შეკითხვების ყუთი
◼ რატომ უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა გამჭრიახობა, როცა კრების შეხვედრებს ტელეფონით ისმენენ?
ბევრ კრებაში შესაძლებელია, რომ ადამიანმა, რომელიც ავადმყოფობის ან გამოუვალი მდგომარეობის გამო ვერ ესწრება კრების შეხვედრას სამეფო დარბაზში, ტელეფონის მეშვეობით სახლში მოისმინოს პროგრამა. პასუხისმგებელ ძმებს გამჭრიახობისა და სიფრთხილის გამოვლენა სჭირდებათ იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ შესაძლებლობით მხოლოდ ისინი სარგებლობენ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ამიტომ იმ უხუცესებმა, რომლებიც სატელეფონო კავშირზე არიან პასუხისმგებელნი, უნდა შეამოწმონ, რომ „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორ. 14:40).
უხუცესებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ისეთ მაუწყებლებს, რომლებიც ქრონიკულად ავადმყოფობენ, დაუძლურებულები არიან ან სახლიდან ვერ გამოდიან. მისით სარგებლობა შეუძლიათ იმ მაუწყებლებსაც, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ სჭირთ, მაგრამ გარკვეული დროით ავადმყოფობენ. სატელეფონო კავშირით სარგებლობა ბიბლიის იმ შემსწავლელებსაც შეუძლიათ, რომლებიც სულიერად წინ მიიწევენ, მაგრამ სახლიდან ვერ გამოდიან. ყველა, ვინც პროგრამას ტელეფონით ისმენს, კრებაზე დამსწრეთა რიცხვში უნდა ჩაითვალოს. თუ შეუძლებელია ერთდროულად ძალიან ბევრი მსურველის ჩართვა, შეიძლება სხვა ზომების მიღება, მაგალითად პროგრამის ჩაწერა.
კრებაზე პირადად დასწრებას ვერაფერი შეედრება. სამეფო დარბაზში ყოფნითა და და-ძმებთან ურთიერთობით ვამხნევებთ ერთმანეთს და ვეხმარებით დაინტერესებულებს, რომ დააფასონ შეხვედრები. როცა კრების შეხვედრას ვესწრებით, უფრო მეტს ვსწავლობთ ინსცენირებებიდან, უხუცესები პირადად გვეხმარებიან და სრულად შევიგრძნობთ საძმოს სიყვარულს. ერთ ხანდაზმულ დას გარკვეული ხანი არ შეეძლო კრებაზე დასწრება. როცა ის სამეფო დარბაზში მივიდა, კრების წევრებმა გულში ჩაიხუტეს, რის შემდეგაც მან აღფრთოვანებით თქვა: „ამ გრძნობის განცდა ტელეფონით შეუძლებელია!“ (რომ. 1:11, 12).
ანას მსგავსად, „რომელიც ტაძარს არ შორდებოდა“, დღეს მრავალი ხანდაზმული და-ძმა, რეგულარულად ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს, რამდენადაც ამის საშუალებას აძლევთ თავიანთი მდგომარეობა და ჯანმრთელობა (ლუკ. 2:36, 37). როცა აუცილებლობის შემთხვევაში ხანდაზმული მაუწყებლები ტელეფონით ისმენენ კრების პროგრამას, ისინი არ თვლიან, რომ ეს სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრების ტოლფასია. მოდი მივბაძოთ მათ შესანიშნავ მაგალითს და ძალ-ღონე არ დავიშუროთ კრების შეხვედრებზე დასასწრებად, რათა განვადიდოთ ჩვენი დიდებული ღმერთი იეჰოვა (ფსალმ. 95:1—3, 6; 122:1).