დარიოსი — სამართლიანი მეფე
ერთხელ ცნობილი მეფე თავისი აშენებულის შესახებ იკვეხნიდა: „ბაბილონის შემოსაღობად აღმოსავლეთით ძლიერი კედელი აღვმართე. თხრილი შემოვავლე. . . ფისითა და აგურით ამოვაშენე მთასავით ძლიერი გალავანი, რომელიც არ შეირყევა“. დიახ, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი უდიდესი მშენებლობით იყო დაკავებული და თავისი იმპერიის დედაქალაქის გასამაგრებლად მუყაითად შრომობდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბაბილონი არ იყო ისეთი აუღებელი, როგორიც მას ეგონა.
ეს ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბერს დადასტურდა. სპარსეთის მეფე კიროს II-მ მიდიის ჯარების თანხლებით დაიპყრო ბაბილონი და მოკლა ქალდეველთა მმართველი ბელშაცარი. ახლა ვინ გახდებოდა ახლად დაპყრობილი ქალაქის პირველი მმართველი? ღვთის წინასწარმეტყველმა დანიელმა, რომელიც ქალაქის დაცემის თვითმხილველი იყო, დაწერა: „დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო“ (დანიელი 5:30; 6:1).
ვინ იყო დარიოსი? როგორი მეფე იყო ის? როგორ ეპყრობოდა დარიოსი ბაბილონში 70 წელზე მეტი ხნის წინათ გადასახლებულ წინასწარმეტყველ დანიელს?
მეფე ღარიბი ისტორიით
ისტორიული ცნობები დარიოს მიდიელის შესახებ ძალიან ღარიბია. ფაქტობრივად, მიდიელებმა ჩანაწერები არ შემოინახეს. უფრო მეტიც, ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილია ისტორიული ჩანაწერების ასიათასობით სოლისებრი ფირფიტა არასრული ტექსტით. სხვა შემორჩენილი უძველესი არაბიბლიური ხელნაწერები ცოტაა და დარიოსის დროინდელი მოვლენებიდან ერთი საუკუნით ან მეტი ხნით გვიანაა დათარიღებული.
მიუხედავად ამისა, არსებობს მტკიცება, რომ მიდიის დედაქალაქ ეკბატანას აღების შემდეგ სპარსეთის მეფე კიროს II-მ მიდიელთა ერთგულება მოიპოვა. მას შემდეგ მიდიელები და სპარსელები გაერთიანებული ძალებით იბრძოდნენ კიროსის ხელმძღვანელობით. მათი ურთიერთობის შესახებ მწერალი რობერტ კოლინზი თავის წიგნში აღნიშნავს: „მშვიდობის დროს მიდიელები სპარსელთა თანასწორები იყვნენ. მათ ხშირად ნიშნავდნენ მთავრებად და სპარსელთა ჯარის მეთაურებად. მიდიელებისა და სპარსელების მოხსენიებისას უცხოელები არ განასხვავებდნენ დამპყრობლებსა და დაპყრობილებს“ (The Medes and Persians). ასე შეერწყა მიდია სპარსეთს და შეიქმნა მიდიისა და სპარსეთის იმპერია (დანიელი 5:28; 8:3, 4, 20).
რასაკვირველია, ბაბილონის დაპყრობის საქმეში მიდიელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს. ბიბლია ‘დარიოს ქსერქსეს ძეს, მოდგმით მიდიელს’, მიდიისა და სპარსეთის იმპერიის პირველ მეფედ წარმოგვიდგენს, რომელსაც ბაბილონზეც უნდა ემეფა. (დანიელი 9:1). ის უფლებამოსილი იყო, დაემტკიცებინა დადგენილებები, ‘მიდიელთა და სპარსელთა კანონის თანახმად, რომლის შეცვლაც არ შეიძლებოდა’ (დანიელი 6:9). ის, რასაც ბიბლია დარიოსის შესახებ მოგვითხრობს, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მის პიროვნებაზე და გვაძლევს სარწმუნო მიზეზს, რომ არაბიბლიურ წყაროებში არ მოიპოვება მის შესახებ საკმარისი ინფორმაცია.
დანიელი კეთილგანწყობილებით სარგებლობს
ბაბილონში ძალაუფლების აღებიდან მალევე „დარიოსმა გადაწყვიტა თავის სამეფოში ასთორმეტი [„ასოცი“, აქ] სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ, — ამბობს ბიბლია, — მათ კი სამი მთავარი დაუნიშნა მათ შორის ერთი დანიელი“ (დანიელი 6:2, 3). მაგრამ დანიელის მაღალი მდგომარეობა სხვა მთავრებს არ სიამოვნებდათ. ცხადია, პატიოსნების გამო დანიელი ზღუდავდა მათ გარყვნილებას, რაც, შესაძლებელია, მათ გულისწყრომას იწვევდა. ალბათ, სხვა მთავრებსაც გაუჩნდათ შური, რადგან მეფე კეთილგანწყობილი იყო დანიელის მიმართ და მთელ სამეფოზე დაყენებას უპირებდა.
ორმა მთავარმა და სატრაპებმა მოიფიქრეს, კანონის ძალით თავიდან მოეცილებინათ დანიელი. ისინი მეფესთან მივიდნენ და სთხოვეს, ხელი მოეწერა დადგენილებაზე, რომელიც კრძალავდა 30 დღის განმავლობაში დარიოსის გარდა ‘რომელიმე ღვთის ან კაცისთვის თხოვნით მიმართვას’. გადაწყვიტეს, კანონის ნებისმიერი დამრღვევი ლომების ხაროში ჩაეგდოთ. დარიოსი დაარწმუნეს, რომ ასეთ ბრძანებულებას მხარს დაუჭერდა სამეფოს ყველა წოდების მოხელე და ჩანდა, რომ დადგენილება მეფისადმი ერთგულების გამომხატველი იყო (დანიელი 6:2–4, 7–9).
დარიოსმა ხელი მოაწერა ბრძანებას და მალე შედეგებსაც პირისპირ შეხვდა. დანიელი, რომელიც განაგრძობდა იეჰოვა ღმერთისადმი ლოცვას, კანონის პირველი დამრღვევი აღმოჩნდა (შეადარეთ საქმეები 5:29). მიუხედავად მეფის გულწრფელი მცდელობისა, შეუცვლელი დადგენილება როგორმე გაეუქმებინა, ერთგული დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს. დარიოსი იმედოვნებდა, რომ დანიელის ღმერთს წინასწარმეტყველის გადარჩენა შეეძლო (დანიელი 6:10–18).
უძილო ღამისა და მარხვის შემდეგ დარიოსი სასწრაფოდ გაეშურა ლომების ხაროსკენ. როგორ გაიხარა მან, როდესაც დანიელი ცოცხალი და უვნებელი ნახა. მეფემ, როგორც დამსჯელმა მოსამართლემ, ბრალმდებლები თავიანთ ოჯახებიანად მყისვე ლომების ხაროში ჩაყარა. მან ბრძანებაც გამოსცა, რომ ‘თავისი სამეფოს ყველა სამთავროში ეძრწოლათ და შიშში ყოფილიყვნენ დანიელის ღმერთის წინაშე’ (დანიელი 6:19–28).
ცხადია, დარიოსი პატივს სცემდა დანიელის ღმერთს და მის რელიგიას. ის ბოროტების აღმოფხვრისკენ ისწრაფოდა. მაგრამ დანიელის ბრალმდებლების დასჯით, ალბათ, დარჩენილ მთავრებს მტრად გადაიკიდებდა. უფრო მეტიც, დარიოსის ბრძანება, რომ სამეფოში ყველას ‘შინებოდა დანიელის ღვთისა’, ძალაუფლების მქონე ბაბილონელთა სამდღვდელოების დიდ გულისწყრომას გამოიწვევდა. რადგან ეს ფაქტორები, უეჭველად, გავლენას მოახდენდა მწიგნობრებზე, გასაკვირი არ იქნებოდა, რომ საერო ჩანაწერები შეცვლილიყო, რათა ცნობები დარიოსის შესახებ განადგურებულიყო. მაგრამ დანიელის წიგნში ჩაწერილი მოკლე ინფორმაცია დარიოსს პატიოსან და სამართლიან მეფედ წარმოგვიდგენს.