-
კურთხევა თუ წყევლა — არჩევანი არსებობს!საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
-
-
კურთხევა თუ წყევლა — არჩევანი არსებობს!
‘სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლო’ (მეორე რჯული 30:19).
1. რის უნარი მიეცა ადამიანებს?
იეჰოვა ღმერთმა ისე შეგვქმნა, რომ ჩვენ — მის გონიერ ქმნილებებს, ადამიანებს — ნების თავისუფლება გვქონოდა. მან უბრალო ავტომატებად, ანუ რობოტებად კი არ შეგვქმნა, არამედ მოგვცა არჩევნის უპირატესობა და პასუხისმგებლობა (ფსალმუნი 99:3). პირველ ადამიანებს — ადამსა და ევას — თავიანთი მოქმედების თავისუფალი არჩევის უფლება ჰქონდათ და ამ არჩევნისთვის პასუხს ღმერთის წინაშე აგებდნენ.
2. რა აირჩია ადამმა და რა მოჰყვა ამას?
2 შემოქმედმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამოთხეში დედამიწაზე ცხოვრება სამუდამო კურთხევებით ყოფილიყო სავსე. მაგრამ, რატომ ჯერაც ვერ განხორციელდა ეს მიზანი? რადგან ადამმა მცდარი არჩევანი გააკეთა. იეჰოვამ უბრძანა მამაკაცს: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). ადამს მორჩილება რომ აერჩია, ჩვენი პირველი მშობლები კურთხეული იქნებოდნენ. დაუმორჩილებლობამ კი სიკვდილი გამოიწვია (დაბადება 3:6, 18, 19). ამიტომ, ცოდვა და სიკვდილი ადამის ყველა შთამომავალზე გადავიდა (რომაელთა 5:12).
კურთხევები შესაძლებელი გახდა
3. როგორი გარანტია მოგვცა ღმერთმა, რომ მისი მიზანი კაცობრიობასთან დაკავშირებით განხორციელდებოდა?
3 იეჰოვა ღმერთმა გაითვალისწინა საშუალება, რის შედეგადაც თავისი მიზანი, ეკურთხებინა ადამიანები, საბოლოოდ შესრულდებოდა. მან თვითონ იწინასწარმეტყველა თესლის შესახებ, როცა ედემში თქვა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). მოგვიანებით ღმერთმა დადო აღთქმა, რომ მორჩილი კაცობრიობა იკურთხებოდა ამ თესლის საშუალებით, რომელიც აბრაამის შთამომავალი იქნებოდა (დაბადება 22:15–18).
4. რომელი ღონისძიება გაითვალისწინა იეჰოვამ, რომ ეკურთხებინა ადამიანები?
4 როგორც აღმოჩნდა, კურთხევის აღთქმული თესლი იყო იესო ქრისტე. იესოს როლის შესახებ იეჰოვას ღონისძიებაში, რომლის საშუალებითაც კაცობრიობა უნდა ეკურთხებინა, ქრისტიანი მოციქული პავლე წერდა: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელთა 5:8). ცოდვილი კაცობრიობიდან ის ადამიანები, რომლებიც ღმერთს ემორჩილებიან და იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის შედეგებით სარგებლობენ, კურთხეულნი იქნებიან (საქმეები 4:12). აირჩევ მორჩილებასა და კურთხევებს? დაუმორჩილებლობა ამისგან ბევრად უფრო განსხვავებულ შედეგს მოიტანს.
რა შეიძლება ითქვას წყევლის შესახებ?
5. რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას ‘წყევლას’?
5 კურთხევის საპირისპირო არის წყევლა. სიტყვა „წყევლა“ ნიშნავს ვინმეზე ავის თქმას ან მის წინააღმდეგ ბოროტების წარმოთქმას. ებრაული სიტყვა „ქელა·ლაჰ“ ნაწარმოებია ზმნის ფუძისგან „ქა·ლალ“, რომლის ზუსტი მნიშვნელობა არის „მსუბუქად ყოფნა“. მაგრამ ფიგურალური გაგებით გამოყენების დროს ის ნიშნავს ‘შეურაცხყოფას’ ან ‘დამცირებას’ (ლევიანნი 20:9; ეზეკიელი 22:7).
6. ელისესთან დაკავშირებული რომელი შემთხვევა მოხდა ძველი ბეთელის მახლობლად?
6 განვიხილოთ დრამატული მაგალითი წყევლასთან დაკავშირებით, რომელიც დაუყოვნებლივ შესრულდა. ეს მოხდა მაშინ, როცა ღმერთის წინასწარმეტყველი ელისე იერიხონიდან ბეთელისკენ მიდიოდა. ცნობა იუწყება: „აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო! უკან მოხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით შეაჩვენა. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი“ (მეოთხე მეფეთა 2:23, 24). აქ არ არის მოცემული ზუსტად ის სიტყვები, რომლებიც ელისემ დამცინავი ბავშვების დაწყევლის დროს წარმოთქვა. მიუხედავად ამისა, ხმამაღლა წარმოთქმულს ჰქონდა შედეგი, რადგან ის ღმერთის ნების შემსრულებელმა წინასწარმეტყველმა იეჰოვას სახელით წარმოთქვა.
7. რა მოუვიდათ ბავშვებს, რომლებიც დასცინოდნენ ელისეს და რატომ?
7 დაცინვის ძირითადი მიზეზი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ ელისე ელიას კარგად ცნობილ განსაკუთრებულ მოსასხამს ატარებდა, ხოლო ბავშვებს არ სურდათ სადმე მახლობლად ამ წინასწარმეტყველის მემკვიდრის დანახვა. (მეოთხე მეფეთა 2:13). ელიას მემკვიდრედ ყოფნასთან დაკავშირებულ გამოწვევაზე საპასუხოდ და ამ ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისთვის იეჰოვას წინასწარმეტყველისადმი სათანადო პატივის სასწავლებლად, ელისემ დაწყევლა დამცინავები ელიას ღმერთის სახელით. ტყიდან ორი დათვის გამოყვანითა და იმ დამცინავებიდან 42 ბავშვის დაგლეჯით, იეჰოვამ ცხადყო, რომ მოიწონა ელისე თავის წინასწარმეტყველად. ასე უკიდურესად იეჰოვა იმიტომ მოიქცა, რომ ისინი აშკარა უპატივცემლობით ეპყრობოდნენ კომუნიკაციის არხს, რომელსაც იმ დროს იეჰოვა დედამიწაზე იყენებდა.
8. რის გაკეთებაზე დათანხმდნენ ისრაელები და რა პერსპექტივები ჰქონდათ მათ?
8 მრავალი წლით ადრე მსგავსი უპატივცემლობა ისრაელებმა ღმერთის ღონისძიებებისადმი გამოავლინეს. ეს ასე ხდებოდა: ძველი წელთაღრიცხვით 1513 წელს, თითქოს „არწივის ფრთებით“, ეგვიპტის მონობიდან ისრაელების გათავისუფლებით, იეჰოვამ კეთილგანწყობილება გამოავლინა მათდამი. ამის შემდეგ ცოტა ხანში მათ ღმერთს მორჩილება აღუთქვეს. დაუკვირდი, რა მჭიდროდ უკავშირდებოდა მორჩილება ღმერთისგან კეთილგანწყობილების მიღებას. მოსეს მეშვეობით იეჰოვამ თქვა: „თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა“. ამას ხალხი დადებითად გამოეხმაურა: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა“ (გამოსვლა 19:4, 5, 8; 24:3). ისრაელებმა გამოაცხადეს იეჰოვასადმი სიყვარული, მიეძღვნენ მას და მისი სიტყვისადმი მორჩილება შეჰფიცეს. ასე მოქმედება მათ დიდ კურთხევებს მოუტანდა.
9, 10. რა გააკეთეს ისრაელებმა, როცა მოსე სინაის მთაზე იყო და რა მოჰყვა ამას შედეგად?
9 მაგრამ, სანამ ამ შეთანხმების ძირითადი პრინციპები „ღვთის თითით“ ქვის ფიქალებზე ამოიკვეთებოდა, აღმოჩნდა, რომ ღვთიური წყევლა გადაუდებელი იყო (გამოსვლა 31:18). რით დაიმსახურეს ასეთი საშინელი შედეგი? განა არ გამოთქვეს ისრაელებმა სურვილი, შეესრულებინათ ყველაფერი, რაც იეჰოვამ თქვა? დიახ, სიტყვით ისინი კურთხევას ეძებდნენ, მაგრამ საქმით მათ ისეთი ყოფაქცევა ირჩიეს, რომლის შედეგადაც წყევლა დაიმსახურეს.
10 ორმოცდღიან პერიოდში, როცა მოსე სინაის მთაზე ათ აღთქმას იღებდა, ისრაელებმა დაარღვიეს იეჰოვასადმი ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებული ადრინდელი დანაპირები. ცნობაში ნათქვამია: „დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა“ (გამოსვლა 32:1). აქ უკვე სხვა მაგალითი გვიჩვენებს უპატივცემლო დამოკიდებულებას მიწიერი წარმომადგენლისადმი, რომელსაც იმ დროს იეჰოვა თავისი ხალხის წინამძღოლად და ხელმძღვანელად იყენებდა. ისრაელები ცდუნდნენ ეგვიპტელთა კერპთაყვანისმცემლობის მიბაძვის გამო და შემაძრწუნებელი ნაყოფი მოიმკეს, როცა ერთ დღეში 3 000 ადამიანი ამოწყდა მახვილით (გამოსვლა 32:2–6, 25–29).
კურთხევებისა და წყევლის გამოცხადება
11. კურთხევასა და წყევლასთან დაკავშირებული რომელი მითითებები შეასრულა იესო ნავეს ძემ?
11 როცა უდაბნოში 40-წლიანი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა, მოსემ ჩამოთვალა კურთხევები, რომლებსაც ისრაელები ღმერთისადმი მორჩილების არჩევით მიიღებდნენ. აგრეთვე მან ამცნო მათ წყევლა, რომელიც დაატყდებოდათ, თუ იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობას აირჩევდნენ (მეორე რჯული 27:11—28:10). აღთქმულ მიწაზე შესვლიდან ცოტა ხანში, იესო ნავეს ძემ შეასრულა მოსეს მითითებები ამ კურთხევებთან და წყევლასთან დაკავშირებით. ისრაელის ექვსი ტომი ღებალის მთის ძირას იდგა, ხოლო მეორე ექვსი ტომი — გერიზიმის მთის პირდაპირ იყო განლაგებული. ლევიანები მათ შორის ველზე იდგნენ. ყოველ წყევლაზე, ანუ უბედურებაზე, რომელიც მათდამი იყო წაკითხული, ღებალის მთის წინ მდგომმა ტომებმა გარკვევით თქვეს „ამინ!“ სხვები კურთხევებს გამოეხმაურნენ, რომლებიც ლევიანებმა გერიზიმის მთის წინ მდგომ ტომებს წაუკითხეს (იესო ნავეს ძე 8:30–35).
12. რომელი იყო ლევიანების წარმოთქმული მრავალი წყევლიდან რამდენიმე?
12 წარმოიდგინე, რომ გესმის ლევიანების სიტყვები: „წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს — სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. . . წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი. . . წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი. . . წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი. . . წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი. . . წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას. . . წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი. . . წყეულიმც იყოს თავის დასთან — თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან — მწოლელი. . . წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი. . . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი. . . წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად. . . წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ!“ თითოეული წყევლის შემდეგ ღებალის წინ მდგომი ტომები ამბობენ: „ამინ!“ (მეორე რჯული 27:15–26).
13. როგორ გამოთქვამდი შენი სიტყვებით რომელიმე კურთხევას, რომელიც ლევიანებმა წარმოთქვეს?
13 ახლა წარმოიდგინე, რომ გესმის გერიზიმის წინ მდგომთა ხმა, რომლებიც ხმამაღლა პასუხობენ ლევიანების წარმოთქმულ თითოეულ კურთხევაზე: „კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად! კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი! კურთხეულიმც არის შენი კალათი და შენი ვარცლი! კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გასვლისას!“ (მეორე რჯული 28:3–6).
14. რის საფუძველზე მიიღებდნენ ისრაელები კურთხევებს?
14 რის საფუძველზე მიიღებდნენ ამ კურთხევებს? ცნობა გვატყობინებს: „თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვამს უფალი, შენი ღმერთი. გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას“ (მეორე რჯული 28:1, 2). დიახ, ღმერთისგან კურთხევებით სარგებლობის გადამწყვეტი ფაქტორი იყო ღმერთისადმი მორჩილება. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას ჩვენს შესახებ დღეს? აირჩევს თითოეული ჩვენგანი კურთხევებსა და სიცოცხლეს იმით, რომ გააგრძელებს ‘იეჰოვას სიტყვის მოსმენას’? (მეორე რჯული 30:19, 20).
უფრო დაწვრილებით განხილვა
15. რა აზრია ჩადებული მეორე რჯულის 28:3-ში ჩაწერილ კურთხევაში და როგორ შეგვიძლია სარგებლობა მივიღოთ მისგან?
15 მოდი, დავუფიქრდეთ ზოგიერთ კურთხევას, რომლითაც იეჰოვასადმი მორჩილების შემთხვევაში ისარგებლებდნენ ისრაელები. მაგალითად, მეორე რჯულის 28:3-ში ნათქვამია: „კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად!“ ღმერთისგან კურთხეულად ყოფნა არ არის დამოკიდებული საცხოვრებელ ადგილზე ან დანიშნულებაზე. ზოგიერთი საკუთარ თავს შეიძლება მახეში გაბმულად გრძნობდეს, რაც შესაძლოა იმიტომ ხდება, რომ გაჩანაგებულ უბანში ან ომებით გაპარტახებულ ქვეყანაში ცხოვრობს. სხვები შეიძლება დანაღვლიანებული იყვნენ იმის გამო, რომ სხვა რაიონში ემსახურებიან იეჰოვას. ზოგიერთი ქრისტიანი მამაკაცი შეიძლება გულაცრუებული იყოს, რომ არ დანიშნეს კრებაში სამსახურებრივ თანაშემწედ ან უხუცესად. ზოგჯერ ქრისტიანი ქალები დარდობენ, რომ არა აქვთ საშუალება, პიონერებად ან მისიონრებად სრული დროით მსახურებაში მონაწილეობისთვის. მიუხედავად ამისა, თითოეული, ვინც ‘ისმენს იეჰოვას სიტყვას და გულმოდგინედ ასრულებს მის მოთხოვნებს’ კურთხეული იქნება დღეს და მარადიულად.
16. როგორ სრულდება მეორე რჯულის 28:4-ში ჩადებული პრინციპი იეჰოვას ორგანიზაციაში დღეს?
16 მეორე რჯულის 28:4-ში ნათქვამია: „კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი!“ მხოლობით რიცხვში ებრაული ნაცვალსახელის ‘შენის’ გამოყენება მიუთითებს, რომ ყოველივე ამას თითოეული მორჩილი ისრაელი მიიღებდა. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იეჰოვას მორჩილი მსახურების შესახებ დღეს? იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მსოფლიო მასშტაბით ზრდა და გაფართოება ხდება ღმერთისგან კურთხევის შედეგად, რომლითაც ის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის 5 000 000-ზე მეტი მაუწყებლის გულმოდგინე ძალისხმევას აკურთხებს (მარკოზი 13:10). მაგრამ კიდევ უფრო დიდებული ზრდის შესაძლებლობა ჩანს აშკარად, რადგან 1995 წელს უფლის სერობას 13 000 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. შენც სარგებლობ სამეფოს კურთხევებით?
ისრაელის არჩევანი განსხვავდებოდა
17. რაზეა დამოკიდებული, რა ‘ეწევა’ ადამიანს — კურთხევა თუ წყევლა?
17 ფაქტიურად, თითოეული მორჩილი ისრაელი მიიღებდა კურთხევებს. ეს აღთქმული იყო: „გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა“ (მეორე რჯული 28:2). მსგავსად, წყევლაზეც ითქვა: „გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა“ (მეორე რჯული 28:15). ძველი დროის ისრაელის წარმომადგენელი რომ ყოფილიყავი, რა ‘გეწეოდა’ — კურთხევები თუ წყევლა? ეს დამოკიდებული იქნებოდა ღმერთისადმი შენს მორჩილებაზე ან დაუმორჩილებლობაზე.
18. როგორ შეეძლოთ ისრაელებს, თავიდან აერიდებინათ წყევლა?
18 მეორე რჯულის 28:15–68-ში დაუმორჩილებლობის მრავალი მტკივნეული შედეგი წყევლის სახით არის გადმოცემული. ზოგიერთი მათგანი უკიდურესად განსხვავდება მორჩილებით გამოწვეული კურთხევებისგან, რომლებიც ჩამოთვლილია მეორე რჯულის 28:3–14-ში. ხშირად, ისრაელები წყევლის ულმობელ ნაყოფს იმკიდნენ, რადგან ცრუ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას ირჩევდნენ (პირველი ეზრა 9:7; იერემია 6:6–8; 44:2–6). რა შემზარავია! მათ შეეძლოთ, თავიდან აერიდებინათ ასეთი შედეგები, თუ სწორ არჩევანს გააკეთებდნენ, რაც იეჰოვასგან მომდინარე სასიკეთო კანონებისა და კეთილისა და ბოროტის ნათლად განმსაზღვრელი პრინციპებისადმი მორჩილებას შეიცავდა. დღეს მრავალი იტანჯება ტკივილისა და უბედური შემთხვევებისგან, რადგან ცრუ რელიგიის რწმენასა და სექსუალურ უზნეობაში ჩარევის, აკრძალული ნარკოტიკების, ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენებისა და მსგავსი მოქმედებების გამო აირჩიეს ბიბლიის პრინციპების საწინააღმდეგო ცხოვრება. ძველ ისრაელსა და იუდაში მომხდარის მსგავსად, მცდარი არჩევანი იწვევს ზედმეტ გულისტკივილსა და ღმერთის უკმაყოფილებას (ესაია 65:12–14).
19. აღწერე პირობები, რომლითაც ტკბებოდა იუდა და ისრაელი, როცა იეჰოვასადმი მორჩილებას ირჩევდა.
19 უხვი კურთხევები და ყველგან გაბატონებული სიმშვიდე ისრაელს მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა იეჰოვას ემორჩილებოდა. მაგალითად, მეფე სოლომონის პერიოდთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი. . . უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას დანიდან ვიდრე ბერშებამდე“ (მესამე მეფეთა 4:20–25). მეფე დავითის დროსაც კი, რომელიც ღმერთის მტრების დიდი წინააღმდეგობით გამოირჩეოდა, ერი იეჰოვას მხარდაჭერასა და კურთხევებს გრძნობდა, როცა ჭეშმარიტების ღმერთისადმი მორჩილებას ირჩევდა (მეორე მეფეთა 7:28, 29; 8:1–15).
20. რაშია დარწმუნებული ღმერთი ადამიანებთან დაკავშირებით?
20 დაემორჩილები ღმერთს თუ დაუმორჩილებლობას გამოავლენ? ისრაელებს ჰქონდათ არჩევანი. თუმცა ყოველმა ჩვენგანმა ადამისგან ცოდვილი მიდრეკილება დაიმკვიდრა, ჩვენ თავისუფალი არჩევნის ძღვენიც მივიღეთ. სატანის, ბოროტი ქვეყნიერებისა და ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სწორი არჩევანი. გარდა ამისა, ჩვენი შემოქმედი დარწმუნებულია, რომ ყველანაირი განსაცდელისა და ცდუნების მიუხედავად, იქნებიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც გააკეთებენ სწორ არჩევანს (1 პეტრე 5:8–10). იქნები თუ არა მათ შორის?
21. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
21 განხილული მაგალითების შუქში მომდევნო სტატიაში ჩვენ შევძლებთ ჩვენი პოზიციისა და მოქმედების დაწვრილებით განხილვას. დაე, თითოეული ჩვენგანი მადლიერებით გამოეხმაუროს მოსეს მეშვეობით გადმოცემულ ღმერთის სიტყვებს: ‘სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლო’ (მეორე რჯული 30:19).
-
-
კურთხევა თუ წყევლა — მაგალითები ჩვენთვის დღესსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
-
-
კურთხევა თუ წყევლა — მაგალითები ჩვენთვის დღეს
„ყოველივე ეს მათ დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს“ (1 კორინთელთა 10:11).
1. რას უნდა დავაკვირდეთ ისევე, როგორც რკინის საგანს დავაკვირდებოდით?
საღებავით დაფარული რკინა, თვალისთვის უხილავად, შეიძლება ჟანგმა ამოჭამოს. ზოგჯერ ეს შეიძლება მანამდე მოხდეს, სანამ ჟანგი ზედაპირზე გამოჩნდება. მსგავსად ამისა, ჩვენი გულის პოზიციებისა და სურვილების წახდენა შეიძლება მანამდე დიდი ხნით ადრე დაიწყოს, ვიდრე სერიოზულ შედეგებს გამოიწვევდეს ან სხვებისთვისაც შესამჩნევი გახდებოდეს. მსგავსად იმისა, როგორც ბრძნულად შევამოწმებდით ხელსაწყოს დაჟანგებას, ასევე ჩვენს გულებზე დაწვრილებით დაკვირვებითა და ამოჭმის დროზე შეჩერებით შეიძლება დავიცვათ ჩვენი ქრისტიანული უმწიკვლოება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ღმერთის კურთხევების მიღება და ღვთიური წყევლის არიდება. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ძველი დროის ისრაელზე წარმოთქმული კურთხევები და წყევლა თითქმის უმნიშვნელოა მათთვის, ვინც ამ სისტემის აღსასრულის წინაშე დგას (იესო ნავეს ძე 8:34, 35; მათე 13:49, 50; 24:3). მაგრამ ეს ასე არ არის. კორინთელებისადმი პირველი წერილის მე-10 თავში მოცემული ცნობების თანახმად, ჩვენ შეგვიძლია დიდი სარგებლობა ამოვიღოთ იმ გამაფრთხილებელი მაგალითებიდან, რომლებიც ისრაელების შესახებ მოგვითხრობს.
2. რას ამბობს 1 კორინთელთა 10:5, 6 უდაბნოში ისრაელებთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ?
2 მოსეს ქვეშევრდომობაში მყოფ ისრაელებს მოციქული პავლე ადარებს ქრისტიანებთან, რომლებსაც ქრისტე ხელმძღვანელობს (1 კორინთელთა 10:1–4). თუმცა ისრაელებს შეეძლოთ აღთქმულ მიწაზე შესვლა, „მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა: ვინაიდან ისინი უდაბნოში დაეცნენ“. ამიტომ პავლე ეუბნებოდა თანაქრისტიანებს: „ეს კი ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც შენატროდნენ ისინი“ (1 კორინთელთა 10:5, 6). გული მრავალ ნატვრას კვებავს და ამიტომ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება მაგალითებს, რომლებსაც პავლე ციტირებს.
გაფრთხილება კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ
3. როგორ შესცოდეს ისრაელებმა ოქროს ხბოსთან დაკავშირებულ შემთხვევაში?
3 პავლეს პირველი გაფრთხილება ასეთია: «არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგნენ სათამაშოდ“» (1 კორინთელთა 10:7). ეს გამაფრთხილებელი მაგალითი მოგვითხრობს ისრაელების შესახებ, რომლებიც დაუბრუნდნენ ეგვიპტელთა ჩვევებს და ოქროს კერპთაყვანისმცემლური ხბო ჩამოასხეს (გამოსვლა, თავი 32). მოწაფე სტეფანე ძირითად პრობლემაზე მიუთითებდა: ‘[მოსეს, ღმერთის წარმომადგენლის,] მორჩილება არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთი გულით ეგვიპტისკენ მიიქცნენ. უთხრეს აარონს: „გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, ვინაიდან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა“. გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას’ (საქმეები 7:39–41). დაუკვირდი, რომ ჯიუტი ისრაელები ‘თავიანთ გულებში’ კერპთაყვანისცემამდე მიმყვან მცდარ სურვილებს ატარებდნენ. „გააკეთეს. . . ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს“. გარდა ამისა, ისინი „შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას“. იქ იყო მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და ჭამა-სმა. ნათელია, კერპთაყვანისმცემლობა მაცდუნებელი და გასართობი იყო.
4, 5. რომელ კერპთაყვანისმცემლურ ჩვევებს უნდა მოვერიდოთ?
4 სინამდვილეში, სიმბოლური ეგვიპტე — სატანის ქვეყნიერება — თაყვანს სცემს გართობას (1 იოანე 5:19; გამოცხადება 11:8). ის აღმერთებს მსახიობებს, მომღერლებსა და სპორტის ვარსკვლავებს და ასევე მათ ცეკვას, მუსიკას და მათი ხუმრობებისა და დროს ტარების გაგებას. მრავალი ცდუნდება და ღრმად ებმება გართობაში იმ დროს, როცა ამტკიცებს, რომ იეჰოვას სცემს თაყვანს. როცა მცდარი საქციელისთვის ქრისტიანს შენიშვნა უნდა მიეცეს, ხშირად მისმა დასუსტებულმა სულიერობამ შეიძლება კვლავ გაახსენოს ალკოჰოლური სასმელების დალევა, ცეკვა და დროს ტარება, რომელიც ზოგჯერ შეიძლება კერპთაყვანისმცემლობას უტოლდებოდეს (გამოსვლა 32:5, 6, 17, 18). ზოგიერთი სახის გართობა სასარგებლო და სასიამოვნოა. მაგრამ დღევანდელი ქვეყნიური მუსიკისა და ცეკვის, კინო და ვიდეოფილმების უმეტესი ნაწილი გახრწნილ ხორციელ სურვილებს აკმაყოფილებს.
5 ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ნებდებიან კერპთაყვანისმცემლობას (2 კორინთელთა 6:16; 1 იოანე 5:21). დაე, თითოეული ჩვენგანი ისეთი ფრთხილი იყოს, რომ თავი არ ჩაიგდოს კერპთაყვანისმცემლურ გართობასა და ხიფათში და არ დაიტანჯოს საზიანო შედეგების გამო, რომლებსაც ამქვეყნიურად დროს ტარებაში ჩაბმა იწვევს. თუ ქვეყნიურ გავლენას დავექვემდებარებით, საზიანო სურვილები და აზრები თითქმის შეუმჩნევლად დამკვიდრდება ჩვენს გულსა და გონებაში. თუ ყოველივე ამას არ ვასწორებთ, საბოლოოდ შეიძლება სატანის ქვეყნიერების ‘უდაბნოში დავეცეთ’.
6. რა დადებითი ნაბიჯი უნდა გადავდგათ გართობასთან დაკავშირებით?
6 სინამდვილეში, ოქროს ხბოსთან დაკავშირებულ შემთხვევაში მოსეს მსგავსად, „ერთგული და გონიერი მონა“ ამბობს: „ვინც უფლისაა, ჩემთან!“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის მტკიცე პოზიციის გამოსავლენად დადებითად მოქმედება შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენი იყოს. ლევის ტომმა, რომელსაც მოსე მიეკუთვნებოდა, დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება გამხრწნელი გავლენის მოსასპობად (მათე 24:45–47; გამოსვლა 32:26–28). მაშ, ფრთხილად შეამოწმე გართობასთან, მუსიკასთან, ვიდეოფილმებსა და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული არჩევანი. თუ არჩეული გართობა ოდნავაც კი გახრწნილია, იეჰოვას მხარე დაიკავე. ლოცვით მიენდე ღმერთს, შეცვალე შენი არჩევანი გართობასა და მუსიკასთან დაკავშირებით და გაანადგურე სულიერად საზიანო ნივთი ზუსტად ისე, როგორც მოსემ ოქროს ხბო გაანადგურა (გამოსვლა 32:20; მეორე რჯული 9:21).
7. როგორ შეგვიძლია ფიგურალური გულის დაცვა?
7 როგორ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ გულის „ამოჭმას“? ღმერთის სიტყვის გულმოდგინედ შესწავლის საშუალებით ჩვენს გულსა და გონებაში მისი ჭეშმარიტებების ღრმად ჩაშვებით (რომაელთა 12:1, 2). რასაკვირველია, ჩვენ რეგულარულად უნდა დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს (ებრაელთა 10:24, 25). მაგრამ შეხვედრებზე პასიური დასწრება შეიძლება ჰგავდეს ჟანგიანი ადგილის შეღებვას. ამან შეიძლება გაგვწმინდოს ცოტა ხნით, მაგრამ ძირითად პრობლემას არ გადაწყვეტს. ნაცვლად ამისა, წინასწარ მომზადებით, შესწავლილზე დაფიქრებითა და შეხვედრებზე აქტიური მონაწილეობით, ჩვენ ენერგიულად ამოვაგდებთ ამომჭმელ ელემენტებს, რომლებიც შეიძლება ჩერდებიან ჩვენი ფიგურალური გულის სიღრმეებში. ეს დაგვეხმარება, მივყვეთ ღმერთის სიტყვას და გაგვამტკიცებს, რომ გავუძლოთ რწმენის გამოცდებს და გავხდეთ „წუნდაუდებელნი“ (იაკობი 1:3, 4; იგავნი 15:28).
გაფრთხილება სიძვის წინააღმდეგ
8–10. ა) რომელ გამაფრთხილებელ მაგალითზეა მითითებული 1 კორინთელთა 10:8-ში? ბ) როგორ შეგვიძლია დადებითად გამოვიყენოთ მათეს 5:27, 28-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები?
8 პავლეს მოცემულ მომდევნო მაგალითში ჩვენ გვეძლევა რჩევა: „ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა“a (1 კორინთელთა 10:8). მოციქული მიუთითებდა იმ დროზე, როცა ისრაელი ერი ცრუ ღმერთებს სცემდა თაყვანს და „გარყვნილებას ეწეოდა. . . მოაბელ ქალებთან“ (რიცხვნი 25:1–9). სექსუალური უზნეობა სიკვდილით დასჯის ღირსია! გამუდმებულ უზნეო ფიქრებსა და სურვილებზე თვალის დახუჭვა იგივეა, რაც გულის „ამოჭმისთვის“ ნების დართვა. იესო აცხადებდა: „გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:27, 28).
9 ‘ქალისთვის გულისთქმით შეხედვის’ შედეგების დამადასტურებელი არის ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის წინ მცხოვრები დაუმორჩილებელი ანგელოზების გახრწნილი აზროვნების შედეგი (დაბადება 6:1, 2). აგრეთვე გახსოვდეს, რომ მეფე დავითის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული შემთხვევებიდან ერთ-ერთის მიზეზი იყო ქალისთვის არასათანადო მზერის გაგრძელება (მეორე მეფეთა 11:1–4). ამისგან საპირისპიროდ, მართალმა ცოლიანმა მამაკაცმა იობმა ‘აღთქმა მისცა თავის თვალებს, რომ არ შეხედავდა ქალწულს’ და ამრიგად, თავი უზნეობას აარიდა და უმწიკვლოების დამცველი აღმოჩნდა (იობი 31:1–3, 6–11). თვალების შედარება გულის ფანჯრებთან შეიძლება. და ზუსტად გახრწნილი გულიდან გამოდის მრავალი ბოროტება (მარკოზი 7:20–23).
10 იესოს სიტყვებს თუ ვიყენებთ, ნებაზე არ მივუშვებთ ცუდ ფიქრებს, რომლებსაც იწვევს პორნოგრაფიული მასალის დათვალიერება ან თანაქრისტიანთან, თანამშრომელთან თუ სხვა ვინმესთან დაკავშირებით უზნეო ფიქრების გამოკვება. ჟანგი არ მოსცილდება რკინას, თუ მხოლოდ ჩამოვბერტყავთ ამოჭმულ ნივთიერებას. ამიტომ, მსუბუქად კი ნუ ჩამოიბერტყავ უზნეო აზრებსა და მიდრეკილებებს, თითქოს მათ მცირე მნიშვნელობა ჰქონდეთ. მტკიცედ იმოქმედე უზნეო მიდრეკილებებისგან გასათავისუფლებლად (შეადარე მათე 5:29, 30). თანამორწმუნეებს პავლე შეაგონებს: „მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის“. დიახ, ისეთი საქმეების გამო, როგორიცაა სექსუალური უზნეობა, „ღვთის რისხვა მოდის“, როგორც წყევლა. ამიტომ ჩვენ უნდა ‘მოვაკვდინოთ’ ჩვენი მიწიერი ასოები ამ საქმეებთან დაკავშირებით (კოლასელთა 3:5, 6).
გაფრთხილება მეამბოხე სულის გამომხატველი საყვედურების წინააღმდეგ
11, 12. ა) რის შესახებ გვაფრთხილებს 1 კორინთელთა 10:9 და რომელ შემთხვევაზე მიუთითებს ის? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს პავლეს გაფრთხილებამ ჩვენზე?
11 შემდეგ პავლე გვაფრთხილებს: „ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და ისინი გველებისაგან დაიღუპნენ“ (1 კორინთელთა 10:9). ედომის საზღვრის მახლობლად უდაბნოში გადასვლის დროს, ისრაელებმა ‘საყვედურით დაუწყეს ლაპარაკი უფალსა და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა’, რაც სასწაულებრივად უზრუნველყოფილი მანანა იყო (რიცხვნი 21:4, 5). მხოლოდ დაფიქრდი! ის ისრაელები ‘საყვედურით ელაპარაკებოდნენ უფალს’ და მის მოცემულ საკვებს უყუათოს უწოდებდნენ!
12 თავიანთი საყვედურებით ისრაელები იეჰოვას მოთმინებას ცდიდნენ. სასჯელმა არ დააყოვნა, რადგან იეჰოვამ შეუსია მათ შხამიანი გველები, რომელთა ნაკბენებისგან მრავალი მოკვდა. ხოლო, როცა ხალხმა მოინანია და მოსემ უშუამდგომლა მათ, დასჯა შეწყდა (რიცხვნი 21:6–9). ჩვენთვის ეს შემთხვევა, მართლაც, გამაფრთხილებელი უნდა იყოს, რომ საერთოდ, ხოლო განსაკუთრებით კი ღმერთისა და მისი თეოკრატიული ღონისძიებების წინააღმდეგ არ გამოვავლინოთ მეამბოხე და უკმაყოფილების გამომხატველი სულისკვეთება.
გაფრთხილება დრტვინვის წინააღმდეგ
13. რის წინააღმდეგ გვაფრთხილებს 1 კორინთელთა 10:10 და რომელ აჯანყებას გულისხმობდა პავლე?
13 უკანასკნელი მაგალითის ციტირებით, რომელიც უდაბნოში მყოფ ისრაელებს ეხებოდა, პავლე წერს: „არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსრველისაგან“ (1 კორინთელთა 10:10). კორახის, დათანის, აბირამისა და მათთან მონაწილეების არათეოკრატიული მოქცევისა და მოსესა და აარონის უფლებამოსილების წინააღმდეგ ეჭვის წამოყენების შედეგად იფეთქა აჯანყებამ (რიცხვნი 16:1–3). აჯანყებულების განადგურების შემდეგ ისრაელებმა დრტვინვა დაიწყეს. ხოლო ყოველივე ეს იმ აზრმა გამოიწვია, თითქოს აჯანყებულების განადგურება უსამართლო იყო. რიცხვნის 17:6 გვამცნობს: „აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი“. ამ შემთხვევის დროს სამართლიანად შესრულებული განაჩენის გაკრიტიკების შედეგად ღვთის მოვლენილი მუსრისგან დაიღუპა 14 700 ისრაელი (რიცხვნი 17:14).
14, 15. ა) რა იყო კრებაში შემოპარული ‘უღვთო’ პირების ერთ-ერთი ცოდვა? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ კორახთან დაკავშირებული შემთხვევიდან?
14 ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში აღმოჩნდა, რომ „უღვთონი“, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში შემოიპარნენ, ცრუ მოძღვარნი და მდრტვინავნი იყვნენ. ეს მამაკაცები ‘უარყოფდნენ უფლის ბატონობას და გმობდნენ დიდებულებს’, ცხებულ მამაკაცებს, რომლებიც მაშინ უფლებამოსილი იყვნენ კრებაში სულიერ ზედამხედველობაზე. აგრეთვე უღვთო განდგომილებთან დაკავშირებით მოწაფე იუდამ თქვა: „ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი“ (იუდა 3, 4, 8, 16). დღეს თავიანთ გულებში სულიერად ამომჭმელი პოზიციის განვითარებისთვის ნების დართვით ზოგიერთი პიროვნება მდრტვინავი ხდება. ხშირად, ისინი მთელ ყურადღებას აპყრობენ კრებაში ზედამხედველების არასრულყოფილ მხარეებს და დრტვინავენ მათზე. მათი მხრიდან დრტვინვა და უკმაყოფილების გამოთქმა შეიძლება ‘ერთგული მონის’ გამოცემული პუბლიკაციების გაკრიტიკებამდეც კი მივიდეს.
15 სავსებით ნორმალურია ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებული გულწრფელი კითხვების დასმა. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას, თუ უარყოფით დამოკიდებულებას ვავითარებთ, რომელიც ახლობლების წრეში კრიტიკული საუბრებით ვლინდება? მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ საკუთარ თავს შევეკითხებოდით: „რა დასასრული ექნება ამას? განა ბევრად უფრო უკეთესი არ იქნებოდა დრტვინვის შეწყვეტა და სიბრძნისთვის თავმდაბლური ლოცვა?“ (იაკობი 1:5–8; იუდა 17–21). კორახი და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მოსესა და აარონის უფლებამოსილებას აუჯანყდნენ, შეიძლება ისე დარწმუნებული იყვნენ თავიანთი თვალსაზრისის სისწორეში, რომ არ შეამოწმეს საკუთარი მოტივები. მაგრამ ისინი სრულიად მტყუანნი იყვნენ. მსგავსად შეცდნენ ისრაელებიც, რომლებიც დრტვინავდნენ კორახისა და დანარჩენი აჯანყებულების განადგურებაზე. რამდენად ბრძნული იქნება, ხელი შევუწყოთ, რომ ასეთმა მაგალითებმა აღგვძრას, შევამოწმოთ ჩვენი მოტივები, ჩამოვიშოროთ დრტვინვა და უკმაყოფილება და ნება დავრთოთ იეჰოვას, რომ გაგვწმინდოს! (ფსალმუნი 16:1–3).
ისწავლე და კურთხევებით ისარგებლე
16. რა აზრი დევს 1 კორინთელთა 10:11, 12-ში მოცემულ შეგონებაში?
16 ღვთიური შთაგონებით პავლე გამაფრთხილებელი ცნობების სიას შეგონებით ამთავრებს: „ყოველივე ეს მათ დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“ (1 კორინთელთა 10:11, 12). დაე, ჩვეულებრივად არ ჩავთვალოთ ჩვენი მდგომარეობა ქრისტიანულ კრებაში.
17. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენს გულში არასწორ მოტივს დავინახავთ?
17 მსგავსად იმისა, როგორც რკინას აქვს დაჟანგვის თვისება, ჩვენც, ცოდვილი ადამის შთამომავლებს, მემკვიდრეობით მიღებული გვაქვს მიდრეკილება ბოროტისკენ (დაბადება 8:21; რომაელთა 5:12). ამიტომ, ნუ აგვიცრუვდება გული, თუ მასში არასწორ მოტივს დავინახავთ. ნაცვლად ამისა, მოდი, გაბედულად ვიმოქმედოთ. ნოტიო ჰაერი ან კაუსტიკური გარემო ბევრად უფრო სწრაფად იწვევს რკინის ამოჭმას. ამიტომ, უნდა ავირიდოთ სატანის ქვეყნიერების „ჰაერის“ ზემოქმედება, თავისი საძაგელი გართობებით, ყველგან გავრცელებული უზნეობითა და გონების უარყოფითი მიდრეკილებით (ეფესელთა 2:1, 2).
18. რა გააკეთა იეჰოვამ კაცობრიობის არასწორ მიდრეკილებებთან დაკავშირებით?
18 იეჰოვამ უზრუნველყო კაცობრიობა ისეთი საშუალებებით, რომელთა წყალობითაც ადამიანები შეეწინააღმდეგებოდნენ მემკვიდრეობით მიღებულ არასწორ მიდრეკილებებს. მან მოგვცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისი მორწმუნეები არ დაიღუპონ, არამედ ჰქონდეთ საუკუნო სიცოცხლე (იოანე 3:16). თუ იესოს კვალს ზუსტად მივყვებით და ქრისტეს თვისებების მსგავს თვისებებს გამოვავლენთ, ჩვენ სხვებისთვის კურთხევა ვიქნებით (1 პეტრე 2:21). აგრეთვე წყევლის ნაცვლად, ჩვენ ღვთის კურთხევებს მივიღებთ.
19. როგორ შეგვიძლია მივიღოთ სარგებლობა საღვთო წერილში მოცემული მაგალითების განხილვით?
19 თუმცა დღეს შეცდომებისადმი ისეთივე მიდრეკილები ვართ, როგორც ძველი დროის ისრაელები, ჩვენ გვაქვს წერილობით გადმოცემული ღმერთის სრული სიტყვა, რომ გვიხელმძღვანელოს. მისი გვერდებიდან ჩვენ ვსწავლობთ ადამიანებთან იეჰოვას დამოკიდებულებისა და აგრეთვე მისი თვისებების შესახებ, რომლებიც აღბეჭდილია იესოში, ‘ღმერთის დიდების ბრწყინვალებაში და მისი არსების ანარეკლში’ (ებრაელთა 1:1–3; იოანე 14:9, 10). ლოცვითა და საღვთო წერილის გულმოდგინე შესწავლით ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ „ქრისტეს აზრი“ (1 კორინთელთა 2:16). რწმენაში მრავალი საცდურისა და განსაცდელის შეხვედრისას ჩვენ შეგვიძლია სარგებლობა მივიღოთ საღვთო წერილიდან ძველი დროის მაგალითებისა და განსაკუთრებით იესო ქრისტეს უდიდესი მაგალითის განხილვით. ასე თუ ვიმოქმედებთ, ჩვენზე არ შესრულდება ღვთიური წყევლა. ნაცვლად ამისა, ჩვენ დავტკბებით იეჰოვას კეთილგანწყობილებით დღეს და მისი კურთხევებით მარადიულად.
-