აღთქმა — რომელიც გადავწყვიტე, შემესრულებინა
მოგვითხრო მარიან ციბულსკიმ
ათას ცხრაას ორმოცდახუთი წლის თებერვალში ოცი წლის ასაკში საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი, რომელმაც გერმანელებს ათასობით კილომეტრით დაახევინა თავიანთი ქვეყნისკენ. ყოველდღე ომის საშინელებებს, ამხანაგების სიკვდილს ვუყურებდი. მიახლოვებული ვიყავით ქალაქ ბრესლაუს (გერმანია), ახლანდელი ვროცლავი (პოლონეთი). ერთ საღამოს ბრძოლით დაქანცულმა და გაწამებულმა აღვუთქვი ღმერთს, რომ თუ მისი ნებით სახლში ცოცხალი დავბრუნდებოდი, მთელი ცხოვრება მის ნებას შევასრულებდი.
სამი თვის შემდეგ გერმანია დამარცხდა. დემობილიზების შემდეგ, 1945 წლის დეკემბერში მამაჩემის სამშობლოში ლვოვის მახლობლად მდებარე სოფელში, როგიზნოში, (უკრაინა) ჩავედი. მეორე დღეს, დილით, შევხვდი იეჰოვას მოწმეს, რომელმაც ღვთის სამეფოს შესახებ მიქადაგა. თუმცა ცოტა რამ უკვე ვიცოდი ბიბლიის შესახებ და წაკითხულიც მქონდა მოწმეების ლიტერატურა, ახლა ეს ცნობა ჩემს გულს შეეხო. მივხვდი, რომ ამ შეხვედრას რაღაცა საერთო ჰქონდა ჩემს აღთქმასთან.
აღთქმის თანახმად
მალე დაწყებითი კლასების მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. მაგრამ ორი წელიც არ მქონდა ნამუშევარი, როცა განათლების სამინისტრომ ბავშვებისთვის ათეისტური განათლების მიცემა გადაწყვიტა, მე გამანთავისუფლეს. დაახლოებით ამ დროსვე, 1947 წლის მაისში, იეჰოვას მოწმეებთან ერთად ქადაგება დავიწყე. მოწმეებმა მირჩიეს, გადავსულიყავი სამხრეთით, ქალაქ ბორისლავში, სადაც მალევე დავიწყე ელექტრომონტიორად მუშაობა.
ბორისლავში შევხვდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც 30-იან წლებში გახდნენ მოწმეები. მათ ბევრი ბიბლიური ლიტერატურა ჰქონდათ, რომელიც მოწყურებულმა წავიკითხე: მრავალტომიანი „საღვთო წერილის გამოკვლევა“ და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოფილი პრეზიდენტის, ჯოზეფ ფ. რუტერფორდის, მიერ დაწერილი წიგნების უმეტესობის ჩათვლით. აგრეთვე წავიკითხე ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „ოქროს ხანა“ (ახლა „გამოიღვიძეთ!“) ძველი ნომრები, რომლებიც ზოგიერთ იეჰოვას მოწმეს ჰქონდა. მაგრამ რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იყო გერმანელი მოწმეების უამრავი წერილი, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი ჰიტლერის რეჟიმის დროს. ეს წერილები გადათარგმნილი იყო პოლონურ ენაზე და მიმეოგრაფზე იყო დამზადებული და ბროშურად იყო შეკრული. მოგვიანებით, ამ ძმების უმწიკვლოების გახსენება განსაცდელის გადატანაში მეხმარებოდა.
ბოლოს, 1949 წელს, ბორისლავის ერთ-ერთ ტბაზე მოვინათლე. ფაქტიურად აღთქმა, რომელიც ბრძოლის ველზე დავდე, რომ ვემსახურებოდი ღმერთს, შევასრულე. მაგრამ ახლა აღთქმა ზუსტ შემეცნებაზე იყო დაფუძნებული.
გამოცდების დაწყება
მალე სამუშაოდან გამანთავისუფლეს. ასე რომ, 1950 წლის თებერვალში ახლომდებარე ქალაქ სტრიში გადავსახლდი, სადაც კვლავ ელექტრომონტიორად დავიწყე მუშაობა. ქრისტიანმა ძმებმა გულთბილად მიმიღეს და ისიც კი შემომთავაზეს, რომ მოხსენება წამეკითხა იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ იყო.
ამ დროისთვის მოწმეების მიმართ პროვოკაცია და მუქარა გაძლიერდა. სუკ-ის (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) აგენტები თვალს გვადევნებდნენ. ასე რომ, ვფრთხილობდით და ვემზადებოდით შესაძლო დაპატიმრებისთვისა და დაკითხვისთვის. კრებაში სამეფო სიმღერები სულიერი სიძლიერის შენარჩუნებაში გვეხმარებოდა.
1950 წლის 3 ივლისს, მთხოვეს ხელი მომეწერა სტოკჰოლმის მოწოდებაზე ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგ, რომელსაც, ცნობის თანახმად, 273 000 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, უმთავრესად კი კომუნისტური ქვეყნებიდან. როდესაც ამაზე უარი ვთქვი, იმისი ახსნით, რომ პოლიტიკაში არ ვერეოდი, სამსახურიდან კვლავ გამანთავისუფლეს. ამ შემთხვევის შემდეგ დამაპატიმრეს, გამასამართლეს და მომისაჯეს კოლონიაში 25 წლით პატიმრობა.
ბანაკიდან ბანაკში
1950 წლის დეკემბერში ჩაგვსხეს მატარებელში, რომლითაც საქონელი გადაჰყავდათ და გაგვაგზავნეს დაახლოებით 3 000 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე, ურალის მთების ჩრდილოეთი მხარის მახლობლად, რომელიც ნაწილობრივ ყოფს რუსეთის აზიურ და ევროპულ ნაწილს. აქ სხვადასხვა ბანაკებში ვიჯექი. ყველგან ერთნაირ დღეში ვიყავით — მძიმე შრომა და მცირე საკვები. ორი-სამი თვე ასეთ დღეში ყოფნა ახალგაზრდა და ჯანმრთელ მამაკაცებს ცოცხალ გვამებად ხდიდა. ბევრი მოკვდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ სიკვდილს გადაურჩებოდა, განსაკუთრებით კი ჩვენ, ვისაც მრავალი წლით პატიმრობა გვქონდა მისჯილი.
ის წელი, როცა არც ბიბლიური ლიტერატურა და არც მოწმეებთან ურთიერობა მქონდა, ყველაზე ძნელი იყო ჩემთვის. იზოლირება სრული წამება იყო. მაგრამ ვმხნევდებოდი, როდესაც ზოგი პატიმარი ეხმაურებოდა ღვთის სამეფოს შესახებ ჩემს საუბარს. ბოლოს ჩემი გულწრფელი ლოცვა შესმენილი იყო, დაახლოებით 2 000 კილომეტრის დაშორებით სამხრეთ აღმოსავლეთით ახლად დაარსებულ ქალაქ ანგარსკში მდებარე ბანაკების დიდ კომპლექსში გადამიყვანეს (აღმოსავლეთ ციმბირი). იქ დიდი ქიმიური ქარხანა შენდებოდა და უმეტეს სამუშაოს პატიმრები ასრულებდნენ.
მე-13 ბანაკში გამანაწილეს, მშენებლობასთან ახლოს. იქ დაუყოვნებლივ შევხვდი სხვა მოწმეებს, რომლებმაც მომცეს ახალი „საგუშაგო კოშკი“ და „ინფორმატორი“ (ასე ერქვა მაშინ „ჩვენ სამეფო მსახურებას“). ო, რა დიდებული სულიერი ნადიმი მქონდა! მაგრამ საიდან მოვიდა ყოველივე ეს?
1951 წლის აპრილში უკრაინიდან ათასობით მოწმე ციმბირში გადაასახლეს, ბევრი მათგანი არც თუ ისე მოშორებით იყო ანგარსკიდან. ძმები ღებულობდნენ და ამრავლებდნენ „საგუშაგო კოშკს“ და სხვა პუბლიკაციებს, შემდეგ კი ბანაკებში ჩუმად შემოჰქონდათ. ბიბლიაც კი მივიღეთ. ის ნაწილებად დავყავით და გავინაწილეთ. ამიტომ, თუ გაგვჩხრეკავდნენ ბიბლიის მხოლოდ ნაწილს წაგვართმევდნენ. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლასა და თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრებსაც კი ვატარებდით ბანაკში.
მოგვიანებით, 1952 წელს მე-8 ბანაკში გადამიყვანეს. მომდევნო წლის მარტში გახსენების საღამო აღვნიშნეთ, პატარა ოთახში, სადაც პატიმრები პირად ნივთებს ინახავდნენ. სულ 12 ვესწრებოდით — სამი მოწმე და ცხრა დაინტერესებული. ზედამხედველებმა საიდანღაც გაიგეს ჩვენი შეხვედრის შესახებ და როგორც „საშიში აგიტატორი“ მე-12, დამსჯელ, ბანაკში გადამიყვანეს. ხუთი სხვა მოწმე, რომლებიც აგრეთვე ქადაგების გულისთვის იყვნენ დასჯილნი, უკვე ამ ბანაკში იყვნენ. სანამ იქ ვიყავით მხოლოდ წერაქვებითა და ნიჩბებით დიდ საძირკველს გვათხრევინებდნენ.
მე-12 ბანაკში პატიმრების უმეტესობა საშიში დამნაშავე იყო. ალბათ ზედამხედველები ფიქრობდნენ, რომ მათთან ყოფნა გაგვტეხდა. მაგრამ მათ ღვთის სამეფოს შესახებ ვესაუბრებოდით და ბარაკებში სამეფოს შესახებ სიმღერებს ვმღეროდით. ერთხელ, სიმღერამ ისეთი ზეგავლენა მოახდინა ამ ბოროტმოქმედებში ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებაზე, რომ, როდესაც დავამთავრეთ ერთ-ერთ მოწმესთან მივიდა და უთხრა: „თუ ვინმე გაბედავს, გაწყენინოს, შუბლს გავუხვრეტავ!“. ზოგმა დამნაშავემ ჩვენი სამეფოს მელოდიები ისწავლა და მღეროდნენ კიდეც!
1953 წლის ზაფხულში ბევრი მოწმე სხვა ბანაკებიდან პირველ ბანაკში გადაიყვანეს. თავიდან პირველ ბანაკში 48 მოწმე ვიყავით, მაგრამ თითქმის სამ წელიწადში ჩვენი რიცხვი 64-მდე გაიზარდა. დიახ, ამ დროში თექვსმეტმა მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება და მოინათლა! თუმცა ბანაკის ზედამხედველები ყოველთვის გვყარაულობდნენ, რომ რელიგიური საქმიანობა შეემჩნიათ, ჩვენ მაინც ვატარებდით შეხვედრებს და ნათლობებს ბანაკის აბანოში, რადგანაც აბანოს მოწმე ემსახურებოდა.
თავისუფლება და ოჯახი
1956 წელს მოწმეების უმეტესობა ბანაკებიდან განთავისუფლდა, ამიტომ კეთილი ცნობის მაცნეები ვრცელ საბჭოთა ტერიტორიაზე მიმოიფანტნენ. 25-წლიანი განაჩენი ჯერ 10 წლით შემიცვალეს, შემდეგ კი — 6 წლითა და 6 თვით. ასე რომ, 1957 წლის თებერვალში მეც გამანთავისუფლეს.
პირველად ბირიუსინსკში წავედი, ქალაქში, რომელიც ციმბირში მდებარეობს და რომელიც დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული ანგარსკიდან ჩრდილო-დასავლეთით. ბევრი უკრაინელი მოწმე იყო ამ მხარეში გადმოსახლებული, ვუყვებოდი შემთხვევებს და ვეკითხებოდი თანაქრისტიანებზე, რომლებიც საერთო ნაცნობები იყვნენ. იქედან დავბრუნდი ბორისლავში (უკრაინა), სადაც უკრაინელი მოწმე ევგენია ბაჩინსკაია ცხოვრობდა. ის ციხიდან ჩემზე ერთი წლით ადრე გაანთავისუფლეს.
ევგენია გაბედული მოწმე იყო, რომელსაც 1950 წელს ქადაგების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მაგრამ სიკვდილმისჯილთა კამერაში 18 დღის ყოფნის შემდეგ 25 წლით სპეციალურ ბანაკში პატიმრობით შეუცვალეს განაჩენი. დაახლოებით 1957 წლის ბოლოსთვის, როდესაც უკრაინაში დავბრუნდი, დავქორწინდით. დაქორწინების შემდეგ გადავწყვიტეთ დავსახლებულიყავით ბორისლავში, სადაც ცხრა წლის წინ მოვინათლე. მაგრამ 48 საათი მომცეს, რომ დამეტოვებინა უკრაინა!
რუსეთის სამხრეთ ნაწილში, კავკასიაში, წავედი, სადაც მოგვიანებით ევგენია ჩამოვიდა. მაგრამ ექვსი თვე აქ პატარა ფარდულში ცხოვრების შემდეგ, ბირიუსინსკში ჩავედით და შევუერთდით გადასახლებულ ქრისტიან დებსა და ძმებს. ბირიუსინსკში დაახლოებით 500 მოწმე და ხუთი კრება იყო. ერთ-ერთი კრების თავმჯდომარე ზედამხედველად დამნიშნეს. 1959 წელს ქალიშვილი, ოქსანა, შეგვეძინა, მომდევნო წელს კი — მარიანა. ისინი ბავშვობიდანვე ყოველთვის ესწრებოდნენ შეხვედრებს და ციმბირში კრების სულიერი საქმინობის რიტმში გაიზარდნენ.
უკრაინაში ჩვენი საქმიანობის მკაცრ შეზღუდვასთან შედარებით ციმბირის ავტორიტეტული პირები, შემწყნარებლები იყვნენ ჩვენი კრების საქმიანობის მიმართ. მიუხედავად ამისა, ადვილი არ იყო მთელი კრების ერთად შეხვედრა. დაკრძალვებზე გვეძლეოდა ერთად დიდი რაოდენობით შეკრების საშუალება, სადაც რამდენიმე ძმა სასარგებლო ბიბლიურ მოხსენებებს კითხულობდა. მაგრამ, როდესაც ხელმძღვანელობამ გაიგო რაც ხდებოდა, ამოქმედდა. მაგალითად, ერთხელ სამგლოვიარო პროცესი შეაჩერეს; კუბო ძალით წაიღეს სასაფლაოზე და დამარხეს.
უკრაინაში დაბრუნება
1965 წელს უკრაინაში, კერძოდ კი, კრემენჩუგში დავბრუნდით. ეს ქალაქი ბორისლავიდან აღმოსავლეთით, 800 კილომეტრზე მდებარეობს. აქ მხოლოდ 12 მოწმე ცხოვრობდა, სადაც დაახლოებით ხუთი წელი ვცხოვრობდით; მთელი ამ დროის უმეტესი ნაწილი მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი. 1969 წელს, როდესაც ჩვენი უმცროსი გოგონა 9 წლის იყო უფროსი კი — 10, გვთხოვეს სამხრეთში გადავსულიყავით, რათა დავხმარებოდით ძმებს პატარა ქალაქ მოლოჩანსკში.
მოლოჩანსკში სუკ-მა გამომიძახა დასაკითხად, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. ფაქტობრივად ექვსჯერ გამომიძახეს! თითოეული საუბრის დროს ბრწყინვალე მომავალს მპირდებოდნენ, თუ „იეჰოვისტებთან“ კავშირს გავწყვეტდი. ბოლოს სუკ-ი მოთმინებიდან გამოვიდა, და მე და ერთი სხვა მოწმე ერთი წლით ციხეში ჩაგვსვა.
სასჯელის მოხდის შემდეგ, 1973 წელს ოჯახით კრემენჩუგთან არსებულ პატარა სოფელში გადავსახლდი. შეხვედრებს ჩუმად ვატარებდით ჩვენს სახლში; 1974 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოც აქ ჩავატარეთ. დილით სახლი გაჩხრიკეს და დამაპატიმრეს.
სასამართლო, შრომა-გასწორების კოლონია და გადასახლება
სასამართლო დახურულად მიმდინარეობდა, მხოლოდ მოწვეულები ესწრებოდნენ. ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, საზოგადოების ელიტარული ფენა. ადვოკატი არ ავიყვანე და თავის დასაცავად 45 წუთი მომცეს. სასამართლოს წინა დღეს ევგენია და ჩვენი ორი ქალიშვილი მუხლმოყრილი ლოცულობდნენ და ითხოვდნენ, არა იმას, რომ მკაცრი სასჯელი არ მოესაჯათ ჩემთვის ან ეპატიებინათ, არამედ მხოლოდ იმას, რომ იეჰოვას სამეფოსა და მის წმინდა სახელის შესახებ კარგად დამემოწმებინა.
სასამართლო დაიწყო მოსამართლის მიერ ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთის!“ რამდენიმე ნაწყვეტის კითხვით. აუდიტორიის რეაქცია ისეთი არ იყო, როგორსაც მოსამართლე მოელოდა. როდესაც ხალხმა მოისმინა, რომ ეს ბოროტი წუთისოფელი არმაგედონში განადგურდებოდა, და ღვთის სამეფო იმმართველებდა დედამიწაზე, შეცბუნდა — არ იცოდა რა ერწმუნა. მოსამართლე მალევე მიხვდა, თუ რა გააკეთა და როცა მე ვლაპარაკობდი, თავისი შეცდომის გამოსწორებას იმით ცდილობდა, რომ საუბარს მაწყვეტინებდა. მაგრამ ჩვენი პუბლიკაციებიდან ნაწყვეტების კითხვით, მოსამართლე შესანიშნავ დამოწმებაში დამეხმარა, ჩემი გული მადლიერებით იყო აღსავსე. მიუხედავად ამისა, ხუთი წელი შრომა-გასწორების კოლონია მომისაჯეს, შემდეგი ხუთი წელი კი — გადასახლება.
ხუთი წელი შორეული ჩრდილოეთში იოდვის (კომის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) შრომა-გასწორების კოლონიაში გავატარე, სადაც მძიმე დანაშაულის მქონე ბოროტმოქმედები ისხდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში უამრავი საშუალება მქონდა, რომ დამემოწმებინა სამეფოს შესახებ დაახლოებით 1 200 პატიმრისა და ბანაკის ადმინისტრაციისთვის. 1979 წელს განთავისუფლების შემდეგ, ვორკუტაში გადამასახლეს ჩრდილოეთ პოლარული წრის მაღლა. მალევე, როდესაც ვიპოვე სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი ვორკუტაში, ოჯახი შემომიერთდა.
ცნობილია, რომ ვორკუტაში ძალიან ბევრი პატიმარი დაიღუპა იმ მრავალი მოწმის ჩათვლით, რომლებიც ათეული წლებით იყვნენ დაპატიმრებული. დღეს ის ჩვეულებრივი ქალაქია; შრომა-გასწორების კოლონიებიც არსად ჩანს. მაგრამ ქალაქში და მის შემოგარენში მარად გაყინულობაში უთვალავი წამებულის სხეულია, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე იეჰოვას სადიდებლად გასწირეს.
რელიგიური თავისუფლებით გამოწვეული სიხარული
1989 წელს იეჰოვას მოწმეების ორ საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად ვორკუტადან პოლონეთში წავედით. ჩვენ არ გვრცხვენოდა სიხარულის ცრემლების, როდესაც ვუყურებდით ათი ათასობით ქრისტიანი დებისა და ძმების ბედნიერ მეგობრულ ურთიერთობას დაპატიმრების შიშის გარეშე ვარშავასა და კატოვიცეში. ოცნება აგვიხდა. ვორკუტაში განახლებული გადაწყვეტილებით დავბრუნდით, გვემსახურა სამეფოს ინტერესებისთვის.
მაგრამ პოლარული წრის მაღლა მკაცრი კლიმატია და ევგენიას ჯანმრთველობა შეერყა. ასე რომ, მოგვიანებით იმ წელს კრემენჩუგში დავბრუნდით, სადაც ჩვენ ვხარობთ იეჰოვას მსახურებაში იმ დიდი თავისუფლებით, რომელიც ახლა გვაქვს. ორივე ჩვენი სიძე უხუცესია, აქ უკრაინაში. ჩვენი გოგონებიც, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ შვილს ზრდიან, პიონერები არიან (როგორც სრული დროით მსახურები არიან ცნობილნი).
ხანდახან 1945 წლის წინა ხაზსა და აღთქმას ვიხსენებ, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დავდე. აღთქმის შესასრულებლად იეჰოვა მაძლევდა ზუსტ შემეცნებას, იმ შემეცნებას, რომელიც საშუალებას აძლევს მილიონებს, დადონ მსგავსი აღთქმა — ემსახურონ იეჰოვას მარადიულად.
[რუკა⁄სურათი 31 გვერდზე]
რუსეთი
ვორკუტა
ლვოვი
ბორისლავი
უკრაინა
კრემენჩუგი
მოლოჩანსკი
კავკასია
ბირიუსინსკი
ანგარსკი
ორ ქალიშვილთან და მათ ქმარ-შვილთან ერთად.
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.