საბჭოთა კავშირი რელიგიას უტევს
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი დაარსდა 1922 წელს. მის შემადგენლობაში შემავალი თავდაპირველი ოთხი რესპუბლიკიდან ყველაზე დიდი და გამორჩეული იყო რუსეთი. დროთა განმავლობაში კავშირი გაიზარდა; მასში 15 რესპუბლიკა გაერთიანდა და მან დედამიწის ხმელეთის თითქმის მეექვსედი მოიცვა. მაგრამ 1991 წელს საბჭოთა კავშირი მოულოდნელად დაიშალაa. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი სახელმწიფო, რომელიც თავისი ხალხის გონებიდან ღვთისადმი რწმენის ძირფესვიანად აღმოფხვრას ცდილობდა.
საბჭოთა კავშირის პირველი მეთაური, ვლადიმერ ლენინი, კარლ მარქსის მიმდევარი გახლდათ — მარქსისა, რომელიც ქრისტიანობას ჩაგვრის იარაღად აღწერდა. რელიგიას მარქსი „ხალხის ოპიუმს“ უწოდებდა, ლენინმა კი მოგვიანებით განაცხადა: „ყოველი რელიგიური იდეა, ყოველი იდეა ყოველგვარ ღმერთუკას შესახებ, . . . ყოვლად წარმოუდგენელი სიბილწეა“.
1925 წელს, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი ტიხონი გარდაიცვალა, ეკლესიას არ მისცეს სხვა პატრიარქის არჩევის უფლება. ამას მოჰყვა თავდასხმა რელიგიაზე, რასაც შედეგად ეკლესიების შენობათა უმეტესობის დანგრევა თუ საერო საქმეებისთვის მათი გადაკეთება მოჰყვა. მღვდლებს შრომა-გასწორების კოლონიებისკენ უკრეს თავი, სადაც ბევრი მათგანი დაიღუპა. „იოსებ სტალინის მმართველობის დროს 20-იანი წლების დასასრულსა და 30-იან წლებში, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“, — ეკლესია სისხლიანი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ამ დევნისას ათასობით ადამიანი დახოცეს. 1939 წლისთვის მხოლოდ სამ თუ ოთხ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს შეეძლო ოფიციალურად მსახურება, 100 ეკლესიას კი — ფუნქციონირება“.
მაგრამ მოულოდნელად ღირსშესანიშნავი ცვლილება მოხდა.
მეორე მსოფლიო ომი და რელიგია
1939 წელს საბჭოთა კავშირის მაშინდელი მოკავშირე, ნაცისტური გერმანია, პოლონეთში შეიჭრა. ამ მოვლენამ მეორე მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა. ერთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა თავისი 15 რესპუბლიკიდან ბოლო 4 მიიერთა — ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და მოლდავეთი. მაგრამ 1941 წლის ივნისში გერმანიამ მძლავრი იერიში მიიტანა საბჭოთა კავშირზე, რითაც სტალინი საგონებელში ჩააგდო. წლის ბოლოსთვის გერმანიის ჯარმა მოსკოვის გარეუბნებამდე მიაღწია და, ერთი შეხედვით, საბჭოთა კავშირის დაცემა გარდაუვალი იყო.
სასოწარკვეთილებაში მყოფი სტალინი ერის მობილიზაციას ცდილობდა ამ ომისთვის, რომელსაც რუსებმა დიდი სამამულო ომი უწოდეს. სტალინი ხვდებოდა, რომ საომარ მოქმედებებში ხალხის მხარდაჭერის მისაღებად ეკლესიის მიმართ დათმობაზე უნდა წასულიყო, რადგან მილიონობით ადამიანი კვლავაც მორწმუნე იყო. რა მოჰყვა რელიგიის მხრივ სტალინის პოლიტიკის საოცარ შეცვლას?
ხალხთან ეკლესიის თანამშრომლობის შედეგად რუსი ხალხი მობილიზებულ იქნა ქვეყნის დასაცავად და 1945 წელს საბჭოთა კავშირმა გერმანელებზე სრული გამარჯვება მოიპოვა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის მხრიდან რელიგიაზე შეტევა დროებით შეწყდა, მართლმადიდებლური ეკლესიების რიცხვი 25 000-მდე გაიზარდა, ხოლო მღვდლების რიცხვმა 33 000-ს მიაღწია.
შეტევა განახლდა
მაგრამ, სინამდვილეში, საბჭოთა ლიდერების ის მიზანი, რომ ხალხის გონებიდან ღვთის შესახებ ყოველგვარი წარმოდგენა აღმოეფხვრათ, უცვლელი დარჩა. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ხსნის: „1959—1964 წლებში ახალ ანტირელიგიურ მოძრაობას სათავეში სკკპ ცკ-ის მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი ჩაუდგა. ამ პერიოდში მოქმედი ეკლესიების რიცხვი შემცირდა — 10 000-ზე ნაკლები იყო. 1971 წელს პატრიარქ ალექსის სიკვდილის შემდეგ არჩეულ იქნა პატრიარქი პიმენი და, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანისგან შემდგარი ერთგული მრევლი ჰყავდა, მისი მომავალი გაურკვეველი იყოb“.
მოგვიანებით ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია საბჭოთა კავშირის განახლებულ შემოტევას. მაგრამ როგორ იდგა სხვა რელიგიების საკითხი საბჭოთა კავშირში? რომელი მათგანი გახდა შეტევის მთავარი სამიზნე და რატომ? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში განიხილება.
[სქოლიოები]
a ქვემოთ ჩამოთვლილია ის 15 დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლებიც წინათ საბჭოთა რესპუბლიკები იყვნენ: აზერბაიჯანი, ბელარუსი, ესტონეთი, თურქმენეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
b ალექსი I იყო რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი 1945—1970 წლებში, ხოლო ალექსი II — 1990 წლიდან დღემდე.
[სურათი 3 გვერდზე]
ლენინმა ‘ღვთის შესახებ ყოველ იდეას ყოვლად წარმოუდგენელი სიბილწე’ უწოდა.
[საავტორო უფლება]
Musée d’Histoire Contemporaine—BDIC