-
მარტოობა მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაშიგამოიღვიძეთ! — 2010 | სექტემბერი
-
-
მარტოობა მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში
სატელეფონო ზარები, ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ სოციალური ქსელები თუ ჩეთ-რუმები — ამდენი და ასე ადვილად ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალება კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. მაგრამ ამ მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში ბევრი ახალგაზრდა თუ მოხუცი თავს მაინც მარტოდ გრძნობს. საინტერესოა, რატომ?
ჯონ კაჩოპო და უილიამ პატრიკი თავიანთ წიგნში, „მარტოობა — ადამიანის ბუნება და ურთიერთობის მოთხოვნილება“, დაწვრილებით განიხილავენ მარტოობის თემას. ისინი მოიხსენიებენ ერთ ნაშრომს, სადაც ნათქვამია: „ინტერნეტის ხშირი მოხმარების შედეგად, როცა ადამიანებთან უშუალო კონტაქტს ინტერნეტით ურთიერთობა ცვლის, იზრდება მარტოობითა და დეპრესიით გატანჯულთა რიცხვი“.
ცხოვრების აჩქარებული ტემპი, რაც თანამედროვე საზოგადოებამ მოიტანა, ხელს უშლის ადამიანებს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობის დამყარებაში. ტელეფონის ან კომპიუტერის მეშვეობით შეუძლებელია თბილი ღიმილისა და იმ სიყვარულის დანახვა, რაც ადამიანის თვალებიდან გამოსჭვივის.
ეს პრობლემა სამუშაო ადგილებზე, უფრო ხშირად კი ოჯახებში შეინიშნება. ოჯახის წევრები ისე გადიან სახლიდან და ისე ბრუნდებიან, რომ ვერც ერთმანეთთან სალაპარაკოდ იცლიან და ვერც ერთად საჭმელად. მოზარდები, რომლებსაც საკუთარი კომპიუტერები აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენი ოჯახის წევრებისგან იზოლირებით ცხოვრობენ. უცნაურია, რომ უამრავი საკომუნიკაციო საშუალების მიუხედავად, ბევრი ახალგაზრდა თავს მარტოდ გრძნობს.
მარტოობით დღეს დაქორწინებულებიც იტანჯებიან. ურთიერთობის ნაკლებობამ ცოლ-ქმარი შეიძლება იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ მათი გზები გაიყოს და ორივემ თავ-თავისი ცხოვრებით დაიწყოს ცხოვრება. მარტოობა განსაკუთრებით დაქორწინებული ადამიანისთვის არის საშინელი ასატანი.
ამ გრძნობას მარტოხელა მშობლებიც ებრძვიან. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ხშირად მშობელსა და შვილს შორის დგება. გარდა ამისა, ბევრ დაუქორწინებელს სურს გვერდში მეუღლის სახით მეგობრის ყოლა და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ამას ვერ ახერხებს.
მარტოობა სოციალურ პრობლემად იქცა, რაც შეიძლება ალკოჰოლიზმის, გადამეტებული ჭამის, ნარკომანიის, სექსუალური აღვირახსნილობისა და თვითმკვლელობის მიზეზი გახდეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მარტოობის გამომწვევი მიზეზები, რაც ამ პრობლემის დასაძლევად გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
-
-
რატომ გვეუფლება მარტოობის გრძნობა?გამოიღვიძეთ! — 2010 | სექტემბერი
-
-
რატომ გვეუფლება მარტოობის გრძნობა?
მარტოობა და განმარტოება განსხვავებული ცნებებია. ერთი ლექსიკონის თანახმად, მარტოობა ნიშნავს „ეულად ყოფნას ურთიერთობის დიდი სურვილის მიუხედავად“, ხოლო განმარტოება — „საკუთარი ნება-სურვილით . . . ხალხთან ურთიერთობის გაწყვეტას“.
ხანდახან განმარტოება კარგია. ბევრი ამ დროს ლოცულობს და ფიქრობს. ამ მიზნით იესოსაც უყვარდა განმარტოება (მათე 14:13; ლუკა 4:42; 5:16; 6:12). მარტოობა კი მტანჯველი გრძნობაა. რატომ ეუფლებათ ადამიანებს მარტოობის გრძნობა?
● მარტოობა დიდ ქალაქებში
დიდ ქალაქებში ათასობით თუ მილიონობით ადამიანი ერთმანეთთან მჭიდროდ ცხოვრობს. მაგრამ რაც უნდა პარადოქსული იყოს, ეს ხშირად მარტოობის მიზეზი ხდება. ქალაქის გაცხოველებული რიტმი ბევრს მეზობლების გაცნობაში ხელს უშლის. ასე რომ, ქალაქელები მთელი ცხოვრება უცხო ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობენ. უცნობი ადამიანებისადმი საყოველთაოდ გავრცელებული უნდობლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სურვილიც დიდ როლს თამაშობს ამ ნეგატიური გრძნობის წარმოქმნაში.
● არაადამიანური მუშაობის მეთოდები
ბევრ კომერციულ კომპანიასა თუ საწარმოს მართვის ისეთი სისტემა აქვს, რომ თანამშრომლებს, განურჩევლად რანგისა, არასრულფასოვნებისა და მარტოობის გრძნობა ეუფლებათ. მრავალი დასაქმებული პირი მუდმივ დაძაბულობასა და სტრესს განიცდის.
გარდა ამისა, დიდ კომპანიებში სამუშაო ადგილების სისტემატური ცვლა თანამშრომლებს საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს და განცალკევებისა და მარტოობისკენ უბიძგებს. ზოგ ფრანგულ კორპორაციაში პერსონალის გახშირებული თვითმკვლელობის შესახებ, გაზეთმა „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნმა“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მუდმივ ეკონომიკურ ცვლილებებთან შეგუება [ფრანგი თანამშრომლების] შესაძლებლობების ზღვარს ცდება“.
● ცივი ურთიერთობები
იაპონიაში მოღვაწე პროფესორი ტეტსურო საიტო ამბობს: „ადამიანები ურთიერთობის უნარს კარგავენ, რადგან მათ შორის მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები ჩადგა“. ავსტრალიაში გამომავალი გაზეთი „სანდი ტელეგრაფი“, იუწყებოდა: „ტექნიკამ . . . ადამიანები საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტა. პირისპირ საუბარი ელექტრონულმა ფოსტამ და SMS-მა შეცვალა“.
საფრანგეთში მცხოვრები 21 წლის რეიჩელი გვიზიარებს, რატომ გრძნობს თავს მარტოდ: „ადამიანები არ ცდილობენ შენთან პირისპირ ლაპარაკს, რადგან ტექსტური შეტყობინებებით, ჩეთ-რუმებში საუბრებითა და ელ-ფოსტით გაგზავნილი წერილებით კმაყოფილდებიან. ასეთი ურთიერთობა კი მარტოობის გრძნობას უფრო მიმძაფრებს“.
● საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ხალხის მასიური გადაადგილება გამოიწვია. სამსახურის შენარჩუნებისა თუ ახალი სამუშაოს ძიებაში ბევრი იძულებულია, ხშირად შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებლის შეცვლა კი გარდაუვალს ხდის მეზობლებთან, მეგობრებთან, კლასელებთან და ზოგჯერ ოჯახის წევრებთან განშორებას. ხშირად მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტილი კაცი უცხო გარემოში ისეა, როგორც უფესვოდ გადანერგილი მცენარე.
ფრანსისს კარგად ახსოვს ის დღე, როცა განიდან საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის ყვება: „ენობრივი ბარიერის, მეგობრების სიმცირისა და ცივი კლიმატის გამო, თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი“.
ინგლისში ჩასული იმიგრანტი, ბეჯატი, გვიზიარებს: „ძალიან გამიჭირდა ადგილობრივ კულტურასთან შეგუება. მყავდა ნაცნობები, მაგრამ მეგობრები და ოჯახის წევრები, ვისაც გულიანად დაველაპარაკებოდი და ჩემს გრძნობებს გავუზიარებდი, გვერდში არ მყავდა“.
