საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას სიკეთეს სარგებლობა მოაქვს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მაისი
    • იეჰოვას სიკეთეს სარგებლობა მოაქვს

      „ვინც ბრძენია... გულისხმაჰყოს წყალობანი უფლისა“ (ფსალმუნი 106:43).

      1. სად გვხვდება ბიბლიაში პირველად ებრაული სიტყვა, რომელსაც ხშირად წყალობად თარგმნიან და ამ თვისებასთან დაკავშირებულ რა კითხვებს განვიხილავთ?

      დაახლოებით 4000 წლის წინათ, აბრაამის ძმისშვილმა, ლოტმა, იეჰოვას უთხრა: „დიდია შენი წყალობა ჩემდამი“ (დაბადება 19:19). ამ მუხლში პირველად ვხვდებით ებრაულ სიტყვას, რომელსაც ხშირად წყალობად თარგმნიან. ებრაული ტექსტის დედნის მიხედვით იაკობი, ნაყომი, დავითი და ღვთის სხვა მსახურებიც საუბრობდნენ იეჰოვას ამ თვისებაზე (დაბადება 32:10; რუთი 1:8; მეორე მეფეთა 2:6). ეს სიტყვა ებრაული წერილების ორიგინალში დაახლოებით 250-ჯერ გვხვდება. მაგრამ რა იგულისხმება იეჰოვას ამ თვისებაში? ვის მიმართ გამოავლინა ღმერთმა ეს თვისება? და რა სარგებლობა მოაქვს ამას ჩვენთვის?

      2. რატომ არის განსახილველი ებრაული სიტყვა ასე რთული გადმოსაცემი და როგორ შეიძლება მისი თარგმნა?

      2 წმინდა წერილებში გამოყენებული ეს ებრაული სიტყვა ძალიან მრავლისმომცველია და ბევრ ენაში არ არსებობს მისი ზუსტი ეკვივალენტი. ამიტომ, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სიყვარული“, „წყალობა“, „მადლი“, „ერთგულება“, „სიკეთე“ და სხვა, რომლებითაც ქართულ ბიბლიაში ეს სიტყვაა ნათარგმნი, სრულად ვერ გადმოსცემს ებრაული სიტყვის მნიშვნელობას. ამ ებრაული სიტყვის უფრო ზუსტად გადმოცემა შესაძლებელია ფრაზით: სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ან სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე; ეს შედარებით უფრო ზუსტი თარგმანია, ვიდრე „წყალობა“, „მადლი“, „სიკეთე“, „სიყვარული“ და „ერთგულება“ (გამოსვლა 15:13; ფსალმუნი 5:8).

      განსხვავებულია სიყვარულისა და ერთგულებისგან

      3. რა განსხვავებაა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთესა და სიყვარულს შორის?

      3 ეს თვისება ძალიან ახლოს დგას სიყვარულსა და ერთგულებასთან. მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაც არსებობს. ჯერ ვნახოთ, რა განსხვავებაა ამ სიკეთეს ანუ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთესა და სიყვარულს შორის. სიყვარული ვრცელდება საგნებსა და ცნებებზე; ბიბლია ლაპარაკობს როგორც „ღვინისა და ნელსაცხებლის“, ისე „სიბრძნის“ სიყვარულზე (იგავნი 21:17; 29:3). მაგრამ აღნიშნული სიკეთე ადამიანებს ეხება და არა ცნებებსა თუ უსულო საგნებს. მაგალითად, გამოსვლის 20:6-ში ადამიანებზეა საუბარი, როდესაც აღნიშნულია, რომ იეჰოვა არის „ათასწილ სიკეთის მზღველი“.

      4. რით განსხვავდება ერთმანეთისგან სიკეთე და ერთგულება?

      4 ამ თვისების აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა უფრო ფართო გაგებისაა, ვიდრე მხოლოდ „ერთგულება“. ზოგ ენაში „ერთგულება“ გამოიყენება მაშინ, როდესაც საუბარია უფრო მაღლა მდგომის მიმართ დაბლა მდგომის დამოკიდებულებაზე. მაგრამ, როგორც ერთმა მკვლევარმა აღნიშნა, ბიბლიური თვალსაზრისით, ეს თვისება „უფრო ხშირად ეხება სრულიად საპირისპირო ურთიერთობას: ძალაუფლების მქონე ავლენს ერთგულებას სუსტის, გაჭირვებულისა და დაქვემდებარებულის მიმართ“. ამიტომ შეეძლო დავით მეფეს ეთხოვა იეჰოვასთვის: „უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით“ (ფსალმუნი 30:17). იეჰოვა, ძალაუფლების მქონე პიროვნება, ისმენს თხოვნას, სიყვარულით გამოავლინოს სიკეთე გაჭირვებაში მყოფი დავითის მიმართ. ვინაიდან სუსტი ვერ უპირატესობს ძალაუფლების მქონეზე, ეს თვისება იძულებით კი არა, ნებაყოფლობით ვლინდება.

      5. ა) იეჰოვას მიერ სიყვარულით გამოვლენილი სიკეთის რომელ თავისებურებებს ესმება ხაზი მის სიტყვაში? ბ) რას განვიხილავთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას?

      5 „ვინც ბრძენია, — თქვა ფსალმუნმომღერალმა, — დაიცვას ისინი და გულისხმაჰყოს წყალობანი უფლისა“ (ფსალმუნი 106:43). იეჰოვას მიერ აღნიშნული თვისების გამოვლენას შედეგად ხსნა და სიცოცხლე მოაქვს (ფსალმუნი 6:5; 118:88, 159). ის დამცველი და შვების მომგვრელია განსაცდელის ჟამს (ფსალმუნი 30:17, 22; 39:12; 142:12). ამ თვისების წყალობითაა, რომ ადამიანებს ცოდვების მიტევება გვაქვს (ფსალმუნი 24:7). თუ მიმოვიხილავთ რამდენიმე ბიბლიურ შემთხვევასა და მუხლს, დავინახავთ, რომ იეჰოვა ამ სიკეთეს ავლენს: 1) კონკრეტული საქმეებით და 2) თავისი ერთგული მსახურების მიმართ.

      ხსნა — სიკეთის გამოვლენა

      6, 7. ა) ლოტის შემთხვევაში როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიკეთე, რომელიც სიყვარულიდან გამომდინარეობს? ბ) როდის მოიხსენია ლოტმა იეჰოვას ეს თვისება?

      6 საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, თუ რას მოიცავს იეჰოვას ეს თვისება, იმ ბიბლიური ისტორიების განხილვაა, რომლებშიც ამ სახის სიკეთეზეა საუბარი. დაბადების 14:1—16-ში ვკითხულობთ, როგორ გაიტაცეს მტრებმა აბრაამის ძმისშვილი, ლოტი. მაგრამ აბრაამმა იხსნა იგი. ლოტის სიცოცხლე კიდევ ერთხელ დადგა საფრთხის წინაშე, როდესაც იეჰოვამ ბოროტებით ცნობილი ქალაქის, სოდომის, განადგურება გადაწყვიტა, სადაც ლოტი და მისი ოჯახი ცხოვრობდა (დაბადება 18:20—22; 19:12, 13).

      7 სოდომის განადგურებამდე, იეჰოვას ანგელოზებმა ლოტი და მისი ოჯახი ქალაქიდან გამოიყვანეს. მაშინ ლოტმა ეს სიტყვები წარმოთქვა: „მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში; დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე“ (დაბადება 19:16, 19). ამ სიტყვებით ლოტმა აღიარა, რომ მისი გადარჩენით იეჰოვამ ეს სიკეთე არაჩვეულებრივი სახით გამოხატა. ამ შემთხვევაში, იეჰოვამ აღნიშნული თვისება ლოტის გადარჩენითა და მისი დაცვით გამოავლინა (2 პეტრე 2:7).

      იეჰოვას მიერ სიკეთის გამოვლენა და მისი ხელმძღვანელობა

      8, 9. ა) რა დაავალა აბრაამმა თავის მსახურს? ბ) რატომ სთხოვა ლოცვით მსახურმა ღმერთს სიკეთის სიყვარულით გამოვლენა და რა მოხდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ლოცულობდა?

      8 დაბადების 24-ე თავში ღვთის მიერ ამ თვისების გამოვლენის კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ ვკითხულობთ. ამ თავში მოთხრობილია, თუ როგორ გაგზავნა აბრაამმა მსახური ისაკისთვის ცოლის მოსაძებნად თავის ნათესავებთან სხვა ქვეყანაში (მე-2—4 მუხლები). თუმცა დავალება იოლი არ ყოფილა, მსახური დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ანგელოზი უხელმძღვანელებდა (მე-7 მუხლი). ის ზუსტად იმ დროს მიადგა ჭას, რომელიც ‘ნახორის ქალაქთან’ (ხარანი ან სხვა ახლომდებარე ქალაქი) მდებარეობდა, როდესაც ქალები ჭიდან წყლის ამოსაღებად მოდიოდნენ (მე-10, მე-11 მუხლები). მოახლოებული ქალების შემხედვარე მიხვდა, რომ მისი დავალების გადამწყვეტი მომენტი დგებოდა. თუმცა როგორ შეძლებდა სწორი არჩევნის გაკეთებას?

      9 რადგან იცოდა, რომ ღვთის დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდა, აბრაამის მსახურმა ილოცა: „უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!“ (მუხლი 12). როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე? მსახურმა ნიშანი ითხოვა, რომელიც ღვთის მიერ არჩეული ახალგაზრდა ქალის ამოცნობაში დაეხმარებოდა (13, 14 მუხლები). ერთ-ერთი ქალიშვილი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მსახური სთხოვდა იეჰოვას. დიახ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ქალმა მის ლოცვას ყური მოჰკრაო! (მე-15—20 მუხლები). მსახური გაოცებული „აკვირდებოდა“ ქალს. ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამ იყო დასადგენი. მაგალითად, იყო აბრაამის ნათესავი ეს ლამაზი ქალიშვილი? გათხოვილი ხომ არ იყო? ამიტომ მსახური „ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა“ (მე-16 და 21-ე მუხლები).

      10. რატომ დაასკვნა აბრაამის მსახურმა, რომ იეჰოვამ მისი ბატონისადმი სიკეთე სიყვარულით გამოავლინა?

      10 მალე ახალგაზრდა ქალი მსახურს გაეცნო: „ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის [აბრაამის ძმის] ძისა“ (დაბადება 11:26; 24:24). მაშინ მსახური მიხვდა, რომ იეჰოვას უპასუხოდ არ დაუტოვებია მისი ლოცვა. გრძნობამორეული მუხლებზე დაეცა და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს“ (27-ე მუხლი). მსახურს რომ უხელმძღვანელა, ამით იეჰოვამ მისი ბატონისადმი, აბრაამისადმი, ეს განსაკუთრებული სიკეთე გამოავლინა.

      ღვთის მიერ სიკეთის გამოვლენა შვების მომგვრელია და დამცავი

      11, 12. ა) რომელი განსაცდელების დროს გამოავლინა იოსების მიმართ იეჰოვამ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე? ბ) როგორ გამოავლინა ამ შემთხვევაში იეჰოვამ ეს თვისება?

      11 მოდი, ახლა განვიხილოთ დაბადების 39-ე თავი. მასში ყურადღება მახვილდება აბრაამის შვილთაშვილზე, იოსებზე, რომელიც ეგვიპტეში ტყვედ გაყიდეს. მაგრამ „უფალი იყო იოსებთან“ (1-ლი და 2-ე მუხლები). თვით იოსების ეგვიპტელი ბატონი, პოტიფარიც, კი მიხვდა, რომ იეჰოვა იყო მასთან (მე-3 მუხლი). თუმცა მალევე იოსები ძალიან რთული გამოცდის წინაშე დადგა. მას პოტიფარის ცოლის გაუპატიურების მცდელობა დასწამეს ცილად და დაატუსაღეს (მუხლები 7—20). „დილეგში“ „გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს“ (დაბადება 40:15; ფსალმუნი 104:18).

      12 რა მოხდა მისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე პერიოდში? „უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა“ (მუხლი 21ა). ამ განსაკუთრებული სიკეთის გამოვლენა დაიწყო მთელი რიგი მოვლენებით, რომელთა წყალობითაც მოგვიანებით იოსებმა გასაჭირს თავი დააღწია. იეჰოვამ იოსებს „მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში“ (მუხლი 21ბ). შედეგად, საპყრობილის უფროსმა მას პასუხისმგებლობაც კი ანდო (22-ე მუხლი). მოგვიანებით ის შეხვდა კაცს, რომელმაც საბოლოოდ იოსების შესახებ მოუთხრო ფარაონს, ეგვიპტის მმართველს (დაბადება 40:1—4, 9—15; 41:9—14). თავის მხრივ, მეფემ იოსები ეგვიპტეში რიგით მეორე მმართველად დანიშნა. ამან საშუალება მისცა იოსებს, შიმშილობის დროს ეხსნა ეგვიპტე (დაბადება 41:37—55). იოსები ჯერ კიდევ 17 წლის ყმაწვილი იყო, როდესაც მისი განსაცდელები დაიწყო, რამაც თორმეტ წელიწადზე მეტ ხანს გასტანა! (დაბადება 37:2, 4; 41:46). მაგრამ გასაჭირისა და მწუხარების მთელი ამ დროის განმავლობაში იეჰოვა ამ განსაკუთრებულ სიკეთეს ავლენდა იოსებისადმი — ის უფრო საშინელი უბედურებისგან იცავდა მას და იფარავდა იმ დროისთვის, როდესაც იოსები ღვთის განზრახვაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას შეძლებდა.

      ღვთის მიერ სიყვარულით სიკეთის გამოვლენას წინ ვერაფერი დაუდგება

      13. ა) იეჰოვას მიერ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის როგორ გამოვლინებებს ვხვდებით 135-ე ფსალმუნში? ბ) რა ახასიათებს ამ სიკეთეს?

      13 იეჰოვა ისრაელი ერისადმი კვლავ და კვლავ ავლენდა სიკეთეს სიყვარულით. 135-ე ფსალმუნი მოგვითხრობს, როგორ დაიხსნა (მუხლები 10—15), უხელმძღვანელა (მე-16 მუხლი) და დაიცვა (მე-17—20 მუხლები) ისინი ამ განსაკუთრებული თვისებით აღძრულმა იეჰოვამ. ღმერთი ცალკეული ადამიანებისადმიც ავლენდა ამ სიკეთეს. ის, ვინც სიყვარულით ავლენს სიკეთეს, ამას სხვების აუცილებელი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ნებაყოფლობით აკეთებს. ამ თვისებასთან დაკავშირებით ერთ ბიბლიურ ცნობარში ნათქვამია: „ეს არის ქმედება, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებასა და კეთილდღეობას ემსახურება. ეს ნიშნავს, იმოქმედო იმის სასარგებლოდ, ვინც გასაჭირშია ჩავარდნილი და იტანჯება“. ერთი სწავლული მას „საქმეებით დამტკიცებულ სიყვარულს“ უწოდებს.

      14, 15. რატომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ლოტი ღვთისმოსაწონი მსახური იყო?

      14 „დაბადებაში“ მოცემული ჩვენ მიერ განხილული შემთხვევები გვიმტკიცებს, რომ იეჰოვა თავისი მოყვარულებისადმი ყოველთვის სიყვარულით ავლენს სიკეთეს. ლოტს, აბრაამსა და იოსებს სხვადასხვა ვითარებებში უწევდათ ცხოვრება, განსხვავდებოდა მათი განსაცდელებიც. ისინი არასრულყოფილები იყვნენ, მაგრამ იეჰოვას მოსწონდა მათი მსახურება და ხედავდა, რომ ამ ადამიანებს მისი დახმარება სჭირდებოდათ. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა ამ განსაკუთრებულ სიკეთეს ავლენს ასეთი ადამიანების მიმართ.

      15 ლოტმა რამდენიმე არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო, რამაც სირთულეები შეუქმნა (დაბადება 13:12, 13; 14:11, 12). მაგრამ ის ღვთისმოსაწონ თვისებებსაც ავლენდა. როდესაც სოდომში ღვთის ორი ანგელოზი მივიდა, ლოტმა მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოავლინა (დაბადება 19:1—3). რწმენით გააფრთხილა თავისი სასიძოები სოდომის მოახლოებული გარდაუვალი განადგურების შესახებ (დაბადება 19:14). თუ რა თვალსაზრისი ჰქონდა ღმერთს ლოტზე მე-2 პეტრეს 2:7—9-ში შემდეგი სიტყვებით არის ნაჩვენები: „მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, [იეჰოვამ] იხსნა, რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა. ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი“. დიახ, ლოტი მართალი ადამიანი და, როგორც ზემოხსენებული სიტყვებიდანაც ჩანს, ღვთის ერთგული იყო. ლოტის მსგავსად, ჩვენც ღვთის ამ სიკეთეს ვგრძნობთ, როდესაც ‘წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით’ ვიქცევით (2 პეტრე 3:11, 12).

      16. რა საქებარი სიტყვებით არიან ბიბლიაში მოხსენიებულნი აბრაამი და იოსები?

      16 დაბადების 24-ე თავი იეჰოვასა და აბრაამს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მაჩვენებელია. პირველ მუხლში ნათქვამია, რომ „ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი“. აბრაამის მსახურმა იეჰოვას თავისი „პატრონის აბრაამის ღმერთი“ უწოდა (მე-12 და 27-ე მუხლები). აბრაამზე საუბრისას მოწაფე იაკობი აღნიშნავს, რომ ის „გამართლდა“ და „ღვთის მეგობარი ეწოდა“ (იაკობი 2:21—23). თითქმის იმავეს თქმა შეიძლება იოსებზეც. დაბადების 39-ე თავში ხაზგასმით არის მოხსენიებული იეჰოვასა და იოსების ახლო ურთიერთობა (მუხლები 2, 3, 21, 23). გარდა ამისა, იოსებთან დაკავშირებით მოწაფე სტეფანემაც თქვა, რომ „ღმერთი იყო მასთან“ (საქმეები 7:9).

      17. რას ვსწავლობთ ლოტის, აბრაამისა და იოსების მაგალითებიდან?

      17 ზემოთ მოხსენიებულ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვა ღმერთთან და გარკვეულწილად მისი განზრახვების შესრულებაშიც იღებდნენ მონაწილეობას. წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავებას ისინი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდნენ. საფრთხეში იყო ლოტის სიცოცხლე, აბრაამის საგვარეულო ხაზს შეწყვეტის საფრთხე ემუქრებოდა, იოსებიც დაცვას საჭიროებდა. მხოლოდ იეჰოვას შეეძლო ამ ღვთისმოსაწონი მამაკაცების დახმარება და ის სწორედ ასე მოიქცა, რაც სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის გამოვლენა იყო. თუ ჩვენც გვსურს, რომ იეჰოვამ მარადიულად გამოავლინოს ეს თვისება ჩვენდამი, მასთან ახლო ურთიერთობა უნდა განვავითაროთ და კვლავაც შევასრულოთ მისი ნება (პირველი ეზრა 7:28; ფსალმუნი 17:51).

      ღვთის მსახურებს პატივი ხვდათ წილად

      18. რას ცხადყოფს სხვადასხვა ბიბლიური მუხლი იეჰოვას მიერ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით?

      18 იეჰოვას ამ განსაკუთრებული სიკეთით „სავსეა ქვეყნიერება“ და რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ ის ამ თვისებას ფლობს! (ფსალმუნი 118:64). მთელი გულით ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის სიმღერას: „დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ“ (ფსალმუნი 106:8, 15, 21, 31). გვახარებს ის ფაქტი, რომ იეჰოვა ამ თვისებას ავლენს თავისი მსახურებისადმი — როგორც ინდივიდუალურად, ისე მთლიანობაში. წინასწარმეტყველმა დანიელმა ლოცვაში შემდეგი სიტყვებით მიმართა იეჰოვას: „ღმერთო დიდებულო და საკვირველო, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ!“ (დანიელი 9:4). „მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი — გულწრფელებს“, — ლოცულობდა მეფე დავითი (ფსალმუნი 35:11). რაოდენ მადლიერნი ვართ იეჰოვასი, თავისი მსახურებისადმი სიყვარულით რომ ავლენს სიკეთეს! (მესამე მეფეთა 8:23; პირველი ნეშტთა 17:13).

      19. რომელ კითხვებზე გაგვცემს პასუხს მომდევნო სტატია?

      19 ნამდვილად, იეჰოვას ხალხს დიდი პატივი გვხვდა წილად! გარდა იმისა, რომ ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს ღვთის სიყვარულს, რომელსაც ის მთელი კაცობრიობისადმი ავლენს, ჩვენი ზეციერი მამა თავისი ამ არაჩვეულებრივი სიკეთიდან გამომდინარე განსაკუთრებულ კურთხევებსაც არ იშურებს ჩვენთვის (იოანე 3:16). ყველაზე მეტად კი გასაჭირის ჟამს გვესაჭიროება იეჰოვას ეს ძვირფასი თვისება (ფსალმუნი 35:8). როგორ შეგვიძლია იეჰოვა ღმერთს სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის გამოვლენაში მივბაძოთ? ვავლენთ თუ არა ამ საუცხოო თვისებას? ეს და ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა კითხვები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

  • სიკეთე გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 მაისი
    • სიკეთე გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება

      „სიკეთით... მოექეცით ერთმანეთს“ (ზაქარია 7:9).

      1, 2. ა) რატომ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე სიყვარულით? ბ) რომელი კითხვები მოითხოვს პასუხს?

      იეჰოვას სიტყვა მოგვიწოდებს, სიყვარულით გამოვავლინოთ სიკეთე (მიქა 6:8). ის გვიხსნის მიზეზებსაც, თუ რატომ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისება. უპირველესად იმიტომ, რომ „მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს“ (იგავნი 11:17). რა ჭეშმარიტი სიტყვებია! ამგვარი სიკეთის გამოვლენით, სხვებთან თბილ და ახლო ურთიერთობას ვავითარებთ. ამგვარად, ნამდვილ მეგობრებს ვიძენთ, რაც სინამდვილეში ფასდაუდებელი ჯილდოა! (იგავნი 18:24).

      2 გარდა ამისა, წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ „სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს... ჰპოვებს“ (იგავნი 21:21). დიახ, თუ ამ თვისების გამოვლენას ვცდილობთ, ღმერთს თავს ვაყვარებთ და საშუალება გვეძლევა, მივიღოთ მომავალი კურთხევები, მათ შორის მარადიული სიცოცხლეც. მაგრამ როგორ გამოვავლინოთ ეს სიკეთე სიყვარულით? ან ვის მიმართ უნდა გამოვავლინოთ ის? არსებობს რაიმე განსხვავება ამგვარ სიკეთესა და კაცთმოყვარეობას ან, საერთოდ, სიკეთეს შორის?

      კაცთმოყვარეობა და სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე

      3. რით განსხვავდება კაცთმოყვარეობა სიყვარულით გამოვლენილი სიკეთისგან?

      3 კაცთმოყვარეობასა და სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს შორის მრავალი განსხვავება არსებობს. მაგალითად, ის ვინც კაცთმოყვარეობას ავლენს, ხშირად ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ეს პიროვნება უყვარს ან ახლო ურთიერთობა აკავშირებს მასთან. მაგრამ, თუ ჩვენ ამ თვისებას ვავლენთ ვინმეს მიმართ, ეს ნიშნავს, რომ გვიყვარს ეს ადამიანი. ბიბლიაში ასეთ სიკეთეს ურთიერთშორის ის ადამიანები ავლენენ, რომლებიც უკვე იცნობენ ერთმანეთს (დაბადება 20:13; მეორე მეფეთა 3:8; 16:17). იგი მაშინაც შეიძლება გამოვლინდეს, თუ ერთ ადამიანს მეორესთვის წარსულში სიკეთე აქვს გაკეთებული (იესო ნავეს ძე 2:1, 12—14; პირველი მეფეთა 15:6; მეორე მეფეთა 10:1, 2). ეს სხვაობა უკეთესად რომ დავინახოთ, მოდი განვიხილოთ ორი შემთხვევა ბიბლიიდან, როდესაც ადამიანებმა კაცთმოყვარეობა და სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე გამოავლინეს.

      4, 5. როგორ აჩვენებს ზემოთ მოხსენიებული ორი ბიბლიური შემთხვევა სხვაობას კაცთმოყვარეობასა და სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს შორის?

      4 ერთ შემთხვევაში კაცთმოყვარეობა გემის დაღუპვის დროს გადარჩენილთა მიმართ გამოავლინეს, რომელთა შორის პავლე მოციქულიც იყო. ზღვამ ისინი კუნძულ მელიტაზე გამორიყა (საქმეები 27:37—28:1). თუმცა მელიტელები ნაპირზე გამორიყულ მოგზაურებს არც კი იცნობდნენ და არც დავალებულნი იყვნენ მათგან, კუნძულელებმა სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს უცნობებისადმი და „დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს“ (საქმეები 28:2, 7). მათი სტუმართმოყვარეობა შემთხვევითობამ განაპირობა და სრულიად უცნობებისადმი გამოვლენილი სიკეთე იყო. ამიტომ, ეს მათი მხრიდან კაცთმოყვარეობის გამოვლენა იყო.

      5 განვიხილოთ სხვა შემთხვევაც, როდესაც მეფე დავითმა სტუმართმოყვარეობა მეფიბოშეთისადმი, თავისი მეგობრის, იონათანის, ვაჟისადმი გამოავლინა. „მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს“, — განუცხადა დავითმა მეფიბოშეთს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი დავითმა შემდეგი სიტყვებით განმარტა: „წყალობას გიყოფ შენი მამის იონათანის, გულისათვის“ (მეორე მეფეთა 9:6, 7, 13). დავითის მიერ გამოვლენილ სტუმართმოყვარეობას სამართლიანად შეგვიძლია სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ვუწოდოთ, რადგან ეს არ ყოფილა მხოლოდ კაცთმოყვარეობა. ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ დავითი ერთგული რჩებოდა იმ ურთიერთობისა, რომელიც მას და იონათანს ჰქონდათ (პირველი მეფეთა 18:3; 20:15, 42). ამის მსგავსად, ღვთის მსახურები დღესდღეობით კაცთმოყვარეობას მთელი კაცობრიობის მიმართ ავლენენ. მაგრამ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს მხოლოდ მათ მიმართ ავლენენ, ვისთანაც ღვთისმოსაწონი ურთიერთობა აკავშირებთ (მათე 5:45; გალატელთა 6:10).

      6. ადამიანების მიერ სიყვარულით გამოვლენილი სიკეთის რომელი სამი თავისებურება იკვეთება ღვთის სიტყვაში?

      6 უკეთესად რომ გავიგოთ, კიდევ რა ახასიათებს სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს, მოკლედ მიმოვიხილოთ სამი ბიბლიური შემთხვევა, სადაც ეს თვისებაა ნაჩვენები. ამ შემთხვევებიდან დავინახავთ, თუ როგორ ავლენენ ხოლმე ადამიანები ამ თვისებას 1) კონკრეტული საქმეებით, 2) ნებაყოფლობით და 3) მათდამი, ვინც დახმარებას საჭიროებს. გარდა ამისა, ეს შემთხვევები თვალსაჩინოდ დაგვანახვებს, თუ როგორ შეგვიძლია დღესდღეობით ამ განსაკუთრებული სიკეთის გამოვლენა.

      მამა სიყვარულით ავლენს სიკეთეს

      7. რას მოუყვა აბრაამის მსახური ბეთუელსა და ლაბანს და რომელი საკითხი წამოჭრა გადასაწყვეტად?

      7 დაბადების 24:28—67-ში მოცემულია აბრაამის მსახურის ისტორიის გაგრძელება, რომელიც წინა სტატიაში იყო განხილული. რებეკასთან შეხვედრის შემდეგ, ის რებეკას მამის, ბეთუელის სახლში მიიწვიეს (მუხლები 28-32). იქ მსახური დაწვრილებით მოჰყვა, თუ როგორ ეძებდა ცოლს აბრაამის ვაჟისთვის (33—47-ე მუხლები). ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ წარმატებას ნიშნად მიიჩნევდა იეჰოვასგან, რომელზეც თქვა: „წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად“ (48-ე მუხლი). უეჭველია, მსახური იმედოვნებდა, რომ მისი გულწრფელი მონათხრობი ბეთუელსა და მის ძეს, ლაბანს, დაარწმუნებდა, რომ ამ საქმეში იეჰოვას ხელი ერია. თავისი ისტორიის თხრობა მსახურმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისთვის, მითხარით; თუ არა და, ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ“ (49-ე მუხლი).

      8. როგორ გამოეხმაურა ბეთუელი რებეკასთან დაკავშირებულ წინადადებას?

      8 აშკარა იყო, რომ იეჰოვამ უკვე გამოავლინა სიკეთე აბრაამის მიმართ სიყვარულით (დაბადება 24:12, 14, 27). მოისურვებდა თუ არა ბეთუელი იმავეს გაკეთებას და დართავდა თუ არა რებეკას აბრაამის მსახურთან ერთად წასვლის ნებას? გამოავლენდა ისიც ღვთის მსგავსად ასეთ სიკეთეს? ფუჭი ხომ არ აღმოჩნდებოდა მსახურის ხანგრძლივი მოგზაურობა? რამხელა შვებას მოჰგვრიდა აბრაამის მსახურს ლაბანისა და ბეთუელის სიტყვები: „უფლისგან არის ეს საქმე“ (50-ე მუხლი). ისინი მიხვდნენ, რომ ყოველივე ამაში იეჰოვას ხელი ერია და მაშინვე მიიღეს მისი წინადადება. შემდეგ კი ბეთუელმა სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „აჰა, აგერ არის რებეკა; წაიყვანე და წადი! გახდეს შენი პატრონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს“ (51-ე მუხლი). რებეკა ნებაყოფლობით გაჰყვა აბრაამის მსახურს და მალე ისაკის საყვარელი ცოლიც გახდა (მუხლები 49, 52—58, 67).

      ძე სიყვარულით ავლენს სიკეთეს

      9, 10. ა) რისი გაკეთება სთხოვა იაკობმა იოსებს? ბ) როგორ გამოავლინა სიკეთე მამისადმი იოსებმა სიყვარულით?

      9 ასეთი სიკეთე აბრაამის შვილიშვილის, იაკობის, მიმართაც გამოავლინეს. დაბადების 47-ე თავი მოგვითხრობს, რომ იაკობი იმ დროს ეგვიპტეში ცხოვრობდა, როდესაც „დაუდგა სიკვდილის ჟამი“ (27—29-ე მუხლები). ის წუხდა იმის გამო, რომ იმ ქვეყანაში არ მოუწევდა სიკვდილი, რომელიც ღმერთმა აბრაამს აღუთქვა (დაბადება 15:18; 35:10, 12; 49:29—32). რადგან არ უნდოდა ეგვიპტეში დამარხულიყო, ითხოვა, ჩემი ნეშტი ქანაანში გადაასვენეთო. ყველაზე უკეთ ვინ შეძლებდა იაკობის ამ სურვილის შესრულებას, თუ არა თავისი გავლენიანი ძე, იოსები?

      10 ბიბლიაში ვკითხულობთ: „უხმო [იაკობმა] თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში... მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში. რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში“ (დაბადება 47:29, 30). იოსებმა მამას სურვილის შესრულება აღუთქვა. ამის შემდეგ იაკობი მალევე გარდაიცვალა. იოსებმა და იაკობის სხვა ვაჟებმა წაასვენეს მისი ნეშტი „ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე.., რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა“ (დაბადება 50:5—8, 12—14). ამგვარად, იოსებმა მამისადმი სიყვარულით გამოავლინა სიკეთე.

      რძალი სიყვარულით ავლენს სიკეთეს

      11, 12. ა) როგორ გამოავლინა რუთმა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ნაყომისადმი? ბ) რა მხრივ აღემატებოდა რუთის მიერ მეორე შემთხვევაში გამოვლენილი ამგვარი სიკეთე „წინანდელს“?

      11 წიგნ „რუთში“ მოთხრობილია, თუ როგორ გამოავლინა ეს თვისება ნაყომისადმი, თავისი დაქვრივებული დედამთილისადმი, მოაბელმა რუთმა, რომელიც თავადაც ქვრივი იყო. როდესაც ნაყომიმ იუდას ბეთლემში დაბრუნება გადაწყვიტა, რუთმა თავისი სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე და სიმტკიცე შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია“ (რუთი 1:16). ამგვარი სიკეთე რუთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როდესაც თანხმობა განაცხადა ცოლად გაჰყოლოდა ნაყომის ნათესავ ბოყაზს, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყოa (მეორე რჯული 25:5, 6; რუთი 3:6—9, 10). „რაც ახლა მადლი ჰქენი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰყევი, არც ღარიბს, არც მდიდარს“, — უთხრა ბოყაზმა რუთს (რუთი 3:10).

      12 „წინანდელი“ იმ დროს ეხებოდა, როდესაც რუთმა განსაკუთრებული სიკეთე გამოავლინა ნაყომისადმი, მიატოვა თავისი ხალხი და მასთან დარჩენა არჩია (რუთი 1:14; 2:11). თუმცა მოგვიანებით მის მიერ გამოვლენილი ამგვარი სიკეთე — ის, რომ თანახმა იყო, ცოლად გაჰყოლოდა ბოყაზს — აღემატებოდა პირველ შემთხვევას. რუთს ეს შესაძლებლობას მისცემდა მემკვიდრე ეშვა ნაყომისთვის, რომელიც ასაკოვანი იყო და შვილს ვერ იყოლიებდა. რუთი და ბოყაზი დაქორწინდნენ და მოგვიანებით, როდესაც მათი პირმშო იშვა, ბეთლემელმა ქალებმა აღტაცებით შესძახეს: „ვაჟი შეეძინა ნაყომის!“ (რუთი 4:14, 17). რუთი ნამდვილად „ღირსეული ქალი“ იყო, რის გამოც იეჰოვამ მას შესანიშნავი უპირატესობა უბოძა. ის იესო ქრისტეს წინაპარი გახდა (რუთი 2:12; 3:11; 4:18—22; მათე 1:1, 5, 6).

      სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის საქმეებით გამოვლენა

      13. როგორ გამოავლინეს ბეთუელმა, იოსებმა და რუთმა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე?

      13 მიაქციეთ თუ არა ყურადღება, როგორ გამოავლინეს ამგვარი სიკეთე ბეთუელმა, იოსებმა და რუთმა? ისინი მხოლოდ ტკბილი სიტყვებით კი არა, თავიანთი საქმეებით ავლენდნენ მას. ბეთუელმა მხოლოდ ის კი არა თქვა: „აჰა, აგერ არის რებეკა“, არამედ „გაისტუმრა“ კიდეც იგი (დაბადება 24:51, 59). „შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი“, — თქვა იოსებმა და მხოლოდ ნათქვამს არ დასჯერდა, არამედ ძმებთან ერთად ‘ყველაფერი ისე აღუსრულა იაკობს, როგორც უანდერძა მათ’ (დაბადება 47:30; 50:12, 13). რუთს მხოლოდ ის არ უთქვამს ნაყომისთვის, ‘სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდეო’, არამედ დატოვა თავისი ხალხი და გაჰყვა ნაყომის „ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს“ (რუთი 1:16, 19). იუდაშიც რუთი ‘ისე იქცეოდა, როგორც დედამთილი არიგებდა’ (რუთი 3:6). დიახ, რუთმა თუ სხვებმა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე საქმეებით გამოავლინეს.

      14. ა) როგორ ავლენენ ღვთის თანამედროვე მსახურები სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს თავიანთი საქმეებით? ბ) რომელი საქმეებით ავლენენ ამ თვისებას ქრისტიანები თქვენს ტერიტორიაზე?

      14 გულს გვიხარებს იმის დანახვა, თუ როგორ განაგრძობენ ჩვენს დროში ღვთის მსახურები თავიანთი საქმეებით ამ თვისების გამოვლენას. მაგალითად, ისინი, ვინც გამუდმებით ემოციურად ამაგრებენ დასუსტებულ, გულდამძიმებულ და დარდით გულმოკლულ თანამორწმუნეებს (იგავნი 12:25). ან მრავალნი იეჰოვას მოწმეთაგან, რომლებსაც რეგულარულად მიჰყავთ სამეფო დარბაზში ხნიერი და-ძმები კრების ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასასწრებად. 82 წლის ანა, რომელიც ართრიტით იტანჯება, მრავალ სხვა მის მდგომარეობაში მყოფთა გრძნობებსაც გამოხატავს, როდესაც შემდეგი სიტყვებით გამოთქვამს მადლიერებას: „იეჰოვას კურთხევაა, რომ კრების ყველა შეხვედრაზე მანქანით მივყავართ. მთელი გულით ვუხდი იეჰოვას მადლობას, ასეთი მოსიყვარულე და-ძმებით რომ დამაჯილდოვა“. აკეთებთ თუ არა თქვენც იმავეს თქვენი კრების წევრებისთვის? (1 იოანე 3:17, 18). თუ დიახ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ მიერ გამოვლენილ ასეთ სიკეთეს ძალიან აფასებენ სხვები.

      ნებაყოფლობით გამოვლენილი სიკეთე

      15. სიყვარულით გამოვლენილი სიკეთის სხვა რომელ თავისებურებებს ესმება ხაზი ჩვენ მიერ განხილულ სამ ბიბლიურ ისტორიაში?

      15 ჩვენ მიერ განხილული ბიბლიური ისტორიები ცხადყოფს, რომ ეს თვისება ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ვლინდება. ბეთუელი ხალისით გამოეხმაურა აბრაამის მსახურის წინადადებას, რებეკაც მსგავსად მოიქცა (დაბადება 24:51, 58). იოსებმა სხვების მითითების გარეშე სიყვარულით გამოავლინა სიკეთე (დაბადება 50:4, 5). რუთს „გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან [ნაყომისთან] ერთად წასვლა“ (რუთი 1:18). როდესაც ნაყომიმ რუთს ბოყაზთან მისვლა შესთავაზა, ამგვარმა სიკეთემ აღძრა ეს მოაბელი ქალი, ასეთი სიტყვები წარმოეთქვა: „ისე მოვიქცევი, როგორც მეუბნები“ (რუთი 3:1—5).

      16, 17. რით არის ღირსშესანიშნავი ბეთუელის, იოსებისა და რუთის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული სიკეთე და რა აღძრავდა მათ ამ თვისების გამოსავლენად?

      16 ბეთუელის, იოსებისა და რუთის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული სიკეთე ღირსშესანიშნავია იმიტომ, რომ აბრაამი, იაკობი და ნაყომი მათ ვერაფერს აიძულებდნენ. გარდა ამისა, ბეთუელი ვალდებული არ იყო, დაშორებოდა თავის ქალიშვილს. მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა აბრაამის მსახურისთვის, ჩემს გამრჯე ქალიშვილს ვერ შეველევიო (დაბადება 24:18—20). იოსებსაც შეეძლო არ შეესრულებინა მამის თხოვნა, რადგან იაკობი მკვდარი იყო და პირობის შესრულებას ვერ აიძულებდა. ნაყომიმაც თავად უთხრა რუთს, რომ სუფთა სინდისით შეეძლო მოაბში დარჩენა (რუთი 1:8). რუთს აგრეთვე თავისუფლად შეეძლო „ყმაწვილს“ გაჰყოლოდა ცოლად და არა თავისზე გაცილებით უფროს ბოყაზს.

      17 ბეთუელმა, იოსებმა და რუთმა ეს განსაკუთრებული სიკეთე ნებაყოფლობით, გულიდან გამომდინარე, გამოავლინეს. ისინი მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ, ეს თვისება გამოევლინათ მათდამი, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდათ, ისევე როგორც მეფე დავითმა, რომელიც თავს ვალდებულად თვლიდა, ასეთი სიკეთე გამოევლინა მეფიბოშეთისადმი.

      18. ა) როგორი განწყობით ‘მწყემსავენ’ ქრისტიანი უხუცესები ‘ღვთის სამწყსოს’? ბ) როგორ გამოხატა თავისი გრძნობები ერთმა უხუცესმა თანამორწმუნეების დახმარებასთან დაკავშირებით?

      18 დღესაც, სიყვარულით სიკეთის გამოვლენა ღვთის ხალხის დამახასიათებელი თვისებაა, მათ შორის ღვთის სამწყსოს მწყემსებისაც (ფსალმუნი 109:3; 1 თესალონიკელთა 5:12). ეს უხუცესები ანუ ზედამხედველები, პასუხისმგებლობას გრძნობენ, გაამართლონ ის ნდობა, რომელიც ზედამხედველებად მათი დანიშვნით გამოავლინეს (საქმეები 20:28). მაგრამ, ისინი „არა იძულებით, არამედ ნებით“ ეწევიან სამწყსო მსახურებას და კრებისადმი ამ განსაკუთრებული სიკეთის მაჩვენებელ სხვა საქმეებს აკეთებენ (1 პეტრე 5:2). უხუცესები დამწყემსვის საქმიანობის პასუხისმგებლობასაც გრძნობენ და ამის კეთების სურვილიც ამოძრავებთ. ისინი ქრისტეს ცხვრებისადმი სიყვარულით ავლენენ სიკეთეს, რადგან ეს მათი ვალდებულებაცაა და სურვილიც (იოანე 21:15—17). „მიყვარს ძმებთან სტუმრად მისვლა ან, უბრალოდ, მათთან ტელეფონით შეხმიანება, რათა იგრძნონ, რომ ვფიქრობ მათზე, — ამბობს ერთი ქრისტიანი უხუცესი. — ძმების დახმარება დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას მგვრის!“. ყველა მზრუნველი უხუცესი მთელი გულით იზიარებს ამ ძმის აზრს.

      სიყვარულით გამოავლინეთ სიკეთე მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება

      19. სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთესთან დაკავშირებით რაზე მახვილდება ყურადღება სტატიაში განხილულ ბიბლიურ ისტორიებში?

      19 ჩვენ მიერ განხილული ბიბლიური ისტორიები თვალნათლივ აჩვენებს, რომ ეს თვისება უნდა გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვინც დახმარებას საჭიროებს. აბრაამს საგვარეულო ხაზის გასაგრძელებლად ბეთუელის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. იაკობი კი იოსების დახმარებას საჭიროებდა, რომ მისი ნეშტი ქანაანში გადაესვენებინათ. ნაყომი მემკვიდრის ყოლას მხოლოდ რუთის დახმარებით თუ შეძლებდა. აბრაამს, იაკობსა და ნაყომის სურვილის შესასრულებლად დახმარება სჭირდებოდათ. დღესდღეობითაც, სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე განსაკუთრებით მათდამი უნდა გამოვავლინოთ, ვისაც დახმარება სჭირდება (იგავნი 19:17). კარგს ვიზამთ, თუ პატრიარქ იობს მივბაძავთ, რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებდა ‘გაჭირვებულს, შველას რომ ითხოვდა, და ობოლს, შემწე რომ არ ჰყავდა’ და არც ‘დასაღუპად განწირული’ რჩებოდა მხედველობიდან. იობი ‘ქვრივის გულსაც ახარებდა’, ‘უსინათლოთათვის კი თვალები იყო და ფეხები — ხეიბრისთვის’ (იობი 29:12—15).

      20, 21. ვის ესაჭიროება ჩვენი მხრიდან სიყვარულით სიკეთის გამოვლენა და რისი კეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

      20 სინამდვილეში, ყველა ქრისტიანულ კრებაშია ‘გაჭირვებული, შველას რომ ითხოვს’. მათი გაჭირვება შეიძლება მარტოობით, გულგატეხილობით, უღირსობის გრძნობით, იმედგაცრუებით, სერიოზული ავადმყოფობით ან საყვარელი ადამიანის სიკვდილით იყოს გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძვირფასი ადამიანები დახმარებას საჭიროებენ, რომელიც ამ განსაკუთრებული სიკეთის დამადასტურებელი საქმეებით ნებაყოფლობით უნდა აღმოვუჩინოთ (1 თესალონიკელთა 5:14).

      21 მოდი, კვლავაც მივბაძოთ იეჰოვა ღმერთს, რომელიც „დიდმადლიანია“ ანუ უშურველად ავლენს სიკეთეს სიყვარულით (გამოსვლა 34:6; ეფესელთა 5:1). ამას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ნებაყოფლობით ვიმოქმედებთ, განსაკუთრებით მათ დასახმარებლად, ვინც ამას საჭიროებს. ეჭვიც არ შეგვეპაროს, რომ ამგვარად პატივს მივაგებთ იეჰოვას და სიხარულიც არ მოგვაკლდება, თუ ‘მოწყალებით მოვექცევით ერთმანეთს’ (ზაქარია 7:9).

      [სქოლიო]

      a ასეთი სახის ქორწინება უფრო დეტალურადაა გაშუქებული „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ (ინგლ.), ტომი I, გვ. 370, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება