-
მაიას ხალხის თავისუფლებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 დეკემბერი
-
-
ამ მეცნიერულად პროგრესულ ხალხს სულ სხვაგვარად გვაცნობს მათი რელიგია. ისინი მზის, მთვარის, წვიმის, სიმინდისა და სხვა უამრავ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს. მათი ქურუმები გულმოდგინე ვარსკვლავთმისნები იყვნენ. ისინი თაყვანს სცემდნენ გამოსახულებებს, აკმევდნენ საკმეველს, ისახიჩრებდნენ სხეულს, იდენდნენ სისხლს; ტყვეებს, მონებსა და განსაკუთრებით ბავშვებს ცოცხლად სწირავდნენ თავიანთ ღვთაებებს.
ესპანელთა „სტუმრობა“
XVI საუკუნის დასაწყისში ამ ტერიტორიაზე ესპანელები ჩავიდნენ, სადაც დიდი ცივილიზაცია დახვდათ. ესპანელ მოგზაურებს, ანუ კონკისტადორებს, ორი მიზანი ჰქონდათ — ახალი ტერიტორიების მითვისება, სიმდიდრის მოხვეჭა, და მაიას ხალხის წარმართულ-ბარბაროსული წეს-ჩვეულებებისგან გასათავისუფლებლად მათი კათოლიციზმზე მოქცევა. მართლა მოუტანა მაიას ხალხს ესპანელთა ჩასვლამ თავისუფლება, თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით?
მაიას ხალხისთვის მიწა საერთო საკუთრება იყო, და უხსოვარი დროიდან აქ საახოვე მიწათმოქმედებას მისდევდნენ (კაფავდნენ ტყეს, განაკაფს წვავდნენ და მიწას ამუშავებდნენ). მაგრამ ესპანელმა დამპყრობლებმა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა, ეს მიწები მიითვისეს, რასაც უკიდურესი გაჭირვება და დაპირისპირება მოჰყვა. იუკატანის ნახევარკუნძულზე სასმელი წყლის ერთადერთი წყარო კარსტული ჭები იყო და ისინიც დამპყრობლებმა მიისაკუთრეს. სახელმწიფომ მაიას ხალხს დიდი გადასახადები დააკისრა, მაგრამ მდგომარეობას ეკლესიის დაწესებული ყოველწლიური სულადობრივი გადასახადი უფრო მეტად ართულებდა — კაცზე 12,5 რეალიa, ქალზე კი 9 რეალი. მაიას ნაცვლად ესპანელმა მიწათმფლობელებმა გადაუხადეს ეკლესიას გადასახადი, რამაც მაიას ხალხი პრაქტიკულად მონებად აქცია, რადგან ვალის გადახდამდე იძულებით ამუშავებდნენ.
მღვდლები ხალხისთვის ნათლობის, ქორწინების, დაკრძალვისა და სხვა რელიგიური მსახურების შესასრულებლად ფულს ითხოვდნენ. მიწების მითვისებით, ყოველწლიური სულადობრივი თუ რელიგიური მსახურების შესასრულებლად დაწესებული გადასახადების აკრეფით ეკლესიამ დიდძალი ქონება დააგროვა. ცრუმორწმუნეობის აღმოსაფხვრელად და წესრიგის დასამყარებლად მღვდლები და უფლებამოსილი პირები შოლტავდნენ მაიას ხალხს; და თავიანთი საქციელის გასამართლებლად იმას ამბობდნენ, რომ ისინი ბუნებით ცრუმორწმუნენი და უგუნურნი იყვნენ.
-
-
მაიას ხალხის თავისუფლებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 დეკემბერი
-
-
ფსევდო თავისუფლება
მაია, სინამდვილეში, ვერ გაათავისუფლა ვერც კათოლიციზმმა და ვერც თავისუფლებისთვის ბრძოლამ. მათი რელიგია დღემდე ძველი ადგილობრივი ადათ-წესებისა და კათოლიციზმის ნარევია.
მაიას ხალხის თანამედროვე რელიგიას ერთ-ერთი წიგნი ასე აღგვიწერს: „მაია მინდვრებში, გამოქვაბულებსა და მთებში თავიანთ ძველ ღვთაებებსა და წინაპრებს სცემს თაყვანს . . . ეკლესიებში კი წმინდანებს ემსახურება“ (The Mayas!—3000 Years of Civilization). ღვთაება კეცალკოატლს იესოსთან აიგივებენ, მთვარის ქალღმერთს — ქალწულ მარიამთან, წმინდა მატყლის ხის თაყვანისცემას ჯვრის თაყვანისცემა ჩაენაცვლა. დღემდე წყალს უსხამენ ჯვარს, როგორც ცოცხალ ხეს, და რაზეც თითქოს იესო უნდა იყოს გამოსახული, მატყლის ხის ყვავილებითაა მორთული.
-