საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ უნდა ვიყოთ წმინდები?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
    • 1. რა მხრივ გვეხმარება წიგნი „ლევიანები“?

      წიგნ „ლევიანებში“ სიტყვა „სიწმინდე“ ბიბლიის სხვა წიგნებთან შედარებით ბევრად მეტჯერაა მოხსენიებული. ვინაიდან სიწმინდის დაცვა იეჰოვას ყველა ერთგულ თაყვანისმცემელს მოეთხოვება, მოდი, უკეთ გავეცნოთ წიგნ „ლევიანებს“. ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება, რომ ვიყოთ წმინდები.

      2. რა თავისებურებებით გამოირჩევა „ლევიანების“ წიგნი?

      2 „ლევიანები“ წინასწარმეტყველმა მოსემ დაწერა; ის „მთელი წმინდა წერილის“ ნაწილია, რომელიც „სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმ. 3:16). ამ წიგნის თითოეულ თავში იეჰოვას სახელი დაახლოებით ათჯერაა მოხსენიებული. თუ ჩავუღრმავდებით „ლევიანების“ წიგნში ჩაწერილ აზრებს, აღარ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც ღვთის სახელს ჩრდილს მიაყენებს (ლევ. 22:32). ამ ღვთივშთაგონებულ წიგნში ხშირად ვხვდებით ფრაზას „მე ვარ იეჰოვა“, რაც იმას შეგვახსენებს, რომ უნდა დავემორჩილოთ ღმერთს. ამ და მომდევნო სტატიებში აღმოვაჩენთ წიგნ „ლევიანებში“ გაბნეულ „მარგალიტებს“, რაც დაგვეხმარება, ღმერთს მთელი გულით შევუსრულოთ წმინდა მსახურება.

      ვიყოთ წმინდები

      3, 4. რას განასახიერებდა აარონისა და მისი ვაჟების წყლით დაბანა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      3 წაიკითხეთ ლევიანების 8:5, 6. იეჰოვამ აარონი ისრაელის მღვდელმთავრად დანიშნა, მისი ვაჟები კი — მღვდლებად. აარონი იესო ქრისტეს წარმოადგენს, ხოლო მისი ძეები ცხებულ ქრისტიანებს განასახიერებენ. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: ნიშნავდა აარონის წყლით დაბანა იმას, რომ იესო ქრისტესაც სჭირდებოდა განწმენდა? არა, რადგან იესო უცოდველი და უზადო იყო (ებრ. 7:26; 9:14). თუმცა წყლით დაბანილი აარონი განასახიერებდა წმინდა და მართალ იესოს. ჩნდება კითხვა: რისი სიმბოლო იყო აარონის ძეების დაბანა?

      4 აარონის ძეების დაბანა განასახიერებდა მათ განწმენდას, ვინც ზეციერი მღვდლობისთვის იქნებოდა არჩეული. საინტერესოა, უკავშირდება თუ არა ცხებულების ნათლობა აარონის ვაჟების განწმენდას? არა, რადგან ნათლობა ადამიანს ცოდვისგან არ ათავისუფლებს; ნათლობით ადამიანი თავის ცხოვრებას იეჰოვა ღმერთს უძღვნის. ცხებული ქრისტიანები „სიტყვის საშუალებით“ განიწმინდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქრისტეს სწავლებების თანახმად უნდა იცხოვრონ (ეფეს. 5:25—27). ისინი ამგვარად წმინდავდებიან. მაგრამ, რის თქმა შეიძლება „სხვა ცხვარზე“? (იოან. 10:16).

      5. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ „სხვა ცხვარი“ ღვთის სიტყვით განიწმინდება?

      5 აარონის ძეები იესოს „სხვა ცხვარს“, „უამრავ ხალხს“, არ წარმოადგენენ (გამოცხ. 7:9). მაგრამ საინტერესოა, მიწიერი იმედის მქონენიც ცხებულების მსგავსად განიწმინდებიან ღვთის სიტყვით? რა თქმა უნდა! როცა ეს ადამიანები ბიბლიას კითხულობენ და იგებენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იესოს დაღვრილ სისხლს, რწმენას ავლენენ ამ ყოველივესადმი და „წმინდა მსახურებას ასრულებენ . . . დღე და ღამე“ (გამოცხ. 7:13—15). ცხებული ქრისტიანები და „სხვა ცხვარი“ გამუდმებით იწმინდებიან, რის შედეგადაც ისინი სხვებისგან კარგი საქციელით გამოირჩევიან (1 პეტ. 2:12). წარმოგიდგენიათ, რამდენად ბედნიერია იეჰოვა, როცა ხედავს ცხებული ქრისტიანებისა და „სხვა ცხვრის“ სიწმინდესა და ერთობას, რომლებიც უსმენენ თავიანთ მწყემსს, იესოს და ფეხდაფეხ მიჰყვებიან მას!

      6. როგორ უნდა შეამოწმოს ქრისტიანმა საკუთარი თავი?

      6 ისრაელში მღვდლებს ფიზიკური სისუფთავის დაცვა მოეთხოვებოდათ; ეს მოთხოვნა დღესაც აქტუალურია იეჰოვას ხალხისთვის. მათ, ვისაც ბიბლიას ვასწავლით, ხშირად შეუმჩნეველი არ რჩებათ იეჰოვას თაყვანისცემის ადგილების სისუფთავე და ჩვენი სუფთა და მოწესრიგებული ჩაცმულობა. თუმცა ისრაელი მღვდლების სიწმინდე იმის გაცნობიერებაში გვეხმარება, რომ მას, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემლობის „მთაზე“ ადის, „სუფთა გული“ უნდა ჰქონდეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 24:3, 4; ეს. 2:2, 3). ღმერთს წმინდა მსახურება წმინდა გულითა და გონებით უნდა შევუსრულოთ; არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური სისუფთავეც. ამისათვის ხშირად უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი; ამგვარი გამოკვლევის შემდეგ, ზოგიერთ ჩვენგანს შესაძლოა სიწმინდის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა დასჭირდეს (2 კორ. 13:5). მაგალითად, თუ მონათლული ქრისტიანი პორნოგრაფიას უყურებს, მან საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: არის ჩემი საქციელი წმინდა? შემდეგ მან მავნე ჩვევის დასაძლევად დახმარება უნდა ითხოვოს (იაკ. 5:14).

      შეინარჩუნეთ სიწმინდე და იყავით მორჩილნი

      7. ლევიანების 8:22—24-ის გათვალისწინებით, რის მაგალითი დაგვიტოვა ქრისტემ?

      7 როდესაც იეჰოვამ აარონი და მისი ვაჟები მღვდლებად დანიშნა ისრაელში, მოსეს უბრძანა, რომ მათთვის ვერძის სისხლი ეცხო მარჯვენა ყურის ბიბილოსა და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე (წაიკითხეთ ლევიანების 8:22—24). სისხლის ცხება იმის მიმანიშნებელი იყო, რომ მღვდლები უნდა დამორჩილებოდნენ ღმერთს და საუკეთესოდ შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა. ამ მხრივ, მღვდელმთავარმა იესომ ცხებულებსა და „სხვა ცხვარს“ უბადლო მაგალითი დაუტოვა. ის ყოველთვის ღმერთს უგდებდა ყურს, მისი ხელი დღემუდამ ღვთის საქმეს იქმოდა და მის ფეხს სწორი გზიდან არასდროს გადაუხვევია (იოან. 4:31—34).

      8. რა მოეთხოვება იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელს?

      8 სულითცხებულებმა და „სხვა ცხვარმა“ თავიანთ მღვდელმთავარს, იესოს, უნდა მიჰბაძონ და მასავით ერთგულნი უნდა იყვნენ. იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელი უნდა დაემორჩილოს ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ხელმძღვანელობას და არ უნდა დაანაღვლიანოს მისი წმინდა სული (ეფეს. 4:30). მათ უნდა გაითვალისწინონ ბიბლიაში ჩაწერილი მითითება: „გაასწორეთ თქვენი ფეხის სავალი“ (ებრ. 12:13).

      9. რას ამბობენ ძმები, რომლებსაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრებთან თანამშრომლობა მოუწიათ და თქვენ რა მხრივ წაგადგებათ მათი აზრები სიწმინდის შენარჩუნებაში?

      9 მოდი, ახლა მოვუსმინოთ მიწიერი იმედის მქონე სამ იეჰოვას მოწმეს, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელი საბჭოს წევრებთან მოუწიათ თანამშრომლობა. ერთი ძმა ამბობს: „მათთან თანამშრომლობა მართლაც განსაკუთრებული პატივი იყო. მართალია, ეს ძმები ცხებულები იყვნენ, მაგრამ არასრულყოფილების გამო დროდადრო შეცდომებს უშვებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვცდილობდი, მთელი სულითა და გულით დამეჭირა მათთვის მხარი“. მეორე ძმა გვიზიარებს: „2 კორინთელების 10:5-ში ჩაწერილი სიტყვები, რომელიც ქრისტეს მორჩილებას ეხება, დამეხმარა, დავმორჩილებოდი მათ, ვისაც ორგანიზაციაში ხელმძღვანელობა ეკისრა და მეთანამშრომლა მათთან. მე პასუხისმგებელ ძმებს ყოველთვის მთელი გულით ვემორჩილებოდი“. მესამე ძმა კი ასეთ რამეს ამბობს: „თუ გიყვარს ის, რაც იეჰოვას უყვარს და გძულს ის, რაც მას სძულს, დღენიადაგ მის ხელმძღვანელობას ეძებ და მის მოსაწონად იქცევი, ესე იგი, ემორჩილები ღვთის ორგანიზაციას და ძმებს, ვისაც იგი თავისი განზრახვის განსახორციელებლად იყენებს“. ამ ძმამ აღნიშნა, რომ ძმა ნეითან ნორმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, 1925 წლის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილ სტატიაში, „ერის დაბადება“, ბიბლიური მუხლების ახლებური განმარტებანი უყოყმანოდ მიიღო მაშინ, როცა მის თანამედროვეთაგან ზოგმა ეჭვქვეშ დააყენა მათი სისწორე. ნორის ასეთმა დამოკიდებულებამ ამ ძმაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თუ ამ ძმების სიტყვებზე დაფიქრდებით, ნამდვილად გაგიადვილდებათ მორჩილება და შეძლებთ სიწმინდის შენარჩუნებას.

      დაემორჩილეთ ღვთის კანონს სისხლთან დაკავშირებით

      10. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დავემორჩილოთ ღვთის კანონს სისხლთან დაკავშირებით?

      10 წაიკითხეთ ლევიანების 17:10. იეჰოვამ ისრაელებს უბრძანა, რომ არ ეჭამათ სისხლი. დღეს ქრისტიანებსაც მოეთხოვებათ სისხლისგან თავშეკავება; ისინი არანაირი სახით არ მოიხმარენ არც ცხოველის და არც ადამიანის სისხლს (საქ. 15:28, 29). იმის გაფიქრებაც კი გვზარავს, რომ იეჰოვა ზურგს შეგვაქცევს და თავისი ხალხიდან მოგვკვეთს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ღმერთი და მთელი გულით გვსურს, მას დავემორჩილოთ. მაშინაც კი, თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ არ დავყვეთ მათ თხოვნას და არ შეგვაშინოს მათმა მუქარამ, ვინც იეჰოვას არ იცნობს და ვინც ღვთის კანონს არ ემორჩილება. მართალია, სისხლის გამოყენებისგან თავშეკავების გამო შესაძლოა დაცინვის ობიექტი გავხდეთ, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იეჰოვას მორჩილებაა (იუდ. 17, 18). ისმის კითხვა: რა დაგვეხმარება, „მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი“, რომ სისხლი არც ვჭამოთ და არც გადავისხათ? (კან. 12:23).

      11. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყოველწლიური გამოსყიდვის დღე უმნიშვნელო რიტუალი არ იყო?

      11 იმის ცოდნა, თუ როგორ იყენებდა ძველ ისრაელში მღვდელმთავარი ცხოველის სისხლს ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს, დაგვეხმარება გავიგოთ, რას ფიქრობს ღმერთი სისხლზე. სისხლი კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენებოდა. მისი მეშვეობით ხდებოდა იმ ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვა, ვისაც იეჰოვასგან ცოდვების მიტევება სურდა. მღვდელმთავარს ხარისა და თხის სისხლი უნდა დაესხურებინა შეთანხმების კიდობნის სახურავზე და მის წინ (ლევ. 16:14, 15, 19). იეჰოვა ამგვარად პატიობდა ისრაელებს ცოდვებს. გარდა ამისა, ღმერთს თავისი ხალხისთვის ნაბრძანები ჰქონდა, რომ თუ ვინმე საჭმელად მოკლავდა ცხოველს, ის სისხლისგან უნდა დაეწრიტა და დაღვრილი სისხლი მტვრით დაეფარა, ვინაიდან ბიბლია გვაუწყებს, რომ „ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია“ (ლევ. 17:11—14). ეს უმნიშვნელო რიტუალი არ ყოფილა; გამოსყიდვის დღეს სისხლის გამოყენება და მისი მიწაზე დაღვრა სრულად ეთანხმება იმ მითითებას, რომელიც იეჰოვამ ნოეს და მის შთამომავლებს სისხლთან დაკავშირებით მისცა (დაბ. 9:3—6). ღმერთს აკრძალული ჰქონდა სისხლის გამოყენება სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით. წამოიჭრება შეკითხვა: რა მნიშვნელობა აქვს ამ ყოველივეს ჩვენთვის?

      12. ებრაელებისადმი მიწერილი წერილის თანახმად, რა კავშირია სისხლსა და პატიებას შორის?

      12 მოციქულმა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა, რომ სისხლს განმწმენდი ძალა ჰქონდა: „კანონის თანახმად, თითქმის ყველაფერი სისხლით წმინდავდება და სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება“ (ებრ. 9:22). პავლემ ებრაელებისადმი მიწერილ წერილში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მართალია, ცხოველურ შესაწირავს გარკვეული ღირებულება ჰქონდა, მაგრამ ის მხოლოდ შეახსენებდა ისრაელებს, რომ ცოდვილები იყვნენ და მათი ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ წარსახოცად უფრო დიდი მსხვერპლის გაღება იყო საჭირო. დიახ, „კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილი [იყო] და არა თვით ეს კურთხევა“ (ებრ. 10:1—4). მაშ, როგორ უნდა მომხდარიყო ცოდვების პატიება?

      13. რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ იესომ იეჰოვას თავისი სისხლის საფასური წარუდგინა?

      13 წაიკითხეთ ეფესოელების 1:7. იესო ქრისტემ თავი გასწირა ჩვენთვის; მის მსხვერპლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვისაც უყვარს იესო და მისი მამა, იეჰოვა (გალ. 2:20). თუმცა რაც მან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გააკეთა, იყო ის, რამაც ჩვენ ცოდვის მონობისგან გაგვათავისუფლა. იესო ქრისტემ ის გააკეთა, რასაც მოსეს კანონით გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი აკეთებდა. გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარს შეწირული ცხოველების სისხლი კარვის, მოგვიანებით კი სოლომონის მიერ აგებული ტაძრის, წმინდათაწმინდაში შეჰქონდა, სადაც მას ღმერთს წარუდგენდა, თითქოსდა თავად ღმერთი ყოფილიყო იქ (ლევ. 16:11—15). ამის მსგავსად, იესომაც წარუდგინა იეჰოვას თავისი გაღებული სისხლის საფასური (ებრ. 9:6, 7, 11—14, 24—28). უზომოდ მადლიერნი ვართ, რომ ქრისტეს დაღვრილი სისხლისადმი გამოვლენილი რწმენის საფუძველზე ცოდვები მოგვეტევა და სუფთა სინდისი გვაქვს!

      14, 15. რატომ არის მნიშვნელოვანი, გვესმოდეს და ვემორჩილებოდეთ იეჰოვას კანონს სისხლთან დაკავშირებით?

      14 ზემოთ განხილულის საფუძველზე, ალბათ ხვდებით, თუ რატომ მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან, რომ არ ვჭამოთ სისხლი (ლევ. 17:10). გესმით, რატომ მიიჩნევს ღმერთი სისხლს წმინდად? ღვთისთვის სისხლი სიცოცხლის ტოლფასია (დაბ. 9:4). ნუთუ არ ღირს, რომ გავითვალისწინოთ ღვთის თვალსაზრისი და თავი შევიკავოთ სისხლისგან? ღმერთთან მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, თუ რწმენას გამოვავლენთ იესოს გამოსასყიდისადმი და გავიაზრებთ, რომ სისხლს ჩვენი შემოქმედისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს (კოლ. 1:19, 20).

      15 ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა მოულოდნელად აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როცა საქმე სისხლის გადასხმაზე მიდგება. სამწუხაროდ, ამ ფაქტის პირისპირ შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი ოჯახის წევრი, ისე მეგობარი. ასეთ კრიზისულ ვითარებაში ისიც უნდა გადაწყვიტოთ, გამოიყენებთ თუ არა სისხლის ფრაქციებს ან დათანხმდებით თუ არა ზოგიერთი პროცედურის გავლაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესვე გამოიკვლიოთ სისხლთან დაკავშირებული საკითხები და ამგვარად მოემზადოთ შესაძლო კრიტიკული სიტუაციისთვის. ეს ყოველივე ლოცვასთან ერთად დაგეხმარებათ, რომ მტკიცენი იყოთ და არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ კომპრომისზე. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ გული ვატკინოთ იეჰოვას და ისეთი რამ ჩავიდინოთ, რასაც ბიბლია გმობს! მედიკოსები და სისხლის გადასხმის მომხრენი ხალხს მოუწოდებენ, რომ სხვების გადასარჩენად სისხლი ჩააბარონ. თუმცა იეჰოვას ხალხმა კარგად ვიცით, რომ მხოლოდ შემოქმედს აქვს იმის განსაზღვრის უფლება, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული სისხლი. მისთვის სისხლი წმინდაა. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სისხლთან დაკავშირებულ ღვთის კანონს. წმინდა საქციელით ღმერთს ვუმტკიცებთ, რომ ძლიერ ვაფასებთ იესოს სისხლს, რომელსაც ადამიანთათვის ხსნა, ცოდვების პატიება და მარადიული სიცოცხლე მოაქვს (იოან. 3:16).

      ქრისტიანი და საავადმყოფოში ესაუბრება სამედიცინო პერსონალს

      გაქვთ მტკიცედ გადაწყვეტილი, დაემორჩილოთ იეჰოვას კანონს სისხლთან დაკავშირებით? (იხილეთ მე-14, 15 აბზაცები)

      რატომ ითხოვს იეჰოვა ჩვენგან სიწმინდეს

      16. რატომ უნდა იყოს იეჰოვას ხალხი წმინდა?

      16 როდესაც ღმერთმა ისრაელები ეგვიპტიდან გაათავისუფლა, ასეთი სიტყვებით მიმართა: „მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო. იყავით წმინდები, რადგან მე წმინდა ვარ“ (ლევ. 11:45). ებრაელები წმინდები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან იეჰოვა წმინდა იყო. სიწმინდე ჩვენ, იეჰოვას მოწმეებსაც, მოგვეთხოვება. „ლევიანების“ წიგნმა ამაში კიდევ უფრო დაგვარწმუნა.

  • წმინდები ვიყოთ ნებისმიერ საქციელში!
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
    • 1, 2. ა) რა მოეთხოვება ღვთის ხალხს? ბ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

      ღვთივშთაგონებით მოციქულმა პეტრემ წიგნ „ლევიანებიდან“ სიწმინდესთან დაკავშირებით ციტატა მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქრისტიანებიც ნებისმიერ საქციელში წმინდები უნდა ყოფილიყვნენ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:14—16). იეჰოვა, რომელიც წმინდა ღმერთია, ცხებული ქრისტიანებისგან და „სხვა ცხვრისგან“ მოელის, რომ არც ისინი დაიშურებენ ძალ-ღონეს, რათა ყოველმხრივ წმინდები იყვნენ (იოან. 10:16).

      2 მოდი, წიგნ „ლევიანებიდან“ სხვა „მარგალიტებიც“ ამოვკრიფოთ. ამ ძვირფასი აზრების შესწავლაც მრავალმხრივ სასარგებლო აღმოჩნდება ჩვენთვის და დაგვეხმარება, წმინდები ვიყოთ ნებისმიერ საქციელში. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ შემდეგ კითხვებზე: როგორ უნდა ვუყურებდეთ კომპრომისს? რა მხრივ დაგვეხმარება წიგნი „ლევიანები“, მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაესობას? და, რის სწავლა შეგვიძლია ისრაელების მიერ გაღებული შესაწირავებიდან?

      ნუ წახვალთ კომპრომისზე!

      3, 4. ა) რატომ არ უნდა წავიდნენ ქრისტიანები კომპრომისზე, როცა საქმე ბიბლიური კანონებისა და პრინციპების დაცვაზე მიდგება? ბ) რატომ არ უნდა ვიძიოთ შური და რატომ არ უნდა ჩავიდოთ ბოღმა გულში?

      3 თუ გვინდა, რომ იეჰოვა ღმერთს ვაამოთ, მტკიცედ უნდა დავიცვათ მისი კანონები და პრინციპები, არ წავიდეთ კომპრომისზე და არასოდეს მოვიქცეთ უწმინდურად. მართალია, ჩვენ დღეს მოსეს კანონის დაცვა არ მოგვეთხოვება, მაგრამ ამ კანონში მოცემული მოთხოვნები იმის დანახვაში გვეხმარება, თუ რა არის ღვთისთვის მისაღები და რა — მიუღებელი. მაგალითად, იეჰოვამ ისრაელებს მოსეს მეშვეობით უთხრა: „არ იძიო შური და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი; საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე. მე ვარ იეჰოვა“ (ლევ. 19:18).

      4 იეჰოვა მოითხოვს, რომ თავი შევიკავოთ შურისძიებისგან და გულში ბოღმა არ ჩავიდოთ (რომ. 12:19). თუ ღვთის კანონებსა და პრინციპებს არ გავითვალისწინებთ, ეშმაკს გავახარებთ და იეჰოვას შეურაცხვყოფთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე მიზანმიმართულად გვტკენს გულს, მოდი, წყენას გულში ნუ ჩავიტოვებთ. ღმერთმა წილად გვარგუნა პატივი, რომ ვიყოთ „თიხის ჭურჭელი“, რომელშიც „მსახურების განძი“ ინახება (2 კორ. 4:1, 7). დაე, არ იყოს მასში ადგილი ბალღამის შესანახად!

      5. რას ვსწავლობთ აარონის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან? (იხილეთ სურათი მე-13 გვერდზე)

      5 ლევიანების 10:1—11 მუხლები აარონის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს. აარონის ოჯახი ემოციურად განადგურდებოდა, როცა ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა და კარავში მყოფი აარონის ვაჟები, ნადაბი და აბიჰუ შთანთქა. წარმოიდგინეთ, რწმენის რამხელა გამოცდა იქნებოდა აარონისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, როცა ღვთისგან მითითება მიიღეს, რომ არ ეგლოვათ თავიანთი მკვდრები! პირადად თქვენ, ავლენთ თუ არა სიწმინდეს იმ მხრივ, რომ აღარ გაქვთ ურთიერთობა გარიცხულებთან, იქნებიან ისინი ოჯახის წევრები თუ სხვები? (წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:11).

      6, 7. ა) რომელ სერიოზულ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ, როცა გვთხოვენ, მონაწილეობა მივიღოთ ჯვრისწერის ცერემონიალში? (იხილეთ სქოლიო) ბ) როგორ ავუხსნათ ნათესავს ჩვენი პოზიცია?

      6 ჩვენი რწმენა შესაძლოა აარონისა და მისი ოჯახის წევრების რწმენის მსგავსად არც არასოდეს გამოიცადოს. მაგრამ, როგორ მოიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ნათესავი ჯვრისწერაზე დაგპატიჟებთ და იცით, რომ ეკლესიაში გამართულ საქორწილო ცერემონიალში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება? მართალია, ბიბლია პირდაპირ არ კრძალავს ეკლესიაში ჯვრისწერაზე დასწრებას, მაგრამ წამოიჭრება კითხვა: რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა ასეთი გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდებით?a

      7 როდესაც ასეთი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებით, აუხსენით თქვენს ნათესავს, რომ იეჰოვას თვალში წმინდად დარჩენა გწადიათ; თქვენმა პოზიციამ შესაძლოა იგი განაცვიფროს (1 პეტ. 4:3, 4). მართალია, ნათესავის განაწყენება არ გსურთ, მაგრამ ასეთ დროს უპრიანია, მას თავაზიანად და პირდაპირ უთხრათ სათქმელი. უმჯობესია, თუ ამის შესახებ მას ქორწილამდე დაელაპარაკებით. თქვენ შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ, რომ მისთვის ღირშესანიშნავ დღეს ასეთი პატივი გარგუნათ წილად. შემდეგ კი აუხსნათ, რომ თქვენი რელიგიური პოზიციის გამო არ გსურთ, ბედნიერი დღე ჩაუშხამოთ ან უხერხულობა შეუქმნათ მათ და სხვა მექორწილეთ. ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ცხადყოფთ, რომ არ გსურთ კომპრომისზე წასვლა.

      მხარი დაუჭირეთ იეჰოვას უზენაესობას

      8. როგორ ამახვილებს ყურადღებას წიგნი „ლევიანები“ იეჰოვას უზენაესობაზე?

      8 „ლევიანების“ წიგნი ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას უზენაესობაზე. მასში 30-ზე მეტჯერაა ნათქვამი, რომ კანონები ისრაელმა უშუალოდ იეჰოვასგან მიიღო. ეს შესანიშნავად უწყოდა მოსემ, რის გამოც ყოველთვის იეჰოვას ბრძანებისამებრ მოქმედებდა (ლევ. 8:4, 5). ჩვენც ყოველთვის ის უნდა ვაკეთოთ, რასაც უზენაესი ღმერთი ითხოვს. ამაში ფასდაუდებელ დახმარებას ღვთის ორგანიზაცია, ჩვენი საძმო, გვიწევს. მაგრამ შესაძლოა თითოეული ჩვენგანი რწმენის გამოცდის პირისპირ მაშინ აღმოვჩნდეთ, როცა მარტონი ვიქნებით, როგორც ეს იესოს შემთხვევაში მოხდა უდაბნოში ყოფნისას (ლუკ. 4:1—13). თუ ყოველთვის მხარს დავუჭერთ იეჰოვას უზენაესობას და მივენდობით მას, ვერავინ გვაიძულებს კომპრომისზე წასვლას და არც ძრწოლა აგვიტანს (იგავ. 29:25).

      9. რატომ არის ღვთის ხალხი მოძულებული მთელ მსოფლიოში?

      9 ჩვენ, როგორც ქრისტეს მიმდევრები და იეჰოვას მოწმეები, მსოფლიო მასშტაბით ვიდევნებით. ამაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათ. 24:9). მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მტრულადაა განწყობილი, ჩვენ მაინც არ ვწყვეტთ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას და იეჰოვას წინაშე სიწმინდეს ვინარჩუნებთ. და მაინც, რატომ სძულს ხალხს ესოდენ პატიოსანი და კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებიც ზნეობრივად სუფთად ცხოვრობენ? (რომ. 13:1—7). ამის მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას მოწმეები მხარს უჭერენ იეჰოვას, როგორც უზენაეს მმართველს! ჩვენ მხოლოდ მას ვუსრულებთ წმინდა მსახურებას და არასდროს ვღალატობთ მის სამართლიან კანონებსა თუ პრინციპებს (მათ. 4:10).

      10. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ერთი ძმა, რომელიც კომპრომისზე წავიდა და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი არ დაიცვა?

      10 გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ „ქვეყნიერების ნაწილი“. სწორედ ამის გამო ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ — იარაღს არ ვიღებთ ხელში და არ ვერევით პოლიტიკაში (წაიკითხეთ იოანეს 15:18—21; ესაიას 2:4). იეჰოვას მსახურთაგან ზოგი კომპრომისზე წავიდა და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი არ დაიცვა. თუმცა მათ შორის ბევრმა მოინანია და გულმოწყალე ზეციერ მამას დაუბრუნდა (ფსალმ. 51:17). იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არ მოინანიეს. მაგალითად, II მსოფლიო ომის დროს უნგრეთში მთავრობის წარმომადგენლებმა უსამართლოდ დაპატიმრებულ 160 ძმას, რომლებიც 45 წლამდე ასაკისანი იყვნენ, ქვეყნის სხვადასხვა ციხიდან ერთ ქალაქში მოუყარეს თავი. მათ უბრძანეს, რომ სამხედრო სამსახური დაეწყოთ. უმრავლესობამ იეჰოვას უერთგულა და ამაზე მტკიცე უარი განაცხადა. თუმცა 9 ძმა დათმობაზე წავიდა; მათ სამხედრო ფიცი დადეს და მუნდირი მოირგეს. ორი წლის შემდეგ ამ ძმათაგან ერთ-ერთი მოხვდა იმ დამსჯელ რაზმში, რომელსაც ერთგული მოწმეები უნდა დაეხვრიტა. ერთგულ მოწმეთა შორის მისი ხორციელი ძმაც იყო! საბედნიეროდ, სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულებულა.

      საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის

      11, 12. რას ვსწავლობთ იეჰოვას კანონიდან შესაწირავებთან დაკავშირებით?

      11 მოსეს კანონის თანახმად, ისრაელებს სხვადასხვა სახის შესაწირავების გაღება მოეთხოვებოდათ (ლევ. 9:1—4, 15—21). მსხვერპლად გაღებული შესაწირავი საღი და უნაკლო უნდა ყოფილიყო, რადგან იგი იესოს სრულყოფილი მსხვერპლის პირველსახე იყო. უფრო მეტიც, თითოეული შესაწირავი თავისი წესისა და რიგის დაცვით უნდა შეწირულიყო. მაგალითად, ვნახოთ, რა მოითხოვებოდა ახალმოლოგინებული ქალისგან ძველ ისრაელში. ლევიანების 12:6-ში ვკითხულობთ: „განწმენდის დღეების დასასრულს, იქნება ეს ბიჭის თუ გოგოს გამო, შეხვედრის კარვის შესასვლელთან მღვდელს მიუყვანოს ერთი წლის მამალი ცხვარი დასაწვავ შესაწირავად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის შესაწირავად“. მართალია, ღვთის მოთხოვნები შესაწირავების თაობაზე ზედმიწევნითი და კონკრეტული იყო, მაგრამ თითოეული კანონი იეჰოვას სიყვარულსა და სიბრძნეს ირეკლავდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ თუ დედას ხელი არ მიუწვდებოდა ცხვარზე, მას ორი გვრიტის ან მტრედის ორი ხუნდის შეწირვა შეეძლო (ლევ. 12:8). ფაქტია, იეჰოვასთვის ხელმოკლე თაყვანისმცემელიც ისეთივე ძვირფასი იყო, როგორც — შეძლებული. რას ვსწავლობთ იეჰოვას კანონიდან შესაწირავებთან დაკავშირებით?

      12 მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა, რომ ღვთისთვის „ქების მსხვერპლი“ შეეწირათ (ებრ. 13:15). ჩვენ გვმართებს, რომ ბაგეებით საჯაროდ გავაცხადოთ ღვთის წმინდა სახელი. ყრუ-მუნჯი და-ძმებიც განადიდებენ ღმერთს ჟესტების ენაზე. ღვთის სახელისთვის დიდება იმ და-ძმებსაც მოაქვთ, რომლებიც ფიზიკური უძლურების გამო სახლიდან ვერ გადიან. ისინი ღვთის დიდებულ საქმეებზე თავიანთ მომვლელებსა და მნახველებს ესაუბრებიან, იმავდროულად, ქადაგებენ წერილებითა და ტელეფონით. ასე რომ, იეჰოვასთვის ქების მსხვერპლს ყველა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ვიღებთ. მთავარია, ერთი რამ არ გამოგვრჩეს მხედველობიდან — ჩვენ საუკეთესო უნდა გავიღოთ იეჰოვასთვის (რომ. 12:1; 2 ტიმ. 2:15).

      13. რატომ უნდა ჩავაბაროთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიში?

      13 იეჰოვას ქების მსხვერპლს ნებაყოფლობით ვწირავთ, რადგან ის მთელი სულითა და გულით გვიყვარს (მათ. 22:37, 38). მაგრამ ჩვენგან მსახურების ანგარიშის ჩაბარება მოითხოვება. ისმის კითხვა: რა დამოკიდებულება გვაქვს ამ მოთხოვნისადმი? ანგარიში, რომელსაც ყოველთვიურად ვაბარებთ, საუკეთესოდ მოწმობს იმაზე, რომ ღვთის ერთგულები ვართ (2 პეტ. 1:7). რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ მსახურებას უამრავი საათი დავუთმოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ანგარიშში დიდი მაჩვენებლები დაფიქსირდეს. მაგალითად, ჯანმრთელობაშერყეულ მაუწყებლებსა და მათ, რომლებიც მოხუცებულთა სახლებსა თუ თავშესაფრებში არიან, შეუძლიათ თვეში მხოლოდ 15 წუთი ჩააბარონ. იეჰოვასთვის ეს წუთები ამ მაუწყებლების მიერ გაღებული საუკეთესო შესაწირავია; მან იცის, რომ ისინი გულით ღვთის სიყვარულს დაატარებენ და ძალიან აფასებენ მის მოწმედ ყოფნის შეუფასებელ პატივს. იეჰოვა აფასებდა იმ ისრაელებს, რომელთაც სიღარიბის გამო ძვირადღირებული მსხვერპლის შეწირვა არ შეეძლოთ. ის დღესაც აფასებს ერთგულ მსახურებს, რომლებიც თავიანთი შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ანგარიშს მაინც აბარებენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თითოეული ჩვენგანის ანგარიში მთელი მსოფლიო საძმოს ანგარიშის ნაწილია, რომელიც ხელმძღვანელ ძმებს სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებაში ეხმარება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ალბათ უკეთ გავიგეთ, თუ რატომ ვაბარებთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს.

      შესწავლის ჩვევა და ქების მსხვერპლი

      14. ახსენით, რატომ ღირს იმის გამოკვლევა, თუ რამდენად სიღრმისეულად ვეკიდებით შესწავლის პროცესს.

      14 წიგნ „ლევიანებიდან“ ამ საინტერესო აზრების განხილვის შემდეგ შესაძლოა ახლა უფრო უკეთ გვესმის, თუ რატომაა ეს წიგნიც ღვთივშთაგონებული სიტყვის ნაწილი (2 ტიმ. 3:16). ალბათ, ახლა უფრო მეტად გაქვთ გადაწყვეტილი, იყოთ წმინდები. ამის მიზეზი მხოლოდ ის კი არ არის, რომ იეჰოვა სიწმინდეს ითხოვს, არამედ ის, რომ იგი ნამდვილად იმსახურებს თქვენი მხრიდან ყველაფრის გაკეთებას, რათა მას ასიამოვნოთ. „ლევიანების“ წიგნის განხილვის შემდეგ შესაძლოა უფრო მეტად გაგიჩნდათ ბიბლიის სიღრმისეულად გამოკვლევის სურვილი (წაიკითხეთ იგავების 2:1—5).

      ოჯახური თაყვანისცემის საღამო, რომლის დროსაც ოჯახის თითოეული წევრი თავისი საქმითაა გართული

      არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიბლიის შესწავლა და ოჯახური თაყვანისცემა? (იხილეთ მე-14 აბზაცი)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება