მკითხველები გვეკითხებიან
რატომ სთავაზობს ღმერთი ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს?
▪ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი „მარადიული სიცოცხლის“ მიღების შესაძლებლობას გვაძლევს (იოანე 6:40). რა აღძრავს მას ამისკენ? უბრალოდ, სამართლიანობა მოითხოვს ამას?
სამართლიანობაში ადამიანებისადმი სამართლიანად და სწორად მოქცევა იგულისხმება. მაგრამ ნამდვილად ვიმსახურებთ სიცოცხლეს? არა. ბიბლიაში ნათქვამია: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). ცოდვას კი სასჯელი მოჰყვება. ღმერთმა პირველი ადამიანი, ადამი გააფრთხილა, რომ თუ შესცოდავდა, აუცილებლად მოკვდებოდა (დაბადება 2:17). მოგვიანებით პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). თუ ადამის ყველა შთამომავალი სამართლიანად იმსახურებს სიკვდილს, მაშ, რატომ გვაძლევს ღმერთი მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას?
მარადიული სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული „უსასყიდლო ძღვენია“, რაც ღვთის უდიდეს სიყვარულსა და წყალობაზე მეტყველებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და მათთვის უსასყიდლო ძღვენია, რომ მისმა წყალობამ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით და მართლებად არიან აღიარებულნი“ (რომაელები 3:23, 24).
თუმცა თითოეული სიკვდილს ვიმსახურებთ, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ თავისი მოყვარულებისთვის მარადიული სიცოცხლე მიეცა. უსამართლობაა ეს? ბიბლია ამბობს: «მაშ, რას ვიტყვით? უსამართლობაა ღმერთთან? არავითარ შემთხვევაში! ის მოსეს ეუბნება: „ვისაც შევიწყალებ, შევიწყალებ და ვისაც თანავუგრძნობ, თანავუგრძნობ“ . . . ვინა ხარ შენ, ადამიანო, რომ სიტყვას უბრუნებ ღმერთს?» (რომაელები 9:14—20).
ზოგ ქვეყანაში მთავრობამ ან მოსამართლემ შეიძლება შეიწყალოს დამნაშავე, რომელიც მკაცრ სასჯელს იხდის. თუ ის ემორჩილება სადამსჯელო ზომებს და უკეთესობისკენ იცვლება, მოსამართლემ ან პრეზიდენტმა მას შეიძლება სასჯელი შეუმსუბუქოს ან დანაშაული აპატიოს და გაათავისუფლოს. ეს პატიმრის მიმართ წყალობის გამოვლენა იქნებოდა.
მსგავსად იეჰოვას შეუძლია ყველა შემცოდველს აპატიოს სასჯელი, რომელსაც იმსახურებენ. უფრო მეტიც, მას სიყვარული აღძრავს, რომ მარადიული სიცოცხლე უბოძოს მათ, ვისაც ის უყვარს და მისი ნორმების თანახმად ცხოვრობს. ბიბლია ამბობს: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
იეჰოვას სიყვარულის უდიდესი მტკიცება ის არის, რომ მან საკუთარი ძე გამოგზავნა, რათა ჩვენთვის დატანჯულიყო და მომკვდარიყო. იესომ ღვთის შესახებ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
მიუხედავად ადამიანის წარსულისა, იეჰოვა ყველას ერთნაირად იღებს, ვისაც ის უყვარს და მის ნებას ასრულებს. ამგვარად, მარადიული სიცოცხლის იმედი ღვთის წყალობისა და სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა.
[ჩანართი 29 გვერდზე]
მარადიული სიცოცხლე ღვთის წყალობისა და სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა