ძალზე განსაკუთრებული ქორწინება
ჩრდილოეთ მოზამბიკში მწვანედ აბიბინებული ველი საუცხოო მთებითაა გარშემორტყმული, რომელთაგან ზოგი კლდოვანია, ხოლო ზოგი — მცენარეულობით შემკული. აი, ასეთია სოფელ ფინგოს აღწერილობა. ზამთრის ნათელ ღამეს ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი და მთვარე ისე ანათებს, რომ მის შუქზე კარგად იკვეთება სოფლის ჩალით გადახურული სახლები. ამ შესანიშნავ სოფელში მოხდა არაჩვეულებრივი ქორწინება.
ასობით ადამიანს საათები და დღეებიც კი დასჭირდა, რათა ფეხით მისულიყო ამ განსაკუთრებულ შემთხვევაზე. ზოგს ისეთ ადგილებზე მოუწია გავლა, სადაც არ იყო ღამის გასათევი და, სადაც გავლაც საშიში იყო, ვინაიდან იქ ბინადრობს აფთარი, ლომი და სპილო. პირადი ბარგის გარდა, ბევრს მოჰქონდა ბოსტნეული, მოჰყავდა წიწილები და თხები. სოფელში ჩასვლის შემდეგ ისინი მივიდნენ ერთ ღია მოედანზე, რომელსაც, ჩვეულებრივ, ქრისტიანული კონგრესებისთვის იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გზის გამოვლის გამო დაღლილები იყვნენ, თავს ბედნიერად გრძნობდნენ და მათი მომღიმარე სახეები რაღაცის უჩვეულო მოლოდინს გამოხატავდა.
ვინ ქორწინდებოდა იმ დღეს? მათი რიცხვი საკმაოდ დიდი იყო! დიახ, იქ იყო მრავალი წყვილი. ისინი არ იყვნენ რაღაც სენსაციური მასობრივი ქორწინების მონაწილენი. ეს წყვილები იმ გულწრფელი ადამიანებისგან შედგებოდა, რომლებსაც კეთილი სურვილები ამოძრავებდათ და, რომლებმაც ადრე ვერ შეძლეს თავიანთი ქორწინების რეგისტრირება, ვინაიდან მმაჩის ბიუროდან საკმაოდ დაშორებულ რეგიონებში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, გაიგეს, თუ როგორი იყო ქორწინებასთან დაკავშირებით ღვთისმოსაწონი ნორმები. ისინი მიხვდნენ, რომ საჭირო იყო თავიანთი ქვეყნის კანონის თანახმად, ქორწინების რეგისტრაცია, რათა ამით სიამოვნება მიენიჭებინათ თავიანთი შემოქმედისთვის, ქორწინების დამფუძნებლისთვის, როგორც ეს აღწერის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად გააკეთეს იოსებმა და მარიამმა იესოს დაბადების დროისთვის (ლუკა 2:1–5).
ქორწინებისთვის სამზადისი
იეჰოვას მოწმეთა მოზამბიკის ფილიალმა გადაწყვიტა, დახმარება აღმოეჩინა მათთვის. დაუკავშირდნენ ქვეყნის დედაქალაქის, მაპუტუს, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაედგინათ, თუ რა მოითხოვებოდა კანონიერი ქორწინებისთვის. შემდეგ პროვინცია ტეტეს მთავარ ქალაქში მყოფმა მისიონერებმა შემდგომი ზომების მისაღებად ადგილობრივ ხელმძღვანელობას მიმართეს. მისიონერებმა, ნოტარიალური კანტორისა და ვინაობის დამდგენი სამოქალაქო განყოფილების წარმომადგენლებმა დანიშნეს დღე, როდესაც გაემგზავრებოდნენ სოფელ ფინგოში. ამასობაში ფილიალმა წერილები გაუგზავნა ყველა კრებას და ამ წერილებს თან დაურთო საჭირო მითითებები და ახსნა-განმარტებები. მოწმეებიც და სახელმწიფო მოხელეებიც მოუთმენლად მოელოდნენ ამ არაჩვეულებრივ მოვლენას.
1997 წლის 18 მაისს, კვირას, სამი მისიონერი სახელმწიფო მოხელეებთან ერთად ფინგოში ჩავიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციის შენობის გვერდზე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ადგილები მოუმზადა ჩამოსულ ოფიციალურ პირებს. მაგრამ ეს უკანასკნელნი იმდენად იყვნენ აღფრთოვანებული იეჰოვას მოწმეთა სტუმართმოყვარეობით, რომ მათ ამჯობინეს მისიონერებთან ერთად დაბინავებულიყვნენ სახელდახელოდ მომზადებულ ბარაკებში. სახელმწიფო მოხელეები გაოცდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ერთ-ერთი მზარეული ადგილობრივი კრების უხუცესი იყო, ხოლო მიმომსვლელი ზედამხედველი იმ მოხალისეებს შორის მუშაობდა, რომლებიც ქორწინების სამზადისში მომსახურეების როლს ასრულებდნენ. მათ აგრეთვე შენიშნეს მისიონერების სიხალისე, რომლებიც ყოველგვარი წუწუნის გარეშე ცხოვრობდნენ ერთ პატარა ბარაკში და ერთ პატარა კონსერვის ქილას იყენებდნენ საბანაოდ წყლის დასასხმელად. ამ ხალხს არასოდეს უნახავს ასეთი მჭიდრო კვანძები სრულიად სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს შორის. მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მათზე იმ რწმენის გამოვლენამ მოახდინა, რომელმაც ეს ხალხი აღძრა, გაეღოთ ასე დიდი მსხვერპლი, რათა შეესრულებინათ როგორც ღვთის, ისე ქვეყნის კანონი.
სასიხარულო შემთხვევა
წყვილები ჩამოსვლისთანავე შეუდგნენ ქორწინებისთვის მოსამზადებლად პირველი ნაბიჯის გადადგმას — დაბადების მოწმობის აღებას. ყველა მოთმინებით იდგა რეგისტრატურის წინ და თავის რიგს ელოდა. დაბადების მოწმობის მიღების შემდეგ ისინი სურათის გადაღების რიგში დგებოდნენ, რის შემდეგაც ვინაობის დამდგენი თანამშრომლებისკენ გადაინაცვლებდნენ, რათა პირადობის მოწმობები მიეღოთ. ბოლოს ისევ რეგისტრატურაში ბრუნდებოდნენ, რათა აეღოთ ასე სასურველი ქორწინების მოწმობა. ამის შემდეგ მოთმინებით ელოდნენ მეგაფონში თავიანთი სახელების გამოცხადებას. ქორწინების მოწმობების გაცემა ძალზე ამაღელვებელი სცენა იყო. წყვილები დიდი სიხარულით ძვირფას ჯილდოსავით შეჰყურებდნენ ქორწინების მოწმობებს.
ყველაფერი ეს მცხუნვარე მზის ქვეშ ხდებოდა. მაგრამ სიცხემ და მტვერმა ამ შემთხვევით გამოწვეული სიხარული ვერ დაჩრდილა.
მამაკაცები გემოვნებით იყვნენ ჩაცმული, მრავალს კოსტიუმი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. ქალები ტრადიციულად იყვნენ შემოსილები და წელზე შემორტყმული ჰქონდათ გრძელი, ცოცხალი ფერებით შემკული ქამარი, რომელსაც „კაპულანას“ უწოდებენ. ზოგს თან ჰყავდა მსგავს ნაჭერში გახვეული ბავშვი.
საქმე კარგად მიიწევდა წინ, მაგრამ აქ თავმოყრილი იყო წყვილების საკმაოდ დიდი რაოდენობა და მხოლოდ ერთ დღეში ყველაფრის მოსწრება შეუძლებელი იყო. როდესაც შებინდდა, მთავრობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, განეგრძოთ წყვილების მიღება. მათ თქვეს, რომ არ შეეძლოთ დაეტოვებინათ „ჩვენი ძმები“ მას შემდეგ, რაც მათ ამხელა მსხვერპლი გაიღეს აქ მოსასვლელად. შეუძლებელია ამ თანამშრომლობისა და თავგანწირვის სულის დავიწყება.
ღამით საშინლად აცივდა. ჩამოსულთაგან მცირედსღა ჰქონდა ბარაკებში თავშესაფარი და ამიტომ წყვილების უმეტესობა გარეთ, კოცონის ირგვლივ იყო თავმოყრილი. ვერც ამან დააკლო ვერაფერი იქ გამეფებულ ბედნიერებას. კოცონის ტკაცუნს ხმამაღალი სიცილი და ოთხ ხმაში შესრულებული სიმღერები ფარავდა. ბევრს გულთან მიეხუტებინა ახლახან მიღებული დოკუმენტი და სხვებს მგზავრობის თავგადასავლებს უყვებოდა.
გამთენიისას ზოგმა სოფლის ცენტრში თავისი წიწილების, თხებისა და ბოსტნეულის გაყიდვა დაიწყო, რათა ქორწინების რეგისტრაციის საფასური გადაეხადა. მრავალმა ნამდვილად „შესაწირავი“ გაიღო, რადგან ძალიან იაფად გაყიდა თავისი საქონელი. ღარიბებისთვის თხა ძვირფასი და საჭირო საქონელია; მაგრამ ისინი მზად იყვნენ, გაეღოთ მსხვერპლი და დაქორწინებულიყვნენ, რათა ამით თავიანთი შემოქმედისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ.
მგზავრობის სირთულეები
ზოგმა წყვილმა აქ მოსახვედრად დიდი გზა გამოიარა. ასეთებს შორის იყვნენ შამბოკო და მისი ცოლი ჰაკულირა. ისინი თავიანთ თავგადასავალს მეორე ღამეს მოყვნენ, როდესაც ცეცხლთან თბებოდნენ. 77 წლის შამბოკომ, რომელიც ცალი თვალით ბრმაა, ხოლო მეორეთი ძლივს ხედავს, თავიანთი კრების დანარჩენ წევრებთან ერთად ფეხშიშველმა იარა სამი დღის განმავლობაში, რათა განეხორციელებინა თავისი განზრახვა და კანონიერად გაეფორმებინა 52 წლის კავშირი.
72 წლის ანსელმუ კემბო დაახლოებით 50 წელია, რაც ნერისთან ცხოვრობს. აქ გამომგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე პლანტაციის დამუშავებისას ფეხში დიდი ეკალი შეესო. მკურნალობის მიზნით ის სასწრაფოდ წაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა ფეხით წამოსულიყო ფინგოში, რაც კოჭლობით სიარულისა და დიდი ტკივილის ფასად დაუჯდა. ის ფეხით სამი დღე მოდიოდა. ანსელმუ სიხარულს ვერ ფარავდა, როდესაც ქორწინებისთვის გაღებული მსხვერპლის ნაყოფი ეჭირა ხელში.
კიდევ ერთი განსაკუთრებული ახალდაქორწინებული იყო ევანს სინოია, ყოფილი პოლიგამისტი. როდესაც მან ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება გაიგო, გადაწყვიტა კანონიერად გაეფორმებინა ქორწინება თავის პირველ ცოლთან, მაგრამ ცოლმა ეს არ ისურვა და ის სხვა კაცში გაცვალა. მისი მეორე ცოლი, რომელიც ბიბლიას სწავლობდა, დასთანხმდა ქორწინებაზე. მათ გამოიარეს ისეთი სახიფათო ადგილები, სადაც ბინადრობდნენ ლომები და სხვა მხეცები. სამი დღის სიარულის შემდეგ, მათაც მიაღწიეს თავიანთ მიზანს და კანონიერად დაქორწინდნენ.
პარასკევს, მისიონერებისა და სახელმწიფო მოხელეების ჩამოსვლიდან ხუთი დღის შემდეგ, მორჩნენ ყველაფერს. შედეგად გაიცა 468 პირადობის და 374 დაბადების მოწმობა. გაცემული ქორწინების მოწმობების რიცხვი 233 შეადგენდა! ირგვლივ საზეიმო ატმოსფერო სუფევდა. დაღლილობის მიუხედავად, ყველა იმ აზრისა იყო, რომ ყოველივე ეს ღირდა გაწეულ ძალისხმევად. ეჭვგარეშეა, ეს შემთხვევა იქ დამსწრეთა გონებიდან და გულებიდან არ ამოიშლება. ეს ნამდვილად ძალზე განსაკუთრებული ქორწინება იყო.