შეგიძლია მზადყოფნა გამოავლინო?
1 უჩვეულო რამ ხდება ძვ. წ. 778 წელს. ხილვაში წინასწარმეტყველი ესაია ხედავს ‘უფალს, მჯდარს ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე’. შემდეგ ესაიას ესმის სერაფიმთა მოწოდება, რომელიც იეჰოვას დიდებაზე ამახვილებს ყურადღებას: „წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი!“. რა მოკრძალების აღმძვრელი რამ უნდა ყოფილიყო ეს! ამ ხილვის დროს იეჰოვა სვამს დამაფიქრებელ კითხვას: „ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება?“. არანაირი განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დავალებაა ეს ან რა სარგებლობა ექნება აქედან მოხალისეს. თუმცა ესაია უყოყმანოდ პასუხობს: „აჰა, მიმავლინე“ (ესაია 6:1, 3, 8).
2 იმის კეთების მზადყოფნის სული, რასაც იეჰოვა დაავალებს, ახასიათებს მის ხალხს (ფსალმ. 109:3). ახლა გაისმის სპეციალური მოწოდება მათთვის, რომლებსაც შეუძლიათ მზადყოფნა გამოავლინონ. მზად ხარ, ესაიას მსგავსად, მზადყოფნის სულის გამოსავლენად?
3 ბეთელში მსახურებისთვის ყოველთვის საჭირო არიან ძმები. ეს მათი მხრიდან სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების ძლიერ სურვილს და იმისთვის მზადყოფნას მოითხოვს, რომ საჭიროებისამებრ მხარი დაუჭირონ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას (მათ. 6:33). სინამდვილეში, ბეთელის ოჯახის წევრობა ადამიანს იეჰოვასთვის მთელი გულით მსახურების განუმეორებელ შესაძლებლობას აძლევს. როგორ?
4 სამუშაო, რომელიც ბეთელში სრულდება. მაგალითად, დაფიქრდი, თუ რეგულარულად რა კეთდება შეერთებულ შტატებში ბეთელის სამ კომპლექსში, რომლებიც განლაგებულია ბრუკლინში, პატერსონსა და უოლკილში (ნიუ-იორკი). 5 730 და-ძმას, რომლებიც ამ სამ ადგილას არსებულ ბეთელის ოჯახს შეადგენენ, უპირატესობა აქვთ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთგული და გონიერი მონის კლასთან და მის ხელმძღვანელ საბჭოსთან მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისა და პირადი შესწავლისთვის საჭირო ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის გამოსაცემად (მათ. 24:45). მაგალითად, შეერთებულ შტატებში არსებული ბეთელის ოჯახის ერთიანი ძალებით გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში გამოიცა და გაიგზავნა 24 364 670 წიგნი, 39 813 464 ბუკლეტი და ბროშურა, 270 528 000 ჟურნალი და 1 271 041 აუდიოკასეტა. დიდი ძალები ხმარდება ამ პუბლიკაციებისთვის ‘საჭირო სიტყვებისა და ჭეშმარიტი სიტყვების წრფელად დასაწერად’ მასალის მოძებნას და შერჩევას (ეკლ. 12:9, 10). მთელ მსოფლიოში ხელმძღვანელობა ეწევა 1 900-ზე მეტ მთარგმნელს, რომლებიც ლიტერატურას 300-ზე მეტ ენაზე თარგმნიან. ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ზედამხედველობა გაეწიოს იმ საქმიანობას, რომელიც მსოფლიოში 111 ფილიალში სრულდება, მათ შორის 1 500-ზე მეტ კრებაში, რომლებსაც მეთვალყურეობას რუსეთის ფილიალი უწევს. აგრეთვე დახმარება ეწევა იმ ფილიალებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ბეთელის დამატებითი შენობების, საკონგრესო დარბაზებისა და 15 248 სამეფო დარბაზის (რომლებიც ამჟამად საჭიროა შეზღუდული სახსრების მქონე ქვეყნებში) დაპროექტებასა და მშენებლობაში. ასობით მოხალისეა საჭირო ლიტერატურის დასაბეჭდად და გასაგზავნად, სისუფთავის დასაცავად, საჭმლის მოსამზადებლად, მოსამარაგებლად, ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის და სხვა მრავალი საქმიანობისთვის, რომლებიც ბეთელში სრულდება.
5 ყველა ამ დავალების შესრულება დიდ ძალებს მოითხოვს, მაგრამ იმავდროულად ეს სულიერი კმაყოფილების მომტანი საქმეა. იმის ცოდნას, რომ მთელი ჩვენი ძალ-ღონე სამქადაგებლო და სწავლების საქმიანობის მხარდაჭერას ხმარდება, დიდი სიხარული მოაქვს. ბეთელში მსახურება გვეხმარება იეჰოვას ორგანიზაციის უფრო დეტალურად გაცნობაში. გავიხსენოთ, რომ ფსალმუნმომღერალი მოუწოდებდა ისრაელებს, უფრო ახლოს გაცნობოდნენ მათ დროს არსებული თეოკრატიული მმართველობის ცენტრს (ფსალმ. 47:13, 14).
6 ბეთელში მსახურების კურთხევები. რას ფიქრობენ მსახურების ამ უპირატესობაზე ისინი, ვინც ბეთელში მსახურობს? ყურადღება მიაქციე აქ მოცემულ კომენტარებს, რომლებიც ბეთელის ოჯახის როგორც ახალგაზრდა, ისე უფროსი ასაკის წევრებმა გამოთქვეს. ბეთელის ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც სამი წელია ბეთელში მსახურობს, შენიშნავს: „ბეთელში მსახურებამ განამტკიცა იეჰოვასთან ჩემი ურთიერთობა. რაც უფრო დიდხანს ვმსახურობ აქ და უფრო მეტს ვიგებ ბეთელის ფუნქციონირების შესახებ, უფრო უკეთესად ვეცნობი იეჰოვას პიროვნებას. ბეთელში მსახურებამ დამანახვა, რომ იეჰოვა ყველანაირ ადამიანს იყენებს. არასრულყოფილების მიუხედავად, შეგიძლია მოსაწონი იყო მისთვის“.
7 ერთი ახალგაზრდა ძმა იხსენებს: „მახსოვს, ვფიქრობდი: რა კარგი იქნება, მივაღწიო ახალ ქვეყნიერებას და ძველ დროში მცხოვრებ აღდგენილ ერთგულ ადამიანებს მოვუყვე, რომ ქვეყნიერებაში ფულის შოვნის მცდელობის ნაცვლად, მრავალი წელი ბეთელში მსახურებას მოვახმარე“.
8 კიდევ ერთი ახალგაზრდა ძმა ასე ფიქრობს იმაზე, რაც აქ ისწავლა: „საკუთარი თავის უკეთ გაცნობა და იმის გაგება, თუ რაზე უნდა ვიმუშაო და შემდეგ ამ თვისებების განვითარება, დიდი კურთხევა იყო ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ახლა უკეთესად შემიძლია ვემსახურო იეჰოვას. აღმოვაჩინე, რომ ცოტათი უფრო მეტად მომთმენი ვარ, ცოტათი უფრო მეტად შემიძლია თვითკონტროლი და სიყვარულის უფრო მეტად გამოვლენა“.
9 ერთ-ერთი და ფიქრობს იმ კურთხევებზე, რომელიც მას აქვს: „სულიერი წინსვლის შედეგად უფრო მეტი გავიგე იეჰოვას შესახებ და, თუ როგორ შემიძლია უკეთესად მივბაძო მის აზროვნებას, გრძნობებსა და საქმეებს. და რადგანაც გამუდმებით ვსწავლობ, ეს მუდმივი კურთხევაა“.
10 ძმამ, რომელმაც, მთლიანობაში, 59 წელი გაატარა სრული დროით მსახურებაში, აქედან კი 43 წელზე მეტი — ბეთელში, აღნიშნა: «ბეთელი მონასტერი არაა, როგორც შეიძლება ზოგიერთს ჰგონია. ჩვენ ამდენს დადგენილი რეჟიმის საშუალებით ვაკეთებთ. . . არ ყოფილა დღე, რომ სამუშაოზე მივსულიყავი და სიამოვნება არ მიმეღო ჩემი საქმის შესრულებით. რატომ? იმიტომ რომ, როდესაც იეჰოვას მთელი გულით ვემსახურებით, კმაყოფილებას განვიცდით იმის ცოდნით, რომ „გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“ » (ლუკ. 17:10).
11 სხვა ძმამ, რომელმაც ბეთელში 62 წელი იმსახურა, აღნიშნა: „მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ, მიწიერი სამოთხის დამყარებამდე, ბეთელი საუკეთესო ადგილია დედამიწაზე. ერთი წუთითაც არ მინანია, რომ ჩემი ცხოვრების გზად სრული დროით მსახურება ავირჩიე. რა სასიხარულოა, საკუთარი თვალით ნახო და მონაწილეობა მიიღო იმ დიდ ზრდაში, რომელიც იეჰოვას მიწიერ ორგანიზაციაში მოხდა! გადაწყვეტილი მაქვს, რომ იეჰოვას წყალობით ბეთელი კვლავაც ჩემს სახლად დარჩეს, და მთელი გულით შევუწყო ხელი სამეფოს ინტერესების წინსვლას“.
12 ბეთელის ოჯახის ამ წევრებმა მხოლოდ რამდენიმე დაასახელეს იმ მრავალი კურთხევიდან, რომლითაც შეგიძლია გაიხარო, თუ მზადყოფნას გამოავლენ ბეთელში მსახურებისთვის. ისევე როგორც მსახურების ნებისმიერი უპირატესობის მისაღებად, ბეთელში მსახურებისთვის შენ, პირველ რიგში, უნდა დააკმაყოფილო გარკვეული მოთხოვნები. რომელია ზოგიერთი მოთხოვნა ბეთელის ოჯახში მსახურებისთვის?
13 მოთხოვნები ბეთელში მსახურებისთვის. ძირითადი მოთხოვნები ბეთელში მსახურების მსურველთათვის სტატიის თანდართულ ჩარჩოშია მოცემული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მზად იყო, იმუშაო გულმოდგინედ და არ იყო ‘უფრო სიამეთა მოყვარული’ (2 ტიმ. 3:4; 1 კორ. 13:11). ბეთელის ოჯახის წევრები სულიერი ადამიანები უნდა იყვნენ, რომელთაც აქვთ პირადი შესწავლის კარგი ჩვევა გამომუშავებული და გრძნობანი — „კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“ გაწაფული (ებრ. 5:14). მათი სულიერი მოწიფულობა უკვე ცხოვრების ყველა სფეროში უნდა ვლინდებოდეს, მათ შორის ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში, კოსმეტიკაში, მუსიკისა და გართობის შერჩევაში. ბეთელის ოჯახის წევრები, რომელთაც მზადყოფნის სული აქვთ, ყველგან მსახურობენ, სადაც საჭირო არიან. ახალგაზრდა წევრები, ჩვეულებრივ, ისეთ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ, როგორიცაა ლიტერატურის ბეჭდვა, მათი მომზადება და გაგზავნა, ტექნიკური მომსახურება, დალაგება-დასუფთავება, რეცხვა და საჭმლის მომზადება (იგავ. 20:29). თუმცა, ქვეყნიური სამუშაოსგან განსხვავებით, თითოეულ დავალებას კმაყოფილება მოაქვს, რადგან ეს იეჰოვას განმადიდებელი წმინდა მსახურებაა (კოლ. 3:23).
14 ბეთელში მსახურებისთვის, სულ მცირე, ერთი წლით იწვევენ. ეს საშუალებას აძლევს მათ, ნაყოფიერი მომუშავეები გახდნენ. ამ დროის განმავლობაში ვიმედოვნებთ, რომ ბეთელი მათი სახლი გახდება. იეჰოვასადმი სიყვარული აღძრავს ბეთელის ოჯახის წევრებს, რომ სამეფოს საქმე პირად ინტერესებზე წინ დააყენონ, რაც სიამოვნებს იეჰოვას (მათ. 16:24).
15 ახლანდელი მოთხოვნილებები. იმ სამუშაოდან გამომდინარე, რომელიც ბეთელში სრულდება, ამჟამად, უმეტესწილად, დაუქორწინებელი ძმები არიან საჭირო. თუმცა ეს აუცილებელი მოთხოვნა არ არის, უპირატესობა ენიჭებათ პიონერებს, რადგან ისინი უკვე მსახურობენ სრული დროით. დროდადრო 19 წლიდან 35 წლამდე ასაკის დაუქორწინებელი დები ან წყვილები შეიძლება მოიწვიონ, თუ მათ ბეთელისთვის საჭირო გარკვეული პროფესია აქვთ. თუმცა ჩვენ არ მოვუწოდებთ ცალკეულ ადამიანებს, რომ ესწრაფონ სპეციალიზებული განათლების ან მომზადების მიღებას ბეთელში მოხვედრის შესაძლებლობის გაზრდის მიზნით. მათ, რომელთაც უკვე გაიარეს სპეციალური მომზადება, შესაძლოა, ჭეშმარიტების გაგებამდე, შეიძლება სურდეთ, დაწერონ დაწვრილებითი მოკლე შინაარსი ამის თაობაზე და ეს ბეთელში მსახურების განცხადებას დაურთონ.
16 თუ შენ შეავსე განცხადება, მაგრამ ბეთელში მსახურებისთვის არ მოგიწვიეს, გულს ნუ გაიტეხ. შეგიძლია განაახლო შენი განცხადება ყოველწლიურად. ზოგიერთმა ძმამ, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს და ბეთელისთვის საჭირო პროფესია აქვთ, იქ დროებით მუშაობისთვის მზადყოფნა გამოავლინა. მათ შეიძლება დროებით იმუშაონ ბეთელში ერთი, ორი, სამი ან ოთხი კვირის განმავლობაში ან სამ თვემდე. კრების მდივანს აქვს განცხადებები დროებითი მოხალისეებისთვის, რომელთაც სურთ ამგვარად მსახურება. დროებით მოხალისედ მსახურების განცხადებების დამატებით გამოწერა შეიძლება ლიტერატურის შეკვეთის ბლანკით.
17 ქრისტეს ძმებთან მჭიდრო თანამშრომლობით იეჰოვასთვის მსახურება უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ბეთელში მსახურობს. ხელმძღვანელი საბჭო მადლიერია მათი თავგანწირვის სულისკვეთებისთვის, ვინც მზად არის, იმსახუროს მსოფლიო საძმოს საჭიროებისამებრ (ფილ. 2:20—22; 2 ტიმ. 4:11).
18 ახალგაზრდებო, აქედანვე მოემზადეთ ბეთელში მსახურებისთვის. ბეთელში მსახურებისთვის მომზადება ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე ადამიანი 19 წელს მიაღწევს. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ბეთელში მსახურებისთვის მომზადება? იესომ თქვა: „რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ფასს?“ (ლუკ. 14:28). რადგან მომზადება და დაგეგმვა აუცილებელია სამშენებლო პროექტის წარმატებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ყურადღება მიაქციონ, რას აპირებენ სამომავლოდ იეჰოვასთვის მსახურებაში! მყარი საძირკველი ადრეულ წლებშივე უნდა ჩაიყაროს, რათა სულიერ მიზნებს მიაღწიონ. როგორც ახალგაზრდა, რამდენად კარგად უყრი ამას საძირკველს? თუ გსურს ბეთელში მსახურება, შენთვის სასარგებლო იქნება, გულდასმით აწონ-დაწონო შემდეგი საკითხები.
19 „შეითვისე“ მსახურების ეს განსაკუთრებული უპირატესობა. როგორც ეს ჩაწერილია მათეს 19:12-ში, იესომ მოუწოდა თავის მოწაფეებს, ‘შეეთვისებინათ’ დაუქორწინებლობა. რატომ? არა პირადი მიზეზების გამო, არამედ „ცათა სასუფევლისათვის“. პავლეც ასეთივე ცხოვრებისკენ მოგვიწოდებდა, რათა ‘განუწყვეტლივ ვემსახუროთ უფალს, დაუბრკოლებლივ’ (1 კორ. 7:32—35). სამწუხაროდ, მრავალმა ხელიდან გაუშვა ბეთელში დაუქორწინებლად მსახურების უპირატესობა, რადგან ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ. გვსურს, მოვუწოდოთ ჩვენს ახალგაზრდა ძმებს, რომ თავიანთი ენერგია სრული დროით მსახურებას მოახმარონ, სანამ ჯერ კიდევ თავისუფალი არიან ოჯახური პასუხისმგებლობებისგან. შემდგომში, გარკვეული დროის შემდეგ, თუ გადაწყვეტენ დაქორწინებას, უკეთესი ქმრები იქნებიან, რადგან ცხოვრების და ქრისტიანული მსახურების მეტი გამოცდილება ექნებათ. ბეთელში რამდენიმე წლის მსახურების შემდეგ ზოგიერთები დაქორწინდნენ და კვლავ შესძლეს იქ მსახურების გაგრძელება მეუღლეებთან ერთად. თუ მოგვიანებით ისინი სხვა უპირატესობებს მიიღებენ, მაგალითად, როგორიცაა მიმოსვლითი საქმიანობა ან მისიონერობა, ისინი, რა თქმა უნდა, არ ინანებენ, რომ დრო ბეთელში მსახურების შეთვისებას დაუთმეს.
20 ნუ გაგიტაცებს მატერიალიზმი. კარგი იქნება, თუ თითოეული ახალგაზრდა ჰკითხავს საკუთარ თავს: სკოლის დამთავრების შემდეგ ქვეყნიური კარიერისთვის ვაპირებ მთელი დროის მიძღვნას თუ მსურს, იეჰოვასთვის სრული დროით მსახურებას მოვახმარო ეს დრო? მართალია, იეჰოვასთვის მსახურება მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ქვეყნიური კარიერისთვისაც ხომ მსხვერპლის გაღებაა საჭირო! ბოლოს და ბოლოს, რომელ არჩევანს ექნება ნამდვილად ხანგრძლივი და სასარგებლო შედეგი? იესომ გასაგები პასუხი გასცა ამ კითხვას. მათეს 6:19, 21-ის თანახმად, მან თქვა: „ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება“. დაე იეჰოვასთვის მთელი გულით მსახურების ნაცვლად, არ მივყვეთ ქვეყნიურ კარიერასა და მატერიალიზმს. ყოველმა ჩვენგანმა უნდა აღიაროს, რომ ერთადერთი ფასეული რამ, რისი მოპოვებაც ღირს, ეს იეჰოვასთან კარგი ურთიერთობაა, რათა გავახაროთ მისი გული (იგავ. 27:11). ახალგაზრდობის წლებში ცხოვრებაში იეჰოვას პირველ ადგილზე დაყენებით, ცხადვყოფთ, თუ რას ვაფასებთ და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამეფო. გახსოვდეს, „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“ (იგავ. 10:22). ახალგაზრდებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ იმის ნათელსაყოფად, თუ სად არის მათი გული. ამას იმით გამოხატავენ, რომ რაიმე ღირებული გააკეთონ იეჰოვასთვის ყოველივე იმის გამო, რაც მან უბოძა. ბეთელში მსახურება შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა მათთვის, ვინც შეესაბამება მოთხოვნებს.
21 მათ, ვინც ბეთელში მსახურობენ, მაღალზნეობრიობა მოეთხოვებათ. ფსალმუნმომღერალი სვამდა კითხვას: „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა?“. მან უპასუხა: „დაიცვას შენი [იეჰოვას] სიტყვისამებრ“ (ფსალმ. 118:9). ამაში ის იგულისხმება, რომ თავი ავარიდოთ ყოველივეს, რაც სატანის ზნეობრივად გახრწნილ სისტემას უკავშირდება. პორნოგრაფია ინტერნეტში, შეუფერებელი ყოფაქცევა საპირისპირო სქესთან, გამხრწნელი მუსიკა, ზიანის მომტანი გართობა და ალკოჰოლური სასმელები სატანის მახეთა შორის ის ზოგიერთი საშუალებაა, რომელთა გამოყენებითაც ახალგაზრდებს სულიერი მიზნების მიღწევაში ხელს უშლის. სიმტკიცეა საჭირო ამ ხრიკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. თუ ახალგაზრდა ხარ და აღმოაჩინე, რომ გითრევს რომელიმე მათგანი, დაელაპარაკე შენი კრების უხუცესებს და მოაგვარე ეს საკითხი მანამ, სანამ ბეთელში მსახურების განცხადებას შეავსებდე. მნიშვნელოვანია, გქონდეს სუფთა სინდისი, მთელი არსებით რომ ემსახურო იეჰოვას (1 ტიმ. 1:5).
22 ისწავლე სხვებთან შეგუება. მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო ბეთელურ მსახურებაში, სხვებთან შეგუების სწავლაა. რუსეთის ბეთელის ოჯახში სხვადასხვა წარმოშობის ასობით და-ძმა ცხოვრობს. თუმცა ეს მრავალფეროვნება ამშვენებს ბეთელს, ზოგჯერ ამან შეიძლება სირთულეები წარმოშვას. თუ ბეთელში მსახურებაზე ფიქრობ, კარგი იქნება, ჰკითხო საკუთარ თავს: ადვილად ვბრაზდები, როდესაც სხვები ჩემს თვალსაზრისს არ ითვალისწინებენ? ადვილია სხვებისთვის ჩემს გვერდით ცხოვრება? თუ მსგავს საკითხებში გაუმჯობესება გესაჭიროება, ახლავე დაიწყე მათზე მუშაობა. ასეთი მოქცევა დაგეხმარება, უფრო ადვილად შეეგუო ბეთელის ოჯახის წევრებთან ცხოვრებასა და მუშაობას.
23 გულმოდგინედ იმუშავე იმაზე, რომ სულიერი ადამიანი გახდე იეჰოვასთან მჭიდრო ურთიერთობის განვითარებით. შეიმუშავე პირადი შესწავლის კარგი პროგრამა, რაც ბიბლიის ყოველდღიურად კითხვას უნდა მოიცავდეს. აქტიური იყავი სხვებისთვის კეთილი ცნობის გაზიარებაში. ამგვარად, შენი სულიერი წინსვლა ცხადი გახდება (1 ტიმ. 4:15). რა შესანიშნავი მომავალი ელოდება მათ, ვინც უკვე ახლა ემზადება სრული დროით მსახურებისთვის!
24 მშობლებო, მოამზადეთ თქვენი შვილები. რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს იმისათვის, რომ შვილებს სრული დროით მსახურების სურვილი აღუძრან? იესომ თქვა: „ვინც გაასრულებს, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი“ (ლუკ. 6:40). კარგად გაწვრთნილი მოწაფე თავისი თავდადებული მასწავლებლის კარგ თვისებებს აირეკლავს. ქრისტიანი მშობლები უნდა დაფიქრდნენ ამ პრინციპზე, როცა გულმოდგინედ ცდილობენ, შვილები ‘ღვთისმოსაობაში გაწვრთნან’ (1 ტიმ. 4:7). რადგან ბავშვებს ის მიდრეკილება აქვთ, რომ აირეკლონ მშობლების დამოკიდებულება სულიერი საკითხებისადმი, კარგი იქნება, თუ მშობლები ჰკითხავენ საკუთარ თავს: პირადად ჩვენ ვაფასებთ თუ არა იმ საქმიანობას, რომელიც ბეთელში სრულდება, იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ინტერესებს რომ ხელი შეეწყოს? ვხედავთ, რომ ბეთელი იეჰოვასგანაა კურთხეული? გვჯერა თუ არა, რომ იეჰოვასთვის მსახურება ცხოვრების საუკეთესო არჩევანია ჩვენი შვილებისთვის? ჩვენი გულწრფელი მადლიერება ბეთელური მსახურებისა და იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც იქ სრულდება, მსგავსი მადლიერების ჩვენი შვილებისთვის ჩანერგვაშიც დაგვეხმარება.
25 ელკანა და ხანა დიდად მადლიერნი იყვნენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობით. ისინი ღირსშესანიშნავი მაგალითები არიან დღევანდელი ქრისტიანი მშობლებისთვის. ძველ დროში მხოლოდ ისრაელი მამაკაცი ‘წელიწადში სამჯერ უნდა სჩვენებოდა უფალ ღმერთს’ კარავთან. მიუხედავად ამისა, ელკანა, როგორც ჩანს, ფეხით დაახლოებით 30 კილომეტრს გადიოდა მთელ თავის ოჯახთან ერთად „ყოველ წელიწადს“, რომ მსხვერპლი შეეწირა იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრში (გამ. 23:17; 1 მეფ. 1:3, 4, 9, 19; 2:19). აშკარაა, რომ ამ ოჯახის თავს სურდა, მთელი თავისი ოჯახი ყოფილიყო სულიერი საკითხებით დაინტერესებული.
26 ხანაც იზიარებდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი ქმრის ინტერესს. ის გულწრფელად გრძნობდა თავის ვალდებულებას, რომ კარავში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად წვლილი შეეტანა. ხანამ იეჰოვას აღუთქვა, რომ, თუ ვაჟს უბოძებდა, კარავში მსახურებისთვის დაუთმობდა (1 მეფ. 1:11). მოსეს რჯული ქმარს ნებას რთავდა, გაეუქმებინა ცოლის არაგონივრული აღთქმა (რიცხ. 30:7—9). მიუხედავად ამისა, ელკანამ, როგორც ჩანს, მოიწონა ხანას აღთქმა და ამით ცხადყო, რომ თავადაც მხარს უჭერდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ასეთ ფორმას! (1 მეფ. 1:22, 23).
27 დადებითად იმოქმედა თუ არა მათ ვაჟზე, სამუელზე, მშობლების მიერ გამოვლენილმა მადლიერებამ და შესანიშნავმა სულისკვეთებამ? რა თქმა უნდა. ყმაწვილი სამუელი გულმოდგინედ და პირნათლად ასრულებდა თავის დავალებებს და ღვთისათვის მსახურებაში შემდგომი ძვირფასი უპირატესობების მისაღებად იწვრთნებოდა. ელკანა და ხანა მას შემდეგაც ავლენდნენ კარავში სამუელის მსახურების მიმართ ინტერესს, რაც მან იქ დაიწყო მსახურება. ისინი მას რეგულარულად აკითხავდნენ გასამხნევებლად და მხარდასაჭერად, რომ განეგრძო სრული დროით მსახურება (1 მეფ. 2:18, 19).
28 რა შესანიშნავი მაგალითები არიან ელკანა და ხანა თანამედროვე ქრისტიანი მშობლებისთვის! როდესაც ბავშვებს ესმით ბეთელში მსახურების უპირატესობასთან დაკავშირებული ჩვენი გულწრფელი მადლიერების სიტყვები და ხედავენ თავგანწირვის სულს, რომელსაც სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად ვავლენთ, მათი გულიც აღიძვრება იმ სურვილით, რომ სხვებს მოემსახურონ. მრავალი მშობელი წარმატებით უნერგავს შვილებს ამ სასარგებლო განწყობას. ერთი შვიდი წლის ბავშვი წერდა: „როცა გავიზრდები, მინდა, ბეთელში ვიმსახურო და სამი რამ გავაკეთო: 1) დავბეჭდო „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, 2) ვიმუშაო სამხატვრო განყოფილებაში, 3) დავკეცო სარეცხი. აქედან რომელ სამუშაოს შევასრულებ, ჩემთვის სულერთია“. რამდენად ამაღელვებელია ასეთი მზადყოფნის სულის დანახვა, რომელიც ჩვენი ბავშვების გულებში ვითარდება!
29 ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, რომ „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოან. 2:17). განაგრძეთ სულიერი მიზნების დასახვა — მათ შორის ბეთელში მსახურების განსაკუთრებული უპირატესობის. მშობლებო, მიჰბაძეთ წარსულში მცხოვრებ იმ ერთგულ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ შვილებს ღვთისადმი ერთგულებას უვითარებდნენ (2 პეტ. 3:11). დაე ყოველი ჩვენგანი, ჩვენი მხრივ, დავეხმაროთ ახალგაზრდა და-ძმებს, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ემსახურონ ჩვენს დიდებულ შემოქმედს, რადგან „აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც“ (1 ტიმ. 4:8; ეკლ. 12:1).
[ჩარჩო 4 გვერდზე]
ძირითადი მოთხოვნები ბეთელში მსახურების მსურველთათვის
● არანაკლებ ერთი წლის მონათლული
● სულიერი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს იეჰოვა და მისი ორგანიზაცია
● კარგი სულიერი, ფსიქიკური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა
● კარგად წერა-კითხვა და ლაპარაკი რუსულ ენაზე
● 19—35 წლამდე ასაკი