-
იეჰოვაა ჩემი წილისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
-
-
იეჰოვაა ჩემი წილი
„მე ვარ შენი წილი და სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის“ (რიცხ. 18:20).
1, 2. ა) რის თქმა შეიძლება ლევიანების შესახებ სამკვიდროსთან დაკავშირებით? ბ) რაში დაარწმუნა იეჰოვამ ლევიანები?
მას შემდეგ, რაც ისრაელებმა აღთქმული მიწის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს, იესო ნავეს ძემ ამ მიწის განაწილება დაიწყო. ამას ის მღვდელმთავარ ელეაზართან და ტომების თავკაცებთან ერთად აკეთებდა (რიცხ. 34:13—29). სხვა ტომებისგან განსხვავებით, ლევიანებს სამკვიდრო არ მიუღიათ (იეს. 14:1—5). რატომ დარჩა ლევის ტომი აღთქმულ მიწაზე სამკვიდროს, ანუ წილის, გარეშე? მხედველობიდან გამორჩათ ისინი?
2 ამ კითხვებზე პასუხი ლევიანებისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვებიდან ჩანს. იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი მიტოვებული არ იყვნენ, იეჰოვამ მათ უთხრა: „მე ვარ შენი წილი და სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის“ (რიცხ. 18:20).
-
-
იეჰოვაა ჩემი წილისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
-
-
იეჰოვა ზრუნავს ლევიანებზე
3. როგორ გამოაცალკევა იეჰოვამ ლევიანები თავისი მსახურებისთვის?
3 ისრაელებისთვის კანონთა კრებულის მიცემამდე თითოეული ოჯახის თავი ასრულებდა მღვდლის მოვალეობას თავის ოჯახში. კანონის მიცემისას, ღმერთმა ლევიანები სრული დროით მღვდლებად და მათ დამხმარეებად დანიშნა. როგორ მოხდა ეს? ეგვიპტეში პირმშოების განადგურებისას ღმერთმა ისრაელთა პირმშოები განწმინდა, ანუ გამოაცალკევა, როგორც თავისი საკუთრება. შემდეგ იეჰოვამ მოახდინა მნიშვნელოვანი ცვლილება: „ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან . . . ყოველი პირმშოს ნაცვლად“. აღრიცხვისას აღმოჩნდა, რომ ისრაელების პირმშოთა რაოდენობა აღემატებოდა ლევიანთა რაოდენობას. ამიტომ ყოველ მეტ პირმშოზე იეჰოვამ გამოსასყიდის გადახდა მოითხოვა (რიცხ. 3:11—13, 41, 46, 47). ამგვარად ლევიანებს შეეძლოთ ისრაელის ღვთის მსახურებისას თავიანთი მოვალეობის შესრულება.
4, 5. ა) რას ნიშნავდა ლევიანებისთვის, რომ ღმერთი იყო მათი წილი? ბ) როგორ ზრუნავდა ღმერთი ლევიანებზე?
4 რას ნიშნავდა ეს დანიშნულება ლევიანებისთვის? იეჰოვას სიტყვების თანახმად, ის იმ გაგებით იქნებოდა მათი წილი, რომ სამკვიდროს მიღების ნაცვლად, მისდამი მსახურების ფასდაუდებელი პატივი ექნებოდათ. „იეჰოვას მღვდლობა“ იყო მათი სამკვიდრო (იეს. 18:7). რიცხვების 18:20-ის კონტექსტიდან ჩანს, რომ ისინი არ დარჩენილან მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე (წაიკითხეთ რიცხვების 18:19, 21, 24 ). ლევიანებს ეძლეოდათ „ყოველი მეათედი ისრაელში, როგორც მემკვიდრეობა იმ მსახურების სანაცვლოდ, რომელსაც ისინი ასრულებენ“. მათთვის ისრაელებს უნდა მიეცათ შინაური ცხოველების ნამატის და აღებული მოსავლის 10 პროცენტი. თავის მხრივ, მღვდლებისთვის ლევიანებსაც უნდა გაეღოთ მიღებული მეათედიდან მეათედი, „საუკეთესო შესაწირავი“a (რიცხ. 18:25—29). მღვდლებს აგრეთვე ეძლეოდათ „ყოველი წმინდა შესაწირავი“, რომელიც ისრაელებს თაყვანისცემის ადგილას ღმერთთან მოჰქონდათ. ამგვარად, მღვდლებს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ, ერწმუნათ, რომ იეჰოვა იზრუნებდა მათზე.
5 როგორც ჩანს, მოსეს კანონი ლევიანებისთვის მეორე მეათედსაც ითვალისწინებდა. ამ მეათედს ისრაელები გადადებდნენ ხოლმე ყოველწლიურ დღესასწაულებზე აუცილებელი ხარჯების დასაფარავად (კან. 14:22—27). მაგრამ შვიდწლიანი პერიოდის ყოველ მესამე და მეექვსე წელს ამ მეათედს ისრაელები ღარიბებსა და ლევიანებს აძლევდნენ. რატომ ეძლეოდათ ეს მეათედი ლევიანებსაც? იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ „არც წილი . . . და არც სამკვიდრო“ (კან. 14:28, 29).
6. სად ცხოვრობდნენ ლევიანები, თუ მათ არ ჰქონდათ სამკვიდრო ისრაელში?
6 შეიძლება ფიქრობთ, სად ცხოვრობდნენ ლევიანები, თუ მათ არ ჰქონდათ სამკვიდრო. ღმერთმა იზრუნა მათზე. მან ლევიანებს 48 ქალაქი და მათ გარშემო მდებარე საძოვრები მისცა. მათში ექვსი თავშესაფარი ქალაქიც შედიოდა (რიცხ. 35:6—8). ასე რომ, ლევიანებს ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილი, სადაც შეეძლოთ წასულიყვნენ მაშინ, როცა საწმინდარში არ მსახურობდნენ. იეჰოვა ყოველმხრივ უზრუნველყოფდა თავის მსახურებს. როგორ შეეძლოთ ლევიანებს ყველასთვის დაენახვებინათ, რომ იეჰოვა იყო მათი წილი? ნდობის გამოვლენით, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც, იზრუნოს თავის მსახურებზე.
7. რა მოითხოვებოდა ლევიანებისგან, იეჰოვა რომ მათი წილი ყოფილიყო?
7 კანონი არ ითვალისწინებდა არანაირ სასჯელს, თუ ისრაელები არ გაიღებდნენ მეათედს. მაგრამ ამ საკითხისადმი ისრაელების გულგრილი დამოკიდებულება, უარყოფითად აისახებოდა მღვდლებისა და ლევიანების მსახურებაზე. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნეემიას დღეებში მცხოვრები ლევიანები. იმის ნაცვლად, რომ ემსახურათ, მათ მინდვრებში უწევდათ მუშაობა (წაიკითხეთ ნეემიას 13:10). ცხადია, ლევის ტომის მატერიალური უზრუნველყოფა, ისრაელი ერის სულიერ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მღვდლებსა და ლევიანებს უნდა გამოევლინათ რწმენა იეჰოვასადმი, რომ ის იზრუნებდა მათზე.
-