ორმოც წელზე მეტი კომუნისტებისგან დევნილი
მოგვითხრო მიხეილ სავიცკიმ
როგორც 1956 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა, 1951 წლის 1, 7, 8 აპრილს იეჰოვას მოწმეების „მასობრივი გადასახლება“ მოხდა. «ეს რუსეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის დაუვიწყარი თარიღებია, — ხსნიდა „საგუშაგო კოშკი“. — ამ სამ დღეში ყველა იეჰოვას მოწმე: დასავლეთ უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდავეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში, — შვიდი ათასზე მეტი კაცი და ქალი — დასხეს ურმებზე, წაიყვანეს რკინიგზის სადგურებში და ეშელონებით შორს გააგზავნეს».
ათას ცხრაას ორმოცდათერთმეტი წლის 8 აპრილს ჩემს მეუღლეს რვა თვის ვაჟით, მშობლებს, უმცროს ძმასა და სხვა მრავალ მოწმეს, რომლებიც ტერნოპოლში (უკრაინა) და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ, სახლები დაატოვებინეს და ეშელონებით ორკვირიანი მგზავრობის შემდეგ ციმბირის ტაიგაში (სუბარქტიკული ტყეტუნდრის ზონა), ბაიკალის ტბის დასავლეთით, ჩამოსხეს.
რატომ არ ვიყავი მეც მათთან ერთად? სანამ მოგითხრობდეთ, სად ვიყავი იმ დროს და რა შეგვემთხვა თითოეულს შემდეგ, ნება მომეცით მოგითხროთ, როგორ გავხდი იეჰოვას მოწმე.
ჩვენამდეც მოაღწია ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ
1947 წლის სექტემბერში, როცა 15 წლის ვიყავი, ჩვენთან იეჰოვას ორი მოწმე მოვიდა. ტერნოპოლიდან 50 კილომეტრით დაშორებულ პატარა სოფელ სლავიატინში ვცხოვრობდით. როდესაც მე და დედაჩემი ამ ახალგაზრდებს ვუსმენდით — რომელთაგანაც ერთ-ერთს მარია ერქვა — მივხვდი, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგია იყო. ისინი თავიანთ რწმენაზე გვესაუბრებოდნენ და ბიბლიურ შეკითხვებზე გასაგებად გვპასუხობდნენ.
მჯეროდა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვა იყო, მაგრამ ეკლესიის არაფერი მწამდა. პაპაჩემი ამბობდა ხოლმე, რომ მღვდლები ხალხს ჯოჯოხეთის ცეცხლში წამებით აშინებენ, თვითონ კი არაფრისა ეშინიათო. ისინი მხოლოდ ძარცვავენ და ატყუებენ ღარიბებსო. მახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში როგორ სისასტიკეს ავლენდნენ ჩვენს სოფელში მცხოვრები პოლონელების მიმართ და როგორ უწვავდნენ მათ სახლ-კარს. საშინელება ის იყო, რომ შეტევების ორგანიზატორი კათოლიკე მღვდელი იყო. ვიხილე, როგორ დახოცეს უამრავი პოლონელი, და ძალიან მინდოდა გამეგო ასეთი სისასტიკის მიზეზი.
როდესაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის სწავლა დავიწყე, გავიგე რატომ ხდებოდა ეს. შევისწავლე ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტებები, მათ შორის ის, რომ არ არსებობს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი და რომ ომისა და სისხლის ღვრისთვის ხელშესაწყობად სატანა ეშმაკი ცრუ რელიგიას იყენებს. პირადი შესწავლისას დროდადრო ვჩერდებოდი და გულწრფელი მადლიერების ლოცვით მივმართავდი იეჰოვას იმისთვის, რასაც ვსწავლობდი. ბიბლიური ჭეშმარიტებების შესახებ უმცროს ძმას, სტახს, ვესაუბრებოდი და ძალიან გამეხარდა, რომ მან მიიღო ისინი.
ნასწავლის გამოყენება
მივხვდი, რომ ცვლილებები უნდა მომეხდინა ცხოვრებაში და მაშინვე დავანებე თამბაქოს წევას თავი. აგრეთვე გავიგე, რომ ბიბლიის ორგანიზებული შესწავლისთვის საჭირო იყო სხვებთან რეგულარულად შეხვედრა. ამისთვის ტყეზე 10 კილომეტრს გავდიოდი, რომ მივსულიყავი იქ, სადაც შეხვედრები საიდუმლოდ ტარდებოდა. ხანდახან მხოლოდ რამდენიმე მანდილოსანი ესწრებოდა შეხვედრას და, თუმცა ჯერ მონათლული არ ვიყავი, მთხოვდნენ, რომ მე ჩამეტარებინა ის.
ბიბლიური ლიტერატურის სახლში გაჩერება სარისკო საქმე იყო და, ვისაც უპოვიდნენ, ოცდახუთ წლამდე ციხე იყო. მიუხედავად ამისა, მსურდა, საკუთარი ბიბლიოთეკა მქონოდა. ერთი ჩვენი მეზობელი იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა, მაგრამ შიშის გამო მიატოვა შესწავლა და თავისი ლიტერატურაც ბაღში ჩამარხა. როგორ ვმადლობდი იეჰოვას, როცა ამ კაცმა ეს წიგნები და ჟურნალები ამოთხარა და მომცა! ისინი მამაჩემის სკებში დავმალე; აზრად არავის მოუვიდოდა, რომ იქ მოეძებნა.
1949 წლის ივლისში თავი მივუძღვენი იეჰოვას და მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. ეს უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მოწმემ, რომელიც ამ ნათლობას საიდუმლოდ ატარებდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადვილი არ არის ჭეშმარიტ ქრისტიანად ყოფნა და რომ ბევრი განსაცდელი გველოდა. მალე გავიგე ამ სიტყვების ჭეშმარიტება. მაგრამ ჩემი ცხოვრება მონათვლის შემდეგ მხიარულად დაიწყო. მონათვლიდან ორი თვის შემდეგ დავქორწინდი მარიაზე, რომელმაც მე და დედაჩემს ჭეშმარიტება გაგვაცნო.
პირველი მოულოდნელი გამოცდა
1950 წლის 16 აპრილს პატარა ქალაქ პოდგაიტიდან ვბრუნდებოდი სახლში, როცა მოულოდნელად ჯარისკაცებმა გამაჩერეს, ბიბლიური ლიტერატურა მიპოვეს, რომელიც ჩვენი ჯგუფისთვის მიმქონდა, და დამაპატიმრეს. პირველ დღეებში წნელით მცემდნენ, არ მაჭმევდნენ და ძილის საშუალებასაც არ მაძლევდნენ. აგრეთვე მაიძულებდნენ ხელებით თავს ზემოთ ასჯერ ჩავმჯდარიყავი და ავმდგარიყავი, რაც, ქანცგაწყვეტილს, არ შემეძლო. ამის შემდეგ კი ცივ, ნესტიან სარდაფში მაგდებდნენ, სადაც 24 საათი ვიყავი ხოლმე.
ასეთი მოპყრობით ისინი ცდილობდნენ, დავესუსტებინე, რომ უფრო ადვილად მიეღოთ ინფორმაცია. „საიდან მიიღე ლიტერატურა და ვისთვის მიგქონდა?“ — მეკითხებოდნენ. ვეუბნებოდი, რომ ჩემგან ვერაფერს გაიგებდნენ. შემდეგ წამიკითხეს კანონის ის ნაწილი, რომლითაც გავსამართლდებოდი. მასში ნათქვამი იყო, რომ ანტისაბჭოური ლიტერატურის გავრცელებისა და შენახვისთვის გათვალისწინებული იყო სიკვდილით დასჯა ან 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„რომელ სასჯელს ამჯობინებ?“ — მკითხეს მათ.
„არც ერთს, — ვუპასუხე მე, — მაგრამ იეჰოვაზე ვარ დანდობილი და მისი დახმარებით ყველაფერს მივიღებ, რასაც ის დაუშვებს“.
ძალიან გავოცდი, როცა შვიდი დღის შემდეგ გამათავისუფლეს. ეს შემთხვევა დამეხმარა, დამეფასებინა იეჰოვას დაპირების ჭეშმარიტება: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ (ებრაელთა 13:5).
სახლში რომ დავბრუნდი, ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ მამაჩემმა ექიმთან წამიყვანა და გამოვჯანმრთელდი. თუმცა მამაჩემი არ იზიარებდა ოჯახის წევრების რწმენას, მხარს გვიჭერდა თაყვანისმცემლობაში.
პატიმრობა და გადასახლება
რამდენიმე თვის შემდეგ საბჭოთა არმიაში გასაწვევი ბარათი მივიღე. ავუხსენი, რომ ბიბლიით განსწავლული სინდისი უფლებას არ მაძლევდა სამხედროში წავსულიყავი (ესაია 2:4). ამიტომ 1951 წლის თებერვალში ოთხი წლით პატიმრობა მომისაჯეს და ტერნოპოლის ციხეში გადამაგზავნეს, მოგვიანებით კი გადამიყვანეს დაახლოებით 120 კილომეტრით დაშორებულ უფრო დიდ ქალაქ ლვოვის ციხეში. ამ ციხეში ყოფნის დროს შევიტყვე, რომ ბევრი მოწმე ციმბირში გადაასახლეს.
1951 წლის ზაფხულში ჩვენი ჯგუფი ციმბირის იქით, შორეული აღმოსავლეთისკენ, გააგზავნეს. თვის განმავლობაში დაახლოებით 11 000 კილომეტრი გავიარეთ და 11 ზოლური დრო გადავკვეთეთ! მატარებლით ორ კვირაზე მეტი ხნის მგზავრობის შემდეგ მხოლოდ ერთხელ გავჩერდით ნოვოსიბირსკში, სადაც საშუალება მოგვეცა, გვებანავა დიდ საერთო აბანოში.
აქ პატიმრების ბრბოში ვიღაცამ ხმადაბლა იკითხა: „ვინ არის იონადაბის ოჯახიდან?“ იმ დროს ტერმინი „იონადაბი“ მათ ამოსაცნობად გამოიყენებოდა, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი ჰქონდა (მეოთხე მეფეთა 10:15–17; ფსალმუნი 36:11, 29). მაშინვე რამდენიმე პატიმარი გამოეხმაურა. რა დიდი სიხარულით შევხვდით ერთმანეთს!
სულიერი საქმიანობა ციხეში
ნოვოსიბირსკში ყოფნისას შევთანხმდით პაროლზე, რომლითაც ერთმანეთს ვიცნობდით, როცა დანიშნულების ადგილზე ჩავიდოდით. ყველანი იაპონიის ზღვასთან მდებარე ერთ ციხეში მოვხვდით, ვლადივოსტოკიდან არცთუ ისე შორს, სადაც რეგულარულად ვატარებდით შეხვედრებს ბიბლიის შესასწავლად. სულიერად მოწიფულ ხანდაზმულ ძმებთან ყოფნა, რომლებსაც დიდი დროით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ნამდვილად მაძლიერებდა სულიერად. ისინი რიგ-რიგობით ატარებდნენ ჩვენს შეხვედრებს, იყენებდნენ ბიბლიურ მუხლებს და „საგუშაგო კოშკებიდან“ იხსენებდნენ მათს ახსნებს.
ეს ძმები გვპასუხობდნენ კითხვებზე, ბევრი ჩვენგანი კი ცემენტის ცარიელი ტომრებიდან მოჭრილ ქაღალდზე იწერდა პასუხებს. ამ ჩანაწერებს ვინახავდით და ვკინძავდით, რათა გამოგვეყენებინა როგორც ცნობარი. ორიოდე თვის შემდეგ ეს დიდი ვადით დაპატიმრებული ძმები ციმბირის შორეულ ჩრდილოეთში მდებარე ბანაკებში გაგზავნეს. სამი უფრო ახალგაზრდა ძმა გადაგვიყვანეს ნახოდკაში, რომელიც თითქმის 650 კილომეტრით იყო დაშორებული იაპონიიდან. ამ ციხეში ორი წელი გავატარე.
ზოგჯერ „საგუშაგო კოშკს“ ვღებულობდით და თვეების განმავლობაში სულიერ საზრდოდ გვქონდა. დროთა განმავლობაში წერილებმაც მოაღწია ჩვენამდე. პირველმა წერილმა, რომელიც (გადასახლებაში მყოფი) ოჯახისგან მივიღე, ამატირა. როგორც ამ სტატიის შესავალში მოცემული ციტატა „საგუშაგო კოშკიდან“ აღწერდა, თურმე მოწმეების ოჯახებს შესეოდნენ და მხოლოდ ორი საათი მიუციათ სახლების დასატოვებლად.
კვლავ ოჯახთან ერთად
1952 წლის დეკემბერში, ოთხწლიანი განაჩენიდან ორი წლის გასვლის შემდეგ, გამათავისუფლეს. ტულუნის (ციმბირი) მახლობლად პატარა სოფელ გადელეში გადასახლებულ ჩემს ოჯახს შევუერთდი. რა თქმა უნდა, შესანიშნავი იყო კვლავ მათთან ერთად ყოფნა — ჩემი ვაჟი ივანე სამიოდე წლის იყო, გოგონა ანა კი ორის ხდებოდა. მაგრამ სრული თავისუფლება არა მქონდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პასპორტი ჩამომართვა; თან მითვალთვალებდნენ. სახლიდან სამ კილომეტრზე შორს წასვლის უფლება არა მქონდა. მოგვიანებით კი ნება დამრთეს, ცხენით ტულუნის ბაზარში წავსულიყავი. აქ დიდი სიფრთხილით ვხვდებოდი მოწმეებს.
მაშინ ორი გოგო და ორი ბიჭი გვყავდა: ანა, ნადია, ივანე და კოლია. 1958 წელს კიდევ ვაჟი, ვალოდია, შეგვეძინა, 1961 წელს კი გოგონა, გალია, მოევლინა ქვეყანას.
სუკი ხშირად მაკავებდა და დაკითხვას მიწყობდა. მათი მიზანი მარტო კრების შესახებ ინფორმაციის გაგება კი არ იყო, არამედ ეჭვის შექმნაც, რომ თითქოს მათთან ვთანამშრომლობდი. დავყავდი საუკეთესო რესტორანში და ცდილობდნენ, მომცინარისთვის და მათთან კარგ დროს ტარებაში გადაეღოთ ჩემთვის სურათი. მაგრამ მათს მოტივებს ვხვდებოდი და შეგნებულად ყოველთვის წარბშეკრული ვიყავი. როცა მაკავებდნენ, ძმებს მომხდარს დაწვრილებით ვეუბნებოდი, ამიტომ ისინი არასდროს დაეჭვებულან ჩემს ერთგულებაში.
ბანაკებთან კავშირი
წლების მანძილზე ასობით მოწმე დააპატიმრეს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვუკავშირდებოდით ჩვენს ძმებს, რომლებიც ციხეში იყვნენ, და ვაწვდიდით ლიტერატურას. როგორ ვახერხებდით ამას? როდესაც ძმებს ან დებს ციხიდან ათავისუფლებდნენ, მათგან ვგებულობდით გზებს, რომლებითაც, მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, შეიძლებოდა ლიტერატურის შეგზავნა. ათიოდე წლის განმავლობაში შეგვეძლო ამ ბანაკებში მიგვეწოდებინა ძმებისთვის ჟურნალები და წიგნები, რომლებსაც პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ვღებულობდით.
ბევრი ჩვენი ქრისტიანი და დიდ დროს უთმობდა ლიტერატურის გადაწერას ისეთი წვრილი შრიფტით, რომ მთელი ჟურნალი ზოგჯერ ასანთის კოლოფისხელა რაღაცაში დამალულიყო. 1991 წელს, როცა ჩვენი საქმიანობა აღარ იყო აკრძალული და ვღებულობდით ლამაზ ფერად ჟურნალებს, იმ დებიდან ერთ-ერთმა თქვა: „ახლა ჩვენ დაგვივიწყებენ“. ის ცდებოდა, რადგან, თუნდაც ადამიანმა დაივიწყოს, იეჰოვა არ დაივიწყებს ასეთი ერთგულების საქმეს! (ებრაელთა 6:10).
კვლავ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ტრაგედიები
1967 წლის ბოლოს ირკუტსკში მცხოვრები ჩემი უმცროსი ძმის სახლი გაჩხრიკეს და ფოტოფირი და ბიბლიური ლიტერატურა უპოვეს. ის გაასამართლეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ჩვენი სახლის გაჩხრეკისას ვერაფერი იპოვეს, ხელისუფლება მაინც დარწმუნებული იყო, რომ მეც ჩაბმული ვიყავი ამ საქმეში, ასე რომ, ის მხარე დავტოვეთ. გადავსახლდით დასავლეთით, აქედან დაახლოებით 5 000 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ნევინომისკში (კავკასია), სადაც არაფორმალურად ვქადაგებდით.
1969 წლის ივნისში, ზაფხულის არდადეგების პირველ დღეს, ჩვენს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 12 წლის კოლიას, როდესაც ცდილობდა, მაღალიძაბვის ტრანსფორმატორიდან ბურთი აეღო, დენმა დაარტყა. სხეულის 70%-ზე მეტი დამწვარი ჰქონდა. საავადმყოფოში მკითხა: „მამიკო კიდევ შევძლებთ კუნძულზე წასვლას?“ (ის იმ კუნძულზე მეკითხებოდა, რომელზეც მივდიოდით ხოლმე). „კი, კოლია, — ვუთხარი მე, — კვლავ წავალთ კუნძულზე. როცა იესო ქრისტე მკვდრეთით აღგადგენს, აუცილებლად წავალთ იქ“. ნახევრად უგრძნობ მდგომარეობაში მყოფი, სამეფო სიმღერებიდან საყვარელ სიმღერას მღეროდა, რომლის მელოდიასაც კრების ორკესტრში უკრავდა საყვირზე. მკვდრეთით აღდგომაში დარწმუნებული, სამი დღის შემდეგ დაიღუპა.
მომავალ წელს ჩვენმა ოცი წლის ვაჟმა, ივანემ, სამხედრო სამსახურში გაწვევის ბარათი მიიღო. როდესაც მსახურებაზე უარი განაცხადა, დააპატიმრეს და სამი წლით ციხეში ჩასვეს. 1971 წელს მეც მივიღე ასეთი გაწვევა და დამემუქრნენ, რომ, თუ არ ვიმსახურებდი, დამაპატიმრებდნენ. ჩემი სასამართლო საქმე თვეობით გაგრძელდა. ამასობაში ჩემს მეუღლეს კიბო გაუჩნდა და მეტი ყურადღება სჭირდებოდა. ამ მიზეზით ჩემი სასამართლო საქმე შეწყვიტეს. მარია 1972 წელს გარდაიცვალა. ის ცხოვრების უმწიკვლო თანამგზავრი და სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული იყო.
ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან
1973 წელს ნინაზე დავქორწინდი, რომელიც 1960 წელს მამამისმა სახლიდან იმიტომ გააგდო, რომ იეჰოვას მოწმე გახდა. ის, თავგამოდებული მსახური, იმ დებიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ციხეში მყოფთათვის ჟურნალების გადასაწერად მძიმედ შრომობდნენ. ბავშვებმაც შეიყვარეს ის.
ნევინომისკში ხელისუფლებას არ მოეწონა ჩვენი საქმიანობა და მოგვთხოვეს, დაგვეტოვებინა იქაურობა. ასე რომ, 1975 წელს მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად საქართველოში გადავედი. ამავე დროს, ჩემი ვაჟები, ივანე და ვალოდია, ყაზახეთის სამხრეთ საზღვართან მდებარე ქალაქ ჯამბულში გადავიდნენ.
იეჰოვას მოწმეების საქმიანობა საქართველოში ის-ის იყო იწყებოდა. გაგრასა და სოხუმში და აგრეთვე მათს შემოგარენში არაფორმალურად ვქადაგებდით, სადაც ერთი წლის შემდეგ მთის მდინარეში ათი პიროვნება მოინათლა. მალე ხელისუფლებამ იქაურობის დატოვება გვიბრძანა და ჩვენც აღმოსავლეთ საქართველოში გადავედით, სადაც დიდი მონდომებით შევუდექით ცხვრისმაგვარი ხალხის ძებნას, და იეჰოვამ გვაკურთხა კიდეც.
პატარა ჯგუფებად ვიკრიბებოდით. ენა პრობლემას ქმნიდა, რადგან ჩვენ ქართული არ ვიცოდით, ზოგმა ქართველმა კი რუსული არ იცოდა კარგად. თავდაპირველად მხოლოდ რუსებთან ვატარებდით შესწავლას. თუმცა მალე ქართულ ენაზე ქადაგებამ და სწავლებამ წინ წაიწია და ახლა საქართველოში სამეფოს ათასობით მაუწყებელია.
1979 წელს სუკის ზემოქმედებით ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ მის ქვეყანაში აღარ დამედგომებოდა. ამ დროს ჩემი შვილი ნადია ავტოკატასტროფაში მოჰყვა, სადაც ის და მისი პატარა გოგონა დაიღუპნენ. მანამდე ერთი წლით ადრე კი ნევინომისკში დედაჩემი დაიღუპა; ის ბოლომდე იეჰოვას ერთგული იყო. მამაჩემი და უმცროსი ძმა მარტო დარჩნენ. ასე რომ, გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით მათთან.
მოთმინება ჯილდოვდება
ნევინომისკში განვაგრძეთ ბიბლიური ლიტერატურის არალეგალურად მზადება. ერთხელ, 80-იან წლებში, ხელისუფლებამ დამიბარა. საუბრისას ვუთხარი, რომ დამესიზმრა, თითქოს ჩვენს ჟურნალებს ვმალავდი. მათ გაიცინეს და გამოსვლისას ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: „ღმერთმა ქნას, აღარ დაგესიზმროთ, თუ როგორ დამალოთ თქვენი ლიტერატურა, — და დაამატა: — მალე თქვენი ლიტერატურა თაროებზე გექნებათ და თქვენს მეუღლესთან ერთად ხელკავითა და ბიბლიით ხელში ივლით შეხვედრებზე“.
1989 წელს ტვინის ანევრიზმის შედეგად ანას სიკვდილმა დაგვაღონა. ის მხოლოდ 38 წლის იყო. იმავე წლის აგვისტოში ნევინომისკელმა მოწმეებმა მატარებელი დავიქირავეთ და ვარშავაში (პოლონეთი) წავედით საერთაშორისო კონგრესზე, რომელსაც 60 366 დაესწრო; მათ შორის ათასობით დელეგატი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იყო ჩამოსული. სიზმარში გვეგონა თავი! თითქმის ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 27 მარტს, წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი ხნით მომსახურე ხუთი უხუცესიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ხელი მოაწერეს მოსკოვში ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ორგანიზაციას კანონიერ აღიარებას აძლევდა!
მსიამოვნებს, რომ ჩემი შვილები, რომლებიც ცოცხლები არიან, ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. მოუთმენლად ველი ღვთის ახალ ქვეყნიერებას, სადაც ხელახლა ვნახავ ანას, ნადიას თავისი გოგონით და კოლიას. როდესაც კოლია აღდგება, შევუსრულებ დაპირებას და წავიყვან იმ კუნძულზე, სადაც დიდი ხნის წინათ ვხარობდით ერთად.
ამასობაში კი, რა დიდი სიხარულის მომგვრელია ბიბლიური ჭეშმარიტების სწრაფად გავრცელების ხილვა ამ დიდ ქვეყანაში! მე ნამდვილად ბედნიერი ვარ განვლილი ცხოვრებით და ვმადლობ იეჰოვას, რომ ნება დამრთო, გავმხდარიყავი მისი მოწმე. მე მტკიცედ მწამს ფსალმუნის 33:9-ის ჭეშმარიტება: „განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი“.
[სურათი 25 გვერდზე]
როდესაც ოჯახს შევუერთდი ტულუნში.
[სურათები 26 გვერდზე]
ზემოთ: ტულუნი, მამაჩემი ჩემს შვილებთან ერთად ეზოში.
ზემოთ, მარჯვნივ: ჩემი შვილი ნადია თავის გოგონასთან ერთად, რომლებიც ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.
მარჯვნივ: ოჯახის პორტრეტი, 1968 წელი.