-
რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს იცოცხლოს?საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ნოემბერი
-
-
რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს იცოცხლოს?
ესპანელი მკვლევარი ხუან პონსე დე ლეონი 1513 წლის 3 მარტს მნიშვნელოვან ექსპედიციაში გაემგზავრა. ის პუერტო-რიკოდან იმ იმედით გავიდა, რომ ბიმინის კუნძულებზე ჩასულიყო. ლეგენდის თანახმად, ის სასწაულებრივ წყაროს — გაახალგაზრდავების წყაროს — ეძებდა. მაგრამ ის მიადგა თანამედროვე ფლორიდის შტატს (აშშ). არარსებული წყარო, რა თქმა უნდა, მან ვერსად იპოვა.
დღეს ადამიანები, ჩვეულებრივ, 70-80 წელზე მეტს ვეღარ ცოცხლობენ. თუმცა ბიბლიაში მოხსენიებულია ადამიანები, რომლებიც უფრო ხანგრძლივად ცხოვრობდნენ, „2002 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი“ აღნიშნავს, რომ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ასაკი 122 წელი და 164 დღე იყო (დაბადება 5:3—32). ჯონ ჰარისმა, ბიოლოგიური კვლევის ეთიკური მხარეების შემსწავლელმა მეცნიერმა თქვა: „თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მეცნიერებამ შეიძლება იმ დონეს მიაღწიოს, როდესაც სიბერე და სიკვდილიც კი გარდაუვალი აღარ იქნება“. XXI საუკუნის არაერთი მეცნიერი ლაპარაკობს „ვირტუალურ უკვდავებაზე“ ანუ იმაზე, რომ „2099 წლისთვის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზღვარი აღარ ექნება“, ასევე „უჯრედების უნარზე, უსასრულოდ ჰქონდეთ დაყოფის უნარი“ და სხვა მსგავს საკითხებზე.
თავის წიგნში „ოცნება მარადიულ სიცოცხლეზე“ მარკ ბენეკი ამბობს: „სიცოცხლის განმავლობაში სხეულის თითქმის ყველა უჯრედი რამდენჯერმე განახლდება . . . დაახლოებით ყოველ შვიდ წელიწადში ახალ სხეულს ვიძენთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით“. მაგრამ ეს პროცესი განუწყვეტლივ არ გრძელდება, რადგან განსაზღვრული რაოდენობით დაყოფის შემდეგ უჯრედი წყვეტს გამრავლებას. ასე რომ არ ყოფილიყო, ბენეკის სიტყვების თანახმად, „ადამიანის სხეული შეძლებდა განახლებას ხანგრძლივი პერიოდის და თვით მარადიულობის განმავლობაში“.
განვიხილოთ აგრეთვე ადამიანის ტვინის საოცარი უნარი. მას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ვიყენებთ ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, ადამიანის ტვინს „გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ამას ადამიანი ცხოვრების განმავლობაში იყენებს“ (1976 წლის გამოცემა, ტომი 12, გვერდი 998). ტვინის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „ფაქტობრივად, ტვინს ინფორმაციის დატევის უსაზღვრო უნარი აქვს“ (How the Brain Learns, by David A. Sousa. Page 78, Second Edition, copyright 2001).
რატომ არ შეუძლიათ მეცნიერებს იპოვონ პასუხი კითხვაზე: რატომ კვდება ადამიანი? რატომ აქვს ადამიანის ტვინს ასეთი უზარმაზარი უნარი? დასაშვებია ვიფიქროთ, რომ მარადიულად ცოდნის მიღებისთვის ვართ შექმნილნი? საერთოდ, რატომ ვფიქრობთ მარადიულ ცხოვრებაზე?
ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი“ (ეკლესიასტე 3:11). ეს სიტყვები გვიჩვენებს, რომ ღმერთმა ჩადო ჩვენში აზრი მარადიული სიცოცხლის შესახებ. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის შევძლებდით გვესწავლა ახალი რამ იეჰოვა ღმერთისა და მისი საქმეების შესახებ. თუ მილიარდობით წელი — უსასრულოდ — ვიცოცხლებდით, შევძლებდით ყოველთვის შეგვევსო ჩვენი ცოდნა ღვთის სასწაულებრივი შემოქმედებითი საქმეების შესახებ ინფორმაციით.
იესოს სიტყვებიც გვიჩვენებს, რომ ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია. მან თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თქვენ რა აზრისა ხართ? გსურთ, იცხოვროთ მარადიულად?
[სურათები 3 გვერდზე]
ხუან პონსე დე ლეონი გაახალგაზრდავების წყაროს ეძებდა.
[საავტორო უფლება]
Ponce de León: Harper’s Encyclopædia of United States History
-
-
გსურთ, იცხოვროთ მარადიულად?საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ნოემბერი
-
-
გსურთ, იცხოვროთ მარადიულად?
„მე სიკვდილის არ მეშინია, — თქვა იაპონელმა ხანდაზმულმა ქალბატონმა, — მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ ყვავილებთან განშორება მომიწევს“. ქრისტიანმა მსახურმა, რომელიც მას სახლში ესტუმრა, მშვენივრად გაუგო ამ ქალბატონს, რადგან მას საუცხოო ბაღი ჰქონდა. მრავალნი, რომლებიც ამბობენ, რომ არა აქვთ სიკვდილის შიში, ტკბებიან შემოქმედების სასწაულით და, ფაქტობრივად, მარადიული ცხოვრება სურთ.
მარადიული სიცოცხლე? მრავალმა შეიძლება მაშინვე უარყოს მსგავსი აზრი. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ასეთი სიცოცხლე საინტერესო არ იქნება. რატომ ფიქრობენ ისინი ასე?
მარადიული ცხოვრება — მოსაწყენია?
ზოგი ფიქრობს, რომ მარადიული ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. მათ შეიძლება მაგალითად მოჰყავთ იმ მრავალი პენსიონერის ცხოვრება, რომლებსაც არც ისე ბევრი საქმე აქვთ და თითქმის მთელ დღეებს ტელევიზორთან ატარებენ. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა ასტრონომმა რობერტ იასტროვმა, როდესაც ჰკითხეს, მარადიული სიცოცხლე კურთხევა იქნებოდა თუ წყევლა. იასტროვმა უპასუხა: „ის კურთხევა იქნებოდა იმ ადამიანებისთვის, ვინც სწავლას არის მოწყურებული და მისი მიღების დიდი სურვილი აქვს. ის აზრი, რომ ყოველთვის შეძლებდნენ ახალ-ახალი ინფორმაციის ათვისებას, მათ დიდ სიხარულს მოუტანდა. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ რის სწავლაც შეიძლებოდა უკვე ისწავლეს, და მეტის სწავლის სურვილი აღარ აქვთ, ეს საშინელი წყევლა იქნებოდა. მათ არ ეცოდინებოდათ, სად წაეღოთ ამდენი დრო“.
იქნება თუ არა მარადიული ცხოვრება მოსაწყენი, დამოკიდებულია თქვენივე განწყობაზე. თუ თქვენ სწავლას ხართ მოწყურებულნი და მისი მიღების დაუცხრომელი სურვილი გაქვთ, წარმოიდგინეთ, რამდენის სწავლას შეძლებთ სახვით ხელოვნებაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, მებაღეობასა თუ ყველა იმ სფეროში, რაც თქვენ გაინტერესებთ. მარადიული სიცოცხლე შესაძლებლობას მოგცემთ, განავითაროთ თქვენში არსებული სხვადასხვა პოტენციალი.
იმის უნარი, რომ შეგვიძლია გვიყვარდეს და სხვების სიყვარულსაც ვგრძნობდეთ, მარადიულ ცხოვრებას ნამდვილად სასიამოვნოს ხდის. ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ გამოვავლინოთ სიყვარული და დიდ სიამოვნებას განვიცდით, როდესაც ჩვენ მიმართაც ავლენენ ამავე გრძნობას. ნამდვილ სიყვარულს დიდი კმაყოფილება მოაქვს, რასაც ვერაფერს აკლებს ჟამთა სვლა. მარადიულად ცხოვრება იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მუდამ გავიღრმავოთ სიყვარული არა მარტო ადამიანების, არამედ განსაკუთრებით ღმერთის მიმართ. „ვისაც ღმერთი უყვარს, — თქვა მოციქულმა პავლემ — მას ღმერთი იცნობს“ (1 კორინთელები 8:3). რა დიდებული შესაძლებლობაა — იცნობდე სამყაროს უზენაეს მმართველს და ისიც გიცნობდეს შენ! გარდა ამისა, მოსიყვარულე შემოქმედის შესახებ შემეცნების მიღებას დასასრული არ ექნება. მაშ, როგორ შეიძლება მარადიული ცხოვრება მოსაწყენი და არაფრის მომტანი იყოს?
სიცოცხლე — წარმავალი და ამიტომ ძვირფასი?
ზოგიერთის აზრით, ცხოვრება იმიტომ არის ასე ძვირფასი, რომ იგი ხანმოკლეა და წარმავალი. ისინი, შესაძლოა, სიცოცხლეს ადარებენ ოქროს, რომელიც შეზღუდული რაოდენობით მოიპოვება. მათი აზრით, თუ ოქროს მოპოვება ყველგან იქნებოდა შესაძლებელი, ის ფასს დაკარგავდა. მაგრამ ის ხომ კვლავაც შეინარჩუნებდა თავის სილამაზეს?! იგივე შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ სიცოცხლეზე.
ჩვენ შეიძლება მარადიული ცხოვრება შევადაროთ ჰაერს, რომელიც უხვად გვაქვს. ჰაერი განსაკუთრებით ძვირფასი იქნებოდა მეზღვაურებისთვის, რომლებიც მწყობრიდან გამოსულ წყალქვეშა ნავში იმყოფებიან. გადარჩენის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, გამოავლენდნენ ისინი უმადურობას და დაიწყებდნენ წუწუნს იმის გამო, რომ ჰაერი უხვად აქვთ? რა თქმა უნდა, არა!
ამ მეზღვაურების მსგავსად, გადარჩენა ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ბევრად უკეთესი პერსპექტივა — მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა — გვაქვს. „ცოდვის საზღაური სიკვდილია, — დაწერა მოციქულმა პავლემ, — ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით ღმერთი კაცობრიობას არასრულყოფილებასა და სიკვდილს ჩამოაშორებს და მორჩილ ადამიანებს ძღვენს, მარადიულ სიცოცხლეს, აჩუქებს. რა მადლიერები უნდა ვიყოთ ასეთი მოსიყვარულე მზრუნველობისთვის!
რას იტყოდით თქვენთვის საყვარელ ადამიანებზე?
ზოგმა შეიძლება იფიქროს: რა მოუვათ ჩემთვის საყვარელ ადამიანებს? მარადიულ ცხოვრებას ჩემთვის დიდი არაფერი ფასი ექნება, თუ ახლობლები ჩემთან არ იქნებიან. შესაძლებელია თქვენ უკვე მიიღეთ ბიბლიური შემეცნება და გაიგეთ, რომ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა გაქვთ (ლუკა 23:43; იოანე 3:16; 17:3). ბუნებრივია გინდათ, რომ ოჯახის წევრები და თქვენი საყვარელი მეგობრებიც თქვენთან იყვნენ, და განიცადონ ისეთივე სიხარული, როგორის განცდის იმედიც თქვენ გაქვთ ღვთის მიერ დაპირებულ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13).
მაგრამ რა შეიძლება ითქვას, როდესაც თქვენი მეგობრები და საყვარელი ადამიანები არ ავლენენ არავითარ ინტერესს სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მიმართ? არ დაუშვათ, რომ ამან ხალისი დაგაკარგვინოთ. განაგრძეთ ზუსტი ბიბლიური შემეცნების მიღება და იმოქმედეთ ნასწავლის შესაბამისად. პავლე მოციქულმა დაწერა: „რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?“ (1 კორინთელები 7:16). ადამიანები იცვლებიან. მაგალითად, ერთი კაცი, რომელიც ადრე ქრისტიანობის მოწინააღმდეგე იყო, შეიცვალა და მოგვიანებით ქრისტიანულ კრებაში უხუცესად დაინიშნა. ის ამბობს: „მადლიერი ვარ ჩემი ძვირფასი ოჯახის წევრების, რომლებმაც მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მათ წინააღმდეგობას ვუწევდი, არ დათმეს ბიბლიური პრინციპები“.
ღმერთი ძალიან არის დაინტერესებული პირადად თქვენი და თქვენთვის საყვარელი ადამიანების ცხოვრებით. ნამდვილად, იეჰოვას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9). იეჰოვა ღმერთს უნდა, რომ თქვენ და თქვენთვის ძვირფასმა ადამიანებმა მარადიულად იცოცხლოთ. მისი სიყვარული აღემატება არასრულყოფილი ადამიანების სიყვარულს (ესაია 49:15). ასე რომ, განავითარეთ ღმერთთან კარგი ურთიერთობა! ეს შესაძლებლობას მოგცემთ, დაეხმაროთ თქვენს ახლობლებს, იგივე გააკეთონ. შეიძლება ახლა ისინი არც კი იზიარებენ მარადიული ცხოვრების იმედს, მაგრამ შესაძლოა აზრი შეიცვალონ მას შემდეგ, რაც დაინახავენ თქვენს საქმეებს, რომლებიც ზუსტ ბიბლიურ შემეცნებას შეესაბამება.
რა შეიძლება ითქვას თქვენთვის საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც გარდაიცვალნენ? მილიონობით გარდაცვლილისთვის, ბიბლიაში მოცემულია მკვდრეთით აღდგენის შესანიშნავი იმედი, დიახ, გაცოცხლებისა და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი. იესო ქრისტე დაგვპირდა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან . . . გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). ისინიც კი, რომლებიც ისე დაიღუპნენ, რომ ღმერთის შესახებ შემეცნება არ მიუღიათ, აღდგებიან საცხოვრებლად, რადგან ბიბლია ამბობს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). რა სასიხარულო იქნება გაცოცხლებულებთან შეხვედრა!
მარადიული ცხოვრება — სასიხარულო მომავალი
დღეს მსოფლიოში არსებული საშინელებების მიუხედავად, თუ შეგიძლიათ ბედნიერებისა და კმაყოფილების პოვნა, მაშინ აუცილებლად შეძლებთ გაიხაროთ მარადიული ცხოვრებით სამოთხეში დედამიწაზე. როდესაც იეჰოვას მოწმემ მოიხსენია კურთხევები, რომლებსაც მარადიული სიცოცხლე მოიტანს, ერთმა ქალბატონმა მას უთხრა: „არ მინდა, ვიცხოვრო მარადიულად. 70-80 წელი ჩემთვის სრულიად საკმარისია“. ქრისტიანმა უხუცესმა, რომელიც ამ საუბარს ესწრებოდა, ჰკითხა ქალს: „გიფიქრიათ ოდესმე, რას იგრძნობენ თქვენი შვილები, როცა თქვენ გარდაიცვლებით?“ ქალს ცრემლები გადმოსცვივდა, როდესაც წარმოიდგინა, თუ როგორ დაამწუხრებდა მათ დედის დაკარგვა. პირველად გავაცნობიერე, როგორი ეგოისტი ვყოფილვარ, — აღიარებს ის. — დავინახე, რომ მარადიული სიცოცხლის იმედი ეგოისტური კი არ არის, არამედ ეს ნიშნავს, იცხოვრო სხვებისთვის“.
ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ იცოცხლებენ ისინი თუ არა, ამას არავისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი სიცოცხლის მომცემი ამბობს: „ცოცხალი ვარ მე . . . არ მსურს მე ბოროტმომქმედის სიკვდილი, არამედ ბოროტმომქმედის მოქცევა მისი გზიდან, რომ იცოცხლოს მან“ (ეზეკიელი 33:11). თუ ღმერთი ასე ზრუნავს ბოროტმოქმედებზეც კი, მაშ რამდენად მეტად უნდა ზრუნავდეს მათზე, ვისაც ის უყვარს?!
ძველი ისრაელის მეფე, დავითი, დარწმუნებული იყო იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობაში. ერთხელ მან თქვა: „ჩემს დედ-მამას რომც მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“ (ფსალმუნები 26:10, აქ [27:10]). დავითი, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ თავის მშობლებს უყვარდა. მაგრამ, მაშინაც კი, თუ მშობლები — მისთვის ყველაზე უახლოესი ადამიანები — მიატოვებდნენ, მან იცოდა, რომ ღმერთი მაინც არ მიატოვებდა. იეჰოვას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე. ამიტომ გვთავაზობს მარადიულ სიცოცხლეს და მეგობრობას, რომელსაც დასასრული არ ექნება (იაკობი 2:23). განა მადლიერებით არ უნდა მივიღოთ ასეთი ძვირფასი ძღვენი?
[სურათი 7 გვერდზე]
თუ ღმერთი და მოყვასი გვეყვარება, მარადიულ ცხოვრებასაც ფასი ექნება.
-