საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რეალურია მარადიული სიცოცხლე?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 აპრილი
    • რეალურია მარადიული სიცოცხლე?

      „მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ (მათე 19:16)

      1. რა შეიძლება ითქვას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით?

      სპარსეთის მეფე ქსერქსე I-მა, რომელიც ბიბლიაში ახაშვეროშად არის მოხსენიებული, ძვ. წ. 480 წელს, ბრძოლის წინ, ჯარს გადახედა (ესთერი 1:1, 2). როგორც ბერძენი მემატიანე ჰეროდოტე იტყობინება, ამ გადახედვამ მეფე აატირა. რატომ? „სინანულმა მომიცვა, — თქვა ქსერქსემ, — როდესაც დავფიქრდი, რა მოკლეა ადამიანის სიცოცხლე, რადგან ამდენი ხალხიდან ერთიც აღარ იქნება ცოცხალი ასი წლის შემდეგ“. ალბათ, თქვენც შეგინიშნავთ, რომ სიცოცხლე საოცრად ხანმოკლეა და არავის სურს დაბერება, ავადმყოფობა და სიკვდილი. ო, რა კარგი იქნებოდა ყოველთვის ახალგაზრდული ჯანმრთელობა გვქონოდა და ბედნიერები ვყოფილიყავით! (იობი 14:1, 2).

      2. რას მოელის მრავალი და რატომ?

      2 საინტერესოა ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ 1997 წლის 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია „მათ არ სურთ სიკვდილი“, სადაც ციტირებული იყო ერთ-ერთი მკვლევარის სიტყვები: „მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მარადიულად მცხოვრები პირველი თაობა ვიყოთ“. შესაძლოა, თქვენც ასე გწამთ, ალბათ იმიტომ, რომ ბიბლია აღგვითქვამს დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3, 4). მაგრამ ამ საკითხისადმი ზოგის რწმენა ბიბლიაზე არ არის დაფუძნებული. ორი ასეთი საფუძვლის, გარჩევა დაგვეხმარება, გავიგოთ, რომ მარადიული ცხოვრება რეალურია.

      მარადიული სიცოცხლისთვის შექმნილი

      3, 4. ა) რატომ სჯერა ზოგს, რომ მარადიული სიცოცხლე რეალურია? ბ) რა თქვა დავითმა თავისი ჩანასახოვანი განვითარების შესახებ?

      3 ჩვენი ორგანიზმი საოცრად არის შექმნილი და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მრავალს სწამს, რომ ადამიანმა მარადიულად უნდა იცოცხლოს. მაგალითად, დედის საშვილოსნოში ორგანიზმის განვითარება მართლაც სასწაულებრივად მიმდინარეობს. სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ მეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი წერდა: „ჩასახვის, დაბადების, სქესობრივი მომწიფებისა და ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბების სასწაულის მოხდენის შემდეგ ბუნებას აღარაფერი შეუქმნია ამ სასწაულის მარადიულად შესანარჩუნებლად, რაც, ერთი შეხედვით, შედარებით მარტივი უნდა ყოფილიყო“. დიახ, ჩვენი ორგანიზმის საოცარ აგებულებაზე დაკვირვება ბადებს კითხვას: რატომ უნდა ვკვდებოდეთ?

      4 ათასობით წლის წინათ ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი, დავითი, ფიქრობდა ამ სასწაულებზე, თუმცა დღევანდელი სწავლულებისგან განსხვავებით, მას არ შეეძლო საშვილოსნოში ჩაეხედა. დავითი ფიქრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა ‘დედის მუცელში’. მისი სიტყვების თანახმად, იმ დროს ‘იძერწებოდა მისი თირკმელნი’. ‘იდუმალებაში ჩასახვის’ პერიოდში ჩამოუყალიბდა „ძვლები“. შემდეგ დავითი საკუთარ „ჩანასახზე“ ამბობდა, რომ მისი სხეულის ნაწილების განვითარება ‘ჩაწერილია [ღვთის] წიგნში’ (ფსალმუნი 138:13–16).

      5. რა სასწაულები ხდება საშვილოსნოში ჩანასახის განვითარებისას?

      5 რა თქმა უნდა, დედის საშვილოსნოში დავითის განვითარების შესახებ პირდაპირი გაგებით არავითარი ხელნაწერები არ არსებობდა, მაგრამ დავითის წარმოდგენაში, მისი ‘თირკმლების’, ‘ძვლებისა’ და სხეულის სხვა ნაწილების ფორმირება გარკვეული გეგმის მიხედვით ხდებოდა, თითქოს ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ‘წიგნში ყოფილიყოს ჩაწერილი’. თითქოს დედის მუცელში მყოფ განაყოფიერებულ უჯრედს წიგნებით სავსე ოთახი ჰქონდა და ამ წიგნებში დაწვრილებით იყო აღწერილი, მისი შემდგომი განვითარების პროცესი, ეს რთული ინფორმაცია კი ყოველ ახალ უჯრედს გადაეცემოდა. მსგავსადვე, მეტაფორულ გამოთქმას იყენებს ჟურნალი „მეცნიერული სამყარო“ და აღნიშნავს, რომ «განვითარებად ემბრიონში თითოეულ უჯრედს აქვს „ფუნქციონირების პროგრამის სრული კომპლექტი“».

      6. დავითის სიტყვების თანახმად, რა მტკიცებები არსებობს იმისა, რომ ‘საოცრებით ვართ შენივთულნი’?

      6 გიფიქრიათ ოდესმე ჩვენი სხეულის საოცარ ფუნქციონირებაზე? ბიოლოგი ჯარედ დაემონდი აღნიშნავს: „ნაწლავების ამომფენ უჯრედებს რამდენიმე დღეში ვიცვლით, შარდის ბუშტის ამომფენს — ყოველ ორ თვეში, სისხლის წითელ უჯრედებს კი ყოველ ოთხ თვეში“. შემდეგ კი ასეთ დასკვნას აკეთებს: „ბუნება ყოველდღე გვშლის და გვაწყობს“. სინამდვილეში, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ რამდენი წლისაც უნდა ვიყოთ, 8-ის, 80-ის თუ 800-ის, ჩვენი ფიზიკური სხეული ახალგაზრდა რჩება. ერთმა მეცნიერმა დაახლოებით გამოთვალა, რომ „წლის განმავლობაში ჩვენი სხეულის ატომების 98 პროცენტი განახლებას განიცდის და მათ ატმოსფეროდან, საკვებიდან და სასმელიდან მიღებული ატომები ცვლიან“. მართლაც, როგორც დავითი ამბობდა: ‘საოცრებით ვართ შენივთულნი’ (ფსალმუნი 138:14).

      7. ჩვენი ფიზიკური სხეულის აგებულებაზე დაკვირვებამ რა დასკვნამდე მიიყვანა ზოგიერთი?

      7 ადამიანის სხეულის აგებულების საფუძველზე ერთმა გერონტოლოგმა აღნიშნა: „გაუგებარია, რატომ ბერდება ადამიანი“. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მან მარადიულად უნდა იცოცხლოს. ამიტომაც, ადამიანი ამ მიზნის მიღწევას მეცნიერული აღმოჩენების გამოყენების საშუალებით ცდილობს. არც ისე დიდი ხნის წინათ, დოქტორი ალვინ სილვერსტაინი თავის წიგნში „სიკვდილის დამარცხება“ სრულიად დარწმუნებული წერდა: „ჩვენ ჩავწვდებით სიცოცხლის არსს. გავიგებთ . . . როგორ ბერდება ადამიანი“. რას მოგვიტანს ეს? დოქტორი წინასწარმეტყველბდა: «აღარ იქნებიან „მოხუცები“, რადგან ცოდნა, რომლითაც სიკვდილს დავამარცხებთ, უსასრულო ახალგაზრდობასაც მოგვიტანს». თუ მხედველობაში მივიღებთ ადამიანის აგებულების შესახებ თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს, დაუჯერებელია აზრი, სიცოცხლის მარადიულობის შესახებ? არსებობს კიდევ სხვა, უფრო საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ მარადიული სიცოცხლე რეალურია.

      მარადიულად სიცოცხლის სურვილი

      8, 9. რა ბუნებრივი სურვილი ჰქონდათ ადამიანებს კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში?

      8 შეგინიშნავთ ოდესმე, რომ მარადიულად ცხოვრება ადამიანის ბუნებრივი სურვილია? ერთი დოქტორი გერმანულ ჟურნალში წერდა: „ოცნება უსასრულო სიცოცხლეზე, ალბათ, კაცობრიობის ხნისაა“. „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ ძველი ევროპელების რელიგიური შეხედულებების აღწერისას ნათქვამია: „ღირსეულები მარადიულად იცხოვრებენ მოოქრულ მბრწყინავ სასახლეში“. ოჰ, რა აღარ მოსინჯა ადამიანმა მარადიული სიცოცხლის სურვილის დასაკმაყოფილებლად.

      9 ენციკლოპედია „ამერიკანაში“ აღნიშნული იყო, რომ 2000 წელზე მეტი ხნის წინათ ჩინეთში „იმპერატორებიცა და [უბრალო] ხალხიც დაოსისტი მღვდლების ხელმძღვანელობით ტოვებდნენ ყოველგვარ საქმეს და სიცოცხლის ელექსირს — ეგრეთ წოდებულ უკვდავ-უბერებლობის წყაროს ეძებდნენ. ოდითგანვე ხალხს სწამდა, რომ ათასნაირი ნახარში ან წყლები ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა.

      10. რას ცდილობენ დღეს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად?

      10 არც დღეს შეუწყვეტია კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის თანდაყოლილი სურვილის დაკმაყოფილების მცდელობა. ამის თვალსაჩინო მაგალითია მკვდრის გაყინვა იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეძლებენ მისი დაავადების განკურნებასა და ადამიანის გაცოცხლებას. ამ მეთოდის (კრიოკონსერვაციის) ერთი მომხრე წერდა: «თუ ჩვენი მოლოდინი გამართლდება და ცნობილი გახდება, როგორ განიკურნება ანუ „შეკეთდება“ ორგანიზმის ყოველგვარი დაზიანება, მათ შორის უძლურება და სიბერე, მაშინ, ვინც ახლა „კვდება“, მომავალში უსასრულოდ იცოცხლებს».

      11. რატომ სურთ ადამიანებს მარადიული სიცოცხლე?

      11 რატომაა მარადიული სიცოცხლის სურვილი ასე გამჯდარი ჩვენს აზროვნებაში? — შეიძლება იკითხოთ. იმიტომ, ხომ არა, რომ „[ღმერთმა] საუკუნენი მისცა გულთა შინა. . . [კაცთა]“ („ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). ეს ყურადსაღები საკითხია! დაუფიქრდით: რატომ უნდა გვქონოდა საუკუნო, მარადიული სიცოცხლის თანდაყოლილი სურვილი, თუ მისი დაკმაყოფილება ჩვენი შემოქმედის განზრახვაში არ შედიოდა? მისი მხრიდან, განა სიყვარულის გამოვლენა იქნებოდა, შევექმენით მარადიული სიცოცხლის სურვილით, თუ მისი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა? (ფსალმუნი 144:16).

      ვისზე უნდა დავამყაროთ იმედი?

      12. რა სწამს ზოგიერთს და გჯერათ თუ არა, რომ ამისთვის საფუძვლიანი მიზეზი აქვთ?

      12 მაგრამ რაზე ან ვისზე დავამყაროთ მარადიული სიცოცხლის იმედი? XX-XXI საუკუნის ტექნიკურ წინსვლაზე? ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ გამოქვეყნებული სტატია „მათ სიცოცხლე უნდათ“ ლაპარაკობს „ღვთაებაზე — ტექნიკურ წინსვლაზე“ და „ტექნიკური წინსვლის პოტენციალისადმი რწმენაზე“. ერთმა მკვლევარმა ისიც კი თქვა: „დარწმუნებული იყავით . . . გენეტიკური ოპერაციებით მალე შევძლებთ დაბერების პროცესის შეჩერებას და გაახალგაზრდავებასაც კი“. მაგრამ დაბერების პროცესის შეჩერებისა თუ სიკვდილის ძლევის ყოველგვარი მცდელობა, სრული კრახით მთავდრება.

      13. როგორ გვიჩვენებს ჩვენი ტვინის აგებულება, რომ მარადიული სიცოცხლისთვის ვართ შექმნილი?

      13 ნიშნავს ეს, რომ შეუძლებელია მარადიულად ცხოვრება? არავითარ შემთხვევაში! მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია! ამაში გვარწმუნებს ჩვენი ტვინის საოცარი აგებულება, ტვინისა, რომელსაც ინფორმაციის მიღების განუსაზღვრელი უნარი აქვს. მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერმა ჯეიმზ უატსონმა ჩვენს ტვინს „სამყაროში აღმოჩენილ მექანიზმებს შორის ურთულესი“ უწოდა. ნევროლოგმა რიჩარდ რესტაკმა კი თქვა: „ადამიანისთვის ნაცნობ სამყაროში მას ვერაფერი ვერ შეედრება“. დაუფიქრდით: რად გვინდა ინფორმაციის დამახსოვრებისა და ათვისების განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონე ტვინი და მარადიულად არსებობის უნარის მქონე სხეული, თუ მარადიული სიცოცხლისთვის არა ვართ შექმნილი?

      14. ა) ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით, რას ცხადყოფენ ბიბილიის მწერლები? ბ) რატომ უნდა დავამყაროთ იმედი ღმერთზე და არა ადამიანებზე?

      14 ამიტომ, რა ერთადერთ გონივრულ, რეალურ დასკვნამდე უნდა მივიდეთ? განა რაიმე ეჭვს იწვევს, რომ ჩვენ მარადიული სიცოცხლისთვის ყოვლადძლიერმა, გონიერმა შემოქმედმა შეგვქმნა? (იობი 10:8; ფსალმუნი 35:10; 99:3; მალაქია 2:10; საქმეები 17:24, 25). განა გონივრული არ არის დავეთანხმოთ ფსალმუნმომღერლის ღვთივსულიერ სიტყვებს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“? რატომ არ უნდა დავამყაროთ იმედი ადამიანებზე? ფსალმუნმომღერლის სიტყვებით რომ ვუპასუხოთ, იმიტომ რომ: „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“. მართლაც, ადამიანს კი აქვს მარადიულად ცხოვრების პოტენცია, მაგრამ სიკვდილის პირისპირ უმწეოა. ბოლოს, ფსალმუნმომღერალი დასკვნას აკეთებს: „ნეტარ არს, . . ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე“ (ფსალმუნი 145:3–5).

      ნამდვილად ღმერთის განზრახვაა?

      15. რა ცხადყოფს, რომ ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მოცემა ღვთის განზრახვაა?

      15 ნამდვილად იეჰოვამ განიზრახა, რომ მარადიულად ვიცხოვროთ? — შეიძლება იკითხოთ თქვენ. დიახ, ნამდვილად! მის სიტყვაში მრავალჯერ არის ეს აღთქმული. ‘ღვთის მადლია მარადიული სიცოცხლე’ — გვარწმუნებს ბიბლია. ღვთის მსახური იოანე წერდა: „აღთქმა, რომელიც მან [ღმერთმა] აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა“. გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდა კაცმა იესოს ჰკითხა: „მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ (რომაელთა 6:23; 1 იოანე 2:25; მათე 19:16). მოციქული პავლე წერდა ‘საუკუნო სიცოცხლის იმედზე, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნო დროთა უწინ’ (ტიტე 1:2).

      16. რას ნიშნავს, რომ ღმერთმა „უწინარეს საუკუნეთა“ აღუთქვა ადამიანებს მარადიული სიცოცხლე?

      16 რას ნიშნავს, რომ ღმერთმა საუკუნო სიცოცხლე აღგვითქვა „საუკუნო დროთა უწინ“? ზოგის აზრით, მოციქული პავლე გულისხმობდა, რომ ღმერთს პირველი წყვილის, ადამისა და ევას, შექმნამდე ჰქონდა განზრახული ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლის მიცემა; მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოციქული აქ ადამიანების შექმნის შემდგომ პერიოდზე ლაპარაკობდა, პერიოდზე, როდესაც იეჰოვამ თავისი განზრახვა განაცხადა, მაინც ნათელია, რომ ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლის მიცემა შედიოდა ღვთის ნებაში.

      17. რატომ იქნენ ადამი და ევა ედემიდან გაძევებული და რატომ იცავდნენ ქერუბიმები ბაღის შესასვლელს?

      17 ბიბლია მოგვითხრობს, რომ ედემის ბაღში „აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან . . . ხე სიცოცხლისა“. ცოდვილი ადამის ბაღიდან გაძევების მიზეზი ის იყო, რომ ‘არ გაეწოდა ახლა ხელი და არ მოეწყვიტა სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეეჭამა და არ ეცოცხლა’. დიახ, მარადიულად! ადამისა და ევას ედემიდან გაძევების შემდეგ იეჰოვამ ბაღს „ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ (დაბადება 2:9; 3:22–24).

      18. ა) რას მოუტანდათ ადამსა და ევას სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამა? ბ) რას ნიშნავდა იმ ხის ნაყოფის ჭამა?

      18 რას მოუტანდათ ადამსა და ევას სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამა? მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში! ერთ-ერთმა ბიბლეისტმა თქვა: „სიცოცხლის ხეს უნდა ჰქონოდა რაღაც თვისება, რაც ადამიანს ასაკთან დაკავშირებული დაუძლურებისა და სიკვდილისგან დაიცავდა“. ის იმასაც კი ამტკიცებდა, რომ „სამოთხეში [დაბერების] საწინააღმდეგო ბალახეულობა იზრდებოდა“. მაგრამ ბიბლია არ ამბობს, რომ იმ ხეს სიცოცხლის მომცემი თვისებები ჰქონდა. ის, უბრალოდ, ღვთისგან ბოძებული მარადიული სიცოცხლის გარანტიას წარმოადგენდა მათთვის, ვისაც თავად, მისი ნაყოფის ჭამის ნებას დართავდა (გამოცხადება 2:7).

      ღვთის განზრახვა არ შეცვლილა

      19. რატომ მოკვდა ადამი და რატომ ვკვდებით ჩვენც, მისი შთამომავლები?

      19 შეცოდების შედეგად ადამმა არა მარტო თვითონ დაკარგა მარადიული სიცოცხლის უფლება, არამედ თავის შთამომავლებსაც დაუკარგა (დაბადება 2:17). როდესაც დაუმორჩილებლობა გამოავლინა და შესცოდა, მას ზადი გაუჩნდა ანუ არასრულყოფილი გახდა. იმ დროიდან მისი სხეული, ასე ვთქვათ, სიკვდილისთვის დაპროგრამდა, რადგან ბიბლიის თანახმად: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა 6:23). უფრო მეტიც, ადამის არასრულყოფილი შთამომავლობაც სიკვდილისთვის დაპროგრამდა და არა საუკუნო სიცოცხლისთვის. ბიბლია განმარტავს: „ერთი ადამიანის [ადამის] მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12).

      20. რა ცხადყოფს, რომ ადამიანებს მარადიულად უნდა ეცხოვრათ დედამიწაზე?

      20 მაგრამ რა მოხდებოდა, ადამს რომ არ შეეცოდა? რა იქნებოდა, თუ ღვთისადმი მორჩილი დარჩებოდა და სიცოცხლის ხიდან ნაყოფის ჭამის უფლება ექნებოდა? სად გაიხარებდა ღვთის ძღვენით, მარადიული სიცოცხლით? ზეცაში? არა! ღმერთს არ უთქვამს, რომ ადამს ზეცაში წაიყვანდა. მას დავალება დედამიწაზე მიეცა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი“. — და მასში აღნიშნულია, რომ: „აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად“ (დაბადება 2:9, 15). მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამს მეუღლე, ევა, შეუქმნა, ორივეს დედამიწაზე კიდევ ერთი დავალება მისცა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28).

      21. რა სასწაულებრივი პერსპექტივა ჰქონდა ადამიანთა პირველ წყვილს?

      21 წარმოიდგინეთ, რა სასწაულებრივ პერსპექტივას უქმნიდა დედამიწაზე ადამსა და ევას ღვთის ეს მითითებები! ისინი იცხოვრებდნენ დედამიწაზე სამოთხეში და სრულიად ჯანმრთელი შვილები ეყოლებოდათ. როდესაც მათი საყვარელი შვილები წამოიზრდებოდნენ, ისინიც გამრავლდებოდნენ და მათთან ერთად მოუვლიდნენ სამოთხეს. ადამიანები, მათი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ცხოველებთან ერთად, კი ძალიან კმაყოფილები იქნებოდნენ. წარმოიდგინეთ მათი სიხარული, როდესაც ედემის ბაღის საზღვრები თანდათანობით გაფართოვდებოდა და საბოლოოდ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა! არ ისურვებდით, სრულყოფილ შვილებთან ერთად გეცხოვრათ დედამიწაზე ისეთ მშვენიერ პირობებში, სადაც არც კი ეცოდინებოდათ რა არის სიბერე და სიკვდილი? თქვენმა გულმა უპასუხოს ამ კითხვაზე.

      22. რატომ შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა არ შეცვლილა?

      22  მას შემდეგ რაც ღმერთმა ადამი და ევა ურჩობის გამო ედემის ბაღიდან გააძევა, შეცვალა თავისი განზრახვა, ადამიანებისთვის სამოთხეში მარადიული სიცოცხლის მიცემის შესახებ? არავითარ შემთხვევაში! ასე მოქცევა იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ვერ შეასრულებდა თავის თავდაპირველ განზრახვას. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ასრულებს აღთქმულს: „ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ — ამბობს ის (ესაია 55:11).

      23. ა) რა განამტკიცებს ჩვენს რწმენას იმის მიმართ, რომ ღვთის განზრახვაა სიმართლის მოყვარულებმა მარადიულად იცხოვრონ დედამიწაზე? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      23 დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა რომ არ შეცვლილა, აშკარად არის ნაჩვენები ბიბლიაში, სადაც ღმერთი აღგვითქვამს: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას [ანუ დედამიწას] და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“. მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემაც თქვა, რომ თვინიერნი დაიმკვიდრებდნენ დედამიწას (ფსალმუნი 36:29; მათე 5:5). მაგრამ როგორ შეგვიძლია მარადიული სიცოცხლის მიღება და რა უნდა ვაკეთოთ ამისათვის? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

  • მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ერთადერთი გზა
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 აპრილი
    • მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ერთადერთი გზა

      „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6)

      1, 2. რა თქვა იესომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზის შესახებ და რა მნიშვნელობა აქვს მის თვალსაჩინო მაგალითს?

      მთაზე ქადაგებისას იესო ამბობს, რომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე გასვლა მხოლოდ კარიბჭით შეიძლება. მაგრამ აღნიშნავს იმასაც, რომ ამ გზაზე სიარული იოლი არ არის. ის ამბობს: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც [მარადიული] სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14).

      2 ჩასწვდით ამ თვალსაჩინო მაგალითის მნიშვნელობას? განა აშკარად არ ჩანს, რომ არსებობს მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ერთადერთი გზა და ამ გზაზე დარჩენა ჩვენი მხრიდან ძალისხმევას მოითხოვს? მაშ, რა არის მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ეს ერთადერთი გზა?

      იესო ქრისტეს როლი

      3, 4. ა) როგორ ცხადყოფს ბიბლია იესოს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ხსნის საკითხში? ბ) პირველად როდის განაცხადა ღმერთმა, რომ კაცობრიობას შეეძლო მარადიულად ეცოცხლა?

      3 ცხადია, ამ გზასთან დაკავშირებით იესო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც მოციქულ პეტრეს სიტყვებიდან ჩანს: „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი [გარდა იესოსი], რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). მსგავსი აზრი გამოთქვა პავლე მოციქულმა: „ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23). იესომ თვითონაც აღნიშნა, რომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზა მასზე გადიოდა: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6).

      4 ასე რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ იესო ქრისტეს როლი მარადიული სიცოცხლის დამკვიდრებაში. ამიტომ მოდი უფრო დაწვრილებით გავარჩიოთ მისი როლი. ცნობილია თქვენთვის, ადამის შეცოდების შემდეგ პირველად როდის განაცხადა იეჰოვა ღმერთმა, რომ კაცობრიობა საუკუნო სიცოცხლეს დაიმკივდრებდა? ეს იყო უშუალოდ ადამის შეცოდების შემდეგ. მოდი გამოვიკვლიოთ, რა იყო პირველად ნაწინასწარმეტყველები იესო ქრისტეს, როგორც კაცობრიობის მხსნელის, შესახებ.

      აღთქმული თესლი

      5. რის თქმა შეგვიძლია გველზე, რომელმაც ევა აცდუნა?

      5 ღმერთმა სიმბოლური ენით აღწერა აღთქმული მხსნელი მაშინ, როცა განაჩენი გამოუტანა ‘გველს’, რომელიც ევას დაელაპარაკა და რომელმაც აკრძალული ხილის ჭამით ღვთისადმი დაუმორჩილებლობის გამოვლენისკენ უბიძგა (დაბადება 3:1–5). რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი პირდაპირი გაგებით გველზე არ მიდიოდა. საქმე ეხებოდა ძლიერ სულიერ ქმნილებას, რომელსაც ბიბლიაში ‘ძველი გველი, ეშმაკი და სატანა ჰქვია’ (გამოცხადება 12:9). სატანამ ევას საცდუნებლად ეს ქვეწარმავალი გამოიყენა, ამიტომ ღმერთმა ასეთი განაჩენი გამოუტანა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის [დედაკაცის თესლი] თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15).

      6, 7. ა) ვინ არის დედაკაცი, რომელმაც შვა „თესლი“? ბ) ვინ არის აღთქმული თესლი და რას აკეთებს ის?

      6 ვინ არის ეს „დედაკაცი“, რომლის მიმართაც სატანას მტრობა ანუ სიძულვილი აქვს? როგორც ‘ძველი გველის’ შემთხვევაში იყო, ესეც გამოცხადების მე-12 თავიდან ჩანს. პირველ მუხლში მასზე ნათქვამია: „ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით“. დედაკაცით ერთგული ანგელოზებისგან შემდგარი ღვთის ზეციერი ორგანიზაციაა წარმოდგენილი, ხოლო ‘ძით, ვაჟით’ — ღვთის სამეფო, რომლის მეფეც იესო ქრისტეა (გამოცხადება 12:1–5).

      7 მაშინ, ვინ არის დაბადების 3:15-ში მოხსენიებული დედაკაცის ‘თესლი’ ანუ შთამომავალი, რომელიც სატანას „თავს“ გაუჭეჭყავს და ამგვარად სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს? ეს ის პიროვნებაა, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა დედამიწაზე და რომელიც სასწაულებრივად იშვა ქალწულისგან; დიახ, ეს იესოა (მათე 1:18–23; იოანე 6:38). გამოცხადების მე-12 თავი გვამცნობს, რომ ეს თესლი, მკვდრეთით აღდგენილი ზეციერი მმართველი, იესო ქრისტე, უხელმძღვანელებს სატანაზე გამარჯვებას და, როგორც მე-10 მუხლიდან ჩანს, დაამყარებს ‘ჩვენი ღვთის . . . მეფობას და მისი ქრისტეს ხელმწიფებას’.

      8. ა) რა სიახლეზე იზრუნა ღმერთმა თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად? ბ) ვინ შედის ღვთის ახალ მთავრობაში?

      8 ამგვარად, ეს სამეფო იესო ქრისტეს ხელმღვანელობით არის ახალი რამ, რაც ღმერთმა თავისი თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად გაითვალისწინა. სატანის ამბოხების შემდეგ იეჰოვამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები ჩადენილი ბოროტების შედეგების აღმოსაფხვრელად; ამის განხორციელება კი მან ზემოხსენებული ახალი მთავრობის, სამეფოს, საშუალებით განიზრახა. დედამიწაზე ყოფნისას იესომ თქვა, რომ ის არ იქნება ერთპიროვნული მმართველი ამ სამეფოში (ლუკა 22:28–30). ზეცაში მას თანამმართველები ეყოლება, რომლებიც კაცობრიობიდან იქნებიან ამორჩეული და რომლებიც დედაკაცის თესლის მეორეხარისხოვან ნაწილს შეადგენენ (გალატელთა 3:16, 29). ბიბლიის ცნობის თანახმად, იესოს ამ თანამმართველების რაოდენობა, რომელთაგან ყველა ცოდვილი კაცობრიობიდანაა არჩეული, 144 000-ია (გამოცხადება 14:1–3 „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წელი).

      9. ა) რატომ იყო საჭირო დედამიწაზე იესოს ადამიანად მოვლინება? ბ) როგორ დაარღვია იესომ ეშმაკის საქმეები?

      9 სამეფოს მმართველობის დაწყებამდე მნიშვნელოვანი იყო, რომ თესლის ძირითადი ნაწილი, იესო ქრისტე, დედამიწაზე მოსულიყო. რატომ? იმიტომ რომ, იეჰოვა ღმერთმა ის ‘ეშმაკის საქმეთა დასარღვევად [ანუ აღმოსაფხვრელად]’ დანიშნა (1 იოანე 3:8). სატანის საქმეებში ადამის ცოდვისკენ ბიძგებაც შედიოდა, რამაც ადამის ყველა შთამომავალს ცოდვა და სიკვდილი მოუტანა (რომაელთა 5:12). იესოს მიერ სიცოცხლის გამომსყიდველურ მსხვერპლად გაღებამ ეშმაკის ეს საქმე დაარღვია. ამით იესომ კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილის მსჯავრისგან გათავისუფლებისა და მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზის გახსნისთვის საფუძველი შექმნა (მათე 20:28; რომაელთა 3:24; ეფესელთა 1:7).

      რა მიზანს ემსახურება გამოსყიდვა

      10. რა მსგავსება იყო იესოსა და ადამს შორის?

      10 იესოს სიცოცხლე ადამიანის საშვილოსნოში ზეციდან იქნა გადმოტანილი და ამგვარად ის ადამის ცოდვისგან შეუბილწავ, სრულყოფილ ადამიანად დაიბადა. მას დედამიწაზე მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდა. ადამიც სრულყოფილ ადამიანად იყო შექმნილი და მასაც ჰქონდა დედამიწაზე მარადიული ცხოვრების პერსპექტივა. მოციქულ პავლეს ამ ორ მამაკაცს შორის არსებული ეს მსგავსება ჰქონდა მხედველობაში, როდესაც წერდა: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად. ხოლო უკანასკნელი ადამი [იესო ქრისტე] — მაცოცხლებელ სულად. პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი, ხოლო მეორე კაცი — ცისაგან“ (1 კორინთელთა 15:45, 47).

      11. ა) რა გავლენა იქონიეს ადამმა და იესომ კაცობრიობაზე? ბ) როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს იესოს მსხვერპლთან დაკავშირებით?

      11 ამ ორი ადამიანის — დედამიწაზე მცხოვრები ორი სრულყოფილი ადამიანის — მსგავსებას ბიბლია უსვამს ხაზს; მასში ნათქვამია, რომ იესომ „თავი გასწირა ყველასთვის შესაბამის გამოსასყიდად“ (1 ტიმოთე 2:6, აქ). ვისი შესაბამისი იყო იესო? რა თქმა უნდა, სრულყოფილი ადამის! პირველი ადამის ცოდვამ მთელი კაცობრიობა სიკვდილს დაუმონა. ‘უკანასკნელი ადამის’ მსხვერპლი კი ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან გათავისუფლებას უყრის საფუძველს, რაც მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვიქმნის! რა ძვირფასია იესოს მსხვერპლი! მოციქული პეტრე აღნიშნავს: „არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი“, არამედ, „ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა“ (1 პეტრე 1:18, 19).

      12. როგორ აღგვიწერს ბიბლია სიკვდილის მსჯავრისგან გათავისუფლებას?

      12 ბიბლია შესანიშნავად აღწერს, როგორ გათავისუფლდება კაცობრიობა სიკვდილის მსჯავრისგან: „თუ ერთის [ადამის] დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით [იესოს უმწიკვლოებით, რომელმაც კულმინაციას მისი სიკვდილის დროს მიაღწია] ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის [იესოს] მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომაელთა 5:18, 19).

      დიდებული მომავალი

      13. რატომ გამოთქვამს ასეთ აზრს მრავალი მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებით?

      13 ღვთის ამ მზრუნველობამ ხომ თითოეული უნდა გაგვახაროს. განა არ აღგაფრთოვანებთ იეჰოვას მიერ მხსნელის გამოგზავნა? საოცარია, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთ დიდ ქალაქში გამოკითხვისას —შეკითხვაზე: „უნდოდათ თუ არა მარადიულად ეცხოვრათ?“ გამოკითხულთა 67,4-მა პროცენტმა უარი განაცხადა. რატომ არ სურდათ მათ მარადიული სიცოცხლე? ამის მიზეზი, ალბათ, დღეს დედამიწაზე არსებული პრობლემებია. ერთმა თქვა: „სულაც არ მინდა 200 წლის ბებრუხანად გამოვიყურებოდე“.

      14. რატომ იქნება მარადიულად ცხოვრება ძალიან სასიამოვნო?

      14 მაგრამ ბიბლია არაფერს ამბობს მარადიულ სიცოცხლეზე ქვეყნიერებაში, სადაც ხალხს ავადმყოფობა, სიბერე და სხვა უბედურებები შეაწუხებთ. იესო, როგორც ღვთის სამეფოს მმართველი სატანის მიერ გამოწვეულ ყველა პრობლემას აღმოფხვრის. ბიბლიის თანახმად, ღვთის სამეფო „შემუსრავს, და დააქცევს“ ამ ქვეყნიერების „ყველა“ უსამართლო მთავრობას (დანიელი 2:44). იმ დროს ღვთის „ნება“ დედამიწაზეც აღსრულდება, ისევე როგორც ზეცაში და ეს იქნება პასუხი ლოცვაზე, რომელსაც იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა (მათე 6:9, 10). ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, მას შემდეგ, რაც დედამიწა ყოველგვარი ბოროტებისგან განიწმინდება, ყოველმხრივ გამოჩნდება იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის შედეგები. დიახ, ყველას, ვინც სათანადოდ იმოქმედებს, სრულყოფილი ჯანმრთელობა დაუბრუნდება!

      15, 16. რა პირობები იქნება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში?

      15 ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მცხოვრებ ხალხზე შესრულდება შემდეგი ბიბლიური მუხლი: „განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება“ (იობი 33:25). აღსრულდება კიდევ ერთი ბიბლიური აღთქმა: „აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6).

      16 წარმოიდგინეთ, სულ ერთია 80 წლის ვიქნებით, 800-ის და თუნდაც მეტის, ბრწყინვალე ჯანმრთელობა გვექნება. ყველაფერი ბიბლიაში აღთქმულის თანახმად იქნება: „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“. შესრულდება დანაპირები: „[ღმერთი] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (ესაია 33:24; გამოცხადება 21:3, 4).

      17. რას შეიძლება მიაღწიონ ადამიანებმა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში?

      17 იმ ახალ ქვეყნიერებაში შეგვეძლება ჩვენი სასწაულებრივი ტვინის შემოქმედის ჩანაფიქრის შესაბამისად გამოყენება; მან ხომ განუსაზღვრელი ინფორმაციის ათვისების უნარის მქონე ტვინით დაგვაჯილდოვა. წარმოიდგინეთ, რა შესანიშნავ საქმეებს შევასრულებთ! არასრულყოფილმა ადამიანმაც კი შესძლო მიწის ელემენტებისგან შეექმნა ჩვენს გარშემო არსებული ისეთი საგნები როგორიც არის: მობილური ტელეფონი, მიკროფონი, მაჯის საათი, პეიჯერი, კომპიუტერი, თვითმფრინავი, ერთი სიტყვით ყველაფერი. არც ერთი მათგანი არ ყოფილა შექმნილი დედამიწის მიღმა, სამყაროს შორეული ადგილებიდან, მოტანილი ნივთიერებებისგან. მალე დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად მცხოვრებ ადამიანს შემოქმედებითი საქმიანობის განუსაზღვრელი შესაძლებლობები ექნება! (ესაია 65:21–25).

      18. რატომ არ მოგვწყინდება სიცოცხლე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში?

      18 სიცოცხლე მოსაწყენი არ იქნება. ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ათი ათასჯერ გვისადილია, განა ყოველი სადილის წინ ნერწყვებს არ ვყლაპავთ? სრულყოფილებაში კი ბევრად გემრიელ ნაყოფებს მოგვცემს სამოთხედ ქცეული დედამიწა (ესაია 25:6). უსაზღვრო სიამოვნებას მოგვგვრის დედამიწის უამრავ ბინადარზე ზრუნვა თუ შთამბეჭდავი დაისის, მთების, მდინარეებისა და ველების ცქერით ტკბობა. სიცოცხლე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მართლაც რომ არ იქნება მოსაწყენი (ფსალმუნი 144:16)!

      ღვთის მოთხოვნების შესრულება

      19. რატომ არის გონივრული გვჯეროდეს, რომ ღვთისგან საჩუქრად სიცოცხლის მისაღებად გარკვეული მოთხოვნები არსებობს?

      19 მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ღვთის დიდებულ ძღვენს, სამოთხეში მარადიულ სიცოცხლეს, ძალისხმევის გარეშე მივიღებთ? განა გონივრული არ არის ვიფიქროთ, რომ ღმერთი რაღაცას მოითხოვს ჩვენგან? დიახ, ეს ასეა. ღმერთი გვაძლევს საჩუქარს, გვთავაზობს მას, მაგრამ ჩვენ ხელი უნდა გავიწოდოთ მის ასაღებად. დიახ, საჭიროა მოქმედება. შეიძლება თქვენც გიჩნდებათ კითხვა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცმა დაუსვა იესოს: „რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ ან კიდევ გონებაში გიტრიალებთ კითხვა, რომელიც საპყრობილის ფილიპელმა ზედამხედველმა დაუსვა მოციქულ პავლეს: „რა ვქნა, რომ გადავრჩე?“ (მათე 19:16; საქმეები 16:30).

      20. რა არის მარადიული სიცოცხლის მისაღებად საჭირო ძირითადი მოთხოვნა?

      20 სიკვდილის წინა ღამეს იესომ მამისადმი ლოცვაში ახსენა ერთი ძირითადი მოთხოვნა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). განა გონივრული მოთხოვნა არ არის, რომ ვიცნობდეთ იეჰოვას — მარადიული სიცოცხლის მომცემს — და მას, ვინც ჩვენთვის მოკვდა — იესო ქრისტეს? მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ამ შემეცნების მიღებით არ ამოიწურება.

      21. როგორ უნდა შევასრულოთ რწმენის შესახებ მოთხოვნა?

      21 ბიბლია იმასაც ამბობს, რომ „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს“. შემდეგ კი ამატებს: „ურჩი ძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე“ (იოანე 3:36). აქედან გამომდინარე, ძისადმი რწმენა, შეგიძლიათ ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენითა და ცხოვრების ღვთის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანით გამოავლინოთ. აუცილებელია მოიშოროთ ყველაფერი ცუდი, რასაც შესაძლებელია ადრე აკეთებდით და აკეთოთ ის, რაც ღმერთს მოსწონს. უნდა მიჰყვეთ მოციქულ პეტრეს დარიგებას: „აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები. რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან“ (საქმეები 3:19, 20ა).

      22. რა შედის იესოს ნაკვალევის მიყოლაში?

      22 დაე ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ მხოლოდ იესოსადმი რწმენის გამოვლენით შეგვიძლია მარადიული სიცოცხლის მიღება (იოანე 6:40; 14:6). ქრისტესამდი რწმენას კი ‘მისი კვალის მიყოლით’ შევძლებთ (1 პეტრე 2:21). რა შედის ამაში? ღვთისადმი ლოცვაში იესომ თქვა: „აჰა, მოვდივარ . . . შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“ (ებრაელთა 10:7). ძალზე მნიშვნელოვანია, მიბაძოთ ქრისტეს ღვთის ნების შესრულებისთვის მზადყოფნის გამოვლენაში და თავი მიუძღვნათ იეჰოვას. ამის შემდეგ, იესოს მსგავსად, მიძღვნის ნიშნად წყალში უნდა მოინათლოთ (ლუკა 3:21, 22). ასეთი ნაბიჯების გადადგმა გონივრულია. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ „ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი“ (2 კორინთელთა 5:14, 15). როგორ? სიყვარულმა აღძრა იესო, რომ ჩვენთვის სიცოცხლე გაეღო. განა ამან მისადმი რწმენის გამოვლენისკენ არ უნდა გვიბიძგოს? დიახ, მისი სიყვარულით აღსავსე მაგალითმა უნდა აღგვძრას, სხვების დახმარებაში გავიხარჯოთ. იესოს ცხოვრების მიზანი ღვთის ნების შესრულება იყო; ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღარ უნდა ვიცხოვროთ.

      23. ა) რას უნდა შეემატონ ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს მიიღებენ? ბ) რა მოითხოვება ქრისტიანული კრების წევრებისგან?

      23 ამით ყველაფერი არ მთავრდება. ბიბლია აღნიშნავს, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს 3 000 მოინათლა და „შეემატა“. შეემატა რას? ‘გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებასა და ზიარებაში ყოფნას’ — განმარტავს ლუკა (საქმეები 2:41, 42). დიახ, ისინი იკრიბებოდნენ ბიბლიის შესწავლისა და „ზიარებისთვის“ ანუ ურთიერთობისთვის; ისინი შეემატნენ ანუ გაერთიანდნენ ქრისტიანულ კრებად. პირველი საუკუნის ქრისტიანები რეგულარულად იკრიბებოდნენ სულიერი დამოძღვრის მისაღებად (ებრაელთა 10:25). დღეს იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ამ ბიბლიურ მაგალითს; ისინი რეგულარულად იკრიბებიან ბიბლიის შესასწავლად და თქვენც გიწვევენ ამ შეხვედრებზე.

      24. რა არის ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ და როგორ და როდის გახდება ის რეალობა?

      24 დღეს მილიონები ადგანან სიცოცხლემდე მიმყვან ამ ვიწრო გზას. ამ გზაზე დასარჩენად კი ძალისხმევაა საჭირო! (მათე 7:13, 14). პავლემ აღნიშნა ეს ფაქტი, როდესაც მთელი გულით გვთხოვა: „იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც მოწოდებული ხარ“. აქედან გამომდინარე, ‘ჭეშმარიტი სიცოცხლის მისაღწევად’ საჭიროა ვიღწვოდეთ (1 ტიმოთე 6:12, 19). ეს სიცოცხლე ადამის ცოდვის შედეგად წარმოქმნილი ტკივილითა და პრობლემებით აღსავსე სიცოცხლე არ არის. ეს არის სიცოცხლე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. ასე რომ, დღევანდელი ქვეყნიერების განადგურების შემდეგ, ძალაში შევა ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი ყველას სასარგებლოდ, მათ საკეთილდღეოდ, ვისაც იეჰოვა ღმერთი და მისი ძე უყვარს. დაე ყველამ ავირჩიოთ სიცოცხლე — ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ — მარადიული სიცოცხლე ღვთის დიდებულ ახალ ქვეყნიერებაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება