საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ გაგვიწევს საუკეთესო ხელმძღვანელობას?
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
    • ვინ გაგვიწევს საუკეთესო ხელმძღვანელობას?

      „ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია“, — ამბობს ბიბლია (ებრაელთა 3:4; გამოცხადება 4:11). ჩვენი შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვაა და ამიტომ კარგად „უწყის აგებულება ჩვენი“ (ფსალმუნი 102:14). მან იცის, თუ რაში ვართ უმწეონი და რაში გვჭირდება მხარდაჭერა. და რადგანაც მოსიყვარულეა, უნდა რომ სათანადოდ დაგვეხმაროს (ფსალმუნი 144:16; 1 იოანე 4:8). ჩვენ კი დახმარებას იმ მხრივაც ვსაჭიროებთ, რომ გვყავდეს ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც საუკეთესოდ გვიწინამძღოლებს.

      ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ განაცხადა: «აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად [„წინამძღოლად“, აქ] და მბრძანებლად» (ესაია 55:4). დღევანდელი ხელმძღვანელობის კრიზისიდან გამოსასვლელად მნიშვნელოვანია, ამოვიცნოთ ეს ხელმძღვანელი ანუ წინამძღოლი — ყოვლისშემძლე ღმერთის ცხებული — და მის წინამღოლობას მივყვეთ. ვინ არის ეს ნაწინასწარმეტყველები წინამძღოლი და მბრძანებელი? რით დაამტკიცებს წინამძღოლობაზე თავის უფლებამოსილებას? საით წაგვიძღვება? რის გაკეთება გვმართებს, რომ მისმა წინამძღოლობამ კურთხევები მოგვიტანოს?

      აღთქმული წინამძღოლის მოსვლა

      დაახლოებით 2500 წლის წინათ წინასწარმეტყველ დანიელს ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა: „იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის [წინამძღოლის] მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს“ (დანიელი 9:25).

      ნათელია, რომ ანგელოზმა გაუმხილა დანიელს, თუ როდის უნდა მოსულიყო იეჰოვას მიერ წინასწარ დანიშნული წინამძღოლი. „ცხებული წინამძღოლი“ უნდა გამოჩენილიყო იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გაცემიდან, ძვ. წ. 455 წლიდან, 69 კვირის ანუ 483 წლის შემდეგa (ნეემია 2:1—8). რა მოხდა დროის ამ პერიოდის გასვლის შემდეგ? სახარების დამწერი ლუკა გვიყვება: „ტიბერიოს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტოელი პილატე განაგებდა იუდეაში... იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელს მიდამოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად“. ‘იმ დროს ხალხი ქრისტეს [წინამძღოლის] მოლოდინში იყო’ (ლუკა 3:1—3, 15). მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იოანესთან მიდიოდა, ის არ ყოფილა აღთქმული წინამძღოლი.

      ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე იესო ნაზარეველი მოსანათლავად იოანესთან მივიდა. იოანე ამოწმებდა და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდმომავალი სული და დაივანა მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყალში სანათლავად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახო სული, გარდმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’ მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა“ (იოანე 1:32—34). მონათვლით იესო ცხებული წინამძღოლი, მესია ანუ ქრისტე, გახდა.

      დიახ, აღთქმული ‘ხალხის წინამძღოლი და მბრძანებელი’ იესო ქრისტე აღმოჩნდა. როდესაც წინამძღოლისთვის დამახასიათებელ მის თვისებებს თვალს გადავავლებთ, რთული არ იქნება მივხვდეთ, რომ ისინი დიდად აღემატება იმ თვისებებს, რომლებიც დღესდღეობით იდეალური წინამძღოლობისთვისაა საჭირო.

      მესია — იდეალური წინამძღოლი

      კარგი წინამძღოლი ხალხს სწორ გზას უჩვენებს და თავის მზრუნველობის ქვეშ მყოფთ პრობლემების გადასაჭრელად ძალასა და უნარს აძლევს. „XXI საუკუნის წინამძღოლი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნას“, — ნათქვამია წიგნში „ხელმძღვანელობა XXI საუკუნეში: საუბრები 100 გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწესთან“. ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად იესომ შესანიშნავად მოამზადა თავისი მსმენელები. განვიხილოთ მისი ყველაზე ცნობილი სწავლებები, რომელებიც მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა. ეს შეუდარებელი, პრაქტიკული რჩევები ჩაწერილია მათეს მე-5—მე-7 თავებში.

      მაგალითისთვის განვიხილოთ, თუ როგორი რჩევა მოგვცა იესომ პირადი უთანხმოებების მოსაგვარებლად: „თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24). მშვიდობის შენარჩუნების მიზნით ინიციატივის გამოჩენას უპირატესობა ენიჭება და ის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რელიგიური ვალდებულების შესრულება, თუნდაც ეს იერუსალიმში ტაძრის სამსხვერპლოზე ძღვნის მიტანა ყოფილიყო, რომელიც მოსეს რჯულის თანახმად მოითხოვებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაყვანისცემა ღვთისთვის მიუღებელია. იესოს რჩევები დღესაც ისეთივე პრაქტიკულია, როგორც საუკუნეების წინ.

      იესო ეხმარებოდა მსმენელებს, არ გაბმულიყვნენ უზნეობის მახეში. მან გააფრთხილა ისინი: „გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:27, 28). ნამდვილად მართებული გაფრთხილებაა! განა შეიძლება ფიქრებს გონებაში მრუშობის ჩადენის ნება მივცეთ? იესოს სიტყვების თანახმად, გულიდან გამოდის სიძვა და მრუშობა (მათე 15:18, 19). თუ ვიცავთ გულებს, ბრძნულად ვიქცევით (იგავნი 4:23).

      იესომ მთაზე ქადაგებისას შესანიშნავი რჩევები მოგვცა იმასთან დაკავშირებითაც, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრები, ვიყოთ ხელგაშლილნი, გვქონდეს სათანადო თვალსაზრისი მატერიალურ ნივთებსა და სულიერ საკითხებზე და სხვა ამის მსგავსი (მათე 5:43—47; 6:1—4, 19—21, 24—34). ღვთისგან დახმარების მისაღებად იესომ თავის მსმენელებს ლოცვა ასწავლა (მათე 6:9—13). ცხებული წინამძღოლი აძლიერებს და ასწავლის თავის მიმდევრებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ საერთო საკაცობრიო პრობლემებს.

      მთაზე ქადაგებისას იესო ექვსჯერ იმეორებს ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა: „გსმენიათ თქმული“ ან „ასევე ნათქვამია“, მაგრამ თავად ასეთ ფრაზას იყენებს: „მე კი გეუბნებით თქვენ“ (მათე 5:21, 22, [სსგ] 27, 28, 31—34, 38, 39, 43, 44). ეს კი იმაზე მიუნიშნებდა, რომ მისი მსმენელები ფარისეველთა ზეპირი ტრადიციისამებრ ცხოვრობდნენ. იესომ კი მათ მოსეს რჯულის ნამდვილი მნიშვნელობა დაანახვა. ამით იესომ ცვლილებები შემოიტანა; ეს კი ისე გააკეთა, რომ მისი მიმდევრებისთვის ადვილად მისაღები ყოფილიყო. დიახ, იესომ აღძრა ხალხი, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოეხდინათ ცხოვრებაში, როგორც სულიერ, ისე მორალურ საკითხებში. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი წინამძღოლი.

      ერთ-ერთ წიგნში, „მენეჯმენტის საფუძვლები“, აღნიშნულია, თუ რამდენად ძნელია ასეთი ცვლილებების მოხდენა. მასში ნათქვამია: „რეფორმატორი [წინამძღოლი] უნდა იყოს ქვეშევრდომების მიმართ თანამგრძნობი, ფსიქოლოგივით გამჭრიახი, მარათონში მონაწილე მორბენალივით ამტანი, ბულდოგივით შეუპოვარი, განდეგილივით საკუთარი თავის მოიმედე და წმინდანივით მომთმენი. ყველა ამ თვისებას რომც ფლობდე, წარმატების გარანტია მაინც არ არსებობს“.

      „წინამძღოლები თავადაც ისე უნდა იქცეოდნენ, როგორც ამას თავიანთი ქვეშევრდომებისგან მოელიან“, — ნათქვამია სტატიაში „წინამძღოლობა: მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები?“. მართლაც, კარგი წინამძღოლი როგორც სხვებს უქადაგებს, თავადაც ისე ცხოვრობს. იესო ქრისტე ნამდვილად ასე იქცეოდა! დიახ, იესო თავისთან მყოფთ თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა და თავადვე დაუტოვათ ამის თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც მოწაფეებს ფეხები დაჰბანა (იოანე 13:5—15). მან მარტო მოწაფეებს კი არ დაავალა ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება, არამედ თვითონაც ამ საქმეს მოახმარა მთელი ძალ-ღონე (მათე 4:18—25; ლუკა 8:1—3; 9:1—6; 10:1—24; იოანე 10:40—42). იესომ დაამტკიცა, რომ კარგი წინამძღოლი იყო. „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს“, — თქვა მან საკუთარი თავის შესახებ (იოანე 5:19).

      ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა და აკეთებდა, ნათლად უჩვენებს, რომ იგი იდეალური წინამძღოლია. ფაქტობრივად, წინამძღოლისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას იესო გადაჭარბებულადაც კი ფლობს. იესო სრულყოფილია. სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ მან უკვდავება და მარადიულობა მიიღო (1 პეტრე 3:18; გამოცხადება 1:13—18). ნუთუ მოიძებნება მის გარდა ვინმე, რომელიც წინამძღოლისთვის საჭირო მოთხოვნებს შეესაბამება?

      რის გაკეთება გვმართებს?

      როგორც ღვთის სამეფოს მეფე და ცხებული წინამძღოლი, იესო კურთხევებით აავსებს მორჩილ კაცობრიობას. ბიბლია გვპირდება, რომ „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9). „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11). „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4). „თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4).

      მაშინ როდესაც დღევანდელი მსოფლიო ხელმძღვანელობის კრიზისს განიცდის, იესო ქრისტე თვინიერ ადამიანებს მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერებისკენ მიუძღვის, სადაც მორჩილი კაცობრიობა გაერთიანებულად სცემს თაყვანს იეჰოვა ღმერთს და წინ, სრულყოფილებისკენ, წაიწევს. მაშ, რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ ჭეშმარიტი ღვთისა და მის მიერ დანიშნული წინამძღოლის შესახებ შემეცნების მისაღებად დრო გამოვნახოთ და ამ შემეცნების თანახმად ვიმოქმედოთ (იოანე 17:3).

      იდეალური პიროვნების მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავდით, თუ მივბაძავდით მას. ამიტომ, განა არ უნდა ვცდილობდეთ, მივბაძოთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებულ წინამძღოლს — იესო ქრისტეს? როგორ შეიძლება ამის გაკეთება? მის წინამძღოლობას თუ მივყვებით, რა შეიცვლება ამით ჩვენს ცხოვრებაში? ამ და სხვა საკითხებზე მომდევნო ორ სტატიაში გვექნება საუბარი.

      [სქოლიოები]

      a იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, გვერდები 186—192; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [სურათი 4 გვერდზე]

      დანიელმა იწინასწარმეტყველა ღვთის მიერ დანიშნული წინამძღოლის მოსვლა.

      [სურათები 7 გვერდზე]

      იესოს სწავლებებმა ხალხი ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად მოამზადა.

      [სურათი 7 გვერდზე]

      იესო მორჩილ კაცობრიობას მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში შეუძღვება.

  • მთელი გულით ემორჩილებით ქრისტეს წინამძღოლობას?
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
    • მთელი გულით ემორჩილებით ქრისტეს წინამძღოლობას?

      „დაე ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“ (მათე 23:10, აფ).

      1. ვინ არის ჭეშმარიტი ქრისტიანების ერთადერთი წინამძღოლი?

      ეს იყო სამშაბათს, 11 ნისანს. სამი დღის შემდეგ იესო ქრისტეს სიკვდილისთვის უნდა გაესწორებინა თვალი. იგი უკანასკნელად ეწვია ტაძარს. ამ დღეს იესომ მეტად საყურადღებო რამ ასწავლა იქ შეკრებილ ხალხსა და მოწაფეებს: „დაე ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე, და თქვენ ყველანი ძმები ხართ. არც თქვენი მამა უწოდოთ არავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ, — ზეციერი. დაე ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“ (მათე 23:8—10, აფ). უეჭველია, რომ იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ქრისტიანების წინამძღოლი.

      2, 3. რა სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენზე იეჰოვასთვის მოსმენა და მის მიერ დანიშნული წინამძღოლისადმი მორჩილება?

      2 როდესაც იესოს წინამძღოლობას ვემორჩილებით, ამას მრავალი სიკეთე მოაქვს ჩვენთვის. იეჰოვა ღმერთმა ამ წინამძღოლის მოსვლა იწინასწარმეტყველა ესაია წინასწარმეტყველის პირით: «ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!... მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს... აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად [„წინამძღოლად“, აქ] და მბრძანებლად» (ესაია 55:1—4).

      3 ესაიამ ჩვეულებრივი სასმელები — წყალი, რძე და ღვინო — მოიშველია მეტაფორებად. ამით იმის დანახვება უნდოდა, თუ რამდენად სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე იეჰოვასთვის მოსმენა და მის მიერ დანიშნული წინამძღოლისა და მბრძანებლისადმი მორჩილება. როგორც პაპანაქება სიცხეში ერთი ჭიქა ცივი წყლის დალევას შეუძლია კაცის მოსულიერება, ისე იესოსადმი მორჩილებას — ჩვენი გამოცოცხლება. ასეთი მორჩილება ხომ ჭეშმარიტებისა და სიმართლისადმი წყურვილს გვიკლავს. როგორც რძე აძლიერებს ჩვილებს და მათ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს, ასევე გვამტკიცებს ‘სულიერი რძე’ და ღმერთთან ურთიერთობისას ჩვენს სულიერ ზრდას აჩქარებს (1 პეტრე 2:1—3). ანდა, განა ვინმე უარყოფს იმას, რომ ღვინო გუნება-განწყობილებას გვიმაღლებს სადღესასწაულო სუფრაზე? მსგავსადვე, როდესაც ჭეშმარიტ ღმერთს ვცემთ თაყვანს და მის მიერ დანიშნული წინამძღოლის ნაკვალევს მივყვებით, სიცოცხლეს ‘მხოლოდ სიხარული’ მოაქვს ჩვენთვის (მეორე რჯული 16:15). ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ჩვენგანი — ახალგაზრდა თუ ხნიერი, კაცი თუ ქალი — მთელი გულით ემორჩილებოდეს ქრისტეს წინამძღოლობას. მაგრამ, რით ვაჩვენებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მესია ჩვენი წინამძღოლია?

      ახალგაზრდებო, შეიმატეთ სიბრძნე!

      4. ა) რა მოხდა, როდესაც 12 წლის იესო იერუსალიმს ეწვია პასექის დღესასწაულზე? ბ) რამდენად კარგად იყო იესო გათვითცნობიერებული სულიერ საკითხებში 12 წლის ასაკში?

      4 ვნახოთ, რა მაგალითი მისცა ჩვენმა წინამძღოლმა ახალგაზრდებს. თუმცა იესოს ბავშვობაზე ცოტა რამ ვიცით, ერთი შემთხვევა ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. როდესაც 12 წლის იყო, ყოველწლიური ჩვეულებისამებრ, იესო მშობლებმა იერუსალიმში წაიყვანეს პასექის დღესასწაულზე. იგი საღვთო წერილის ირგვლივ გამართულმა მსჯელობებმა გაიტაცა და ოჯახი, უნებურად, იესოს გარეშე გაემგზავრა სახლში. შეშფოთებულმა მშობლებმა, იოსებმა და მარიამმა, სამი დღის ძებნის შემდეგ იპოვეს იესო „ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ“. ხოლო „ყველა მის მსმენელს აოცებდა მისი გონება და პასუხი“. დაუკვირდით, ჯერ კიდევ 12 წლის იესოს არა მარტო დამაფიქრებელი და სულიერ საკითხებთან დაკავშირებული კითხვების დასმა შეეძლო, არამედ — გონივრული პასუხების გაცემაც! უეჭველია, მას მშობლები ეხმარებოდნენ და ასწავლიდნენ (ლუკა 2:41—50).

      5. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს საკუთარი თავის შემოწმება და იმის გამორკვევა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ბიბლიის ოჯახური შესწავლისადმი?

      5 შესაძლოა, მოზარდი ხარ. თუ შენი მშობლები ღვთისადმი მიძღვნილი მსახურები არიან, ალბათ თქვენს სახლში რეგულარულად ტარდება ბიბლიის ოჯახური შესწავლა. როგორი დამოკიდებულება გაქვს ოჯახური შესწავლისადმი? კარგი იქნებოდა, დაფიქრებულიყავი: მთელი გულით ვუჭერ თუ არ მხარს ოჯახს ბიბლიის შესწავლის ჩატარებაში? ვაკეთებ თუ არა ყველაფერს იმისათვის, რომ შესწავლისთვის დაწესებულ დროს სხვა არაფრით ვიყო დაკავებული? (ფილიპელთა 3:16, სსგ). აქტიურად ვმონაწილეობ თუ არა შესწავლაში? ვსვამ თუ არა მიზანშეწონილ კითხვებს შესასწავლი მასალის ირგვლივ და გამოვთქვამ თუ არა აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განსახილველი მასალის ცხოვრებაში გამოყენება? რაც უფრო წინ მივიწევ სულიერად, ვივითარებ თუ არა ‘მოწიფულთათვის განკუთვნილი მაგარი საჭმლით’ (აქ) კვების სურვილს? (ებრაელთა 5:13, 14).

      6, 7. რამდენად ძვირფასი და სასარგებლოა ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ახალგაზრდებისთვის?

      6 ბიბლიის ყოველდღიური კითხვაც ფასდაუდებელია. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას... არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ“ (ფსალმუნი 1:1, 2). მოსეს საქმის გამგრძელებელი იესო ნავეს ძე ‘დღე და ღამე დაბალი ხმით კითხულობდა რჯულის წიგნს’ (აქ). ამიტომაც იყო, რომ გონივრულად მართავდა საქმეებს და წარმატებით ასრულებდა ღვთის დავალებას (იესო ნავეს ძე 1:8). ჩვენმა წინამძღოლმა, იესო ქრისტემაც, ხომ გვითხრა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). თუკი ფიზიკური საზრდოს მიღება ყოველდღიურადაა საჭირო, მითუმეტეს სულიერი საკვების მიღება გვესაჭიროება რეგულარულად!

      7 ცამეტი წლის ნიკოლი ხვდებოდა, რომ სულიერ საზრდოს საჭიროებდა და ბიბლიის ყოველდღიურად კითხვას მიჰყო ხელიa. ახლა ის 16 წლისაა და უკვე მეორედ კითხულობს ბიბლიას თავიდან ბოლომდე და უკვე თითქმის შუამდეა მისული. მას ძალზე უბრალო მეთოდი აქვს. „ვცდილობ, რომ ყოველდღე, სულ მცირე, ერთი თავი მაინც წავიკითხო“, — ამბობს ის. რაში ეხმარება მას ბიბლიის სისტემატური კითხვა? ნიკოლი გვპასუხობს: „დღეს ბევრ რამეს შეუძლია ჩვენზე ცუდი გავლენის მოხდენა. სკოლაში იქნება თუ სხვაგან სადმე, ყოველდღიურად ვხვდები ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჩემი რწმენა იცდება. ბიბლიის ყოველდღიური კითხვის წყალობით უცბად ვიხსენებ ბიბლიურ მცნებებსა და პრინციპებს, რომლებიც ამ სიტუაციებთან გამკლავებაში მეხმარება. შედეგად კი, იეჰოვასა და იესოსთან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ“.

      8. რა ჰქონდა ჩვევად იესოს და რით შეუძლიათ ახალგაზრდებს მას მიჰბაძონ?

      8  იესოს ჩვევად ჰქონდა სინაგოგაში წმინდა წერილებიდან წაკითხულის მოსმენა და თავადაც იღებდა კითხვაში მონაწილეობას (ლუკა 4:16; საქმეები 15:21). ახალგაზრდები დიდ სარგებლობას მიიღებენ, თუ იესოს მიჰბაძავენ და რეგულარულად დაესწრებიან ქრისტიანულ შეხვედრებს, სადაც ბიბლიას კითხულობენ და სწავლობენ. 14 წლის რიჩარდი მადლიერია ასეთი შეხვედრებისთვის და ამბობს: „კრების შეხვედრები ძალიან მიყვარს. განუწყვეტლივ მახსენებენ, რა არის სწორი და რა — არასწორი, რა არის ქრისტიანული და რა — არა, და მწარე გაკვეთილის ფასადაც აღარ ვსწავლობ ჭკუას“. დიახ, „იეჰოვას შეხსენება სანდოა, გამოუცდელებს აბრძენებს“ (ფსალმუნი 18:8, აქ). ნიკოლიც იმასვე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველკვირა კრების ხუთივე შეხვედრაზე დასწრება. იგი ორ-სამ საათს მაინც ანდომებს შეხვედრებისთვის მომზადებას (ეფესელთა 5:15, 16).

      9. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ‘სიბრძნის შემატება’?

      9 ახალგაზრდობა ხელსაყრელი დროა ‘ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და მის მიერ გამოგზავნილი იესო ქრისტეს გასაცნობად’ (იოანე 17:3). ზოგიერთი შენი თანატოლი შეიძლება კომიქსების კითხვით, ტელევიზორის ყურებით, ვიდეოთამაშებით ანდა ინტერნეტში ძრომიალით კლავდეს დროს. ნუ აჰყვები მათ; პირიქით, მიჰბაძე ჩვენს სრულყოფილ წინამძღოლს! პატარა იესოს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა იეჰოვას შესახებ სწავლა. მერე და რა მოუტანა ამან? სულიერისადმი სიყვარულის წყალობით „იესოს ემატებოდა სიბრძნე“ (ლუკა 2:52). შენც შეგიძლია სიბრძნე შეიმატო.

      „დაემორჩილეთ ერთმანეთს“

      10. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ოჯახში მშვიდობა და ბედნიერება სუფევდეს?

