საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად კარგად უზიარებთ ერთმანეთს აზრებს?
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
    • რამდენად კარგად უზიარებთ ერთმანეთს აზრებს?

      რამდენიმე წლის წინ იაპონიის ერთ-ერთმა ბანკმა მოაწყო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ 50—60 წლის ადამიანები. მათგან მოითხოვებოდა, დაეწერათ „რომანტიკული წერილი“, რომელშიც მეუღლეების მიმართ „თბილ გრძნობებს“ გამოხატავდნენ. ერთმა კონკურსანტმა თავის ცოლს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ ძალიან ვინანებდი, ხმამაღლა რომ არ მეთქვა ის, რასაც შენდამი ვგრძნობ: დიდი მადლობა, რომ ცოლად გამომყევი“.

      ზოგიერთ კულტურაში, მათ შორის აღმოსავლეთ აზიის ზოგ ქვეყანაში, გრძნობების თავისუფლად გამოხატვა მიღებული არ არის. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. კონკურსს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მალე კიდევ ჩატარდა მსგავსი კონკურსი. ასევე გამოიცა წიგნები, რომლებშიც შესული იყო კონკურსანტთა „რომანტიკული წერილები“. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ გულის სიღრმეში ბევრს სურს, გამოხატოს, თუ რას გრძნობენ ძვირფასი მეუღლეებისადმი. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ასე არ იქცევიან. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მეუღლისთვის საკუთარი გრძნობების გაზიარებასაც კი ცოდნა და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

      ჰიტოში კატო, რომელმაც დაწერა წიგნი პენსიონერების შესახებ, ამბობს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გულისწყრომის გამო იაპონიაში ბევრი ცოლი მეუღლეს ეყრება. „მაგრამ ამის მიზეზი გარკვეულწილად ისიც არის, რომ პრობლემების წამოჭრისას მეუღლეები ერთმანეთთან გულახდილად არ საუბრობენ“, — აღნიშნავს ჰიტოში კატო.

      ქმრები გაოგნებულნი რჩებიან, როცა პენსიაში გასვლის შემდეგ ცოლები მათგან განქორწინებას ითხოვენ. წლების განმავლობაში შეიძლება ისინი ერთმანეთს გულახდილად არ ესაუბრებოდნენ. შესაძლოა მეუღლეები ცდილობდნენ კიდეც, გამოეხატათ თავიანთი გრძნობები, მაგრამ არ ყოფნიდათ იმის უნარი, რომ ეს სათანადოდ გაეკეთებინათ. ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთთან ახლო და თბილი ურთიერთობა განევითარებინათ, მათი საუბრები ხშირად კამათში იზრდებოდა.

      როგორ შეუძლიათ მეუღლეებს მშვიდობიანად მოაგვარონ უთანხმოებები და ტაქტიანად და რბილად გამოხატონ თავიანთი გრძნობები? საინტერესოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე პრაქტიკული რჩევების მიღება შეგიძლიათ არა ბოლო დროს გამოცემული რომელიმე წიგნიდან, არამედ უძველესი წიგნიდან, ბიბლიიდან, რომლის რჩევებს უკვე საუკუნეების მანძილზე იყენებენ.

  • ცოლქმრული ურთიერთობის საიდუმლო
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
    • ცოლქმრული ურთიერთობის საიდუმლო

      „ეს არ უნდა მეთქვა“. „ვერ ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა“. მეუღლესთან საუბრის შემდეგ თქვენც ხომ არ გითქვამთ საკუთარი თავისთვის მსგავსი სიტყვები? მეუღლესთან ურთიერთობას სწავლა სჭირდება. ზოგი ადვილად სწავლობს ამას, ზოგისთვის კი უფრო მეტი დროა საჭირო. მაშინაც კი, თუ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, თქვენც შეგიძლიათ იყოთ კარგი მოსაუბრე და ისწავლოთ თქვენი გრძნობების ტაქტიანად და რბილად გამოხატვა.

      ზოგ შემთხვევაში ცოლქმრულ ურთიერთობაზე კულტურა ახდენს დიდ გავლენას. ზოგ კულტურაში ასწავლიან, რომ მამაკაცმა ბევრი არ უნდა ილაპარაკოს. ის, ვისაც ბევრი ლაპარაკი უყვარს, შეიძლება არასერიოზულ პიროვნებად მიიჩნიონ. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19). თუმცა ბიბლიის ეს რჩევა ეხება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს და მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობაში ლაპარაკზე მეტი იგულისხმება. ორმა ადამიანმა შეიძლება დიდხანს ისაუბროს, მაგრამ რა მოხდება, თუ ისინი ერთმანეთს არ მოუსმენენ? ცხადია, ამას ნამდვილ ურთიერთობას ვერ დავარქმევთ. როგორც ზემოხსენებული მუხლიც ამბობს, მოსმენის უნარი აუცილებელია კარგი ურთიერთობისთვის.

      ურთიერთობა უსიტყვოდ

      ზოგ კულტურაში მიღებული არ არის, რომ ცოლმა ხმამაღლა გამოთქვას საკუთარი აზრი. ქმრები კი ოჯახურ საქმეებში ჩარევისგან იკავებენ თავს. ასეთ გარემოში ცოლი თუ ქმარი თავად უნდა მიხვდეს, რა სურს მის მეუღლეს მოცემულ სიტუაციაში. ზოგი ცოლი ადვილად ხვდება მეუღლის სურვილებს და დაუყოვნებლივ ასრულებს მათ. ამ დროს ცოლ–ქმარს უსიტყვო ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან. თუმცა, ჩვეულებრივ, ასეთი ურთიერთობა ცალმხრივია. იმ დროს, როცა ცოლი ცდილობს, ამოიკითხოს მეუღლის აზრები და გრძნობები, ქმარი შეიძლება იშვიათად ცდილობდეს ამის გაკეთებას.

      ზოგ კულტურაში მამაკაცებს ესმით, რომ ქალებს ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ და ცდილობენ მათი ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ასეთ შემთხვევებშიც კი ცოლ–ქმარს შორის საუბარი ხელს შეუწყობს მათ ბედნიერებას.

      აზრებისა და გრძნობების გაზიარება მნიშვნელოვანია

      გულახდილი საუბარი თავიდან აგვაცილებს გაუგებრობებს. ერთხელ ძველ ისრაელში მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრებმა რეუბენისა და გადის ტომებმა, აგრეთვე მენაშეს ტომის ნახევარმა, იორდანესთან „დიდი სამსხვერპლო“ ააგეს. სხვა ტომებმა არასწორად გაიგეს მათი მოქმედება. იორდანეს დასავლეთით მცხოვრები ტომები ფიქრობდნენ, რომ მათი მოძმეები ღმერთს განუდგნენ და „მეამბოხეთა“ წინააღმდეგ საომრად გაემზადნენ. მაგრამ ომის დაწყებამდე სიტუაციის გასარკვევად მათ წარმომადგენლები გაგზავნეს. მართლაც რომ გონივრული გადაწყვეტილებაა! როგორც აღმოჩნდა, სამსხვერპლო იმ მიზნით არ იყო აგებული, რომ მასზე ღვთისთვის მიუღებელი მსხვერპლი შეწირულიყო. იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრები ტომები შიშობდნენ, რომ მომავალში სხვა ტომები მათ შთამომავლებს ეტყოდნენ: „არა გაქვთ თქვენ წილი უფალში“. სამსხვერპლო იმის მოწმობის ნიშანი იქნებოდა, რომ ისინიც იეჰოვას თაყვანისმცემლები იყვნენ (იესო ნავეს ძე 22:10—29). მათ სამსხვერპლოს უწოდეს „მოწმე“. როგორც ჩანს, მას უნდა დაემოწმებინა, რომ ისინი იეჰოვას ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებდნენ (იესო ნავეს ძე 22:34).

      იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრები ტომების განმარტება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სხვა ტომებს აზრი შეეცვალათ და აღარ მიეღოთ ზომები მათ წინააღმდეგ. დიახ, გულახდილმა საუბარმა ხელი შეუწყო სისხლისღვრის თავიდან აცილებას. საუკუნეების შემდეგ ისრაელი იეჰოვას, თავის სიმბოლურ ქმარს დაუპირისპირდა. იეჰოვამ კი მისდამი გულმოწყალება გამოავლინა და უთხრა, რომ ‘გულითადად დაელაპარაკებოდა’ (ოსია 2:14). რა კარგი მაგალითია დაქორწინებული წყვილებისთვის! იქონიეთ მეუღლესთან გულახდილი საუბრები, რათა მას ესმოდეს თქვენი გრძნობები. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე მტკივნეულ საკითხებს ეხება. ამერიკელმა ჟურნალისტმა პატი მიჰალიკმა თქვა: „სიტყვების თქმა ძვირი არ ჯდება, მაგრამ მათ შეიძლება დიდი ფასი ჰქონდეთ. ზოგს შეიძლება უჭირდეს გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ეს ბანკში შენახულ ფულზე გაცილებით ღირებულია“.

      დავხელოვნდეთ ურთიერთობაში

      „ჩვენი ქორწინება თავიდანვე განწირული იყო“, — შეიძლება თქვას ზოგმა. სხვებმა კი შეიძლება დაასკვნან: „ჩვენს ურთიერთობას ვეღარაფერი გამოასწორებს“. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ქორწილის დღის შემდეგ უკვე შეუძლებელია ურთიერთობის უნარის გაუმჯობესება. დაფიქრდით ისეთ კულტურაში მცხოვრებ ადამიანებზე, სადაც ქორწინება ნათესავების შუამავლობით ხდება. ამგვარად შექმნილი ბევრი ოჯახი ბედნიერია, რადგან დროთა განმავლობაში ცოლ–ქმარი ახერხებს კარგი ურთიერთობის განვითარებას.

      ახლო აღმოსავლეთში ერთი წყვილი სწორედ შუამავლის მეშვეობით დაქორწინდა. დასაქორწინებელი მამაკაცისთვის საცოლის მოსაძებნად შუამავალს საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გაევლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქორწინება თითქმის 4 000 წლის წინათ გარიგებით მოხდა, ცოლ-ქმარს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. ეს მამაკაცი, ისაკი, შუამავალს და თავის საცოლეს მინდორში შეეგება. შუამავალმა „მოუთხრო ისაკს ყოველივე, რაც გადახდა“. ამის შემდეგ, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „შეიყვანა იგი [რებეკა] ისაკმა თავისი დედის, სარას, კარავში [ეს ოფიციალურად დაქორწინებაზე მიუთითებდა], და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა იგი“ (დაბადება 24:62—67).

      ყურადღება მიაქციეთ, რომ სანამ ისაკი რებეკას ცოლად შეირთავდა, შუამავლისგან მის შესახებ ინფორმაცია მიიღო. შუამავალი სანდო ადამიანი იყო. ის ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვა ღმერთს, რომელსაც ისაკი სცემდა თაყვანს. ისაკი ენდო ამ მამაკაცს და ამის საფუძველი მას ნამდვილად ჰქონდა. დაქორწინების შემდეგ ისაკმა „შეიყვარა“ რებეკა.

      შეძლეს ისაკმა და რებეკამ კარგი ურთიერთობის განვითარება? მას შემდეგ, რაც მათმა ვაჟმა, ესავმა, ორი ხეთელი ქალი მოიყვანა ცოლად, ოჯახში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. რებეკა ისაკს ეუბნებოდა: „მომბეზრდა სიცოცხლე ხეთელ ასულთა გამო. თუ იაკობი [მათი უმცროსი ვაჟი] ხეთელ ასულს მოიყვანს ცოლად . . . რაღად მინდა მე სიცოცხლე?“ (დაბადება 26:34; 27:46). რებეკა ქმარს დაუფარავად უზიარებდა თავის გულისტკივილს.

      ისაკმა იაკობს, ესავის ტყუპისცალს, უთხრა, არ მოეყვანა ცოლად ქანაანელი ქალი (დაბადება 28:1, 2). თავის აზრს რებეკაც გამოთქვამდა. ისაკი და რებეკა თავისუფლად საუბრობდნენ და გამოხატავდნენ საკუთარ გრძნობებს ამ ოჯახურ პრობლემასთან დაკავშირებით, რითაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცეს. მაგრამ ზოგჯერ მეუღლეები ვერ ნახულობენ საერთო ენას. რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს?

      უთანხმოებების პირისპირ

      თუ მეუღლესთან სერიოზული უთანხმოება გაქვთ, სიჩუმით პრობლემას ვერ გადაჭრით. ამით იმას აჩვენებთ, რომ არ ხართ ბედნიერი და გინდათ, არც თქვენი მეუღლე იყოს ბედნიერი. თქვენმა მეუღლემ კი შეიძლება ბოლომდე არც იცოდეს, რას გრძნობთ და რა გსურთ.

      შეიძლება საჭირო იყოს, რომ ერთმანეთს გულწრფელად ესაუბროთ. სიმშვიდის შენარჩუნება იოლი არ არის, როდესაც ცოლი ან ქმარი გულმოსულია. ერთხელ ისაკის მშობლები, აბრაამი და სარაც დადგნენ რთული სიტუაციის პირისპირ. იმის გამო, რომ უშვილო იყო, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, სარამ ქმარს თავისი მოახლე აგარი მიუყვანა ხარჭად. აგარს შეეძინა ვაჟი, ისმაელი. მოგვიანებით სარაც დაორსულდა და გააჩინა ვაჟი, ისაკი. როდესაც ისაკი პატარა იყო, სარა ხედავდა, რომ ისმაელი დასცინოდა მის შვილს. სარა გრძნობდა, რომ მის ვაჟს საშიშროება ელოდა, და აბრაამს უთხრა, აგარი და ისმაელი სახლიდან გაეგდო. როგორც ვხედავთ, სარა გულწრფელად გამოხატავდა საკუთარ გრძნობებს მეუღლესთან. თუმცა აბრაამისთვის სარას სურვილის შესრულება ადვილი არ იყო.

      როგორ გადაჭრეს მათ უთანხმოება? ბიბლიაში ნათქვამია: «უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ნუ სწუხხარ ყრმაზე და შენს მხევალზე. რასაც გეტყვის სარა, ისმინე მისი ხმა, რადგან ისაკით იწოდება შენი თესლი“». აბრაამი დაემორჩილა იეჰოვა ღმერთის მითითებას და შესაბამისად მოიქცა (დაბადება 16:1—4; 21:1—14).

      შეიძლება თქვათ: „ჩვენც ადვილად მოვაგვარებდით უთანხმოებებს, ღმერთი რომ გველაპარაკებოდეს ზეციდან“. სინამდვილეში, ცოლ–ქმარს შეუძლია მოუსმინოს ღმერთს და ეს არის უთანხმოებების მოგვარების კიდევ ერთი საშუალება. როგორ არის ღვთის მოსმენა შესაძლებელი? ბიბლიის ერთად კითხვით და ღვთის რჩევების გათვალისწინებით (1 თესალონიკელები 2:13).

      ერთმა ქრისტიანმა ქალმა, რომელსაც ოჯახური ცხოვრების დიდი გამოცდილება აქვს, თქვა: „ხშირად, როდესაც ახალგაზრდები ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით რჩევისთვის მომმართავენ, მათ ვეკითხები, კითხულობენ თუ არა ქმრებთან ერთად ბიბლიას. უმრავლესობა, ვისაც პრობლემები აქვს ცოლქმრულ ურთიერთობაში, არ აკეთებს ამას“ (ტიტე 2:3—5). ამ ქალის სიტყვების გათვალისწინება ყველას მოგვიტანს სარგებლობას. რეგულარულად იკითხეთ ბიბლია მეუღლესთან ერთად. ასეთი სახით თქვენ „მოისმენთ“ ღვთის სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცეთ ყოველდღიურად (ესაია 30:21). მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ: ბიბლიას ნუ გამოიყენებთ თქვენი მეუღლის „გასაროზგად“ — ნუ მოაბეზრებთ თავს იმ ბიბლიურ მუხლებზე ყურადღების გამახვილებით, რომელთა გამოყენებაც მას არ გამოსდის. ნაცვლად ამისა, ერთად ეცადეთ, წაკითხული ცხოვრებაში გამოიყენოთ.

      სერიოზული ოჯახური პრობლემების პირისპირ ყოფნისას შეგიძლიათ «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელში»a მოძებნოთ ის საკითხი, რომელიც თქვენ გაღელვებთ. დავუშვათ, თქვენი დაძაბულობის მიზეზი ის არის, რომ ხანდაზმულ მშობლებზე გიწევთ ზრუნვა. იმაზე კამათის ნაცვლად, თუ რა უნდა გაეკეთებინა თქვენს მეუღლეს და რა — არა, უკეთესი იქნება, ერთად დასხდეთ და გადახედოთ „საძიებელს“. თავდაპირველად მოძებნეთ თემა „მშობლები“. შემდეგ, ქვესათაურში, მაგალითად „მშობლებზე ზრუნვა“, მოძებნეთ მითითებული მასალა. ერთად წაიკითხეთ ამ საკითხთან დაკავშირებული სტატიები იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებში. შეიძლება გაოცებულნი დარჩეთ, როცა დაინახავთ, რამდენად სასარგებლო იქნება თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის ბიბლიური ინფორმაცია. ეს პუბლიკაციები ბევრ გულწრფელ ქრისტიანს ეხმარება.

      ასეთი მასალის მოძებნა და ერთად კითხვა დაგეხმარებათ, დაინახოთ თქვენი პრობლემის არსი. თქვენ ნახავთ ბიბლიურ ციტატებსა და მუხლებს, რომელთა საშუალებითაც ღვთის თვალით შეხედავთ არსებულ პრობლემას. ერთად გადაშალეთ და წაიკითხეთ ასეთი ბიბლიური მუხლები. დიახ, ამგვარად მოისმენთ ღვთის „ხმას“ თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით.

      შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა

      გიცდიათ ოდესმე ისეთი კარის გაღება, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ გაღებულა? დაჟანგებული ანჯამები ნელ–ნელა დაიწყებს ტრიალს და კარი ჭრიალით გაიღება. მაგრამ კარის გაღება რთული არ იქნება, თუ მას ხშირად აღებდნენ და ანჯამებიც გაპოხილია. იმავეს თქმა შეგვიძლია ურთიერთობაზე. ხშირი ურთიერთობა და ქრისტიანული სიყვარულით მისი „გაპოხვა“ გაცილებით გაგიადვილებთ თქვენი აზრების გადმოცემასა და გრძნობების გამოხატვას მაშინაც კი, თუ სერიოზული უთანხმოება გაქვთ.

      საიდანღაც უნდა დაიწყოთ. ურთიერთობა თავიდან შეიძლება დიდ ძალისხმევას მოითხოვდეს, მაგრამ ნუ დანებდებით. დროთა განმავლობაში გაგიადვილდებათ მეუღლესთან ურთიერთობა და უკეთესად გაუგებთ ერთმანეთს.

      [სქოლიოები]

      a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება