საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს
    საგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
    • იეჰოვა ნიშნავს სრულყოფილ წინამძღოლს

      15. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები სრულყოფილი წინამძღოლის მოსვლის შესახებ? ბ) ვინ იყო ნაწინასწარმეტყველები წინამძღოლი?

      15 საუკუნეების მანძილზე იეჰოვა წინასწარმეტყველებდა, რომ თავის ხალხს საუკეთესო წინამძღოლს დაუნიშნავდა. მოსემ უთხრა ისრაელებს: „იეჰოვა, შენი ღმერთი შენგან, შენი ძმებიდან, მოგივლენს ჩემნაირ წინასწარმეტყველს — მას უსმინეთ“ (კან. 18:15). ესაიამ მასზე იწინასწარმეტყველა, რომ ის იქნებოდა „წინამძღოლი და მეთაური“ (ეს. 55:4). ღვთის შთაგონებით დანიელმა დაწერა „მესიის, წინამძღოლის“ გამოჩენის შესახებ (დან. 9:25). ბოლოს იესო ქრისტემ ცხადყო, რომ ის იყო ღვთის ხალხის წინამძღოლი (წაიკითხეთ მათეს 23:10). იესოს მოწაფეები სიხარულით მიჰყვებოდნენ მას და ადასტურებდნენ, რომ ის იყო იეჰოვას რჩეული (იოან. 6:68, 69). რამ დაარწმუნა ისინი, რომ იეჰოვა სწორედ იესო ქრისტეს მეშვეობით ხელმძღვანელობდა თავის ხალხს?

      16. რა ადასტურებდა, რომ იესოზე წმინდა სული მოქმედებდა?

      16 იესოზე წმინდა სული მოქმედებდა. იესოს ნათლობის დროს იოანე ნათლისმცემელმა დაინახა, რომ „ცა გაიხსნა და სული მტრედის სახით ეშვებოდა მასზე“. შემდეგ „სულმა . . . აღძრა იესო, რომ უდაბნოში წასულიყო“ (მარ. 1:10—12). დედამიწაზე მსახურების დროს იესო ღვთის წმინდა სულის დახმარებით ახდენდა სასწაულებს და ასწავლიდა, როგორც ძალაუფლების მქონე (საქ. 10:38). ამასთან, წმინდა სული დაეხმარა მას, გამოევლინა სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელი თვისებები — სიყვარული, სიხარული და ურყევი რწმენა (იოან. 15:9; ებრ. 12:2). სხვა არც ერთ წინამძღოლს არ ჰქონდა წმინდა სულისგან ასეთი აშკარა მოწმობა. ეჭვგარეშეა, იესო იეჰოვას რჩეული იყო.

      ანგელოზები მოევლინენ იესოს და განამტკიცეს ის

      როგორ მოემსახურნენ ანგელოზები იესოს ნათლობიდან მალევე? (იხილეთ აბზაცი 17)

      17. როგორ დაეხმარნენ ანგელოზები იესოს?

      17 იესოს ანგელოზები ეხმარებოდნენ. ნათლობიდან დიდი ხანი არ იყო გასული, როცა იესოსთან „ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ“ (მათ. 4:11). სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე იესოს „მოევლინა ანგელოზი ციდან და განამტკიცა იგი“ (ლუკ. 22:43). იესო დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ანგელოზებს დაახმარდა, თუ ეს ღვთის ნების შესასრულებლად დასჭირდებოდა (მათ. 26:53).

      18, 19. როგორ იმოქმედა ღვთის სიტყვამ იესოს ცხოვრებასა და სწავლებაზე?

      18 იესო ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდა. წმინდა წერილებით იესო მსახურების დასაწყისიდანვე ხელმძღვანელობდა (მათ. 4:4). ღვთის სიტყვის მორჩილებისთვის ის მზად იყო, წამების ბოძზე მომკვდარიყო. სიკვდილის წინაც კი იესო მესიის შესახებ წინასწარმეტყველებებიდან ციტირებდა (მათ. 27:46; ლუკ. 23:46). მისგან განსხვავებით რელიგიური წინამძღოლები უგულებელყოფდნენ ღვთის სიტყვას, როცა ის მათ ტრადიციებსა თუ ადათ-წესებს ეწინააღმდეგებოდა. მათზე საუბრისას იესომ იეჰოვას მიერ ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი სიტყვები გაიმეორა: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან. ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“ (მათ. 15:7—9). განა აირჩევდა იეჰოვა ამ მამაკაცებიდან რომელიმეს თავისი ხალხის წინამძღოლად?!

      19 იესო არა მხოლოდ თავად ხელმძღვანელობდა ღვთის სიტყვით, არამედ სხვების სწავლების დროსაც იყენებდა მას. როცა რელიგიური წინამძღოლები უპირისპირდებოდნენ, ის არც თავის უსაზღვრო სიბრძნეს ეყრდნობოდა და არც დიდ გამოცდილებას. იესო ავტორიტეტად წმინდა წერილებს მიიჩნევდა (მათ. 22:33—40). ნაცვლად იმისა, რომ მსმენელის გასართობად ზეციერი ცხოვრების ან სამყაროს შექმნის ამბები მოეყოლა, იესომ „სრულად გაუხსნა [მათ] გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“ (ლუკ. 24:32, 45). იესოს უყვარდა ღვთის სიტყვა და ძალიან სურდა, ის სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

      20. ა) როგორ ცხადყო იესომ, რომ ღმერთი მასზე აღმატებული იყო? ბ) იესოსა და ჰეროდე აგრიპა I-ის მაგალითებიდან გამომდინარე, როგორია იეჰოვასთვის სასურველი წინამძღოლი?

      20 თუმცა „მადლიანი სიტყვებით“ აოცებდა მსმენელს, იესო მთელ დიდებას თავის მოძღვარს, იეჰოვას მიაგებდა (ლუკ. 4:22). როცა ერთმა მდიდარმა კაცმა განდიდების მიზნით იესოს „კარგი მოძღვარი“ უწოდა, იესომ თავმდაბლად მიუგო: „რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (მარ. 10:17, 18). ის სრულიად განსხვავდებოდა ჰეროდე აგრიპა I-გან, რომელიც დაახლოებით რვა წლის შემდეგ იუდეის მეფე გახდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ჰეროდე „სამეფო სამოსლით“ წარდგა ხალხის წინაშე. მისით აღფრთოვანებული ხალხი ხმამაღლა იძახდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“. მან შეიფერა ქება. ამიტომ „იეჰოვას ანგელოზმა დასცა [ის], რადგან დიდება არ მიაგო ღმერთს და მატლებისგან შეჭმული მოკვდა“ (საქ. 12:21—23). არც ერთი მიუკერძოებელი თვითმხილველი არ დაასკვნიდა, რომ ჰეროდე იეჰოვას რჩეული წინამძღოლი იყო. მაგრამ იესომ თავისი ცხოვრებით ნათლად აჩვენა, რომ ღვთისგან იყო დანიშნული და ყოველთვის იეჰოვას მიაგებდა დიდებას, როგორც უზენაეს წინამძღოლს.

      21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      21 იეჰოვას მხოლოდ რამდენიმე წლით არ დაუნიშნავს იესო წინამძღოლად. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ განაცხადა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული . . . და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:18—20). მაგრამ როგორ წაუძღვებოდა დედამიწაზე ღვთის ხალხს იესო, უხილავი სულიერი ქმნილება? ვინ იქნებოდნენ ისინი, ვინც იესოს დაემორჩილებოდნენ და ხელმძღვანელობას გაუწევდნენ იეჰოვას ხალხს? როგორ მიხვდებოდნენ ქრისტიანები, ვის იყენებდა ღმერთი თავის წარმომადგენლებად? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატიიდან გავიგებთ.

  • ვინ ხელმძღვანელობს დღეს ღვთის ხალხს?
    საგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
    • 1, 2. რა კითხვა შეიძლებოდა გასჩენოდათ მოციქულებს იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ?

      იესოს მოციქულები ზეთისხილის მთაზე იდგნენ და ცას შესცქეროდნენ. იესო, მათი ბატონი და მეგობარი, ის-ის იყო მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა და ღრუბლებში გაუჩინარდა (საქ. 1:9, 10). დაახლოებით ორი წლის მანძილზე იესო ასწავლიდა, ამხნევებდა და მიუძღოდა თავის მოციქულებს, ახლა კი მათ გვერდით აღარ იყო. რას გააკეთებდნენ ისინი?

      2 იესომ თავის მიმდევრებს მნიშვნელოვანი დავალება მისცა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). მაგრამ როგორ შეასრულებდნენ ისინი ამ დავალებას? იესომ დაარწმუნა მოწაფეები, რომ მალე წმინდა სულს მიიღებდნენ (საქ. 1:5). თუმცა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება მაინც იქნებოდა საჭირო. ძველ დროში თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობისა და ორგანიზების გასაწევად იეჰოვა მიწიერ წარმომადგენლებს იყენებდა. ასე რომ, მოციქულებს შეიძლება გასჩენოდათ კითხვა: დანიშნავდა თუ არა იეჰოვა ახალ წინამძღოლს?

      3. ა) რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ერთგულმა მოციქულებმა იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

      3 ამ მოვლენიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ იესოს მოწაფეებმა წმინდა წერილების კვლევისა და ღვთის ხელმძღვანელობისთვის ლოცვის შემდეგ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მატთია აირჩიეს, რათა ერთ-ერთი თორმეტთაგანი ყოფილიყო (საქ. 1:15—26). რატომ იყო ამ არჩევნის გაკეთება მნიშვნელოვანი როგორც მათთვის, ისე იეჰოვასთვის? მატთიას მოციქულების რაოდენობა უნდა შეევსო.a იესომ მოციქულები მხოლოდ იმიტომ არ აირჩია, რომ მათთან ერთად ემსახურა. მათი არჩევის მიზანი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობისთვის მომზადება იყო. რა იყო ეს პასუხისმგებლობა? როგორ მოამზადა იეჰოვამ ისინი იესოს მეშვეობით მის შესასრულებლად? რა მსგავსი სტრუქტურა არსებობს დღეს ღვთის ხალხს შორის? რით ცხადვყოფთ, რომ გვახსოვს ჩვენ შორის ხელმძღვანელობის გამწევნი, განსაკუთრებით „ერთგული და გონიერი მონა“? (ებრ. 13:7; მათ. 24:45).

      უხილავი წინამძღოლის ხილული წარმომადგენლები

      4. რა პასუხისმგებლობა ეკისრათ პირველ საუკუნეში მოციქულებსა და სხვა უხუცესებს იერუსალიმში?

      4 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულებმა ქრისტიანული კრების ხელმძღვანელობა იკისრეს. ამ დღეს „წამოდგა პეტრე თერთმეტთან ერთად“ და იუდეველებისა და პროზელიტებისგან შემდგარ დიდძალ ხალხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გადასცა (საქ. 2:14, 15). მსმენელთაგან ბევრმა ირწმუნა. იმ დღიდან მოყოლებული ეს ახალმოქცეული ქრისტიანები „მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ“ (საქ. 2:42). კრების ფინანსებსაც მოციქულები განაგებდნენ (საქ. 4:34, 35). ისინი ზრუნავდნენ ღვთის ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე, როგორც ეს მათი სიტყვებიდან ჩანს: „ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას უნდა მივუძღვნათ თავი“ (საქ. 6:4). ამასთან, ისინი ახალ ტერიტორიებზე სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად გამოცდილ ქრისტიანებს ნიშნავდნენ (საქ. 8:14, 15). დროთა განმავლობაში მოციქულებთან ერთად ქრისტიანულ კრებებს სხვა ცხებული უხუცესებიც უწევდნენ ხელმძღვანელობას. როგორც ხელმძღვანელი საბჭო, ისინი ყველა კრებას აძლევდნენ მითითებებს (საქ. 15:2).

      5, 6. ა) როგორ მოქმედებდა წმინდა სული ხელმძღვანელ საბჭოზე? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე) ბ) როგორ ეხმარებოდნენ ანგელოზები ხელმძღვანელ საბჭოს? გ) როგორ ხელმძღვანელობდნენ ეს სულით ცხებული უხუცესები ღვთის სიტყვით?

      5 პირველ საუკუნეში ქრისტიანები აცნობიერებდნენ, რომ იეჰოვა ხელმძღვანელ საბჭოს მათი წინამძღოლის, იესოს მეშვეობით ხელმძღვანელობდა. რა არწმუნებდა მათ ამაში? პირველი, ხელმძღვანელ საბჭოზე წმინდა სული მოქმედებდა (იოან. 16:13). მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სული ყველა ცხებულ ქრისტიანზე გადავიდა, ის განსაკუთრებით ეხმარებოდა იერუსალიმში მყოფ მოციქულებსა და სხვა უხუცესებს, ღვთის ხალხისთვის ზედამხედველობა გაეწიათ. მაგალითად, ახ. წ. 49 წელს მათ წმინდა სულის დახმარებით მიიღეს გადაწყვეტილება წინადაცვეთის საკითხთან დაკავშირებით. მათგან მიღებული მითითებების გათვალისწინების შედეგად „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:4, 5). ხელმძღვანელი საბჭოს წერილიდან აგრეთვე ჩანდა, რომ ისინი ავლენდნენ ღვთის სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელ თვისებებს — რწმენასა და სიყვარულს (საქ. 15:11, 25—29; გალ. 5:22, 23).

      6 მეორე, ხელმძღვანელ საბჭოს ანგელოზები ეხმარებოდნენ. სანამ მოინათლებოდა და პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელი ქრისტიანი გახდებოდა, კორნელიუსმა ანგელოზის მითითებით პეტრეს მასთან მისვლა სთხოვა. პეტრეს ქადაგების შემდეგ წმინდა სული გადავიდა კორნელიუსსა და მის ნათესავებზე მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინადაცვეთილები არ იყვნენ. ამან აღძრა მოციქულები და სხვა ძმები, ღვთის ნებას დამორჩილებოდნენ და ქრისტიანულ კრებაში წინადაუცვეთელი უცხოტომელები მიეღოთ (საქ. 11:13—18). უფრო მეტიც, ანგელოზები აქტიურად უჭერდნენ მხარს და აჩქარებდნენ სამქადაგებლო საქმეს, რომელსაც ხელმძღვანელი საბჭო ზედამხედველობდა (საქ. 5:19, 20). მესამე, ხელმძღვანელი საბჭო ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქმე დოქტრინული საკითხების გადაჭრას ეხებოდა თუ ორგანიზაციული მითითებების მიცემას, ეს სულით ცხებული უხუცესები ყოველთვის წმინდა წერილებით ხელმძღვანელობდნენ (საქ. 1:20—22; 15:15—20).

      7. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ პირველ ქრისტიანებს იესო ხელმძღვანელობდა?

      7 თუმცა ხელმძღვანელ საბჭოს ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში გარკვეული ძალაუფლება ჰქონდა, ეს პასუხისმგებელი ძმები თავიანთ წინამძღოლად იესოს მიიჩნევდნენ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „[ქრისტემ] მოგვცა ზოგი მოციქულად“, შემდეგ კი დასძინა: „ყველაფერში სიყვარულით გავიზარდოთ მასში, ვინც არის თავი — ქრისტე“ (ეფეს. 4:11, 15). ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე გამოჩენილი მოციქულის სახელით წოდებულიყვნენ, „მოწაფეებს ღვთის განგებით . . . ქრისტიანები“ ეწოდათ (საქ. 11:26). პავლე მნიშვნელოვნად თვლიდა წმინდა წერილებზე დაფუძნებული წესების მტკიცედ დაცვას, რომლებიც მოციქულებისა და სხვა ხელმძღვანელი ძმებისგან მიიღეს. თუმცა მან აღნიშნა: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის [მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს თითოეული წევრის] თავი ქრისტეა . . . ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:2, 3). აშკარაა, კრებას ზეცად ამაღლებული და განდიდებული იესო ქრისტე ხელმძღვანელობდა, რომლის თავიც იეჰოვა ღმერთია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება