„ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის“
მოგვითხრო ჯეკ იოჰანსენმა
აფრიკაში მალავიელმა ჯარისკაცმა მიბრძანა, მდინარის ნაპირზე, ავტომობილის (ლენდ როვერის) ფარების შუქზე, დავმდგარიყავი. როდესაც შაშხანა მოიმარჯვა, ლოიდ ლიკვიდი მდინარის ნაპირისკენ გამოქანდა და წინ ამეფარა. ის ეხვეწებოდა ჯარისკაცს: „მე მესროლე! მე მესროლე მის მაგივრად! არ ესროლო ამ უცხოელს, რომელსაც ცუდი არაფერი ჩაუდენია!“
რატომ იყო ის აფრიკელი მზად, ჩემთვის, ვიღაც ევროპელისთვის, საკუთარი სიცოცხლე გაეწირა? ნება მიბოძეთ მოგითხროთ, თუ როგორ დავიწყე დაახლოებით 40 წლის წინ აფრიკაში მისიონერული მსახურება.
1942 წელს, როდესაც ცხრა წლის ვიყავი, დედაჩემი გარდაიცვალა და ხუთი შვილი მამის ანაბარა დავრჩით. მე უმცროსი ვიყავი. ოთხი თვის შემდეგ მამაჩემი, რომელიც იეჰოვას ერთ-ერთი პირველი მოწმე იყო ფინეთში, წყალში დაიხრჩო. ობლად დარჩენილებს უფროსი და, მაია, გვივლიდა და როგორღაც ვახერხებდით ფერმაზე ზრუნვას. მაია სულიერ საკითხებშიც ხელმძღვანელობას გვიწევდა და მამის დაღუპვიდან ერთ წელიწადში ის და ერთი ჩემი ძმა იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლნენ. ერთი წლის შემდეგ, თერთმეტი წლის ასაკში, მეც მოვინათლე.
გადამწყვეტი ნაბიჯი
სავაჭრო კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, მუშაობა დავიწყე ფინეთში არსებულ „ფორდის კომპანიაში“. ექვსი თვის შემდეგ იეჰოვას მოწმეების მიმომსვლელმა მსახურმა სიურპრიზი მომიწყო. მან მთხოვა, კონგრესზე წამეკითხა მოხსენება იმ კურთხევების შესახებ, რომლებიც, პიონერად, სრული დროით, მსახურებას მოჰყვებოდა. თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან სამსახურში მთლიან განაკვეთზე ვმუშაობდი და ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი მოხსენების გულიდან გამომდინარე წაკითხვას. ამ საკითხზე იეჰოვას მივმართე ლოცვით. მივხვდი, რომ ქრისტიანებმა ‘თავიანთთვის კი აღარ უნდა იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა’. ამიტომ გადავწყვიტე ცხოვრებაში ცვლილებები შემეტანა, რომ პიონერად მსახურება შემძლებოდა (2 კორინთელთა 5:15).
ფირმის უფროსი შემპირდა, რომ, თუ სამსახურს არ მივატოვებდი, ხელფასს გამიორმაგებდა. შემდეგ, როდესაც მიხვდა, რომ გადაწყვეტილებას არ შევიცვლიდი, მითხრა: „შენ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღე. მთელი ჩემი სიცოცხლე ამ ფირმაში გავატარე და მართლა ვერაფრით დავეხმარე ადამიანებს“. ასე რომ, 1952 წლის მაისში პიონერული მსახურება დავიწყე. რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე შემეძლო, გულიდან გამომდინარე წამეკითხა მოხსენება.
პიონერული მსახურების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ექვსი თვით პატიმრობა მომისაჯეს. ამას მოჰყვა სხვა ახალგაზრდა მოწმეებთან ერთად რვათვიანი პატიმრობა ფინეთის ყურეში, კუნძულ ჰასტო ბიუსოზე. ამ კუნძულს „პატარა გალაადს“ ვეძახდით, რადგან ბიბლიის ინტენსიური შესწავლის პროგრამა ჩამოვაყალიბეთ. მაგრამ მსურდა, რომ ნამდვილ „გალაადში“, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადში“ მესწავლა, რომელიც სამხრეთ ლანსინგთან ახლოს (ნიუ-იორკის შტატი) მდებარეობდა.
კუნძულზე პატიმრობისას საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის ბიუროდან მივიღე მოწვევა, მემსახურა იეჰოვას მოწმეების მიმომსვლელ მსახურად. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ფინეთში შვედურ ენაზე მოლაპარაკე მოწმეების კრებები უნდა მომენახულებინა. იმ დროისთვის მხოლოდ 20 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ იეჰოვას მივენდე (ფილიპელთა 4:13). კრებებში, რომლებსაც მე ვემსახურებოდი, მოწმეები სიმპათიით იყვნენ ჩემს მიმართ განწყობილი და არასოდეს შემოუხედავთ ქედმაღლურად იმის გამო, რომ „ბავშვი“ ვიყავი (იერემია 1:7).
მომდევნო წელს, ერთი კრების მონახულებისას, გავიცანი ლინდა, რომელიც შეერთებული შტატებიდან იყო ჩამოსული ფინეთში შვებულების გასატარებლად. შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ მოკლე ხანში სულიერ წარმატებებს მიაღწია და მალე მოინათლა. 1957 წლის ივნისში ჩვენ დავქორწინდით. მოგვიანებით, 1958 წლის სექტემბერში, მიგვიწვიეს სკოლა „გალაადის“ 32-ე კლასში. სკოლის დამთავრების შემდეგ, თებერვალში, მისიონერებად დავინიშნეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, ნიასალენდში (დღევანდელი მალავი).
მსახურება აფრიკაში
ჩვენ მოგვწონდა საჯარო მსახურება აფრიკელ ძმებთან ერთად, რომელთა რიცხვიც ნიასალენდში მაშინ 14 000-ზე მეტი იყო. დროდადრო „ლენდ როვერით“ ვმოგზაურობდით და თან მიგვქონდა ყველა საჭირო ნივთი. ვრჩებოდით სოფლებში, სადაც არასოდეს ყოფილა თეთრკანიანი ადამიანი, და ყველგან კარგად გვღებულობდნენ. ჩასვლისთანავე მთელი სოფელი ჩვენ სანახავად მოდიოდა. თავაზიანი მოსალმების შემდეგ მიწაზე ჩამოსხდებოდნენ და ჩუმად გვაკვირდებოდნენ.
გულკეთილი სოფლელები ხშირად სპეციალურად ჩვენთვის ტალახისგან და ზოგჯერ სპილოს ბალახისგან აგებდნენ ქოხს. ქოხი ზუსტად იმ ზომის იყო, საწოლი რომ დატეულიყო. ღამის განმავლობაში აფთრები საზარელი ყმუილით ტრიალებდნენ მის გარშემო. მაგრამ ნიასალენდში მოწმეები მალე მტაცებლებზე უფრო მეტ საშიშროებებს წააწყდებოდნენ პირისპირ.
ეროვნული უთანხმოება
მთელ აფრიკაში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები მიმდინარეობდა. ნიასალენდში ყველასგან მოელოდნენ, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებულიყო. მოულოდნელად ჩვენი ნეიტრალური პოზიცია მწვავე ეროვნულ საკამათო საკითხად გადაიქცა. იმ დროს, სანამ ფილიალის ზედამხედველი მელკომ ვაიგო იქ არ იმყოფებოდა, მე ვაგვარებდი ფილიალის საქმეებს. მოვითხოვე შეხვედრა ნიასალენდის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, დოქტორ ჰასტინგ კამუზუ ბანდასთან. მე და ორმა უხუცესმა ძმამ ავუხსენით ჩვენი ნეიტრალური პოზიცია და მეგობრულად დავცილდით ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ერთი თვის შემდეგ, 1964 წლის თებერვალში, ელატონ მვაჩანდე შევიწროების პირველი მსხვერპლი გახდა. გაშმაგებულმა ბრბომ ის შუბით განგმირა. მის სოფელში მცხოვრები სხვა მოწმეები იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ.
დოქტორ ბანდას დეპეშა გავუგზავნეთ, რითაც ვთხოვდით, გამოეყენებინა თავისი ძალაუფლება ასეთი ძალადობის შესაჩერებლად. მალე შემატყობინეს, რომ პრემიერ-მინისტრი მოსალაპარაკებლად მიბარებდა. ერთი მისიონერის, ჰაროლდ გაისა, და ადგილობრივი მოწმის, ალექსანდრე მაფამბანას, თანხლებით გამოვცხადდი დოქტორ ბანდასთან. შეხვედრას მთავრობის ორი წარმომადგენელიც ესწრებოდა.
როგორც კი დავსხედით, დოქტორმა ბანდამ უსიტყვოდ დაიწყო თავს ზემოთ დეპეშის ქნევა. ბოლოს ხმა ამოიღო და მითხრა: „მისტერ იოჰანსენ, რას გულისხმობთ ამგვარი დეპეშის გამოგზავნით?“ კიდევ ერთხელ ავუხსენით ჩვენი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ და ბოლოს დავძინე: „ამჟამად მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ელატონ მვაჩანდეს მკვლელობის საქმეში“. როგორც ჩანს, დოქტორ ბანდას ესიამოვნა ამის მოსმენა და ცოტაოდენ მოლბა.
მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთ მოშორებულ სოფელში მოწმეები ვერ რიგდებოდნენ ადგილობრივ ჩინოვნიკებთან. შემდეგ მეორე მინისტრმა სხვა მოშორებული სოფელი ახსენა და თქვა, რომ იქაურ მოწმეებს დოქტორ ბანდაზე არასასიამოვნო რამეები ულაპარაკიათ. მაგრამ მათ ვერც ერით იმ მოწმის გვარი ვერ დაასახელეს, რომელიც ასე მოიქცა. ჩვენ ავუხსენით, რომ იეჰოვას მოწმეებს ასწავლიან, ყოველთვის პატივისცემით მოეპყრონ მთავრობის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ჩვენმა მცდელობამ — შეგვეცვალა მათი მცდარი წარმოდგენა იეჰოვას მოწმეების შესახებ — უშედეგოდ ჩაიარა.
ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა
1964 წელს ნიასალენდმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და მოგვიანებით მალავის რესპუბლიკად გამოცხადდა. ჩვენი სამქადაგებლო მსახურება თითქოს ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ წინააღმდეგობა იზრდებოდა. იმ დროს მოწმეებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან ტელეფონით გვაცნობეს, რომ იმ ქალაქში პოლიტიკურმა ამბოხებამ იფეთქა. მივხვდით, რომ საჭირო იყო ვინმეს დაუყოვნებლივ გაგზავნა, რათა გაერკვია მოწმეების მდგომარეობა და მათთვის მორალური დახმარება გაეწია. ადრე რამდენჯერმე ვყოფილვარ ამ უდაბურ ადგილას და ლინდა მამაცურად ხვდებოდა ამ ამბებს. მაგრამ ამჯერად მთხოვდა, თან გამეყოლებინა ახალგაზრდა ადგილობრივი მოწმე, ლოიდ ლიკვიდი. გავიფიქრე: „თუ ეს ლინდას სიხარულს მიანიჭებს, ასეც მოვიქცევი“, და ბოლოს დავთანხმდი.
გვითხრეს, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე, საღამოს 6 საათამდე, მდინარეზე ბორნით უნდა გადავსულიყავით. ყველაფერი ვიღონეთ, რომ ბორანზე დროზე ავსულიყავით, მაგრამ ნახევრად დანგრეული გზების გამო თავის დროზე ვერ მოვახერხეთ მისვლა. მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ნაბრძანები იყო, ესროლათ, თუ ვინმეს მდინარის იმ მხარეზე ექვსი საათის შემდეგ ნახავდნენ. როდესაც მდინარესთან მივედით, დავინახეთ, რომ ბორანი უკვე მდინარის მეორე ნაპირზე იყო. ძმა ლიკვიდმა ანიშნა, რომ ჩვენ წასაყვანად მოსულიყო. ბორანი მოგვიახლოვდა, მაგრამ მასზე მყოფმა ჯარისკაცმა იყვირა: „თეთრკანიანს უნდა ვესროლო!“.
თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს უბრალო მუქარა იყო, მაგრამ როგორც კი ბორანი მოგვიახლოვდა, ჯარისკაცმა მიბრძანა, ავტომობილის ფარების შუქზე დავმდგარიყავი. აი მაშინ ჩადგა აფრიკელი ძმა ჩვენ შუა და ჯარისკაცს ემუდარებოდა, რომ ჩემ ნაცვლად მისთვის ესროლა. როგორც ჩანს, მისმა მზადყოფნამ, ჩემ ნაცვლად მომკვდარიყო, იმოქმედა ჯარისკაცზე და იარაღი დაუშვა. იესოს სიტყვები გამახსენდა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“ (იოანე 15:13). როგორ მიხაროდა, რომ ყურად ვიღე ლინდას რჩევა და ძვირფასი ძმა თან გავიყოლე!
მეორე დღეს, ბლანტაირში დაბრუნებისას, ახალგაზრდების ჯგუფმა გზა გადაგვიკეტა და ძმა ლიკვიდს პარტიის წევრობის წიგნაკი მოსთხოვა. მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო — რაც შეიძლება სწრაფად გავცილებოდით ბრბოს. სწრაფად დავძარი ავტომობილი და წინ გავვარდი. სანამ ისინი გონზე მოვიდოდნენ, იქაურობას თავი დავაღწიეთ. ძმა ლიკვიდის ამ ახალგაზრდების ხელში ჩავარდნას, ალბათ, მისი სიკვდილი მოჰყვებოდა. როდესაც ფილიალის ბიუროში დავბრუნდით, ორივე საშინლად ვკანკალებდით, მაგრამ ვმადლობდით იეჰოვას დახმარებისთვის.
დაპატიმრება რწმენის გამო
მალავიში ჩვენი საქმიანობა 1967 წლის ოქტომბერში ოფიციალურად აკრძალული იყო. იმ დროს ქვეყანაში დაახლოებით 18 000 მოწმე იყო. ორი კვირის შემდეგ გავიგეთ, რომ დედაქალაქში, ლილონგვეში, 3 000 მოწმე დაეპატიმრებინათ. გადავწყვიტეთ, იმ ღამესვე გავმგზავრებულიყავით 300 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე, თუნდაც იმისთვის, რომ მათთვის მორალური მხარდაჭერა გაგვეწია. „ლენდ როვერი“ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული პუბლიკაციებით დავტვირთეთ და, იეჰოვას წყალობით, მრავალი ბლოკირებული გზა შემოწმების გარეშე გავიარეთ. გზადაგზა ყოველ კრებას ყუთებით ვურიგებდით დროულ სულიერ საკვებს.
დილით ციხისკენ გავემართეთ. რაც იქ ვნახეთ, საშინელება იყო. მთელი ღამე წვიმდა, მაგრამ ქრისტიან და-ძმებს ღია ცის ქვეშ, შემოღობილ ტერიტორიაზე, გაათენებინეს. ისინი წვიმისგან მთლად გალუმპული იყვნენ და ზოგი მათგანი საბანს ღობეზე აშრობდა. როგორღაც მოვახერხეთ, ზოგიერთს ღობის იქიდან გავსაუბრებოდით.
მათი სასამართლო საქმე შუადღეს გაიმართა და რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეობაზე თავს დებდნენ, მათთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს. ჩვენ მათ თვალებში ვუყურებდით, მაგრამ მათი სახეები არაფერს გამოხატავდა. შევძრწუნდით, როდესაც ყველა იქ გამომსვლელმა უარყო საკუთარი რწმენა! მაგრამ გავიგე, რომ ადგილობრივი მოწმეები არც ერთ მათგანს არ იცნობდნენ. როგორც ჩანს, ამ მცდელობით უნდოდათ, თავგზა აებნიათ ნამდვილი მოწმეებისთვის.
ამასობაში გამოვიდა ბრძანება, რომ დაგვეტოვებინა მალავი. ბლენტაირში არსებული ფილიალის ბიუროს კონფისკაცია გაუკეთეს და მისიონერებს უბრძანეს, 24 საათში დაეტოვებინათ ქვეყანა. როდესაც სახლში დავბრუნდით, გავოცდით, პოლიციელის დანახვისას, რომელმაც ჭიშკარი გაგვიღო. მეორე დღეს, ნაშუადღევს, პოლიციელმა დაპატიმრების გამო სინანული გამოთქვა და აეროპორტში წაგვიყვანა.
1967 წლის 8 ნოემბერს დავტოვეთ მალავი, თუმცა ვიცოდით, რომ ჩვენს ქრისტიან ძმებს იქ მრავალი საშინელი განსაცდელი შეხვდებოდათ, რის გამოც დიდად შეგვტკიოდა მათზე გული. ათასობით მათგანი დახოცეს,, ასობით მოწმე სასტიკად აწამეს, ხოლო ათასებმა სამუშაო, სახლი და ავლა-დიდება დაკარგა. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველამ შეინარჩუნა უმწიკვლოება.
ახალი დანიშვნები
მიუხედავად სიდუხჭირისა, აზრად არასოდეს მოგვსვლია მისიონერული მსახურების შეწყვეტა. პირიქით, ახალი დანიშვნა მივიღეთ კენიაში, კონტრასტული ხალხისა და კოლორიტის ქვეყანაში. ლინდა გაოგნებული იყო მასაელთა ხილვით. იმ დროს არც ერთი მასაელი არ იყო იეჰოვას მოწმე. მაგრამ შემდეგ ლინდა შეხვდა მასაელ ქალს, დორკასს, და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
დორკასმა იცოდა — ღვთისთვის რომ ესიამოვნებინა, თავისი ქორწინება კანონით უნდა დაემტკიცებინა. მეუღლემ, ორი შვილის მამამ, უარი განუცხადა რეგისტრაციაზე, ამიტომ დორკასმა გადაწყვიტა, თავად გაეწია ბავშვებზე მზრუნველობა. ქმარი მოწმეებზე ძალიან იყო გაბრაზებული, მაგრამ გრძნობდა, რომ ოჯახის გარეშე უბედური იყო. ბოლოს დორკასის თხოვნით, მანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. მან შეიცვალა ცხოვრების წესი, გახდა მოწმე და იქორწინა დორკასზე. ცოლმა სრული დროით მსახურება დაიწყო, ხოლო თვითონ და უფროსი ვაჟი დღეს კრების უხუცესები არიან.
მოულოდნელად, 1973 წელს, კენიაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალა და ქვეყნის დატოვება მოგვიწია. მაგრამ რამდენიმე თვის მერე მოიხსნა აკრძალვა. იმ დროისთვის მესამე დანიშვნა მივიღეთ კონგოში (ბრაზავილე). 1974 წლის აპრილში დანიშნულების ადგილზე ჩავედით. დაახლოებით სამი წლის შემდეგ მისიონერებს ბრალი დაგვდეს ჯაშუშობაში და მსახურება აგვიკრძალეს. გარდა ამისა, ბრაზავილში ამბოხებამ იფეთქა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოკლეს. ყველა მისიონერი სხვადასხვა ქვეყანაში გადაგზავნეს, მაგრამ ჩვენ გვთხოვეს, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩენილიყავით. კვირების განმავლობაში ისე ვიძინებდით, რომ არ გვეგონა, ცოცხლები თუ გავიღვიძებდით. მაგრამ იეჰოვაზე მინდობით ღრმად ვიძინებდით. ჩვენი მისიონერული მსახურების მანძილზე ამ ფილიალის ბიუროში გატარებულმა რამდენიმე თვემ ყველაზე მეტად გამოსცადა და გააძლიერა ჩვენი რწმენა.
1977 წლის აპრილში იძულებული გავხდით, დაგვეტოვებინა ბრაზავილი. შემდეგ ნამდვილი საოცრება მოხდა. მივიღეთ დანიშვნა ირანში ახალი ფილიალის ბიუროს დასაარსებლად. პირველი სირთულე სპარსული ენის შესწავლის მცდელობისას შეგვხვდა. კრების შეხვედრებზე პატარა ბავშვებივით მხოლოდ უმარტივეს კომენტარებში ვიღებდით მონაწილეობას. 1978 წელს ირანში რევოლუციური მოძრაობა დაიწყო. უსაშინლესი ბრძოლისას ირანში დავრჩით. მაგრამ 1980 წელს ყველა მისიონერი გამოგვაძევეს იქიდან.
მეხუთე დანიშვნამ აფრიკის შუაგულში, ზაირში, ახლანდელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დაგვაბრუნა. ზაირში 15 წელი ვიმსახურეთ, აკრძალვის დროსაც კი. ჩვენი ჩასვლისას იქ დაახლოებით 22 000 მოწმე იყო, ახლა კი 100 000-ზე მეტია!
სახლში დაბრუნება!
1993 წლის 12 აგვისტოს მალავიში მოიხსნა აკრძალვა იეჰოვას მოწმეების საქმიანობაზე. ორი წლის შემდეგ მე და ლინდა კვლავ გაგვაგზავნეს იქ, სადაც პირველად დავიწყეთ მისიონერული მსახურება, მალავიში — ამ ლამაზ, მეგობრულ ქვეყანაში, რომელიც აფრიკის გულის სახელითაა ცნობილი. 1996 წლის იანვრიდან ვხარობდით, რომ მალავის მხიარულ და მშვიდობისმოყვარე ხალხს შორის ვმსახურობდით. ვაფასებთ ჩვენს ერთგულ მალავიელ ძმებთან ერთად მსახურებას, რომელთაგან ბევრმა 30 წლის განმავლობაში დევნა აიტანა. ჩვენი აფრიკელი ძმები ყოველთვის გამხნევების წყარო იყვნენ და ჩვენ გვიყვარს ისინი. პავლეს სიტყვები, უდავოდ, მათზე გამართლდა: „მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა“ (საქმეები 14:22). თითქმის 41 000 მოწმე მალავიში დღეს თავისუფლად ქადაგებს და დიდ კონგრესებს მართავს.
ყოველი დანიშვნა დიდ სიხარულს გვანიჭებდა. მე და ლინდამ ვისწავლეთ, რომ ნებისმიერ გამოცდას, სიძნელის მიუხედავად, შეუძლია უკეთეს ადამიანებად ჩამოგვაყალიბოს და არ დაგვაკარგვინოს ‘იეჰოვას სიხარული’ (ნეემია 8:10, აქ). არც თუ ისე ადვილად ვეგუებოდი დანიშნულების ადგილის შეცვლას, მაგრამ ლინდას შემგუებლობის უნარი და განსაკუთრებულად მტკიცე რწმენა იეჰოვასადმი დამეხმარა, დავაფასო, რომ კურთხეული ვარ ‘[კარგი] ცოლის’ ყოლით (იგავნი 18:22).
რა სასიხარულო და აღმაფრთოვანებელი სიცოცხლე განვვლეთ! მრავალჯერ ვმადლობთ იეჰოვას დახმარების ხელის გამოწოდებისთვის (რომაელთა 8:31). 40 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წავიკითხე მოხსენება სრული დროით მსახურების კურთხევებთან დაკავშირებით. მოხარულები ვართ, რომ ‘გამოვცადეთ იეჰოვა და განვიცადეთ, რომ ის კარგია’ (ფსალმუნი 33:9; მალაქია 3:10). დარწმუნებული ვართ — ის, რომ ჩვენ „აღარ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის“, სიცოცხლის საუკეთესო გზაა.
[რუკა⁄სურათი 26 გვერდზე]
ქვეყნები, რომლებშიც ვმსახურობდით
ირანი
კონგოს რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კენია
მალავი