-
სიბრაზის სინდრომიგამოიღვიძეთ! — 2012 | მარტი
-
-
სიბრაზის სინდრომი
მამაკაცმა სწრაფი კვების ობიექტში ჰამბურგერი შეუკვეთა. ცოტათი დაუგვიანეს. გაცეცხლებული შიგნით შევარდა, გამყიდველს ჩხუბი დაუწყო, ხელი ჰკრა და გვერდზე მიაგდო, თან ერთი კაი ლაწანიც გაადინა. დაავლო ხელი თავის ჰამბურგერს და გარეთ გამოვარდა.
დროდადრო, რა თქმა უნდა, ყველანი ვბრაზდებით. საერთოდ, გაბრაზება ჩვენი ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი სახეა, ისევე, როგორიც სიყვარული, იმედი, აღელვება, მწუხარება და შიში. ბრაზი, რომელიც კონტროლს ექვემდებარება, შეიძლება სათანადო სახითაც გამოვლინდეს და გარკვეული სარგებლობაც მოიტანოს. მაგალითად, ბრაზმა შეიძლება ადამიანს ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინოს, რითაც გარკვეული პრობლემებისა და დაბრკოლებების გადალახვას შეძლებდა.
მოყვანილი მაგალითიდან გამოჩნდა, რომ გაბრაზებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ზოგიერთი სხვებთან შედარებით უფრო ადვილად და ხშირად ბრაზდება. ზოგიც, თუ გაბრაზდა მტრისას. თუ ცოტა გადაბრუნებულად ეტყვი რამეს, კაი გვარიანად გამოგლანძღავს ან შეიძლება არც ეს გაკმაროს და ხელითაც შეგეხოს. სინამდვილეში, მათ ბრაზი მართავთ, არადა პირიქით უნდა იყოს. „თავის ნებაზე მიშვებული“ ბრაზი საშიშია. ხშირად მას „სიბრაზის სინდრომს“ უწოდებენ.a
ბრაზით გამოწვეული პრობლემები მარტო მის „ავტორს“ როდი აზარალებს. გარშემომყოფებიც არანაკლებ ზარალდებიან ამ დროს. შეიძლება ვინმეს პატარა წვრილმანზე მოეშალოს ნერვები და ეს „დიდი სამამულო ომის“ გამჩაღებელი ნაპერწკალი აღმოჩნდეს. ასეთ დროს ტრაგიკული შედეგებიც სავსებით ლოგიკურია. მოდი, ასეთი სიტუაციები წარმოიდგინეთ:
ბიჭი მეგობრებთან ერთად ქუჩაში მიდიოდა. შემთხვევით მისმა ერთმა მეგობარმა გამვლელს ჩანთა გაჰკრა. მამაკაცი გაბრაზდა, ამოიღო იარაღი და ესროლა. ტყვია შემთხვევით ამ ბიჭს მოხვდა პირდაპირ კისერში.
19 წლის ბიჭი თამაშობს ძალადობრივ ვიდეოთამაშს. მისი 11 თვის გერი შემთხვევით ღილაკზე აჭერს ხელს. კომპიუტერი ითიშება და გაშმაგებული მამობილი სასიკვდილოდ სცემს ბავშვს.
ეს და ამის მსგავსი მილიონობით შემთხვევა ერთ რამეს ამტკიცებს: მსოფლიო მოსახლეობა „სიბრაზის სინდრომითაა“ დაავადებული. საინტერესოა, რა ხდება, რა მოსდის ხალხს?
[სქოლიო]
a ბროშურა „აფეთქების პიკი — სიბრაზის სინდრომი და მისი დაძლევის მეთოდები“ „სიბრაზის სინდრომს“ აღწერს, როგორც ბრაზის მართვის არაპროდუქტიულ გზას, რომელიც ადამიანს განუწყვეტლივ უქმნის დიდ სირთულეებს. ამასთანავე, ის აისახება ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებზე, საქციელსა და გარეშეებთან ურთიერთობაზე“.
[ჩარჩო 3 გვერდზე]
ბრაზი ჩვენში არსებული ემოციების ერთ-ერთი ჩვეულებრივი სახეა. ზომიერების ფარგლებში გაბრაზება ზოგჯერ მართებულია. თუმცა ამ სტატიებში ჩვენ გაბრაზების ისეთ ფორმებზე ვისაუბრებთ, რომლებიც როგორც ჩვენ, ისე სხვებს, ემოციურ, ფიზიკურ და სულიერ ტკივილს აყენებს.
-
-
რა ემართება ხალხს?გამოიღვიძეთ! — 2012 | მარტი
-
-
რა ემართება ხალხს?
გაბრაზების მიზეზებს რა მოთვლის. მკვლევრებიც აღიარებენ, რომ ბოლომდე ვერ სწვდებიან ყველა მათგანს. ფსიქიატრები თანხმდებიან ერთ რამეზე: არ არსებობს ადამიანი, რომ არ ბრაზდებოდეს. ყველა ჩვენგანი ფეთქდება რომელიღაც „ნაღმზე“.
„ნაღმი“ შეიძლება იყოს ისეთი რამ, რამაც ადამიანს ხასიათი წაუხდინოს და გააღიზიანოს. ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა უსამართლოდ გვექცევიან. და თუ დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი ან ვინმემ ჩვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე გაილაშქრა, „ნაღმი“ მყისვე იწყებს ამოქმედებას.
სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგი რომელ „ნაღმზე“ ფეთქდება და ზოგი რომელზე. მიზეზები განსხვავდება ასაკის, სქესისა და კულტურის მიხედვითაც კი. შესაბამისად, რეაქციებიც განსხვავებულია. ზოგი იშვიათად ბრაზდება და წყენასაც ადვილად ივიწყებს, მაშინ როცა სხვები იოლად ღიზიანდებიან და შეიძლება დღეები, კვირები, თვეები ან წლებიც კი დადიოდნენ ცხვირჩამოშვებულები.
გარემო სავსეა ასეთი „ნაღმებით“. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ხალხი უფრო მეტად მგრძნობიარე გახდა. ირგვლივ ყველგან ეგოიზმია გავრცელებული და არავის არავინ ადარდებს. ბიბლიაში წერია: „ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები . . . თავნებები, გაყოყოჩებულები“ (2 ტიმოთე 3:1—5). ხვდებით, რა ზუსტად აღწერს ბიბლია მასების აზროვნებას?
ეგოისტი ადამიანი ხშირად ბრაზდება, როცა რაღაც ისე არ გამოსდის, როგორც თვითონ უნდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საოცრად იზრდება „გაღიზიანებულობის მაჩვენებელი“ და ამას თავისი უამრავი მიზეზი გააჩნია. მაგალითად:
მშობლების მაგალითი
ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ბავშვის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ძირითად როლს მშობლები თამაშობენ. ფსიქოლოგი ჰარი მილზი გვიხსნის: „როცა ბავშვი ხედავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მის ირგვლივ ტრიალებენ, ხშირად ბრაზდებიან და ღიზიანდებიან, თვითონაც სწავლობს ბრაზის გამოხატვას ადრეული ასაკიდანვე“.
თუ ბავშვი ისეთ გარემოში იზრდება, სადაც ყველა წვრილმანზე ჩხუბი და კამათია, თვითონაც მიეჩვევა პრობლემების ამგვარი მეთოდით მოგვარებას. ეს შეგვიძლია შევადაროთ მცენარის მორწყვას დაბინძურებული წყლით. კი გაიზრდება ასეთ შემთხვევაში მცენარე, მაგრამ სასურველ სიმაღლეს ვერ მიაღწევს და მისი ნაკლი ყოველთვის შესამჩნევი იქნება. ბრაზი დაბინძურებული წყლის მსგავსია და რაც მეტს „უსხამენ“ ბავშვს ამ წყალს, უფრო და უფრო ცუდ „ნაყოფს“ გამოიღებს ის დიდობაში.
გადაჭედილი ქალაქები
1800-იან წლებში მსოფლიო მოსახლეობის 3 პროცენტი ცხოვრობდა ქალაქში. 2008 წელს ეს რიცხვი 50 პროცენტამდე გაიზარდა; ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს მიაღწევს. რაც უფრო მეტი ადამიანი აწყდება ისედაც გადატვირთულ ქალაქებს, ჩვეულებრივ, უფრო და უფრო მეტი დაძაბულობა და სტრესია მოსახლეობაში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი მეხიკო. ხალხის გაღიზიანების ძირითად მიზეზს გზებზე არსებული საცობები წარმოადგენს. 18 მილიონი მაცხოვრებელი თავიანთი 6 მილიონი მანქანით «„იდეალურ“ პირობებს ქმნის საიმისოდ, რომ მეხიკო მსოფლიოში ყველაზე სტრესულ ქალაქად იქცეს, — წერს ერთი ჟურნალისტი. — საცობები ძაბავს ქალაქის მოსახლეობას და ხალხი გაღიზიანებული დადის».
ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში სხვა სტრესული ფაქტორებიც არსებობს, მათ შორის ჰაერის დაბინძურება, თავისამატკივებელი ხმაური, არასაკმარისი საცხოვრებელი ადგილები, კულტურული დაპირისპირებები და მაღალი კრიმინალური მაჩვენებელი. სტრესის გამომწვევი მიზეზების ზრდასთან ერთად ხალხში აგრესიული განწყობაც მატულობს, კარგავენ თავშეკავებას და ადვილად გამოდიან მწყობრიდან.
ეკონომიკური პრობლემები
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კიდევ ერთ „ნაღმად“ გვევლინება. 2010 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და გაერთიანებული ერების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ნაშრომში ასეთი რამ იყო აღნიშნული: „დღესდღეობით მსოფლიოში 210 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი სამუშაოს გარეშე“. სამწუხაროდ, უმეტეს მათგანს, ვინც დღეს სამსახური დაკარგა, არა აქვს საკმარისი დანაზოგი და ვერც სახელმწიფოსგან იღებს რაიმე დახმარებას.
არც მათი მდგომარეობაა მთლად სახარბიელო, ვინც ამჟამად დასაქმებულია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი „გლობალურ ეპიდემიად“ იქცა. კონსულტანტი მართვის საკითხებში ლორნ კურტისი (ონტარიო, კანადა) აღნიშნავს: „ხალხს სამსახურის დაკარგვის ეშინია და სულ ცუდის მოლოდინშია. [შედეგად] ისინი თავდაცვაზე გადადიან და ხშირად კამათობენ უფროსებთან და თანამშრომლებთან“.
ათვალწუნება და უსამართლობა
წარმოიდგინეთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობთ. როგორ იგრძნობდით თავს, თუ მარტო თქვენ გეტყოდნენ, რომ ფეხებზე ჯაჭვები გაგეკეთებინათ და ისე გერბინათ. მილიონობით ადამიანს მსგავსი გრძნობა ეუფლება, როცა ხედავს რასობრივი თუ სხვა განსხვავებულობის გამო, როგორ არიან ათვალწუნებულები. ისინი თავს ვეღარ იკავებენ და რისხდებიან, როცა გარკვეულ ბარიერებს ხვდებიან სამსახურის შოვნისას, განათლების მიღებისას, საცხოვრებლით უზრუნველყოფისას თუ სხვა შემთხვევებში.
სხვა სახის უსამართლობამაც შეიძლება გაუტეხოს გული ადამიანს და საშინელი ემოციური ტკივილი მიაყენოს. ვაი, რომ უმეტეს ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიწვნევია უსამართლობის მწარე შედეგები. 3 000 წლის წინათ ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი“ (ეკლესიასტე 4:1). და რაკი უსამართლობა ასე ფართოდაა მოდებული და არც ერთმანეთის ნუგეშისცემით იკლავს ხალხი თავს, ბრაზი და რისხვა შეიძლება ადვილად „მოკალათდეს“ ადამიანის გულში.
გართობის ინდუსტრია
ათასზე მეტი გამოკვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს ტელევიზია და მედია ბავშვებზე. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ჯეიმზ სტაიერი ამბობს: „იმ თაობისთვის, რომელიც უყურებს ძალადობას, სადაც სისასტიკე დეტალურადაა აღწერილი, აგრესია ჩვეულებრივი რამ ხდება. ისინი ნაკლებად თანამგრძნობები ხდებიან და საქმე საქმეზე თუ მიდგება, თვითონაც სიამოვნებით მოაგვარებენ პრობლემებს იმავე მეთოდებით“.
ყველა ახალგაზრდა, ვინც ტელევიზორში ძალადობას უყურებს, მაინცდამაინც ბოროტმოქმედი და მკვლელი არ გამოვა. თუმცა გართობის ინდუსტრია ძალადობას და განრისხებას გაჭირვებასთან და სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთ აუცილებელ მეთოდად წარმოგვიდგენს. ახალ თაობაში საგრძნობლად შეიმჩნევა ძალადობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება.
ბოროტი სულების გავლენა
ბიბლია გვიმხელს, რომ დედამიწაზე არსებული რისხვისა და სიძულვილის მიღმა უხილავი ძლიერი ძალა დგას. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ერთი მოჯანყე სულიერი ქმნილება ყოვლადძლიერ ღმერთს აუმხედრდა. ამ ბოროტ სულიერ ქმნილებას სატანა ჰქვია, რაც ებრაულად ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“, „მტერს“ (დაბადება 3:1—13). მოგვიანებით სატანამ სხვა ანგელოზებიც გადაიბირა.
ეს ურჩი ანგელოზები დემონებად და ბოროტ სულებად იქცნენ. დღესდღეობით მათი ადგილსამყოფელი დედამიწის შემოგარენშია (გამოცხადება 12:9, 10, 12). ისინი დიდად არიან განრისხებული, რადგან იციან, რომ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. მართალია, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ბოროტ სულებს, მაგრამ მათი საქციელის შედეგები აშკარად სახეზეა. რა იგულისხმება ამაში?
სატანა და მისი დამქაშები სარგებლობენ ადამიანთა არასრულყოფილი მიდრეკილებებით და ისეთი საქმეებისკენ უბიძგებენ მათ, როგორიცაა „მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება . . . ღრეობა და მსგავსი საქმეები“ (გალატელები 5:19—21).
სძლიეთ სურვილს!
მართლაც, როდესაც ვფიქრობთ ყველა ამ პრობლემაზე, ზეწოლასა თუ საწუხარზე, კარგად ვხვდებით, რატომ არიან ადამიანები ცხოვრებით უკმაყოფილონი.
რისხვისა და ბრაზის ამონთხევის სურვილის დაძლევა შესაძლებელია. მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგექმნათ, თუ . . .
▶ მაღაზიაში რიგში დგომისას ბრაზდებით.
▶ ხშირად კამათობთ თანამშრომლებთან.
▶ ძილს იტეხთ იმაზე ფიქრში, რამაც დღის განმავლობაში გაგაღიზიანათ.
▶ გიჭირთ პატიება.
▶ ვერ თოკავთ ემოციებს.
▶ სირცხვილს ან სინანულს გაბრაზებით გამოხატავთ.a
[სქოლიო]
a ინფორმაცია აღებულია შემდეგი ვებ-გვერდიდან www. mentalhelp.net.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
სტატისტიკური მონაცემები
ლონდონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით „აფეთქების პიკი — სიბრაზის სინდრომი და მისი დაძლევის მეთოდები“. გაგაცნობთ საინტერესო სტატისტიკას:
მუშა-მოსამსახურეთა 84% სამუშაო ადგილზე დღეს უფრო დიდ სტრესს განიცდის, ვიდრე ხუთი წლის წინ.
ოფისში მომუშავეთა 65% ერთხელ მაინც განრისხებულა სამსახურში.
მუშა-მოსამსახურეთა 45% თითქმის ყოველდღე გამოდის წყობილებიდან.
თითქმის 60% სტრესის გამო აცდენს სამსახურს.
ბრიტანელების 33% არ ელაპარაკება მეზობლებს.
გამოკითხულთა 64% გადაჭრით აღნიშნავს, რომ დღეს ადამიანები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე უწინ.
32% ამბობს, რომ მის ახლო მეგობარს ან ოჯახის წევრს განრისხებისას უჭირს ემოციების კონტროლი.
[სურათი 5 გვერდზე]
როგორ იმოქმედებს თქვენს შვილებზე თქვენი თავშეუკავებელი საქციელი?
[სურათი 6 გვერდზე]
გართობის ინდუსტრია ხომ არ გიყალიბებთ შეხედულებებს?
-
-
როგორ ავიყვანოთ თავი ხელში?გამოიღვიძეთ! — 2012 | მარტი
-
-
როგორ ავიყვანოთ თავი ხელში?
დაახლოებით 2 300 წლის წინათ ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ ტრაგიკული თამაშის ან დრამის ყურებით მიღებული უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას „კათარზისი“ უწოდა. ის ფიქრობდა, რომ თუ გაბრაზებული ადამიანი ემოციებისგან დაიცლებოდა, გამოცოცხლდებოდა და კარგ ხასიათზე დადგებოდა.
გასული საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ ავსტრიელ ფსიქოლოგსა და ნევროპათოლოგს, ზიგმუნდ ფროიდსაც ანალოგიური ხედვა გააჩნდა. ის ამტკიცებდა, რომ თუ ადამიანი თავისში „დაამწყვდევდა“ უარყოფით ემოციებს და არ გათავისუფლდებოდა მათგან, დროთა განმავლობაში ფსიქიკური აშლილობა, ისტერია განუვითარდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მხარს უჭერდა იმ აზრს, რომ ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიკავოს ემოციები.
გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში მკვლევრებმა ცდები ჩაატარეს „კათარზისის“ თეორიაზე და საკმაოდ განსხვავებული შედეგები მიიღეს. ამაზე ფსიქოლოგი კაროლ ტავრისი წერდა: «დადგა დრო, რომ „კათარზისის“ ჰიპოთეზას ერთხელ და სამუდამოდ დავაჭედოთ ტყვია შუბლში. არც ერთი გამოკვლევით არ მტკიცდება მოსაზრება თითქოს, ძალადობის ყურებით ან სხვებზე რისხვის გადმონთხევით თავიდან მოიშორებ უარყოფით გრძნობებს».
კიდევ ერთი ფსიქოლოგი გარი ჰენკინსი ამბობს: «„კათარზისის“ მეთოდით ბრაზისგან გათავისუფლება კი არ ამშვიდებს, არამედ უფრო ძაბავს ადამიანს». ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები, ალბათ, ვერასდროს მივლენ ერთ აზრამდე „კათარზისის“ თეორიასთან დაკავშირებით. თუმცა მრავალი სიბრძნის სხვა წყაროში პოულობს შვებას. ამ წყაროს ბიბლია ჰქვია.
„მოეშვი რისხვას“
ფსალმუნმომღერალი დავითი შესანიშნავად აღწერს იმას, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, დაიოკოს და გააკონტროლოს საკუთარი ემოციები: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი; ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას“ (ფსალმუნი 37:8). თუ გინდა, რომ ისეთი რამე არ თქვა ან არ გააკეთო, რასაც მოგვიანებით ინანებ, არ უნდა განრისხდე. რა თქმა უნდა, ამის თქმა ადვილია, შესრულებაა ძნელი. მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ შეუძლებელია. მოდი, თავის ხელში აყვანის სამი ეფექტური მეთოდი განვიხილოთ.
თავს კონტროლი გაუწიე
ბრაზი რომ ჩაიცხრო, უნდა დამშვიდდე და მოეშვა. ეცადე, თავი შეიკავო და არ თქვა ის, რაც ცხელ გულზე მოგადგება. თუ ხვდები, რომ თავს ვეღარ იკავებ და კონტროლს კარგავ, გაიხსენე შემდეგი ბიბლიური რჩევა: „დავის დასაწყისი წყლის გაშვებას ჰგავს; სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (იგავები 17:14).
სწორედ ეს რჩევა დაეხმარა ჯეკს, არ დამონებოდა საკუთარ ფიცხ ხასიათს. მამამისი ლოთი და შარიანი კაცი იყო. ჯეკიც, გარკვეულწილად, მამას დაემსგავსა და მასაც აგრესიული ხასიათი ჩამოუყალიბდა. ის ამბობს: „როცა ვბრაზდებოდი, თვალებიდან სულ ნაპერწკლებს ვყრიდი; ეგრევე ლანძღვაზე და დარტყმაზე გადავდიოდი“.
გავიდა დრო და ჯეკმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ნელ-ნელა იცვლებოდა ეს ადამიანი. ის მიხვდა, რომ ღვთის დახმარებით შეეძლო ემოციების მოთოკვა და საკუთარი თავის ხელში აყვანა. ერთხელ სამსახურში თანამშრომელმა საშინლად გამოლანძღა ჯეკი. რა რეაქცია ჰქონდა მას? „მთელ სხეულზე ცეცხლი წამეკიდა. უცებ მომინდა, დამევლო ხელი და შუაზე გამეგლიჯა“.
რა დაეხმარა ჯეკს ნერვების მოთოკვაში? ის ამბობს: „მახსოვს, როგორ ვილოცე, იეჰოვა გეხვეწები, დამეხმარე, რომ დავმშვიდდე-მეთქი. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, როგორ დამეუფლა შინაგანი სიმშვიდე და კრინტი არ დამიძრავს, ისე დავტოვე იქაურობა“. ჯეკი აგრძელებდა ბიბლიის შესწავლას. ბევრს ლოცულობდა და ბევრსაც ფიქრობდა იგავების 26:20-ში ჩაწერილ სიტყვებზე: „შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება“. საბოლოოდ, მან შეძლო და გახდა საკუთარი ემოციების „მბრძანებელი“.
მოეშვი!
„მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავები 14:30). ამ ბიბლიური ჭეშმარიტების გათავისება გაგიუმჯობესებთ ემოციურ, ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. კრიტიკულ მომენტში დამშვიდების მარტივ ხერხებს მიმართეთ. ქვემოთ მოცემული აპრობირებული მეთოდები დაგეხმარებათ სტრესისა და დაძაბულობისგან გამოწვეული ბრაზის დაძლევაში.
● ღრმად სუნთქვა საუკეთესო და უსწრაფესი მეთოდია რისხვის ჩასაცხრობად.
● ღრმად ისუნთქეთ და თან იმეორეთ დამამშვიდებელი სიტყვები და ფრაზები, მაგალითად, „დამშვიდდი“, „ემოციებს არ აჰყვე“, „ყურადღებას ნუ მიაქცევ“.
● იმ მომენტში დაიწყეთ ისეთი საქმის კეთება, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ — წაიკითხეთ, მოუსმინეთ მუსიკას, ბაღში წაიფუსფუსეთ.
● სისტემატურად ივარჯიშეთ და მიირთვით ჯანსაღი საკვები.
ნუ იქნებით მეოცნებე
ბოლომდე ვერ აერიდებით იმ ადამიანებს და იმ სიტუაციებს, რომლებიც შეიძლება ერთგვარი „ნაღმები“ აღმოჩნდეს თქვენთვის. უბრალოდ, შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორი რეაქცია გქონდეთ ამ დროს. ამაში, გარკვეულწილად, აზროვნების შეცვლა იგულისხმება.
არარეალურ მოლოდინს, როგორც წესი, სერიოზული პრობლემები მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, თუ ელით, რომ ყველა და ყველაფერი თქვენს მაღალ სტანდარტებში უნდა ჩაჯდეს, გულგატეხილობა არ აგცდებათ. ამასთანავე, რისხვის შეკავებაც გაგიჭირდებათ. ასეთ მაქსიმალისტურ შეხედულებასთან ბრძოლაში უეჭველად წაგადგებათ იმაზე დაფიქრება, რომ „არავინ არის მართალი, აღარავინ . . . [ყველანი] გზას ასცდნენ“ (რომაელები 3:10, 12). თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე ამქვეყნად, მათ შორის თვითონ, „ფრთიანი ანგელოზია“ და შეუძლია სრულყოფილად განვლოს ცხოვრების გზა, მწარედ შემცდარა!
არ იქნება გონივრული, თუ საკუთარ თავს ან სხვებს მეტისმეტს მოვთხოვთ. ღვთის სიტყვა გვიხსნის: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2). „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). თუ ისეთად წარმოაჩენთ საკუთარ თავს, როგორიც სინამდვილეში არა ხართ, ანუ სხვებს ისე აჩვენებთ თავს, თითქოს სრულყოფილი იყოთ, მთელი ცხოვრება ჯავრი და ბოღმა შეგჭამთ.
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, დროდადრო ყველანი ვბრაზდებით, იმიტომ რომ არასრულყოფილები ვართ. მაგრამ ის, თუ როგორ გამოვხატოთ ბრაზი, ჩვენზეა დამოკიდებული. მოციქული პავლე აფრთხილებდა თანაქრისტიანებს: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26). თუ საკუთარ თავს ხელში ავიყვანთ, შევძლებთ ემოციების სათანადოდ გამოხატვას. ეს კი სასარგებლო აღმოჩნდება, როგორც ჩვენთვის ისე სხვებისთვის.
[ჩარჩო/სურათები 8, 9 გვერდებზე]
მოეშვით
ღრმად ისუნთქეთ
აკეთეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმე
სისტემატურად ივარჯიშეთ
-