საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კარგი მეთაურობის ძიებაში
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ნოემბერი
    • შედეგად, ათასწლეულების განმავლობაში თვლა არ ჰქონდა კორონაციებს, რევოლუციებს, გადატრიალებებს, თანამდებობაზე დანიშვნებს, არჩევნებს, პოლიტიკურ მკვლელობებს და სახელმწიფო წყობილების ცვლილებებს. მოდიოდნენ და მიდიოდნენ მეფეები, პრემიერ-მინისტრები, პრინცები, პრეზიდენტები, გენერალური მდივნები და დიქტატორები. მოულოდნელი გარდაქმნების წინაშე უძლიერესი მმართველებიც კი უმწეონი იყვნენ (იხილეთ მე-5 გვერდზე მოცემული ჩარჩო „მოულოდნელად ძალაუფლების დაკარგვა“). კომპეტენტური და სტაბილური მეთაურის ყოლის სურვილი მხოლოდ სურვილად რჩებოდა.

      „უნდა შევეგუოთ“, თუ არსებობს სხვა გზა?

      ყოველივე ამის შემდეგ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბევრი კარგავს სასურველი მეთაურის პოვნის იმედს. ზოგ ქვეყანაში ხალხის გულგრილობა და უიმედობა განსაკუთრებით არჩევნების დროს ხდება ხოლმე აშკარა. ჟურნალისტი ჯეფ ჰილი, რომელიც აფრიკაში მუშაობს, ამბობს: „გულგრილობა და [ხმის მიცემისგან] თავის შეკავება ფართო ხასიათს იძენს, როდესაც ხალხი ფიქრობს, რომ თავიანთ მძიმე ყოფას მაინც ვერაფრით შეცვლიან . . . როცა აფრიკაში ხალხი ხმას არავის აძლევს, ეს მაინცდამაინც იმას როდი ნიშნავს, რომ კმაყოფილნი არიან. უფრო ხშირად ისინი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს იმის გამო, რომ მათი ბედით არავინაა დაინტერესებული“. შეერთებულ შტატებში ერთმა საგაზეთო მიმომხილველმა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ სტატიაში მსგავსი აზრი გამოთქვა: „მე მსურს, რომ სრულყოფილი კანდიდატი ავირჩიო“. შემდეგ მან დასძინა: „მაგრამ ასეთი არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა. უნდა შევეგუოთ ამას“.

  • ვინ შეძლებს დღეს ღირსეული მეთაურობის გაწევას?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ნოემბერი
    • ვინ შეძლებს დღეს ღირსეული მეთაურობის გაწევას?

      ბრიტანეთის პარლამენტი 1940 წელს მთავრობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. საპარლამენტო დებატების ერთ-ერთი მსმენელი იყო 77 წლის დეივიდ ლოიდ ჯორჯი, რომელმაც I მსოფლიო ომში ბრიტანეთი გამარჯვებამდე მიიყვანა. პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მან მკაცრი შეფასება მისცა მაღალჩინოსანთა საქმიანობას. 8 მაისს თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას მან თქვა: „ჩვენი ქვეყანა მზადაა ნებისმიერ მსხვერპლზე წასასვლელად მანამ, სანამ ჰყავს მეთაური, სანამ მთავრობა ნათლად გამოხატავს თავის მიზნებს და სანამ ერი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების სათავეში მდგომი პირები აკეთებენ ყველაფერს, რის ძალაც მათ შესწევთ“.

      დეივიდ ლოიდ ჯორჯის სიტყვებიდან ჩანს, თუ რას მოელის ხალხი სათავეში მდგომთაგან — იმას, რომ იქნებიან კომპეტენტურნი და კეთილსინდისიერ ძალისხმევას მოახმარენ გაუმჯობესებისკენ სწრაფვას. ერთ-ერთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირმა ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „როდესაც ხალხი ხმას აძლევს პრეზიდენტს, ისინი ხმას აძლევენ ადამიანს, რომელსაც ანდობენ თავიანთ ცხოვრებას, თავიანთ მომავალს, თავიანთ შვილებს“. ასეთი ნდობის გამართლება კი უაღრესად რთული ამოცანაა. რატომ?

      ჩვენი მსოფლიო სავსეა პრობლემებით, რომელთაც გადაჭრის პირი არ უჩანს. მაგალითად, რომელი მეთაური აღმოჩნდა იმდენად უნარიანი და ძლიერი, რომ ბოლო მოეღო დამნაშავეობისა და ომებისთვის? დღევანდელ მეთაურთაგან ვის ყოფნის საიმისო შესაძლებლობები და თანაგრძნობა, რომ ყველა ადამიანი უზრუნველყოს საკვებით, სუფთა წყლითა და კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო პირობებით? ვის აქვს გარემოს დასაცავად და აღსადგენად საჭირო ცოდნა და გაბედულება? ვინ არის იმდენად მცოდნე და ძლიერი, რომ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით უზრუნველყოს ყველა ადამიანი?

      ეს ადამიანის ძალებს აღემატება

      არავინ უარყოფს, რომ ზოგმა მეთაურმა მიაღწია გარკვეულ წარმატებას. მაგრამ მათი მმართველობა, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ათწლეული გრძელდება — მათ შემდეგ კი ვინ მოვა? დღემდე მცხოვრებთაგან ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური მეთაური, ძველი ისრაელის მეფე სოლომონი, ფიქრობდა ამ საკითხზე. ის შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „შემძულდა მე მთელი ჩემი ნაშრომი, რაც ვიშრომე მზის ქვეშ, რადგან ვუტოვებ მას ადამიანს, ჩემს შემდეგ რომ იქნება. და ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ ბრიყვი, ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით რომ მოვიპოვე მზის ქვეშ. ესეც ამაოებაა!“ (ეკლესიასტე 2:18, 19).

      სოლომონმა არ იცოდა, თავისი მემკვიდრე გააგრძელებდა მის მიერ წამოწყებულ კარგ საქმეებს თუ ყველაფერს წყალში ჩაუყრიდა. სოლომონისთვის ძველი მმართველების ახლებით შეცვლა „ამაოება“ იყო.

      ზოგჯერ მმართველების შესაცვლელად ძალადობას მიმართავენ. უნარიან მეთაურებს ხშირად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კლავენ. აბრაამ ლინკოლნმა, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ შეერთებულ შტატებში, ერთხელ აუდიტორიას ასეთი სიტყვებით მიმართა: „მე უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მოკლე პერიოდით ამირჩიეს და ახლა თქვენს თვალში მაქვს გავლენა, რომელიც მალე აღარ მექნება“. ამ თანამდებობაზე მისი ყოფნა მართლაც ხანმოკლე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რაც მან გააკეთა და რის გაკეთებასაც ესწრაფოდა ხალხის საკეთილდღეოდ, პრეზიდენტი ლინკოლნი თავის ქვეყანას მხოლოდ ოთხი წელი ედგა სათავეში. იგი ახალი არჩეული იყო თანამდებობაზე მეორე ვადით, როცა სიცოცხლეს გამოასალმა კაცმა, რომელსაც უბრალოდ მეთაურის შეცვლა სურდა.

      საუკეთესო მმართველებსაც კი არ ძალუძთ თავიანთივე მომავლის უზრუნველყოფა. მაშ, განა უნდა მოელოდეთ, რომ თქვენი მომავლის უზრუნველყოფას შესძლებენ? ბიბლია ამბობს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა, ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას, იმავე დღეს გაქრება მისი აზრები“ (ფსალმუნები 145:3, 4).

  • ვინ შეძლებს დღეს ღირსეული მეთაურობის გაწევას?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ნოემბერი
    • [ჩარჩო 5 გვერდზე]

      მოულოდნელად ძალაუფლების დაკარგვა

      ჩვეულებრივ, მმართველს შეუძლია თავისი ქვეყნის მოქალაქეებისგან პატივისცემისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, თუ მათ გარკვეული ზომით მაინც შეუქმნის მშვიდობიან და სტაბილურ საცხოვრებელ პირობებს. ხოლო როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ხალხი მისდამი ნდობას კარგავს, ეს შეიძლება თანამდებობაზე სხვა ადამიანის მოსვლით დამთავრდეს. ქვემოთ მოყვანილია იმის რამდენიმე მაგალითი, თუ რა პირობების გამო შეიძლება აღმოჩნდნენ ძლიერი მმართველები მოულოდნელად ძალაუფლების მიღმა.

      ცუდი საცხოვრებელი პირობები. XVIII საუკუნის მიწურულს საფრანგეთის მრავალ მოქალაქეს საკვების დეფიციტისა და მაღალი გადასახადების გამო მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება. ასეთმა პირობებმა მოამწიფა საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომლის დროსაც 1793 წელს მეფე ლუი XVI გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს.

      ომი. პირველმა მსოფლიო ომმა ძირი გამოუთხარა რამდენიმე ძლევამოსილი იმპერატორის სათავეში ყოფნას. მაგალითად, 1917 წელს სანქტ–პეტერბურგში (რუსეთი) ომით გამოწვეული საკვების უკმარისობა გადაიზარდა თებერვლის რევოლუციაში. ამ გადატრიალების დროს ტახტიდან ჩამოაგდეს ნიკოლოზ II და გზა მიეცა კომუნისტურ მმართველობას. 1918 წლის ნოემბერში გერმანია მშვიდობისკენ ისწრაფოდა, მაგრამ ანტანტა არ აპირებდა ბრძოლის შეწყვეტას მანამ, სანამ მთავრობა არ შეიცვლებოდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II იძულებული იყო, ჰოლანდიაში გაქცეულიყო.

      მმართველობის განსხვავებული ფორმებისკენ სწრაფვა. 1989 წელს რკინის ფარდა გაიხსნა. ერთი შეხედვით კლდესავით მტკიცე რეჟიმები დაიმსხვრა, როდესაც მათმა ქვეშევრდომებმა უარი თქვეს კომუნისტურ მმართველობაზე და აღიარეს მმართველობის განსხვავებული ფორმები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება