„ერთიანობისა და ძმობის მაგალითი“
ასე აღწერა ერთმა ქალმა იეჰოვას მოწმეების მოქმედება მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრის სიკვდილით გამოწვეული გულისტკივილი განიცადა. მან თქვა:
„ჩემგან და ჩემი ოჯახისგან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო იეჰოვას მოწმეების იტალიურ კრებას ფრაიბურგში, გერმანია. ჩვენს ოჯახში მხოლოდ ჩემი ძმა და რძალი, ანტონიო და ანნა, იყვნენ იეჰოვას მოწმეები. დიდი ხნის განმავლობაში ვაკრიტიკებდით მათ არჩევანს რელიგიის საკითხში, თუმცა ყოველთვის პატივს ვცემდით.
ახლა, მიუხედავად ყოველივე ამისა, აზრი შეგვეცვალა. ჩვენ დავინახეთ ისეთი ძმობისა და სიყვარულის მაგალითი, რომელსაც არ ველოდით.
სამწუხაროდ ანნა ნაადრევად დაგვეღუპა ავარიაში. რადგან ჩვენ იტალიაში ვცხოვრობთ, ჩემი ძმის ანტონიოსა და მისი შვილებისთვის მხოლოდ შეზღუდულად შეგვეძლო მხარი დაგვეჭირა. მაგრამ მას თანამორწმუნეები ამოუდგნენ მხარში. ისინი მის გვერდით იყვნენ და სიტყვით, რწმენით, ფიზიკური, სულიერი და ეკონომიკური მხარდაჭერით ანტონიოს დიდი დახმარება გაუწიეს. რადგან კრებას პირადად ვერ ვუხდი მადლობას, მადლიერება მინდა თქვენი ჟურნალის საშუალებით გამოვხატო იმ სამაგალითო ერთიანობისა და ძმობისთვის, რომელსაც არასოდეს დავივიწყებთ“.
დიდად ვაფასებთ ამ ქალის გულწრფელ სიტყვებს. როგორც მან შენიშნა, იეჰოვას მოწმეები საერთაშორისო ძმობას წარმოადგენენ (1 პეტრე 2:17). ისინი აძლიერებენ ერთმანეთს შორის სიყვარულის მჭიდრო კავშირს, რადგან იციან, რომ სიყვარული „სრულქმნილობის კავშირია“ (კოლასელთა 3:14). ყველაზე ტრაგიკული ვითარებების დროსაც კი, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს, იეჰოვას მოწმეები ღმერთთან და მის ხალხთან ახლოს რჩებიან (იგავნი 18:24; ეკლესიასტე 9:11; იოანე 13:34, 35).