-
მზარდი ინტერესი ანგელოზებისადმიგამოიღვიძეთ! — 1999 | დეკემბერი 8
-
-
ამ წიგნებში მოთხრობილია მრავალი ამბავი ანგელოზების საჭირო დროს გამოჩენის შესახებ; ავტოკატასტროფის საფრთხის დროს ადამიანების ატაცების, სასიკვდილო დაავადებებისგან განკურნების, მწუხარების ჟამს დამშვიდებისა და ბრძოლის ველზე ჯარისკაცების დაცვის შესახებ. ეს ანგელოზები ადამიანებს ემსახურებიან და არ მოითხოვენ მათგან ცოდვების მონანიებას, რწმენაზე მოქცევას ან რომელიმე აღმსარებლობის მიღებას. მაგრამ ასეთი დღევანდელი „შეხვედრები“ ადამიანებს იშვიათად აღძრავს თავიანთ ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად. მათ, ვინც აცხადებს, რომ ანგელოზს შეხვედრია, ჩვეულებრივ, სასიამოვნო გრძნობის მეტი არაფერი რჩებათ.
-
-
მონათხრობთა შემოწმებაგამოიღვიძეთ! — 1999 | დეკემბერი 8
-
-
მონათხრობთა შემოწმება
დღევანდელ მონათხრობებზე ანგელოზებთან შეხვედრების შესახებ ადამიანები სხვადასხვანაირად რეაგირებენ. ზოგს სჯერა ამის. ისინი ირწმუნებიან, რომ თუკი ეს ამბები ამდენია და ასე ფართოდ არის გავრცელებული, სინამდვილეს უნდა შეესაბამებოდეს. ზოგი სკეპტიკოსია. ისინი ამბობენ, რომ მსგავს განაცხადთა მხარდასაჭერად მყარი საფუძველი არ არსებობს. მათი მტკიცებით, ფართოდ გავრცელებული რწმენა რაიმეს სინამდვილედ არ აქცევს. ბოლოს და ბოლოს, წინათ ხალხს სირინოზებისაც სჯეროდა. სხვანი კი იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებსაც ნეიტრალური პოზიცია უკავიათ. ამ ნეიტრალური თვალსაზრისის გამოთქმისას წიგნი „ანგელოზები — ურთიერთსაპირისპირო შეხედულებები“ (Angels—Opposing Viewpoints) აღნიშნავს: „მრავალი ადამიანი აცხადებს, რომ ანგელოზებს შეხვედრია. მაგრამ ვინაიდან ამის დამტკიცება შეუძლებელია, ხალხი მათს ნათქვამს იჯერებს. თავის მხრივ, არც სკეპტიკოსებს შეუძლიათ ასეთი შემთხვევების უარყოფა, თუმცა არცთუ ისე ბევრს უცდია“.
მრავალი ადამიანი ეთანხმება იმას, რომ ბიბლია სულიერი სამყაროს შესახებ ინფორმაციის სარწმუნო წყაროაa. ამიტომ ცხადია, ის ანგელოზების შესახებ დღევანდელი მონათხრობების შეფასებაში დაგვეხმარება. როგორც თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ანგელოზები რეალური, ძლიერი, დიდებული სულიერი ქმნილებები არიან. ბიბლია მოგვითხრობს, როგორ გადასცემდნენ ანგელოზები ცნობებს და როგორ იცავდნენ ღვთის მსახურებს უბედური შემთხვევისგან (ფსალმუნი 103:1, 4; ლუკა 1:26—33; საქმეები 12:6—11).
ბიბლია აგრეთვე გვიჩვენებს, რომ არსებობენ ბოროტი ანგელოზები. ეს სულიერი ქმნილებები ატყუებენ ადამიანებს, რითაც ღვთისგან აშორებენ (2 კორინთელთა 11:14). ბიბლია უსაფუძვლოდ არ გვაფრთხილებს: „ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა“ (1 იოანე 4:1). მაგალითად, სანამ თვითმარქვია წინასწარმეტყველის ნათქვამს დავიჯერებთ, ბრძნული იქნებოდა შეგვემოწმებინა, ხომ არ ამბობს რაიმეს ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ, რომელსაც — თავისი სიტყვებისამებრ — ეყრდნობა. გონივრული იქნებოდა, მოველოდეთ, რომ ანგელოზების გამოჩენის შესახებ დღევანდელი შეტყობინებები მსგავს კრიტიკულ შემოწმებას უნდა უძლებდეს. მაშ, რამდენად შეესაბამება დღეს ანგელოზებთან შეხვედრების შემთხვევები საღვთო წერილში ჩაწერილს?
ანგელოზები ისეთები არ არიან, როგორებადაც ბევრს წარმოუდგენია
ჯერ ნათელი მოვფინოთ ანგელოზების შესახებ ორ ფართოდ გავრცელებულ მცდარ აზრს. ანგელოზები თავდაპირველად ადამიანებად არ დაბადებულან. ისინი ღვთის მიერ დედამიწაზე სიცოცხლის შექმნამდე დიდი ხნით ადრე ზეცაში არსებობდნენ. ბიბლია ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ღმერთი ‘დედამიწას აფუძნებდა. . . ყველა ღვთისშვილი [ანგელოზი] ყიჟინობდა’ (იობი 38:4—7).
სხვა თანამედროვე გავრცელებული მცდარი აზრია ის, რომ ანგელოზები ადამიანთა მძიმე ცოდვებისადმი ლმობიერები და შემწყნარებლები არიან. პირიქით, ერთგული ანგელოზები ღვთის სამართლიან ნორმებს იცავენ და მისი მითითებების თანახმად იქცევიან. ისინი ღმერთს ემსახურებიან, და არა ადამიანებს (ფსალმუნი 102:20).
ანგელოზებს ჩვენი სულიერი კეთილდღეობა აინტერესებთ
მათ შორის, რაც ანგელოზების შესახებ გვსმენია, დიდი ადგილი უკავია გადარჩენასთან დაკავშირებულ შემთხვევებს. ერთ ძალზე პოპულარულ წიგნში ვკითხულობთ ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომელიც უხილავმა ხელმა ალმოდებული სახლიდან ფრთხილად გამოიყვანა. სხვა წიგნი მოგვითხრობს კოლეჯის ორ სტუდენტზე, რომლებიც ქარბუქში მოყვნენ. უეცრად გამოჩნდა სატვირთო მანქანა და მათი მანქანა ბუქსირით უსაფრთხო ადგილას გაიყვანა, ამის შემდეგ კი უკვალოდ გაქრა. სხვაგან ვკითხულობთ ანის შესახებ, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული. სამი დღით ადრე, სანამ საავადმყოფოში საოპერაციოდ დაწვებოდა, მის კარს მაღალი უცნობი მიადგა; თავი ტომასად წარადგინა და თქვა, რომ ღვთისგან იყო წარმოგზავნილი. მან გაიწოდა ხელი და ანიმ იგრძნო, რომ სხეულში ცხელმა, თეთრმა შუქმა დაუარა. როდესაც ის საოპერაციოდ მივიდა, ექიმები გაოცდნენ. ანი სრულიად განკურნებულა სიმსივნისგან!
ეს ამბები ბადებს ლოგიკურ კითხვას: თუ ყველას ჰყავს მფარველი ანგელოზი, რატომ რჩება უმეტესობა დახმარების გარეშე? მილიონობით ადამიანი კვდება ავადმყოფობის, ომების, შიმშილისა და სტიქიური უბედურებების გამო. ეჭვგარეშეა, ბევრი გულწრფელად ლოცულობდა დახმარებისთვის. რატომ არ უშველეს მფარველმა ანგელოზებმა?
ბიბლია გვეხმარება ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში. ის აღნიშნავს, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის (საქმეები 10:34). უფრო მეტიც, თუმცა ღვთის ერთგულ ანგელოზებს აინტერესებთ ჩვენი ფიზიკური კეთილდღეობა, მათ ჩვენი სულიერი კეთილდღეობა უფრო აღელვებთ. პავლე მოციქული კითხვას სვამს: „განა ყველანი [ანგელოზები] მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?“ (ებრაელთა 1:14). ფიზიკურ დახმარებას დროებითი სარგებლობა მოაქვს, ხოლო სულიერს — მარადიული.
ანგელოზების შესახებ მრავალი მონათხრობი, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია. ამბობენ, რომ ანგელოზები დაღლილ დედებს ლოგინის თეთრეულის გამოცვლაში ეხმარებიან, საყიდლებზე გასულს ასანთის ყიდვას ახსენებენ და მძღოლებს სადგომების მოძებნისას ხელმძღვანელობენ. ახალგაზრდა შოტლანდიელი ქალი ღიმილით ამბობს: „ბოლო სამი კვირის განმავლობაში ავტომობილს სენტ-მერის ქუჩაზე აკრძალულ ადგილას ვაჩერებდი და ვთხოვდი ჩემს ანგელოზს, მისთვის სიყვარულითა და თანაგრძნობით მიეხედა. თუ ავტოინსპექტორი გამოჩნდებოდა, მას იმდენად სძლევდა სიყვარულის გრძნობა, რომ აკრძალულ ადგილას დაყენებულ ავტომობილს ყურადღებას არ აქცევდა. ჯერ არავის დავუჯარიმებივარ“. არ არის გასაკვირი, რომ ზოგი დღევანდელ მფარველ ანგელოზს უფროსების ზღაპრულ ფერიას ან თოვლის პაპას ადარებს.
ერთგული ანგელოზები არ ეწინააღმდეგებიან ღვთის სიტყვას
ანგელოზების შესახებ წიგნები სავსეა თითქოსდა სულიერი სამყაროდან მიღებული გამონათქვამებითა და რჩევებით. მაგალითად, ერთი წიგნი მკითხველს მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლორადოელი (აშშ) ქალისთვის გადაცემულ სწავლებებს უხსნის. მიქაელის „სიტყვებს“ შორის ასეთებიც არის: „ყველა გზა ღმერთთან მიმყვანია. ყველა სარწმუნოება, ყველა ნათელი ჭეშმარიტება ღმერთთან მიმყვანია“. ამის საპირისპიროდ იესომ თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი რელიგიური გზა და აქედან მხოლოდ ერთია მიმყვანი ღვთის კეთილგანწყობამდე და მარადიულ სიცოცხლემდე. მეორე კი ღვთის უკმაყოფილებასა და მარადიულ განადგურებამდე მიმყვანია (მათე 7:13, 14). ნათელია, შეუძლებელია, რომ ამ ორი შეხედულებიდან ორივე ჭეშმარიტი იყოს.
რა თვალსაზრისი აქვთ „ახალი სულიერობის“ „ანგელოზებს“ ქორწინებისა და ზნეობის საკითხებთან დაკავშირებით? ერთი წიგნი მკითხველს უყვება როზენზე, რომელსაც მისმა „ანგელოზმა“ უთხრა: „ბევრ ადამიანთან უნდა გქონდეს ურთიერთობა; [ქმართან] ყოფნა აღარ არის შენი ცხოვრების გზა. შენ გიყვარს ის და მასაც უყვარხარ, მაგრამ ახლა დაშორების დროა“. როზენი გაეყარა ქმარს. მაგრამ ბიბლია ცხადყოფს, რომ ღმერთს სძულს გაყრა სათანადო მიზეზის გარეშე (მალაქია 2:16). სხვა მონათხრობში ლაპარაკია წყვილის შესახებ, რომელიც მრუშობდა, თანაც თვლიდა, რომ ანგელოზებს უხაროდათ ეს და შესაფერის აურასაც უქმნიდნენ; მაშინ როცა ბიბლია ამბობს: „არ იმრუშო“ (გამოსვლა 20:14).
შესაძლებელია, რომ დღევანდელმა ცნობებმა განაახლოს ბიბლია? არა, ღვთის სიტყვა არ იცვლება. პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ზოგის მისამართით დაწერა: „მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ, დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი“ (გალატელთა 1:6—8).
„ანგელოზების მოხმობა!“
უნდა მოვუხმოთ თუ არა ანგელოზებს დახმარებისთვის, როდესაც პრობლემებისა და საფრთხის წინაშე ვიმყოფებით? ეს მრავალი წიგნის ძირითად თემას წარმოადგენს. ორ მაგალითს მოვიყვანთ. ამბობენ, რომ წიგნი „სთხოვე ანგელოზებს“ (Ask Your Angels) უჩვენებს მკითხველს, ‘როგორ მიიღოს ძალა ანგელოზებისგან, რათა თავის დაკარგულ შინაგან „მე“-სთან კავშირი აღადგინოს და დასახულ მიზნებს მიაღწიოს’. მსგავსი წიგნია „ანგელოზების მოხმობა!: 57 საშუალება“ (Calling All Angels!: 57 Ways to Invite an Angel Into Your Life).
მაგრამ ბიბლია არასოდეს მოგვიწოდებს, რომ ანგელოზებს მივმართოთ. იესომ ამ საკითხს ნათელი მოჰფინა სანიმუშო ლოცვაში: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. . .“ (მათე 6:9). ამნაირადვე, მოციქულმა პავლემ დაწერა: „ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს“ (ფილიპელთა 4:6).
ანგელოზების სახელით
„ახალი სულიერობა“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ანგელოზების სახელების სწავლას. პოპულარული წიგნები მკითხველს ათასობით ანგელოზის სავარაუდო სახელს სთავაზობს. რატომ? არა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არამედ მათ მოსახმობად. ეს ჯადოქრობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. „ენციკლოპედია ანგელოზებზე“ (Encyclopedia of Angels) აღნიშნავს, რომ რიტუალებთან, ჯადოქრობასთან დაკავშირებულ ნივთებთან და შელოცვებთან ერთად « „ძლიერთა სახელების“ ან განსაკუთრებული სულების სახელების გამოყენება ქმნის მძლავრ რხევას, რომელიც აღებს კარს ფიზიკურ და სულიერ სამყაროს შორის და ჯადოქრებს. . . სულებთან კონტაქტის საშუალებას აძლევს». მაგრამ ბიბლია პირდაპირ აცხადებს: „ნუ იჯადოქრებთ“ (ლევიანნი 19:26).
თავად ბიბლია მხოლოდ ორი ერთგული ანგელოზის, მიქაელისა და გაბრიელის, სახელებს გვიმჟღავნებს (დანიელი 12:1; ლუკა 1:26). ამ სახელების შეტყობინებით ბიბლია გვიჩვენებს, რომ ანგელოზები ინდივიდუალური სულიერი არსებები არიან. მეტი სახელი რატომ არ არის მოხსენიებული? როგორც ჩანს, მიზეზი ადამიანების მხრიდან ანგელოზებისადმი ზედმეტი პატივის მიგების თავიდან აცილება იყო — რისკენაც თავად ანგელოზები არ ისწრაფვიან. ამიტომ, როდესაც იაკობმა ანგელოზს სახელი ჰკითხა, ანგელოზმა არ უპასუხა (დაბადება 32:29). მოგვიანებით, ანგელოზმა, რომელიც იესო ნავეს ძეს ეჩვენა, საკუთარი თავი წარადგინა არა სახელით, არამედ როგორც „უფლის მხედრობის თავი“ (იესო ნავეს ძე 5:14). ასევე, როდესაც სამსონის მამამ ანგელოზს სახელი ჰკითხა, ასეთი პასუხი მიიღო: „რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი“ (მსაჯულნი 13:17, 18). ღვთის ერთგულ ანგელოზებს სურთ, რომ ღმერთს მივაგოთ პატივი და მას მოვუხმოთ, და არა მათ.
-
-
მონათხრობთა შემოწმებაგამოიღვიძეთ! — 1999 | დეკემბერი 8
-
-
[ჩარჩო 5 გვერდზე]
დღევანდელი „შეხვედრები“ ანგელოზებსა და უცხოპლანეტელებთან
დღეს ბევრი აცხადებს, რომ ანგელოზები უნახავთ და უსაუბრიათ მათთან. სხვები ამბობენ, რომ სხვა სამყაროდან მოსულ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ჰქონდათ. წიგნი „ანგელოზები — გადაშენების პირას მისული მოდგმა“ (Angels—An Endangered Species) ამ შეტყობინებებს შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ ანგელოზებთან და უცხოპლანეტელებთან შეხვედრებს შეიძლება საერთო ახსნა მიეცესb. ქვემოთ ამ წიგნში ჩამოთვლილი ზოგიერთი მსგავსების მოკლე ნუსხაა მოყვანილი.
1. ანგელოზებიცა და უცხოპლანეტელებიც სხვა სამყაროდან გვევლინებიან.
2. ორივეს სიცოცხლის ფორმა, — სულიერად თუ ტექნოლოგიურად — ადამიანისას აღემატება.
3. კეთილგანწყობილი ანგელოზი თუ უცხოპლანეტელი ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურება. ისინი გულკეთილები და თანამგრძნობები არიან.
4. არც ერთს არ უჭირს ლაპარაკი, გარკვევით ლაპარაკობენ მსმენელის ენაზე.
5. ორივე დაფრინავს.
6. ანგელოზებსა და უცხოპლანეტელებს სიკაშკაშე ახლავთ.
7. ორივე სრულიად ჩაცმულია. ჩვეულებრივ, მოსასხამი აქვთ წამოსხმული ან ვიწრო ქურთუკები აცვიათ. თეთრი ან ცისფერი უპირატესობს.
8. ჩვეულებრივ, ორივე ადამიანის სიმაღლის არის.
9. ორივე წუხს კაცობრიობისა და პლანეტის სავალალო მდგომარეობის გამო.
10. უცხოპლანეტელებთან და ანგელოზებთან შეხვედრებს თვითმხილველები მოწმობენ.
[სქოლიო]
b ორივეს საერთო ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ მრავალი ასეთი „შეხვედრის“ უკან ბოროტი სულები ანუ დემონები დგანან. ბიბლიის თანახმად, ‘თვით სატანა ნათლის ანგელოზად გარდაისახება’ (2 კორინთელთა 11:14) (იხილეთ 1996 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 26 [რუს.]).
-