● საყვარელი ადამიანის დაკარგვა
მეუღლის სიკვდილი დიდი დანაკარგია. ეს განსაკუთრებით რთული ასატანი მისთვის არის, ვინც დიდი ხნის მანძილზე უვლიდა ავადმყოფ მეუღლეს. ხშირად ამ დროს ადამიანის სულში მარტოობის გრძნობა ისადგურებს.
ფერნანდი, პარიზში მცხოვრები ქვრივი, თავის ტკივილს გვიზიარებს: „მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, და რა რთულია, რომ მას გულისნადებს ვეღარ ვუზიარებ“. ანისაც უმძიმს გარდაცვლილ მეუღლესთან განშორება. ის ამბობს: „უიმისობას განსაკუთრებით მაშინ განვიცდი, როცა ჯანმრთელობასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილებები მაქვს მისაღები“.
● განქორწინება, ცალ-ცალკე ცხოვრება და დაუქორწინებლობა
განქორწინება ან მეუღლისგან განცალკევებით ცხოვრება ხშირად მარტოობისა და იმედგაცრუების გრძნობას ბადებს. დღეს, ისე როგორც არასდროს, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ განქორწინების შედეგად ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. მათი აზრით, განქორწინებული მშობლების შვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, რომ ზრდასრულ ასაკში მარტოობის გრძნობა განუვითარდეთ.
მარტოობის განცდა პერიოდულად ისეთებსაც ეუფლებათ, ვინც თავის შესაფერ ცხოვრების მეგზურს ვერ პოულობს. მარტოობის გრძნობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება, როცა დაუქორწინებლები უტაქტო რეპლიკებს ისმენენ, მაგალითად, რატომ არ ქმნი ოჯახს, არ გინდა ბედნიერი იყო?
მარტოობის გრძნობა მარტოხელა მშობლებისთვისაც არ არის უცხო. მშობლობა დიდი სიხარულია, თუმცა თან სირთულეებიც ახლავს, რომელთა გადალახვა მარტოხელა მშობელს მარტო უწევს.
● ხანდაზმულობა და ახალგაზრდული გამოუცდელობა
მოხუცები ხშირად გრძნობენ თავს მარტოდ, მაშინაც კი, როცა ოჯახის წევრებისგან ყურადღება არ აკლიათ. დროდადრო მათ შეიძლება ნათესავები ან მეგობრები აკითხავენ, მაგრამ ხანდახან დღეები ან კვირები ისე გადის, რომ მათ სანახავად არავინ მიდის.
მარტოობა ახალგაზრდებსაც ტანჯავთ. ბევრი მარტო ერთობა — უყურებს ტელევიზორს, თამაშობს ვიდეოთამაშებს და კომპიუტერის წინ უამრავ საათს მარტო ატარებს.
არსებობს ამ პრობლემიდან გამოსავალი? როგორ დავაღწიოთ თავი მარტოობას?
[ჩანართი 5 გვერდზე]
„ენობრივი ბარიერის, მეგობრების სიმცირისა და ცივი კლიმატის გამო, თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი“
-
-
გამოსავალიგამოიღვიძეთ! — 2010 | სექტემბერი
-
-
გამოსავალი
თუ მარტოობით იტანჯებით, უპრიანი იქნება, ჰკითხოთ თავს: რა გავაკეთო მარტოობისგან თავის დასაღწევად? რამე ხომ არ უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში? თუ რაიმე შესაცვლელი მაქვს, კონკრეტულად, რა? ეს კითხვები საკუთარი თავის შეფასებასა და გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.
ხომ არ ვსაჭიროებ დამოკიდებულების შეცვლას?
მარტოობის გრძნობა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაეუფლოს. მაგრამ ეს უარყოფითი ემოცია მაშინ გვექცევა სერიოზულ პრობლემად, თუ დიდხანს გაგრძელდება. ეს კი იმის გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება, რომ ცხოვრებაზე დამოკიდებულება შესაცვლელი გვაქვს. ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება ჩვენივე ქცევა გახდეს. ზოგი ქვეცნობიერად თავის გარშემო ეკლიან ღობეს ავლებს, რაც სხვებს მასთან დაახლოების სურვილს უკარგავს. ასეთ შემთხვევაში, ზოგჯერ დამოკიდებულების შეცვლაც კი საკმარისია.
საბინა, რომელიც საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, ამბობს: «დროა საჭირო, რომ ახალშეძენილ მეგობრებს შორის ნდობა განვითარდეს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავი შებოჭილად არ იგრძნო და ეჭვის თვალით არავის უყურო. ჰკითხეთ მათ თავიანთ ოჯახსა და კულტურაზე. ერთხელ მითხრეს: „ვერც ერთ კულტურაზე ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესოა. ყველა კულტურას აქვს კარგი და შენც ის კარგი ეძებე“». დიახ, როგორც საბინას ურჩიეს, თქვენც ეძებეთ სხვადასხვა კულტურის ადამიანში კარგი თვისებები და გადაიღეთ.
ხომ არ გავურბივარ ხალხს?
შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: ხომ არ მახასიათებს სხვებისგან განცალკევება? იქნებოდნენ სხვები ჩემ მიმართ მეგობრულები, მე რომ უფრო მეგობრული ვყოფილიყავი მათ მიმართ? თუ ამ კითხვებზე თქვენი პასუხები დადებითია, შეეცადეთ, იყოთ უფრო კომუნიკაბელური. 30 წლის როზელიზი, რომელიც გვადელუპადან ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, ამბობს: „მარტოობის გრძნობით შეპყრობილებს განცალკევება უყვართ“. ის გვირჩევს: „დაუახლოვდით თქვენსავით მარტოსულ ადამიანებს, გამოავლინეთ ინიციატივა და გამოელაპარაკეთ. ხანდახან ერთი კითხვის დასმაც კმარა, რომ სამუდამო მეგობრობას ჩაეყაროს საფუძველი“.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცე მეგობრობის განსავითარებლად დრო და ძალისხმევაა საჭირო. კარგი იქნება, თუ მოსმენას ისწავლით. ასე გაგიადვილდებათ სხვებისთვის საინტერესო თემებზე საუბარი. დაიმახსოვრეთ, მეგობრობა ურთიერთგაგებით იწყება.
ხომ არ მახასიათებს უარყოფითი აზროვნება?
დაბალი თვითშეფასება მეგობრობის დაწყებას ხელს უშლის. ჰკითხეთ თავს: ზედმეტად თვითკრიტიკული ხომ არ ვარ? 15 წლის აბიგაილი, რომელიც განაში ცხოვრობს, გვიმხელს: „ზოგჯერ უარყოფითი ფიქრების გამო მარტოობის გრძნობა მეუფლება. ასე მგონია, არავის ვუყვარვარ და არაფრის მაქნისი ვარ“. დარწმუნებული იყავით, რომ თუ ინიციატივას გამოავლენთ და შეძლებისდაგვარად სხვებს დაეხმარებით, არაფრის მაქნისად არავინ ჩაგთვლით. უფრო მეტიც, შეიძლება ისინი, ვისაც დახმარების ხელი გაუწოდეთ, დაგიმეგობრდნენ. ასე რომ, სცადეთ და გადადგით პირველი ნაბიჯი!
დადებითი აზროვნება სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან დამეგობრებაშიც დაგეხმარებათ. თქვენზე უფროსი ან უმცროსი ასაკის ადამიანთან მეგობრობა ბევრს შეგძენთ. აბიგაილს მარტოობის გრძნობა უმთავრესად უფროსი ასაკის ხალხთან ურთიერთობამ დააძლევინა. ის ამბობს: „ბევრი ვისწავლე მათი გამოცდილებიდან“.
მარტო ყოფნას ხომ არ ვარჩევ?
ბევრი მარტოსული ადამიანი მთელი დღე ტელევიზორს, ვიდეოთამაშებსა და კომპიუტერს აყოლებს გულს. მაგრამ როგორც კი ამ ელექტრომოწყობილობებს გათიშავენ, კვლავინდებურად მარტოობის გრძნობა ეუფლებათ. 21 წლის პარიზელი ელზა ამბობს: „ტელევიზორი და ვიდეოთამაშები ნარკოტიკივითაა. ადამიანი მათზე იმდენად დამოკიდებული ხდება, რომ მეგობრების ყოლის სურვილი ეკარგება“.
ტელევიზორის უარყოფითი მხარე ის არის, რომ არ გაძლევს ადამიანებთან ურთიერთობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და მეგობრების შეძენის შესაძლებლობას. იმავეს თქმა შეიძლება ვიდეოთამაშებზეც. მათ ადამიანი გადაჰყავს წარმოსახვით სამყაროში, რომელიც თამაშის შეწყვეტისთანავე უჩინარდება. ინტერნეტში „ხეტიალი“ რეალობას მოგწყვეტთ. მისი მეშვეობით შეიძლება უზნეობის ამსახველ მასალასა და იმ ხალხს გადაეყაროთ, ვინც თავის ვინაობას მალავს. ნამდვილი მეგობრების შესაძენად ინტერნეტი კარგი ადგილი არ არის.
ცხოვრების თანამგზავრს ხომ არ ვეძებ?
ზოგი ფიქრობს, რომ ოჯახის შექმნით მარტოობას თავს დააღწევს. რა თქმა უნდა, კარგ და მოსიყვარულე მეუღლეს თქვენს ცხოვრებაში უდიდესი ხალისის შეტანა შეუძლია, მაგრამ გაფრთხილდით, რომ ოჯახი ნაჩქარევად არ შექმნათ.
ქორწინება არ არის მარტოობისგან თავის დაღწევის საშუალება. მიჩნეულია, რომ ის დაქორწინებული წყვილები, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობის ნაკლებობას განიცდიან, „მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ადამიანები არიან“. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია. თუ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის შექმნას გადაწყვეტთ, ხომ არ აჯობებს, ჯერ მარტოობისგან გათავისუფლდეთ და ვინმესთან დაახლოებაზე მერე იფიქროთ? თუ დაქორწინებამდე დამოკიდებულებასა და ჩვევებს შეიცვლით და ინიციატივას გამოიჩენთ მეგობრების შესაძენად, ბედნიერ ქორწინებას მტკიცე საფუძველს ჩაუყრით.
მარტოობისგან თავის დაღწევა შესაძლებელია
მარტოობისგან შეიძლება მყისვე ვერ გათავისუფლდეთ, მაგრამ ამ გრძნობას წარმატებით გაუმკლავდებით, თუ იესოს დატოვებული ოქროს წესის თანახმად მოიქცევით: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ამრიგად, თუ გინდათ, რომ სხვებს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ თქვენთან, შეეცადეთ თავად იყოთ მეგობრული. თუ სხვებისგან გულღია ურთიერთობას ელით, თავად იყავით გულღია. შეიძლება ყველა მაშინვე არ გამოეხმაუროს თქვენს კეთილმოსურნე მცდელობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგი გამოეხმაურება. ასე რომც არ მოხდეს, მაინც კმაყოფილი დარჩებით იმით, რაც გააკეთეთ.
იესომ სხვა ბრძნული სიტყვებიც თქვა, რაც მარტოობის დაძლევაში დაგეხმარებათ: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). თუ სხვებს დახმარების ხელს გაუწვდით, მაგალითად, ბავშვს საშინაო დავალების მომზადებაში დაეხმარებით, ხანდაზმულს მაღაზიიდან პროდუქტებს მოუტანთ ან სახლისა და ბაღის დასუფთავებაში მიეხმარებით, თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ და ნამდვილ მეგობრებს შეიძენთ.
ნამდვილი მეგობრების გარემოცვაში
მარტოობასთან ბრძოლის სხვა პრაქტიკული საშუალებებიც არსებობს: ნუ ჩაიკეტებით სახლში; პარკში გაისეირნეთ ან ქალაქგარეთ გადით. სახლში მარტო ყოფნისას შემოქმედებითი საქმეებით დაკავდით, მაგალითად, რამე შეკერეთ, შეაკეთეთ ან წაიკითხეთ, გააკეთეთ სახლის საქმეები. ერთი კაცი ამბობს: „როცა ცუდ ხასიათზე ვარ, კითხვა ძალიან მშველის“. კითხვა ბევრს ამშვიდებს, განსაკუთრებით ფსალმუნების.
ექსპერტები თვლიან, რომ ერთი სარწმუნოების ადამიანებთან ურთიერთობა მარტოობის გრძნობას აქარვებს და ჯანმრთელობაზეც სასიკეთოდ მოქმედებს. სად შეგიძლიათ იმ ხალხის გაცნობა, ვინც ოქროს წესის თანახმად ცხოვრობს? ერთ წიგნში, რომელიც სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს მიმოიხილავს, მიუკერძოებელი დამკვირვებელი იეჰოვას მოწმეების შესახებ წერს: „მათმა რელიგიურმა ცხოვრებამ მოწმეები სანდო და მისაღებ საზოგადოებად ჩამოაყალიბა“.
იესომ თქვა, რა იქნებოდა ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანი. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). სიყვარული — უპირველესად ღვთისა და შემდეგ თანამორწმუნეების — ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრების დამახასიათებელი ნიშანია (მათე 22:37—39).
ღმერთთან მეგობრობა მარტოობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. მასთან თავს მარტოდ არასდროს იგრძნობთ! (რომაელები 8:38, 39; ებრაელები 13:5, 6).
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
რა ეხმარება მათ მარტოობასთან ბრძოლაში
ანი, ქვრივი: „ვცდილობ, ფიქრები ვაკონტროლო და პოზიტიური კუთხით შევხედო ჩემს მდგომარეობას“.
კარმენი, დასაქორწინებელი: „აღარ ვარ კონცენტრირებული წარსულზე, წინ ვიყურები და მზად ვარ ახალი ურთიერთობების დასაწყებად“.
ფერნანდი, ქვრივი: „როცა სხვებს ეხმარები, საკუთარი პრობლემები გავიწყდება“.
ჟან-პიერი, დასაქორწინებელი: „დიდხანს ვსეირნობ ხოლმე და ლოცვაში ღმერთს გულს ვუღვრი“.
ბერნარდი, ქვრივი: „ტელეფონით ხშირად ვუკავშირდები ჩემს მეგობრებს და ვცდილობ, სასიამოვნო თემებზე ვისაუბრო და სევდიანი წარსული არ გავიხსენო“.
დეივიდი, დასაქორწინებელი: „მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მარტოობის მოყვარული ვარ, გადავწყვიტე, სხვებთან გავხსნილიყავი“.
ლორენა, დასაქორწინებელი: „ინიციატივას ვიჩენ, რომ ხალხს დავუახლოვდე და გვერდში ამოვუდგე“.
15 წლის აბიგაილი: „მყავს უფროსი ასაკის მეგობრები; მათი გამოცდილებიდან ბევრს ვსწავლობ“.
ჩერი, დასაქორწინებელი: „ჩემი აზრით, თუ სხვებს ეტყვი, რომ თავს მარტოდ გრძნობ, შენთან ურთიერთობას უფრო მოიწადინებენ“.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
რჩევები მათთვის, ვისაც მარტოობისგან თავის დაღწევა სურს
● განივითარეთ დადებითი დამოკიდებულება
● ერიდეთ მარტო გართობას, მაგალითად, ტელევიზორის ყურებას
● დაუმეგობრდით თქვენნაირი ფასეულობების მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანებს
● რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაუმეგობრდით ღმერთს
[სურათი 7 გვერდზე]
დაუმეგობრდით სხვადასხვა ასაკის ადამიანებს
-