ჩემი სახელი“ (გამ. 23:20, 21). ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს ანგელოზი, რომელშიც იეჰოვას სახელია, ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო.

      3 ადამიანად დაბადებამდე ღვთის ძეს მიქაელი ერქვა. წიგნ „დანიელში“ მიქაელს ეწოდება „[დანიელის ხალხის, ისრაელის] მთავარი“ (დან. 10:21). როგორც მოწაფე იუდამ აღნიშნა, მიქაელი დანიელის დღეებამდე ისრაელის საქმეებში მათსავე სასარგებლოდ ერეოდა. მოსეს სიკვდილის შემდეგ სატანას, როგორც ჩანს, უნდოდა, რომ მოსეს სხეული ბოროტი განზრახვით გამოეყენებინა და ისრაელი კერპთაყვანისმცემლობაში ჩაეთრია. მიქაელმა ხელი შეუშალა სატანას თავისი მიზნის მიღწევაში. იუდა წერს: «მიქაელ მთავარანგელოზმა, როცა არ ეთანხმებოდა ეშმაკს და მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა, ვერ გაბედა მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გასამართლება და თქვა: „იეჰოვამ შეგრისხოს“» (იუდ. 9). მოგვიანებით, სანამ ისრაელი იერიხონს აიღებდა, იესო ნავეს ძეს უეჭველად მიქაელი, „იეჰოვას ლაშქრის მეთაური“ გამოეცხადა და ღვთის მხარდაჭერაში დაარწმუნა (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 5:13—15 ). როდესაც ერთ-ერთი სამეფოს მმართველი დემონი ცდილობდა, შეეჩერებინა ანგელოზი, რომ მას წინასწარმეტყველ დანიელისთვის მნიშვნელოვანი ცნობა არ გადაეცა, მთავარანგელოზმა მიქაელმა დახმარება აღმოუჩინა ამ ანგელოზს (დან. 10:5—7, 12—14).

      ნაწინასწარმეტყველები წინამძღოლის გამოჩენა

      4. რა წინასწარმეტყველური ცნობა გადასცეს დანიელს მესიის გამოჩენის შესახებ?

      4 სანამ მმართველი დემონი ანგელოზისთვის ხელის შეშლას შეეცდებოდა, იეჰოვამ ანგელოზ გაბრიელის მეშვეობით დანიელს წინასწარმეტყველური ცნობა გადასცა იმის შესახებ, რომ გამოჩნდებოდა „მესია, წინამძღოლი“ (დან. 9:21—25).a ზუსტად ნაწინასწარმეტყველებ დროს, ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე, იესო იოანე ნათლისმცემელმა მონათლა. მასზე წმინდა სული გადმოვიდა და გახდა ცხებული — ქრისტე, მესია (მათ. 3:13—17; იოან. 1:29—34; გალ. 4:4). ქრისტე შეუდარებელი წინამძღოლი იქნებოდა.

      5. როგორ ცხადყო იესომ დედამიწაზე მსახურების დროს, რომ საუკეთესო წინამძღოლი იყო?

      5 დედამიწაზე მსახურების დაწყებისთანავე იესომ ცხადყო, რომ მართლაც „მესია, წინამძღოლი“, იყო. მას სულ რაღაც რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა მსახურება, როცა შეკრიბა მოწაფეები და პირველი სასწაული მოახდინა (იოან. 1:35—2:11). მოწაფეები მას ყველგან დაჰყვებოდნენ, სადაც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებდა (ლუკ. 8:1). იესომ ასწავლა მათ, როგორ უნდა ექადაგათ. ის ნებისმიერ სიტუაციაში იწყებდა ქადაგებას და ამ საქმისთვის ძალებს არ ზოგავდა, რითაც კარგ მაგალითს აძლევდა მოწაფეებს (ლუკ. 9:1—6). კარგი იქნება, თუ ქრისტიანი უხუცესებიც მიჰბაძავენ მას.

      6. კიდევ რით აჩვენა ქრისტემ, რომ ის კარგი მწყემსი და წინამძღოლი იყო?

      6 იესომ მოსიყვარულე მწყემსს შეადარა თავი და ამით ყურადღება გაამახვილა, კიდევ რა თვისება უნდა ჰქონდეს წინამძღოლს. აღმოსავლელი მწყემსები ფარას წინ მიუძღოდნენ. თავის წიგნში უილიამ ტომსონი წერს: „მწყემსი ცხვარს მხოლოდ იმ მიზნით კი არ მიუძღოდა წინ, რომ გზა გაეკვლია მათთვის, არამედ მოსალოდნელი საფრთხისგანაც დაეცვა . . . მას ფარა მწვანე საძოვრებზე მიჰყავდა და იცავდა მტაცებლებისგან“ (In The Land and the Book). იესო რომ მოსიყვარულე მწყემსი და კარგი წინამძღოლი იყო, მისივე სიტყვებიდან ჩანს: „მე კარგი მწყემსი ვარ, კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის . . . ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან“ (იოან. 10:11, 27). იესომ მართლაც თავი გასწირა თავისი ცხვრებისთვის. იეჰოვამ ის „აამაღლა მეთაურად და მხსნელად“ (საქ. 5:31; ებრ. 13:20).

      ქრისტიანული კრების ზედამხედველები

      7. რისი მეშვეობით ხელმძღვანელობს იესო ქრისტიანულ კრებებს?

      7 ზეცაში ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე მკვდრეთით აღმდგარმა იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათ. 28:18). იესომ წმინდა სული მიიღო მამისგან, რათა განემტკიცებინა მოწაფეები (იოან. 15:26). მან მოწაფეებზე ეს სული ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გადმოაფრქვია (საქ. 2:33). სწორედ წმინდა სულით ჩამოყალიბდა ქრისტიანული კრება. იეჰოვამ ზეცაში თავის ძეს მისცა ძალაუფლება, რომ ხელმძღვანელობა გაეწია კრებებისთვის დედამიწაზე (წაიკითხეთ ეფესოელების 1:22; კოლოსელების 1:13, 18). იესო ქრისტიანულ კრებას იეჰოვას წმინდა სულით ხელმძღვანელობს და ანგელოზები, რომლებიც მას „ღმერთმა დაუმორჩილა“, მასთან თანამშრომლობენ (1 პეტ. 3:22).

      8. ვისი მეშვეობით უწევდა იესო პირველ საუკუნეში კრებებს ხელმძღვანელობას, და ვის იყენებს დღეს?

      8 იესომ აგრეთვე წმინდა სულით მისცა კრებებს „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომელთაგანაც ზოგი „მწყემსი და მასწავლებელია“ კრებაში (ეფეს. 4:8, 11). მოციქულმა პავლემ ქრისტიან ზედამხედველებს მოუწოდა: „ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება“ (საქ. 20:28). თავდაპირველად ქრისტიანულ კრებაში ყველა ზედამხედველი ცხებული ქრისტიანი იყო. ხელმძღვანელი საბჭო იერუსალიმის კრების მოციქულებისა და უხუცესებისგან შედგებოდა. ქრისტე ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით უწევდა ზედამხედველობას ყველა ცხებულ ძმას დედამიწაზე (ებრ. 2:11; საქ. 16:4, 5). ამ ბოლო დღეებში იესომ „მთელი თავისი ქონება“, ანუ ყველაფერი, რაც დედამიწაზე ღვთის სამეფოს ინტერესებს ემსახურება, ჩააბარა „ერთგულ და გონიერ მონას“, ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოს (მათ. 24:45—47). ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამსახურ სხვა ცხვარს ესმით, რომ თანამედროვე ხელმძღვანელი საბჭოს მორჩილებით თავიანთ წინამძღოლს, ქრისტეს ემორჩილებიან.

      ქრისტე უძღვება სამქადაგებლო საქმეს

      9, 10. როგორ წარმართა ქრისტემ სამქადაგებლო საქმე ისე, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე გავრცელებულიყო?

      9 სამქადაგებლო საქმიანობას იესომ ჩაუყარა საფუძველი. მან ისე ორგანიზებულად წარმართა ეს საქმიანობა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე გავრცელდა. დედამიწაზე მსახურების დროს მან მოწაფეებს ასეთი მითითება მისცა: «არ წახვიდეთ უცხოტომელების გზით და არ შეხვიდეთ სამარიელების ქალაქში, არამედ იარეთ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:5—7). იესოს მოწაფეებმა იუდეველებსა და პროზელიტებს შორის განსაკუთრებით ახ. წ. 33 წლიდან დაიწყეს დიდი ენთუზიაზმით ქადაგება (საქ. 2:4, 5, 10, 11; 5:42; 6:7).

