-
განკურნავს მეცნიერება მსოფლიოს?გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
-
-
◼ გენომიკა. გენომიკა არის მეცნიერების დარგი, რომელიც გენების აგებულებას სწავლობს. ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედი სასიცოცხლოდ აუცილებელ მრავალ კომპონენტს შეიცავს. ამ კომპონენტთაგან ერთ-ერთია გენები. თითოეულ ჩვენგანს აქვს დაახლოებით 35 000 გენი, რომლებიც განსაზღვრავს თმის ფერსა და სტრუქტურას, კანისა და თვალის ფერს, სიმაღლესა და ჩვენი ფიზიკური გარეგნობის სხვა თავისებურებებს. გენები აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ იმუშავებს ჩვენი შინაგანი ორგანოები.
გენების სტრუქტურის დაზიანება ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. ზოგი მეცნიერის აზრით, ნებისმიერი დაავადება გენების დაზიანების შედეგად ჩნდება. ზოგიერთი გენეტიკური დეფექტი მემკვიდრეობითია, ზოგიც ბუნებაში არსებული საზიანო ელემენტების გავლენით ვითარდება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე ამოიცნობენ კონკრეტულ გენებს, რომლებიც განაპირობებს ორგანიზმის მიდრეკილებას ამა თუ იმ დაავადებისკენ. ეს ექიმებს საშუალებას აძლევს, გაიგონ, მაგალითად, თუ რატომ ავადდება კიბოთი ერთი ადამიანი უფრო ადვილად, ვიდრე მეორე ან რატომ არის ამა თუ იმ სახის სიმსივნე ზოგ ადამიანში აგრესიული, სხვებში კი — არა. მეცნიერების ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებმა შეიძლება ისიც აღმოაჩინონ, თუ რატომ არის ესა თუ ის წამალი ერთი პაციენტისთვის ეფექტური, მეორისთვის კი — არა.
ასეთი გენეტიკური ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა შეიქმნას მედიცინის დარგი, რომელსაც შეიძლება ინდივიდუალური მედიცინა ეწოდოს. როგორ შეგიძლიათ ამით ისარგებლოთ? ინდივიდუალური მედიცინა გვთავაზობს მკურნალობის მეთოდს, რომელიც უშუალოდ თქვენს გენომს შეესაბამება. მაგალითად, თუ თქვენი გენების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამა თუ იმ დაავადებისკენ ხართ მიდრეკილნი, მაშინ ექიმებს შეეძლებათ ამ დაავადების გამოვლენა მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ მისი სიმპტომები აღმოგაჩნდებათ. ამ იდეის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ არ არის დაავადებული, სწორი მკურნალობით, დიეტით და ცხოვრების სწორი წესით შეიძლება საერთოდ თავიდან იქნას არიდებული ამ დაავადების განვითარება.
გენებმა შეიძლება ექიმებს ისიც უკარნახოს, თუ რომელ წამალზე ექნება ორგანიზმს უარყოფითი რეაქცია. ეს ინფორმაცია ექიმებს საშუალებას მისცემს, გამოგიწერონ ზუსტად ის წამალი, რაც პირადად თქვენ გჭირდებათ, და ზუსტად იმ დოზით, რაც კონკრეტულ შემთხვევაშია საჭირო. გაზეთი „ბოსტონ გლოუბი“ იუწყება: „2020 წლისთვის [ინდივიდუალური მედიცინის] გავლენა გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია. გენების გამოკვლევის საფუძველზე დაამზადებენ ახალი თაობის წამლებს, რომლებსაც დიაბეტის, გულის დაავადებების, ალცჰეიმერის, შიზოფრენიისა და იმ მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, რომლებიც დღეს ფართოდ არის გავრცელებული“.
-
-
განკურნავს მეცნიერება მსოფლიოს?გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
-
-
გენომიკა
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თითოეული ადამიანის გენომის შესწავლით შესაძლებელი იქნება დაავადების გამოვლენა და მკურნალობა მანამ, სანამ პაციენტს რაიმე სიმპტომი აღენიშნება.
[საავტორო უფლება]
Chromosomes: © Phanie/ Photo Researchers, Inc.
-