-
მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — ღვთისგან ბოძებული იმედისაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
-
-
მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — ღვთისგან ბოძებული იმედი
„ქმნილება თავისი ნებით . . . დაემორჩილა ამაოებას . . . იმედის საფუძველზე“ (რომ. 8:20).
1, 2. ა) რატომ არის დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ბ) რატომ არ სჯერა ბევრს, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნება?
გაიხსენეთ, როგორ გაგიხარდათ იმის გაგება, რომ ახლო მომავალში ადამიანები აღარ დაბერდებიან და აღარ მოკვდებიან, არამედ მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (იოან. 17:3; გამოცხ. 21:3, 4). ალბათ, სხვებთანაც დაიწყეთ ამ ბიბლიური იმედის შესახებ საუბარი. მარადიული სიცოცხლის იმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ სასიხარულო ცნობისა, რომელსაც ვქადაგებთ. ეს იმედი სწორ შეხედულებას გვიყალიბებს ცხოვრებაზე.
2 ქრისტიანული რელიგიების უმრავლესობა დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს არ იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის თანახმად სული კვდება, ეკლესიების უმეტესობა მხარს უჭერს არაბიბლიურ მოძღვრებას უკვდავი სულის შესახებ, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ სულიერ სამყაროში განაგრძობს არსებობას (ეზეკ. 18:20). შედეგად, ბევრს არ სჯერა, რომ დედამიწაზე ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ. ამიტომ შეიძლება დაგვებადოს კითხვები: იძლევა ბიბლია დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს? თუ იძლევა, მაშინ როდის გაუცხადა ამის შესახებ ღმერთმა პირველად ადამიანებს?
„დაემორჩილა ამაოებას . . . იმედის საფუძველზე“
3. როდის გაამჟღავნა ღმერთმა თავისი განზრახვა კაცობრიობასთან დაკავშირებით?
3 იეჰოვამ პირველი ადამიანების შექმნისთანავე განაცხადა თავისი განზრახვა კაცობრიობასთან დაკავშირებით. მან გარკვევით თქვა, რომ ადამი მარადიულად იცხოვრებდა, თუ მორჩილებას გამოავლენდა (დაბ. 2:9, 17; 3:22). ადამის შვილებსა და შვილიშვილებს უეჭველად ეცოდინებოდათ, რომ კაცობრიობამ სრულყოფილება დაკარგა. ისინი საკუთარი თვალით ხედავდნენ, რომ ედემის ბაღში შესასვლელი ჩაკეტილი იყო და ადამიანები ბერდებოდნენ და კვდებოდნენ (დაბ. 3:23, 24). დროთა განმავლობაში ადამიანთა სიცოცხლის წლებმა იკლო. ადამი 930 წლისა მოკვდა. სემმა, რომელიც წარღვნას გადაურჩა, 600 წელი იცოცხლა, მისმა ძემ არფაქშადმა კი — 438 წელი. აბრაამის მამა თერახი 205 წლისა მოკვდა. აბრაამმა 175 წელი იცოცხლა, მისმა ძემ ისაკმა — 180 წელი, ხოლო იაკობმა — 147 წელი (დაბ. 5:5; 11:10—13, 32; 25:7; 35:28; 47:28). მრავალი მიხვდებოდა, რომ სიცოცხლის წლების შემცირება მარადიული სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავდა! მაგრამ სამუდამოდ დაკარგეს მათ მარადიული სიცოცხლის იმედი?
4. რის საფუძველზე სწამდათ ღვთის ერთგულ მსახურებს, რომ ღმერთი აღადგენდა ყველაფერს, რაც ადამის დროს დაიკარგა?
4 ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ‘ქმნილება [ადამიანი] დაემორჩილა ამაოებას იმედის საფუძველზე’ (რომ. 8:20). რა იმედზეა აქ საუბარი? ბიბლიის პირველ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია „შთამომავალი“, რომელიც ‘თავს გაუჭეჭყავდა გველს’ (წაიკითხეთ დაბადების 3:1—5, 15). ეს დანაპირები ღვთის ერთგულ მსახურებს იმედს უნერგავდა, რომ ღმერთი აუცილებლად შეასრულებდა თავის თავდაპირველ განზრახვას. აბელისა და ნოეს მსგავსად ღვთის თაყვანისმცემლებს ამ დანაპირების საფუძველზე სწამდათ, რომ ღმერთი აღადგენდა ყველაფერს, რაც ადამის დროს დაიკარგა. ისინი შეიძლება ხვდებოდნენ, რომ ‘შთამომავლისთვის ქუსლის დაგესვლაში’ სისხლის დაღვრა იგულისხმებოდა (დაბ. 4:4; 8:20; ებრ. 11:4).
5. საიდან ჩანს, რომ აბრაამს მკვდრეთით აღდგომის რწმენა ჰქონდა?
5 განვიხილოთ აბრაამის მაგალითი. „როცა [ის] გამოიცადა, ისაკს სწირავდა . . . მხოლოდშობილ ძეს“ (ებრ. 11:17). რატომ აკეთებდა ის ამას? (წაიკითხეთ ებრაელების 11:19). აბრაამს სჯეროდა, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა და ჰქონდა კიდეც ამის საფუძველი! იეჰოვამ მას შვილის ყოლის უნარი აღუდგინა და ხანში შესულ აბრაამსა და სარას ვაჟი შეეძინათ (დაბ. 18:10—14; 21:1—3; რომ. 4:19—21). აბრაამს ღვთის დანაპირებიც ახსოვდა: „ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა“ (დაბ. 21:12). აქედან გამომდინარე, მას მტკიცე საფუძველი ჰქონდა, ერწმუნა, რომ ღმერთი მკვდრეთით აღუდგენდა ისაკს.
6, 7. ა) რა შეთანხმება დაუდო იეჰოვამ აბრაამს? ბ) რა იმედს აძლევს კაცობრიობას იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული დანაპირები?
6 აბრაამს ძლიერი რწმენა ჰქონდა, ამიტომ იეჰოვამ შეთანხმება დაუდო მას „შთამომავალთან“ დაკავშირებით (წაიკითხეთ დაბადების 22:18). ამ „შთამომავლის“ მთავარი წარმომადგენელი იესო ქრისტეა (გალ. 3:16). იეჰოვამ უთხრა აბრაამს, რომ მისი „შთამომავალი“ „ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით“ გამრავლდებოდა. მათი რიცხვი უცნობი იყო აბრაამისთვის (დაბ. 22:17). მაგრამ მოგვიანებით ეს რიცხვი ცნობილი გახდა. ამ „შთამომავალს“ შეადგენენ იესო ქრისტე და 144 000, რომლებიც მასთან ერთად იმეფებენ მის სამეფოში (გალ. 3:29; გამოცხ. 7:4; 14:1). სწორედ ამ მესიანური სამეფოს მეშვეობით „იკურთხება დედამიწის ყველა ერი“.
7 აბრაამს შესაძლოა ბოლომდე არ ესმოდა იმ შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც იეჰოვამ დაუდო. მიუხედავად ამისა, ის „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“ (ებრ. 11:10). ეს ქალაქი ღვთის სამეფოს წარმოადგენს. აბრაამმა ამ სამეფოს მეშვეობით კურთხევები რომ მიიღოს და დედამიწაზე მარადიულად იცოცხლოს, მკვდრეთით უნდა აღდგეს. მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ექნებათ მათაც, ვინც არმაგედონს გადაიტანს ან მკვდრეთით აღდგება (გამოცხ. 7:9, 14; 20:12—14).
„სული მომაწვა“
8, 9. რატომ შეიძლება ითქვას, რომ წიგნი „იობი“ უბრალოდ ერთი კაცის ისტორია არ არის?
8 აბრაამის შვილთაშვილის, იოსების სიკვდილის შემდეგ და მოსეს წინასწარმეტყველად გახდომამდე, ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად იობი. როგორც ჩანს, მისი სახელით წოდებული ბიბლიის წიგნი მოსემ დაწერა, საიდანაც ვიგებთ, რატომ დაუშვა იეჰოვამ იობის ტანჯვა და შემდეგ როგორ აკურთხა ის. მაგრამ წიგნი „იობი“ მხოლოდ ერთი კაცის ცხოვრების ისტორია არ არის. მასში წამოჭრილი საკითხები ღვთის ყველა მოაზროვნე ქმნილებას ეხება. წიგნიდან ჩანს, რომ იეჰოვა სამართლიანი უზენაესი მმართველია. აგრეთვე ვიგებთ, რომ ღვთის მსახურების ერთგულება და მომავლის იმედი ედემის ბაღში წამოჭრილ საკამათო საკითხს უკავშირდება. თუმცა იობს არ ესმოდა ეს საკითხი, მან თავის სამ მეგობარს არ მისცა იმის უფლება, რომ მისთვის თავს მოეხვიათ აზრი, თითქოს მან უმწიკვლობა დაკარგა (იობ. 27:5). ამ ყოველივემ უნდა განგვიმტკიცოს რწმენა და დაგვეხმაროს იმის გათვითცნობიერებაში, რომ შეგვიძლია შევინარჩუნოთ იეჰოვასადმი ერთგულება და მხარი დავუჭიროთ მის უზენაეს ხელისუფლებას.
9 როდესაც იობის ეგრეთ წოდებული ნუგეშისმცემლები ლაპარაკს მორჩნენ, „ბუზელი ბარაქელის ვაჟმა ელიჰუმ უთხრა მათ: . . . ავივსე სიტყვებით“. რამ აღძრა ის, რომ ლაპარაკი დაეწყო? „სული მომაწვა“, — თქვა მან (იობ. 32:5, 6, 18). შთაგონებით წარმოთქმული ელიჰუს სიტყვები იობთან დაკავშირებით შესრულდა, თუმცა მის ნათქვამს სხვებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი სიტყვები იმედს უმტკიცებს ყველას, ვინც ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებს.
10. საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას მიერ ცალკეული ადამიანებისთვის გადაცემული ცნობა ზოგჯერ მთელ კაცობრიობას ეხება?
10 ზოგჯერ იეჰოვა ცნობას გადასცემს რომელიმე ადამიანს, რაც არა მარტო მას, არამედ ზოგადად მთელ კაცობრიობას ეხება. ეს კარგად ჩანს დანიელის წინასწარმეტყველებიდან, რომელიც გადასცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, როდესაც მან სიზმარში უზარმაზარი ხის მოჭრა იხილა (დან. 4:10—27). ეს სიზმარი ნაბუქოდონოსორზე შესრულდა, თუმცა მას უფრო დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა. ეს წინასწარმეტყველება მიუთითებდა დედამიწაზე ღვთის მმართველობაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მეფე დავითის სამეფო საგვარეულოთი და ძვ. წ. 607 წლიდან 2 520 წლის გასვლის შემდეგ დამყარდებოდა.a 1914 წელს, როდესაც იესო ქრისტე ზეციერი სამეფოს მეფე გახდა, დედამიწაზე ღვთის მმართველობა კვლავ დამყარდა. ძალიან მალე ღვთის სამეფო გაამართლებს მორჩილი ადამიანების იმედებს.
„ნუ ჩავარდები საფლავში“
11. რას ვიგებთ ელიჰუს სიტყვებიდან ღვთის შესახებ?
11 იობთან საუბრისას ელიჰუ მოიხსენიებს ‘მაცნეს, შუამავალს, ათასიდან ერთს, რომ უთხრას [მომნანიებელ] კაცს, როგორ მოიქცეს სიმართლით’. რა მოხდება, თუ მაცნე „შეევედრება ღმერთს, რომ მოიწონოს იგი“? ელიჰუ ამბობს: «ის [ღმერთი] მოიწონებს მას და იტყვის: „ნუ ჩავარდება საფლავში, ვიპოვე გამოსასყიდი! განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“» (იობ. 33:23—26). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი მზად არის, მიიღოს „გამოსასყიდი“ მომნანიებელი ადამიანების ცოდვების დასაფარავად (იობ. 33:24).
12. რა იმედზე მახვილდება ყურადღება ელიჰუს სიტყვებში?
12 შესაძლოა ელიჰუს ბოლომდე არ ესმოდა გამოსასყიდის მნიშვნელობა ისევე, როგორც წინასწარმეტყველებს სრულად არ ესმოდათ ყველაფერი, რასაც წერდნენ (დან. 12:8; 1 პეტ. 1:10—12). და მაინც, მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ღმერთი გამოსასყიდის საფუძველზე ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებს ადამიანებს სიბერისა და სიკვდილის მონობისგან. ელიჰუს სიტყვებში მარადიული სიცოცხლის იმედზე მახვილდება ყურადღება. წიგნი „იობი“ იმასაც გვამცნობს, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება (იობ. 14:14, 15).
13. რა მნიშვნელობა აქვს ელიჰუს სიტყვებს ქრისტიანებისთვის?
13 დღეს ელიჰუს სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს მილიონობით ქრისტიანისთვის, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრულს გადაიტანენ. იმ ხანდაზმულებს, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში გადავლენ, ახალგაზრდული ძლიერება დაუბრუნდებათ (გამოცხ. 7:9, 10, 14—17). გარდა ამისა, დღეს მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები მთელი გულით მოელიან იმ დროს, როცა კვლავ შეხვდებიან გარდაცვლილ ახლობლებს. ნათელია, რომ ცხებული ქრისტიანებისთვის ზეცაში უკვდავებისა და სხვა ცხვრებისთვის დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის მიღება ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენაზეა დამოკიდებული (იოან. 10:16; რომ. 6:23).
სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქმება
14. რატომ არ იყო მოსეს კანონი საკმარისი იმისთვის, რომ ისრაელებს მარადიული სიცოცხლის იმედი ჰქონოდათ?
14 აბრაამის შთამომავლებისგან ერი ჩამოყალიბდა, როცა მათ ღმერთმა შეთანხმება დაუდო. კანონის მიცემისას იეჰოვამ უთხრა ისრაელებს: „დაიცავით ჩემი წესები და სამართალი. ვინც დაიცავს, იცოცხლებს“ (ლევ. 18:5). მიუხედავად იმისა, რომ ისრაელებს არ შეეძლოთ მოსეს კანონის სრულყოფილად დაცვა, კანონი შეახსენებდა მათ, რომ ცოდვილები იყვნენ და გამოსყიდვისთვის მოსეს კანონზე მეტი სჭირდებოდათ (გალ. 3:13).
15. მომავლის რა იმედზე გაამახვილა ყურადღება დავითმა ღვთის შთაგონებით?
15 მოსეს შემდეგ ღმერთმა ბიბლიის სხვა დამწერებსაც შთააგონა, რომ მარადიული სიცოცხლის იმედზე გაემახვილებინათ ყურადღება (ფსალმ. 21:4; 37:29). ფსალმუნმომღერალმა დავითმა თავისი ერთ-ერთი ფსალმუნი, რომელშიც „სიონის მთებზე“ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთობა მოიხსენია, შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „იქ დაადგინა იეჰოვამ კურთხევა, მარადიული სიცოცხლე“ (ფსალმ. 133:3).
16. რას დაჰპირდა იეჰოვა თავის ხალხს ესაიას მეშვეობით?
16 იეჰოვამ ესაიასაც შთააგონა, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესახებ ეწინასწარმეტყველებინა (წაიკითხეთ ესაიას 25:7, 8). ცოდვა და სიკვდილი მხუთავი „საფარველივით“ ფარავს მთელ კაცობრიობას. იეჰოვა არწმუნებს თავის ხალხს, რომ მოაშორებს ამ „საფარველს“, ანუ „მთელი დედამიწიდან“ წარხოცავს ცოდვასა და სიკვდილს.
17. წინასწარმეტყველების თანახმად, რის შესაძლებლობას მისცემდა მესია ადამიანებს?
17 განვიხილოთ, როგორ უშვებდა მღვდელმთავარი თხას აზაზელისთვის, რაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა. წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი ‘ორივე ხელს ადებდა თავზე ცოცხალ თხას, აღიარებდა ისრაელის ძეების ყველა დანაშაულს და თხას თავზე ადებდა. მიჰქონდა თხას ყველა მათი დანაშაული უკაცრიელ მიწაზე’ (ლევ. 16:7—10, 21, 22). ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა მესია, რომელიც მსგავს როლს შეასრულებდა — ის იტვირთავდა „სნეულებებს“, „ტკივილებს“, „მრავალთა ცოდვას“ და, ამგვარად, ადამიანებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემდა (წაიკითხეთ ესაიას 53:4—6, 12).
18, 19. რა იმედზეა საუბარი ესაიას 26:19-სა და დანიელის 12:13-ში?
18 ესაიას პირით იეჰოვამ თავის ხალხს, ისრაელს უთხრა: „წამოდგებიან . . . გვამები. გაიღვიძეთ და სიხარულით შესძახეთ, მტვერში დამკვიდრებულებო! თქვენი ნამი ბალბის ნამივითაა, დედამიწა გააჩენს უსიცოცხლოებს“ (ეს. 26:19). ებრაული წერილები მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის უტყუარ იმედს გვაძლევს. იეჰოვამ 100 წელს მიღწეული დანიელი შემდეგი სიტყვებით დაარწმუნა: „დაისვენებ, მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“ (დან. 12:13).
19 მართას მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდა და სწორედ ამიტომ უთხრა იესოს თავისი გარდაცვლილი ძმის შესახებ: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოან. 11:24). საუბრობდა იესო მარადიული სიცოცხლის იმედზე? ამახვილებდნენ ყურადღებას ამ იმედზე იესოს მოწაფეები ღვთის შთაგონებით დაწერილ წერილებში? დღესაც სთავაზობს იეჰოვა ადამიანებს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს? ამ კითხვებს შემდეგ სტატიაში გაეცემა პასუხი.
[სქოლიო]
-
-
მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — ქრისტიანული სწავლებაა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
-
-
მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — ქრისტიანული სწავლებაა?
„მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხ. 21:4).
1, 2. საიდან ვიცით, რომ პირველ საუკუნეში ებრაელებს დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი ჰქონდათ?
ერთმა მდიდარმა ახალგაზრდამ იესოსთან მიირბინა, მუხლებზე დაეცა და ჰკითხა: „კარგო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ (მარ. 10:17). მარადიულ სიცოცხლეზე საუბრისას რა ჰქონდა მხედველობაში ამ ახალგაზრდა კაცს — დედამიწაზე ცხოვრება თუ ზეცაში? როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, საუკუნეებით ადრე ღმერთმა ისრაელებს მკვდრეთით აღდგომისა და დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი მისცა. პირველ საუკუნეში ბევრ ისრაელს ეჭვიც არ ეპარებოდა ამ დანაპირებში.
2 იესოს მეგობარ მართას, როგორც ჩანს, დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდა, როცა თავის გარდაცვლილ ძმაზე თქვა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოან. 11:24). იმ დროს სადუკევლებს არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომის (მარ. 12:18). ჯორჯ ფუტ მური თავის წიგნში წერდა: „ძველი წელთაღრიცხვით მეორე თუ პირველი საუკუნეების ხელნაწერებიდან ვიგებთ, რომ მაშინ ადამიანებს სჯეროდათ ისეთი დროის დადგომის, როცა დედამიწაზე მკვდრები გაცოცხლდებოდნენ“. იმ მდიდარ ახალგაზრდას, რომელიც იესოსთან მივიდა, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის სურვილი ჰქონდა (Judaism in the First Centuries of the Christian Era).
3. რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 დღეს მრავალი რელიგია და ბიბლეისტი დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს ქრისტიანულ სწავლებად არ აღიარებს. ბევრს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს სულიერ სამყაროში გააგრძელებენ. ამიტომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „მარადიული სიცოცხლის“ წაკითხვისას ისინი ფიქრობენ, რომ ამაში ყოველთვის ზეცაში ცხოვრება იგულისხმება. ასეა ეს სინამდვილეში? რას გულისხმობდა იესო, როცა მარადიულ სიცოცხლეზე საუბრობდა? რა სწამდათ იესოს მოწაფეებს? ასწავლის ქრისტიანულ-ბერძნული წერილები იმას, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნება?
მარადიული სიცოცხლე „ხელახლა შექმნისას“
4. რა ხდება „ხელახლა შექმნისას“?
4 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ცხებული ქრისტიანები ზეცაში ცხოვრებისთვის აღდგებიან, რათა ზეციდან დედამიწაზე იმმართველონ (ლუკ. 12:32; გამოცხ. 5:9, 10; 14:1—3). მაგრამ იესოს ყოველთვის ეს ჯგუფი არ ჰყავდა მხედველობაში, როცა მარადიული სიცოცხლის შესახებ საუბრობდა. განვიხილოთ, რა უთხრა მან თავის მოწაფეებს, როცა მდიდარი ახალგაზრდა დანაღვლიანებული წავიდა მისგან, რადგან ქრისტეს მოწაფეობის გამო უარი ვერ თქვა სიმდიდრეზე (წაიკითხეთ მათეს 19:28, 29). იესოს სიტყვების თანახმად, მოციქულები მათ შორის იქნებოდნენ, ვინც იმეფებდნენ და „ისრაელის თორმეტ ტომს“, ანუ დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს გაასამართლებდნენ (1 კორ. 6:2). იესო აგრეთვე ლაპარაკობდა ჯილდოზე, რომელსაც ყველა მისი მიმდევარი მიიღებდა. ისინიც დაიმკვიდრებდნენ „მარადიულ სიცოცხლეს“. ეს ყველაფერი ხდება „ხელახლა შექმნისას“.
5. რას ნიშნავს „ხელახლა შექმნა“?
5 რას გულისხმობდა იესო „ხელახლა შექმნაში“? ეს ტერმინი ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვანაირად არის ნათარგმნი, მაგალითად: „ახალ ქვეყნიერებაში“ („ამერიკული თარგმანი“), „როცა ყველაფერი ახლად შეიქმნება“ („იერუსალიმის ბიბლია“) და „ყოველივეს განახლებისას“ („ახალი საერთაშორისო თარგმანი“). ვინაიდან იესომ მათეს 19:28-ში ჩაწერილი სიტყვები ყოველგვარი ახსნის გარეშე გამოიყენა, როგორც ჩანს, ის მიუთითებდა იმედზე, რომელიც იუდეველებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ. „ხელახლა შექმნა“ ნიშნავს დედამიწაზე იმ პირობების აღდგენას, რომელიც ადამისა და ევას შეცოდებამდე ედემის ბაღში იყო. ეს მაშინ მოხდება, როცა ღმერთი შეასრულებს თავის დაპირებას და შექმნის „ახალ ცასა და ახალ დედამიწას“ (ეს. 65:17).
6. რას ვიგებთ მარადიული სიცოცხლის იმედზე ცხვრებისა და თხების მაგალითიდან?
6 „ქვეყნიერების აღსასრულზე“ საუბრისას იესომ კიდევ ერთხელ მოიხსენია მარადიული სიცოცხლე (მათ. 24:1—3). მან თქვა: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან“. მსჯავრდადებულნი „მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ“. „მართლები“ არიან ის ერთგული ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ქრისტეს ცხებულ „ძმებს“. ისინი მარადიულად იცოცხლებენ (მათ. 25:31—34, 40, 41, 45, 46). ვინაიდან ცხებულები ღვთის ზეციერ სამეფოში მეფობისთვის არიან არჩეულნი, „მართლები“ ამ სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან დედამიწაზე. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: „მისი [იეჰოვას მეფის] მორჩილები იქნებიან ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმ. 72:8). ეს ქვეშევრდომები მარადიულად იცოცხლებენ დედამიწაზე.
რას ვიგებთ იოანეს სახარებიდან?
7, 8. რა და რა სახის იმედზე გაამახვილა ყურადღება იესომ ნიკოდემესთან საუბრისას?
7 მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები გვამცნობს, რომ იესომ ზემოხსენებულ შემთხვევებში გამოიყენა გამოთქმა „მარადიული სიცოცხლე“. იოანეს სახარებაში ეს გამოთქმა დაახლოებით 17-ჯერ არის გამოყენებული. განვიხილოთ ამ შემთხვევებიდან რამდენიმე.
8 იოანეს სახარების თანახმად, იესომ მარადიული სიცოცხლის შესახებ პირველად ფარისეველ ნიკოდემესთან ისაუბრა. იესომ უთხრა მას: „თუ კაცი წყლისა და სულისგან არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში“. ისინი, ვინც ზეციერ სამეფოში შედიან, ხელახლა უნდა დაიბადონ (იოან. 3:3—5). იესომ მხოლოდ ამ სიტყვებით არ დაასრულა მასთან საუბარი. ის ნიკოდემეს იმ იმედის შესახებაც ელაპარაკა, რომელიც მთელ კაცობრიობას ჰქონდა (წაიკითხეთ იოანეს 3:16). იესომ თქვა, რომ მარადიული სიცოცხლის იმედი ექნებოდათ როგორც ცხებულებს, რომლებიც ზეციდან იმმართველებდნენ, ისე მათ, ვინც დედამიწაზე იცხოვრებდა.
9. რა იმედზე ელაპარაკა იესო სამარიელ ქალს?
9 ნიკოდემესთან საუბრის შემდეგ იესო იერუსალიმიდან ჩრდილოეთით, გალილეისკენ გაემგზავრა. სამარიის ქალაქ სიქართან ახლოს, იაკობის წყაროსთან ის ერთ ქალს შეხვდა. იესომ უთხრა ქალს: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოან. 4:5, 6, 14). ეს წყალი განასახიერებს ღვთის ღონისძიებას, რომლის მეშვეობითაც ის მარადიულ სიცოცხლეს დაუბრუნებს კაცობრიობას. შედეგად, ზოგი ზეცაში იცხოვრებს მარადიულად, ზოგი კი — დედამიწაზე. წიგნ „გამოცხადებაში“ ღმერთი ამბობს: „მწყურვალს უსასყიდლოდ მივცემ სიცოცხლის წყლის წყაროდან“ (გამოცხ. 21:5, 6; 22:17). ამგვარად, სამარიელ ქალთან მარადიული სიცოცხლის შესახებ საუბრისას იესომ არა მხოლოდ სამეფოს ცხებული მემკვიდრეები იგულისხმა, არამედ მიწიერი იმედის მქონე ადამიანებიც.
10. ბეთზათას აუზთან ავადმყოფის განკურნების შემდეგ, რა უთხრა იესომ თავის მოწინააღმდეგეებს მარადიულ სიცოცხლეზე?
10 ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ იესო კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც მან ბეთზათას აუზთან ერთი ავადმყოფი კაცი განკურნა. ამის გამო იუდეველებმა გააკრიტიკეს იესო, მან კი მიუგო: „ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს“. მას შემდეგ, რაც უთხრა მათ, რომ მამამ „მთელი სასამართლო ძეს გადასცა“, იესომ თქვა: „ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიული სიცოცხლე აქვს“. შემდეგ კი დასძინა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [კაცის ძის] ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოან. 5:1—9, 19, 22, 24—29). იესომ თავის მოწინააღმდეგე იუდეველებს უთხრა, რომ ის ღვთისგან იყო დანიშნული, რათა რეალობად ექცია ისრაელების იმედი დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებით, რასაც მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით გააკეთებდა.
11. საიდან ვიგებთ, რომ იოანეს 6:48—51-ში ჩაწერილ სიტყვებში იესომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედიც იგულისხმა?
11 გალილეაში იესოს ათასობით ადამიანი გაჰყვა, რომლებსაც სასწაულებრივად სურდათ დაპურება. იესო მათ განსხვავებული სახის პურზე — „სიცოცხლის პურზე“ ელაპარაკა (წაიკითხეთ იოანეს 6:40, 48—51). ‘ეს პური, რომელსაც ვიძლევი, ჩემი ხორცია’, — თქვა მან. იესომ თავისი სიცოცხლე მხოლოდ მათთვის კი არ გასწირა, ვინც მასთან ერთად ზეციერ სამეფოში იმმართველებს, არამედ „ქვეყნიერების სიცოცხლისთვისაც“, ანუ მომნანიებელი კაცობრიობისთვის. „ვინც ამ პურს ჭამს“, ანუ რწმენას ავლენს იესოს გამოსასყიდისადმი, მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს. ამგვარად, გამოთქმაში ‘მარადიული სიცოცხლე’ აგრეთვე იგულისხმებოდა მესიის მმართველობისას დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი, რაც იუდეველებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.
12. რა იმედს გულისხმობდა იესო, როცა მოწინააღმდეგეებს უთხრა, რომ ‘ცხვარს მარადიულ სიცოცხლეს მისცემდა’?
12 მოგვიანებით, იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაულზე იესომ თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: „თქვენ არ გწამთ, რადგან ჩემი ცხვარი არა ხართ. ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ მარადიულ სიცოცხლეს ვაძლევ“ (იოან. 10:26—28). მხოლოდ ზეცაში ცხოვრება იგულისხმა იესომ ამ სიტყვებში, თუ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლეც? ცოტა ხნით ადრე მან შემდეგი სიტყვებით ანუგეშა თავისი მიმდევრები: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკ. 12:32). უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დღესასწაულზე იესომ თქვა: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო“ (იოან. 10:16). ასე რომ, მოწინააღმდეგეებთან საუბრისას იესოს მხედველობაში ჰქონდა როგორც ზეციერი ცხოვრების იმედი „მცირე სამწყსოსთვის“, ისე დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი მილიონობით „სხვა ცხვრისთვის“.
იმედი, რომელიც ახსნას არ საჭიროებდა
13. რა იგულისხმა იესომ სიტყვებში: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“?
13 წამების ბოძზე სიკვდილის პირას მყოფმა იესომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კაცობრიობის უტყუარ იმედზე. მის გვერდით ძელზე დაკიდებულმა ბოროტმოქმედმა იესოს უთხრა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესო დაჰპირდა მას: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკ. 23:42, 43). ვინაიდან ეს კაცი ებრაელი იყო, მას არ სჭირდებოდა რაიმეს ახსნა სამოთხის შესახებ. მას სჯეროდა, რომ მომავალში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნებოდა.
14. ა) საიდან ჩანს, რომ ზეცაში ცხოვრების იმედი რთული გასაგები იყო მოციქულებისთვის? ბ) როდის ჩასწვდნენ იესოს მიმდევრები სრულად ზეციერი იმედის მნიშვნელობას?
14 ის, რაც ახსნას საჭიროებდა, იესოს მიერ მოხსენიებული ზეციერი იმედი იყო. როდესაც მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ზეცაში წავიდოდა და ადგილს მოუმზადებდა, მათ ვერ გაიგეს, რას გულისხმობდა იესო (წაიკითხეთ იოანეს 14:2—5). მოგვიანებით მოწაფეებს იესომ უთხრა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით. ხოლო, როცა მოვა ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (იოან. 16:12, 13). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იესოს მიმდევრებზე ღვთის წმინდა სული გადმოვიდა, ისინი მხოლოდ მას შემდეგ მიხვდნენ, რომ მათი ტახტი ზეცაში იქნებოდა (1 კორ. 15:49; კოლ. 1:5; 1 პეტ. 1:3, 4). ზეციერი მემკვიდრეობის იმედი სიახლე იყო, ამიტომ ღვთის შთაგონებით დაწერილი ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ძირითადად ამ იმედზე ამახვილებდა ყურადღებას. მაგრამ ეს წერილებიც უჭერს მხარს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს?
რას ვიგებთ ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილებიდან?
15, 16. როგორ ამახვილებენ ყურადღებას პავლე და პეტრე მოციქულები დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედზე?
15 ებრაელებისადმი მიწერილ წერილში პავლე მოციქული მიმართავს თანაქრისტიანებს, როგორც ‘წმინდა ძმებს და ზეციური მოწოდების მოზიარეებს’. მაგრამ ის იმასაც ამბობს, რომ ღმერთმა იესოს ‘დაუმორჩილა მომავალი ქვეყნიერება’ (ებრ. 2:3, 5; 3:1). ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ორიგინალში გამოყენებული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში „ქვეყნიერებად“ არის ნათარგმნი, ყოველთვის ადამიანებით დასახლებულ დედამიწაზე მიუთითებს. ამგვარად, „მომავალ ქვეყნიერებაში“ იგულისხმება იესო ქრისტეს მმართველობის დროს დედამიწაზე არსებული გარკვეული სისტემა. მაშინ იესო შეასრულებს ღვთის დანაპირებს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:29).
16 პეტრე მოციქულს ღმერთმა შთააგონა, რომ ადამიანთა მომავლის შესახებ დაეწერა: „ახლანდელი ცა და დედამიწა . . . ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტ. 3:7). რა შეცვლის ახლანდელ „ცას“ ანუ არსებულ მმართველობას და „დედამიწას“ ანუ ბოროტ ადამიანთა საზოგადოებას? (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:13). მათ შეცვლის „ახალი ცა“ ანუ ღვთის მესიანური სამეფო და „ახალი მიწა“ ანუ სამართლიან ადამიანთა საზოგადოება, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებისგან შედგება.
17. როგორ არის კაცობრიობის იმედი აღწერილი გამოცხადების 21:1—4-ში?
17 ადამიანთა გასრულყოფილების შესახებ ბიბლიის ბოლო წიგნში ჩაწერილი ხილვები ამაღელვებელ ცნობას გადმოგვცემს (წაიკითხეთ გამოცხადების 21:1—4). ეს იმედი ყოველთვის ჰქონდათ მორწმუნე ადამიანებს იმ დროიდან მოყოლებული, რაც ადამმა და ევამ ედემის ბაღში სრულყოფილება დაკარგეს. მართალი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე და აღარასოდეს დაბერდებიან. ამ იმედის უტყუარობას მხარს უჭერს როგორ ებრაული, ისე ქრისტიანულ-ბერძნული წერილები და ეს იმედი დღესაც აძლიერებს იეჰოვას ერთგულ მსახურებს (გამოცხ. 22:1, 2).
-
-
მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — იმედი, რომელსაც კვლავ მოეფინა ნათელისაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
-
-
მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — იმედი, რომელსაც კვლავ მოეფინა ნათელი
„დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები . . . უკანასკნელ დრომდე. ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დან. 12:4).
1, 2. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
დღეს მილიონობით ადამიანს ბიბლიის საფუძველზე სწამს, რომ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლე იქნება (გამოცხ. 7:9, 17). კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე ცნობილი გახდა ღვთის განზრახვა, რომ ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის შეიქმნა და არა იმისთვის, რომ გარკვეული წლები ეცოცხლა და შემდეგ მომკვდარიყო (დაბ. 1:26—28).
2 ისრაელებს იმედი ჰქონდათ, რომ კაცობრიობა მიაღწევდა ისეთივე სრულყოფილებას, როგორიც შეცოდებამდე ადამს ჰქონდა. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ნათლად იყო ახსნილი, თუ როგორ გახდიდა ღმერთი შესაძლებელს მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში დედამიწაზე. მაშ, რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი სიახლე? როგორ მოეფინა ამ იმედს ნათელი მილიონობით ადამიანისთვის?
იმედი დაფარული იყო
3. რატომ არ არის გასაკვირი, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი დაფარული იყო?
3 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ცრუწინასწარმეტყველები მის სწავლებებს დაამახინჯებდნენ და მრავალს შეცდომაში შეიყვანდნენ (მათ. 24:11). პეტრე მოციქულმა ქრისტიანები გააფრთხილა: „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები“ (2 პეტ. 2:1). პავლე მოციქული ლაპარაკობდა ‘დროზე, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდებოდა ჯანსაღი სწავლება და ისინი საკუთარი სურვილით თავს მოუყრიდნენ მასწავლებლებს ყურის საამებლად’ (2 ტიმ. 4:3, 4). სატანა ქრისტიანული სამყაროს მეშვეობით ბუნდოვანს ხდიდა ღვთის განზრახვას ადამიანებთან და დედამიწასთან დაკავშირებით და შეცდომაში შეჰყავდა ხალხი (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:3, 4 ).
4. კაცობრიობის რა იმედი უარყვეს ქრისტიანული სამყაროს რელიგიურმა წინამძღოლებმა?
4 წმინდა წერილები გვიხსნის, რომ ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ადამიანურ მმართველობას (დან. 2:44). ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს სატანა უფსკრულში იქნება ჩაგდებული, მკვდრები აღდგებიან და დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები გასრულყოფილდებიან (გამოცხ. 20:1—3, 6, 12; 21:1—4). ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები ამ საკითხებს სულ სხვაგვარად ხსნიდნენ. მესამე საუკუნეში „ეკლესიის მამები“, მაგალითად, ორიგენე ალექსანდრიელი მსჯავრს სდებდა ყველას, ვისაც სწამდა, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა დედამიწაზე მოიტანდა კურთხევებს. კათოლიკე თეოლოგი ავგუსტინე ნეტარი (ახ. წ. 354—430 წწ.) „მხარს უჭერდა იმ აზრს, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის შესახებ სწავლება არასწორი იყო“, — ნათქვამია კათოლიკურ ენციკლოპედიაში.a
5, 6. რატომ უარყოფდნენ ორიგენე და ავგუსტინე, რომ ქრისტე ათასი წლის განმავლობაში დედამიწაზე იმმართველებდა?
5 რატომ უარყოფდნენ ორიგენე და ავგუსტინე, რომ ქრისტე ათასი წლის განმავლობაში დედამიწაზე იმმართველებდა? ორიგენე კლემენტ ალექსანდრიელის მოწაფე იყო. კლემენტმა ბერძნულ გადმოცემაზე დააფუძნა მოძღვრება სულის უკვდავების შესახებ და ორიგენეც იზიარებდა მის მოსაზრებას. ორიგენეზე აგრეთვე დიდი გავლენა მოახდინა პლატონის შეხედულებებმა სულის უკვდავებასთან დაკავშირებით. ორიგენემ „ქრისტიანულ მოძღვრებაში შეიტანა სულის შესახებ მთელი რიგი სწავლებები, რომლებიც პლატონისგან გადმოიღო“, — აღნიშნავს თეოლოგი ვერნერ იეგერი. ამგვარად, ორიგენე ასწავლიდა, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა კურთხევებს მოიტანდა ზეცაში და არა დედამიწაზე.
6 ავგუსტინემ ქრისტიანობა 33 წლის ასაკში მიიღო. მანამდე ის იყო ნეოპლატონიზმის მიმდევარი. ნეოპლატონიზმი პლატონის ფილოსოფიაზე დაფუძნებული მიმდინარეობა იყო, რომელიც პლოტინემ მესამე საუკუნეში ჩამოაყალიბა. მართალია ავგუსტინემ ქრისტიანობა მიიღო, მის გონებაში ნეოპლატონიზმის იდეები მაინც ღრმად იყო გამჯდარი. „მის მიერ მიღებული ახალი აღთქმის რელიგია პლატონის იდეებთან და ბერძნულ ფილოსოფიასთან იყო შერწყმული“, — ნათქვამია „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“. ავგუსტინე განმარტავდა, რომ გამოცხადების მე-20 თავში მოხსენიებული ათასწლიანი მმართველობა „გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება . . . ეს განმარტება სწორად მიიჩნიეს ბერძენმა და რომაელმა ქრისტიანმა თეოლოგებმა და ათასწლიანი მმართველობის ადრინდელი შეხედულებისთვის მხარი აღარავის დაუჭერია“, — აღნიშნულია კათოლიკურ ენციკლოპედიაში.
7. რომელი არასწორი სწავლება უთხრის ძირს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს და როგორ?
7 დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს ძირი გამოუთხარა ძველმა ბაბილონურმა სწავლებამ, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ სწავლების თანახმად, ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც ადამიანის ფიზიკურ სხეულში მკვიდრობს. ქრისტიანულმა სამყარომ გაიზიარა ეს მოსაზრება და ღვთისმეტყველებმა ბიბლიური მუხლები ისე შეცვალეს, რომ ხალხს დაეჯერებინა, თითქოს ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის. ამ შეხედულების თანახმად, ადამიანი დედამიწაზე დროებით იმიტომ ცხოვრობს, რომ გამოიცადოს, ივარგებს თუ არა ზეციერი ცხოვრებისთვის. მსგავსად გამოეთხარა ძირი დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესახებ იუდეველთა იმედს. პირველი საუკუნის შემდეგ იუდეველებმა თანდათანობით გადმოიღეს ბერძნების სწავლება სულის უკვდავების შესახებ, რის შედეგადაც მათ გაუქრათ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის თავდაპირველი იმედი. მათი შეხედულება ძალიან განსხვავდებოდა ბიბლიის თვალსაზრისისგან, საიდანაც ვიგებთ, რომ ადამიანი ფიზიკური ქმნილებაა და არა სულიერი. იეჰოვამ პირველ მამაკაცს უთხრა: „მტვერი ხარ“ (დაბ. 3:19). ადამიანის მარადიული საცხოვრებელი დედამიწაა და არა ზეცა (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:5; 115:16 ).
ჭეშმარიტება ანათებს სიბნელეში
8. რა თქვა მე-17 საუკუნეში მოღვაწე ბიბლიის ზოგმა მკვლევარმა კაცობრიობის იმედის შესახებ?
8 მრავალი ქრისტიანული რელიგია უარყოფს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს, თუმცა სატანა ყოველთვის ვერ ახერხებს, დაფაროს ჭეშმარიტება. საუკუნეების განმავლობაში ბიბლიის რამდენიმე გულმოდგინე მკითხველისთვის ცხადი გახდა გარკვეული საკითხები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაასრულყოფილებს ღმერთი ადამიანებს (ფსალმ. 97:11; მათ. 7:13, 14; 13:37—39). მე-17 საუკუნეში ბიბლიის მრავალი თარგმანი გაკეთდა და დაიბეჭდა, რამაც ხელი შეუწყო ღვთის სიტყვის გავრცელებას. 1651 წელს ერთმა ბიბლიის მკვლევარმა დაწერა, რომ ადამის მეშვეობით ადამიანებმა „დაკარგეს სამოთხე და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა დედამიწაზე“, ქრისტეს მეშვეობით კი „ყველას შეუძლია იცოცხლოს მარადიულად დედამიწაზე“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:21, 22). ერთ-ერთმა ცნობილმა ინგლისელმა პოეტმა ჯონ მილტონმა (1608—1674 წწ.) თავის პოემებში „დაკარგული სამოთხე“ და „დაბრუნებული სამოთხე“ ყურადღება გაამახვილა ჯილდოზე, რომელსაც ღვთის ერთგული ადამიანები დედამიწაზე სამოთხეში მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ მილტონმა თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ბიბლიის გამოკვლევას დაუთმო, მან გააცნობიერა, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ბოლომდე ვერავინ ჩასწვდებოდა ქრისტეს მოსვლამდე.
9, 10. ა) რა დაწერა ნიუტონმა კაცობრიობის იმედის შესახებ? ბ) რატომ ფიქრობდა ნიუტონი, რომ ქრისტეს მოსვლა დიდი ხნის შემდეგ იქნებოდა?
9 ცნობილი მათემატიკოსი სერ ისააკ ნიუტონი (1642—1727 წწ.) ძალიან იყო დაინტერესებული ბიბლიით. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ წმინდები ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებოდნენ და ქრისტესთან ერთად უხილავად იმმართველებდნენ (გამოცხ. 5:9, 10). ამ სამეფოს ქვეშევრდომების შესახებ მან დაწერა: „განკითხვის დღის შემდეგ მოკვდავი [ადამიანები] არა მხოლოდ 1 000 წლის განმავლობაში იცხოვრებენ დედამიწაზე, არამედ მარადიულად“.
10 ნიუტონს მიაჩნდა, რომ ქრისტე საუკუნეების შემდეგ მოვიდოდა. ისტორიკოსის სტეფან სნობელენის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ფიქრობდა ნიუტონი, რომ ღვთის სამეფო დიდი ხნის შემდეგ დამყარდებოდა, ის იყო, რომ მისთვის მიუღებელი სამების დოგმატი ხალხში კვლავაც ღრმად იყო გამჯდარი. სასიხარულო ცნობა ჯერ კიდევ დაფარული იყო. ნიუტონი იმასაც ხედავდა, რომ არც ერთი ქრისტიანული რელიგია არ ქადაგებდა ამ ცნობას. მან დაწერა: „დანიელის წიგნში და იოანეს [გამოცხადებაში] ჩაწერილი წინასწარმეტყველებები გასაგები არ უნდა იყოს უკანასკნელ დრომდე . . . შემდეგ, როგორც დანიელი ამბობს, ‘მრავალი დაიწყებს ძიებას და მოიმატებს ცოდნა’, რადგან დიდი გასაჭირისა და წუთისოფლის აღსასრულის დადგომამდე სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. სახარების ქადაგების გარეშე შეუძლებელია, შეიკრიბოს უთვალავი ხალხი, პალმის ტოტებით ხელში, რომლებიც დიდ გასაჭირს გადაიტანენ“ (დან. 12:4; მათ. 24:14; გამოცხ. 7:9, 10).
11. რატომ იყო მილტონისა და ნიუტონის დროს უმრავლესობისთვის კაცობრიობის იმედი დაფარული?
11 მილტონისა და ნიუტონის დროს ისეთი იდეების გავრცელება, რომლებიც ეკლესიის მოძღვრებებს ეწინააღმდეგებოდა, საკმაოდ საშიში იყო. ამიტომ მათ მიერ დაწერილი ბიბლიური ნაშრომების უმეტესობა მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. მე-16 საუკუნეში რეფორმაციის მიუხედავად არ შეცვლილა სწავლება უკვდავი სულის შესახებ. პროტესტანტული ეკლესიები კვლავაც ავგუსტინეს იდეებს ავრცელებდნენ, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა წარსულში იყო. მოიმატა ცოდნამ უკანასკნელ დროს?
„გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“
12. როდის უნდა გამრავლებულიყო ჭეშმარიტი ცოდნა?
12 დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დროს“ სასიხარულო მოვლენები მოხდებოდა (წაიკითხეთ დანიელის 12:3, 4, 9, 10). იესო ქრისტემაც აღნიშნა, რომ ‘იმ დროს მართალნი მზესავით გაანათებდნენ’ (მათ. 13:43). როგორ გამრავლდა ცოდნა უკანასკნელ დროს? განვიხილოთ, როგორ განვითარდა მოვლენები 1914 წლამდე, უკანასკნელი დროის დაწყებამდე ათეულობით წლით ადრე.
13. რა დაწერა რასელმა?
13 მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რამდენიმე გულწრფელმა ადამიანმა კვლევა დაიწყო, რომ „ჯანსაღი სიტყვების ნიმუში“ გაეგოთ (2 ტიმ. 1:13). ერთ-ერთი მათგანი ჩარლზ ტეიზ რასელი იყო. 1870 წელს მან და ჭეშმარიტების კიდევ რამდენიმე გულწრფელმა მაძიებელმა ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ჩამოაყალიბეს. 1872 წელს მათ გამოიკვლიეს საკითხი, რომელიც ადამის მიერ დაკარგული სრულყოფილების დაბრუნებას ეხებოდა. მოგვიანებით რასელმა დაწერა: „მთელი ამ დროის განმავლობაში ნათლად ვერ ვხედავდით, თუ რა დიდი სხვაობაა იმ საზღაურს შორის, რომელსაც მიიღებს ეკლესია (ცხებული ქრისტიანები), რომელიც ახლა იცდება, და ზოგადად ერთგული ადამიანები. ამ უკანასკნელთა ჯილდო იქნება „იმ სრულყოფილების დაბრუნება, რომელიც თავდაპირველად ადამს ჰქონდა ედემის ბაღში“. რასელი ამბობდა, რომ ბიბლიის გაგებაში მას სხვები დაეხმარნენ. ვის გულისხმობდა ის?
14. ა) როგორ ესმოდა ჰენრი დანს საქმეების 3:21? ბ) დანის აზრით, ვინ იცხოვრებდა დედამიწაზე მარადიულად?
14 ერთ-ერთი მათგანი, ვინც რასელს დაეხმარა, ჰენრი დანი იყო. რასელამდე მან დაწერა ყველაფრის აღდგენაზე, „რაზეც ღმერთი ლაპარაკობდა ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით“ (საქ. 3:21). დანი დარწმუნებული იყო, რომ „აღდგენაში“ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს ადამიანთა გასრულყოფილებაც შედიოდა. მან აგრეთვე გამოიკვლია ბევრისთვის საინტერესო საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იცხოვრებდა მარადიულად დედამიწაზე. დანმა ახსნა, რომ მილიონობით გარდაცვლილი აღდგებოდა, ჭეშმარიტებას ისწავლიდა და შესაძლებლობა ექნებოდათ, ქრისტესადმი რწმენა გამოევლინათ.
15. რა დასკვნამდე მივიდა სტორზი?
15 ათას რვაას სამოცდაათ წელს ჯორჯ სტორზიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უმართლოები მკვდრეთით აღდგებოდნენ და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემოდათ. ბიბლიიდან ის იმასაც მიხვდა, რომ აღდგენილთაგან ვინც ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებდა, ‘ასი წლისაც რომ ყოფილიყო და შეეცოდა, მოკვდებოდა’ (ეს. 65:20). სტორზი ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ცხოვრობდა. ის ჟურნალ „ბიბლიის შემსწავლელის“ რედაქტორი იყო.
16. რა განასხვავებდა ბიბლიის მკვლევარებს ქრისტიანული სამყაროსგან?
16 რასელმა ბიბლიიდან გაიგო, რომ დადგა დრო, სასიხარულო ცნობა ყველგან გავრცელებულიყო. ამიტომ 1879 წელს მან დაიწყო ჟურნალ „სიონის საგუშაგო კოშკისა და ქრისტეს მოსვლის მაცნის“ გამოცემა, რომელსაც დღეს ეწოდება „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. მანამდე კაცობრიობის იმედის შესახებ ჭეშმარიტება ძალიან ცოტას ესმოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მრავალ ქვეყანაში ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც იღებდნენ „საგუშაგო კოშკს“ და გულდასმით სწავლობდნენ. ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით, მათ სწამდათ, რომ ზეცაში მხოლოდ ცოტანი წავიდოდნენ, მილიონები კი გასრულყოფილდებოდნენ და დედამიწაზე იცხოვრებდნენ.
17. როგორ გამრავლდა ჭეშმარიტი ცოდნა?
17 ნაწინასწარმეტყველები „უკანასკნელი დრო“ 1914 წელს დაიწყო. გამრავლდა ჭეშმარიტი ცოდნა კაცობრიობის იმედის შესახებ? (დან. 12:4). 1913 წლისთვის რასელის ქადაგებები 2 000 გაზეთში იბეჭდებოდა და მთლიანობაში 15 მილიონ მკითხველამდე აღწევდა. 1914 წლის ბოლოს სამ კონტინენტზე 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა შემოქმედების ფოტოდრამა, რომელშიც შესული იყო მოძრავი სურათები და სლაიდები. მასში ახსნილი იყო, თუ რას ნიშნავდა ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა. 1918 წლიდან 1925 წლამდე იეჰოვას მსახურებმა მთელ მსოფლიოში 30-ზე მეტ ენაზე წარმოთქვეს მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. ამ მოხსენებაში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედზე იყო ყურადღება გამახვილებული. 1934 წელს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიიდან გაიგეს, რომ ამ იმედის მქონე ადამიანები უნდა მონათლულიყვნენ. დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედმა მოწმეებს სასიხარულო ცნობის ქადაგების უფრო მეტი ენთუზიაზმი მისცა. დღეს მილიონობით ადამიანს იეჰოვასადმი მადლიერებით უვსებს გულს ეს იმედი.
წინ „დიდებული თავისუფლება“ გველის!
18, 19. რა არის ესაიას 65:21—25-ში ნაწინასწარმეტყველები?
18 წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის შთაგონებით დაწერა, თუ რა პირობებში იცხოვრებს ღვთის ხალხი დედამიწაზე (წაიკითხეთ ესაიას 65:21—25 ). სავარაუდოდ, დღესაც შემორჩენილია ზოგიერთი ხე, რომლებიც დაახლოებით 2 700 წლის წინ არსებობდა, როცა ესაია ამ სიტყვებს წერდა. წარმოიდგინეთ, რომ ჯანმრთელი და ძალებით აღსავსე ხართ და ამდენ ხანს ცოცხლობთ!
19 დღევანდელი ხანმოკლე ცხოვრებისგან განსხვავებით, ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად იცხოვრებთ და გექნებათ შესაძლებლობა, ააშენოთ, დარგოთ და ისწავლოთ. დაფიქრდით, რამდენ მეგობარს შეიძენთ, რომლებთანაც სასიამოვნო ურთიერთობას ბოლო არ ექნება! დედამიწაზე მცხოვრებ „ღვთის შვილებს“ მართლაც რომ „დიდებული თავისუფლება“ ექნებათ! (რომ. 8:21).
[სქოლიო]
a ავგუსტინე აცხადებდა, რომ ქრისტეს სამეფოს ათასწლიანი მმართველობა მომავალში არ დამყარდებოდა, რადგან ის მაშინ დამყარდა, როცა კათოლიკური ეკლესია დაფუძნდა.
-