      10 მოგვიანებით, წმინდა სულის დახმარებით იესომ გააფართოვა სამქადაგებლო საქმე — სასიხარულო ცნობა სამარიელებსაც ექადაგათ და სხვა არაიუდევლებსაც (საქ. 8:5, 6, 14—17; 10:19—22, 44, 45). სასიხარულო ცნობა რომ ერებს შორის გავრცელებულიყო, იესომ თავად აირჩია ტარსოსელი სავლე და ქრისტიანად აქცია. იესომ თავის მოწაფეს, ანანიას დაავალა: „ადექი, წადი ქუჩაზე, რომელსაც სწორი ჰქვია, და იუდას სახლში მოძებნე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე. ის ლოცულობს . . . წადი, ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია, რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს“ (საქ. 9:3—6, 10, 11, 15). ეს მამაკაცი მოციქული პავლე გახდა (1 ტიმ. 2:7).

      11. როგორ გააფართოვა იესომ წმინდა სულის მეშვეობით სამქადაგებლო საქმიანობა?

      11 როდესაც არაიუდევლებს შორის სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების დრო დადგა, ღვთის სულმა პავლე მისიონერულ მოგზაურობაში გაგზავნა მცირე აზიასა და ევროპაში. წიგნ „საქმეებში“ ლუკა წერს: «როცა ისინი [სირიის ანტიოქიის კრების ქრისტიანი წინასწარმეტყველები და მასწავლებლები] საჯაროდ ემსახურებოდნენ იეჰოვას და მარხულობდნენ, წმინდა სულმა უთხრა მათ: „ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის გამოყავით, რომლისთვისაც მოვუწოდე“. მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს მათ და გაუშვეს» (საქ. 13:2, 3). იესომ ტარსოსელ სავლეს თავისი „რჩეული ჭურჭელი“ უწოდა, რომელიც მის სახელს ერებს ამცნობდა. როგორც ვხედავთ, ამჯერადაც კრების თავის, ქრისტეს ხელმძღვანელობით გაფართოვდა სამქადაგებლო საქმიანობა. პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს აშკარად გამოჩნდა, რომ იესო წმინდა სულით ხელმძღვანელობდა ამ საქმეს. წიგნ „საქმეებიდან“ ვიგებთ, რომ „იესოს სული“, ანუ წმინდა სულით აღძრული იესო აძლევდა მითითებას პავლესა და მის თანამშრომლებს, სად და როდის უნდა წასულიყვნენ. სწორედ ხილვაში ნახა პავლემ, რომ ევროპისკენ უნდა აეღოთ გეზი (წაიკითხეთ საქმეების 16:6—10).

      იესო ხელმძღვანელობს კრებებს

      12, 13. როგორ ჩანს წიგნ „გამოცხადებიდან“, რომ იესო გამუდმებით ადევნებდა თვალ-ყურს თითოეულ კრებას პირველ საუკუნეში?

      12 იესო გამუდმებით ადევნებდა თვალ-ყურს პირველი საუკუნის კრებებს, რომლებიც სულით ცხებული ქრისტიანებისგან შედგებოდა. მან ძალიან კარგად იცოდა, რა სულიერი მდგომარეობა იყო თითოეულ კრებაში, რაც აშკარად ჩანს „გამოცხადების“ მე-2 და მე-3 თავებიდან. იგი ასახელებს შვიდ კრებას, რომელიც მცირე აზიაში არსებობდა (გამოცხ. 1:11). აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ იესომ იმ დროს არსებული სხვა კრებების სულიერი მდგომარეობაც კარგად იცოდა (წაიკითხეთ გამოცხადების 2:23).

      13 იესომ შეაქო ზოგი კრება, რადგან მოთმინებას ავლენდნენ, განსაცდელების დროს ერთგულებას ინარჩუნებდნენ, მის მითითებებს მიჰყვებოდნენ და განდგომილებთან არ ჰქონდათ ურთიერთობა (გამოცხ. 2:2, 9, 13, 19; 3:8). მაგრამ მან გაკიცხა რამდენიმე კრება იმის გამო, რომ გაუნელდათ ღვთის სიყვარული, შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას, სიძვასა თუ სექტანტობას (გამოცხ. 2:4, 14, 15, 20; 3:15, 16). იესო, მოსიყვარულე მწყემსი, მათაც კი, ვისაც მკაცრად შეაგონებდა, ეუბნებოდა: „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი. ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე“ (გამოცხ. 3:19). მართალია, იესო დღეს ზეცაშია, მაგრამ კრებებს ღვთის სულის მეშვეობით ხელმძღვანელობს. ბოლოს, ის ასეთი სიტყვებით მიმართავს კრებებს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხ. 3:22).

      14—16. ა) როგორ ცხადყო იესომ, რომ იეჰოვას ხალხის უშიშარი წინამძღოლი იყო დედამიწაზე? ბ) რა შედეგი მოაქვს იმას, რომ იესო, თავისი დანაპირებისამებრ, „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ მოწაფეების გვერდით იქნებოდა? გ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      14 ჩვენ დავინახეთ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი (იესო) ისრაელის უშიშარი წინამძღოლი იყო. მოგვიანებით, პირველ საუკუნეში იგი თავისი ერთგული მოწაფეების მოსიყვარულე მწყემსი და წინამძღოლი გახდა. დედამიწაზე მსახურების დროს მან ჩაუყარა საფუძველი სამქადაგებლო საქმეს და აღდგომის შემდეგ გამუდმებით ადევნებს თვალს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებას დედამიწაზე.

      15 იესომ წმინდა სულის დახმარებით სამქადაგებლო საქმიანობა დედამიწის კიდეებამდე გააფართოვა. ზეცაში ამაღლებამდე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8; წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:12). ქრისტეს ხელმძღვანელობით პირველ საუკუნეში გრანდიოზული საქმე შესრულდა — მთელ დედამიწას ემცნო სასიხარულო ცნობა (კოლ. 1:23).

      16 იესომ აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა ბოლო დღეებამდე გაგრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც იესომ მოწაფეებს ქადაგება და ყველა ერიდან მოწაფეების მომზადება დაავალა, შეჰპირდა: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20). 1914 წელს იესოს სამეფო ძალაუფლება მიეცა. მას შემდეგ ის უფრო მეტად უდგას მხარში თავის მიმდევრებს და უფრო აქტიურად ხელმძღვანელობს კრებებს. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

      [სქოლიო]

      a ამ წინასწარმეტყველების შესახებ მეტი რომ გაიგოთ, იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, მე-11 თავი.

  • ჩვენი მეფე და წინამძღოლი
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
    • ჩვენი მეფე და წინამძღოლი

      „[იესო] გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“ (გამოცხ. 6:2).

      1, 2. ა) როგორ არის ბიბლიაში აღწერილი, თუ რას მოიმოქმედებს 1914 წელს გამეფებული იესო ქრისტე? ბ) რა გააკეთა იესომ გამეფების შემდეგ?

      ათას ცხრაას თოთხმეტ წელს იეჰოვამ იესო ქრისტე თავისი სამეფოს მეფედ დანიშნა. თქვენს წარმოსახვაში როგორია გამეფებული იესო? წარმოგიდგებათ ის, როგორც სამეფო ტახტზე მჯდომი ბრძენი მეფე, რომელიც გადმოჰყურებს დედამიწას და აკვირდება კრებების საქმიანობას? ახლა ბიბლიიდან გავიგოთ, როგორია გამეფებული იესო სინამდვილეში. წიგნ „ფსალმუნებსა“ და „გამოცხადებაში“ ის ცხენზე ამხედრებულ ენერგიულ მეფედ არის წარმოდგენილი. იგი „გამოდის და იპყრობს, რათა სრულად დაიპყროს“ და საბოლოოდ გაიმარჯვოს (გამოცხ. 6:2; ფსალმ. 2:6—9; 45:1—4).

      2 გამეფების შემდეგ იესომ დაამარცხა „დრაკონი და მისი ანგელოზები“. მთავარანგელოზმა მიქაელმა, იესო ქრისტემ და მისმა ანგელოზებმა ზეციდან გადმოყარეს სატანა და მისი დემონები დედამიწაზე (გამოცხ. 12:7—9). ამის შემდეგ იესო, იეჰოვას „შეთანხმების მაცნე“, მამის წინაშე წარდგა და აუწყა მას, როგორ განწმინდა სულიერი ტაძარი (მალ. 3:1). იესომ განსაჯა ქრისტიანული სამყარო, „დიდი ბაბილონის“ ყველაზე სამარცხვინო ნაწილი იმის გამო, რომ მათ ბრალი მიუძღვით სისხლისღვრასა და პოლიტიკურ მმართველებთან მეძაობაში (გამოცხ. 18:2, 3, 24).

      ის განწმენდს მიწიერ მონებს

      3, 4. ა) რა საქმე შეასრულა ქრისტემ, იეჰოვას მაცნემ? ბ) რა გამოვლინდა ტაძარზე დაკვირვებით, და რა დაავალა კრების თავმა, იესო ქრისტემ „ერთგულ და გონიერ მონას“?

      3 იეჰოვამ და მისმა „მაცნემ“ დედამიწაზე სულიერი ტაძრის შიდა ეზოებში აგრეთვე შენიშნეს ჭეშმარიტ ქრისტიანთა ჯგუფი, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ ქრისტიანული სამყაროს არც ერთ რელიგიას. ამ ცხებულ ქრისტიანებსაც კი ანუ „ლევის ძეებს“ ესაჭიროებოდათ განწმენდა. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებდა მალაქია: „დაჯდება [იეჰოვა] ვერცხლის გამომდნობელივითა და გამწმენდელივით და განწმენდს ლევის ძეებს; ოქრო-ვერცხლივით გაწმენდს მათ და იქცევიან ხალხად, რომელიც სიმართლით მიუტანს იეჰოვას საძღვნო შესაწირავს“ (მალ. 3:3). იეჰოვამ „შეთანხმების მაცნეს“, იესო ქრისტეს დაავალა სულიერი ისრაელის განწმენდა.

      4 ქრისტემ ეს ერთგული ცხებული ქრისტიანები სულიერ საქმეში ჩაბმული ჰპოვა — ისინი მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ შინაურებისთვის დროულად მიეწოდებინათ სულიერი საზრდო. სირთულეების მიუხედავად, ისინი 1879 წლიდან აქვეყნებენ სამეფოს შესახებ ბიბლიურ ჭეშმარიტებას „საგუშაგო კოშკის“ ფურცლებზე. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „თავისი მოსვლისას“, „ქვეყნიერების აღსასრულისას“ ის შეამოწმებდა შინაურებს. იესო იპოვიდა მონას, რომელიც ‘დროულად აწვდიდა შინაურებს საზრდოს’. ის უწოდებდა ამ მონას ბედნიერს და „მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებდა“ (მათ. 24:3, 45—47). ქრისტიანულმა კრების თავმა, იესო ქრისტემ „ერთგულ და გონიერ მონას“ სამეფოს ინტერესებზე ზრუნვა მიანდო. ის ცხებულ „შინაურებსა“ და „სხვა ცხვარს“ შეჰპირდა, რომ ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით გაუწევდა მათ ხელმძღვანელობას (იოან. 10:16).

      სამკალი დედამიწაზე

      5. რა იხილა მოციქულმა იოანემ ხილვაში?

      5 მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა, თუ კიდევ რას მოიმოქმედებდა იესო „უფლის დღეში“ მას შემდეგ, რაც 1914 წელს გამეფდებოდა. იოანემ დაწერა: „გავიხედე და, აი, თეთრი ღრუბელი. ღრუბელზე ვიღაც, კაცის ძის მსგავსი ზის, თავზე ოქროს გვირგვინი ადგას, ხელში კი ბასრი ნამგალი უჭირავს“ (გამოცხ. 1:10; 14:14). იოანემ გაიგონა იეჰოვას ანგელოზის ხმა, რომელმაც მომკელს უთხრა, აეღო ნამგალი, რადგან „მოიწია სამკალი დედამიწაზე“ (გამოცხ. 14:15, 16).

      6. იესოს სიტყვების თანახმად, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?

      6 „სამკალი დედამიწაზე“ შეგვახსენებს იესოს იგავს ხორბალსა და სარეველაზე. იესომ საკუთარი თავი შეადარა კაცს, რომელმაც მინდორში ხორბალი დათესა და იმედოვნებდა, რომ კარგ მოსავალს აიღებდა. კარგ მოსავალში ის გულისხმობდა „სამეფოს ძეებს“, ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც მასთან ერთად იმმართველებდნენ მის სამეფოში. მაგრამ შუაღამისას მტერმა, ეშმაკმა ხორბალთან ერთად ჩათესა სარეველა, „ბოროტის ძეები“. სახლის პატრონმა უთხრა მონებს, რომ მკამდე, „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ ხორბალსა და სარეველას ერთად ეზარდათ. მკის დროს ის გაგზავნიდა თავის ანგელოზებს, რომ ხორბლისგან სარეველა გამოერჩიათ (მათ. 13:24—30, 36—41).

      7. როგორ უძღვება იესო „სამკალს დედამიწაზე“?

      7 დღეს იესო მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს უძღვება, რითაც სრულდება იოანეს ხილვა. „სამკალი დედამიწაზე“ „სამეფოს ძეების“, იესოს იგავში მოხსენიებული ხორბლის ანუ 144 000 დარჩენილი ნაწილის შეკრებით დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჭეშმარიტსა და ცრუ ქრისტიანებს შორის იმდენად დიდი განსხვავება იყო, რომ „სამკალი დედამიწაზე“ უფრო მასშტაბური გახდა და „სხვა ცხვრის“ შეკრება დაიწყო. ესენი „სამეფოს ძეები“ კი არ არიან, არამედ „უამრავი ხალხი“, რომლებიც ნებაყოფლობით ხდებიან სამეფოს ქვეშევრდომები. სხვა ცხვარი ყველა ხალხიდან, ერიდან და ენიდან შეიკრიბა. ისინი ემორჩილებიან ღვთის სამეფოს, რომლის მეფეა იესო ქრისტე და 144 000 წმინდა, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ (გამოცხ. 7:9, 10; დან. 7:13, 14, 18).

      კრებების ხელმძღვანელობა

      8, 9. ა) საიდან ჩანს, რომ იესო ქრისტე აკვირდება არა მხოლოდ მთელ კრებას, არამედ კრების თითოეულ წევრს? ბ) როგორც 26-ე გვერდზე სურათზეა ნაჩვენები, სატანის რომელ სიღრმეებს უნდა ვერიდოთ?

      8 წინა სტატიიდან დავინახეთ, რომ იესო თვალ-ყურს ადევნებდა პირველ საუკუნეში თითოეულ კრებას და იცოდა თითოეულის სულიერი მდგომარეობა. დღეს გამეფებულ იესო ქრისტეს აქვს მიცემული „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“ — ჩვენი ძლევამოსილი წინამძღოლი მთელ მსოფლიოში უძღვება კრებებს და ხელმძღვანელობას უწევს კრების ზედამხედველებს (მათ. 28:18; კოლ. 1:18). იეჰოვამ იესო „დააყენა ყველაფრის თავად“ ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებაში (ეფეს. 1:22). ამგვარად, იესო, როგორც კრების თავი, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა 100 000-ზე მეტ კრებას ადევნებს თვალ-ყურს და არაფერი რჩება მხედველობიდან.

      9 თიატირის კრებას იესომ მისწერა: «აი რას ამბობს ღვთის ძე, რომელსაც თვალები ცეცხლის ალს მიუგავს . . . „ვიცი შენი საქმეები“» (გამოცხ. 2:18, 19). მან გაკიცხა თიატირის კრების წევრები იმის გამო, რომ უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ და საკუთარ სურვილებს იყვნენ აყოლილნი: „მე თირკმელებსა და გულებს ვიკვლევ და თითოეულ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“ (გამოცხ. 2:23). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტე აკვირდება არა მხოლოდ მთელ კრებას, არამედ კრების თითოეულ წევრს. იესომ შეაქო კიდეც ქრისტიანები თიატირაში იმის გამო, რომ მათ «არ შეუცნიათ „სატანის სიღრმეები“» (გამოცხ. 2:24). დღესაც იესო იწონებს ყველას, ახალგაზრდას თუ მოხუცს, რომლებიც არ იქექებიან „სატანის სიღრმეებში“ ინტერნეტისა თუ ვიდეო თამაშების მეშვეობით და არ ექცევიან ადამიანური სიბრძნის გავლენაში. იესოს ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ქრისტიანები მსხვერპლს იღებენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ყოველთვის მიჰყვნენ იესოს ხელმძღვანელობას.

      10. როგორ უწევს იესო ქრისტე უხუცესების მეშვეობით კრებებს ხელმძღვანელობას და რა არ უნდა გამორჩეთ მათ მხედველობიდან?

      10 იესო ქრისტე უხუცესების მეშვეობით სიყვარულით უწევს ხელმძღვანელობას კრებებს დედამიწაზე (ეფეს. 4:8, 11, 12). პირველ საუკუნეში ყველა ზედამხედველი სულითცხებული იყო. მათ „გამოცხადებაში“ ეწოდებათ ვარსკვლავები, რომლებიც იესოს მარჯვენა ხელში უჭირავს (გამოცხ. 1:16, 20). დღეს კრების უხუცესთა უმრავლესობა სხვა ცხვარია, რომლებიც ლოცვითა და წმინდა სულის ხელმძღვანელობით ინიშნებიან. ისინიც იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას მიჰყვებიან (საქ. 20:28). მათ არ რჩებათ მხედველობიდან, რომ ქრისტე ცხებული ქრისტიანების მცირე ჯგუფს, ხელმძღვანელ საბჭოს, იყენებს, რათა ხელმძღვანელობა გაუწიოს და მითითებები მისცეს თავის მიმდევრებს დედამიწაზე (წაიკითხეთ საქმეების 15:6, 28—30).

      „მოდი, უფალო იესო“

      11. რატომ ველით მოუთმენლად ჩვენი წინამძღოლის მოსვლას?

      11 იოანე მოციქულს ხილვაში იესომ რამდენჯერმე უთხრა, რომ მალე მოვიდოდა (გამოცხ. 2:16; 3:11; 22:7, 20). უდავოა, თავის მოსვლაში იესო გულისხმობდა იმ პერიოდს, როცა დიდი ბაბილონისა და სატანის ბოროტი ქვეყნიერების გასასამართლებლად მოვიდოდა (2 თეს. 1:7, 8). ხანდაზმულ იოანეს იმდენად ძლიერ სურდა ხილვაში ნანახი ნაწინასწარმეტყველები მოვლენების საკუთარი თვალით ხილვა, რომ წამოიძახა: „ამინ! მოდი, უფალო იესო“. ჩვენც ყველა, ვინც ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს ვცხოვრობთ, მოუთმენლად ველით ჩვენი მეფისა და წინამძღოლის სამეფო ძალაუფლებით მოსვლას, რათა განწმინდოს მამის სახელი და გაამართლოს მისი უზენაესობა.

      12. რომელი საქმე უნდა დაასრულოს იესომ, სანამ ანგელოზები გამანადგურებელ ოთხ ქარს გაუშვებენ ხელს?

      12 სანამ იესო ქრისტე სატანის ხილულ ორგანიზაციას გაანადგურებს, მან 144 000 დარჩენილ ნაწილს, სულიერი ისრაელის წევრებს საბოლოოდ უნდა დაუსვას ბეჭედი. ბიბლიაში ნათლად წერია, რომ ანგელოზებს სატანის ქვეყნიერებაზე გამანადგურებელი ოთხი ქარისთვის მანამ არ უნდა გაეშვათ ხელი, სანამ 144 000-ის ბეჭედდასმა არ დასრულდებოდა (გამოცხ. 7:1—4).

      13. როგორ გახდება იესოს მოსვლა ცხადი „დიდი გასაჭირის“ პირველ ფაზაში?

      13 დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობამ ვერ შეამჩნია, როგორ მოვიდა იესო 1914 წელს (2 პეტ. 3:3, 4). მაგრამ მალე, როცა იესო სატანის ქვეყნიერებაზე იეჰოვას განაჩენს აღასრულებს, მისი მოსვლა ყველასთვის გახდება ცხადი. „უკანონობის კაცის“, ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების განადგურება უდავოდ ქრისტეს „მოსვლის გამოცხადებაზე“ მიანიშნებს (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:3, 8). ეს ყოველივე იმას ცხადყოფს, რომ იესომ, იეჰოვას დანიშნულმა მოსამართლემ დაიწყო მოქმედება (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:1 ). დიდი ბაბილონის ყველაზე სამარცხვინო ნაწილის, ქრისტიანული სამყაროს განადგურება იმას მიგვანიშნებს, რომ ცრუ რელიგიის მთელი იმპერიის განადგურების ჟამი კარს იქნება მომდგარი. იეჰოვა პოლიტიკურ მმართველებს გულში ჩაუდებს, რომ ბოლო მოუღოს სულიერ მეძავს, დიდ ბაბილონს (გამოცხ. 17:15—18). ეს იქნება „დიდი გასაჭირის“ პირველი ფაზა (მათ. 24:21).

      14. ა) რატომ შემოკლდება დიდი გასაჭირის პირველი ფაზა? ბ) რის მიმანიშნებელი იქნება „კაცის ძის ნიშანი“ იეჰოვას ხალხისთვის?

      14 იესომ თქვა, რომ დიდი გასაჭირის დღეები შემოკლდება „რჩეულთა გულისთვის“, ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილისთვის, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნებიან (მათ. 24:22). ცრუ რელიგიის განადგურების დროს იეჰოვა ყველა ცხებული ქრისტიანის და სხვა ცხვრის სიკვდილს არ დაუშვებს. იესომ თქვა, რომ „იმ დღეების გასაჭირის შემდეგ“ იქნებოდა ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე და ‘მაშინ გამოჩნდებოდა კაცის ძის ნიშანი ცაში’. ამ მოვლენების შემხედვარე დედამიწის ყველა ერი „მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას“. არ იგლოვებენ არც ზეციერი იმედის მქონე ცხებულები და არც მიწიერი იმედის მქონე მათი თანამშრომელი სხვა ცხვარი. პირიქით, ისინი ‘გაიმართებიან და თავებს ასწევენ, რადგან მოახლოვდა მათი ხსნა’ (მათ. 24:29, 30; ლუკ. 21:25—28).

      15. კიდევ რას მოიმოქმედებს იესო თავისი მოსვლისას?

      15 ქვეყნიერების სრულ განადგურებამდე კაცის ძე კიდევ ერთი მიზნით მოვა. მან იწინასწარმეტყველა: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“ (მათ. 25:31—33). იესო ქრისტე, როგორც მოსამართლე „ყველა ხალხს“ დაყოფს ორ კატეგორიად: „ცხვრებად“, რომლებიც მხარს უჭერდნენ თავიანთ სულიერ ძმებს (დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულ ძმებს), და „თხებად“, რომლებიც ‘არ დაემორჩილნენ სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ’ (2 თეს. 1:7, 8). ცხვრები, რომლებსაც მართლები ეწოდებათ, „მარადიულად იცოცხლებენ“, თხები კი „მარადიულად მოიკვეთებიან“ ანუ განადგურდებიან (მათ. 25:34, 40, 41, 45, 46).

      იესო სრულად დაიპყრობს

      16. როგორ დაასრულებს ჩვენი წინამძღოლი, იესო ქრისტე დაპყრობას?

      16 მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე თავის თანამსახურ მეფეებსა და მღვდლებს დაასვამს ბეჭედს, ცხვრებს გამოარჩევს თხებისგან და თავის მარჯვნივ დააყენებს, ის „სრულად დაიპყრობს“ (გამოცხ. 5:9, 10; 6:2). ანგელოზთა ძლევამოსილი ლაშქრისა და თავისი აღდგენილი ძმების მეშვეობით იესო სატანის ქვეყნიერების კომერციულ და პოლიტიკურ სისტემას სამხედრო ძალებთან ერთად ნაცარტუტად აქცევს (გამოცხ. 2:26, 27; 19:11—21). იესო ქრისტე სრულად მაშინ დაიპყრობს, როცა ის გაანადგურებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას. ამის შემდეგ იესო სატანას და მის დემონებს ათასი წლით შებოჭავს უფსკრულში (გამოცხ. 20:1—3).

      17. რას მიიღებს სხვა ცხვარი ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ?

      17 მოციქულმა იოანემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვა ცხვარი, „უამრავი ხალხი“ დიდ გასაჭირს გადაიტანდა, იწინასწარმეტყველა: „ტახტთან მყოფი კრავი დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ“ (გამოცხ. 7:9, 17). იესო ქრისტე თავისი მმართველობის, ათასი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობას გაუწევს სხვა ცხვარს, რომლებიც მის ხმას ისმენენ, და მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანს მათ (წაიკითხეთ იოანეს 10:16, 26—28). ერთგულად მივყვეთ ჩვენს მეფესა და წინამძღოლს ახლაც და იეჰოვას აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაშიც!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება