-
წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 7გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
-
-
წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 7
მეშვიდე მსოფლიო იმპერია
ეს არის ბოლო სტატია იმ შვიდი სტატიიდან, რომელიც „გამოიღვიძეთ!“-ში თანმიმდევრულად ქვეყნდებოდა. ეს სტატიები განიხილავს ბიბლიაში მოხსენიებულ შვიდ მსოფლიო მპყრობელს. ამ სტატიების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ბიბლია სანდოა და ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. მასში ჩაწერილია იმედის მომცემი ცნობა, რომ ადამიანთა არასწორი მმართველობის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღება.
ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიის განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მონაკვეთში. ეს არის ის დრო, როცა მსოფლიო არენაზე გამოდის მეშვიდე იმპერია. წინამორბედი ექვსი მსოფლიო იმპერიისგან განსხვავებით, ამ იმპერიის შესახებ მხოლოდ წინასწარმეტყველება არსებობდა. შვიდ მსოფლიო იმპერიაზე, იგივე „მეფეებზე“ ბიბლია წინასწარმეტყველებს: „ხუთი დაეცა, ერთი არის, სხვა ჯერ კიდევ არ მოსულა, მაგრამ როცა მოვა, ცოტა ხანს დარჩება“a (გამოცხადება 17:10).
1 900-ზე მეტი წლის წინათ, როცა ეს სიტყვები დაიწერა, შვიდი მეფიდან ხუთი მეფე ანუ მსოფლიო იმპერიები — ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი — უკვე აღარ არსებობდა. იმ იმპერიაში, რომელზეც წერია, რომ „ერთი არის“, რომი იგულისხმებოდა. მაგრამ რომის იმპერია სამუდამოდ არ იარსებებდა. კიდევ ერთი იმპერია უნდა გამოჩენილიყო, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველება ამბობს: „ჯერ კიდევ არ მოსულა“. ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება მართლაც შესრულდა და მსოფლიო ასპარეზზე მეშვიდე მეფე გამოჩნდა. რომელ იმპერიაზეა საუბარი? უსასრულოდ იბატონებს ის მსოფლიოზე? თუ ეს ასე არ იქნება, როგორ დატოვებს ის მსოფლიო სცენას? საბედნიეროდ, ბიბლია არ გვტოვებს უპასუხოდ.
უტყუარი წინასწარმეტყველება
მეშვიდე იმპერიის ჩამოყალიბება მაშინ დაიწყო, როცა რომის იმპერიის ჩრდილო-დასავლეთით ინგლისი ძალას იკრებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ბრიტანეთის ძლევამოსილ იმპერიად გადაიქცა. იგი სიმდიდრესა და ძალაუფლებას იხვეჭდა და უკვე XIX საუკუნეში უმდიდრესი და უძლიერესი ქვეყნის სახელი მოიპოვა. ერთი ნაშრომის თანახმად, „ბრიტანეთის იმპერიაზე დიდი იმპერია მსოფლიოში არ არსებობდა. ეს იმპერია 28 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული და მისი მოსახლეობის რიცხვი 372 მილიონს აღწევდა“.
პირველმა მსოფლიო ომმა (1914—1918 წლები) ბიძგი მისცა ბრიტანეთს, მის ყოფილ კოლონიასთან, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან განსაკურთებული კავშირი დაემყარებინა. შედეგად ბრიტანეთის იმპერიამ ასპარეზი დაუთმო ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას, ანუ ერთ, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ორ მოკავშირე ქვეყანას, რომელიც დღემდე არსებობს (იხილეთ ჩარჩო „განსაკუთრებული ალიანსი“).
გამოცხადების 17:10-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას მეტ ნათელს ჰფენს წიგნ „დანიელში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება. დანიელი წერდა „უზარმაზარ ქანდაკებაზე“, რომელიც ღმერთმა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ხილვაში ანახა (დანიელი 2:28, 31—43). დანიელმა მეფეს გაუმჟღავნა, რომ ქანდაკების სხეულის ნაწილები განასახიერებდა ერთმანეთის მონაცვლეობით არსებულ იმპერიებს, რომელთა შორის იმ დროისთვის პირველი ბაბილონის იმპერია იყო (ეგვიპტისა და ასურეთის იმპერიები უკვე აღარ არსებობდა). აი, რას ამტკიცებს ისტორია:
ოქროს თავი განასახიერებდა ბაბილონის იმპერიას.
ვერცხლის მკერდითა და მკლავებით წარმოდგენილი იყო მიდია-სპარსეთი.
სპილენძის მუცლითა და ბარძაყებით ძველი საბერძნეთი გვევლინებოდა.
რკინის ფეხები განასახიერებდა რომის იმპერიას.
ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხის ტერფები ასიმბოლოებს დღეს, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის დროს არსებულ პოლიტიკურად და სოციალურად დაქსაქსულ მსოფლიოს.
გამოცხადების 17:10-ის თანახმად, მეშვიდე მსოფლიო იმპერია ცოტა ხანს იარსებებს.
-