-
რატომ უნდა ვიკრიბებოდეთ თაყვანსაცემად?საგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
-
-
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რვა მიზეზს, თუ რატომ უნდა ვიკრიბებოდეთ თაყვანსაცემად. ეს მიზეზები შეგვიძლია სამ კითხვაში გავაერთიანოთ: რა სიკეთე მოაქვს კრების შეხვედრებს პირადად შენთვის? რა მიიღწევა კრების შეხვედრებზე ჩვენი დასწრებით? და რას ვაჩვენებთ იეჰოვას კრების შეხვედრებზე დასწრებით?[2]
რა სიკეთე მოაქვს კრების შეხვედრებს პირადად შენთვის?
4. როგორ გეხმარება და-ძმებთან ერთად შეკრება იეჰოვას უკეთ გაცნობაში?
4 შეხვედრებზე იღებ სულიერ განათლებას. თითოეული კრების შეხვედრის მიზანი იეჰოვა ღმერთის უკეთ გაცნობაა. არც ისე დიდი ხნის წინ კრებების უმეტესობამ დაასრულა განხილვა წიგნისა „დაუახლოვდი იეჰოვას“, რასაც თითქმის ორი წელი დაეთმო. ღვთის ძვირფასი თვისებების განხილვამ და თანაქრისტიანების კომენტარებმა ზეციერი მამისადმი სიყვარული, ალბათ, უფრო მეტად გაგიძლიერა. მოხსენებები, ინსცენირებები და წმინდა წერილების კითხვაც გიღრმავებს ბიბლიურ ცოდნას (ნეემ. 8:8). თუნდაც რად ღირს ის სულიერი აზრები, რომელსაც მაშინ მოიძიებ ხოლმე, როცა ყოველკვირეული ბიბლიის კითხვის პროგრამისთვის ემზადები ანდა რომელსაც ამავე პუნქტის წარმოდგენისას და-ძმების კომენტარებიდან იგებ.
5. როგორ გეხმარება ქრისტიანული შეხვედრები ბიბლიური პრინციპების გამოყენებასა და მსახურების გაუმჯობესებაში?
5 ქრისტიანულ შეხვედრებზე სწავლობ, როგორ გამოიყენო ბიბლიური პრინციპები ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში (1 თეს. 4:9, 10). მაგალითად, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის დროს ღვთის ხალხისთვის აქტუალური საკითხები განიხილება. შესაძლოა „საგუშაგო კოშკის“ განხილვა დაგეხმარა, რომ საკუთარი მიზნებისთვის გადაგეხედა, თანაქრისტიანისთვის გეპატიებინა ან ლოცვები გაგეუმჯობესებინა. რაც შეეხება შუა კვირის შეხვედრას, ის მსახურებისთვის გამზადებს, მაგალითად, როგორ იქადაგო სასიხარულო ცნობა და როგორ ასწავლო ბიბლიური პრინციპები სხვას (მათ. 28:19, 20).
6. როგორ გამხნევებს და გაძლიერებს ქრისტიანული შეხვედრები?
6 შეხვედრები გამხნევებს. ქვეყნიერებამ შეიძლება გონება დაგიბინძუროს, ემოციურად გამოგფიტოს და სულიერად დაგასუსტოს. კრების შეხვედრები კი პირიქით, გამხნევებს და გაძლიერებს (წაიკითხეთ საქმეების 15:30—32). შეხვედრებზე ხშირად განვიხილავთ, თუ როგორ შესრულდა და როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ეს, ალბათ, კიდევ უფრო გარწმუნებს, რომ იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველებები მომავალშიც შესრულდება. შენ მხოლოდ ის ძმები როდი გამხნევებენ, რომლებიც სცენიდან საუბრობენ. შენ თანაქრისტიანების კომენტარები და მათ მიერ მთელი გულით ნამღერიც გამხნევებს (1 კორ. 14:26). კრებამდე და კრების შემდეგ და-ძმებთან ურთიერთობა ხომ გმატებს ძალებს და ხომ გაგრძნობინებს, რომ მზრუნველი საძმოს წევრი ხარ?! (1 კორ. 16:17, 18).
7. რატომაა მნიშვნელოვანი კრების შეხვედრებზე დასწრება?
7 შეხვედრების მეშვეობით წმინდა სული გეძლევა. განდიდებულმა იესო ქრისტემ თქვა: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხ. 2:7). დიახ, იესო ქრისტიანულ კრებას წმინდა სულით ხელმძღვანელობს. წმინდა სული გეხმარება ცდუნებებთან გამკლავებასა და გაბედულების მოკრებაში, მსახურებასა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. ხედავ, წმინდა სულის მისაღებად რამდენად მნიშვნელოვანია კრების შეხვედრებზე დასწრება?
რა მიიღწევა კრების შეხვედრებზე ჩვენი დასწრებით?
8. როგორ ვეხმარებით თანაქრისტიანებს, როცა კრების შეხვედრებს ვესწრებით, კომენტარებს ვაკეთებთ და სამეფოს სიმღერებს ვმღერით? (იხილეთ ჩარჩო: „ის კრებიდან ყოველთვის გამხნევებული ბრუნდება“).
8 შეხვედრებზე და-ძმებისადმი სიყვარულის გამოხატვის საშუალება გვეძლევა. კარგია, თუ დავფიქრდებით, რა სირთულეებთან უწევს ჭიდილი ზოგ თანაქრისტიანს ჩვენს კრებაში. პავლე მოციქულმა თანამორწმუნეებს მისწერა: „ყურადღებიანები ვიყოთ“. შემდეგ იქვე განმარტა, თუ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრ. 10:24, 25). როცა ქრისტიანულ შეხვედრებს ვესწრებით, ამით ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ, დრო დავუთმოთ თანაქრისტიანებს და მათ მიმართ ყურადღება გამოვიჩინოთ. თანაქრისტიანებს გულწრფელი კომენტარებითა და სამეფოს სიმღერების მღერითაც ვამხნევებთ (კოლ. 3:16).
9, 10. ა) რისკენ აღგვძრავს იოანეს 10:16-ში ჩაწერილი სიტყვები? ახსენით. ბ) რა გავლენას ახდენს კრების შეხვედრებზე ჩვენი სისტემატური დასწრება მათზე, ვისი ოჯახის წევრებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან?
9 შეხვედრები გვაერთიანებს (წაიკითხეთ იოანეს 10:16). იესომ საკუთარი თავი მწყემსად მოიხსენია, თავისი მიმდევრები კი — სამწყსოდ. დავუშვათ ორი ცხვარი მთაზე ძოვს, ორი ბარში, ერთიც — სადღაც სხვაგან. ჩაითვლებიან ეს ცხვრები ერთ სამწყსოდ? რა თქმა უნდა, არა. როგორც წესი, ფარაში ცხვრები ერთად არიან და მათ მწყემსი მეთვალყურეობს. ჩვენც, როგორც ქრისტეს სამწყსოს წევრები, ერთად უნდა ვიყოთ. თუ „ფარას“ დავშორდებით, ჩვენს მწყემსს ვეღარ გავყვებით. დიახ, ქრისტიანები ერთად უნდა ვიკრიბებოდეთ, რათა ვიყოთ „ერთ სამწყსოში“, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს.
10 როდესაც კრების შეხვედრებს ვესწრებით, ამით ხელს ვუწყობთ ერთობას (ფსალმ. 133:1). ჩვენი თანაქრისტიანებიდან ზოგი მშობლებმა და დედმამიშვილებმა რწმენის გამო გარიყეს. თუმცა მათ იესო დაჰპირდა, რომ სულიერ ოჯახში გააერთიანებდა, სადაც სიყვარული და მზრუნველობა არ მოაკლდებოდათ (მარ. 10:29, 30). თუ კრების შეხვედრებს სისტემატურად დავესწრებით, ამ ძვირფას ადამიანებს დედობას, მამობას, ძმობასა და დობას გავუწევთ. განა ეს არ აღგვძრავს, ყოველი ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ კრების არც ერთი შეხვედრა არ გავაცდინოთ?!
რას ვაჩვენებთ იეჰოვას კრების შეხვედრებზე დასწრებით?
11. როგორ გვეხმარება კრების შეხვედრებზე დასწრება, რომ იეჰოვას მივაგოთ ის, რაც მას ეკუთვნის?
11 როდესაც კრების შეხვედრებს ვესწრებით, იეჰოვას ვაძლევთ იმას, რაც მას ეკუთვნის. იეჰოვა, როგორც ჩვენი შემოქმედი, ქება-დიდებას, მადლობასა და პატივს იმსახურებს (წაიკითხეთ გამოცხადების 7:12). როცა კრების შეხვედრაზე ვლოცულობთ, ვმღერით და იეჰოვა ღმერთზე ვსაუბრობთ, ამით მას თაყვანს ვცემთ, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს. რაოდენ დიდი ბედნიერებაა, პატივი მივაგოთ მას, ვინც დღემდე არაფერს იშურებს ჩვენთვის.
12. რას გრძნობს იეჰოვა, როცა მის მოთხოვნას ვემორჩილებით?
12 იეჰოვა ჩვენგან მორჩილებასაც იმსახურებს. იგი მოითხოვს, რომ არ მივატოვოთ კრების შეხვედრები, მით უფრო ახლა, ამ ბოლო დღეებში. როდესაც მთელი გულით ვემორჩილებით ამ მოთხოვნას, იეჰოვა ბედნიერია (1 იოან. 3:22). იგი ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რასაც ყოველი კრების შეხვედრაზე დასწრებას ვახმართ (ებრ. 6:10).
13, 14. როგორ ვუახლოვდებით იეჰოვასა და იესოს კრების შეხვედრებზე?
13 როდესაც კრების შეხვედრებს ვესწრებით, ვაჩვენებთ, რომ იეჰოვასა და იესოსთან დაახლოება გვსურს. კრების შეხვედრებზე ჩვენი დიდებული მასწავლებელი თავისი სიტყვით, ბიბლიით გვარიგებს (ეს. 30:20, 21). შეხვედრებზე მოსულმა სტუმრებმაც კი შეიძლება ასეთი რამ თქვან: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორ. 14:23—25). იეჰოვა თავისი წმინდა სულით აკურთხებს კრების შეხვედრებს და ყოველ შეხვედრაზე ბიბლიური სასწავლო პროგრამით გვხელმძღვანელობს. ფაქტობრივად, კრების შეხვედრებზე ვისმენთ იეჰოვას ხმას და ვგრძნობთ მის მზრუნველობას. ამგვარად ვუახლოვდებით მას.
14 იესომ თქვა: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“ (მათ. 18:20). ეს სიტყვები შეგვიძლია კრების შეხვედრებსაც მივუსადაგოთ. ქრისტე, როგორც კრების თავი, ღვთის ხალხის კრებებს „შორის დადის“ (გამოცხ. 1:20—2:1). უბრალოდ დაფიქრდით: კრების შეხვედრებზე იეჰოვა და იესო გვამხნევებენ! როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც ხედავს, რომ ძალიან გვსურს მასთან და მის ძესთან დაახლოება?
15. როგორ ცხადვყოფთ კრებაზე დასწრებით, რომ იეჰოვას უზენაესობას ვუჭერთ მხარს?
15 როდესაც კრების შეხვედრებს ვესწრებით, იეჰოვას უზენაესობას ვუჭერთ მხარს. მართალია, იეჰოვა ჩვენგან კრების შეხვედრებზე დასწრებას მოითხოვს, მაგრამ ის ამას არ გვაიძულებს (ეს. 43:23). ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ იეჰოვას, რომ მთელი გულით გვიყვარს იგი და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის უზენაესობას (რომ. 6:17). მაგალითად, შეიძლება დამსაქმებელი დაჟინებით ითხოვს, რომ დამატებით ვიმუშაოთ, რაც კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებაში ხელს შეგვიშლის. ან შეიძლება მთავრობა გვემუქრება, რომ თუ თაყვანისცემის მიზნით შეკრებას არ შევწყვეტთ, დაგვაჯარიმებს, დაგვაპატიმრებს ან უარეს დღეში ჩაგვაგდებს. ანდა შეიძლება ცდუნების წინაშე დავდგეთ, რომ კრების შეხვედრაზე დასწრების ნაცვლად გავერთოთ. ამ სიტუაციებში მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამოჩნდება, თუ ვის ვემსახურებით (საქ. 5:29). როცა იეჰოვას უზენაესობას ვუჭერთ მხარს, მას გულს ვუხარებთ (იგავ. 27:11).
-