საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს
    საგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
    • მოსე და აარონი ფარაონის წინაშე

      იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს

      „იეჰოვა წაგიძღვება მუდამ“ (ეს. 58:11).

      სიმღერები: 152, 22

      შეგიძლიათ ახსნათ?

      რა ადასტურებდა, რომ ღვთის ხალხის წინამძღოლებსა და იესო ქრისტეს . . .

      • წმინდა სული ჰქონდათ?

      • ანგელოზები ეხმარებოდნენ?

      • ღვთის სიტყვა ავტორიტეტად მიაჩნდათ?

      1, 2. ა) რა განსხვავებაა იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელებსა და სხვა რელიგიების წინამძღოლებს შორის? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?

      „ვინ არის თქვენი უფროსი?“. ამ კითხვას იეჰოვას მოწმეებს ხშირად გვისვამენ და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბევრ რელიგიაში ერთი ადამიანი, იქნება ეს კაცი თუ ქალი, ლიდერის ან წინამძღოლის როლს ასრულებს. თუმცა ჩვენ თამამად ვპასუხობთ, რომ ჩვენი წინამძღოლი არასრულყოფილი ადამიანი არ არის. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ მივყვებით მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას, რომელიც თავის მხრივ თავისი მამის, იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვება (მათ. 23:10).

      2 თუმცა დღეს არსებობს ადამიანთა ჯგუფი, „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც ხელმძღვანელობას უწევს ღვთის ხალხს (მათ. 24:45). მაშ, საიდან ვიცით, რომ სინამდვილეში იეჰოვა გვხელმძღვანელობს თავისი ძის მეშვეობით? ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ იყენებდა იეჰოვა საუკუნეების განმავლობაში ზოგიერთ ადამიანს თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად. ამ სტატიებში მოყვანილია სამი მტკიცება, საიდანაც ჩანს, რომ ამ მამაკაცების უკან იეჰოვა იდგა და ის იყო და არის თავისი ხალხის ნამდვილი წინამძღოლი (ეს. 58:11).

      მათზე წმინდა სული მოქმედებდა

      3. რა დაეხმარა მოსეს, რომ ისრაელისთვის ხელმძღვანელობა გაეწია?

      3 ღვთის წარმომადგენლებზე წმინდა სული მოქმედებდა. განვიხილოთ მოსეს მაგალითი, რომელიც იეჰოვამ ისრაელების წინამძღოლად დანიშნა. რა დაეხმარა მას, წარმატებით გაერთვა თავი ამ მეტად საპასუხისმგებლო დავალებისთვის? იეჰოვამ „მას თავისი წმინდა სული მისცა“ (წაიკითხეთ ესაიას 63:11—14). ამით იეჰოვამ აჩვენა, რომ კვლავაც თავად ხელმძღვანელობდა თავის ხალხს.

      4. როგორ მიხვდებოდნენ ისრაელები, რომ მოსეზე წმინდა სული მოქმედებდა? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)

      4 ვინაიდან წმინდა სული უხილავი ძალაა, როგორ მიხვდებოდნენ ისრაელები, რომ მოსე წმინდა სულით მოქმედებდა? წმინდა სულით მოსემ არაერთი სასწაული მოახდინა და ფარაონს ღვთის სახელი გაუცხადა (გამ. 7:1—3). ამასთან, წმინდა სული დაეხმარა მოსეს შესანიშნავი თვისებების — სიყვარულის, თვინიერებისა და მოთმინების განვითარებაში. შედეგად, ის მზად იყო ისრაელებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად. მართლაც, რამხელა სხვაობა იყო მოსესა და სხვა ერების ეგოისტ და სასტიკ მმართველებს შორის! (გამ. 5:2, 6—9). აშკარაა, მოსე იეჰოვამ აირჩია თავისი ხალხის წინამძღოლად.

      5. როგორ დაეხმარა იეჰოვა ისრაელის სხვა წინამძღოლებს? ახსენით.

      5 მოგვიანებით იეჰოვამ წმინდა სული თავისი ხალხის წინამძღოლებად დანიშნულ სხვა მამაკაცებსაც მისცა. „იესო ნავეს ძე სავსე იყო სიბრძნის სულით“ (კან. 34:9). „იეჰოვას სულმა მოიცვა გედეონი“ (მსაჯ. 6:34). „ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული“ (1 სამ. 16:13). ამ მამაკაცებს ღვთის სულის დახმარების იმედი ჰქონდათ. სწორედ ამ სულის ძალით ჩაიდინეს მათ ისეთი საგმირო საქმეები, რომელთაც საკუთარი ძალით ვერ შეძლებდნენ (იეს. 11:16, 17; მსაჯ. 7:7, 22; 1 სამ. 17:37, 50). ამ დიდებულმა საქმეებმა მართებულად განადიდა იეჰოვა.

      6. რატომ ითხოვდა ღმერთი თავისი ხალხისგან წინამძღოლების პატივისცემას?

      6 რისკენ უნდა აღეძრა ისრაელები იმის აშკარა მტკიცებას, რომ ამ მამაკაცებზე წმინდა სული მოქმედებდა? როცა ხალხი უკმაყოფილო იყო მოსეს წინამძღოლობით, იეჰოვამ იკითხა: „როდემდე უნდა მექცეოდეს ეს ხალხი უპატივცემულოდ?!“ (რიცხ. 14:2, 11). სწორედ იეჰოვამ აირჩია მოსე, იესო ნავეს ძე, გედეონი და დავითი თავის წარმომადგენლებად. ამგვარად, როცა ისრაელები ამ მამაკაცებს ემორჩილებოდნენ, ფაქტობრივად, იეჰოვას ემორჩილებოდნენ როგორც წინამძღოლს.

      მათ ანგელოზები ეხმარებოდნენ

      7. როგორ ეხმარებოდნენ ანგელოზები მოსეს?

      7 ღვთის წარმომადგენლებს ანგელოზები ეხმარებოდნენ (წაიკითხეთ ებრაელების 1:7, 14). იეჰოვამ ანგელოზების მეშვეობით დანიშნა მოსე და მათივე მეშვეობით ეხმარებოდა და ხელმძღვანელობდა მას. „ღმერთმა [მოსე] მმართველად და მხსნელად გაგზავნა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას ეკლიან ბუჩქში ეჩვენა“ (საქ. 7:35). მან „ანგელოზების მეშვეობით“ გადასცა კანონი, რომლითაც მოსე ისრაელ ერს მოძღვრავდა (გალ. 3:19). იეჰოვამ უთხრა მოსეს: „წადი, იქ წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. ჩემი ანგელოზი წაგიძღვება“ (გამ. 32:34). ბიბლია არაფერს ამბობს, ხედავდნენ თუ არა ისრაელები ამ ანგელოზს, რომელიც ღვთის დავალებას ასრულებდა. თუმცა მოსე ისე მოძღვრავდა და ხელმძღვანელობდა ხალხს, რომ აშკარა იყო, ის ზეადამიანურ დახმარებას იღებდა.

      8. როგორ დაეხმარნენ ანგელოზები იესო ნავეს ძესა და ხიზკიას?

      8 მოგვიანებით მოსეს საქმის გამგრძელებელი იესო ნავეს ძე განამტკიცა „იეჰოვას ლაშქრის მეთაურმა“, რომ ღვთის ხალხს ქანაანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გასძღოლოდა. ეს ბრძოლა ისრაელების გამარჯვებით დამთავრდა (იეს. 5:13—15; 6:2, 21). როცა კბილებამდე შეიარაღებული ასურელები მეფე ხიზკიას იერუსალიმის აღებით ემუქრებოდნენ, ერთ ღამეში იეჰოვას ანგელოზმა „ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა ასურელთა ბანაკში“ (2 მეფ. 19:35).

      9. აძლევდა წინამძღოლების ნაკლოვანებები ისრაელებს დაუმორჩილებლობის საბაბს? ახსენით.

      9 ანგელოზები სრულყოფილები იყვნენ, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით იმ მამაკაცებზე, რომლებსაც ისინი ეხმარებოდნენ. ერთხელ მოსემ შეცდომა დაუშვა და არ განწმინდა იეჰოვას სახელი (რიცხ. 20:12). გაბაონელებთან შეთანხმების დადებამდე იესო ნავეს ძე არ დაეკითხა იეჰოვას (იეს. 9:14, 15). ხიზკია მცირე ხნით გადიდგულდა (2 მატ. 32:25, 26). ნაკლოვანებების მიუხედავად, ისრაელებს მოეთხოვებოდათ, მიჰყოლოდნენ მათ ხელმძღვანელობას. იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით უჭერდა მხარს ამ მამაკაცებს. დიახ, იეჰოვა მიუძღოდა თავის ხალხს.

      ისინი ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდნენ

      10. როგორ ხელმძღვანელობდა მოსე ღვთის კანონით?

      10 ღვთის წარმომადგენლები წმინდა წერილებით ხელმძღვანელობდნენ. ბიბლიაში ისრაელისთვის მიცემულ კანონს „მოსეს კანონი“ ეწოდება (1 მეფ. 2:3). თუმცა ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ სინამდვილეში იეჰოვა იყო კანონმდებელი და თავად მოსესაც მოეთხოვებოდა ამ კანონის მორჩილება (2 მატ. 34:14). როცა იეჰოვამ კარვის დადგმის შესახებ მითითებები მისცა, „მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა; ზუსტად ისე გააკეთა“ (გამ. 40:1—16).

      11, 12. ა) რის გაკეთება მოეთხოვებოდათ იესო ნავეს ძესა და ღვთის ხალხის მეფეებს? ბ) რა გავლენას ახდენდა ღვთის სიტყვა წინამძღოლებად დანიშნულ მამაკაცებზე?

      11 ერის წინამძღოლად გახდომისთანავე იესო ნავეს ძეს ღვთის სიტყვა წერილობითი სახით ჰქონდა. ღმერთმა უბრძანა მას: „იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია“ (იეს. 1:8). მოგვიანებით ღვთის ხალხის მეფეებიც მსგავსად იქცეოდნენ. მათ მოეთხოვებოდათ, გადაეწერათ კანონი, ყოველდღე ეკითხათ და კანონის ყველა სიტყვა და წესი შეესრულებინათ (წაიკითხეთ კანონის 17:18—20).

      12 რა გავლენას ახდენდა ღვთის სიტყვა წინამძღოლებად დანიშნულ მამაკაცებზე? განვიხილოთ მეფე იოშიას მაგალითი. როცა კანონის წიგნი იპოვეს, მწერალმა ხმამაღლა წაუკითხა ის იოშიას.a როგორ იმოქმედა ამან მეფეზე? „როგორც კი მეფემ კანონის წიგნის სიტყვები მოისმინა, ტანსაცმელი შემოიხია“. თუმცა მან ამაზე მეტიც გააკეთა. იოშიამ გაითვალისწინა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მითითებები, გაცხარებული ბრძოლა დაიწყო კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ და ორგანიზება გაუწია პასექის დღესასწაულის აღნიშვნას (2 მეფ. 22:11; 23:1—23). ვინაიდან იოშია და სხვა ერთგული წინამძღოლები ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდნენ, ისინი მზად იყვნენ, შეეცვალათ და გასაგებად აეხსნათ მითითებები, რომლებიც ღვთის ხალხისთვის ჰქონდათ მიცემული. შედეგად, ისრაელები ღვთის ნების თანახმად მოიქცეოდნენ.

      13. რა განსხვავება იყო ღვთის ხალხის მმართველებსა და წარმართი ერების მმართველებს შორის?

      13 რამხელა განსხვავება იყო ღვთის ამ ერთგულ მეფეებსა და სხვა ხალხების მმართველებს შორის, რომლებიც ადამიანური სიბრძნით ხელმძღვანელობდნენ და არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკას აწარმოებდნენ! ქანაანელ მმართველთა ხელში ხალხი ისეთ საზიზღრობებს სჩადიოდა, როგორიცაა სისხლის აღრევა, ჰომოსექსუალიზმი, ბავშვების მსხვერპლშეწირვა და ამაზრზენი კერპთაყვანისმცემლობა (ლევ. 18:6, 21—25). ამასთან, ბაბილონელი და ეგვიპტელი მმართველები არ იცავდნენ ჰიგიენის წესებს, რომლებიც ღმერთმა ისრაელს დაუდგინა (რიცხ. 19:13). ამის საპირისპიროდ, ღვთის ხალხი ხედავდა, როგორ უწყობდნენ მათი წინამძღოლები ხელს სულიერ, ზნეობრივ და ფიზიკურ სიწმინდეს. ცხადია, მათ იეჰოვა მიუძღოდა.

      14. რატომ სჯიდა იეჰოვა ზოგჯერ თავისი ხალხის წინამძღოლებს?

      14 თუმცა ღვთის ხალხის ყველა მეფე არ მიჰყვებოდა ღვთის მითითებებს. ისინი, ვინც არ ემორჩილებოდნენ იეჰოვას, უარს ამბობდნენ ღვთის წმინდა სულის, ანგელოზებისა და ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობაზე. ზოგ შემთხვევაში იეჰოვა ასეთებს სჯიდა ან მმართველობის უფლებას ართმევდა (1 სამ. 13:13, 14). დანიშნულ დროს მან გაცილებით უკეთესი წინამძღოლი დანიშნა.

      იეჰოვა ნიშნავს სრულყოფილ წინამძღოლს

      15. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები სრულყოფილი წინამძღოლის მოსვლის შესახებ? ბ) ვინ იყო ნაწინასწარმეტყველები წინამძღოლი?

      15 საუკუნეების მანძილზე იეჰოვა წინასწარმეტყველებდა, რომ თავის ხალხს საუკეთესო წინამძღოლს დაუნიშნავდა. მოსემ უთხრა ისრაელებს: „იეჰოვა, შენი ღმერთი შენგან, შენი ძმებიდან, მოგივლენს ჩემნაირ წინასწარმეტყველს — მას უსმინეთ“ (კან. 18:15). ესაიამ მასზე იწინასწარმეტყველა, რომ ის იქნებოდა „წინამძღოლი და მეთაური“ (ეს. 55:4). ღვთის შთაგონებით დანიელმა დაწერა „მესიის, წინამძღოლის“ გამოჩენის შესახებ (დან. 9:25). ბოლოს იესო ქრისტემ ცხადყო, რომ ის იყო ღვთის ხალხის წინამძღოლი (წაიკითხეთ მათეს 23:10). იესოს მოწაფეები სიხარულით მიჰყვებოდნენ მას და ადასტურებდნენ, რომ ის იყო იეჰოვას რჩეული (იოან. 6:68, 69). რამ დაარწმუნა ისინი, რომ იეჰოვა სწორედ იესო ქრისტეს მეშვეობით ხელმძღვანელობდა თავის ხალხს?

      16. რა ადასტურებდა, რომ იესოზე წმინდა სული მოქმედებდა?

      16 იესოზე წმინდა სული მოქმედებდა. იესოს ნათლობის დროს იოანე ნათლისმცემელმა დაინახა, რომ „ცა გაიხსნა და სული მტრედის სახით ეშვებოდა მასზე“. შემდეგ „სულმა . . . აღძრა იესო, რომ უდაბნოში წასულიყო“ (მარ. 1:10—12). დედამიწაზე მსახურების დროს იესო ღვთის წმინდა სულის დახმარებით ახდენდა სასწაულებს და ასწავლიდა, როგორც ძალაუფლების მქონე (საქ. 10:38). ამასთან, წმინდა სული დაეხმარა მას, გამოევლინა სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელი თვისებები — სიყვარული, სიხარული და ურყევი რწმენა (იოან. 15:9; ებრ. 12:2). სხვა არც ერთ წინამძღოლს არ ჰქონდა წმინდა სულისგან ასეთი აშკარა მოწმობა. ეჭვგარეშეა, იესო იეჰოვას რჩეული იყო.

      ანგელოზები მოევლინენ იესოს და განამტკიცეს ის

      როგორ მოემსახურნენ ანგელოზები იესოს ნათლობიდან მალევე? (იხილეთ აბზაცი 17)

      17. როგორ დაეხმარნენ ანგელოზები იესოს?

      17 იესოს ანგელოზები ეხმარებოდნენ. ნათლობიდან დიდი ხანი არ იყო გასული, როცა იესოსთან „ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ“ (მათ. 4:11). სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე იესოს „მოევლინა ანგელოზი ციდან და განამტკიცა იგი“ (ლუკ. 22:43). იესო დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ანგელოზებს დაახმარდა, თუ ეს ღვთის ნების შესასრულებლად დასჭირდებოდა (მათ. 26:53).

      18, 19. როგორ იმოქმედა ღვთის სიტყვამ იესოს ცხოვრებასა და სწავლებაზე?

      18 იესო ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდა. წმინდა წერილებით იესო მსახურების დასაწყისიდანვე ხელმძღვანელობდა (მათ. 4:4). ღვთის სიტყვის მორჩილებისთვის ის მზად იყო, წამების ბოძზე მომკვდარიყო. სიკვდილის წინაც კი იესო მესიის შესახებ წინასწარმეტყველებებიდან ციტირებდა (მათ. 27:46; ლუკ. 23:46). მისგან განსხვავებით რელიგიური წინამძღოლები უგულებელყოფდნენ ღვთის სიტყვას, როცა ის მათ ტრადიციებსა თუ ადათ-წესებს ეწინააღმდეგებოდა. მათზე საუბრისას იესომ იეჰოვას მიერ ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი სიტყვები გაიმეორა: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან. ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“ (მათ. 15:7—9). განა აირჩევდა იეჰოვა ამ მამაკაცებიდან რომელიმეს თავისი ხალხის წინამძღოლად?!

      19 იესო არა მხოლოდ თავად ხელმძღვანელობდა ღვთის სიტყვით, არამედ სხვების სწავლების დროსაც იყენებდა მას. როცა რელიგიური წინამძღოლები უპირისპირდებოდნენ, ის არც თავის უსაზღვრო სიბრძნეს ეყრდნობოდა და არც დიდ გამოცდილებას. იესო ავტორიტეტად წმინდა წერილებს მიიჩნევდა (მათ. 22:33—40). ნაცვლად იმისა, რომ მსმენელის გასართობად ზეციერი ცხოვრების ან სამყაროს შექმნის ამბები მოეყოლა, იესომ „სრულად გაუხსნა [მათ] გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“ (ლუკ. 24:32, 45). იესოს უყვარდა ღვთის სიტყვა და ძალიან სურდა, ის სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

      20. ა) როგორ ცხადყო იესომ, რომ ღმერთი მასზე აღმატებული იყო? ბ) იესოსა და ჰეროდე აგრიპა I-ის მაგალითებიდან გამომდინარე, როგორია იეჰოვასთვის სასურველი წინამძღოლი?

      20 თუმცა „მადლიანი სიტყვებით“ აოცებდა მსმენელს, იესო მთელ დიდებას თავის მოძღვარს, იეჰოვას მიაგებდა (ლუკ. 4:22). როცა ერთმა მდიდარმა კაცმა განდიდების მიზნით იესოს „კარგი მოძღვარი“ უწოდა, იესომ თავმდაბლად მიუგო: „რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (მარ. 10:17, 18). ის სრულიად განსხვავდებოდა ჰეროდე აგრიპა I-გან, რომელიც დაახლოებით რვა წლის შემდეგ იუდეის მეფე გახდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ჰეროდე „სამეფო სამოსლით“ წარდგა ხალხის წინაშე. მისით აღფრთოვანებული ხალხი ხმამაღლა იძახდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“. მან შეიფერა ქება. ამიტომ „იეჰოვას ანგელოზმა დასცა [ის], რადგან დიდება არ მიაგო ღმერთს და მატლებისგან შეჭმული მოკვდა“ (საქ. 12:21—23). არც ერთი მიუკერძოებელი თვითმხილველი არ დაასკვნიდა, რომ ჰეროდე იეჰოვას რჩეული წინამძღოლი იყო. მაგრამ იესომ თავისი ცხოვრებით ნათლად აჩვენა, რომ ღვთისგან იყო დანიშნული და ყოველთვის იეჰოვას მიაგებდა დიდებას, როგორც უზენაეს წინამძღოლს.

      21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      21 იეჰოვას მხოლოდ რამდენიმე წლით არ დაუნიშნავს იესო წინამძღოლად. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ განაცხადა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული . . . და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:18—20). მაგრამ როგორ წაუძღვებოდა დედამიწაზე ღვთის ხალხს იესო, უხილავი სულიერი ქმნილება? ვინ იქნებოდნენ ისინი, ვინც იესოს დაემორჩილებოდნენ და ხელმძღვანელობას გაუწევდნენ იეჰოვას ხალხს? როგორ მიხვდებოდნენ ქრისტიანები, ვის იყენებდა ღმერთი თავის წარმომადგენლებად? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატიიდან გავიგებთ.

      a ეს შესაძლოა მოსეს მიერ გაკეთებული ხელნაწერი იყო.

  • ვინ ხელმძღვანელობს დღეს ღვთის ხალხს?
    საგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
    • პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭო

      ვინ ხელმძღვანელობს დღეს ღვთის ხალხს?

      „გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია“ (ებრ. 13:7).

      სიმღერები: 125, 43

      შეგიძლიათ ახსნათ?

      როგორ იღებდნენ პირველ საუკუნეში და როგორ იღებენ დღეს ღვთის ხალხის ხელმძღვანელები დახმარებას . . .

      • წმინდა სულისგან?

      • ანგელოზებისგან?

      • ღვთის სიტყვიდან?

      1, 2. რა კითხვა შეიძლებოდა გასჩენოდათ მოციქულებს იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ?

      იესოს მოციქულები ზეთისხილის მთაზე იდგნენ და ცას შესცქეროდნენ. იესო, მათი ბატონი და მეგობარი, ის-ის იყო მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა და ღრუბლებში გაუჩინარდა (საქ. 1:9, 10). დაახლოებით ორი წლის მანძილზე იესო ასწავლიდა, ამხნევებდა და მიუძღოდა თავის მოციქულებს, ახლა კი მათ გვერდით აღარ იყო. რას გააკეთებდნენ ისინი?

      2 იესომ თავის მიმდევრებს მნიშვნელოვანი დავალება მისცა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). მაგრამ როგორ შეასრულებდნენ ისინი ამ დავალებას? იესომ დაარწმუნა მოწაფეები, რომ მალე წმინდა სულს მიიღებდნენ (საქ. 1:5). თუმცა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება მაინც იქნებოდა საჭირო. ძველ დროში თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობისა და ორგანიზების გასაწევად იეჰოვა მიწიერ წარმომადგენლებს იყენებდა. ასე რომ, მოციქულებს შეიძლება გასჩენოდათ კითხვა: დანიშნავდა თუ არა იეჰოვა ახალ წინამძღოლს?

      3. ა) რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ერთგულმა მოციქულებმა იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

      3 ამ მოვლენიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ იესოს მოწაფეებმა წმინდა წერილების კვლევისა და ღვთის ხელმძღვანელობისთვის ლოცვის შემდეგ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მატთია აირჩიეს, რათა ერთ-ერთი თორმეტთაგანი ყოფილიყო (საქ. 1:15—26). რატომ იყო ამ არჩევნის გაკეთება მნიშვნელოვანი როგორც მათთვის, ისე იეჰოვასთვის? მატთიას მოციქულების რაოდენობა უნდა შეევსო.a იესომ მოციქულები მხოლოდ იმიტომ არ აირჩია, რომ მათთან ერთად ემსახურა. მათი არჩევის მიზანი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობისთვის მომზადება იყო. რა იყო ეს პასუხისმგებლობა? როგორ მოამზადა იეჰოვამ ისინი იესოს მეშვეობით მის შესასრულებლად? რა მსგავსი სტრუქტურა არსებობს დღეს ღვთის ხალხს შორის? რით ცხადვყოფთ, რომ გვახსოვს ჩვენ შორის ხელმძღვანელობის გამწევნი, განსაკუთრებით „ერთგული და გონიერი მონა“? (ებრ. 13:7; მათ. 24:45).

      უხილავი წინამძღოლის ხილული წარმომადგენლები

      4. რა პასუხისმგებლობა ეკისრათ პირველ საუკუნეში მოციქულებსა და სხვა უხუცესებს იერუსალიმში?

      4 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულებმა ქრისტიანული კრების ხელმძღვანელობა იკისრეს. ამ დღეს „წამოდგა პეტრე თერთმეტთან ერთად“ და იუდეველებისა და პროზელიტებისგან შემდგარ დიდძალ ხალხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გადასცა (საქ. 2:14, 15). მსმენელთაგან ბევრმა ირწმუნა. იმ დღიდან მოყოლებული ეს ახალმოქცეული ქრისტიანები „მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ“ (საქ. 2:42). კრების ფინანსებსაც მოციქულები განაგებდნენ (საქ. 4:34, 35). ისინი ზრუნავდნენ ღვთის ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე, როგორც ეს მათი სიტყვებიდან ჩანს: „ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას უნდა მივუძღვნათ თავი“ (საქ. 6:4). ამასთან, ისინი ახალ ტერიტორიებზე სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად გამოცდილ ქრისტიანებს ნიშნავდნენ (საქ. 8:14, 15). დროთა განმავლობაში მოციქულებთან ერთად ქრისტიანულ კრებებს სხვა ცხებული უხუცესებიც უწევდნენ ხელმძღვანელობას. როგორც ხელმძღვანელი საბჭო, ისინი ყველა კრებას აძლევდნენ მითითებებს (საქ. 15:2).

      5, 6. ა) როგორ მოქმედებდა წმინდა სული ხელმძღვანელ საბჭოზე? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე) ბ) როგორ ეხმარებოდნენ ანგელოზები ხელმძღვანელ საბჭოს? გ) როგორ ხელმძღვანელობდნენ ეს სულით ცხებული უხუცესები ღვთის სიტყვით?

      5 პირველ საუკუნეში ქრისტიანები აცნობიერებდნენ, რომ იეჰოვა ხელმძღვანელ საბჭოს მათი წინამძღოლის, იესოს მეშვეობით ხელმძღვანელობდა. რა არწმუნებდა მათ ამაში? პირველი, ხელმძღვანელ საბჭოზე წმინდა სული მოქმედებდა (იოან. 16:13). მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სული ყველა ცხებულ ქრისტიანზე გადავიდა, ის განსაკუთრებით ეხმარებოდა იერუსალიმში მყოფ მოციქულებსა და სხვა უხუცესებს, ღვთის ხალხისთვის ზედამხედველობა გაეწიათ. მაგალითად, ახ. წ. 49 წელს მათ წმინდა სულის დახმარებით მიიღეს გადაწყვეტილება წინადაცვეთის საკითხთან დაკავშირებით. მათგან მიღებული მითითებების გათვალისწინების შედეგად „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:4, 5). ხელმძღვანელი საბჭოს წერილიდან აგრეთვე ჩანდა, რომ ისინი ავლენდნენ ღვთის სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელ თვისებებს — რწმენასა და სიყვარულს (საქ. 15:11, 25—29; გალ. 5:22, 23).

      6 მეორე, ხელმძღვანელ საბჭოს ანგელოზები ეხმარებოდნენ. სანამ მოინათლებოდა და პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელი ქრისტიანი გახდებოდა, კორნელიუსმა ანგელოზის მითითებით პეტრეს მასთან მისვლა სთხოვა. პეტრეს ქადაგების შემდეგ წმინდა სული გადავიდა კორნელიუსსა და მის ნათესავებზე მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინადაცვეთილები არ იყვნენ. ამან აღძრა მოციქულები და სხვა ძმები, ღვთის ნებას დამორჩილებოდნენ და ქრისტიანულ კრებაში წინადაუცვეთელი უცხოტომელები მიეღოთ (საქ. 11:13—18). უფრო მეტიც, ანგელოზები აქტიურად უჭერდნენ მხარს და აჩქარებდნენ სამქადაგებლო საქმეს, რომელსაც ხელმძღვანელი საბჭო ზედამხედველობდა (საქ. 5:19, 20). მესამე, ხელმძღვანელი საბჭო ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქმე დოქტრინული საკითხების გადაჭრას ეხებოდა თუ ორგანიზაციული მითითებების მიცემას, ეს სულით ცხებული უხუცესები ყოველთვის წმინდა წერილებით ხელმძღვანელობდნენ (საქ. 1:20—22; 15:15—20).

      7. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ პირველ ქრისტიანებს იესო ხელმძღვანელობდა?

      7 თუმცა ხელმძღვანელ საბჭოს ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში გარკვეული ძალაუფლება ჰქონდა, ეს პასუხისმგებელი ძმები თავიანთ წინამძღოლად იესოს მიიჩნევდნენ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „[ქრისტემ] მოგვცა ზოგი მოციქულად“, შემდეგ კი დასძინა: „ყველაფერში სიყვარულით გავიზარდოთ მასში, ვინც არის თავი — ქრისტე“ (ეფეს. 4:11, 15). ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე გამოჩენილი მოციქულის სახელით წოდებულიყვნენ, „მოწაფეებს ღვთის განგებით . . . ქრისტიანები“ ეწოდათ (საქ. 11:26). პავლე მნიშვნელოვნად თვლიდა წმინდა წერილებზე დაფუძნებული წესების მტკიცედ დაცვას, რომლებიც მოციქულებისა და სხვა ხელმძღვანელი ძმებისგან მიიღეს. თუმცა მან აღნიშნა: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის [მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს თითოეული წევრის] თავი ქრისტეა . . . ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:2, 3). აშკარაა, კრებას ზეცად ამაღლებული და განდიდებული იესო ქრისტე ხელმძღვანელობდა, რომლის თავიც იეჰოვა ღმერთია.

      „ეს ადამიანის კი არა, უფლის საქმეა“

      8, 9. რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ძმა რასელმა?

      8 მე-19 საუკუნის მიწურულს ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღედგინათ. სხვადასხვა ენაზე ბიბლიური ჭეშმარიტების გასავრცელებლად მათ 1884 წელს რეგისტრაციაში გაატარეს „სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება“, რომლის პრეზიდენტიც ძმა რასელი გახდა.b ის იყო ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი, რომელიც უშიშრად ააშკარავებდა ისეთ ცრუ სწავლებებს, როგორიცაა სამების მოძღვრება და სულის უკვდავება. ძმა რასელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქრისტე უხილავად დაბრუნდებოდა და „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ 1914 წელს დასრულდებოდა (ლუკ. 21:24). ის არ იშურებდა თავის დროს, ენერგიასა და სახსრებს, რომ ჭეშმარიტება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. აშკარაა, რომ ამ გარდამტეხ პერიოდში იეჰოვა და კრების თავი ქრისტე თავიანთი საქმის შესასრულებლად ძმა რასელს იყენებდნენ.

      9 ძმა რასელი დიდებას არ ეძებდა ადამიანებისგან. 1896 წელს მან დაწერა: «არ გვსურს დიდება და პატივი არც ჩვენთვის და არც ჩვენი ნაშრომებისთვის; არ ვითხოვთ, რომ გვიწოდონ „თქვენო აღმატებულებავ“ ან „რაბი“; არც ის გვინდა, რომ რომელიმე მიმდინარეობას ჩვენი სახელი ეწოდოს». მოგვიანებით მან თქვა: „ეს ადამიანის კი არა, უფლის საქმეა“.

      10. ა) როდის დანიშნა იესომ „ერთგული და გონიერი მონა“? ბ) როგორ გამოეყო თანდათან ხელმძღვანელი საბჭო „საზოგადოება საგუშაგო კოშკს“?

      10 ძმა რასელის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, 1919 წელს, იესომ „ერთგული და გონიერი მონა“ დანიშნა. ამის მიზანი მისი შინაურებისთვის სულიერი საზრდოს დროულად მიცემა იყო (მათ. 24:45). სულით ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომელიც ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მთავარ სამმართველოში მსახურობდა, ამზადებდა და აწვდიდა სულიერ საზრდოს იესოს მიმდევრებს. ჩვენს პუბლიკაციებში 1940-იან წლებში გამოჩნდა სახელწოდება „ხელმძღვანელი საბჭო“, რომელსაც ხშირად „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებასთან“ აკავშირებდნენ. მაგრამ 1971 წელს ხელმძღვანელი საბჭო „საზოგადოება საგუშაგო კოშკსა“ და მის დირექტორთა საბჭოს გამოეყო, რადგან ამ საზოგადოების არსებობას ბიბლიური საფუძველი კი არა, იურიდიული დატვირთვა ჰქონდა. ამ წლიდან ხელმძღვანელ საბჭოში ისეთი ცხებული ძმებიც დაინიშნენ, რომლებიც საზოგადოების დირექტორები არ იყვნენ. ბოლო წლებში „სხვა ცხვრის“ წარმომადგენელი პასუხისმგებელი ძმები აირჩიეს ამ და სხვა იურიდიული გაერთიანებების დირექტორებად. შედეგად, ხელმძღვანელ საბჭოს საშუალება ეძლევა, რომ ძირითადი ყურადღება სულიერი რჩევა-დარიგებებისა და მითითებების მიცემაზე გადაიტანოს (იოან. 10:16; საქ. 6:4). 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ არის სულით ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოს ქმნიან.

      ხელმძღვანელი საბჭო 1950-იან წლებში

      ხელმძღვანელი საბჭო 1950-იან წლებში

      11. როგორ მოქმედებს ხელმძღვანელი საბჭო?

      11 ხელმძღვანელი საბჭოს წევრები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებენ. როგორ ხდება ეს? ისინი ყოველკვირეულად იკრიბებიან, რაც ხელს უწყობს აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და ერთობას (იგავ. 20:18). ყოველ წელს იცვლება ამ შეხვედრების თავმჯდომარე, რადგან ხელმძღვანელი საბჭოს არც ერთი წევრი სხვებზე არ უპირატესობს (1 პეტ. 5:1). მსგავსი პრინციპით იცვლებიან ხელმძღვანელი საბჭოს ექვსივე კომიტეტის თავმჯდომარეებიც. ამ საბჭოს წევრები საკუთარ თავს თანაქრისტიანების წინამძღოლებად კი არა, შინაურებად მიიჩნევენ, რომლებიც ერთგული მონისგან მიღებული სულიერი საზრდოთი იკვებებიან და მის ხელმძღვანელობას ემორჩილებიან.

      „საგუშაგო კოშკის“ ნომრები 1800-იანი წლებიდან დღემდე; ხელმძღვანელი საბჭო დღეს

      ერთგული მონა 1919 წლიდან, თავისი დანიშვნის დღიდან ამზადებს სულიერ საზრდოს ღვთის ხალხისთვის (იხილეთ აბზაცები 10, 11)

      „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“

      12. რა კითხვები წამოიჭრება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელმძღვანელი საბჭო არც ღვთივშთაგონებულია და არც უშეცდომო?

      12 ხელმძღვანელი საბჭო არც ღვთივშთაგონებულია და არც უშეცდომო. ამიტომ მან შეიძლება შეცდომა დაუშვას რომელიმე სწავლების ახსნისას ან ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით მაინცდამაინც სახარბიელო გადაწყვეტილება ვერ მიიღოს. „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ სათაურის ქვეშ „სწავლებებს ნათელი მოეფინა“ ჩამოთვლილია, 1870 წლიდან მოყოლებული როგორ იცვლებოდა ამა თუ იმ ბიბლიური სწავლების გაგება. რა თქმა უნდა, იესოს არ უთქვამს, რომ ერთგული მონა სრულყოფილ სულიერ საზრდოს მოამზადებდა. მაშ, როგორ ვუპასუხოთ იესოს კითხვას: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“ (მათ. 24:45). რა ადასტურებს, რომ ამ როლს ხელმძღვანელი საბჭო ასრულებს? განვიხილოთ პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოსა და თანამედროვე ხელმძღვანელ საბჭოს შორის არსებული სამი მსგავსება.

      13. როგორ ეხმარება წმინდა სული ხელმძღვანელ საბჭოს?

      13 წმინდა სულის დახმარება. წმინდა სულის დახმარებით ხელმძღვანელი საბჭო ჩასწვდა არაერთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომლებიც მანამდე გაურკვეველი იყო. მაგალითად, წინა აბზაცში მოვიხსენიეთ იმ სწავლებების ჩამონათვალი, რომელთაც ნათელი მოეფინა. ცხადია, არც ერთ ადამიანს არ ეკუთვნის ქება „ღვთის სიღრმეების“ გაგებისა და ახსნისთვის! (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:10). ხელმძღვანელი საბჭო იზიარებს პავლე მოციქულის აზრს: „არც ამას ვლაპარაკობთ ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულით ნასწავლით“ (1 კორ. 2:13). უდავოა, წმინდა სულის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რომ საუკუნოვანი განდგომილებისა და სულიერი სიბნელის შემდეგ 1919 წლიდან სულიერ საკითხებს ასე სწრაფად მოჰფენოდა ნათელი!

      14. გამოცხადების 14:6, 7-ის თანახმად, როგორ ეხმარებიან დღეს ანგელოზები ღვთის ხალხს?

      14 ანგელოზების დახმარება. დღეს ხელმძღვანელ საბჭოს კოლოსალური საქმის ზედამხედველობა აკისრია. ისინი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობენ, რომელშიც რვა მილიონზე მეტი მახარობელია ჩართული. რა უწყობს ხელს ამ საქმის წარმატებით შესრულებას? ერთ-ერთი ფაქტორი მასში ანგელოზების მონაწილეობაა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:6, 7). ხშირად მაუწყებლები სწორედ მაშინ მისულან ადამიანებთან, როცა ისინი ღმერთს სთხოვდნენ დახმარებას!c ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე იმ ქვეყნებშიც მიიწევს წინ, სადაც მაუწყებლები სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებიან. ანგელოზების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

      15. რა განსხვავებაა ხელმძღვანელ საბჭოსა და ქრისტიანული ეკლესიების წინამძღოლებს შორის? მოიყვანეთ მაგალითი.

      15 ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობა (წაიკითხეთ იოანეს 17:17). მაგალითად, 1973 წლის პირველი ივნისის „საგუშაგო კოშკში“ დასმული იყო კითხვა: „შეიძლება ნათლობის უფლება მიეცეთ მათ, ვისაც სიგარეტის მოწევისთვის თავი არ დაუნებებია?“. იქვე ეწერა პასუხი: „წმინდა წერილებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ასეთებს ნათლობის უფლება არ უნდა მიეცეთ“. „საგუშაგო კოშკში“ მოყვანილი იყო ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე ბიბლიური მუხლი და იხსნებოდა, თუ რატომ უნდა გარიცხულიყო მოუნანიებელი მწეველი კრებიდან (1 კორ. 5:7; 2 კორ. 7:1). მასში აგრეთვე ეწერა: „ეს არ არის თვითნებური და დოგმატური მიდგომა. სინამდვილეში ასეთი მტკიცე პოზიცია ღვთისგან მომდინარეობს, რომელიც საკუთარ თვალსაზრისს თავისი წერილობითი სიტყვის მეშვეობით გვამცნობს“. მიჰყვებიან ბოლომდე სხვა რელიგიური ორგანიზაციები ღვთის სიტყვას მაშინ, როცა მათი მრევლიდან ზოგიერთისთვის მისი დაცვა დიდ სირთულეს წარმოადგენს? ახლახან გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიის გავლენას ეხება, ნათქვამია: „ქრისტიანული ეკლესიების წინამძღოლები მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამუდმებით ცდილობენ, თავიანთი სწავლებები ეკლესიის წევრებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს მოარგონ“. თუკი ხელმძღვანელი საბჭო გავრცელებული აზრის ნაცვლად ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში ვინ გამოდის ღვთის ხალხის წინამძღოლი?!

      „გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია“

      16. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვახსოვს ხელმძღვანელი საბჭო?

      16 წაიკითხეთ ებრაელების 13:7. სიტყვა, რომელიც ამ მუხლში ითარგმნა, როგორც „გახსოვდეთ“, აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მოიხსენიეთ“. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ გახსოვთ ისინი, ვისაც „ხელმძღვანელობა აკისრია“, თუ ლოცვებში ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს მოიხსენიებთ (ეფეს. 6:18). დაფიქრდით მათ პასუხისმგებლობაზე, რაც სულიერი საზრდოს მომზადებას, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველობასა და შეწირული თანხების განკარგვას მოიცავს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს მათზე გამუდმებით ლოცვის მიზეზი!

      17, 18. ა) როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ხელმძღვანელ საბჭოსთან? ბ) როგორ შეგვიძლია ჩვენი ქადაგებით მხარი დავუჭიროთ ერთგულ მონასა და იესოს?

      17 რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც უნდა ვაჩვენოთ, რომ გვახსოვს ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც პუბლიკაციების, კრების შეხვედრებისა და კონგრესების მეშვეობით გვაძლევს მითითებებს. ის ნიშნავს სარაიონო ზედამხედველებსაც, რომლებიც კრებებში უხუცესებს ნიშნავენ. თავის მხრივ, სარაიონო ზედამხედველებსა და უხუცესებს იმით ახსოვთ ხელმძღვანელი საბჭო, რომ ზედმიწევნით მიჰყვებიან მათთვის მიცემულ მითითებებს. თითოეული ჩვენგანი პატივისცემას ვავლენთ ჩვენი წინამძღოლის, იესოს მიმართ, როცა ვემორჩილებით იმ მამაკაცებს, რომელთა მეშვეობითაც ის გვხელმძღვანელობს (ებრ. 13:17).

      18 კიდევ ერთი საშუალება, რითაც ვაჩვენებთ, რომ გვახსოვს ხელმძღვანელი საბჭო, სამქადაგებლო საქმიანობაში გულმოდგინედ მონაწილეობაა. პავლეც ხომ მოუწოდებდა ქრისტიანებს, მიებაძათ მათი რწმენისთვის, ვისაც ხელმძღვანელობა ეკისრა. ერთგული მონა უდიდეს რწმენას ავლენს და გულმოდგინედ ავრცელებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. თუ სხვა ცხვრის წარმომადგენელი ხართ, უჭერთ მხარს ცხებულებს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში? თქვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება, როცა თქვენი წინამძღოლი იესო გეტყვით: „რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმას გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მათ. 25:34—40).

      19. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, მიჰყვეთ თქვენს წინამძღოლს, იესოს?

      19 ზეცად ამაღლებულ იესოს არ მიუტოვებია თავისი მიმდევრები (მათ. 28:20). დედამიწაზე მსახურების დროს მან თავად გამოსცადა წმინდა სულის, ანგელოზებისა და ღვთის სიტყვის დახმარება, რამაც მას თავისი მიმდევრებისთვის ხელმძღვანელობის გაწევა გაუადვილა. ამიტომ დღეს ის მსგავსად ეხმარება ერთგულ მონას. ეს ცხებული ქრისტიანი ძმები „მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხ. 14:4). მათი ხელმძღვანელობის მიყოლით ჩვენს წინამძღოლს, იესოს მივყვებით. მალე ის მარადიული სიცოცხლისკენ წაგვიძღვება (გამოცხ. 7:14—17). ასეთი დაპირების მოცემა დღეს არც ერთ მიწიერ მმართველს არ შეუძლია!

      a როგორც ბიბლიიდან ჩანს, იეჰოვას განზრახვის თანახმად, 12 მოციქული ახალი იერუსალიმის საძირკვლის 12 ქვა იქნებოდა (გამოცხ. 21:14). ამიტომ მეტად აღარ გახდებოდა საჭირო მათ ნაცვლად სხვების არჩევა, ვინც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებას შეინარჩუნებდა.

      b 1955 წლიდან ეს იურიდიული გაერთიანება „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ სახელით არის ცნობილი.

      c იხილეთ წიგნი „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“, გვერდები 58, 59.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება