საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 6/8 გვ. 11-13
  • ორი მამიდან ერთის არჩევა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ორი მამიდან ერთის არჩევა
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გავიზარდე სიძულვილით აღსავსე წუთისოფელში
  • აზროვნების შეცვლა
  • რთული არჩევანი ჩვიდმეტი წლის ყმაწვილისთვის
  • უფრო მტკიცე პოზიციის დაკავება
  • შემდგომი მოვლენები
  • საბერძნეთში გაქცევა
  • შერიგება ექვსი წლის შემდეგ
  • ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • იეჰოვამ მშობელ მამასთან დამაახლოვა
    ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
  • განსაცდელები ღმერთმა გადამატანინა
    გამოიღვიძეთ! — 2008
  • ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 6/8 გვ. 11-13

ორი მამიდან ერთის არჩევა

„აღარა ხარ ჩემი შვილი! ახლავე წადი სახლიდან და არ დაბრუნდე, სანამ თავს არ დაანებებ მაგ რელიგიას!“

რაც ზედ მეცვა, სახლიდან მხოლოდ იმით წავედი. იმ ღამეს ჭურვები ფეთქდებოდა ახლო-მახლო და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. სახლში მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დავბრუნდი.

რას უნდა გაებრაზებინა მამა ისე, რომ სახლიდან გაეგდო საკუთარი ვაჟი? ნება მიბოძეთ აგიხსნათ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი.

გავიზარდე სიძულვილით აღსავსე წუთისოფელში

ჩემი მშობლები ცხოვრობენ ბეირუთში (ლიბანი) — ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს ტურისტებს ხიბლავდა. მაგრამ, 1975—1990 წლებში ეს ქალაქი გამანადგურებელი ომის ცენტრი გახდა. მე 1969 წელს დავიბადე და სომხური სამშვილიანი ოჯახის პირმშო გავხდი. ასე რომ, ჩემი ადრინდელი მოგონებები მშვიდობიან დროს მახსენებს.

მშობლები სომხურ–გრიგორიანულ ეკლესიას ეკუთვნოდნენ, მაგრამ დედას წელიწადში მხოლოდ ორჯერ — აღდგომისა და შობის დღესასწაულებზე — დავყავდით ეკლესიაში. ასე რომ, ჩვენი ოჯახი, სინამდვილეში, არ იყო ძალიან მორწმუნე. მიუხედავად ამისა, ევანგელისტურ სკოლაში მიმიყვანეს, სადაც რელიგიური განათლება მივიღე. იმ დროს რელიგია არც მე მაინტერესებდა.

ერთ-ერთი, რასაც ბევრი სომეხი სწავლობდა ბავშვობაში, თურქების სიძულვილი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს თურქებმა ასობით ათასი სომეხი გაჟლიტეს და ქვეყნის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს. დარჩენილი აღმოსავლეთი ნაწილი 1920 წელს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა გახდა. ბავშვობისას მზად ვიყავი, მებრძოლა სამართლიანობისთვის.

აზროვნების შეცვლა

მაგრამ 80-იან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, ბიძაჩემის (დედაჩემის ძმის) ნათქვამმა აზროვნება შემაცვლევინა. მან მითხრა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი მალე გამოასწორებდა ყოველგვარ უსამართლობას. ამიხსნა, რომ სამეფოს საშუალებით, რომლის შესახებ ლოცვასაც ქრისტე ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ხოცვა-ჟლეტისას დახოცილებსაც კი აღადგენდა მკვდრეთით დედამიწაზე საცხოვრებლად (მათე 6:9, 10; საქმეები 24:15; გამოცხადება 21:3, 4).

გული მიფანცქალებდა. კითხვებს ვუსვამდი, რადგან მეტის გაგება მინდოდა. შედეგად ბიბლიის შესწავლა დავიწყე, რომელიც სხვა მოწმის სახლში ტარდებოდა.

როდესაც ჩემს ზეციერ მამას, იეჰოვას, ვეცნობოდი და სულ უფრო მეტად ვიყვარებდი მას, ვშიშობდი, რომ ერთხელაც რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდგებოდი — არჩევანი გამეკეთებინა ჩემს ოჯახსა და იეჰოვა ღმერთს შორის.

რთული არჩევანი ჩვიდმეტი წლის ყმაწვილისთვის

ბოლოს და ბოლოს, დედამ გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებთან მქონდა ურთიერთობა. მას ძალიან ეწყინა და ბიბლიის შესწავლა ამიკრძალა. როდესაც მიხვდა, რომ რწმენას სერიოზულად მოვეკიდე, დამემუქრა, რომ მამას ეტყოდა. იმ დროს არ განვიცდიდი, რადგან მეგონა შევძლებდი სიტუაციის წარმართვას და მამის წინაშე ჩემი პოზიციის დაცვას. მაგრამ ვცდებოდი.

როდესაც მამამ გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებთან მქონდა ურთიერთობა, გაცოფდა. დამემუქრა, რომ, თუ ბიბლიის შესწავლას არ შევწყვეტდი, სახლიდან გამაგდებდა. ვუპასუხე, რომ არ ვაპირებდი თავის დანებებას, რადგან ჭეშმარიტებას ვსწავლობდი. მან ყვირილისა და ლანძღვის შემდეგ პატარა ბავშვივით დაიწყო ტირილი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მევედრებოდა, მოწმეებთან ურთიერთობა შემეწყვიტა.

განადგურებული ვიყავი; ორ მამას შორის — მასსა და იეჰოვას შორის — ვიდექი. ვიცოდი, რომ ორივეს ძალიან ვუყვარდი, და მინდოდა, ორივეს მოთხოვნები დამეკმაყოფილებინა; მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ზეგავლენა იმაზე ძლიერი იყო, რის ატანაც შემეძლო. მამას ვუთხარი, რომ მისი ნებისამებრ მოვიქცეოდი, რადგან ვფიქრობდი, რომ, როდესაც გავიზრდებოდი, განვაახლებდი შესწავლას და მოწმე გავხდებოდი. მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი.

მას შემდეგ მრცხვენოდა ჩემი საქციელის. ვგრძნობდი, რომ არ ვასიამოვნე იეჰოვას და არ მქონდა ნდობა დავითის სიტყვებისადმი: „რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე“ (ფსალმუნი 26:10). მაგრამ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და მშობლები ფულს იხდიდნენ ჩემი განათლებისთვის.

უფრო მტკიცე პოზიციის დაკავება

ორ წელიწადზე მეტი არც ბიძაჩემი მინახავს და არც მოწმეებთან მქონია ურთიერთობა, რადგან ვიცოდი, რომ მშობლები ყოველ ჩემს ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ერთ დღესაც, 1989 წელს, როდესაც 20 წლის ვიყავი, ჩემს ნაცნობ მოწმეს შევხვდი. მან თავაზიანად მკითხა, ხომ არ ვისურვებდი, რომ ვსტუმრებოდი. რადგანაც ბიბლიის შესწავლის შესახებ მას არაფერი უთქვამს, ბოლოს და ბოლოს, ვეწვიე.

დროთა განმავლობაში ბიბლიის შესწავლა და სამეფო დარბაზში იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე. შესწავლას ჩემს სამსახურში ვატარებდით, სადაც ხელს არავინ მიშლიდა. შედეგად, მეტად დავაფასე იეჰოვას მოსიყვარულე პიროვნება და უკეთესად გავიგე, თუ რამდენად ძვირფასია, მასთან ახლო ურთიერთობა გქონდეს ნებისმიერ ვითარებაში. იმავე წლის აგვისტოში ნასწავლის სხვებისთვის გაზიარებაც კი დავიწყე.

მანამდე ჩემმა ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მე და მამაჩემი ისევ პირისპირ ვიდექით; ამჯერად წინააღმდეგობისთვის უკეთესად ვიყავი მომზადებული. ის ცდილობდა მშვიდად ეკითხა: „შვილო, მართალია, რომ დღემდე ურთიერთობა გაქვს იეჰოვას მოწმეებთან?“ მამა ცრემლიანი თვალებით ელოდა ჩემს პასუხს. დედაჩემი და ჩემი და ჩუმად ტიროდნენ.

ავუხსენი, რომ დიდი ხანი არ იყო, რაც მოწმეებს დავუკავშირდი, და გადაწყვეტილი მქონდა, ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი. ამის შემდეგ, ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. მამამ მიყვირა ამ სტატიის შესავალში აღნიშნული სიტყვები. შემდეგ ხელი წამავლო და დამიყვირა, რომ სახლიდან ცოცხალს არ გამიშვებდა. გავექეცი და კიბეებზე ჩარბენისას მესმოდა, როგორ აწყნარებდა ჩემი უმცროსი ძმა მამას. „ამიერიდან შენ ხარ ჩემი მამა, — ვეუბნებოდი იეჰოვას. — მე შენ აგირჩიე, ამიტომ გთხოვ, იზრუნე ჩემზე“.

შემდგომი მოვლენები

რამდენიმე დღის შემდეგ მამა ბიძაჩემთან მივიდა, რადგან ეგონა, რომ იქ მიპოვიდა. ის მოსაკლავად ეძგერა ბიძაჩემს, მაგრამ მასთან სტუმრად მყოფმა რამდენიმე მოწმემ შეაკავა. მამა წავიდა და დაემუქრა, რომ დაბრუნდებოდა. მალე შეიარაღებული მილიციელების თანხლებით მივიდა. მოწმეები და ბიძაჩემი, რომელიც ძალიან ავად იყო, სამხედრო სამმართველოში წაიყვანეს.

ამის შემდეგ იმ ტერიტორიებში მცხოვრები სხვა მოწმეების ძებნა დაიწყეს. ისინი ერთ-ერთი მათგანის სახლსაც დაესხნენ თავს. წიგნები, მათ შორის ბიბლიები, მოაგროვეს და ქუჩაში დაწვეს. მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. დააპატიმრეს ექვსი მოწმე და ბიბლიის შემსწავლელები. ყველა ერთ პატარა ოთახში შეყარეს, დაკითხეს და სცემეს. ზოგს სიგარეტებით ამოუწვეს სხეული. ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო იქაურობას. მილიციელები ყველგან დამეძებდნენ. მამამ სთხოვა, მოვეძებნე და — სულ ერთია, რა მეთოდით — აზრი შეეცვლევინებინათ ჩემთვის.

რამდენიმე დღის შემდეგ მილიციელები შეიჭრნენ სამეფო დარბაზში, სადაც კრების შეხვედრა ტარდებოდა. მთელი კრება — მამაკაცები, ქალები და ბავშვები — დარბაზიდან გაიყვანეს. ჩამოართვეს ბიბლიები, წაიყვანეს მილიციის მთავარ სამმართველოში და დაკითხეს.

საბერძნეთში გაქცევა

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემზე მოწმეების ერთი ოჯახი ზრუნავდა შფოთის ადგილიდან შორს. ერთი თვის შემდეგ საბერძნეთში გავემგზავრე. ჩასვლისთანავე თავი მივუძღვენი იეჰოვას და მოვინათლე.

საბერძნეთში ვიგრძენი მრავალი ეროვნებისგან შემდგარი სულიერი საძმოს, მათ შორის თურქების, სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა. პირადად გამოვცადე იესოს სიტყვების უტყუარობა: „არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა, და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში — საუკუნო სიცოცხლე“ (მარკოზი 10:29, 30).

მომდევნო სამი წელი საბერძნეთში დავყავი. მიუხედავად იმისა, რომ მამას რამდენჯერმე მივწერე, პასუხი არ მიმიღია. მოგვიანებით გავიგე, რომ, როდესაც მეგობრები შეუვლიდნენ და ჩემს ამბავს ეკითხებოდნენ, ის პასუხობდა: „მე არ მყავს ეგეთი შვილი“.

შერიგება ექვსი წლის შემდეგ

ბეირუთში საცხოვრებლად 1992 წელს დავბრუნდი, მას შემდეგ, რაც ომი დამთავრდა. შინ დაბრუნების შესახებ ჩემი სურვილი მამას მეგობრის მეშვეობით შევატყობინე. მან მიპასუხა, რომ სიხარულით მიმიღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემს რწმენას თავი დავანებე. ამიტომ შემდგომი სამი წელი ქირით ვცხოვრობდი. 1995 წლის ნოემბერში, მოულოდნელად მამაჩემი ჩემს სამსახურში მივიდა და მიკითხა. რადგანაც არ დავხვდი, წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ სურდა, სახლში დავბრუნებულიყავი. თავდაპირველად ვერ დავიჯერე. ამიტომ დიდი ყოყმანით მივედი. ეს ამაღელვებელი შეხვედრა იყო. მან მითხრა, რომ აღარ იყო იმის წინააღმდეგი, რომ იეჰოვას მოწმე ვყოფილიყავი, და სურდა, სახლში დავბრუნებულიყავი.

დღეს სომხურ-ენოვან კრებაში უხუცესად და სრული დროით ვმსახურობ. ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც, მამაჩემის მსგავსად, ოჯახის წევრებს იეჰოვასადმი მსახურებას უშლიან. მე მესმის, მამას გულწრფელად სჯეროდა, რომ სწორად იქცეოდა, როცა ჩემს თაყვანისმცემლობას ეწინააღმდეგებოდა. ბიბლია ამზადებს კიდეც ქრისტიანებს, რომ ოჯახის წევრები წინააღმდეგობას გაუწევენ (მათე 10:34–37; 2 ტიმოთე 3:12).

იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მამა და ოჯახის დანარჩენი წევრები გაიზიარებენ ჩემს ბიბლიურ იმედს უკეთესი ქვეყნიერების შესახებ. იქ აღარ იქნება ომები, ხოცვა-ჟლეტა; ხალხს აღარ გაყრიან თავიანთი ქვეყნიდან და არ განდევნიან სიმართლისთვის (2 პეტრე 3:13). და მაშინ აღარავის მოუწევს ორ ძვირფას პიროვნებას შორის არჩევანის გაკეთება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება