როდესაც ყველას ეყვარება ერთმანეთი
მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემ ყურადღება გაამახვილა დროზე, როდესაც ყველას ეყვარება ერთმანეთი. იესო 36-ე ფსალმუნს ციტირებდა, როდესაც ამბობდა: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“. ეს ბიბლიური ფსალმუნი აგრეთვე აღწერს, თუ როგორ განხორციელდება ეს მშვენიერი დანაპირები: „ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (მათე 5:5; ფსალმუნი 36:9).
რა შესანიშნავი ცვლილებაა ეს — ყველა ბოროტმოქმედი მოცილებული იქნება დედამიწიდან და მხოლოდ ერთმანეთის მოყვარულები დარჩებიან! შესაძლებელია ასეთი რამ? მთაზე ქადაგებისას იესომ ცხადყო, რომ შესაძლებელია, როდესაც გვასწავლა ლოცვა: „მოვიდეს სუფევა [სამეფო] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10). შენიშნეთ, სად უნდა შესრულდეს ღვთის ნება. არა მხოლოდ ზეცაში. „ვლოცულობთ, რომ იყოს ნება შენი დედამიწაზე, ისევე როგორც ზეცაშია“, — ხაზგასმით იყო აღნიშნული ერთ ჟურნალში (The Christian Century).
მაშინ რაღაა ღვთის სამეფო, რომლის შესახებაც იესო გვასწავლიდა, რომ გველოცა? ნათელია, რომ ესაა მთავრობა, რომელიც ზეციდან მმართველობს. ამიტომ ეწოდება მას „ცათა სასუფეველი“ (მათე 10:7). ამ სამეფოს ანუ მთავრობის მმართველი არის ღვთის ძე, იესო ქრისტე.
დიდი ხნით ადრე, სანამ მარიამს იესო ეყოლებოდა, იეჰოვას წინასწარმეტყველი ესაია წინასწარმეტყველებდა ამ შესანიშნავი მოვლენის შესახებ და იმის შესახებ, თუ საბოლოოდ რა მოჰყვებოდა მას: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის“ (ესაია 9:5, 6). სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ზეცაში მამამისის გვერდით დაჯდა და ელოდა ბრძანებას, რომ მეფობა დაეწყო (ფსალმუნი 109:1, 2; ებრაელთა 10:12, 13; გამოცხადება 11:15).
საბოლოოდ რა დაემართება ამ სიძულვილით აღსავსე წუთისოფელს? აი რას პასუხობს ბიბლია ამ კითხვაზე. ღვთის წინასწარმეტყველმა დანიელმა თქვა: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
ნათელია, რომ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება კაცობრიობის ცხოვრებაში უდიდეს ცვლილებებზე მიუთითებს. მთელი ეს სისტემა დღევანდელ წუთისოფელთან ერთად, რომელიც ჯიუტად არ ასრულებს ღვთის კანონებს, მოცილებული იქნება დედამიწიდან! განვიხილოთ, თუ რით შეიცვლება ის.
ცხოვრება სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში
იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ ძველი წუთისოფლის აღსასრულს გადაურჩებიან. ბიბლიაში ნათქვამია: „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17). დიახ, ისინი, ვინც იეჰოვას ნებას ასრულებს, გადარჩებიან და გადავლენ ახალ ქვეყნიერებაში, ისევე როგორც ნოე და მისი ოჯახი გადარჩნენ მაშინდელი წუთისოფლის აღსასრულისას. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:5–7, 11–13).
იმ დროსთან დაკავშირებით, როდესაც მხოლოდ ღვთის სამეფო იმმართველებს, ბიბლია გვპირდება: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). მართლები იცხოვრებენ გაწმენდილ დედამიწაზე. რა დიდებული დრო იქნება! თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ ეს, გთხოვთ გადახედოთ ბიბლიაში აღწერილ კურთხევებს, რომლებიც წინა გვერდებზეა ილუსტრირებული.
ნუთუ სიყვარულით არ გივსებთ გულს იმის ცოდნა, რომ ჩვენი შემოქმედი ასეთ მშვენიერ რამეებს ჰპირდება თავის თაყვანისმცემლებს? რა თქმა უნდა, ეს ჰქონდა ღმერთს განზრახული, როდესაც ადამიანთა პირველი წყვილი შექმნა და დაასახლა დედამიწაზე სამოთხეში. ნახეთ, რა უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:27, 28).
ადამსა და ევას შვილები უნდა ჰყოლოდათ, რომლებსაც, როდესაც გაიზრდებოდნენ, მონაწილეობა უნდა მიეღოთ დედამიწაზე სამოთხის მოვლასთან დაკავშირებულ სასიამოვნო საქმიანობაში. წარმოიდგინეთ, რა სასიხარულო იქნებოდა კაცობრიობის ოჯახის რიცხობრივ ზრდასთან ერთად ედემის ბაღის საზღვრების გაფართოება. ნათელია, რომ ღმერთს განზრახული ჰქონდა მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევა. შესრულდება ოდესმე ეს განზრახვა? შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ შესრულდება, რადგან ამას თვითონ ღმერთი გვპირდება! ის ამბობს: „ვთქვი. . . და დიაღაც გავაკეთებ“ (ესაია 46:11; 55:11).
იცხოვრებდით იმ სამოთხეში დედამიწაზე, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი და წინა გვერდებზეა ილუსტრირებული? გასაგებია, რომ ყველა ვერ იცხოვრებს იქ. ამისათვის არსებობს მოთხოვნები. რა მოთხოვნებია ესენი?
მარადიული ცხოვრებისთვის მომზადება
იმათ, ვისაც სურს, იცხოვრონ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, პირველ რიგში უნდა ისწავლონ ერთმანეთის სიყვარული ისე, როგორც ამას ღმერთი გვასწავლის. ბიბლიაში ნათქვამია: „თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში“ (1 თესალონიკელთა 4:9). როგორ ვართ ღვთივგანსწავლულნი?
ძირითადად მისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით. ეს იმას ნიშნავს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის უნდა მივიღოთ იეჰოვას სწავლებები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული. ერთმა აზიელმა ბიბლიის შემსწავლელმა თქვა: „ერთი სული მაქვს, როდის იქნება, რომ, ბიბლიური დაპირების თანახმად, ყველას ეყვარება ერთმანეთი“.
მამისადმი ლოცვისას იესომ მოიხსენია მნიშვნელოვანი მოთხოვნა. მან თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). 32-გვერდიანი ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ დაგეხმარებათ, მიიღოთ ასეთი შემეცნება. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბროშურის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ 32-ე გვერდზე მოცემულ ტალონს და გაგზავნით საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ უახლოეს მისამართზე.
[ჩარჩო⁄სურათები 8-10 გვერდებზე]
ღვთის დანაპირები
მოსიყვარულე მსოფლიო საძმო
„ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
აღარ იქნება დამნაშავეობა და ომი
„ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან“ (იგავნი 2:22).
„[ღმერთი] შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“ (ფსალმუნი 45:10).
ნოყიერი საკვების სიუხვე
„იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:16).
მშვიდობა ადამიანებსა და ცხოველებს შორის
„დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. . . და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ“ (ესაია 11:6).
აღარ იქნება ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი
„[ღმერთი] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).
საყვარელი ადამიანების მკვდრეთით აღდგომა დედამიწაზე
„მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).