-
უსიყვარულო ქორწინების მახეში გაბმულნიგამოიღვიძეთ! — 2001 | იანვარი 8
-
-
უსიყვარულო ქორწინების მახეში გაბმულნი
„საზოგადოებაში, რომელშიც განქორწინების დიდი პროცენტული მაჩვენებელია, მოსალოდნელია არა მხოლოდ ის, რომ ბედნიერებას მოკლებული უფრო მეტი ქორწინება დამთავრდეს გაყრით, არამედ უფრო მეტი ქორწინება იყოს უბედური“ (ოჯახური ცხოვრების შემსწავლელი საბჭო ამერიკაში).
ნათქვამია, რომ ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერებაცა და უბედურებაც ერთი და იგივე წყაროდან მომდინარეობს — ქორწინებიდან. მართლაც, ცხოვრებაში არც ისე ბევრი რამ არის, რასაც ისეთი უდიდესი აღტაცების ან დიდი ტანჯვის გამოწვევა შეუძლია, როგორიც ქორწინებას. როგორც თანდართულ ჩარჩოშია ნაჩვენები ბევრი დაქორწინებული წყვილი უფრო იტანჯება, ვიდრე სიხარულს განიცდის.
მაგრამ განქორწინების სტატისტიკა პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აშუქებს. ყოველ, ასე ვთქვათ, გემივით „ჩაძირულ“ ქორწინებაზე მოდის ურიცხვი სხვა, რომელიც თუმცა „ტივტივებს“, მაგრამ მკვდარი წერტილიდან საერთოდ არ იძვრის. „ჩვენ ყოველთვის ბედნიერი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში უკანასკნელი 12 წელი საზარელი აღმოჩნდა, — თავის გულისტკივილს გვიზიარებს ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია, გათხოვილია, — ჩემს ქმარს არ აინტერესებს ჩემი გრძნობები. ის ნამდვილად ჩემი უბოროტესი ემოციური მტერია“. მსგავსად ამისა, მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 25 წელია დაქორწინებულია, ჩიოდა: „ცოლმა მითხრა, აღარ მიყვარხარო. ის ამბობს, რომ მხოლოდ მეზობლებივით თუ შევძლებთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას და თავისუფალ დროს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გავატარებთ, სიტუაცია შეიძლება ასატანი იყოს“.
რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანი, ვინც ასეთ აუტანელ მდგომარეობაში ვარდება, ოჯახურ კავშირს წყვეტს. მაგრამ ბევრი განქორწინებაზე ფიქრსაც კი გამორიცხავს. რატომ? დ-რ კარენ კაიზერის სიტყვებისამებრ, ისეთი ფაქტორების გამო, როგორებიცაა შვილები, საზოგადოების თვალში შერცხვენა, ფინანსები, მეგობრები, ნათესავები და რელიგიური მრწამსი, წყვილი შეიძლება ერთად დარჩეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი არ უყვარს. «კანონიერად განქორწინების ნაცვლად, — ამბობს ის, — ეს წყვილები არჩევენ დარჩენას მეუღლესთან, რომელთანაც ემოციურად „გაყრილი“ არიან».
წყვილი, რომლის ურთიერთობაც გაცივდა, უნდა შეურიგდეს უკმაყოფილებით აღსავსე ცხოვრებას? უსიყვარულო ქორწინება განქორწინების ერთადერთი ალტერნატივაა? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბევრი „ქარიშხალში მოხვედრილი“ ქორწინების გადარჩენა შეიძლება — არა მხოლოდ დანგრევისგან, არამედ უსიყვარულობით გამოწვეული ტანჯვისგანაც.
-
-
რატომ ქრება სიყვარული?გამოიღვიძეთ! — 2001 | იანვარი 8
-
-
რატომ ქრება სიყვარული?
„ჩანს, რომ შეყვარება გაცილებით ადვილია, ვიდრე სიყვარულის შენარჩუნება“ (დ-რ კარენ კაიზერი).
უსიყვარულო ქორწინებათა რიცხვის მომრავლება, ალბათ, გასაკვირი არც უნდა იყოს. ქორწინება ადამიანებს შორის არსებულ უფაქიზეს დამოკიდებულებათა ერთობლიობაა, ბევრი კი ისე ქორწინდება, რომ ამისთვის თითქმის მოუმზადებელია. „მართვის მოწმობის მისაღებად ჩვენგან გარკვეული უნარიანობის წარმოჩენა მოითხოვება, — შენიშნავს დ-რ დინ იდელი, — მაგრამ ქორწინების მოწმობის მისაღებად, უბრალოდ, ხელის მოწერაც საკმარისია“.
ამგვარად, მაშინ როცა მრავალი ქორწინება წარმატებულია და წყვილისთვის ბედნიერება მოაქვს, ზოგისთვის ის ტანჯვის მიზეზი ხდება. შესაძლოა, ერთი ან ორივე მეუღლე დაქორწინებისას ბევრს მოელოდა ქორწინებიდან, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის აუცილებელი უნარი აკლდათ. „როდესაც ადამიანები პირველად უახლოვდებიან ერთმანეთს, — განმარტავს დ-რ ჰერი რაისი, — მათ ერთმანეთში დარწმუნებულობის დიდი გრძნობა უჩნდებათ“. ისინი ფიქრობენ, რომ მათი პარტნიორი, თითქოსდა, „დედამიწაზე მცხოვრები ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველაფერში უგებს მას. ზოგჯერ ეს გრძნობა ქრება, და ამ შემთხვევაში, ქორწინება შეიძლება დიდად დაზარალდეს“.
საბედნიეროდ, ბევრ ქორწინებას ეს არ ეხება. მაგრამ მოდი მოკლედ განვიხილოთ იმ ფაქტორებიდან რამდენიმე, რომელთაც ზოგ შემთხვევაში სიყვარულის ჩახშობა შეუძლიათ.
იმედგაცრუება — „ეს არ არის ის, რასაც ველოდი“
„როცა ჯიმს გავყევი, — ამბობს როუზი, — ვფიქრობდი, მძინარე მზეთუნახავისა და მშვენიერი უფლისწულის მსგავსნი ვიქნებოდით — რომანტიკულები, მოსიყვარულე და ყურადღებიანები ერთმანეთის მიმართ“. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ როუზს „უფლისწული“ იმდენად მომხიბვლელად აღარ ეჩვენებოდა. „მან საშინლად გამიცრუა იმედები“, — ამბობს ის.
ბევრ კინოფილმში, წიგნსა და პოპულარულ სიმღერაში სიყვარული არარეალისტურად არის ასახული. ტრფობის პერიოდში მამაკაციცა და ქალიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათმა ოცნებებმა ფრთები შეისხა; მაგრამ ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ასკვნიან, რომ, სინამდვილეში, მათ მართლაც უოცნებიათ! თუკი ქორწინება, რომელიც შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო, არ ამართლებს წყვილის მოლოდინს და ზღაპრებში მოთხრობილ სასიყვარულო ისტორიას არ ემსგავსება, შესაძლოა, სრული მარცხით დამთავრდეს.
რასაკვირველია, სავსებით ნორმალურია, ქორწინებისგან ადამიანი რაღაცას ელოდეს. მაგალითად, ბუნებრივია, მეუღლის მხრიდან მოელოდე სიყვარულს, ყურადღებასა და მხარდაჭერას. მაგრამ ეს სურვილებიც კი შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს. „ლამის ვიფიქრო, რომ არ გავთხოვილვარ, — ამბობს მინა, ახალგაზრდა ინდოელი ქალი, — თავს მარტოდ და უგულებელყოფილად ვგრძნობ“.
შეუთავსებლობა — „ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო“
„მე და ჩემს ქმარს, ფაქტობრივად, ყველაფერში ურთიერთსაპირისპირო აზრი გვაქვს, — ამბობს ერთი ქალი, — დღე ისე არ გავა, მწარედ არ ვინანო, მასზე გათხოვების გადაწყვეტილება რომ მივიღე. არანაირად არ ვეწყობით ერთმანეთს“.
ჩვეულებრივ, დაქორწინებულ წყვილს დიდი დრო არ სჭირდება იმის დასადგენად, რომ ისინი იმდენად არ ჰგვანებიან ერთმანეთს, რამდენადაც ეს ტრფობის პერიოდში ეჩვენებოდათ. „ქორწინებაში ხშირად ვლინდება ხოლმე ის თვისებები, რომელთა ერთმანეთისგან დამალვასაც პარტნიორები მანამდე, ასე თუ ისე, ახერხებდნენ, — წერს დ-რ ნინა ფილდსი.
შედეგად, ქორწინების შემდეგ ზოგმა წყვილმა შეიძლება დაასკვნას, რომ ისინი სრულიად შეუფერებლები არიან. „გემოვნების საკითხებსა და პიროვნულ თვისებებში გარკვეული მსგავსების მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა ისე ქორწინდება, რომ სტილის, ჩვევებისა და დამოკიდებულებების საკითხში დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან“, — ამბობს დ-რ ერონ ბეკი. ბევრმა წყვილმა არ იცის, თუ როგორ შეუთავსონ ერთმანეთს ეს სხვაობები.
კონფლიქტი — „ყოველთვის ვკამათობთ“
„გაოცებული ვიყავით იმით, თუ რამდენად ხშირად ვჩხუბობდით — ვყვიროდით კიდეც, ან უფრო უარესი, გაბრაზებულები დღეების განმავლობაში არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს“, — ამბობს სინდი თავისი ქორწინების პირველი დღეების აღწერისას.
ქორწინებაში უთანხმოებები გარდაუვალია. მაგრამ როგორ წყვეტენ მათ? „ჰარმონიულ ქორწინებაში, — წერს დ-რ დენიელ გოულმენი, — ცოლ-ქმარი თავისუფლად გამოთქვამს უკმაყოფილებას. მაგრამ ამის საპირისპიროდ, წარუმატებელ ქორწინებაში ძალზე ხშირად გაბრაზებულ გულზე უკმაყოფილებას აგრესიულად გამოხატავენ ხოლმე; ცოლ-ქმარს, ფაქტობრივად, ერთმანეთის პიროვნულ თვისებებზე მიაქვთ იერიში“.
ასეთ დროს საუბარი ემსგავსება ბრძოლის ველს, სადაც მეუღლეები თავიანთ შეხედულებებს გააფთრებით იცავენ და, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვები ურთიერთგაგებისა და ურთიერთობის „ხიდებად“ აქციონ, მათ საბრძოლო იარაღად იყენებენ. ექსპერტთა ერთი ჯგუფი ამბობს: „კონტროლს დაუქვემდებარებელი გაცხარებული კამათის დროს ერთ-ერთი ყველაზე საზიანო რამ არის ის, რომ პარტნიორები ერთმანეთს ეუბნებიან ისეთ რამეს, რაც მათი ქორწინების მაკავშირებელ ჯაჭვს გაწყვეტით ემუქრება“.
აპათია — „ხელი ჩავიქნიეთ ყველაფერზე“
„ჩვენი ქორწინების გადარჩენაზე ხელი ჩავიქნიე, — აღიარა ერთმა ქალმა გათხოვებიდან ხუთი წლის შემდეგ, — ვიცი, რომ მას აღარაფერი ეშველება. ასე რომ, მთელი ჩემი საფიქრალი ჩვენი შვილებია“.
ნათქვამია, რომ სიყვარულის ნამდვილი მტერი სიძულვილი კი არა — აპათიაა. მართლაც, გულგრილობა ქორწინებისთვის შეიძლება ისევე დამანგრეველი აღმოჩნდეს, როგორც მტრობა.
მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი მეუღლე იმდენად ეჩვევა უსიყვარულო ქორწინებას, რომ რაიმე ცვლილების შეტანის ყოველგვარი იმედი უქრება და ყველაფერზე ხელს იქნევს. მაგალითად, ერთმა ქმარმა თქვა, რომ 23 წლის განმავლობაში მეუღლეობის გაწევა ჰგავდა „ისეთ სამსახურში მუშაობას, რომელიც არ მოგწონს“. მან დასძინა: „შენი მხრიდან ყველაფერს აკეთებ, რის გაკეთებაც შეგიძლია ამ სიტუაციაში“. მსგავსად ამისა, ერთმა ქალმა, სახელად უენდიმ, რომელიც შვიდი წელია გათხოვილია, თავის ქმართან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი დაკარგა. „იმდენჯერ ვეცადე, — ამბობს ის, — ის კი ყოველთვის მაწბილებდა. დეპრესიაში ჩავვარდი. აღარ მინდა, იგივე გამოვცადო. თუკი თავს კვლავ დავიიმედებ, მხოლოდ დავიტანჯები. მირჩევნია, არაფერს ველოდო — მართალია, ეს არ გამაბედნიერებს, მაგრამ დეპრესიაში მაინც არ ჩამაგდებს“.
იმედგაცრუება, შეუთავსებლობა, კონფლიქტი და აპათია მხოლოდ რამდენიმეა იმ ფაქტორებიდან, რომელთაც უსიყვარულო ქორწინებაში თავისი წვლილი შეაქვთ. ცხადია, უფრო მეტი ფაქტორი არსებობს — რამდენიმე მათგანი მე-5 გვერდზე მოცემულ ჩარჩოშია ჩამოთვლილი. ქორწინების წარუმატებლობის მიზეზთა არსებობის მიუხედავად, არის თუ არა რაიმე იმედი მეუღლეთათვის, რომლებიც, ასე ვთქვათ, უსიყვარულო ქორწინების მახეში არიან გაბმული?
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
უსიყვარულო ქორწინება — ზოგი სხვა ფაქტორი
• ფული: „ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ოჯახის ბიუჯეტის წარმოება დააკავშირებდა წყვილს, რადგან ამ დროს მათ ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევდათ, ძირითადი მოთხოვნილებებისთვის საჭირო მატერიალურ სახსრებს გააერთიანებდნენ და თავიანთი შრომის ნაყოფითაც ერთად ისიამოვნებდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ის, რასაც წყვილის გაერთიანება შეეძლო, ხშირად მათი დაშორების მიზეზი ხდება“ (დ-რ ერონ ბეკი).
• მშობლობა: „აღმოვაჩინეთ, რომ პირველი ბავშვის დაბადებას წყვილების 67 პროცენტის ცოლქმრული ურთიერთობები საგრძნობლად შეეწირა, და მათ შორის კონფლიქტებიც რვაჯერ გაიზარდა. ნაწილობრივ, ეს იმით არის განპირობებული, რომ მშობლები იღლებიან და ერთმანეთისთვის ბევრი დრო აღარ რჩებათ“ (დ-რ ჯონ გოტმანი).
• სიცრუე: „ორგულობაში, ჩვეულებრივ, სიცრუე შედის, ხოლო სიცრუე სხვა არაფერია, თუ არა ნდობის ბოროტად გამოყენება. თუკი ნდობა ყველა წარმატებული ხანგრძლივი ქორწინების უმთავრეს შემადგენელ ნაწილად ითვლება, განა გასაკვირია, რომ სიცრუეს ცოლქმრული ურთიერთობის მოსპობა შეუძლია?“ (დ-რ ნინა ფილდსი).
• სექსი: „როდესაც ადამიანები განქორწინებისთვის ემზადებიან, ამ მოვლენას წინ უსწრებს მრავალწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თავს იჩენს მეტად გავრცელებული პრობლემა — პარტნიორისთვის სექსუალურ ურთიერთობებზე უარის თქმა. ზოგ შემთხვევაში სექსუალური ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ურყევი, სხვა შემთხვევაში კი სექსი მექანიკურ ხასიათს ატარებდა; უბრალოდ, ერთი პარტნიორის ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა“ (ჯუდით ვალერშტაინი, ფსიქოლოგი).
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
რა გავლენას ახდენს ეს შვილებზე?
შეუძლია თუ არა იმას, თუ როგორია თქვენი ქორწინება, ზეგავლენა მოახდინოს თქვენს შვილებზე? დ-რ ჯონ გოტმანის სიტყვებისამებრ, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში იკვლევდა დაქორწინებულ წყვილთა ურთიერთობებს, პასუხი დადებითია. „ორი ათწლიანი გამოკვლევის შემდეგ, — ამბობს ის, — აღმოვაჩინეთ, რომ სიყვარულს მოკლებული ურთიერთობის მქონე მშობლების შვილებს თამაშის დროს პულსი უფრო უხშირდებათ და დამშვიდება უჭირთ. ცოლ-ქმარს შორის მომხდარი კონფლიქტები დროთა განმავლობაში იწვევს იმას, რომ ბავშვებს, უნარიანობისდა მიუხედავად, სკოლაში უფრო დაბალი მოსწრება აქვთ“. ამის საპირისპიროდ, დ-რ გოტმანი ამბობს, რომ კარგი ურთიერთობის მქონე წყვილთა შვილები „უფრო უკეთესად სწავლობენ და საზოგადოებაშიც უკეთესი ყოფაქცევით გამოირჩევიან, ვინაიდან მშობლებმა დაანახვეს მათ, თუ როგორ მოეპყრონ სხვა ადამიანებს პატივისცემით და როგორ დასძლიონ ემოციური ტკივილი“.
-
-
არსებობს საფუძველი იმედისთვის?გამოიღვიძეთ! — 2001 | იანვარი 8
-
-
არსებობს საფუძველი იმედისთვის?
„სირთულეებით აღსავსე ქორწინების ერთი პრობლემა ის არის, რომ წყვილს ხელი აქვს ჩაქნეული და ცოლ-ქმარი აღარ ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას. ასეთი უიმედობა ხელს უშლით იმაში, რომ თავიანთ ურთიერთობებში ცვლილებები შეიტანონ, რადგან მათში რამე აღმშენებლობითის გაკეთების სურვილს კლავს“ (დ-რ ერონ ბეკი).
წარმოიდგინეთ, რომ რაღაც გტკივათ და გასასინჯად ექიმს მიმართეთ. თქვენ შეწუხებული ხართ — და ეს გასაგებიცაა. ბოლოს და ბოლოს, თქვენს ჯანმრთელობას, თავად თქვენს სიცოცხლესაც კი შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. მაგრამ დავუშვათ, ექიმმა შეგამოწმათ და გაგახარათ იმ ცნობით, რომ თუმცა თქვენი პრობლემა არ არის უმნიშვნელო, თქვენი განკურნება შესაძლებელია. ფაქტობრივად, ექიმი გეუბნებათ, რომ, თუ გარკვეულ დიეტასა და ვარჯიშის გონივრულ პროგრამას საგულდაგულოდ მიჰყვებით, შეიძლება სავსებით გამოკეთდეთ. უეჭველად, დიდ შვებას იგრძნობდით და მის რჩევას სიხარულით გაითვალისწინებდით!
ეს სიტუაცია შევადაროთ ჩვენი საუბრის თემას. განიცდით თუ არა თქვენს ქორწინებაში რამე „ტკივილს“? რასაკვირველია, ყოველ ქორწინებას თან სდევს თავისი პრობლემები და უთანხმოებები. ასე რომ, თქვენს ურთიერთობაში ზოგი რთული მომენტის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ქორწინება უსიყვარულოა. მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუკი მტკივნეული სიტუაცია კვირების, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გრძელდება? თუკი ეს ასეა, წუხილის მიზეზი მართლაც გქონიათ, რადგან ეს უმნიშვნელო საკითხი როდია. მართლაც, იმას, თუ როგორია თქვენი ქორწინება, შეუძლია თქვენი და თქვენი შვილების ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მხარეზე იქონიოს გავლენა. მაგალითად, ფიქრობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობა შეიძლება ისეთი პრობლემების გამომწვევი მთავარი ფაქტორი იყოს, როგორიცაა დეპრესია, დაბალი პროდუქტიულობა სამსახურში და ბავშვების წარუმატებლობა სკოლაში. მაგრამ პრობლემა ამით არ ამოიწურება. ქრისტიანებმა იციან, რომ მეუღლესთან ურთიერთობამ თავად ღმერთთან ურთიერთობაზე შეიძლება იმოქმედოს (1 პეტრე 3:7).
ის ფაქტი, რომ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის პრობლემები არსებობს, არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია უიმედოა. ქორწინებისთვის რეალისტური თვალით შეხედვას — რომ მასში სირთულეების არსებობა გარდაუვალია — შეუძლია წყვილს დაეხმაროს პრობლემების ნამდვილი სახის დანახვასა და მათ გადასაწყვეტად მოქმედებაში. დაქორწინებული მამაკაცი, სახელად აიზეკი, ამბობს: „ნორმალურად არ მიმაჩნდა ის, რომ დაქორწინებული წყვილები ხან ბედნიერების მწვერვალზე შეიძლებოდა ყოფილიყვნენ და ხან — პრობლემების მორევში. ვფიქრობდი, რომ თავად ჩვენ გვჭირდა რაღაც!“.
მაშინაც კი, თუ თქვენი ქორწინება უსიყვარულო გახდა, მისი გადარჩენა შესაძლებელია. მართლაც, დაძაბული ურთიერთობით გამოწვეული ემოციური ჭრილობები შეიძლება ღრმა იყოს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ წლების განმავლობაში პრობლემები პრობლემებად რჩება. მიუხედავად ამისა, იმედისთვის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს. აღძვრას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ქორწინებაში სერიოზული პრობლემების მქონე ორივე მხარეს შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება, თუკი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ორივესთვისa.
ასე რომ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რამდენად მსურს იმის მიღწევა, რომ სასიამოვნო ურთიერთობა გვქონდეს?“. გსურთ თუ არა თქვენ და თქვენს მეუღლეს, ყოველი ღონე იხმაროთ ქორწინებაში თქვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად? დ-რ ბეკი, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, ამბობს: „ხშირად გავუოცებივარ იმას, თუ როგორ გაუმჯობესებულა, ერთი შეხედვით, ცუდი ურთიერთობა, როდესაც პარტნიორები ერთად იღვწოდნენ უარყოფითი მხარეების გამოსასწორებლად და თავიანთი ქორწინების დადებით მხარეებს აძლიერებდნენ“. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება, თუკი თქვენი მეუღლე მხარს არ გიბამთ? ან იმ დროს, როცა ჩანს, რომ პრობლემის არსებობას საერთოდ ვერ ამჩნევს? ფუჭი ხომ არ იქნება თქვენი ძალისხმევა, რომელსაც ქორწინების გადასარჩენად მარტო გამოიჩენთ? არავითარ შემთხვევაში! „თუკი თქვენ გარკვეულ ცვლილებებს მოახდენთ თქვენს დამოკიდებულებაში, — ამბობს დ-რ ბეკი, — ამით, თავისთავად, შეიძლება თქვენი მეუღლეც ცვლილებების მოსახდენად აღიძრას — ძალიან ხშირად ეს ასეც ხდება“.
ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ თქვენს შემთხვევაში ეს არ მოხდება. თავად ასეთი პესიმისტური აზროვნება შეიძლება დიდ საფრთხეს უქმნიდეს თქვენს ქორწინებას! ერთ-ერთმა თქვენგანმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას. შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ეს? თუკი მკვდარი წერტილიდან დაიძვრებით, თქვენმა მეუღლემ შეიძლება დაინახოს, რომ თქვენთან თანამშრომლობა უფრო ბედნიერი ქორწინების აღსაშენებლად სარგებლობის მომტანია.
მაშ, რის გაკეთება შეგიძლიათ — როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთად — თქვენი ქორწინების გადასარჩენად? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბიბლია უდიდეს დახმარებას გაგიწევთ. ვნახოთ, როგორ.
-
-
თქვენი ქორწინების გადარჩენა შესაძლებელია!გამოიღვიძეთ! — 2001 | იანვარი 8
-
-
თქვენი ქორწინების გადარჩენა შესაძლებელია!
ბიბლიაში უხვად არის პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც ცოლ-ქმრისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის, ვისი შთაგონებითაც დაიწერა ბიბლია, ქორწინების დამაარსებელიცაა.
ბიბლიაში ქორწინება რეალისტურად არის აღწერილი. ის აღიარებს, რომ ცოლ-ქმარს „გაჭირვება“ ან, როგორც „ახალ ინგლისურ ბიბლიაშია“ ნათარგმნი, „ტკივილი და მწუხარება“ ექნება (1 კორინთელთა 7:28). მაგრამ ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ ქორწინებას შეუძლია და კიდევაც უნდა მოგვგვაროს სიხარული და აღტყინება (იგავნი 5:18, 19). ეს ორი აზრი ერთიმეორეს არ ეწინააღმდეგება. ისინი, უბრალოდ, გვიჩვენებენ, რომ, სერიოზული პრობლემების მიუხედავად, წყვილს შეუძლია ახლო და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ჰქონდეთ ურთიერთშორის.
არის თუ არა თქვენს ქორწინებაში ასეთი ურთიერთობის ნაკლებობა? ტკივილი და გულგატეხილობა ხომ არ ჩრდილავს იმ სიახლოვესა და სიხარულს, რომელიც ერთ დროს იყო თქვენს ურთიერთობაში? მაშინაც კი, თუ თქვენი ურთიერთობები ქორწინებაში წლების მანძილზე სიყვარულს მოკლებული იყო, ამ დანაკარგის ანაზღაურება შესაძლებელია. ამასთანავე, რასაკვირველია, თქვენ რეალისტი უნდა იყოთ. არც ერთ არასრულყოფილ მამაკაცს ან ქალს არ შეუძლია იმის მიღწევა, რომ ჰქონდეს სრულყოფილი ცოლქმრობა. მიუხედავად ამისა, არსებობს ზომები, რომელთა მიღებითაც თქვენთვის შესაძლებელი იქნება უარყოფითი მხარეების გამოსწორება.
შემდგომი მასალის კითხვისას შეეცადეთ განსაზღვროთ, განსაკუთრებით რომელი პუნქტები გეხებათ. ნაცვლად იმისა, რომ მეუღლის ნაკლოვანებებზე გაამახვილოთ ყურადღება, შეარჩიეთ რამდენიმე შემოთავაზებული რჩევა, რომელთა გათვალისწინება თქვენ შეგიძლიათ და საღვთო წერილში მოცემული რჩევა გამოიყენეთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ქორწინების გადარჩენა უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე წარმოგედგინათ.
მოდი თავდაპირველად განწყობილებაზე ვიმსჯელოთ, რადგან თქვენი შეხედულება ვალდებულებაზე და მეუღლისადმი თქვენი გრძნობები უაღრესად მნიშვნელოვანია.
თქვენი შეხედულება მოვალეობაზე
თუკი ცოლქმრული ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობთ, არსებითად მნიშვნელოვანია, თუ როგორი შეხედულება გაქვთ ხანგრძლივ მოვალეობაზე. ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა ქორწინება იმიტომ დააარსა, რომ ორ ადამიანს განუყრელად ეცხოვრა ერთად (დაბადება 2:24; მათე 19:4, 5). ამიტომაც, თქვენი ურთიერთობა მეუღლესთან არ წააგავს იმ სამსახურს, რომელიც შეიძლება მიატოვოთ ან — ბინას, რომელიც შეიძლება დატოვოთ, უბრალოდ, ხელშეკრულების გაუქმებითა და სხვაგან გადასვლით. როდესაც უღლდებოდით, საქორწინო აღთქმა დადეთ, რომ, რაც უნდა მომხდარიყო, მეუღლის გვერდით იქნებოდით. მოვალეობის დიდი გრძნობა ეთანხმება იესო ქრისტეს სიტყვებს, რომლებიც მან დაახლოებით 2000 წლის წინათ წარმოთქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).
ზოგმა შეიძლება თქვას: „ჩვენ ხომ ისევ ერთად ვართ. განა ეს იმას არ ამტკიცებს, რომ მოვალეობის გრძნობა გაგვაჩნია?“. შესაძლოა. მაგრამ, როგორც სტატიების ამ სერიის დასაწყისში იყო აღნიშნული, ერთად მყოფი ზოგი წყვილი მკვდარი წერტილიდან არ იძვრის და უსიყვარულო ქორწინების მახეშია გაბმული. თქვენი მიზანია, ქორწინება სასიამოვნო გახადოთ და არა მხოლოდ ასატანი. მოვალეობაში იგულისხმება ერთგულება არა მხოლოდ თავად ცოლქმრობისადმი, არამედ იმ ადამიანისადმი ვისაც სიყვარული შეჰფიცეთ და ზრუნვა აღუთქვით (ეფესელთა 5:33).
მეუღლისადმი მიმართული სიტყვებიდან ჩანს, თუ რამდენად ღრმად არის თქვენში მოვალეობის გრძნობა. მაგალითად, გაცხარებული კამათის დროს ზოგი ცოლ-ქმარი ამის მსგავს დაუფიქრებელ სიტყვებს ესვრის ერთმანეთს: „გტოვებ!“, ან „წავალ და იმას ვიპოვი, ვინც დამაფასებს!“. მაშინაც კი, როცა ასეთი სიტყვები პირდაპირი გაგებით არ არის ნათქვამი, ისინი ძირს უთხრიან მოვალეობის გრძნობას, ვინაიდან მასში იგულისხმება ის, რომ კარები ყოველთვის ღიაა და ის, ვინც ასეთ რამეს ამბობს, ყოველთვის მზადაა წასასვლელად.
თუ გინდათ, რომ ცოლქმრულ ურთიერთობებში სიყვარული აღადგინოთ, გამორიცხეთ ასეთი მუქარა თქვენი საუბრებიდან. დაფიქრდით, მოაწყობდით თუ არა ბინას, თუკი გეცოდინებოდათ, რომ დღეს თუ ხვალ იქიდან წახვიდოდით? მაშ, რატომღა ელით, რომ თქვენმა მეუღლემ იმოქმედოს იმ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომელიც დღეს თუ ხვალ შეიძლება დასრულდეს? გადაწყვიტეთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ პრობლემების გადასაჭრელად.
აი რა გააკეთა ერთმა ცოლმა ქმართან ცხოვრების მშფოთვარე პერიოდის შემდეგ. „მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ არ მომწონდა, ურთიერთობის გაწყვეტაზე არ მიფიქრია, — ამბობს ის, — რაც უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის, სიტუაციას როგორღაც ვაგვარებდით ხოლმე. ხოლო ახლა, ორი ძალზე რთული წლის შემდეგ, გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ სრულიად ბედნიერები ვართ ერთად“.
დიახ, მოვალეობაში თანამშრომლობა იგულისხმება — არა მხოლოდ თანაარსებობა, არამედ ბრძოლა საერთო მიზნის მისაღწევად. მაგრამ შეიძლება ფიქრობთ, რომ მხოლოდ მოვალეობის გრძნობის გამო ხართ ერთად. თუ ეს ასეა, გული არ გაიტეხოთ. სიყვარულის აღდგენა შესაძლებელია. როგორ?
პატივი ეცით თქვენს მეუღლეს
ბიბლიაში ნათქვამია: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი“ (ებრაელთა 13:4; რომაელთა 12:10). ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ თარგმნილია როგორც „პატიოსანი“, ბიბლიის სხვა ადგილებში ნათარგმნია როგორც ‘ფასეული’, „პატივცემული“ და „ძვირფასი“. როდესაც რაღაცას დიდად ვაფასებთ, მას მთელი გულმოდგინებით ვუფრთხილდებით. შესაძლოა, დაგინახავთ ადამიანი, რომელსაც ძვირადღირებული ახალი მანქანა ჰყავს. ის ზრუნავს იმაზე, რომ მისი საყვარელი ავტომობილი კრიალებდეს და კარგ მდგომარეობაში იყოს. მისთვის უმნიშვნელო ნაკაწრის გაჩენაც კი უდიდესი ტრაგედიაა! სხვები ამნაირადვე ზრუნავენ ჯანმრთელობაზე. რატომ? იმიტომ რომ თავიანთ ჯანმრთელობას აფასებენ და სურთ, გაუფრთხილდნენ მას.
ამნაირადვე მოუფრთხილდით თქვენს ქორწინებას. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“ (1 კორინთელთა 13:7). ნაცვლად იმისა, რომ პესიმისტური განწყობილება იქონიოთ — ყოველგვარ გაუმჯობესებაზე ხელი ჩაიქნიოთ და თქვათ, რომ სინამდვილეში არასოდეს გყვარებიათ ერთმანეთი, ძალიან ადრე დაქორწინდით ან არ იცოდით, რას აკეთებდით — ნუთუ კარგი არ იქნებოდა, გქონოდათ უკეთესის იმედი, გემოქმედათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მოთმინებით დალოდებოდით შედეგებს? «ჩემთან საკონსულტაციოდ მოსული ადამიანებისგან რამდენჯერ მსმენია ასეთი სიტყვები: „მეტი აღარ შემიძლია!“ — ამბობს ერთი კონსულტანტი ქორწინების საკითხებში, — ნაცვლად იმისა, რომ გააანალიზონ თავიანთი ურთიერთდამოკიდებულება და იფიქრონ, როგორ შეიძლება მისი გამოსწორება, მეუღლეები დაუფიქრებლად უსვამენ ხაზს თავად ქორწინებას, იმ ფასეულობების ჩათვლით, რომლებიც მათ აერთიანებდათ, თავიანთ წარსულსა და მომავლის ყოველგვარ იმედს».
რა წარსული მოვლენები გაერთიანებთ მეუღლესთან? თქვენს ურთიერთობაში არსებული სირთულეების მიუხედავად, უეჭველია, შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთად გატარებული სასიამოვნო წუთები, მიღწევები და ის ამოცანები, რომელთა წინაშეც მდგარხართ. დაფიქრდით ამ შემთხვევებზე და თქვენი ურთიერთობის გამოსწორების გულწრფელი მცდელობით ნათელყავით, რომ პატივს სცემთ თქვენს ქორწინებას და თქვენს მეუღლეს. ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვა ღმერთი უდიდეს ინტერესს ავლენს მეუღლეების ურთიერთდამოკიდებულების მიმართ. მაგალითად, წინასწარმეტყველ მალაქიას დღეებში იეჰოვა კიცხავდა ისრაელ ქმრებს, რომლებიც ღალატობდნენ თავიანთ ცოლებს და დაუფიქრებლად ეყრებოდნენ მათ (მალაქია 2:13—16). ქრისტიანებს სურთ, რომ მათმა ქორწინებამ იეჰოვა ღმერთს მიაგოს პატივი.
კონფლიქტი — რამდენად სერიოზულია?
უსიყვარულო ცოლქმრობის ხელშემწყობი მთავარი ფაქტორი, ჩანს, რომ ცოლ-ქმრის მიერ კონფლიქტების მოგვარების უუნარობაში მდგომარეობს. რადგან არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ადამიანი, დროდადრო ყველა ქორწინებაში იქნება უთანხმოებები. მაგრამ იმ წყვილებმა, რომელთაც განუწყვეტლივ მოსდით უთანხმოებები, შეიძლება აღმოაჩინონ, რომ წლების შემდეგ მათი სიყვარული განელდა. მათ შეიძლება დაასკვნან კიდეც: „საერთოდ არ ვეწყობით ერთმანეთს. ყოველთვის ვჩხუბობთ!“.
მაგრამ კონფლიქტების არსებობა ქორწინების დასასრულს არ უნდა ნიშნავდეს. მაშ, საინტერესოა, როგორ უნდა გაართვათ თავი კონფლიქტებს? წარმატებულ ქორწინებაში ცოლ-ქმარი პრობლემების შესახებ ისე ლაპარაკობს, რომ, როგორც ამას ერთი ექიმი უწოდებს, „ახლო მტრებად“ არ იქცევიან.
‘ენის ხელში’
იცით თუ არა თქვენ და თქვენმა მეუღლემ, როგორ ილაპარაკოთ პრობლემების შესახებ? ორივე უნდა იყოთ დაინტერესებული მათი გადაწყვეტით. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ხელოვნებაა, რომლის დაუფლება შეიძლება არც ისე იოლი იყოს. რატომ? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არასრულყოფილების გამო ყოველი ჩვენგანი დროდადრო „სცოდავს სიტყვით“ (იაკობი 3:2, სსგ). მეორე მიზეზი ისაა, რომ ზოგი ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ. ადრეული ასაკიდანვე ისინი, გარკვეულწილად, ეჩვეოდნენ იმ აზრს, რომ თავშეუკავებელი მრისხანება და სალანძღავი სიტყვების გამოყენება ნორმალურია. ასეთ გარემოში გაზრდილი ბიჭი შეიძლება ‘ბრაზიან და რისხვიან კაცად’ იქცეს (იგავნი 29:22). მსგავსად ამისა, ასეთივე გარემოში აღზრდილი ქალიშვილიც შეიძლება „ანჩხლ“ და „ბრაზიან“ ქალად ჩამოყალიბდეს (იგავნი 21:19). შეიძლება ძნელი იყოს აზროვნებისა და ქცევის ძვალ-რბილში გამჯდარი ნორმების აღმოფხვრაa.
კონფლიქტის მოსაგვარებლად აზრების ახლებურად გამოხატვის სწავლაა საჭირო. ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი, ვინაიდან ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“ (იგავნი 18:21). დიახ, შეიძლება უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ ის, თუ როგორ ელაპარაკებით მეუღლეს, მაგრამ ამით თქვენი ურთიერთობა შეიძლება ან გაუარესდეს, ან გაუმჯობესდეს. „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, — ნათქვამია სხვა ბიბლიურ იგავში, — ბრძენკაცის ენა კი მკურნალია“ (იგავნი 12:18).
მაშინაც კი, როცა ჩანს, რომ ძირითადად თქვენი მეუღლეა უთანხმოებების მიზეზი, კარგად აწონ-დაწონეთ და მერე თქვით თქვენი სათქმელი. საზიანოა თქვენი სიტყვები თუ სასიკეთო? აბრაზებს თუ ამშვიდებს სხვა ადამიანს? ‘საწყენი სიტყვა რისხვას იწვევს’, — ნათქვამია ბიბლიაში. ამის საპირისპიროდ, „მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს“ (იგავნი 15:1). საწყენი სიტყვები — თუნდაც მშვიდად იყოს ნათქვამი — მდგომარეობას გაამწვავებს.
რასაკვირველია, თუკი რაღაც გაწუხებთ, აზრის გამოთქმის სრული უფლება გაქვთ (დაბადება 21:9—12). მაგრამ ამის გაკეთება შეგიძლიათ უსარკაზმოდ, შეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე. საკუთარ თავს მტკიცე საზღვრები დაუდგინეთ — რომ თქვენს მეუღლეს არ ეტყვით ამის მსგავს რამეს: „მძულხარ“ ან „ნეტავ არასოდეს გამოგყოლოდი“ და „რამ მომაყვანინა შენი თავი ცოლად“. და თუმცა ქრისტიანი მოციქული პავლე ქვემოთ მოცემულ ბიბლიურ მუხლში კონკრეტულად ქორწინებას არ ეხებოდა, გონივრული იქნებოდა, არ გაბმულიყავით იმ მახეში, რომელსაც ის ‘სიტყვებზე პაექრობასა’ და ‘წვრილმანების გამო ცხარე კამათს’ უწოდებდაb (1 ტიმოთე 6:4, 5, აქ). თუკი თქვენი მეუღლე ასე იქცევა, თქვენ ამნაირადვე ნუ უპასუხებთ. რამდენადაც ეს თქვენი მხრივ შესაძლებელია, დაიცავით სიმშვიდე (რომაელთა 12:17, 18; ფილიპელთა 2:14).
საყოველთაოდ ცნობილია, რომ, გაცხარებისას სიტყვების შერჩევა ძნელია. „ენაც ცეცხლია, — ამბობს ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი იაკობი, — ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე“ (იაკობი 3:6, 8). მაშ, რის გაკეთება შეგიძლიათ, როდესაც ხედავთ, რომ დაძაბულობა მატულობს? როგორ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ მეუღლეს ისე, რომ კონფლიქტი ჩაახშოთ და ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ?
მდგომარეობის განმუხტვა
ზოგმა დაინახა, რომ რისხვის განელება და მტკივნეულ საკითხებზე საუბარი უფრო ადვილია მაშინ, როდესაც ხაზს უსვამენ თავიანთ განცდებს და არა მეუღლის მოქმედებებს. მაგალითად, „გულნატკენი ვარ იმის გამო, რაც თქვი“ გაცილებით ეფექტურია, ვიდრე „შენ გული მატკინე“ ან „სანამ რაღაცას იტყოდე, კარგად უნდა დაფიქრდე“. უნდა ითქვას ისიც, რომ მაშინ, როცა თქვენს განცდებს გამოხატავთ, თქვენი ხმის ტონში სიმწარე და სიძულვილი არ უნდა იგრძნობოდეს. თქვენი მიზანი პრობლემის განხილვა უნდა იყოს, და არა პიროვნებაზე იერიშის მიტანა (დაბადება 27:46; 28:1).
გარდა ამისა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არსებობს „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ (ეკლესიასტე 3:7). როდესაც ორი ადამიანი ერთდროულად ლაპარაკობს, არც ერთი არ უსმენს ერთმანეთს, ამით კი არაფერი მიიღწევა. ასე რომ, როდესაც მოსმენის ჯერი გიდგებათ, იყავით ‘სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი’. არანაკლებ მნიშვნელოვანია, იყოთ „რისხვაში ნელი“ (იაკობი 1:19). პირდაპირი გაგებით ნუ მიიღებთ თქვენი მეუღლის მიერ წარმოთქმულ ყოველ უხეშ სიტყვას; არც ‘გულისწყრომად იჩქაროთ’ (ეკლესიასტე 7:9). ნაცვლად ამისა, შეეცადეთ თქვენი მეუღლის სიტყვების მიღმა მის გრძნობებს ჩასწვდეთ. „გონიერი კაცი სულგრძელია, — ნათქვამია ბიბლიაში, — და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა“ (იგავნი 19:11). გონიერებას შეუძლია ცოლს ან ქმარს უთანხმოების გამომწვევი მიზეზების დანახვაში დაეხმაროს.
მაგალითად, ცოლის ჩივილი, რომ ქმარი დროს არ უთმობს, როგორც ჩანს, უბრალოდ, რაღაც საათებისა და წუთების განმავლობაში ქმრის მის გვერდით არყოფნას არ ეხება. მასში შეიძლება უფრო ის იგულისხმებოდეს, რომ მისი გრძნობები უგულებელყოფილია და არ არის დაფასებული. მსგავსად ამისა, ქმრის ჩივილი, რომ მისი ცოლი უყაირათოდ ხარჯავს ფულს, შეიძლება მხოლოდ გარკვეულ თანხას არ ეხებოდეს. ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მას არაფრად აგდებენ. გონიერი ცოლ-ქმარი გამოიკვლევს და ჩასწვდება პრობლემის არსს (იგავნი 16:23).
ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება? რასაკვირველია! ზოგჯერ, მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, შეიძლება მოხდეს ისე, რომ მაინც უხეშად მიმართოთ ერთმანეთს და განრისხდეთ. როდესაც დაინახავთ, რომ სადაცაა აფეთქდებით, სჯობს მიჰყვეთ იგავნის 17:14-ში მოცემულ რჩევას: „ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა“. არაფერია არასწორი იმაში, რომ მსჯელობა გადადოთ იმ დრომდე, სანამ არ დაწყნარდებით. თუკი გეძნელებათ ლაპარაკი და ატყობთ, რომ თავს ვერ შეიკავებთ, შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს, დასხდეთ მოწიფულ მეგობართან ერთად, რომელიც თქვენ შორის არსებული უთანხმოებების გარკვევაში დაგეხმარებათc.
შეინარჩუნეთ რეალისტური თვალსაზრისი
გული არ გაიტეხოთ, თუკი თქვენი ოჯახი არ არის ისეთი, როგორიც ტრფობის დროს წარმოგედგინათ. ექსპერტთა თქმით, „უმრავლესობისთვის ქორწინებას არ მოაქვს უსასრულო ნეტარება. ის ხან ია-ვარდით მოფენილ, ხან კი ეკლიან გზას ჰგავს“.
დიახ, ოჯახური ცხოვრება, შესაძლოა, რომანებში აღწერილ ისტორიას არ გვაგონებდეს, მაგრამ არც ტრაგედია უნდა იყოს. თუმცა დადგება დრო, როდესაც თქვენცა და თქვენს მეუღლესაც ერთმანეთის ატანა მოგიწევთ; ისეთი მომენტებიც გექნებათ, როდესაც შეძლებთ თქვენი უთანხმოებების დავიწყებას და ერთად ყოფნით გაიხარებთ, გაერთობით და ერთმანეთთან მეგობრულად ისაუბრებთ (ეფესელთა 4:2; კოლასელთა 3:13). ზუსტად ამ მომენტებში შეიძლება კვლავ აინთოს ჩამქრალი სიყვარული.
გახსოვდეთ, ორ არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს სრულყოფილი ცოლქმრობა, მაგრამ მათ შეუძლიათ, გარკვეულწილად, ბედნიერები იყვნენ. მართლაც, სირთულეების მიუხედავადაც კი, თქვენი ურთიერთობა შეიძლება უზომო კმაყოფილების მომტანი იყოს. ერთ რამეში იყავით დარწმუნებული — თუკი ურთიერთობის გაუმჯობესებას ორივე თქვენგანი საკმაო ძალ-ღონეს ახმარს და მზად ხართ, იყოთ დამთმობი და ‘სხვისი სარგებელი ეძებოთ’, ეს საფუძვლიანი მიზეზია იმის დასაჯერებლად, რომ თქვენი ქორწინების გადარჩენა შესაძლებელია (1 კორინთელთა 10:24).
[სქოლიოები]
a მშობლების გავლენის სიძლიერე ადამიანს არ აძლევს იმის უფლებას, რომ მეუღლეს უხეშად ელაპარაკოს. მაგრამ ამ გავლენით შეიძლება აიხსნას, თუ რამდენად ღრმად შეიძლება გაუჯდეს ადამიანს ასეთი მიდრეკილებები და რა ძნელია მათი აღმოფხვრა.
b ბერძნული სიტყვა, რომელიც დედნიდან „წვრილმანების გამო ცხარე კამათად“ ითარგმნა, „ურთიერთგაღიზიანებადაც“ შეიძლება ითარგმნოს.
c იეჰოვას მოწმეებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ კრების უხუცესებს მიმართონ. თუმცა უხუცესები არ ერევიან დაქორწინებული წყვილების პირად საქმეებში, მათ შეუძლიათ გასაჭირში მყოფ წყვილს დაეხმარონ (იაკობი 5:14, 15).
[ჩანართი 12 გვერდზე]
საზიანოა თქვენი სიტყვები თუ სასიკეთო?
[ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]
ნაზად ისროლეთ ბურთი
ბიბლიაში ნათქვამია: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლასელთა 4:6). უდავოდ, ეს პრინციპი ქორწინებასაც მიესადაგება! თვალსაჩინოებისთვის, ბურთით თამაშის დროს ბურთის გადაგდებას ისეთნაირად ცდილობთ, რომ მეორე მოთამაშემ ადვილად დაიჭიროს. თქვენ არ ისვრით მას ისეთი ძალით, რომ პარტნიორს რამე ატკინოთ. იგივე პრინციპი გამოიყენეთ, როდესაც მეუღლეს ესაუბრებით. მწარე რეპლიკების სროლა მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება. ნაცვლად ამისა, ილაპარაკეთ ნაზად და ‘მადლიანი ენით’, რომ თქვენმა მეუღლემ გაიგოს თქვენი სათქმელი.
[ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]
გაიხსენეთ წარსული!
წაიკითხეთ ძველი წერილები და ბარათები. დაათვალიერეთ სურათები. შეეკითხეთ საკუთარ თავს: „რამ მიმიზიდა ჩემს მეუღლეში? რა თვისებებით მოვიხიბლე ყველაზე მეტად? რა გვიკეთებია ერთად? რაზე გვიცინია?“. შემდეგ ეს მოგონებები გაუზიარეთ თქვენს მეუღლეს. საუბარი, რომელიც იწყება ფრაზით „გახსოვს. . .?“, შეიძლება ორივეს დაგეხმაროთ იმ გრძნობების გამოცოცხლებაში, რომლებიც ერთ დროს გაერთიანებდათ.
[ჩარჩო 12 გვერდზე]
ახალი მეუღლე — იგივე პრობლემები
ზოგ ადამიანს, ვინც თავს სიყვარულს მოკლებული ქორწინების მახეში გაბმულად მიიჩნევს, ახალ მეუღლესთან სურს ყველაფრის თავიდან დაწყება. მაგრამ ბიბლია კიცხავს ღალატს. ის აცხადებს, რომ ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი „უჭკუოა“ და ‘თავის სულს წარწყმედს’ (იგავნი 6:32). საბოლოო ჯამში, მოუნანიებელი მოღალატე ღვთის კეთილგანწყობილებას კარგავს, რაც ყველაზე უარესია (ებრაელთა 13:4).
ღალატი რომ სრული უგუნურებაა, სხვა მხრივაც ჩანს. ჯერ ერთი, მოსალოდნელია, რომ ხელახლა დაქორწინებული ადამიანი იმავე პრობლემების წინაშე დადგეს, რაც პირველი ქორწინებისას ჰქონდა. დ-რ დაიენ მედვედს სხვა საყურადღებო ფაქტორიც მოჰყავს: „პირველი, რაც თქვენმა ახალმა მეუღლემ თქვენს შესახებ გაიგო, — ამბობს ის, — არის ის, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს უღალატოთ ვინმეს. მან იცის, რომ შეიძლება მოატყუოთ ის ადამიანი, ვისაც რაღაცის პირობა მიეცით. იცის, რომ თავის გამართლება კარგად გეხერხებათ, რომ შეგიძლიათ მოვალეობას თავი აარიდოთ. მან იცის, რომ ხორციელი სიამოვნება და თვითკმაყოფილება საცდურია თქვენთვის. . . რა დაარწმუნებს თქვენს ახალ მეუღლეს იმაში, რომ ახალი თავგადასავლები კვლავაც არ მიგიზიდავთ?“.
[ჩარჩო 14 გვერდზე]
ბიბლიური იგავების სიბრძნე
• იგავნი 10:19 — „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია“.
როდესაც გულნატკენი ხართ, სიტყვები შეიძლება ცოტა ვერ მოზომოთ — მოგვიანებით კი ინანოთ ამაზე.
• იგავნი 15:18 — „ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს“.
მოსალოდნელია, რომ გესლიანი ენით გამოთქმულმა ბრალდებებმა თქვენს მეუღლეს თავდაცვითი პოზიცია დააკავებინოს, მაშინ როცა მოთმინებით მოსმენა ორივეს დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.
• იგავნი 17:27 — „მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია“.
როდესაც გრძნობთ, რომ რისხდებით, უკეთესი იქნება, დადუმდეთ, რათა თავიდან აირიდოთ უკიდურესი დაპირისპირება.
• იგავნი 29:11 — „ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით დევნის მას“.
უმნიშვნელოვანესია თავშეკავება. უხეში სიტყვების გააფთრებით წამოსროლა მხოლოდ დაგაშორებთ მეუღლეს.
-