დანაშაულებრივი ცხოვრებიდან იმედით სავსე ცხოვრებამდე
მოგვითხრო კოსტა კოულაპისმა
ციხის საკნის ჭუჭყიან კედლებს მივაშტერდი და გადავწყვიტე, ბევრი ფულის საშოვნელი გზა მომენახა, რომ დანაშაულებრივი ცხოვრებისთვის თავი დამენებებინა და ახალი ცხოვრება დამეწყო.
იქ ყოფნისას, გაუბედურებულსა და განადგურებულს, 11 დაღუპული მეგობარი გამახსენდა. ერთი მკვლელობისთვის ჩამოახრჩვეს, მეორემ მკვლელობისთვის სასამართლო პროცესის მოლოდინში თავი მოიკლა, სამი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებით დაიღუპა, ორი ქუჩაში ჩხუბის დროს ცემით გამოასალმეს სიცოცხლეს და ოთხი ავტოკატასტროფებში დაიღუპა. ასევე სხვა რამდენიმე მეგობარი სერიოზულ დანაშაულთა გამო სხვადასხვა ციხეში იხდიდა სასჯელს.
ციხის ბნელ საკანში სასოწარკვეთილი ვევედრებოდი ღმერთს, ვინც უნდა ყოფილიყო ის, რომ კრიმინალური სამყაროდან გამოსვლის გზა ეჩვენებინა ჩემთვის. გარკვეული ხანი გავიდა, სანამ ამ ლოცვაზე პასუხს მივიღებდი. ამასობაში, როგორღაც თავიდან ავიცილე სერიოზული ბრალდება — თავდასხმა სხეულის დაზიანების მიზნით. სასამართლოსა და დამნაშავეს შორის შეთანხმებული ბრალის აღიარების კანონის შედეგად ბრალდებების ნაწილი მომიხსნეს და სასჯელი შემიმსუბუქეს. მაგრამ ნება მიბოძეთ, თავდაპირველად აგიხსნათ, როგორ აღმოვჩნდი ამ უსიამოვნო მდგომარეობაში.
დავიბადე 1944 წელს პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკა) და იქვე გავიზარდე. ჩემი ბავშვობის წლები არ ყოფილა ბედნიერი. ჩვენი ოჯახური ცხოვრება ხშირად აუტანელი ხდებოდა მამის მძიმე ხასიათის გამო, რაც მისმა ხშირმა და უზომო სმამ განაპირობა. ის გამოუსწორებელი აზარტული მოთამაშეც იყო და მისი განწყობილების ცვლილების შედეგად ყოველი ჩვენგანი, განსაკუთრებით კი დედა, უხეშ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას იტანდა. განუწყვეტელ ჩხუბს რომ გავქცეოდი, ქუჩას მივაშურე.
როგორ ჩავები ბოროტმოქმედებაში
შედეგად, ცხოვრებაში ნაადრევად გამოცდილი გავხდი. მაგალითად, რვა წლის ასაკში ორი გაკვეთილი ვისწავლე. პირველი — მაშინ, როდესაც მეზობლის სახლიდან მოპარული თოჯინებით დამიჭირეს. მამამ სასტიკად მცემა. ჯერ კიდევ ჩამესმის მისი ბრაზიანი მუქარა: „თუ ოდესმე კიდევ დაგიჭერ ნაქურდალით, კისერს მოგიგრეხ!“. მაგრამ მე ის კი არ გადავწყვიტე, რომ აღარ მექურდა, არამედ ის, რომ ვერასოდეს დამიჭერდნენ. „მომავალში დავმალავ ნაქურდალს და ვეღარ დამიჭერენ“, — ვფიქრობდი ჩემთვის.
მეორე გაკვეთილიც საკმაოდ პატარამ ვისწავლე, თუმცა მას ქურდობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. სკოლაში რელიგიის გაკვეთილზე მასწავლებელმა გვითხრა, რომ ღმერთს აქვს საკუთარი სახელი. „ღვთის სახელია იეჰოვა, — თქვა მან ჩვენდა გასაოცრად, — და ის მოისმენს თქვენს ლოცვებს, თუკი მისი ძის, იესოს, სახელით მიმართავთ“. მოსმენილმა დიდად იმოქმედა ჩემს ახალგაზრდულ გონებაზე, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ჩემი დაღმასვლა დანაშაულებრივი ცხოვრებისკენ. უფროს კლასებში სწავლის დროს, ფაქტობრივად, დავხელოვნდი მაღაზიებში ქურდობასა და სახლების გატეხვაში. ჩემი სკოლის მეგობრები კარგს ვერაფერს მასწავლიდნენ, ვინაიდან მრავალ მათგანს სხვადასხვა დანაშაულის გამო უკვე გამასწორებელი სკოლა ჰქონდა გამოვლილი.
წლების განმავლობაში გამოუსწორებელი ქურდი გავხდი. ჯერ ოცი წლისაც არ ვიყავი, როცა ურიცხვ ქურდობაში, სახლის გატეხვაში, მანქანის გატაცებასა და შეიარაღებულ თავდასხმებში ვიყავი გარეული. რადგანაც მუდამ საბილიარდოებსა და ბარებში დავდიოდი და სუტენიორების, მეძავებისა და ქურდების დავალებების შესასრულებლად დავრბოდი, ტექნიკუმის პირველი კურსიც კი ვერ დავამთავრე.
მე უკვე ძველ ქურდებთან მქონდა საქმე, რომლებიც არ დაინდობდნენ არც ერთ მათ გამცემს. ვისწავლე, რომ უმჯობესი იყო, ენისთვის კბილი დამეჭირა და არასოდეს მეტრაბახა ჩემს მიღწევებზე ან ფული სახალხოდ არ გამომეჩინა. ეს მხოლოდ იმას მიახვედრებდა ყველას, რომ დანაშაული იქნა ჩადენილი, რაც პოლიციის ყურადღებას მიიპყრობდა და ამას მძიმე დაკითხვები მოჰყვებოდა. უფრო უარესიც, ეს გამოიწვევდა ნაქურდალიდან თავისი წილის მოთხოვნის მიზნით სხვა კრიმინალური ელემენტების მოულოდნელ ვიზიტებს.
თუმცა, ასეთი სიფრთხილის მიუხედავადაც კი, დროდადრო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ვხვდებოდი, როგორც უკანონო მოქმედებებში ეჭვმიტანილი. მაგრამ მე ვცდილობდი, არაფერი მქონოდა ისეთი, რაც დანაშაულთან დამაკავშირებდა ან მამხელდა. ერთხელ პოლიცია დილის სამ საათზე დაგვადგა სახლში. ელექტროაპარატურის ძებნაში მათ ორჯერ გაჩხრიკეს მთელი სახლი — გაქურდული იყო ბითუმად მოვაჭრის ადგილობრივი საწყობი. მათ ვერაფერი იპოვეს. პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს თითების ანაბეჭდის ასაღებად, მაგრამ ბრალი ვერ დამდეს.
ნარკობიზნესში ჩაბმა
12 წლის ასაკიდან რეგულარულად ვიღებდი გამაბრუებელ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რის გამოც ჩემი ჯანმრთელობა შეირყა. რამდენიმეჯერ კინაღამ დოზას გადავაჭარბე. ცოტა ხნის შემდეგ გამაცნეს ექიმი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ამან იქამდე მიმიყვანა, რომ ნარკოტიკებით მოვაჭრე გავხდი. მალე მივხვდი, რომ რამდენიმე გადამყიდველის მომარაგება ნაკლებ საფრთხეს შემიქმნიდა, რადგანაც მე თვალს მოვეფარებოდი იმ დროს, როცა სხვები რისკზე წავიდოდნენ.
სამწუხაროდ, ზოგმა ჩემმა კლიენტმა დოზას გადააჭარბა და დაიღუპა ან, ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფმა, სერიოზული ბოროტმოქმედებები ჩაიდინა. ერთმა „მეგობარმა“ ცნობილი ექიმი მოკლა. პრესამ ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოსდო. „მეგობარი“ ჩემს დადანაშაულებას შეეცადა, მაგრამ ამ შემთხვევის შესახებ მე არც კი მქონდა გაგონილი, სანამ პოლიცია თავს არ დამადგა. საერთოდ, პოლიცია ხშირად მოდიოდა ხოლმე და დაკითხვას მიწყობდა სხვადასხვა მომხდარ დანაშაულთა გამო.
ერთხელაც ძალიან სულელურად მოვიქეცი. ერთი კვირის განმავლობაში ნარკოტიკებსა და სასმელს ვიყავი გადაყოლილი. ასეთ მდგომარეობაში ქუჩაში გაუგებრობის გამო თავს დავესხი ორ მამაკაცს და მძიმედ დავაზიანე. მომდევნო დილას მათ ჩემში თავიანთი თავდამსხმელი ამოიცნეს და ამის გამო დამაპატიმრეს. წამოყენებული ბრალდება იყო თავდასხმა სხეულის დაზიანების მიზნით. ასე აღმოვჩნდი ციხეში.
გამდიდრების სურვილი და ახალი ცხოვრების დაწყება
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გავიგე, რომ ფარმაცევტულ კომპანიას საწყობის გამგე ესაჭიროებოდა. განცხადება შევიტანე და კომპანიის უფროსი დავარწმუნე, რომ ამ საქმისთვის გამოვდგებოდი. მეგობრის რეკომენდაციით, რომელიც კომპანიაში მუშაობდა, ეს სამსახური მივიღე. ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ეს დიდძალი ფულის შოვნისა და სხვაგან წასვლის საშუალება იყო, სადაც სუფთა ცხოვრებას დავიწყებდი. ამგვარად, მაშინვე დავიწყე შეძლებისდაგვარად საქმის ყოველმხრივ შესწავლა და ყოველღამე გვიანობამდე ვრჩებოდი წამლების სახელწოდებების შესასწავლად. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ახალი ცხოვრების გზა იყო.
ვგეგმავდი, უფროსობის ნდობა მომეპოვებინა. შემდეგ, მოსახერხებელ დროს, საწყობი გამეტეხა და დიდი რაოდენობით მომეპარა გარკვეული ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლებიც შავ ბაზარზე დიდად ფასობდა, გამეყიდა და ერთ ღამეში გავმდიდრებულიყავი. ამავე დროს, ჩემი აზრით, შევადგინე უცილობელი ალიბი, რომელიც თავისუფლებისა და ახალი ცხოვრების გარანტიას მომცემდა.
ჩემი გეგმის განხორციელების დროც დადგა. ერთ ღამეს ფრთხილად შევედი საწყობში. ჩემ წინ, თაროებზე, ელაგა წამლები, რომელთა ფასიც ასობით ათას დოლარს შეადგენდა. ამაში ვხედავდი ბოროტმოქმედებისა და ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას. მაგრამ ცხოვრებაში პირველად სინდისმა შემაწუხა. რამ გამოიწვია სინდისის ეს მოულოდნელი ქენჯნა, მაშინ როცა თითქმის დამავიწყდა, რომ საერთოდ მქონდა სინდისი? ნება მიბოძეთ მოგიყვეთ, ეს როგორ მოხდა.
რამდენიმე კვირით ადრე კომპანიის უფროსი და მე ვმსჯელობდით სიცოცხლის აზრის შესახებ. რაღაცას მოვაყოლე, რომ ადამიანისთვის ბოლო იმედი ლოცვაა-მეთქი.
— ვის მიმართ?“ — მკითხა მან.
— ღვთის.
— მაგრამ არსებობს მრავალი ღმერთი, რომლებსაც ადამიანები ლოცვით მიმართავენ, შენ რომელს მიმართავდი?
— ყოვლისშემძლე ღმერთს.
— ჰო, მაგრამ, ღმერთის სახელი იცი?
— რას გულისხმობთ?
— ისევე, როგორც მე და შენ და საერთოდ ყველას, ყოვლისშემძლე ღმერთსაც აქვს საკუთარი სახელი.
ეს ლოგიკურად ჟღერდა, მაგრამ მე ვღიზიანდებოდი. ამიტომ გაღიზიანებითვე ვკითხე: „კარგი, რა ჰქვია ღმერთს?“. „ყოვლისშემძლე ღმერთის სახელია იეჰოვა!“, — მიპასუხა მან.
მოულოდნელად წლებს თითქოს ფარდა აეხადა და ჩემს მეხსიერებაში აღდგა ის გაკვეთილი კლასში, როდესაც მხოლოდ რვა წლის ვიყავი. არასდროს ვიფიქრებდი, რომ უფროსთან საუბარი ჩემზე ასე იმოქმედებდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ვისხედით და სერიოზულად ვსაუბრობდით. მეორე დღეს მან მომიტანა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“a. იმ ღამესვე თავიდან ბოლომდე წავიკითხე წიგნი და მაშინვე დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტება და სიცოცხლის ნამდვილი აზრი ვიპოვე. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უმეტესად ამ საოცარი ლურჯი წიგნიდან სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით.
ისე რომ, საწყობის სიბნელესა და სიჩუმეში მყოფს, სინდისმა მიკარნახა, რომ წამლების ქურდობასა და გაყიდვასთან დაკავშირებით ჩემი გეგმები არასწორი იყო. ჩუმად დავტოვე იქაურობა და სახლისკენ გავეშურე იმ გადაწყვეტილებით, რომ აღარასოდეს ვიქურდებდი.
სრული შეცვლა
გახარებულმა, მომდევნო დღეებში ჩემს ოჯახს ვუთხარი, რომ ახალი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე და მათთან ბიბლიური ჭეშმარიტებიდან იმის გაზიარება დავიწყე, რაც ნასწავლი მქონდა. მაგრამ მამაჩემს ეს არ მოეწონა და ჩემი სახლიდან გაგდება მოინდომა. ამ დროს ჩემი ძმა, ჯონი, გამომექომაგა. მან მამას უთხრა: „თავის ცხოვრებაში კოსტამ პირველად მოკიდა ხელი იმას, რაც კრიმინალური არ არის, და შენ მისი სახლიდან გაგდება გინდა? მე მეტი უნდა გავიგო ამის შესახებ“. ჩემდა გასაოცრად ჯონმა ბიბლიის შესწავლა მთხოვა. იქიდან მოყოლებული, ყველა, ვინც კი ჩემთან ნარკოტიკებისთვის მოდიოდა, წიგნ „ჭეშმარიტებას“ ღებულობდა! მალე ამ წიგნით 11 ბიბლიურ შესწავლას ვუძღვებოდი.
მოგვიანებით გავიგე, რომ კომპანიის უფროსი თავად იეჰოვას მოწმე არ ყოფილა. მისი ცოლი 18 წელია მოწმე იყო, ხოლო თვითონ „არასოდეს ჰქონია დრო ჭეშმარიტებისთვის“. ამიტომ ჩემთან ბიბლიის შესასწავლად ის გამოცდილ მოწმეს შეუთანხმდა. შესწავლამ მალე დამანახვა, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეზე უარი უნდა მეთქვა, და არცთუ დიდი ხნის შემდეგ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებამ ქვეყნიური გზებისგან ჩემი გათავისუფლება იწყო (იოანე 8:32).
მაგრამ უეცრად ვიგრძენი, რომ რამდენიმე კვირაში მომხდარი მოვლენების სისწრაფემ დამძლია. დიდ ცვლილებებს დავუპირისპირდი და ვხვდებოდი, რომ, თუ იმ გზას გავაგრძელებდი, რომელზედაც ბიბლია მიმითითებდა, ხორცსა და სულს შორის დიდი ბრძოლა მელოდა. სხვა მხრივ, მესმოდა, რომ თუ ცხოვრების ძველ გზას განვაგრძობდი, სიკვდილი ან, სულ მცირე, სიცოცხლის უმეტესი ნაწილის ციხეში გატარება მელოდა. ამგვარად, დიდი ფიქრისა და მხურვალე ლოცვის შემდეგ გადავწყვიტე, ჭეშმარიტების გზას მივყოლოდი. ექვსი თვის შემდეგ, 1971 წლის 4 აპრილს, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.
სწორ გზაზე სიარულს კურთხევები მოაქვს
უკან გახედვისას ზოგჯერ გრძნობები მომეძალება ხოლმე, როდესაც ვფიქრობ იმ კურთხევებზე, რომლებითაც მას შემდეგ ვტკბები, რაც გადაწყვეტილება მივიღე, ცხოვრების დანაშაულებრივი გზა მიმეტოვებინა. 11 ადამიანიდან, რომლებთანაც იმ მღელვარე პირველ რამდენიმე კვირაში ბიბლიის შესწავლა დავიწყე, 5 ჭეშმარიტების გზით დადის. დედაჩემმაც შეისწავლა ბიბლია, იეჰოვას მოწმე გახდა და სიკვდილამდე, 1991 წლამდე, ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. ჩემმა ორმა ძმამ თავი მიუძღვნა იეჰოვას და ამჟამად უხუცესებად მსახურობენ. ჭეშმარიტების შესწავლაში დეიდასაც დავეხმარე. უკვე 15 წელია, რაც ის სრული დროით მსახურობს.
ფარმაცევტული კომპანიის უფროსი, ვისთანაც ვმუშაობდი, იმდენად გაამხნევა ჩემს ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, რომ უფრო სერიოზულად მოეკიდა ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლას. ჩემი მონათვლიდან ერთი წლის შემდეგ ისიც მოინათლა ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად და მრავალი წელი მსახურობდა იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთი კრების უხუცესად პრეტორიაში.
ამჟამად დაქორწინებული ვარ ერთგულ ქრისტიან დაზე. 1978 წელს მე და ლიონი ავსტრალიაში გადავედით. იქ ორი ვაჟი, ელაიჯა და პოლი, შეგვეძინა. ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა ნამდვილად დიდ ძალას მმატებს. წილად მხვდა ბედნიერება, უხუცესად მემსახურა ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში. ყოველდღე ვმადლობ იეჰოვას, ჩემს დამხსნელს უაზრო დანაშაულებრივი ცხოვრებისგან, რომელიც უბედურებასა და სიკვდილამდე მიმიყვანდა. უფრო მეტიც, ჩემთვის და ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის ნამდვილი იმედის მოცემით იეჰოვამ ჩემს სიცოცხლეს აზრი შესძინა.
[სქოლიო]
a გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 18 გვერდზე]
მე 12 წლის ასაკში.
[სურათი 18 გვერდზე]
მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად დღეს.