საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა დასცემს ქედმაღალ ქალაქს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • ღვთის იარაღი

      10. ვის გამოიყენებს იეჰოვა ბაბილონის გასანადგურებლად?

      10 ვისი ხელით დასცემს იეჰოვა ბაბილონს? ის დაახლოებით 200 წლით ადრე წინასწარმეტყველებს ამას: „აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ. მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს; მუცლის ნაყოფს არ შეიწყალებენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი თვალი. ბაბილონი — სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას“ (ესაია 13:17—19). დიდებული ბაბილონის გასანადგურებლად იეჰოვა შორეული მთიანი ქვეყნის ხალხს — მიდიელებს გამოიყენებსa. საბოლოოდ, ბაბილონი ისევე გაუკაცრიელდება, როგორც უზნეობით სავსე ქალაქები — სოდომი და გომორა (დაბადება 13:13; 19:13, 24).

      11, 12. ა) როგორ გახდა მიდია მსოფლიო მპყრობელი? ბ) მიდიელი მეომრების რა განსაკუთრებული თვისებაა აღნიშნული წინასწარმეტყველებაში?

      11 ესაიას დღეებში როგორც მიდიელები, ისე ბაბილონელები აშურის უღელქვეშ არიან. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, ძვ. წ. 632 წელს, მიდია და ბაბილონი ერთიანი ძალებით აშურის დედაქალაქ ნინევეს იღებენ, რის შემდეგაც მსოფლიო მპყრობელი ბაბილონი ხდება. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ დაახლოებით 100 წლის შემდეგ მიდიის ხელით მოეღება ბოლო! განა იეჰოვას გარდა ვინმე შეძლებდა ასეთი რამის წინასწარმეტყველებას?

      12 როდესაც იეჰოვა წინასწარმეტყველებს, თუ ვისი ხელით გაანადგურებს ბაბილონს, ის ამბობს, რომ მიდიელები „ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ“. რა უჩვეულოა მეომარი ხალხისთვის! ბიბლეისტი ალბერტ ბარნზი ამბობს: „თითქმის არ ყოფილან ისეთი დამპყრობლები, რომლებიც დაპყრობილი ქვეყნის ქონების ხელში ჩაგდებით არ იყვნენ დაინტერესებული“. გამართლდა ამ შემთხვევაში იეჰოვას მიერ მიდიელთა შესახებ ნათქვამი სიტყვები? დიახ. გლენტვორთ ბატლერი თავის ნაშრომში ამბობს: „თითქმის ყველა ერისგან განსხვავებით, რომლებსაც კი დაპყრობითი ომები დაუწყიათ, მიდიელები და განსაკუთრებით სპარსელები ოქროს გამარჯვებასა და დიდებაზე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ“ (The Bible-Work)b. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სპარსეთის მეფე კიროსი ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებულ ათასობით ოქრო-ვერცხლის ჭურჭელს უბრუნებს ისრაელებს, როდესაც მათ ბაბილონის ტყვეობიდან ათავისუფლებს (პირველი ეზრა 1:7—11).

      13, 14. ა) რა მიზანი აქვთ დასახული მიდიელებსა და სპარსელებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნადავლით არ არიან დაინტერესებული? ბ) როგორ ახერხებს კიროსი ბაბილონის საამაყო თავდაცვითი სისტემის გადალახვას?

      13 მართალია, მიდიელებსა და სპარსელებს ნადავლი არ აინტერესებთ, მაგრამ მათ მაინც აქვთ თავიანთი მიზანი. მიდიელებსა და სპარსელებს არ სურთ, თავიანთი სამეფო მსოფლიოში მეორე იყოს. გარდა ამისა, იეჰოვა მათ გულში უდებს „რბევას“ (ესაია 13:6). ისინი მზად არიან თავიანთი ლითონის მშვილდები არა მარტო ისრის სასროლად გამოიყენონ, არამედ მტრის ჯარის მეომრებს — ბაბილონელ დედათა ძეებს — აძგერონ, განგმირონ და ნებისმიერ ფასად აიღონ ბაბილონი.

      14 კიროსს, მიდია-სპარსეთის ჯარების მხედართმთავარს, ვერ აბრკოლებს ბაბილონის თავდაცვითი სისტემა. ძვ. წ. 539 წლის 5—6 ოქტომბრის ღამეს ის მდინარე ევფრატის კალაპოტის შეცვლის ბრძანებას იძლევა. როდესაც წყლის დონე კლებულობს, დამპყრობლებს ხელს აღარაფერი უშლით ქალაქამდე შეუმჩნევლად მიღწევაში და პირდაპირ გადადიან მდინარის კალაპოტზე, სადაც წყალი მხოლოდ ბარძაყებამდე სწვდებათ. ამ დროს ბაბილონელები არ ელიან თავდასხმას და ქალაქი ეცემა (დანიელი 5:30). იეჰოვა აღძრავს ესაიას, იწინასწარმეტყველოს ეს მოვლენები, რითაც აშკარად ცხადყოფს, რომ თვითონ წარმართავს მათ.

  • იეჰოვა დასცემს ქედმაღალ ქალაქს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • a ესაია მხოლოდ მიდიელებს ასახელებს, მაგრამ ბაბილონის წინააღმდეგ მიდიელებთან ერთად, როგორც მათი მოკავშირეები, სპარსელები, ელამელები და სხვა მცირერიცხოვანი ერებიც გაილაშქრებენ (იერემია 50:9; 51:24, 27, 28). მეზობელი ერები მიდიელებსაც და სპარსელებსაც „მიდიელებს“ უწოდებდნენ. გარდა ამისა, გაბატონებული სამეფო ესაიას დღეებში მიდია იყო. სპარსეთი კი მხოლოდ კიროსის დროს გაბატონდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება