საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეუღლის სიკვდილი — ტრაგედიის პირისპირ
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 დეკემბერი
    • მკვდრეთით აღდგენილებთან დაკავშირებით შეიძლება უამრავი კითხვა გვიჩნდება, მაგალითად, როგორ იქნება მათი საქმე, ვისაც ორი ან ორზე მეტი მეუღლე ჰყავდა. სადუკეველებმა ერთხელ იესოს კითხვით მიმართეს; მათ აინტერესებდათ, რომლის ცოლი გახდებოდა ის ქალი, რომელსაც შვიდი ქმარი დაეღუპა (ლუკ. 20:27—33). საინტერესოა, როგორი ურთიერთობები ექნებათ ყოფილ მეუღლეებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ამ ქალთან? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის უცნობია და არ ღირს საკუთარი ვარაუდების გამოთქმა ან ამგვარ საკითხებზე წუხილი. მოდი, მივენდოთ ღმერთს. ერთი რამ ცხადზე უცხადესია: იეჰოვა მომავალში ჩვენთვის საუკეთესოს გააკეთებს. უნდა გვჯეროდეს ამის და არ უნდა გვეშინოდეს მომავლის!

      მკვდრეთით აღდგომა — ნუგეშის წყარო

      ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ნათელ სწავლებებს შორის ერთ-ერთი მკვდრეთით აღდგომაა, რომელიც იმედს გვისახავს, რომ ჩვენი საყვარელი გარდაცვლილები გაცოცხლდებიან. ბიბლიაში გადმოცემული მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები გარანტიას გვაძლევს, რომ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოან. 5:28, 29). იმ დროს ადამიანები ძალიან გაიხარებენ, როცა შეხვდებიან სიკვდილის ბორკილებისგან დახსნილთ და ის ბედნიერება, რასაც თავად მკვდრეთით აღდგენილები იგრძნობენ, ხომ საერთოდ წარმოუდგენელია დღეს ჩვენთვის.

      დადგება დრო, როცა გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ და დედამიწაზე ჯერ არნახული სიხარული დაისადგურებს. მილიარდები, რომელთაც ერთ დროს სიცოცხლე დაკარგეს, დააღწევენ თავს სამარეს და კვლავ ცოცხლების გვერდით იქნებიან (მარ. 5:39—42; გამოცხ. 20:13). ნუთუ გულზე მალამოსავით არ გვედება მკვდრეთით აღდგომის იმედი ყველას, ვისაც სიკვდილმა უსაყვარლესი ადამიანები გამოგვგლიჯა ხელიდან?!

      ნუთუ ამ უშველებელი სასწაულის შემდეგ კიდევ ვინმეს ექნება წუხილის მიზეზი? არავითარ შემთხვევაში. ესაიას 25:8-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“. ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილის კვალი სრულად წაიშლება, რადგან ესაიას წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“. თუ თქვენც განიცდით ტკივილს იმის გამო, რომ გვერდით აღარ გყავთ ცხოვრების თანამგზავრი, სულს დაგიამებთ აღდგომის იმედი.

      არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, ბოლომდე ჩასწვდეს და გაიგოს, რას მოიმოქმედებს ღმერთი ახალ ქვეყნიერებაში. იეჰოვა ამბობს: „როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე“ (ეს. 55:9). მკვდრეთით აღდგომის იმედი, რაც იესომ აღგვითქვა, გვაძლევს საშუალებას, აბრაამის მსგავსად ჩვენც მივენდოთ იეჰოვას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვაკეთოთ ის, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს, რათა მომავალში მკვდრეთით აღდგენილთა გვერდით ცხოვრების ღირსად ჩავითვალოთ (ლუკ. 20:35).

      იმედის საფუძველი

      მაშ ასე, გწამდეთ და გჯეროდეთ მომავლის! ადამიანური გადასახედიდან მომავალი ბნელი და უღიმღამოა. თუმცა იეჰოვა ულამაზეს და უმშვენიერეს მომავალს გვიმზადებს. არ ვიცით, როგორ დააკმაყოფილებს იეჰოვა ჩვენს ყველა მოთხოვნასა და სურვილს, მაგრამ ერთი რამ, რაც ვიცით, ის არის, რომ ის ამას აუცილებლად გააკეთებს; ამას წყალი არ გაუვა! პავლე მოციქულმა დაწერა: „ხილული იმედი კი იმედი აღარ არის, რადგან, როცა ხედავს კაცი რამეს, რაღა იმედზეა ლაპარაკი? მაგრამ, თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მას მოთმინებით ველით“ (რომ. 8:24, 25). სწორედ მომავლის ეს ძლიერი იმედი დაგვათმენინებს დღეს ყოველივეს, რათა შევძლოთ დიდებული მომავლის დამკვიდრება, როცა იეჰოვა „შეგვისრულებს გულის წადილს“ და როცა ის დააკმაყოფილებს „ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმ. 37:4; 145:16; ლუკ. 21:19).

      მიენდეთ იეჰოვას და გჯეროდეთ, რომ ბედნიერი მომავალი გელით

      როცა უფლის სიკვდილი ახლოვდებოდა, მისი მოწაფეები აფორიაქებულები და შეშფოთებულები იყვნენ. ამიტომ იესომ დაამშვიდა ისინი და უთხრა: „გული ნუ აგიფორიაქდებათ. ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე“. მან უთხრა მათ: „მე მოვალ თქვენთან, ობლად არ დაგტოვებთ“ (იოან. 14:1—4, 18, 27). იესოს ეს სიტყვები მის ცხებულ მიმდევრებს საუკუნეების განმავლობაში მისცემდა იმედის საფუძველს და მოთმინების ძალას. არც მათ არა აქვთ სასოწარკვეთილების მიზეზი, ვისაც ძალიან სურს, დედამიწაზე შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ადამიანებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. თუ ბიბლიური ენით ვიტყვით, იეჰოვა და მისი ძე, იესო თავიანთ ხალხს ობლად არ დატოვებენ. გჯეროდეთ და გწამდეთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება!

  • მეუღლის სიკვდილი — ტრაგედიის პირისპირ
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 დეკემბერი
    • გაქვთ მომავალთან დაკავშირებით კითხვები?

      ბუნებრივია, გვაინტერესებდეს, თუ როგორ შეასრულებს იეჰოვა თავის განზრახვებს. აბრაამი ხშირად ფიქრობდა იმაზე, რომ ღმერთი მას დაპირებულ ვაჟს მისცემდა. იეჰოვამ აბრაამს მოთმინებისკენ მოუწოდა. ერთგული აბრაამის მოლოდინი გამართლდა (დაბ. 15:2—5; ებრ. 6:10—15).

      როცა იაკობს თავისი ვაჟის, იოსების სიკვდილის ამბავი მიუტანეს, მას ძალიან გაუჭირდა ამის დაჯერება, ის ხომ მისი საყვარელი შვილი იყო. მას ტკივილამდე ენატრებოდა თავისი ვაჟი. იაკობი წლების განმავლობაში გლოვობდა თავის იოსებს. მაგრამ იეჰოვას ამ ერთგული მამაკაცისთვის კურთხევა ჰქონდა შემონახული, რაც მისთვის წარმოუდგენელი იყო. გამოხდა ხანი, იაკობი შეხვდა იოსებს, რაც დიდი ბედნიერება იყო; დიდი ბედნიერება იყო აგრეთვე შვილიშვილების ნახვაც. ამ ყოველივეს შემდეგ იაკობმა თქვა: „არ მეგონა, შენს სახეს თუ ვიხილავდი, მაგრამ ღმერთმა აქ შენი შთამომავლობაც მახილვინა“ (დაბ. 37:33—35; 48:11).

      რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან? პირველი, უნდა გვჯეროდეს, რომ ყოვლისშემძლე ღვთის ნების განხორციელებას წინ ვერაფერი აღუდგება. მეორე, თუ ვილოცებთ და ვიმოქმედებთ იეჰოვას ნებასთან შეთანხმებულად, ის იზრუნებს დღესაც და მომავალშიც ბოლომდე დააკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებსა და სურვილებს. პავლე მოციქულმა დაწერა: „მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის, მას დიდება კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით ყველა თაობაში მარადიულად. ამინ“ (ეფეს. 3:20, 21).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება