ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
აფრიკა
ქვეყნები 57
მოსახლეობა 827 387 930
მაუწყებლები 1 086 653
ბიბლიის შესწავლები 2 027 124
კოტ-დ’ივუარი.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სოფელ ბინუანის მცხოვრებთ ჭეშმარიტება სწყურიათ. ზოგი მინდორში სამუშაოდ წასვლამდე, დილის ექვს საათზე, აღვიძებს მოწმეებს, რომ ბიბლიის შესწავლა ჩაუტარონ. ზოგს კი სურს ბიბლია საღამოს კრების შეხვედრის შემდეგ შეისწავლოს. ერთხელ ქალმა, რომელმაც კითხვა არ იცოდა, ძმას სთხოვა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და უთხრა, რომ ქმარი წაუკითხავდა. ძმამ მისცა წიგნი და მეორე დღეს სახლში მიაკითხა. ცოლ-ქმარი ელოდებოდა ძმას. ქმარი მინდორში არ წასულიყო სამუშაოდ, რადგან მთელი ღამე წიგნს კითხულობდნენ. მას სურდა ძმასთან განეხილა წაკითხული. ძმამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო მათთან.
ბენინი.
დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა დიდმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ოჯახის თავი ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარი იყო. შესწავლის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ მთელი ოჯახი საოლქო კონგრესზე გაემგზავრა. შაბათ საღამოს უფროსი ქალიშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა და მოკვდა. ამ დიდი ტრაგედიის მიუხედავად, მამა მაინც დაესწრო კვირის პროგრამას. ორშაბათს კი მან შვილის სიკვდილის შესახებ თქვა: „ამაში სატანის ხელი ურევია; მას უნდა, რომ გული გაგვიტეხოს, მაგრამ ჩემი ოჯახი ამას არ დაუშვებს“. მან სახლიდან გამოიტანა თავისი საეკლესიო ნივთები: ანაფორა, თავსაბურავი, ქამარი, ზეთი და კვერთხი. მისი ცოლი, რომელიც ეკლესიის მომსახურე იყო, მსგავსად მოიქცა. „ამ ეკლესიასთან უკვე საერთო აღარაფერი გვაქვს“, — განაცხადა მოძღვარმა. შემდეგ კი საქმეების 19:19-ის თანახმად, სახალხოდ დაწვა ყველაფერი. მთელი ოჯახი სულიერად სულ უფრო და უფრო ძლიერდება.
მადაგასკარი.
2006 წელს ერთ სოფელში, სადაც დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს, ეკლესიის ერთ მქადაგებელს მეზობელ სოფელში მცხოვრებმა მოწმემ მისცა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. მან ყურადღებით წაიკითხა წიგნი და დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. ამ კაცმა თავისი ეკლესიის წევრებსაც გაუზიარა ნასწავლი. მალე მან, მისმა ოჯახმა და ეკლესიის 20-მა წევრმა უარი თქვეს ეკლესიაზე და იეჰოვას მოწმეების მსგავსად დაიწყეს შეხვედრების ჩატარება. მოგვიანებით მათ დახმარება სპეციალურმა პიონერებმა აღმოუჩინეს. ბევრმა გამოთქვა შესწავლის სურვილი. პიონერებმა აგრეთვე ორგანიზება გაუწიეს წიგნის შესწავლისა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის რეგულარულად ჩატარებას. ოქტომბერში 5 ადამიანი მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, ამიტომ პიონერებმა საჯარო შეხვედრისა და თეოკრატიული მსახურების სკოლის ჩატარებაზეც იზრუნეს. შეხვედრებს საშუალოდ 40 ადამიანი ესწრება და 20-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა ტარდება.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ჰენი ცოლთან ერთად ქადაგებდა კარდაკარ. ერთ სახლთან ძაღლმა ღობიდან თავი გამოყო და ჰენს ხელზე უკბინა. მას თქრიალით სდიოდა ჭრილობიდან სისხლი, ამიტომ სახლში დაბრუნდნენ. ცოლმა მოჰბანა ჭრილობა და შეუხვია. ჰენმა გადაწყვიტა, ექიმთან მოგვიანებით წასულიყო. მან უთხრა ცოლს, რომ არ სურდა ძაღლს ხელი შეეშალა მისთვის მსახურებაში. ასე რომ, ერთი საათის შემდეგ ისინი ისევ დაბრუნდნენ უბანზე. მათ ქადაგება დაიწყეს ავი ძაღლის პატრონის მეზობელთან. ერთ კართან ისინი მამაკაცმა შეიპატიჟა სახლში. ის ყურადღებით უსმენდა და შემდეგ შეხვედრაზეც დათანხმდა. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება. როცა ის ჰოლანდიის რეფორმატორულ ეკლესიაში მივიდა წევრობის გასაუქმებლად, ეკლესიის ხანდაზმულმა წევრმა დიაკვნობა შესთავაზა. მაგრამ მან არ შეიცვალა გადაწყვეტილება და ეკლესია დატოვა. ის კვლავაც წინ მიიწევს სულიერად და თეოკრატიული მსახურების სკოლაშიც ჩაეწერა.
ტანზანია.
2005 წლის ოქტომბერში ერთ-ერთი კამპანიის დროს, 9 ძმა ირინგის კრებიდან გაემგზავრა დაახლოებით 75 კილომეტრით დაშორებულ სოფელ პავაგაში. მათ გაიგეს, რომ ერთი მაუწყებელი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ამიტომ მისი ნახვა მოინდომეს. ბევრი წვალების შემდეგ მათ იპოვეს ძმა, რომელიც 20 წელზე მეტხანს ცხოვრობდა იქ და ფიქრობდა, რომ ქვეყანაში სამეფოს საქმიანობა კვლავაც აკრძალული იყო. ამ ტერიტორიაზე ის წლების განმავლობაში ქადაგებდა. მან უთხრა ძმებს, რომ ზოგს გულწრფელად აინტერესებდა ბიბლიის ცნობა. ირინგის კრებიდან ძმები ორი კვირით რჩებოდნენ პავაგაში, რათა დახმარებოდნენ დაინტერესებულებს. 2006 წელს ორი პიონერი საცხოვრებლად გადავიდა ამ „ნაყოფიერ“ ტერიტორიაზე. მათ სულიერი დახმარება აღმოუჩინეს ძმას და დღეს იქ უკვე 9 მაუწყებელია. შეხვედრებს ისინი ხის ქვეშ ატარებენ, მაგრამ გეგმავენ ხელთარსებული მასალით შეხვედრებისთვის პატარა დარბაზის აგებას.
რუანდა.
ერთმა გოგონამ, ჯენტილამ სახელი გაითქვა ფეხბურთში გოლების გატანით. მას მანაიბიტეგოს უწოდებდნენ, რაც კინიარუანდა ენაზე „გოლების ღმერთს“ ნიშნავს. იტალიელებს შეუმჩნეველი არ დარჩათ ის და დამატებითი ვარჯიშები ჩაუტარეს. შემდეგ ის ფეხბურთის სათამაშოდ იტალიაში მიიწვიეს. ევროპაში გადასვლა და სახელგანთქმულ ფეხბურთელად გახდომა მაცდური შემოთავაზება იყო. თუმცა ჯენტილამ იცოდა, რომ ამ შემთხვევაში მას ოჯახთან განშორება მოუწევდა. ჯენტილას დედა იეჰოვას მოწმეა. ჯენტილა ადრე თავადაც სწავლობდა ბიბლიას, მაგრამ სერიოზულად არ ეკიდებოდა, რადგან მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე ფეხბურთი იდგა. მიუხედავად ამისა, ის დედას ესაუბრა ამ საკითხზე და მიხვდა, რომ თანხმობის შემთხვევაში მის სულიერობას საფრთხე დაემუქრებოდა. ჯენტილამ გადაწყვიტა, წინადადებაზე უარი ეთქვა და სამეფოს ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაეყენებინა. ახლახან ჩატარებულ კონგრესზე ჯენტილა მოინათლა.
ამერიკა
ქვეყნები 55
მოსახლეობა 893 357 181
მაუწყებლები 3 367 544
ბიბლიის შესწავლები 3 236 692
კიურასაო.
ერთ დღეს, როცა ძმა ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მივიდა, დაინტერესებულმა მამაკაცმა ტყვია აჩვენა და ჰკითხა, თუ იცოდა, რა იყო ეს. შემდეგ აუხსნა, რა მდგომარეობაში იყო, სანამ ძმა პირველად მიაკითხავდა. მან სამუშაოც დაკარგა და ოჯახიც, ამიტომ თვეების განმავლობაში თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. შურისძიებით შეპყრობილმა გადაწყვიტა, მოეკლა ოთხი ადამიანი, რომლებიც თავისი პრობლემების მიზეზად მიაჩნდა. რევოლვერში ოთხი ტყვია ჩადო, ერთი კი შეინახა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავი მოეკლა. მაგრამ სახლიდან გასვლამდე გადაწყვიტა, ღვთისგან დახმარება მიეღო. ტელევიზორი ჩართო და რელიგიური გადაცემის ყურება დაიწყო. ამ დროს კარზე ორმა მოწმემ დაუკაკუნა; მათთან საუბრის შემდეგ კაცმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მან გადააგდო ოთხი ტყვია, მეხუთეს გადაგდება კი დაავიწყდა. როდესაც მეხუთე ტყვია ჯიბეში იპოვა, ძმას აჩვენა და ყველაფერი მოუყვა. შემდეგ აღნიშნა, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ. მან თქვა, რომ ხუთი ადამიანი იეჰოვას მოწმეებს უნდა უმადლოდეს სიცოცხლისთვის. ამჟამად ის კრების შეხვედრებს ესწრება.
ურუგვაი.
თვალცრემლიანმა ქალმა ორი მოწმე სახლში შეიპატიჟა და უთხრა, რომ მთელი ღამე ღმერთს ევედრებოდა, თავისი ნება გაემჟღავნებინა. არც ისე დიდი ხნის წინ ის თავისი ეკლესიის მოძღვრებმა მოინახულეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მეათედი წაეღოთ. ეს ქალბატონი გულგატეხილი იყო, რადგან სხვა მიზნით მათ არასდროს მოუნახულებიათ, მაშინაც კი, როცა გაჭირვების დროს დახმარებას სთხოვდა. თვეზე მეტი იყო, რაც ის ეკლესიაში აღარ დადიოდა. ბოლოს კი ერთ-ერთ მოძღვარს უთხრა, რომ თავს მოტყუებულად გრძნობდა, რადგან მათ სწავლებებში შეუსაბამობას ხედავდა. განმარტების ნაცვლად მოძღვარმა უთხრა, რომ შვიდი წყევლა დაატყდებოდა, რადგან ეკლესია მიატოვა. ძმებმა ქალს აუხსნეს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ანგელოზების მეშვეობით ეძებს ჭეშმარიტების მძებნელთ. მას უამრავი კითხვა ჰქონდა და ძმებმა მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მოგვიანებით მისმა ქმარმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ორივენი დაესწრნენ გახსენების საღამოსა და სპეციალურ მოხსენებას. ცოლ-ქმარი გააოცა სამეფო დარბაზში სწავლების მაღალმა დონემ და გაუკვირდათ, რომ ფულს არავინ სთხოვდა. ისინი ძლიერდებიან სულიერად და კრებაში ბევრი მეგობარი ჰყავთ.
ჩილე.
ჰორნის კონცხი მსოფლიოს უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს, მაგრამ იქაც კი ტარდება ბიბლიის შესწავლა შუქურის მეთვალყურის ცოლთან. პუნტა-არენასიდან ჰორნის კონცხზე საცხოვრებლად გადასვლამდე ოთხი კვირით ადრე ქალმა დამხმარე პიონერთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ახლა ისინი ბიბლიის შესწავლას ტელეფონის მეშვეობით ატარებენ. ქალი სულიერად წინ მიიწევს.
კოსტა-რიკა.
ამ ქვეყანაში დაახლოებით 10 000 გუამის ტომის ინდიელია; ისინი ძირითადად პანამის საზღვართან პატარა ქალაქ სიქსაოლაში ცხოვრობენ. ბევრი მათგანი გულწრფელ ინტერესს ავლენს ბიბლიისადმი. მათთვის სულიერი დახმარების გასაწევად გაგზავნეს ცოლ-ქმარი, რომლებიც სპეციალურ პიონერებად მსახურობენ. მათ ენის შესწავლა დაიწყეს. 26 ადგილობრივი და-ძმის დახმარებით მათ ბევრი რამ გააკეთეს. როცა გუამის ტომის ენაზე პირველად ჩატარდა უფლის გახსენების საღამო, დამსწრეთა რაოდენობამ უპრეცედენტო რიცხვს — 264-ს მიაღწია. მას შემდეგ ზრდა არ შეწყვეტილა. მაგალითად, წიგნის შესწავლას, რომელშიც 13 მაუწყებელი იყო, საშუალოდ 20 ადამიანი ესწრებოდა. ახლა კი შესწავლას დაახლოებით 40 ადამიანი ესწრება. შედეგად, საჭირო გახდა წიგნის შესწავლის კიდევ ორი ჯგუფის ჩამოყალიბება.
პანამა.
ფიზკულტურის მასწავლებელმა რამირომ 2004 წელს დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. იმ დროს ის ექვს კლასს უტარებდა გაკვეთილებს და კვირაში 24 საათის ნაცვლად მხოლოდ 12 საათს მუშაობდა. ამიტომ სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ დანარჩენ 12 საათს იმავე კლასებს რელიგიის გაკვეთილებს ჩაუტარებდა. „უბრალოდ, ესაუბრე ღმერთზე, იესოზე და ბიბლიაზე“, — უთხრა დირექტორმა. რამირო იმას ასწავლიდა ბავშვებს, რასაც თავად სწავლობდა ბიბლიიდან. სასწავლო წლის განმავლობაში ის 150 ბავშვს, რომლებიც VI—VIII კლასებში იყვნენ, ასწავლიდა წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მომდევნო წელს, როცა გამოიცა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რამირო მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. ის ახლა ამ წიგნს იყენებდა რელიგიის გაკვეთილზე. ექვს კლასში მოწაფეების რაოდენობა 160-მდე გაიზარდა. ზოგ მოსწავლესთან რამირო და სხვა მაუწყებლები ბიბლიის საშინაო შესწავლას ატარებენ. ზოგმა მშობელმა დაინახა, რომ მათი შვილები უკეთესები გახდნენ, ამიტომ რამიროს მადლობა გადაუხადეს. ზოგიერთი მათგანი კრების შეხვედრებზე დადის და კონგრესებსაც კი ესწრება. რამირო 2006 წლის ნოემბერში მოინათლა და კვლავაც ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ ხალხს ჭეშმარიტება ასწავლოს.
გვატემალა.
ქალაქ გვატემალაში ერთმა მაუწყებელმა ჯერემიმ სახლში მიაკითხა ახალგაზრდას, რომელსაც ბიბლიას ასწავლიდა. სახლი ვიწრო ქუჩაზე იდგა. კარი ამ ახალგაზრდის დამ გაუღო და უთხრა, რომ მისი ძმა სახლში არ იყო. ჯერემი ისევ კართან იდგა, როცა ორი ახალგაზრდა მივიდა მასთან. ერთმა პისტოლეტი მიადო ჯერემის თავზე და უთხრა: „მე შენ მოსაკლავად დამიქირავეს“ (მოგვიანებით ჯერემიმ გაიგო, რომ ყაჩაღები ასე აშინებენ მსხვერპლს). ჯერემი გვიამბობს: «გოგონამ კარი დაკეტა. მე ვკითხე ყაჩაღებს, რა უნდოდათ. ერთმა მითხრა: „აქ რას აკეთებ?“ ვუთხარი, რომ იეჰოვას ცნობას ვავრცელებდი. „მომეცი ეგ ცნობა!“ — მითხრა მან უხეშად. დავიბენი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. გავხსენი ჩანთა და ბიბლია ამოვიღე. ამის დანახვაზე პისტოლეტიანმა ყაჩაღმა ტირილი დაიწყო, რადგან იცოდა, რომ ცუდად იქცეოდა. ის შემეხვეწა, რომ დავხმარებოდი. მან ჩანთა გამიჩხრიკა და ამოიღო ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომელშიც ფულზე იყო საუბარი. მეორემ ჯიბეების გაჩხრეკვა დამიწყო, რომ საფულე ეპოვა, მაგრამ პისტოლეტიანმა უთხრა: „თავი დაანებე, აღარ გაჩხრიკო“. შემდეგ მადლობა გადამიხადა და გადამეხვია, ბოლოს ორივენი წავიდნენ. სიმშვიდე დამეუფლა და იეჰოვას მადლობას ვეუბნებოდი, რომ გადამარჩინა».
დომინიკელთა რესპუბლიკა.
ერთი და, რომელიც ორთოდონტია, დაესწრო სტომატოლოგების ერთდღიან სემინარს. სემინარზე დამსწრე 250 სტომატოლოგს შესაძლებლობა მიეცა, შეევსო ანკეტა, რომ ევროპაში ძვირად ღირებული კურსები გაევლო. თუმცა მხოლოდ რვა სტომატოლოგს მიიწვევდნენ. დღის ბოლოს დას უთხრეს, რომ ის მიწვეული იყო ამ კურსებზე, თანაც სწავლის საფასურს არ გადაიხდიდა. გაოცებულმა დამ ორგანიზატორებს უთხრა: „დიდი მადლობა მიწვევისთვის, მაგრამ ანკეტა არ შემივსია, თანაც თქვენი შეთავაზების მიღება არ შემიძლია. მე იეჰოვას მოწმე ვარ და ჩემი ოჯახის სულიერი კეთილდღეობა ჩემთვის უმთავრესია. თუ ამ კურსებზე წავალ, მაშინ უარი უნდა ვთქვა ბიბლიის შესასწავლ ყოველკვირეულ ხუთ შეხვედრაზე, რომლებიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რა სიხარულს მომიტანს ეს კურსები და მიღებული ხარისხი, თუ მოზარდი შვილები ჩემს არყოფნაში ნარკომანები და კრიმინალები გახდებიან?!“
აზია და ახლო აღმოსავლეთი
ქვეყნები 47
მოსახლეობა 3 993 686 009
მაუწყებლები 607 112
ბიბლიის შესწავლები 496 577
ისრაელი.
ახალგაზრდა დამ, ელამ, რომელიც დამხმარე პიონერად მსახურობს, დაინახა, რომ ერთი მოხუცი ქალი ძლივს მიათრევდა ნაგავს გადასაყრელად. ელა მიეხმარა მოხუცს და უქადაგა. მოხუცმა მისამართი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიაკითხა, ელამ ვერ შეძლო მასთან შეხვედრა. ერთხელაც მოხუცმა კარი გააღო. მას ცუდად ესმოდა და ელას კაკუნს ვერ იგებდა. ელამ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ქალი ათეისტი იყო, მაგრამ თანდათანობით შეიყვარა ღმერთი და ბიბლია. ორი წლის შემდეგ მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და არცთუ ისე დიდი ხნის წინ 92 წლის ასაკში მოინათლა.
მონღოლეთი.
ხანში შესული თერბიში მთელი ცხოვრება წიგნების მაღაზიაში მუშაობდა. ერთხელ მას 18 წლის პიონერმა დამ, მუნკზაიამ მიაკითხა. თერბიშმა უთხრა, რომ ძალიან ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, წიგნის კითხვას თავიდან დაიწყებდა, შუიდან თუ ბოლოდან, ადვილად ხვდებოდა მის შინაარსს. მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა წაეკითხა ბიბლია, მის შინაარსს ბოლომდე მაინც ვერ წვდებოდა. ეკლესიაში სიარულიც ვერ დაეხმარა ამაში. ამიტომ პირადად იკვლევდა ბიბლიას და თითოეულ მუხლზე ჩანაწერს აკეთებდა. თერბიშს განსაკუთრებით აინტერესებდა ებრაელების 11:6-ის გაგება. მუნკზაიამ ეს მუხლი აუხსნა, ბიბლიის შესწავლა შესთავაზა და სამეფო დარბაზში დაპატიჟა. მისამართის გაგების შემდეგ თერბიშმა ჰკითხა: „ამ შენობასთან ლამაზი ყვავილები ხომ არ არის? ყოველთვის, როცა ჩავუვლი ხოლმე, ვჩერდები და მათი სილამაზით ვტკბები. შეგიძლია გამაცნო ის, ვინც მათზე ზრუნავს?“ მუნკზაიამ ეს სიხარულით გააკეთა. დღეს თერბიში დიდი მონდომებით ეცნობა შემოქმედს და ესწრება კრების შეხვედრებს. მუნკზაია ამბობს: „თერბიშს ჩემზე ადრე ყვავილებმა უქადაგეს“.
იაპონია.
78 წლის ჰიროკოს ფეხები სტკივა, ამიტომ იმდენს ვეღარ ქადაგებს, რამდენსაც წარსულში ქადაგებდა. ჰიროკო ლოცვაში სთხოვდა ღმერთს დახმარებას და გამოსავალიც იპოვა; ის მიდის ავტობუსის ხალხმრავალ გაჩერებაზე, ნახევარი საათით ჩამოჯდება ხოლმე სკამზე, ხალხს უღიმის და მათი მდგომარეობით ინტერესდება. იქვე ახლოს საავადმყოფოა და თუ ჰიროკო ვინმეს ხელში წამლებს დაუნახავს, ინტერესდება მათი ჯანმრთელობით. ის ეხმარება მათ, ვინც ავტობუსის განრიგის წაკითხვას ცდილობს და ვისთვისაც ეს ტერიტორია უცხოა, საჭირო ინფორმაციას აწვდის. ჰიროკო უსმენს მოსაუბრეს და შემდეგ ჟურნალს სთავაზობს. ზოგს ის ამ გაჩერებაზე რეგულარულად ხვდება, ამიტომ შესაძლებლობა აქვს, კვლავ გაესაუბროს ამ ადამიანს.
მიანმა.
ლაზარუ ნარკოტიკების კონტრაბანდას ეწეოდა. ნარკოტიკები, მკვლელობა და ყველანაირი ბოროტება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ერთხელ პიონერმა დამ მას ბიბლიაში ანახვა, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია. ლაზარუ მაშინვე მიხვდა, რომ ეს ჭეშმარიტება იყო და ბიბლიის შესწავლაზე დასთანხმდა. თუმცა შესწავლა გაუგრძელდა, ის სულიერად იზრდებოდა. ყველაზე რთული მისთვის წარსულთან კავშირის გაწყვეტა იყო. როცა თანამზრახველებს უთხრა, რომ წასვლას აპირებდა, ისინი პანიკაში ჩაცვივდნენ, რადგან ლაზარუმ ძალიან ბევრი იცოდა ნარკოტიკების კონტრაბანდაზე. მათ რამდენიმე მკვლელი დაიქირავეს ლაზარუს მოსაკლავად, მაგრამ ის ახერხებდა მათგან გაქცევას. ბოლოს ლაზარუ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და ის და მისი ცოლი მოინათლნენ.
ტაივანი.
რამდენიმე მაუწყებელი ცოტა ხნით შეჩერდა ყავახანასთან, რომელსაც ჰქონდა უჩვეულო სახელი — „ეზრას წიგნის ყავახანა“. ერთ-ერთმა მაუწყებელმა ჰკითხა მეპატრონეს, რატომ დაარქვა ეს სახელი. მეპატრონემ მიუგო, რომ ყოველთვის მოხიბლული იყო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი ეზრას გულმოდგინებით. მრავალი წლის მანძილზე ის რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ ახლა შეწყვიტა სიარული, რადგან მის ვიეტნამელ ცოლს არ ესმოდა ქადაგება. მაუწყებელმა შესთავაზა, რომ მიუტანდა ბიბლიას ვიეტნამურ ენაზე. შუადღისას მათ უკვე ჰქონდათ თავიანთი ბიბლია და მთელმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
ინდოეთი.
ერთ ქალაქში სამქადაგებლო საქმიანობას სასტიკად ეწინააღმდეგებიან, ამიტომ ქადაგების გამო ხუთი და ოთხი დღით დააპატიმრეს. თავიდან ციხის ზედამხედველი ქალი უხეშად მოექცა დებს და გააფრთხილა, რომ ციხეში არ ექადაგათ. მან მალე შეამჩნია, რომ დები მშვიდები და მოსიყვარულეები იყვნენ, ამიტომ მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ძმების მიერ შემოგზავნილ ხილსა და სხვა საკვებს დები პატიმრებსა და ზედამხედველს სთავაზობდნენ. ერთ ღამეს ზედამხედველმა ყური მოჰკრა, რომ დები განიხილავდნენ საკითხებს წიგნიდან „დაუახლოვდი იეჰოვას“. მალე მათი საკნის შესასვლელთან სკამზე ჩამოჯდა და საუბარში შეუერთდა დებს. იმ დღეს, როცა დები ციხიდან გაათავისუფლეს, ზედამხედველ ქალს ნათესავი დაეღუპა; დებმა ის აღდგომის იმედით ანუგეშეს.
მანამდე სხვა ზედამხედველმა ქალმა დებს ჰკითხა, რისთვის დააპატიმრეს. ერთმა დამ უპასუხა, რომ ქადაგების გამო შეცდომით დაადანაშაულეს არალეგალურ პროზელიტიზმში. გაკვირვებულმა ზედამხედველმა დებს უთხრა: „მიუხედავად თქვენი მდგომარეობისა, ძალიან მშვიდად ლაპარაკობთ. მე ფიცხი ხასიათი მაქვს და, როცა თქვენ გაკვირდებით, ჩემი საქციელის მრცხვენია. ძალიან გთხოვთ, მიმითითეთ, როცა რაიმეს უხეშად ვიტყვი და მასწავლეთ, როგორ ვილაპარაკო თქვენსავით. ვერ გამიგია, რატომ ჩაგსვეს ასეთი კარგი ხალხი ციხეში“. როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, ის დებთან მიდიოდა და ეუბნებოდა: „მოდი კიდევ მელაპარაკეთ ბიბლიაზე; ეს გულს მიმშვიდებს“. ბიბლიის ცნობით ასევე დაინტერესდა ორი პატიმარი ქალი, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით ისხდნენ ციხეში. დები სიფრთხილეს იჩენდნენ მათთან და სხვა პატიმრებთან ქადაგების დროს. დები ახლა თავისუფლები არიან და ეძებენ შესაძლებლობებს, რომ უყურადღებოდ არ დატოვონ ისინი, ვინც ციხეში ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გამოავლინა.
ინდონეზია.
რესმავატმა, სპეციალურმა პიონერმა, ის-ის იყო ქადაგება დაამთავრა და შინ ბრუნდებოდა, რომ სახლში შეიპატიჟა ქალმა, რომელსაც ბიბლიაზე საუბარი სურდა. სამი დღის შემდეგ რესმავატმა კვლავ მოინახულა ეს ქალი. ქალმა ტირილით შესჩივლა, რომ ქმარი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. რესმავატმა წაუკითხა ებრაელების 4:12 და უთხრა, რომ ბიბლიის შესწავლას ბევრი რამის შეცვლა შეეძლო. მან გაიხსენა ტონის მაგალითი, რომელიც „იეჰოვას მოწმეთა 2003 წლის კალენდარში“ იყო მოცემული. ქალი დაინტერესდა და რესმავატს კალენდარი სთხოვა. მომდევნო მონახულებისას რესმავატმა მიუტანა ეს კალენდარი. მათ დაიწყეს ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“. შემდეგი შეხვედრის დროს ამ ქალის ქმარმაც მოინდომა შესწავლა. მან ტონის შემთხვევა წაიკითხა კალენდარში, რამაც ძალიან იმოქმედა მასზე. ამ კაცსაც ტონი ერქვა და სწორედ ისე იქცეოდა, როგორც კალენდარში მოხსენიებული ტონი ჭეშმარიტების შეცნობამდე. როდესაც კალენდარში ტონის შემთხვევა წაიკითხა, ამ კაცმა ცოლ-შვილს ჰკითხა: „ეს ჩემი სახელი არ არის? საიდან იცოდნენ ჩემი სახელი, რომ ჩემზე დაწერეს?“ ცოლმა უპასუხა: „მოწმეებმა შენი სახელი არ იციან და რომც სცოდნოდათ, მაინც ვერ დაწერდნენ ვერც 2003 წლის და ვერც 2007 წლის კალენდარში!“ ცოლმა შეამჩნია, რომ ქმარი დაინტერესდა და ჰკითხა: „გინდა ისეთი გახდე, როგორიც კალენდარში მოხსენიებული ტონია?“ მისდა გასაოცრად, ქმარმა უპასუხა: „მინდა ვცადო“. კალენდარში მოხსენიებული ტონის მსგავსად, ინდონეზიელმა ტონიმაც შეიცვალა ცხოვრება, გრძელი თმა შეიჭრა და თავი მოიწესრიგა. დღეს მთელი ოჯახი სწავლობს ბიბლიას.
მალაიზია.
ბორნეოში ძმები ინტერნეტიდან თავიანთი სამქადაგებლო ტერიტორიის სატელიტურ სურათებს იღებენ. მათ ანგარიშში ნათქვამია: „ეს გვეხმარება, ადვილად ვიპოვოთ საცხოვრებელი სახლები ტროპიკულ ტყეში. ზოგიერთი სახურავი, რომელიც თანამგზავრიდან მოჩანს, თხების სადგომი ყოფილა და ბევრი ვიცინეთ, როცა „თხებთან“ მივედით საქადაგებლად; თუმცა ზოგი სახურავი საცხოვრებელი სახლისაა. ამ მთიან მხარეში არასოდეს გვიქადაგია. ტროპიკული ტყე ძალიან ხშირია და ბილიკის მიყოლა რთულია, ამიტომ სატელიტიდან აღებული სურათები გზის გაკვლევაში გვეხმარება“.
ევროპა
ქვეყნები 47
მოსახლეობა 732 610 687
მაუწყებლები 1 533 790
ბიბლიის შესწავლები 749 911
უნგრეთი.
12 წლის და გვწერს: „ცხრა თვის წინ მოვინათლე და უკვე სამი თვეა, დამხმარე პიონერად ვმსახურობ. დედაჩემი ძალიან მეხმარება. ბევრს უკვირს, როგორ ვახერხებ სკოლის მოსწავლე დამხმარე პიონერობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ სკოლის გარეშე ამის გაკეთება გამიჭირდებოდა. შესვენების დროს კლასელებთან ვქადაგებ. ხუთ კლასელს რეგულარულად ვესაუბრები ბიბლიაზე, აქედან ორს ბიბლიის შესწავლას ვუტარებ. ეს იეჰოვას კურთხევაა. პიონერული მსახურება ჩემთვის ტვირთი კი არა, სიხარულია. დედაჩემი პიონერია და მეც მინდა, რომ პიონერი გავხდე და სრული დროით ვემსახურო იეჰოვას“.
დიდი ბრიტანეთი.
სიუზანმა ბიბლიის შესწავლა 2001 წელს დაიწყო და დაახლოებით ორი წელი სწავლობდა. ამ ხნის განმავლობაში სიგარეტისთვის თავის დანებებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მან ბიბლიის შესწავლა შეწყვიტა, მაგრამ კრების შეხვედრები არ მიუტოვებია. ოთხი წლის შემდეგ ის მიხვდა, რომ სულიერად უნდა გაზრდილიყო და დახმარებისთვის კრებას მიმართა. მან შესწავლა განაახლა; სიუზანს ძალიან დაეხმარა წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. ამ წიგნში დეტალურად არის განხილული, როგორ ვუყვარვართ იეჰოვას და ჩვენ როგორ შეგვიძლია მისდამი სიყვარულის გამოვლენა. ამ განხილვამ ძალიან იმოქმედა სიუზანზე. რვა კვირის განმავლობაში მან შეძლო სიგარეტისთვის თავის დანებება. როგორც სიუზანი ამბობს, მას ეს წიგნი დაეხმარა, იეჰოვაზე მინდობა ესწავლა. სიუზანმა სულიერად წინ წაიწია, თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა საოლქო კონგრესზე დევიზით „მიჰყევით ქრისტეს!“
ესტონეთი.
ჰელგი, ჩვიდმეტი წლის სტუდენტი, რომლის მშობლებიც განქორწინებულები არიან, ცალკე ცხოვრობდა. მან ინტერესი გამოავლინა ჭეშმარიტებისადმი და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თავიდან ის კრების ყველა შეხვედრას ვერ ესწრებოდა, რადგან ანსამბლში მღეროდა. თანდათანობით ჰელგიმ შეიყვარა ჭეშმარიტება და ცხოვრების შეცვლა დაიწყო. მან აუხსნა ანსამბლის წევრებს, თუ რატომ ვერ იმღერებდა მათთან ერთად იმ საღამოს, როცა კრების შეხვედრა ჰქონდა. ჰელგი ჩაეწერა თეოკრატიული მსახურების სკოლაში და მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. მან მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურსში, რომლის ფინალისტსაც ცნობილი ხმისჩამწერი სტუდია კონტრაქტს გაუფორმებდა. ჟიურის მოწონება მხოლოდ რამდენიმემ დაიმსახურა, მათ შორის ჰელგიმ, რომელიც მეორე ტურში გავიდა. მაგრამ ტური სწორედ იმ საღამოს ტარდებოდა, როცა ჰელგის პირველი დავალება ჰქონდა თეოკრატიული მსახურების სკოლაში. როგორ მოიქცა ის? დედამისმა, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, ურჩია, რომ უარი ეთქვა დავალებაზე ან გადაეცვალა ის. ჰელგიმ თქვა, რომ მთავარი დავალების შესრულება კი არ იყო, არამედ რას დააყენებდა პირველ ადგილზე — სულიერს თუ ფიზიკურს. ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, კრებაზე წასულიყო და არა სიმღერის კონკურსზე. ჰელგიმ შეას რულა თავისი დავალება და დედამისმა პატივი სცა მის არჩევანს.
ერთი ტელერეპორტიორი ესწრებოდა საოლქო კონგრესს დევიზით „მიჰყევით ქრისტეს!“, რათა რეპორტაჟი მოემზადებინა კონგრესის პროგრამასა და ნათლობაზე. მან გადაიღო ჰელგის ნათლობა და ინტერვიუ აიღო მისგან. იმ საღამოს ახალი ამბების მთავარი თემა ჰელგის ნათლობა იყო. რეპორტაჟში ნაჩვენები იყო კადრები სიმღერის კონკურსის პირველი ეტაპიდან, სადაც ჰელგი მღეროდა, შემდეგ მისი ნათლობა და ინტერვიუ, რომელშიც სახეგაბრწყინებული ჰელგი ამბობდა: „ეს საუკეთესო არჩევანია ჩემს ცხოვრებაში“.
ბულგარეთი.
იველინი სასჯელს იხდის ბელენის ციხეში. მან იეჰოვას მოწმეთა ფილიალს მისწერა: «ციხეში შემთხვევით ვიპოვე ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, რომლის წაკითხვის შემდეგაც უამრავი კითხვა გამიჩნდა. უკვე მოვინანიე ცოდვები და ვცდილობ შევიცვალო. მინდა რაღაც გთხოვოთ, თუმცა იმედი არა მაქვს, რომ შემისრულებთ, რადგან ამის გაკეთება შეიძლება გაგიჭირდეთ. შეგიძლიათ მომწეროთ იეჰოვა ღმერთზე, რათა მეტი გავიგო მის შესახებ? არ ვიცი, მივიღებ თუ არა თქვენგან პასუხს, მაგრამ იეჰოვას შესახებ ცოდნა დიდ ბედნიერებას მანიჭებს. მეტის გაგება არა მარტო მე მჭირდება, არამედ სხვა პატიმრებსაც. წერილის მოწერას თუ ვერ შეძლებთ, მინდა გახსოვდეთ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად დაგიკავშირდებით!» ძმები დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ მას და ახლა იველინთან და სხვა ცხრა პატიმართან ბიბლიის შესწავლას ატარებენ.
პორტუგალია.
ჟანა, სპეციალური პიონერი გვიამბობს: „ერთ დღეს მეტროში დავინახე ჩინელი მამაკაცი და გადავწყვიტე, მისთვის მექადაგა. მას გაუკვირდა, რომ ჩინურად ვლაპარაკობდი და მითხრა, რომ საავადმყოფოში მიდიოდა, რადგან მის ცოლს მალე საკეისროს უკეთებდნენ. ცოლ-ქმარმა პორტუგალიური არ იცოდა, ამიტომ საავადმყოფოში თარჯიმნის მიყვანა სთხოვეს. სასოწარკვეთილმა კაცმა მთხოვა, დავხმარებოდი. მეორე დღეს ქირურგებმა მითხრეს, ჩამეცვა ექიმის ხალათი და მშობიარესთან ვყოფილიყავი. ოპერაციის დროს ამ ქალის ხელი მეჭირა; ის უამრავ კითხვას მისვამდა ბიბლიისა და ჩვენი საქმიანობის შესახებ. დაიბადა მშვენიერი გოგონა. ქალი ძალიან მადლიერი იყო, ამიტომ მთხოვა გოგონასთვის სახელი მე შემერჩია. ერთი წამით დავფიქრდი და მას სარა დავარქვი. დედას მოეწონა სახელი და მოინდომა მეტი გაეგო ამ ბიბლიური პერსონაჟისა და მისი ღმერთის შესახებ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მათ ბიბლიის შესწავლა შევთავაზე. ადრე მოწმეებთან საუბარზე ისინი უარს აცხადებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ თვალსაზრისი შეიცვალეს. ისინი მაშინვე დამთანხმდნენ ბიბლიის შესწავლაზე და დღეს კრების შეხვედრებს ესწრებიან“.
სლოვაკეთი.
ცოლ-ქმარი, რომლებიც სპეციალურ პიონერებად მსახურობენ, ავღანეთიდან ჩამოსულ ორ ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდნენ. ისინი დაინტერესდნენ ბიბლიით და თუმცა სლოვაკეთში ცოტა ხნით იყვნენ, პიონერებმა მოასწრეს მათთან რამდენჯერმე შეხვედრა; მათ მისცეს ბიბლია და წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. პიონერებმა აგრეთვე აჩვენეს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა, რათა დამოუკიდებლად შეესწავლათ ბიბლია და სხვებისთვისაც ესწავლებინათ ის.
ოკეანეთი
ქვეყნები 30
მოსახლეობა 36 829 259
მაუწყებლები 96 691
ბიბლიის შესწავლები 51 122
ახალი ზელანდია.
ერთხელ შუადღისას ძმა პოლი კარდაკარ მსახურებისას ერთ ქალს შეხვდა. ქალმა ძმას ბროშურა გამოართვა და თქვა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ნათესავმა უთხრა, ჭეშმარიტება გჭირდებაო. ქალმა სწორედ იმ დილით ილოცა, ღმერთს სახელით მიმართა და სთხოვა, რომ მასთან ვინმე მისულიყო. ძმა პოლი გვიყვება: „სამი საათის შემდეგ მის კართან ვიდექი. წესით ის ამ დროს სახლში არ უნდა ყოფილიყო“. ქალი სიხარულით დასთანხმდა პოლს ბიბლიის შესწავლაზე და სულიერად წინ მიიწევს.
ავსტრალია.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, არმანდო და ელვირა, აღმოსავლეთ ტიმორში ცხოვრობს, რომელზეც ავსტრალიის ფილიალი ზრუნავს. 2006 წელს სამეზობლოში ეთნიკური შეტაკებების გამო მათ გაქცევა მოუწიათ. ცოლ-ქმარმა თავი ლტოლვილთა ბანაკს შეაფარა. სახლიდან მათ მხოლოდ ორი რამ წამოიღეს — ბიბლია და ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“. არმანდო და ელვირა დაუკავშირდნენ ძმებს; ისინი კვირაში ორჯერ სწავლობდნენ ბიბლიას და კრების შეხვედრებს ესწრებოდნენ. არმანდომ უქადაგა ნათესავებს, რომელთა სოფლამდე ჩასვლასაც ოთხ საათ-ნახევარი სჭირდებოდა. მისი ოჯახის წევრები დაინტერესდნენ სამეფოს შესახებ ცნობით. ის დაუკავშირდა ბაუკაუში მცხოვრებ პიონერებს, რომ მისი ოჯახი მოენახულებინათ. სოფელში ჩასასვლელად პიონერებს საათ-ნახევარი დასჭირდათ. ოცზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომ პიონერებისთვის მოესმინათ. არმანდოს მამა, რომელიც მთელი ჯგუფის სახელით ლაპარაკობდა, დაინტერესდა, თუ კერპებს გადაყრიდნენ, დაცული იქნებოდნენ თუ არა ბოროტი სულებისგან. პიონერებმა დაარწმუნეს, რომ იეჰოვა აუცილებლად დაეხმარებოდა მათ. კერპები ყველამ გადაყარა. ამჟამად ამ სოფელში 25-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა ტარდება. არმანდოს უნდა მალე მოინათლოს, ელვირაც სულიერად წინ მიიწევს.
გუამი.
კუნძულ საიპანზე, რომელსაც მეთვალყურეობას გუამის ფილიალი უწევს, ერთი და ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ მისი მეუღლე, ყოფილი მოწინააღმდეგე, ჩუმად კითხულობდა პუბლიკაციებს, რომლებსაც და გამოსაჩენ ადგილებზე დებდა. „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის გარდა ქმარმა წაიკითხა „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ და რამდენიმე „წელიწდეული“. ერთ მშვენიერ დღეს მან ცოლსა და ხუთ შვილს უთხრა, რომ ოჯახისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებდნენ. ასეთი რამ მას არასდროს გაუკეთებია. როგორც გაირკვა, მისი მიზანი იყო, სამი ქალიშვილისთვის ქორწინებასთან დაკავშირებით რჩევები მიეცა. მას დიდ ფურცელზე ჩამოწერილი ჰქონდა მოთხოვნები მომავალი საქმროებისთვის. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შელა ვინფილდ და კონსასაუს ბიოგრაფიამ, რომელიც 2006 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ იყო დაბეჭდილი. შელას მსგავსად, მამამაც ჩამოწერა, მომავალი მეუღლის სასურველი თვისებების სია. მან ურჩია ქალიშვილებს, რომ გაჰყოლოდნენ მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს, რომლებსაც ეყვარებოდათ იეჰოვა და მათზე უკეთესად ეცოდინებოდათ ბიბლია. მას სურდა, რომ ქალიშვილებსაც განეცადათ ისეთი ბედნიერება, როგორიც ამ სტატიაში იყო აღწერილი. მამის სიტყვებმა გოგოებზე ძალიან იმოქმედა და ჩაუსახა იმედი, რომ ერთ დღესაც მამა იეჰოვას თაყვანისმცემლობაში შეუერთდებათ.
სამოა.
ერთ-ერთმა ფილიალმა ახლახან სამოაში ერთი წყვილი გაგზავნა. მსახურების დროს პირველივე კართან ძმამ მობინადრეს შესთავაზა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ის არ მოელოდა, რომ სახლში შეიპატიჟებდნენ. ქალბატონი ყოფილი ბიზნესმენი აღმოჩნდა. მცირე პაუზის შემდეგ მან ძმას უთხრა: „ამ დილით თქვენთან მხოლოდ 45 წუთი შემიძლია ვისაუბრო“. ასეთი შემთხვევა ძმას მანამდე არ ჰქონია. მათ მაშინვე დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. მომდევნო კვირას, როდესაც ძმამ ცოლთან ერთად მიაკითხა ამ ქალბატონს, მას უკვე მომზადებული ჰქონდა ბიბლია და წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. მათ იმედი აქვთ, რომ შესწავლას კვლავაც განაგრძობენ.
სოლომონის კუნძულები.
კუნძულ სან-კრისტობალის იმ ნაწილში, სადაც ემილი პიონერად მსახურობს, სხვა მოწმეები არ არიან. ის ბიბლიის 20 შესწავლას ატარებს. ემილის მშობლები და კიდევ ერთი შემსწავლელი უკვე მოუნათლავი მაუწყებლები არიან. ემილის რომ გახსენების საღამოს ორგანიზებაში დახმარებოდნენ, საერთაშორისო მსახურებმა, ლანსმა და დიანამ, შვებულება აიღეს და 14 საათი იმგზავრეს გადაჭედილი პატარა სატვირთო გემით. ლანსი ამბობს: «მგზავრობის შემდეგ ძალიან გვეძინებოდა, მაგრამ ვიფიქრეთ, უკეთესი იქნებოდა, თუ ჯერ სოფლის თავკაცს მოვინახულებდით. როცა ჩვენი ჩამოსვლის მიზანი ავუხსენით, მან გვითხრა: „ბევრს არ მიუღია ეს მოსაწვევი. შეიძლება, რომ ისინიც მოვიდნენ?“. ჩვენ სიხარულით დავპატიჟეთ ყველა.
გახსენების საღამოს დაწყებამდე მხოლოდ ორი ქალი და რამდენიმე ბავშვი იყო მოსული. თუმცა იქვე ახლოს, ხეებთან ბევრს მოეყარა თავი. ჩვენ მაშინვე მოვიწვიეთ ისინი. ჩამობნელდა და გასანათებლად პატარა გენერატორი ჩავრთეთ. გახსენების საღამოს მოხსენებას დამსწრეები გაფაციცებით უსმენდნენ». ეს მოხსენება დაახლოებით 130-მა ადამიანმა მოისმინა. მათ შორის იყო მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიის მომსახურე, რომელმაც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ითხოვა, რადგან უფრო გასაგები ენით იყო დაწერილი. იმ დღეს ხუთმა ადამიანმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
პაპუა-ახალი გვინეა.
პატარა ქალაქთან მდებარე ორ სოფელში კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა. ამიტომ იქ ქადაგება რთული იყო. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ძმები მივიდნენ სოფლის თავკაცებთან, რათა გაეცნოთ ჩვენი საქმიანობა და აეხსნათ, რატომ გვსურს ყველასთან საუბარი. საინტერესოა, ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ სოფელში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ დახმარებოდნენ ახალგაზრდებს, უკეთ მოქცეულიყვნენ. ძმებმა სოფლის თავკაცებს უთხრეს, რომ ბიბლიის ცოდნა დაეხმარებოდათ ახალგაზრდებს.
ძმებს მისცეს ქადაგების უფლება და რამდენიმე ახალგაზრდამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ხალხს შეუმჩნეველი არ დარჩა, რომ ეს ახალგაზრდები იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის შედეგად უკეთესები გახდნენ, და წინააღმდეგობა შეწყვიტეს. ამ ახალგაზრდებს შესწავლაში მშობლები და მეგობრებიც შეუერთდნენ, მათ შორის ერთი გოგონა, რომლის მამაც ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარი იყო და ერთ დროს ძმებს ემუქრებოდა. მან თავის ქალიშვილს უთხრა: „მაშინ დიდი შეცდომა დავუშვი. იმედი მაქვს, რომ ღმერთი და იეჰოვას მოწმეები მაპატიებენ“. ამ ორ სოფელში ამჟამად 27 ადამიანი რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს. სულ მცირე, ოთხი ადამიანი მოინათლა. დღეს ისინი დამხმარე პიონერებად მსახურობენ და სრული დროით მსახურების დაწყება სურთ.
[რუკა⁄სურათი 48 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
[სურათი]
შუქურა ჰორნის კონცხზე
[რუკა 63 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სან-კრისტობალი
[სურათი 44 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა ანტანანდავაში, მადაგასკარი
[სურათი 46 გვერდზე]
დაინტერესებულთა ჯგუფთან შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ პავაგაში, ტანზანია
[სურათი 49 გვერდზე]
წიგნის შესწავლა სიქსაოლაში, კოსტა-რიკა
[სურათი 50 გვერდზე]
რამირო წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“
[სურათი 53 გვერდზე]
ჰიროკო ავტობუსის გაჩერებაზე ქადაგებს
[სურათი 58 გვერდზე]
ჰელგი (მარჯვნივ) თეოკრატიული მსახურების სკოლაში დავალებით გამოდის
[სურათი 64 გვერდზე]
ლანსი, დიანა და ემილი