      10 სახლი შეიძლება იყოს როგორც სავანე, სადაც მშვიდობა მეფობს და ყველა კმაყოფილია, ისე ჩხუბისა და შეხლა-შემოხლის ადგილი (იგავნი 21:19; 26:21). როდესაც ქრისტეს წინამძღოლობას ვემორჩილებით, ოჯახში მშვიდობა და ბედნიერება ისადგურებს. თუ გვინდა, რომ ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, იესოს უნდა მივბაძოთ. წმინდა წერილებში ნათქვამია: „დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთისმოშიშებით. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი... მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესელთა 5:21—25). პავლე მოციქულმა კოლასეს კრებას მისწერა: „შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის“ (კოლასელთა 3:18—20).

      11. როგორ ცხადყოფს ქმარი, რომ მთელი გულით ემორჩილება ქრისტეს წინამძღოლობას?

      11 რა შემთხვევაში სრულდება წინა აბზაცში მოხსენიებული მითითებები? მაშინ, როცა ქმარი მეთაურობს ოჯახს, ცოლი ერთგულად უჭერს მას მხარს, ხოლო შვილები ემორჩილებიან მშობლებს. მაგრამ ქმრის მეთაურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს ბედნიერებას, თუკი ის სწორად ხელმძღვანელობს ოჯახს. გონიერი ქმარი შეეცდება, რომ თავის „თავსა“ და წინამძღოლს, იესო ქრისტეს, მიჰბაძოს და ისე უმეთაუროს ოჯახს (1 კორინთელთა 11:3). თუმცა მოგვიანებით იესო ‘დადგა ყველაზე მაღლა და ეკლესიის თავადი’ გახდა, იგი დედამიწაზე ‘არ მოსულა იმისათვის, რომ მომსახურებოდნენ, არამედ იმისათვის, რომ თავად მომსახურებოდა’ (ეფესელთა 1:22; მათე 20:28). ასევე, ქრისტიანი ქმარი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად კი არ ხელმძღვანელობს თავისიანებს, არამედ ცოლისა და ბავშვების — დიახ, მთელი ოჯახის — კეთილდღეობაზე ზრუნავს (1 კორინთელთა 13:4, 5). ქმარი იესო ქრისტეს — თავის „თავს“ — უნდა ჰბაძავდეს ღვთისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენაში. იესოს მსგავსად, ისიც მშვიდი და თავმდაბალი უნდა იყოს (მათე 11:28—30). როცა რაიმეში ცდება, მაშინ მისთვის ძნელი აღარ იქნება, რომ ცოლს მოუბოდიშოს ან უთხრას: „ჰო, მართალი ხარ“. მისი კარგი მაგალითის შემხედვარე, ცოლსაც გაუადვილდება, რომ ასეთი მამაკაცის დამხმარე, შემავსებელი და მეგობარი იყოს; იგი სწავლობს ქმრისგან და მუდამ მხარში უდგას (დაბადება 2:20; მალაქია 2:14).

      12. რა დაეხმარება ცოლს იმაში, რომ მეთაურობის პრინციპს უერთგულოს?

      12 ცოლი, თავის მხრივ, ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. მაგრამ თუ ცოლზე წუთისოფლისეული აზროვნება ახდენს გავლენას, ამან შეიძლება მეთაურობის პრინციპზე შეხედულება შეურყიოს და მამაკაცისადმი მორჩილება სულაც აღარ მოეჩვენოს მიმზიდველად. წმინდა წერილები არ გვეუბნება, რომ მამაკაცი უნდა მბრძანებლობდეს ქალზე, მაგრამ მასში ნათქვამია, რომ ცოლებს ქმრებისადმი მორჩილება მოეთხოვებათ (ეფესელთა 5:24). ბიბლია ქმარსა და მამასაც პასუხისმგებლობას აკისრებს ოჯახში, სადაც ბიბლიური რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში მშვიდობა და წესრიგი დაისადგურებს (ფილიპელთა 2:5).

      13. მორჩილების რა მაგალითი მისცა იესომ ბავშვებს?

      13 შვილები უნდა ემორჩილებოდნენ მშობლებს. ამ მხრივ იესომ ბრწყინვალე მაგალითი დაუტოვა ბავშვებს. ტაძარში მომხდარი ამბის შემდეგ, როცა მშობლებს ჩამორჩენილი იესო სამი დღე მარტო იმყოფებოდა იერუსალიმში, „იგი გაჰყვა მათ [მშობლებს] და მივიდა ნაზარეთს, და ყველაფერში ემორჩილებოდა“ (ლუკა 2:51). მშობლებისადმი შვილების მორჩილებას მშვიდობა და შეხმატკბილებული ურთიერთობა მოჰყვება. როდესაც ოჯახის ყველა წევრი ემორჩილება ქრისტეს წინამძღოლობას, სახლში ბედნიერება ისადგურებს.

      14, 15. რა დაგვეხმარება სახლში წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავებაში? მოიყვანეთ მაგალითი.

      14 მაშინაც კი, როცა სახლში სირთულეები იჩენს თავს, მათი წარმატებით გადაჭრის საწინდარი ისაა, რომ იესოს მივბაძოთ და მის ხელმძღვანელობას დავემორჩილოთ. მაგალითად, 35 წლის ჯერი დაქორწინდა ლანაზე, მოზარდი გოგონას დედაზე. უცაბედად, ისეთი პრობლემა წამოეჭრათ, რომელსაც არცერთი მათგანი არ მოელოდა. ჯერი ამბობს: „კარგი ოჯახისთავი რომ ვყოფილიყავი, მესმოდა, რომ მეც იგივე ბიბლიური პრინციპები უნდა გამომეყენებინა, რომლებსაც სხვა ოჯახებისთვის ბედნიერება მოჰქონდათ. მაგრამ მალე მივხვდი, რომ მათი გამოყენებისას უფრო მეტი სიბრძნისა და გამჭრიახობისთვის უნდა მომეხმო“. გოგონა ძალიან ღიზიანდებოდა; ეგონა, რომ მამინაცვალი დედამისსა და მის შუა იყო ჩამდგარი. ჯერის გამჭრიახობა უნდა გამოეჩინა, რათა მხედველობაში ჰქონოდა, რომ გოგონას საუბარსა და საქციელზე სწორედ მოზარდის ასეთი განწყობა მოქმედებდა. როგორ გაართვა ჯერიმ თავი ამ სიტუაციას? ჯერი გვპასუხობს: „მე და ლანა შევთანხმდით, რომ ცოტა ხნით მაინც, ლანას ეზრუნა ბავშვის აღზრდაზე, ხოლო ამასობაში, მე კარგი ურთიერთობის დამყარებას შევეცდებოდი ჩემს გერთან. დროთა განმავლობაში ასეთმა მიდგომამ კარგი ნაყოფი გამოიღო“.

      15 როდესაც სახლში სიძნელეები იჩენს თავს, გამჭრიახობას უნდა მოვუხმოთ, რათა გავერკვეთ, რაღა მაინცდამაინც ასე საუბრობენ ან იქცევიან ჩვენი ოჯახის წევრები. სიბრძნეც აუცილებელია იმისათვის, რომ ღვთის მიერ მოცემული პრინციპები მართებულად გამოვიყენოთ. მაგალითად, იესო კარგად მიხვდა, თუ რატომ შეეხო სისხლისდენით გატანჯული ქალი და გონივრულად და სიბრალულით მოეპყრო მას (ლევიანნი 15:25—27; მარკოზი 5:30—34). სიბრძნე და გამჭრიახობა ჩვენი წინამძღოლისთვის დამახასიათებელი თვისებებია (იგავნი 8:12). თუ ისევე მოვიქცევით, როგორც იესო მოიქცეოდა, ეს ბედნიერებას მოგვიტანს.

      უპირველეს ყოვლისა ეძებეთ სამეფო

      16. რას უნდა ეკავოს უმთავრესი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში და რა მაგალითი მოგვცა იესომ?

      16 იესომ ნათლად დაგვანახვა, თუ რას უნდა ეკავოს უმთავრესი ადგილი მათ ცხოვრებაში, ვინც მის წინამძღოლობას ემორჩილება. მან თქვა: «უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ] და მისი [ღვთის] სიმართლე» (მათე 6:33). იესომ თავისივე მაგალითით გვიჩვენა, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. მონათვლის შემდეგ მარხვაში, ფიქრსა და ლოცვაში გატარებული 40 დღის შემდეგ, იესო გამოცდის წინაშე დადგა. სატანა ეშმაკმა მას „წუთისოფლის ყველა სამეფო“ შესთავაზა. წარმოიდგინეთ, როგორი ცხოვრების მოწყობა შეეძლო იესოს თავისთვის, ეშმაკის შეთავაზება რომ მიეღო! მაგრამ ქრისტესთვის უმთავრესი თავისი მამის ნების შესრულება იყო. იგი იმასაც ხვდებოდა, რომ ასეთი ცხოვრება სატანის წუთისოფელში ხანმოკლე აღმოჩნდებოდა. მან უმალ უარყო ეშმაკის წინადადება და უთხრა: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე’“. მალევე ამ ამბის შემდეგ „დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათე 4:2, 8—10, 17). დედამიწაზე გატარებული სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი იესო ღვთის სამეფოს სრული დროით მქადაგებელი იყო.

      17. რით ვცხადყოფთ, რომ სამეფოს ინტერესებს ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ?

      17 მოდი მივბაძოთ ჩვენს წინამძღოლს და თავს მახეში ნუ შევატყუებინებთ სატანის წუთისოფელს — ნუ ვიქცევთ მაღალანაზღაურებად სამუშაოს გამოდევნებასა და კარიერაზე ზრუნვას ცხოვრების უმთავრეს მიზნად (მარკოზი 1:17—21). რაოდენ დიდი უგუნურება იქნებოდა ჩვენი მხრიდან, წუთისოფლისეულ საზრუნავს რომ დავმონებოდით და სამეფოს ინტერესებზე ზრუნვა მეორეხარისხოვან საქმიანობად გვექცია! იესომ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობა მოგვანდო (მათე 24:14; 28:19, 20). დიახ, შესაძლოა, ოჯახზე ვზრუნავთ ან სხვა პასუხისმგებლობები გვაკისრია, მაგრამ განა გულს არ გვიხარებს ის, რომ საღამოობითა და შაბათ-კვირა ჩვენი ქრისტიანული დავალების შესრულება — ქადაგება და მოწაფეების მომზადება — შეგვიძლია? რაოდენ გამამხნევებელია ისიც, რომ 2001 სამსახურებრივი წლის განმავლობაში 780000 ქრისტიანმა იმსახურა სრული დროით მაუწყებლად ანუ პიონერად!

      18. რა გვეხმარება სამქადაგებლო მსახურების შეყვარებაში?

      18 სახარებები იესოს გვიხატავს აქტიურ და ენერგიულ მამაკაცად, რომელსაც სათუთი გრძნობები ჰქონდა ადამიანებისადმი. როდესაც იგრძნო, რომ მის გარშემო შეკრებილ ხალხს სულიერი საზრდო ესაჭიროებოდა, იესომ დიდი დახმარება გაუწია მათ და გულმოდგინედ ასწავლიდა (მარკოზი 6:31—34). მსახურებას მაშინ მოაქვს ჩვენთვის სიხარული, როდესაც ადამიანებისადმი სიყვარული და მათთვის დახმარების გულწრფელი სურვილი გვამოძრავებს. როგორ შეგვიძლია, ასეთი სურვილი განვივითაროთ? „მოზარდობისას მაინცდამაინც არ მომწონდა მსახურებაში მონაწილეობა“, — ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, ჯეისონი. რა დაეხმარა მას სამქადაგებლო მსახურების შეყვარებაში? ჯეისონი გვპასუხობს: „ჩვენი ოჯახი შაბათ დილას ყოველთვის სამქადაგებლო მსახურებას უთმობდა. ეს ძალიან მეხმარებოდა, რადგან რაც უფრო მეტს ვმსახურობდი, მით უფრო მეტად ვხედავდი, თუ რა დიდი სარგებლობა მოჰქონდა ამას ადამიანებისთვის და სულ უფრო და უფრო მიყვარდებოდა ამგვარი მსახურება“. ჩვენც რეგულარულად და მთელი გულით უნდა მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში.

      19. რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი ქრისტეს წინამძღოლობასთან დაკავშირებით?

      19 ქრისტეს წინამძღოლობისადმი მორჩილება მართლაც რომ გამომაცოცხლებელია და უხვი კურთხევები მოაქვს. როდესაც თავიანთ წინამძღოლს ემორჩილებიან, ახალგაზრდები შემეცნებასა და სიბრძნეში იზრდებიან. როდესაც ქრისტეს ვემორჩილებით, ოჯახური ცხოვრება მშვიდობისა და ბედნიერების წყარო ხდება, ხოლო სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას სიხარული და კმაყოფილება მოაქვს. მაშ, მოდი მართლაც მტკიცედ გადავწყვიტოთ ერთი რამ — ყოველდღიურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილებების მიღებისას ყველასთვის თვალსაჩინო გავხადოთ, რომ მთელი გულით ვემორჩილებით ქრისტეს წინამძღოლობას (კოლასელთა 3:23, 24). მაგრამ იესო ქრისტე სხვა გზის — ქრისტიანული კრების — მეშვეობითაც გვიწევს წინამძღოლობას. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია ამ ღონისძიებიდან სარგებლობის მიღება.

      [სქოლიოები]

      a ზოგიერთი სახელი შეცვლილია.

  • ქრისტე წინამძღოლობს თავის კრებას
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მარტი
    • ქრისტე წინამძღოლობს თავის კრებას

      „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 28:20, აქ).

      1, 2. ა) რას დაჰპირდა მკვდრეთით აღმდგარი იესო თავის მიმდევრებს, როდესაც მოწაფეების მომზადება დაავალა? ბ) როგორ წინამძღოლობდა იესო პირველ ქრისტიანულ კრებას?

      ზეცად ამაღლებამდე იესო ქრისტე, ჩვენი მკვდრეთით აღმდგარი წინამძღოლი, თავის მოწაფეებს გამოეცხადა და უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 23:10; 28:18—20, აქ).

      2 იესომ თავის მოწაფეებს სიცოცხლის მომტანი საქმიანობა, კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოწაფეებად მომზადება, დაავალა და დაჰპირდა, რომ ყოველთვის მათთან იქნებოდა. პირველი ქრისტიანების ისტორია, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთ წიგნ „საქმეებშია“ ჩაწერილი, იოტისოდენა ეჭვსაც კი არ გვიტოვებს იმის თაობაზე, რომ ქრისტე ღვთისგან მიღებული ძალაუფლების გამოყენებით ახლად ჩამოყალიბებულ კრებას წინამძღოლობდა. თავის მიმდევრებს მან „დამხმარე“ ანუ სულიწმიდა გაუგზავნა, რათა განემტკიცებინა და ეხელმძღვანელა მათთვის (იოანე 16:7; საქმეები 2:4, 33; 13:2—4; 16:6—10). მკვდრეთით აღმდგარი იესო ანგელოზების მეშვეობითაც ედგა მხარში თავის მოწაფეებს (საქმეები 5:19; 8:26; 10:3—8, 22; 12:7—11; 27:23, 24; 1 პეტრე 3:22). გარდა ამისა, ჩვენი წინამძღოლი კრებას ხელმძღვანელობას უწევდა ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობითაც, რომელიც გამოცდილი მამაკაცებისგან შედგებოდა (საქმეები 1:20, 24—26; 6:1—6; 8:5, 14—17).

      3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

      3 მაგრამ ჩვენი დროის, ‘ამ სისტემის აღსასრულის’, შესახებ რაღას ვიტყოდით? დღეს როგორღა წინამძღოლობს იესო ქრისტე ქრისტიანულ კრებას? და ჩვენ როგორ შეგვიძლია თვალსაჩინო გავხადოთ, რომ მის წინამძღოლობას ვემორჩილებით?

      ბატონის ერთგული მონა

      4. ა) ვისგან შედგება „ერთგული და გონიერი მონა“? ბ) რაზე ზრუნვა მიანდო ბატონმა თავის მონას?

      4 როდესაც თავისი თანდასწრების ამოსაცნობი ნიშანი იწინასწარმეტყველა, იესომ თქვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას“ (მათე 24:45—47). „ბატონი“ ჩვენი წინამძღოლი, იესო ქრისტეა, რომელმაც „ერთგული და გონიერი მონა“ — დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფი — დანიშნა, რათა დედამიწაზე მათი მეშვეობით გაძღოლოდა თავის საქმეებს.

      5, 6. ა) რას ასიმბოლოებს იოანე მოციქულის მიერ ხილვაში ნანახი „შვიდი ოქროს სალამპრე“ და „შვიდი ვარსკვლავი“? ბ) რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იესოს მარჯვენა ხელში უჭირავს „შვიდი ვარსკვლავი“?

      5 როგორც ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ ცხადყოფს, ერთგული და გონიერი მონა უშუალოდ იესო ქრისტეს ემორჩილება. როდესაც იოანე მოციქული ხილვის მეშვეობით ‘უფლის დღეში’ აღმოჩნდა, მან იხილა „შვიდი ოქროს სალამპრე და სალამპრეებს შორის ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“ (აქ), რომელსაც „მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი ეჭირა“. იესომ ამ ხილვის მნიშვნელობა განუმარტა იოანეს: «შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში და შვიდი ოქროს სასანთლე [„სალამპრე“, აქ]: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე [„სალამპრე“, აქ] შვიდი ეკლესიაა» (გამოცხადება 1:1, 10—20).

      6 „შვიდი ოქროს სალამპრე“ ასიმბოლოებს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებას, რომლებიც 1914 წლიდან დაწყებულ „უფლის დღის“ განმავლობაში მოქმედებენ. რაც შეეხება „შვიდ ვარსკვლავს“, პირველ ყოვლისა ისინი ასიმბოლოებდნენ პირველი საუკუნის კრებებზე მზრუნველ ყველა სულითშობილსა და სულითცხებულ ზედამხედველებსa. ეს ზედამხედველები იესოს მარჯვენა ხელში იყვნენ — ესე იგი ემორჩილებოდნენ და მის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ. დიახ, იესო ქრისტე წინამძღოლობდა ცალკეული ადამიანებისგან შემდგარ მონის ერთიან კლასს. მაგრამ, დღესდღეობით სულითცხებული ზედამხედველები არც თუ ისე ბევრნი არიან დედამიწაზე. მაშ, როგორ უწევს ქრისტე წინამძღოლობას იეჰოვას მოწმეთა 93000 კრებას მთელი დედამიწის ზურგზე?

      7. ა) როგორ წინამძღოლობს იესო ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით კრებებს მთელი დედამიწის ზურგზე? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანი ზედამხედველები სულიწმიდის მიერ ინიშნებიან?

      7 ისევე როგორც პირველ საუკუნეში, გამოცდილი მამაკაცების მცირე ჯგუფი, რომელიც სულითცხებული ზედამხედველებისგან შედგება, დღესაც მსახურობს როგორც ხელმძღვანელი საბჭო. ეს საბჭო მიეკუთვნება ერთგული და გონიერი მონის ერთიან კლასს. ჩვენი წინამძღოლი გამოცდილ მამაკაცებს — როგორც სულითცხებულებს ისე არასულითცხებულებს — ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ნიშნავს კრებებში უხუცესებად. ასეთნაირად სულიწმიდა, რომლის გამოყენების ძალაუფლებაც იეჰოვამ იესოს მისცა, ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზედამხედველების დანიშვნაში (საქმეები 2:32, 33). უპირველეს ყოვლისა, ეს ზედამხედველები სულიწმიდით შთაგონებულ ღვთის სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:5—9; 2 პეტრე 1:20, 21). ზედამხედველებისთვის რეკომენდაციის გაწევა და დანიშვნა ლოცვითა და სულიწმიდის ხელმძღვანელობით ხდება. გარდა ამისა, ის მამაკაცები, რომლებსაც ასეთი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ცხადყოფენ, რომ სულის ნაყოფს ავლენენ (გალატელთა 5:22, 23). ამიტომ პავლეს რჩევა თანაბრად ეხება ყველა უხუცესს — სულითცხებულს თუ არასულითცხებულს: „გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ“ (საქმეები 20:28). ზედამხედველებად დანიშნული ეს მამაკაცები ხელმძღვანელი საბჭოსგან იღებენ მითითებებს და ხალისით მწყემსავენ კრებას. ასეთი სახით, თვითონ ქრისტე გვიდგას მხარში და აქტიურად წინამძღოლობს კრებას.

      8. როგორ წინამძღოლობს ქრისტე თავის მიმდევრებს ანგელოზების მეშვეობით?

      8 თავისი მიმდევრების საწინამძღოლოდ იესო დღეს უშუალოდ ანგელოზებსაც იყენებს. ხორბლისა და ღვარძლის შესახებ იგავის თანახმად მკის დრო ‘ამ სისტემის აღსასრულისას’ მოაწევდა. ვის დაავალებდა ბატონი მომკას? „მომკალნი ანგელოზები არიან“, — თქვა ქრისტემ. შემდეგ დასძინა: „მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედს“ (მათე 13:37—41). გარდა ამისა, არსებობს უამრავი მტკიცება იმისა, რომ დღეს ქრისტე ანგელოზების მეშვეობით ხელმძღვანელობს ჭეშმარიტ ქრისტიანებს და გულწრფელ ადამიანებამდე მიჰყავს ისინი, ისევე, როგორც ერთ დროს ანგელოზმა ეთიოპელი საჭურისი აპოვნინა ფილიპეს (საქმეები 8:26, 27; გამოცხადება 14:6).

      9. ა) რა საშუალებებით წინამძღოლობს ქრისტე დღეს ქრისტიანულ კრებას? ბ) რას უნდა დავუფიქრდეთ, თუ გვინდა, რომ ქრისტეს წინამძღოლობამ სარგებლობა მოგვიტანოს?

      9 ერთობ გამამხნევებელია, რომ იესო ქრისტე დღეს თავის მოწაფეებს ხელმძღვანელი საბჭოს, სულიწმიდისა და ანგელოზების მეშვეობით წინამძღოლობს. თუნდაც რომ იეჰოვას ზოგი მიმდევარი ხელმძღვანელი საბჭოსგან დროებით იზოლირებული აღმოჩენილიყო დევნის ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო, ქრისტე მაინც უწინამძღოლებდა მათ სულიწმიდისა და ანგელოზების მეშვეობით. მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტეს წინამძღოლობას მხოლოდ მაშინ მოაქვს ჩვენთვის სარგებლობა, როცა ვემორჩილებით მას. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვემორჩილებით ქრისტეს წინამძღოლობას?

      „გაუგონეთ... და დაემორჩილეთ“

      10. როგორ დავაფასებთ კრებაზე მზრუნველ უხუცესებს?

      10 ჩვენმა წინამძღოლმა კრებებს უბოძა „ძღვენი ადამიანების სახით“ (აქ), — „ზოგნი მახარებლად, ზოგნი მწყემსებად და მოძღვრებად“ (ეფესელთა 4:8, 11, 12). მათდამი ჩვენი დამოკიდებულება და მოპყრობა ნათლად აჩვენებს, ვემორჩილებით თუ არა ქრისტეს წინამძღოლობას. მართლაც რომ მართებულია, მადლიერება გამოვავლინოთ სულიერ საკითხებში გამოცდილი მამაკაცებისადმი, რომლებიც ქრისტემ გვიბოძა (კოლასელთა 3:15). ისინი პატივისცემასაც იმსახურებენ ჩვენგან. «ხუცესნი [„უხუცესები“, აქ], რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ», — დაწერა პავლე მოციქულმა (1 ტიმოთე 5:17). როგორ შეგვიძლია კრებაზე მზრუნველი უხუცესებისადმი, იგივე ზედამხედველებისადმი, მადლიერებისა და პატივისცემის გამოვლენა? პავლე გვპასუხობს: „გაუგონეთ მათ, რომლებსაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრიათ და დაემორჩილეთ“ (ებრაელთა 13:17, აქ). დიახ, ჩვენ უნდა გავუგონოთ და დავემორჩილოთ მათ.

      11. რატომ ვამბობთ, რომ ჩვენი მონათვლის თანახმად ცხოვრება უხუცესებისადმი პატივისცემასაც ნიშნავს?

      11 ჩვენი წინამძღოლი სრულყოფილია, ის მამაკაცები კი, რომლებიც მან ძღვენის სახით გვიბოძა — არა. ამიტომ, ხანდახან ისინი შეიძლება შეცდნენ. როგორც უნდა იყოს, აუცილებელია, ქრისტეს მმართველობის სტრუქტურას ვუერთგულოთ. სინამდვილეში, ჩვენი მიძღვნისა და მონათვლის თანახმად ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ სულიწმიდის მიერ კრებაში დანიშნული მამაკაცების უფლებამოსილების კანონიერებას ვაღიარებდეთ და მზადყოფნით ვემორჩილებოდეთ მათ. „სულიწმიდის სახელით“ ჩვენი მონათვლა არის სახალხოდ დამოწმება იმისა, რომ ვაღიარებთ სულიწმიდასა და მის როლს იეჰოვას განზრახვების განხორციელებაში (მათე 28:19). ასეთი ნათლობა თავისთავად იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ სულიწმიდასთან და არანაირად არ ვუშლით ხელს, რომ ქრისტეს მიმდევრებზე სასიკეთოდ იმოქმედოს. სულიწმიდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უხუცესებისთვის რეკომენდაციის გაწევასა და დანიშვნაში და აქედან გამომდინარე, კრების უხუცესებთან თუ ვერ ვითანამშრომლებდით, განა ვიქნებოდით მართლაც ერთგული ქრისტიანები?

      12. რა მაგალითები მოიყვანა იუდამ უფლებამოსილი მამაკაცებისადმი უპატივცემლობის გამოვლენასთან დაკავშირებით და რას გვასწავლის ეს მაგალითები?

      12 წმინდა წერილებში ჩაწერილია მაგალითები, რომლებიც გაგონებისა და მორჩილების ფასს გვასწავლის. მოწაფე იუდას მხედველობაში ჰყავდა კრებაში დანიშნულ მამაკაცებზე შეურაცხმყოფლად მოლაპარაკე ადამიანები, როდესაც სამ გამაფრთხილებელ მაგალითზე მიგვითითა: „ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან. საზღაურისათვის აჰყვნენ ბალაამის ცდომილებას და ჯიუტობით იღუპებიან, როგორც კორახი“ (იუდა 11). კაენმა იეჰოვას მიერ სიყვარულით მიცემულ რჩევას წაუყრუა და სიძულვილით გახელებულმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა (დაბადება 4:4—8). მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა რამდენჯერმე გააფრთხილა, ბალაამმა მაინც სცადა ღვთის ხალხის დაწყევლა მატერიალური გამორჩენის მიზნით (რიცხვნი 22:5—28, 32—34; მეორე რჯული 23:5). კორახს შესანიშნავი პასუხისმგებლობა ეკისრა ისრაელში, მაგრამ უფრო მეტი მოინდომა; შეთქმულება მოუწყო ღვთის მსახურ მოსეს, რომელიც უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე (რიცხვნი 12:3; 16:1—3, 32, 33). სამივე მათგანს, კაენს, ბალაამსა და კორახს, უბედურება დაატყდათ თავს. ეს მაგალითები კარგად გვასწავლის, რომ საჭიროა იმ მამაკაცების მიერ მოცემული რჩევების გაგონება, რომლებსაც იეჰოვამ სხვადასხვა პასუხისმგებლობები დააკისრა და პატივიც უნდა ვცეთ მათ.

      13. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, რა კურთხევებს იღებენ ისინი, ვინც უხუცესებს ემორჩილებიან?

      13 რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგანს სურს ზედამხედველობის იმ დიდებული ღონისძიებიდან სარგებლობის მიღება, რომელიც ჩვენმა წინამძღოლმა შეიმუშავა ქრისტიანული კრებისთვის. ესაია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, თუ რა კურთხევებს მოიტანდა ეს ღონისძიება: „აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ. თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ესაია 32:1, 2). თითოეული უხუცესი „თავშესაფარია“ და ჩვენს დაცვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. თუ უფლებამოსილი ძმებისადმი მორჩილება გვიჭირს, მოდი ვილოცოთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ გავუგონოთ და დავემორჩილოთ კრებაში ღვთის მიერ დანიშნულ მამაკაცებს.

      უხუცესები ემორჩილებიან ქრისტეს წინამძღოლობას

      14, 15. რით აჩვენებენ ისინი, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ, რომ ქრისტეს წინამძღოლობას ემორჩილებიან?

      14 ყველა ქრისტიანი — განსაკუთრებით კი უხუცესები — უნდა ემორჩილებოდნენ ქრისტეს წინამძღოლობას. ზედამხედველებს ანუ უხუცესებს გარკვეული უფლებამოსილება აქვთ კრებაში. მაგრამ ისინი არ ცდილობენ თანამორწმუნეთა ცხოვრების გაკონტროლებას — ესე იგი ‘არ უფლობენ მათ რწმენაზე’ (2 კორინთელთა 1:24). უხუცესებს გულთან ახლოს მიაქვთ იესოს სიტყვები: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებას იყენებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება“ (მათე 20:25—27). დაკისრებულ პასუხისმგებლობას უხუცესები სერიოზულად ეკიდებიან და გულწრფელად ცდილობენ ადამიანებისთვის დახმარების გაწევას.

      15 ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს: „გახსოვდეთ ისინი, რომლებსაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრიათ... დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და რწმენაში მიბაძეთ მათ“ (ებრაელთა 13:7, აქ). ქრისტიანებმა იმიტომ კი არ უნდა მიჰბაძონ უხუცესებს, რომ თითქოსდა ისინი წინამძღოლები იყვნენ; არა. იესომ გარკვევით თქვა: „წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“ (მათე 23:10). უხუცესებს რწმენაში უნდა მივბაძოთ იმიტომ, რომ ისინი თავის მხრივ ჩვენს წინამძღოლს, ქრისტეს, ჰბაძავენ (1 კორინთელთა 11:1). ვნახოთ, როგორ ჰბაძავენ უხუცესები ქრისტეს კრებაში სხვებთან ურთიერთობისას.

      16. როგორ ეპყრობოდა იესო თავის მიმდევრებს მიუხედავად იმისა, რომ დიდ ძალაუფლებას ფლობდა?

      16 იესო ყოველმხრივ ამაღლებული იყო არასრულყოფილ ადამიანებზე და თავისი მამის მიერ მიცემულ განუმეორებელ ძალაუფლებასაც ფლობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოკრძალებით ეპყრობოდა თავის მოწაფეებს. არ ცდილობდა, რომ თავის მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა და დაეჩრდილა თავისი ცოდნით. მგრძნობიარობასა და სიბრალულს ავლენდა თავისი მიმდევრების მიმართ და მხედველობიდან არ რჩებოდა მათი ადამიანური მოთხოვნილებები (მათე 15:32; 26:40, 41; მარკოზი 6:31). თავის მოწაფეებს არასოდეს სთხოვდა იმაზე მეტს, რის გაკეთებაც შეეძლოთ და არასოდეს აკისრებდა იმაზე მეტს, რამდენის ტვირთვის ძალაც შესწევდათ (იოანე 16:12). იესო „მშვიდი და თავმდაბალი“ იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მასთან ბევრი ადამიანი თავს, შეიძლება ითქვას, გამოცოცხლებულად გრძნობდა (მათე 11:28—30).

      17 როგორ ჰბაძავენ უხუცესები ქრისტეს თავმდაბლობაში კრების წევრებთან ურთიერთობისას?

      17 თუკი ჩვენი წინამძღოლი, ქრისტე, თავმდაბლობას ავლენდა, მით უმეტეს იმ მამაკაცებს მართებთ ამ თვისების გამოვლენა, რომლებსაც ხელმძღვანელობა აკისრიათ კრებაში. დიახ, ისინი ფრთხილობენ, რომ ბოროტად არ გამოიყენონ მათთვის მინდობილი ხელმძღვანელობის უფლება და არ საუბრობენ „ამაღლებული სიტყვით“ — მათი მიზანი სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა არ არის (1 კორინთელთა 2:1, 2). პირიქით, ბიბლიური ჭეშმარიტების სიტყვების გასაგებად და გულწრფელად გადმოცემას ცდილობენ. გარდა ამისა, უხუცესები ცდილობენ, გონივრულად შეხედონ სიტუაციას და ბევრზე ბევრს არ მოელოდნენ თანამორწმუნეებისგან. ისიც მხედველობაში აქვთ, თუ ვის რა სახის დახმარება სჭირდება (ფილიპელთა 4:5). უხუცესებმა იციან, რომ ყველას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას სიყვარულით ითვალისწინებენ ამ ფაქტს (1 პეტრე 4:8). განა მართლაც გამომაცოცხლებელი არ არის თავმდაბალ და რბილი ხასიათის მქონე უხუცესებთან ურთიერთობა? დიახ, მათ ნამდვილად შვება მოაქვთ ჩვენთვის.

      18. რას სწავლობენ უხუცესები ბავშვებისადმი იესოს მოპყრობიდან?

      18 იესო მეგობრული იყო და მასთან მისვლა და საუბარი ყველას უადვილდებოდა — თვით პატარებსაც კი. აი, რა უთხრა მან თავის მოწაფეებს, რომლებიც ხალხს იმისთვის კიცხავდნენ, რომ იესოსთან ‘ბავშვები მოჰყავდათ’: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას“. შემდეგ „მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი“ (მარკოზი 10:13—16). იესო თბილი და კეთილი იყო და ხალხს არ ეშინოდა მისი, პირიქით, გული მიუწევდათ მისკენ. ბავშვებიც კი თავისუფლად გრძნობდნენ თავს იესოსთან. უხუცესებიც მეგობრულები არიან და როდესაც სითბოსა და სიკეთეს ავლენენ, ყველანი — მათ შორის ბავშვებიც — თავს შესანიშნავად გრძნობენ მათ გარემოცვაში.

      19. რას ნიშნავს „ქრისტეს აზრის“ ქონა და რა არის საჭირო მის შესაძენად?

      19 რამდენად კარგად ჰბაძავენ უხუცესები იესო ქრისტეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობენ მას. „ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას?“, — იკითხა პავლემ. შემდეგ კი დასძინა: „ჩვენ კი გვაქვს ქრისტეს აზრი“ (1 კორინთელთა 2:16). რას ნიშნავს ქრისტეს აზრის ქონა? ეს იმას ნიშნავს, რომ ვიცოდეთ, როგორ აზროვნებს ქრისტე და ვიცოდეთ მისი პიროვნების ყველა თავისებურება, რაც თავის მხრივ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა იგი ამა თუ იმ სიტუაციაში. დაფიქრდით, რა კარგი იქნება, რომ ასე ახლოს ვიცნობდეთ ჩვენს წინამძღოლს! ამისთვის კი საჭიროა სახარებების დიდი ყურადღებით კითხვა და იესოს ცხოვრებასა და მაგალითზე რეგულარულად ფიქრი. როდესაც უხუცესები არაფერზე იხევენ უკან, ოღონდაც კი ყველაფერში დაემორჩილონ ქრისტეს წინამძღოლობას, კრების წევრებსაც უფრო უადვილდებათ მათთვის რწმენაში მიბაძვა. როდესაც ხედავენ, რომ ქრისტიანები კვალდაკვალ მიჰყვებიან თავიანთ წინამძღოლს, უხუცესები კმაყოფილებას გრძნობენ.

      ნუ შეწყვეტთ ქრისტეს წინამძღოლობისადმი მორჩილებას

      20, 21. რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი, როდესაც აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას ველით?

      20 მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს შევწყვიტოთ ქრისტეს წინამძღოლობისადმი მორჩილება. რაც უფრო ახლოვდება ამ სისტემის აღსასრული, ჩვენი სიტუაცია მით უფრო წააგავს ძვ. წ. 1473 წელს მოაბის ველზე დაბანაკებულ ისრაელთა მდგომარეობას. ისინი აღთქმული მიწის ზღურბლზე იდგნენ როდესაც წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ღმერთმა განაცხადა: „შენ [იესო ნავეს ძევ] უნდა წაჰყვე ამ ერს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მის მამა-პაპას“ (მეორე რჯული 31:7, 8). იესო ნავეს ძე ღვთის მიერ დანიშნული წინამძღოლი იყო. ისრაელები იმ შემთხვევაში შევიდოდნენ აღთქმულ მიწაზე, თუ იესო ნავეს ძის წინამძღოლობას დაემორჩილებოდნენ.

      21 ბიბლია გვეუბნება: „წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჩვენი გაძღოლა აღთქმულ ახალ ქვეყნიერებისკენ, სადაც სიმართლე იქნება დამკვიდრებული (2 პეტრე 3:13). მაშ, მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ცხოვრების ყველა სფეროში დავემორჩილოთ იესოს წინამძღოლობას.

      [სქოლიოები]

      a აქ მოხსენიებული „ვარსკვლავები“ პირდაპირი გაგებით ანგელოზებს არ გულისხმობს. იესო არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებდა ადამიანს უხილავი სულიერი ქმნილებებისათვის წერილობითი ინფორმაციის გადასაცემად. ამიტომ, „ვარსკვლავებში“ უნდა იგულისხმებოდეს კრებებზე მზრუნველი ადამიანი-ზედამხედველები ანუ უხუცესები, რომლებიც იესოს წარმომადგენლებად ითვლებიან. რიცხვი შვიდი ღვთის მიერ მათ სრულქმნილებად მიჩნევაზე მიუთითებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება