-
რისთვის ვარსებობთ?გამოიღვიძეთ! — 2008 | დეკემბერი
-
-
დეივს მაღალანაზღაურებადი სამუშაო და კეთილმოწყობილი ბინა ჰქონდა. იგი თავის მეგობრებთან ერთად ხშირად ატარებდა დროს. ის იხსენებს: «ერთხელ, როდესაც ღამით წვეულებიდან სახლში ვბრუნდებოდი, უცბად ასეთი შეკითხვა გამიჩნდა: „ნუთუ სულ ეს არის ჩემი ცხოვრება? მხოლოდ მცირე ხანს უნდა ვიცხოვრო და მერე მოვკვდე? ნეტავ ამაზე მეტი არაფერი არსებობს?“ ეს კითხვები იმიტომ გამიჩნდა, რომ შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი».
თავის წიგნში „სიცოცხლის აზრის ძიება“ ვიქტორ ფრანკლი წერს, რომ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც მასთან ერთად გადაურჩნენ ჰოლოკოსტს, საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლების შემდეგ მსგავს კითხვებზე პასუხების ძიება დაიწყეს. სამწუხაროდ ზოგიერთ მათგანს, სახლში რომ დაბრუნდნენ, ახლობლები დაღუპულები დახვდათ. ფრანკლი წერს: „საცოდავია ის ადამიანი, რომელსაც ნანატრი დღე დაუდგება, მაგრამ ცოტა ხანში საშინელი იმედგაცრუება დაეუფლება!“
ვინ ინტერესდება სიცოცხლის აზრით?
კითხვა, თუ რისთვის ვარსებობთ, ყველა თაობის ადამიანს ებადება. ბიბლიაშიც არიან მოხსენიებული ის ადამიანები, ვისაც სიცოცხლის აზრის გაგება სურდა. ერთ-ერთი მათგანი იყო იობი. მას შემდეგ, რაც დაკარგა სიმდიდრე, შვილები და საშინელი დაავადებაც შეეყარა, იობმა ასეთი კითხვა დასვა: „რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი? რატომ მუცლიდან გამოსვლისთანავე არ გავთავდი?“ (იობი 3:11)
წინასწარმეტყველ ელიასაც ეუფლებოდა მტანჯველი გრძნობები. მას ეგონა, რომ იმ დროს მხოლოდ ის იყო ღვთის თაყვანისმცემელი, რის გამოც საშინელ მარტოობას გრძნობდა. ელიამ ღმერთს შეჰღაღადა: „აღარ შემიძლია! წაიღე ჩემი სული, იეჰოვა“ (1 მეფეები 19:4). ასეთი განცდა, ალბათ, არავისთვის არის უცხო. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „ელიაც ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკობი 5:17).
სწორი გეზით სვლა
ცხოვრება მგზავრობას ჰგავს. კაცი, რომელიც ისე დაადგება შორ გზას, რომ წინასწარ არ განსაზღვრავს დანიშნულების ადგილს, დაემსგავსება იმ ადამიანს, რომელმაც არ იცის, რა არის ცხოვრების ნამდვილი მიზანი. ასეთი ადამიანი, როგორც ერთი მწერალი წერს, აჩქარებული ცხოვრების ტყვე ხდება. იგი წერდა მათ შესახებ, ვის ცხოვრებასაც მოპოვებულმა გამარჯვებებმა აზრი ვერ შესძინა, ვინც წარმატებებს მიაღწია, თუმცა იმის ხარჯზე, რაც მათთვის ბევრად ძვირფასი იყო.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ, თუ სწორი მიმართულებით არ მივდივართ, სიჩქარის მომატებას აზრი არა აქვს. შესაბამისად, თუ სიცოცხლის აზრს მხოლოდ იმაში ვხედავთ, რომ აჩქარებული ცხოვრების რიტმს ფეხი ავუწყოთ, სიცარიელეს ვიგრძნობთ და არა ნამდვილ კმაყოფილებას.
-
-
სად ვეძებოთ პასუხები?გამოიღვიძეთ! — 2008 | დეკემბერი
-
-
ერთი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ორი მესამედი იმ აზრისაა, რომ ეკლესიებისა თუ სინაგოგების უმეტესობა ხალხს სიცოცხლის აზრს ვერ ანახვებს.
ამის გამო ბევრი სხვაგან იწყებს პასუხების ძიებას. ზოგი მეცნიერებას მიმართავს, ზოგიც — სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმართულებას, როგორიცაა მაგალითად, ჰუმანიზმი, ნიჰილიზმი, ეგზისტენციალიზმი და ასე შემდეგ. კი მაგრამ, რატომ განაგრძობენ ძიებას, თუ თითქმის ვერავინ პოულობს დამაკმაყოფილებელ პასუხებს?
თანდაყოლილი სულიერი მოთხოვნილება
ფსიქოლოგის, პროფესორ კევინ სიბოულდის აზრით, როგორც ჩანს, ყველა ადამიანს გააჩნია მიდრეკილება, რომ ვიღაცას სცეს თაყვანი. გასულ წლებში მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანებს აქვთ სიცოცხლის აზრის ძიების თანდაყოლილი მიდრეკილება. ადამიანის გენეტიკასა და ფიზიოლოგიაზე დაკვირვებით ზოგი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ადამიანს ზებუნებრივ ძალასთან გარკვეული ურთიერთობის თანდაყოლილი მოთხოვნილება აქვს.
-