საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ისმენს ვინმე ჩვენს ლოცვას?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივლისი
    • ისმენს ვინმე ჩვენს ლოცვას?

      „ღვთის არსებობაში ეჭვი მეპარებოდა. თუმცა, დროდადრო მაინც ვლოცულობდი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ვინმე ისმენდა ჩემს ლოცვას, მაგრამ გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ვიღაც მაინც მომისმენდა. თავს უბედურად ვგრძნობდი და ჩემი ცხოვრებაც უაზრო მეჩვენებოდა. არ მინდოდა, დამეჯერებინა ღვთის არსებობა, რადგან ვფიქრობდი, რომ ის მხოლოდ სუსტებს სჭირდებოდა“ (პატრიცია,a ირლანდია).

      თქვენც ყოფილხართ პატრიციას მსგავს მდგომარეობაში? გილოციათ მაშინაც კი, როდესაც ეჭვი გეპარებოდათ ღვთის არსებობაში? შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ არ წარმოადგენთ გამონაკლისს. მოდი, თვალი გადავავლოთ ზოგად სტატისტიკას.

      ◼ 2 200 ბრიტანელის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მათგან მხოლოდ 22 პროცენტს სწამს, რომ არსებობს ლოცვების მომსმენი ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 55 პროცენტი დროდადრო მაინც ლოცულობს.

      ◼ ოთხ კონტინენტზე 10 000 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა თითქმის 30 პროცენტი, რომელიც ათეისტს უწოდებს თავს, ლოცულობს.

      რატომ ეპარებათ ადამიანებს ეჭვი ღვთის არსებობაში?

      ინგლისელი მამაკაცი, სახელად ალანი, ამბობს: «ხშირად ვამბობდი, რომ ღმერთი არ მწამდა, რადგან რელიგია მხოლოდ ხალხის სამართავი და ფულის საკეთებელი საშუალება მეგონა; თუ ღმერთი არსებობდა, რატომ უშვებდა ამდენ უსამართლობას. ხანდახან განვმარტოვდებოდი ხოლმე და თითქოს ვიღაცას გულს ვუშლიდი. საკუთარ თავს იმასაც ვეკითხებოდი: „რისთვის გავჩნდი?“»

      ყველა, ვისაც მსგავსი გრძნობები ეუფლება, საკუთარ ახსნას უძებნის იმას, თუ რატომ ეეჭვებათ, რომ მათ ლოცვებს ვინმე ისმენს. ხშირ შემთხვევაში ასეთ ეჭვებს ბადებს უპასუხოდ დარჩენილი შემდეგი კითხვები:

      ◼ არსებობს შემოქმედი?

      ◼ რატომ დგას ხშირად უბედურების მიღმა რელიგია?

      ◼ რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვა-წამებას?

      უფრო გულდაჯერებით ილოცებდით, თუ ზუსტი პასუხები გეცოდინებოდათ ამ კითხვებზე?

  • ვინ არის ლოცვების მომსმენი?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივლისი
    • ვინ არის ლოცვების მომსმენი?

      თუკი ვინმე ისმენს ლოცვებს, ვინ შეიძლება იყოს ის, თუ არა შემოქმედი?! მასზე უკეთ ვინ შეძლებს წაიკითხოს ჩვენი აზრები, თუ არა ის, ვინც შექმნა ადამიანის ტვინი?! ვის ხელეწიფება, უპასუხოს ჩვენს ლოცვებს და კაცობრიობას დახმარების ხელი გაუწოდოს? შეიძლება იკითხოთ: „გონივრულია, გვჯეროდეს შემოქმედის არსებობის?“

      ბევრის აზრით, შემოქმედის არსებობის აღიარება თანამედროვე მეცნიერების მიღწევების უარყოფის ტოლფასია. მაგრამ იმის მტკიცება, რომ ღვთისადმი რწმენა და მეცნიერული აღმოჩენები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. დავფიქრდეთ შემდეგზე:

      ◼ ახლახან გამოკითხული 1 646 მეცნიერ-პროფესორიდან, რომლებიც შეერთებული შტატების 21 პრესტიჟული უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან, მხოლოდ მესამედმა განაცხადა, რომ ღმერთი არ სწამდა.

      როგორც ჩანს, ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ არსებობს ღმერთი.

      შემოქმედის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები

      დაიჯერებდით ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რომ არსებობს ის, ვინც ლოცვებს ისმენს? რასაკვირველია, არა. ის აზრი, რომ თითქოს რწმენა არ უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე, არასწორია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ რწმენა „აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). სხვა თარგმანი ამ მუხლს ასე გადმოსცემს: რწმენა არის „დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ („ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). მაგალითად, თქვენ ვერ ხედავთ რადიოტალღებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ რადიოს ისმენთ, რადიოტალღების არსებობაზე მოწმობს. მსგავსადვე, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პიროვნებას, რომელიც ჩვენს ლოცვებს ისმენს, მაგრამ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რაც გვარწმუნებს მის არსებობაში.

      სად შეგვიძლია ვიპოვოთ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ღმერთი არსებობს? საკმარისია, ირგვლივ მიმოვიხედოთ. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრაელები 3:4). ეთანხმებით ზემოთქმულს? როცა ფიქრობთ სამყაროში არსებულ წესრიგზე, სიცოცხლის წარმოშობაზე და ისეთ ურთულეს მექანიზმებზე, როგორიცაა ადამიანის ტვინი, ალბათ, იმ დასკვნამდე მიდიხართ, რომ უნდა არსებობდეს უმაღლესი ინტელექტი, რომელიც ადამიანის ტვინზე გაცილებით მაღლა დგას.a

      მაგრამ მხოლოდ შემოქმედებაზე დაკვირვებით ვერ გავიცნობთ ღმერთს კარგად. როცა ქმნილებებში ხედავ შემოქმედის ხელს, ეს შეიძლება შევადაროთ დახურულ კარს, რომლის მიღმა ვიღაცის ფეხის ხმა გესმის. შენ იცი, რომ კარს იქით ვიღაცაა, და რომ გაიგო, ვინ არის, კარი უნდა შეაღო. მსგავსადვე უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა გავიგოთ, ვინ დგას ქმნილებების მიღმა ანუ ვინ შექმნა ისინი.

      ბიბლია შეიძლება შევადაროთ კარს, რომლის „შეღების“ შემთხვევაში გავიცნობთ ღმერთს. როცა „ამ კარს შეაღებთ“ და გაეცნობით ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ზედმიწევნით შესრულდა, ღვთის არსებობის დამადასტურებელ კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებებს იპოვით.b ლოცვების მომსმენ ღმერთს უკეთ გაიცნობთ, თუ ბიბლიიდან გაიგებთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ძველად თავის მსახურებთან.

      როგორი პიროვნებაა ის, ვინც ლოცვებს ისმენს?

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ლოცვების მომსმენი არის პიროვნება, რომლის გაცნობაც შესაძლებელია. რასაკვირველია, მხოლოდ პიროვნებას შეუძლია შეისმინოს ჩვენი ლოცვები. ამაში ბიბლიის შემდეგი სიტყვები გვარწმუნებს: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“ (ფსალმუნი 65:2). ის უსმენს მათ, ვინც რწმენით აღავლენს მის წინაშე ლოცვებს. მას სახელი აქვს. ბიბლია გვეუბნება: „იეჰოვა შორსაა ბოროტთაგან, მართალთა ლოცვას კი ისმენს“ (იგავები 15:29).

      იეჰოვას აქვს გრძნობები. ბიბლიაში მას „სიყვარულის . . . ღმერთი“ და „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება (2 კორინთელები 13:11; 1 ტიმოთე 1:11). ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ იმოქმედა იეჰოვაზე იმის დანახვამ, როცა ბოროტებამ ღრმად გაიდგა ფესვი: “[მას] გული ეტკინა“ (დაბადება 6:5, 6). იმის მტკიცება, რომ ღმერთი ადამიანთა გამოსაცდელად უშვებს ტანჯვას, მტკნარი სიცრუეა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შორს არის ღვთისგან ბოროტება“ (იობი 34:10). მიუხედავად ამისა, შეიძლება იკითხოთ: „თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ არ უღებს ბოლოს ადამიანთა ტანჯვას?“

      იეჰოვამ ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა; ეს ფაქტიც ბევრ რამეს გვასწავლის მისი პიროვნების შესახებ. ნუთუ არ ვაფასებთ იმას, რომ თავად შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება? სამწუხაროდ, ბევრი ბოროტად იყენებს თავისუფლებას, რის გამოც საკუთარ თავსაც ვნებს და სხვებსაც. ამიტომ იბადება კითხვა, რომელზეც სერიოზულად ღირს დაფიქრება: „როგორ აღმოფხვრის ღმერთი ტანჯვა-წამებას ისე, რომ არ ხელყოს ადამიანთა თავისუფლება?“ ამ კითხვას მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.

      [სქოლიოები]

      a ღვთის არსებობის უტყუარ მტკიცებულებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბროშურაში „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ და წიგნში „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. ორივე პუბლიკაცია გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      b იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ და წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.) დაგარწმუნებთ იმაში, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაიწერა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება