შესაძლებელია შერიგება?
«იმპულსურად განქორწინებისკენ ნაბიჯის გადადგმა ადვილია, — ნათქვამია წიგნში „წყვილების მდგომარეობა კრიტიკულია“ (Couples in Crisis), — მაგრამ მრავალი ოჯახის შენარჩუნება ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, როცა პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, წარმატების მიღწევა შესაძლებელია».
ეს სიტყვები ეთანხმება იესო ქრისტეს დრონაცად სწავლებას განქორწინებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვების თანახმად, დასაშვებია მოღალატე მეუღლესთან გაყრა, მას არ უთქვამს, რომ მსგავსი რამ სავალდებულოა (მათე 19:3–9). ერთგულ მეუღლეს შეიძლება საფუძველი აქვს ოჯახის შესანარჩუნებლად, მოღალატეს კი თავის მხრივ მაინც უყვარს მეუღლე; არის მზრუნველი, შვილებისთვის კარგი მამა და ოჯახის ერთგული მარჩენალიa. ამ დროს, ოჯახის დედა მხედველობაში ღებულობს, როგორც საკუთარ, ისე შვილების მოთხოვნილებებს და შეიძლება შერიგება არჩიოს. რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი და როგორ შეიძლება მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა ოჯახის შენარჩუნების მიზნით?
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არც განქორწინება და არც შერიგება იოლი არ არის. გარდა ამისა, ორგული მეუღლისთვის ჩადენილის მხოლოდ პატიება ვერ გადაჭრის ოჯახში არსებულ პრობლემებს. ოჯახის შესანარჩუნებლად საჭიროა გულდასმითი თვითანალიზი, გულახდილი საუბარი და ძალისხმევა. წყვილი ხშირად ვერ ხვდება, რამდენი დრო და ძალისხმევა სჭირდება დანგრევის პირას მისული ოჯახის განმტკიცებას. მაგრამ, სასიამოვნოა, რომ სირთულეების მიუხედავად, ბევრმა მაინც შეძლო მტკიცე ოჯახის შენარჩუნება.
კითხვები, რომლებიც პასუხს მოითხოვს
გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად ერთგული მეუღლე გრძნობებსა და არჩევანში უნდა გაერკვეს. მან შეიძლება გაითვალისწინოს შემდეგი კითხვები: მართლა სურს მას დაბრუნება? უკვე შეწყვიტა მრუშობა, თუ უხალისოდ წყვეტს სასიყვარულო კავშირს? მოიხადა ბოდიში? თუ დიახ, ნამდვილად ნანობს ჩადენილს? ჩადენილ უსაქციელობაში ჩემს დადანაშაულებას ხომ არ ცდილობს? მთელი გულით ნანობს, რომ ტკივილი მომაყენა, თუ პირიქით, უკანონო კავშირის გამჟღავნებამ და შეწყვეტამ დაანაღვლიანა?
რა შეიძლება ითქვას მომავალზე? დგამს თუ არა ნაბიჯების ისეთი აზროვნებისა და მოქმედების გამოსასწორებლად, რომლებმაც მრუშობისკენ უბიძგა? მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არასოდეს გაიმეოროს მსგავსი რამ? კიდევ ხომ არ შეიმჩნევა მასში ფლირტით გატაცების სურვილი და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან არასწორი გრძნობით განპირობებული ურთიერთობისკენ სწრაფვა? (მათე 5:27, 28). ნამდვილად სურს ოჯახის შენარჩუნება? თუ დიახ, პრაქტიკულად რაში გამოიხატება ეს? ამ კითხვებზე დადებითი პასუხები იმის საფუძველს იძლევა, რომ ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია საუბარი
„თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავნი 15:22). ასეთი შემთხვევისას ერთგულ მეუღლეს, უეჭველია, სურს ესაუბროს ჩადენილი ღალატის შესახებ ქმარს. ინტიმური წვრილმანების მოხსენიების გარეშე გულახდილად და გულითადად უნდა გაარკვიონ მომხდარის ირგვლივ ყველაფერი, სიმართლე თუ სიცრუე. ეს თავის მხრივ დაეხმარება წყვილს, გაუგებრობებისა და თუნდაც, ხანგრძლივი გულისწყრომის გამო არ დაშორდნენ ერთმანეთს. ფაქტია, ორივესთვის საკმაოდ მტკივნეულია ასეთი საუბრები, მაგრამ ბევრი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია ერთმანეთისადმი ნდობის აღდგენა.
შერიგებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ოჯახური პრობლემების გარკვევა, რაშიც ორივემ უნდა შეიტანოს წვლილი. ზელდა უესტ-მიდზი იძლევა რჩევას: „როდესაც უკვე ისაუბრეთ მტკივნეულ საკითხზე და მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ გსურთ, შეინარჩუნოთ ოჯახი, ეცადეთ, გამოსასწორებელი გამოასწოროთ და ახლებურად დაიწყოთ ცხოვრება“.
ალბათ, ერთმანეთს ორივე მეტისმეტად უგულოდ ეკიდებოდით. სულიერი შეიძლება უკანა პლანზე იყო გადასული. შესაძლოა ბევრ დროსაც არ უთმობდით ერთად ყოფნას და ისეთ სიყვარულს, სითბოს, აღტაცებასა და პატივისცემას ვერ ამჟღავნებდით მეუღლის მიმართ, როგორსაც ის ელოდა. კიდევ ერთხელ, ერთად, გადახედეთ საკუთარ მიზნებსა და მისწრაფებებს; ეს ხელახლა შეგაძენინებთ ერთმანეთს და აგარიდებთ მოსალოდნელ ღალატს.
ეცადე მიუტევო
გულწრფელი მცდელობის მიუხედავად გულნატკენ მეუღლეს შეიძლება გაუჭირდეს მიუტევოს ქმარს და მითუმეტეს იმ ქალს, რომელსაც ქმარი ხვდებოდა (ეფესელთა 4:32). მაგრამ წყენისა და სიმწრის დავიწყება შეუძლებელი არ არის. „ერთგულმა პარტნიორმა კარგად უნდა გაიცნობიეროს, რომ დგება დრო, როცა ყველაფერი უნდა დაივიწყოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს, — გვირჩევს ერთი ნაშრომი, — ძალიან ცუდი იქნებოდა, ყოველი შეკამათებისას, წარამარა, სამაგიეროს გადახდის მიზნით მეუღლისთვის ძველი ცოდვები შეგეხსენებინათ“.
ბევრი წყვილი მიხვდა, რომ, როდესაც ცდილობდნენ ყურადღება არ მიექციათ და კონცენტრირება არ მოეხდინათ წყენაზე, მოღალატე მეუღლის მიმართ აღარ იყვნენ მტრულად განწყობილი, ეს კი ოჯახის შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ხელახლა განავითარე ნდობა
„შევძლებთ, ნდობის აღდგენას?“, — გატანჯული ხმით იკითხა მწუხარებისგან ლამის ჭკუიდან გადასულმა ქალმა. მისი შიში უსაფუძვლო არ იყო, რადგან ერთგულ მეუღლეს მოღალატის მიმართ ძველებური ნდობა აღარ აქვს ან კიდევ სრული უნდობლობა უვითარდება. ნდობა ძვირფასს, ადვილად მსხვრევად ლარნაკს ჰგავს, რომლის აღდგენაც, თუ დაიმსხვრა, ძნელია. ფაქტი ის არის, რომ ორმხრივი ნდობა და ურთიერთ პატივისცემაა აუცილებელი, როგორც მხოლოდ ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ასევე წყვილის ბედნიერებისთვის.
ჩვეულებრივ, ამისათვის საჭიროა, ხელახლა განავითარო ნდობა. იმის ნაცვლად რომ დამნაშავემ ცივად და უხეშად მოითხოვოს მეუღლისგან ნდობა, მან კიდევ ერთხელ, გულღია და წრფელი დამოკიდებულებით უნდა მოიპოვოს ის. ქრისტიანებს ბიბლია ურჩევს, ‘განიშორონ სიცრუე და თვითოეულმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს’ (ეფესელთა 4:25). ნდობის დასაბრუნებლად თავდაპირველად „დაწვრილებით უთხარით [მეუღლეს], სად იქნებით, — ამბობს ზელდა უესტ-მიდზი, — სად მიდიხართ, როდის დაბრუნდებით და ყოველთვის იყავით იქ, სადაც აპირებდით წასვლას“. თუ გეგმები შეიცვალა აუცილებლად შეატყობინეთ.
პირადი ღირსების აღდგენას ძალისხმევა და დრო სჭირდება. დამნაშავე მეუღლე უნდა დაეხმაროს ცოლს თბილი დამოკიდებულებითა და ტკბილი სიტყვებით, აგრეთვე ხშირად უნდა უთხრას, რომ ძალიან აფასებს და უყვარს. ოჯახურ საკითხებში ფრიად ცნობილი მრჩეველი ამბობდა: „მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური“ (იგავნი 31:31). ცოლი, თავის მხრივ, შეეცდება რომ უკუაგდოს არასრულფასოვნების გრძნობა და ყურადღება ჩვეულ საქმეებზე გადაიტანოს.
საჭიროა დრო
თუკი გავითვალისწინებთ მიყენებული ტკივილის სიძლიერეს, გასაკვირი არ არის, რომ წლების შემდეგაც მოგონებები კვლავ მძაფრი და მტკივნეულია. მაგრამ ჭრილობის მოშუშების პროცესში ორივეს მხრიდან როგორც თავმდაბლობა, ისე მოთმინება, ნდობისა და პატივისცემის აღდგენას შეუწყობს ხელს (1 პეტრე 3:8, 9; რომაელთა 5:3, 4).
«პირველი თვეების საშინელი ტკივილი მარადიულად არ გაგრძელდება, — დარწმუნებით ამბობს წიგნი „სიყვარული, პატივისცემა და ღალატი“, — [ის] აუცილებლად გაყუჩდება . . . ბოლოს დაინახავთ, რომ გადის დღეები, კვირები, თვეები და წლები ისე, რომ აღარც კი გახსენდებათ». თუკი საკუთარ ოჯახში ყოველთვის გულდასმით გამოიყენებთ ბიბლიურ პრინციპებს, მინდობილი იქნებით ღვთის ხელმძღვანელობაზე და მის კურთხევებისკენ გექნებათ სწრაფვა, აუცილებლად იგრძნობთ ‘ღვთის მშვიდობას, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება’ (ფილიპელთა 4:4–7, 9).
„როცა ვიხსენებ წარსულს, — ამბობს პედრო, — ვხედავ, რომ განცდილმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ კიდევ გვაქვს ოჯახში ზოგი რამ გასაუმჯობესებელი, მაგრამ მთავარია, რომ გადავიტანეთ ეს განსაცდელი, არ დაგვინგრევია ოჯახი და თავს ბედნიერად ვგრძნობთ“.
მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ერთგული მეუღლე იმ შემთხვევაში თუ მიტევების საფუძველი არა აქვს? ან მაშინ, როცა პატიობს მეუღლეს (მხოლოდ გულისწყრომას იცხრობს), მაგრამ საფუძვლიანი მიზეზების გამო მაინც სარგებლობს ბიბლიური პრინციპით, რომ განქორწინდესb? რა მოეთხოვება ადამიანს განქორწინების შემდეგ? გთავაზობთ აწონ-დაწონოთ განქორწინებასთან დაკავშირებული ფაქტორები და გადახედოთ მაგალითებს იმის შესახებ, როგორ გაუმკლავდა ზოგი ამ პრობლემას.
[სქოლიოები]
a მაგალითისთვის ერთგულ მეუღლედ მოვიხსენიებთ ქალს, მაგრამ მოცემული პრინციპები სასარგებლოა უდანაშაულო მამაკაცებისთვისაც, რომლებსაც ცოლებმა უღალატეს.
b იხილეთ 1997 წლის აპრილი-ივნისის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ მოცემული სტატია: „ბიბლიის თვალსაზრისი: მრუშობა, მისატევებელია თუ არა?“
[ჩარჩო 6 გვერდზე]
მტკიცე მხარდაჭერა
თუკი მხედველობაში მივიღებთ, რომ ასეთ დროს უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, კარგი იქნებოდა გამოცდილი და გაწონასწორებული პიროვნებისგან რჩევის მიღება. მაგალითად, იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ რჩევისთვის გულისხმიერ და გულითად უხუცესებს მიმართონ (იაკობი 5:13–15).
კარგი იქნება, თუ მრჩეველი, მეგობარი და ნათესავი ორგულობის მსხვერპლს თავს არ მოახვევს საკუთარ აზრს, არც ბიბლიურ საფუძველზე შერიგებისა თუ განქორწინებისკენ წააქეზებს. ერთი ქრისტიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა განქორწინების ტკივილი, გვთხოვს: „მთელი გულით ამოგვიდექით მხარში და მოგვეცით საშუალება თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ ვიმოქმედოთ“.
რჩევა მთლიანად დაფუძნებული უნდა იყოს ბიბლიაზე. „ნურასოდეს ეტყვით, რა უნდა იგრძნოს და რა — არა, — გვირჩევს ერთ-ერთი მარტოხელა, — ნაცვლად ამისა, მიეცით საშუალება გული გადაგიშალოთ“. გულშემატკივრობა, ძმათა სიყვარული და შემწყნარებლობა დაეხმარება ქმრის ღალატით განადგურებულს ღრმა ჭრილობის მოშუშებაში (1 პეტრე 3:8). ძველი დროის გამოცდილი მრჩეველი ამბობს: „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია“ (იგავნი 12:18).
„ჰაერივით მინდოდა გაეგოთ ჩემთვის, მომესმინა სანუგეშო და გამამხნევებელი სიტყვები, — იხსენებს ერთგული მამაკაცი, — მეუღლეს კი სურდა მეთქვა, როგორ მოქცეულიყო და შემექო მისი ძალისხმევისთვის, რათა მხარდაჭერა ეგრძნო და ფარ-ხმალი არ დაეყარა“.
თუ პიროვნება ლოცვისა და გულდასმით ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ ბიბლიურ საფუძველზე გადაწყვეტს, განქორწინდეს ან უბრალოდ, ცალკე იცხოვროს, ჩვენი რჩევით არ უნდა დავადანაშაულოთ. მას დახმარება ესაჭიროება, რომ უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობამ არ დაჩაგროს.
„თუ გსურთ, ნამდვილად იყოთ ნუგეშის წყარო, — ამბობს მეუღლის ორგულობის ერთ-ერთი მსხვერპლი, — ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით სათუთია გრძნობა“.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
რატომ რჩება ზოგი ერთად?
ბევრგან დიასახლისები იძულებულები არიან არ გაეყარონ მოღალატე მეუღლეებს, რომლებიც თავიანთ საქციელს აინუნშიც არ აგდებენ. მაგალითად, ომისა თუ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში ზოგი ქრისტიანი მეუღლე რჩება მოღალატე ქმართან, რომელიც ზრუნავს ოჯახის საჭიროებებზე, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე არ არის. ამრიგად, ისინი ინარჩუნებენ ოჯახს, აქვთ აუცილებელი დაცვა, მუდმივი შემოსავალი და ფარდობითი სტაბილურობა, რადგან ჰყავთ ქმარი. მათ მიაჩნიათ, რომ მოღალატე მეუღლესთან დარჩენით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც თუ ისე სასურველი და იოლია, უფრო კარგად გაუძღვებიან ცხოვრებას.
ასეთ მდგომარეობასთან გამკლავებისას, რომელიც ზოგჯერ წლობით გრძელდება, ზოგი საბოლოოდ იმის მოწმეც გახდა, როგორ იქცა მეუღლე ერთგულ, მოსიყვარულე ქრისტიან ქმრად (შეადარეთ 1 კორინთელთა 7:12–16).
ამიტომ ისინი, რომლებმაც ირჩიეს დარჩენილიყვნენ მეუღლესთან მიუხედავად მისი მოუნანიებლობისა, არ უნდა გავაკრიტიკოთ. მათ მოუწიათ რთული გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ დახმარება და მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
[ჩარჩო 8 გვერდზე]
ვინ არის პასუხისმგებელი?
ფაქტია, ზოგ შემთხვევაში უდანაშაულო მეუღლის არასრულყოფილებამაც შეუწყო ხელი დაძაბულ ურთიერთობას, მაგრამ ბიბლია აღნიშნავს, რომ „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15). მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილ მრუშობაში შესაძლებელია არსებობდეს მრავალი ხელისშემწყობი ფაქტორი, უმთავრესად, მაინც ადამიანის ‘გულისთქმაა’ პასუხისმგებელი. თუ მეუღლის ნაკლოვანი მხარეები ოჯახში პრობლემებს იწვევს მათი გადაწყვეტა მრუშობით, ფაქტია, რომ შეუძლებელია (ებრაელთა 13:4).
ნაცვლად ამისა ოჯახური პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია მაშინ, როდესაც სიძნელეების მიუხედავად ცოლ-ქმარი გულმოდგინედ ცდილობს, ცხოვრებაში გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები. ეს ნიშნავს, რომ ‘შეიწყნარონ ერთიმეორე და მიუტევონ ერთმანეთს’. ისინი აგრეთვე მონდომებით უნდა ცდილობდნენ, ჰქონდეთ ისეთი თვისებები, როგორიც არის: „მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა“. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მათ ‘ყოველივე ამას დაურთონ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია’ (კოლასელთა 3:12–15).
[სურათი 7 გვერდზე]
ერთმანეთის გულდასმით მოსმენა დაეხმარება წყვილს ოჯახის შენარჩუნებაში.