-
რატომ უნდა აღვნიშნოთ უფლის გახსენების საღამო?საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 თებერვალი
-
-
რატომ უნდა აღვნიშნოთ უფლის გახსენების საღამო?
„მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით“ (1 კორინთელთა 11:23).
1, 2. რა გააკეთა იესომ ახ. წ. 33 წლის პასექის ღამეს?
იეჰოვას მხოლოდშობილი ძე სუფრასთან იჯდა 11 მამაკაცთან ერთად, რომლებიც ‘მასთან დარჩნენ განსაცდელში’ (ლუკა 22:28). ახ. წ. 33 წლის 31 მარტი, ხუთშაბათი საღამო იყო. იერუსალიმს, ალბათ, სავსე მთვარე დაჰნათოდა. იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა ის-ის იყო, დაასრულეს პასექის დღესასწაულის აღნიშვნა. გამცემი იუდა ისკარიოტელი უკვე წავიდა, მაგრამ სხვებისთვის სწორედაც რომ არ იყო წასვლის დრო. რატომ? იესო ძალიან მნიშვნელოვანი რამის გაკეთებას აპირებდა. რის გაკეთებას?
2 დამსწრეთა შორის სახარების დამწერი მათეც იყო. მოდი მას მოვუსმინოთ: «აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია“. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“» (მათე 26:26—28). ჰქონდა ამ მოვლენას რაიმე მნიშვნელობა სამომავლოდ? რა მიზანს ემსახურებოდა ის? აქვს მას რაიმე მნიშვნელობა დღეს ჩვენთვის?
„ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“
3. რატომ იყო ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესოს მიერ დაწესებული დღესასწაული მნიშვნელოვანი?
3 ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის ღამეს იესო ქრისტემ ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული დააწესა. მის შესახებ მოციქული პავლე კორინთში მყოფ ცხებულ ქრისტიანებს სწერდა. ამ ქალაქში ეს დღესასწაული, დაწესებიდან 20-ზე მეტი წლის შემდეგ, კვლავაც აღინიშნებოდა. ახ. წ. 33 წელს პავლე არ ყოფილა იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად, მაგრამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ იმ საღამოს მომხდარი მოვლენების შესახებ მან რომელიმე მოციქულისგან იცოდა. გარდა ამისა, პავლემ, როგორც ჩანს, იმ საღამოსთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ღვთის შთაგონებით მიღებულ გამოცხადებაშიც ნახა. მოციქულმა თქვა: «მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“. ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი — ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ“» (1 კორინთელთა 11:23—25).
4. რატომ უნდა აღნიშნონ ქრისტიანებმა უფლის გახსენების საღამო?
4 სახარების დამწერი ლუკაც ადასტურებს, რომ იესომ თავის მიმდევრებს ასეთი მითითება მისცა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19). ამ საღამოს ხშირად ქრისტეს გახსენების საღამოს უწოდებენ. პავლე მას უფლის სერობას ანუ უფლის ვახშამს უწოდებს (1 კორინთელთა 11:20). ქრისტიანებს ევალებათ უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა. მაგრამ რატომ იქნა შემოღებული ეს დღესასწაული?
რატომ იქნა შემოღებული
5, 6. ა) რა იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იესომ გახსენების საღამო დააფუძნა? ბ) მოიყვანეთ უფლის გახსენების საღამოს დაფუძნების მეორე მიზეზი.
5 გახსენების საღამოს აღნიშვნის ერთ-ერთი მიზეზი უშუალოდ იესოს სიკვდილის მიზანთან არის დაკავშირებული. თავისი სიკვდილით იესომ ზეციერი მამის უზენაესობას დაუჭირა მხარი. ამგვარად, ქრისტემ დაამტკიცა: სატანა ეშმაკი ცრუობდა და ცილს სწამებდა ადამიანებს, როდესაც ამბობდა, რომ ისინი ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებოდნენ (იობი 2:1—5). იესო ისე მოკვდა, რომ ბოლომდე ერთგული იყო, რითაც ეშმაკის სიცრუე ამხილა და იეჰოვას გული გაუხარა (იგავები 27:11).
6 ‘მრავალთა გამოსასყიდად’ იესომ, სრულყოფილმა და უცოდველმა ადამიანმა, საკუთარი სიცოცხლე გაიღო; სწორედ ამ ფაქტის შეხსენება არის მეორე მიზეზი, რის გამოც უფლის გახსენების საღამო დაფუძნდა (მათე 20:28). ღვთის წინაშე ცოდვის ჩადენისას, პირველმა ადამიანმა დაკარგა სრულყოფილი სიცოცხლე და ყოველივე, რაც ასეთ სიცოცხლესთან იყო დაკავშირებული. მაგრამ იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). მართლაც, „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23). უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა შეგვახსენებს იმ დიდი სიყვარულის შესახებ, რომელიც გამომსყიდველური მსხვერპლის გაღებით იეჰოვამ და მისმა ძემ გამოავლინეს. ასეთი სიყვარულისთვის კი უზომოდ მადლიერები უნდა ვიყოთ!
როდის უნდა აღინიშნოს?
7. რას ნიშნავს, რომ ცხებულ ქრისტიანებს გახსენების საღამოზე „ყოველთვის“ უნდა მიეღოთ სიმბოლოები?
7 უფლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებით პავლემ თქვა: „ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს“ (1 კორინთელთა 11:26). თითოეულ ცხებულ ქრისტიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიეღო გახსენების საღამოს სიმბოლოები. ამგვარად, იეჰოვა ღმერთისა და ქვეყნიერების წინაშე ცხებულები წლიდან წლამდე გამოხატავდნენ რწმენას იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ.
8. როდემდე უნდა აღენიშნათ ცხებულ ქრისტიანებს უფლის გახსენების საღამო?
8 როდემდე უნდა აღენიშნათ ცხებულ ქრისტიანებს, როგორც ჯგუფს, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო? „ვიდრე [იესო] მოვიდოდეს“, — თქვა პავლემ და, როგორც ჩანს, იმას გულისხმობდა, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნა უნდა გაგრძელებულიყო მანამ, სანამ იესო მოვიდოდა ყველა ცხებული მიმდევრის მკვდრეთით აღსადგენად და ზეცაში მისაღებად (1 თესალონიკელთა 4:14—17). იესომაც მსგავსი აზრი უთხრა თავის ერთგულ მოციქულებს: „როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოანე 14:3).
9. რა იგულისხმება იესოს სიტყვებში, რომლებიც მარკოზის 14:25-შია ჩაწერილი?
9 გახსენების საღამოს დაფუძნებისას იესომ აიღო ღვინით სავსე სასმისი და ერთგულ მოციქულებს უთხრა: „მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში“ (მარკოზი 14:25). ცხადია, იესო ზეცაში პირდაპირი გაგებით ღვინოს არ შესვამდა. ამიტომაც, როგორც ჩანს, ის გულისხმობდა სიხარულს, რომლის სიმბოლოდაც ზოგჯერ ღვინო გამოიყენება (ფსალმუნები 103:15; ეკლესიასტე 10:19). სამეფოში ერთად ყოფნა იქნებოდა სასიხარულო მოვლენა, რომელსაც იესო და მისი მიმდევრები მთელი გულით მოელოდნენ (რომაელთა 8:23; 2 კორინთელთა 5:2).
10. რამდენად ხშირად უნდა აღინიშნოს გახსენების საღამო?
10 უნდა გაეხსენებინათ იესოს სიკვდილი ყოველთვიურად, ყოველკვირეულად ან იქნებ ყოველდღიურადაც კი? არა. იესომ გახსენების საღამო დააფუძნა პასექის დღეს და ის იმავე დღეს მოკლეს. პასექს კი ისრაელები ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების „სამახსოვროდ“ აღნიშნავდნენ (გამოსვლა 12:14). ამ დღესასწაულს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, იუდეველთა კალენდრით ნისანის მეთოთხმეტე დღეს, ზეიმობდნენ (გამოსვლა 12:1—6; ლევიანები 23:5). ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოც ისეთივე სიხშირით უნდა აღინიშნოს, რა სიხშირითაც პასექს აღნიშნავდნენ, ანუ წელიწადში ერთხელ, და არა ყოველთვიურად, ყოველკვირეულად ან ყოველდღიურად.
11, 12. რას გვამცნობს ისტორია გახსენების საღამოს აღნიშვნის შესახებ?
11 ამგვარად, სწორია, რომ გახსენების საღამო წელიწადში ერთხელ, 14 ნისანს აღინიშნოს. ერთ ნაშრომში ნათქვამია: «მცირე აზიაში ქრისტიანებს „კვარტოდეციმანებს“ [სიტყვასიტყვით „თოთხმეტიანელებს“] უწოდებდნენ, იმიტომ რომ „პასქას“ [უფლის გახსენების საღამოს] ყოველთვის 14 ნისანს აღნიშნავდნენ. . . ეს შეიძლება ყოფილიყო პარასკევს ან კვირის სხვა ნებისმიერ დღეს (The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge, ტომი IV , გვერდი 44).
12 ისტორიკოს ჯონ ვონ მოშიმის სიტყვების თანახმად, ახ. წ. II საუკუნეში „კვარტოდეციმანები“ გახსენების საღამოს 14 ნისანს იმიტომ აღნიშნავდნენ, რომ „ქრისტეს მაგალითს მათთვის კანონის ძალა ჰქონდა“. სხვა ისტორიკოსი ამბობს: «მცირე აზიაში „კვარტოდეციმანთა“ ეკლესიები იერუსალიმის ეკლესიის ნაკვალევს მიჰყვებოდნენ. II საუკუნეში 14 ნისანს ეს ეკლესიები პასქაზე ქრისტეს სიკვდილით გამოსყიდვის ძალაში შესვლას აღნიშნავდნენ» („Studia Patristica, 1962 წ. ტომი V, გვერდი 8).
პურის მნიშვნელობა
13. როგორი პური გამოიყენა იესომ უფლის გახსენების საღამოს დაფუძნებისას?
13 გახსენების საღამოს დაფუძნებისას, „აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ [მოციქულებს]“ (მარკოზი 14:22). ამ დროს იესომ დატეხა პური, რომელიც ის-ის იყო პასექის დღესასწაულზე გამოიყენეს (გამოსვლა 13:6—10). რადგანაც ეს იყო უფუარი, ე. ი. თხელი და მსხვრევადი პური, ჩამორიგებამდე უნდა დაეტეხათ. როდესაც იესომ სასწაული მოახდინა და რამდენიმე პური ათასებისთვის სამყოფად აქცია, ისინიც ხმიადისმაგვარი იყო და ამიტომ ჩამორიგებამდე დატეხა (მათე 14:19; 15:36). აქედან ცხადი ხდება, რომ გახსენების საღამოზე პურის დატეხვას არანაირი სულიერი მნიშვნელობა არა აქვს.
14. ა) რატომ არის მართებული, რომ გახსენების საღამოზე გამოსაყენებელი პური უსაფუვრო იყოს? ბ) როგორი პურის ყიდვა ან გამოცხობა შეიძლება უფლის გახსენების საღამოსთვის?
14 გახსენების საღამოს დაფუძნებისას გამოყენებული პურის შესახებ იესომ თქვა: „ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული“ (1 კორინთელთა 11:24; მარკოზი 14:22). იესომ უსაფუვრო პური გამოიყენა, რაც ამ შემთხვევისთვის მართლაც რომ შესაფერისი იყო. რატომ? საფუარი ბიბლიაში სიცუდის, ბოროტებისა და ცოდვის აღსანიშნავად გამოიყენება (1 კორინთელთა 5:6—8). პურით კი იესოს სრულყოფილი, უცოდველი ხორციელი სხეული იყო წარმოდგენილი, ზუსტად ისეთი, როგორიც გამოსასყიდად იყო საჭირო (ებრაელთა 7:26; 10:5—10). იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის ახსოვთ ეს და გახსენების საღამოს აღნიშვნისას უფუარ პურს იყენებენ, რითაც იესოს მაგალითს ჰბაძავენ. ზოგჯერ ისინი უსაფუვრო პურს ყიდულობენ, რომელშიც არ არის დამატებითი ინგრედიენტები, მაგალითად ნიორი ან კვერცხი; ან თვითონ აცხობენ უფუარ პურს. ამისათვის მარცვლოვნების (სადაც შესაძლებელია, ხორბლის) ფქვილი მცირე რაოდენობით წყალში უნდა შეურიოთ, შემდეგ კი ცომი უნდა გააბრტყელოთ და ოდნავ ზეთმოსხმულ ტაფაზე ისე გამოაცხოთ, რომ პური გამომშრალი და მსხვრევადი იყოს.
ღვინის მნიშვნელობა
15. რა იყო სასმისში, რომელიც ქრისტემ თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაწესებისას გადასცა მოციქულებს?
15 უფუარი პურის გადაწოდების შემდეგ იესომ „აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა“ მოციქულებს. შემდეგ კი თქვა: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი“ (მარკოზი 14:23, 24). რა იყო სასმისში? ღვინო და არა ყურძნის წვენი. წმინდა წერილებში, როდესაც ღვინოზეა ლაპარაკი, არასოდეს იგულისხმება ყურძნის წვენი. მაგალითად, როგორც იესომ აღნიშნა, ახალი ღვინო, და არა ყურძნის წვენი, ხეთქს „ძველ ტიკებს“. გარდა ამისა, იესოს „ღვინის სმაში“ სდებდნენ მტრები ბრალს. ლაპარაკი მხოლოდ ყურძნის წვენზე რომ ყოფილიყო, ამ ბრალდებას არავითარი აზრი არ ექნებოდა (მათე 9:17; 11:19). თანაც, პასექის დღესასწაულზე ღვინოს სვამდნენ და იესომაც სწორედ ის გამოიყენა, როდესაც თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა.
16, 17. როგორი ღვინის გამოყენება იქნებოდა მისაღები გახსენების საღამოზე და რატომ?
16 იესოს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოდ მხოლოდ წითელი ღვინო გამოდგება. თავად იესომ თქვა: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი“. მოციქულმა პეტრემ კი დაწერა: „იცით [ცხებულებმა], რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა“ (1 პეტრე 1:18, 19).
17 ეჭვგარეშეა, იესომ წითელი ღვინო გამოიყენა გახსენების საღამოს დაფუძნებისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე წითელი ღვინოებიდან ყველა როდია მისაღები, რადგან სიმაგრის მისაცემად ზოგში სპირტი ან ბრენდია გარეული, ზოგში კი სურნელოვანი ბალახები ან არომატიზატორებია დამატებული. იესოს სისხლი სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო და მას არაფრის დამატება არ სჭირდებოდა. ამიტომ დანამატებშერეული ღვინოები მისაღები არ იქნებოდა. გახსენების საღამოზე სასმისში უნდა იყოს სუფთა წითელი ღვინო და არა ისეთი, რომელსაც შაქრიანობისა თუ სიმაგრისთვის რაიმე აქვს დამატებული. შეიძლებოდა სახლის სუფთა წითელი ღვინის ან ისეთი ღვინოების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, „იზაბელა“ (ე. წ. „ადესა“) და „ოჯალეში“.
18. რის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ გახსენების საღამოზე იესოს სასწაული არ მოუხდენია პურსა და ღვინოსთან დაკავშირებით?
18 ამ საღამოს დაფუძნებისას იესოს სასწაული არ მოუხდენია. დიახ, მას ეს სიმბოლოები პირდაპირი გაგებით საკუთარ ხორცად და სისხლად არ უქცევია. ადამიანის ხორცის ჭამა და სისხლის დალევა კანიბალიზმი იქნებოდა, რაც ღვთის კანონის დარღვევაა (დაბადება 9:3, 4; ლევიანები 17:10). ამ საღამოს დაფუძნებისას იესოს მთელი თავისი სხეული და სისხლი თავადვე ჰქონდა. მან ეს სხეული სრულყოფილ შესაწირავად გაიღო, მისი სისხლი კი იმავე დღის (ებრაული დღის), 14 ნისანის, ნაშუადღევს დაიღვარა. ამიტომ გახსენების საღამოზე პურისა და ღვინის გამოყენებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ამ სიმბოლოებით ქრისტეს სხეული და სისხლია წარმოდგენილიa.
გახსენების საღამო — ერთი სუფრის მოზიარეები
19. რატომ შეიძლება უფლის გახსენების საღამოზე ერთზე მეტი თეფშისა და სასმისის გამოყენება?
19 გახსენების საღამოს დაფუძნებისას იესომ თავის ერთგულ მოციქულებს ერთი საერთო სასმისიდან დალევა შესთავაზა. მათეს სახარება გვამცნობს: «[იესომ] აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან“» (მათე 26:27). აქ ნათქვამია „სასმისი“ და არა რამდენიმე სასმისი. ერთი სასმისის გამოყენებას იმ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ შეუქმნია, ვინაიდან 11-ვე მონაწილე ერთ სუფრასთან იყო და ერთმანეთისთვის სასმისის გადაცემა სრულიად არ იქნებოდა ძნელი. წელს კი მილიონები შეიკრიბებიან უფლის გახსენების საღამოზე, რომელსაც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა 94 000-ზე მეტ კრებაში აღნიშნავენ. ერთი და იმავე საღამოს გამართულ ამდენ შეხვედრაზე ყველასთვის ერთი სასმისი არ იქნება საკმარისი. მიუხედავად ამისა, პრინციპი უცვლელი რჩება: იესოს მიერ გაღებული სისხლის სიმბოლოდ ღვინით შევსებული სასმისი გამოიყენება, ოღონდ ამ შემთხვევაში რამდენიმე, რათა დროის გონივრულ ფარგლებში მოხერხდეს მისი გადაწოდება. იმავეს თქმა შეიძლება პურზეც — შეიძლება რამდენიმე თეფშის გამოყენება. წმინდა წერილებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სასმისი ან თეფში. მაგრამ სასმისიც და თეფშიც მოვლენის შესაფერისი უნდა იყოს. აგრეთვე, გონივრული იქნებოდა, სასმისი ისე შეგვევსო, რომ გადაწოდებისას ღვინო არ დაღვრილიყო.
20, 21. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახსენების საღამო ერთი სუფრის მოზიარეობაა?
20 როგორც დავინახეთ, გახსენების საღამოზე შეიძლება, ერთზე მეტი თეფში და სასმისი გამოიყენებოდეს, მაგრამ იქ მყოფნი მაინც ერთი სუფრის მოზიარეები არიან. ძველ ისრაელში ერთი სუფრის მოზიარეები ხდებოდნენ სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვისას, როდესაც ღვთის ტაძარში ცხოველი მიჰყავდათ და იქ კლავდნენ. ცხოველის ნაწილს სამსხვერპლოზე წვავდნენ, ნაწილი ეძლეოდა მღვდელს, რომელიც მსხვერპლს სწირავდა, ნაწილი — აარონის ძეებს, დანარჩენი კი — მსხვერპლის შემწირველსა და მის ოჯახს. ყველანი, ასე ვთქვათ, ერთი სუფრის მოზიარეები იყვნენ (ლევიანები 3:1—16; 7:28—36). გახსენების საღამოზე შეკრებაც, ერთგვარად, საერთო სუფრასთან ჯდომაა, რადგან მასშიც იგულისხმება მოზიარეობა.
21 ამ საერთო სუფრასთან არის თვით იეჰოვა, როგორც ამ ღონისძიების ავტორი. იესო მსხვერპლია. ცხებული ქრისტიანებიც საერთო სუფრის მოზიარეები არიან, რადგან სიმბოლოებს იღებენ. იეჰოვასთან ერთ სუფრასთან ჯდომა იმის მაჩვენებელია, რომ იქ მყოფთ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ. შესაბამისად, პავლე წერდა: „განა კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლს ვეზიარებით? განა პური, რომელსაც ვამტვრევთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სხეულს ვეზიარებით? პური ერთია და რადგან ერთ პურსა ვჭამთ, ჩვენც ერთი სხეული ვართ, თუმცა ბევრი ვართ“ (1 კორინთელთა 10:16, 17, აქ).
22. რომელი კითხვები რჩება უპასუხოდ გახსენების საღამოსთან დაკავშირებით?
22 უფლის გახსენების საღამო ერთადერთი ყოველწლიური რელიგიური დღესასწაული, რომელსაც იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ. ეს მართებულია, რადგან იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“. გახსენების საღამოზე ვიხსენებთ იესოს სიკვდილს. ამ სიკვდილით მან იეჰოვას უზენაესობას დაუჭირა მხარი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთო სუფრაზე პური არის ქრისტეს მიერ მსხვერპლად გაღებული ხორციელი სხეულის სიმბოლო, ხოლო ღვინო — დაღვრილი სისხლისა. მაგრამ დღეს არც ისე ბევრი იღებს ამ სიმბოლური მნიშვნელობის მქონე პურსა და ღვინოს. რატომ? ნამდვილად აქვს გახსენების საღამოს მნიშვნელობა იმ მილიონებისთვის, რომლებიც სიმბოლოებს არ იღებენ? მართლაც, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს უფლის გახსენების საღამო პირადად თქვენთვის?
[სქოლიოები]
a იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი II, გვერდი 271; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-
-
რას ნიშნავს უფლის გახსენების საღამო პირადად თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 თებერვალი
-
-
რას ნიშნავს უფლის გახსენების საღამო პირადად თქვენთვის?
„ვინც შეჭამს ამ პურს ან შესვამს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე“ (1 კორინთელთა 11:27).
1. რომელია 2003 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და საიდან იღებს ის სათავეს?
მიმდინარე 2003 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა 16 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს იეჰოვას მოწმეები იესო ქრისტეს სიკვდილის გასახსენებლად შეიკრიბებიან. როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, როდესაც მოწაფეებთან ერთად პასექის დღესასწაულის აღნიშვნა დაასრულა, იესომ დააფუძნა უფლის გახსენების საღამო. ამ საღამოზე უფუარი პური და წითელი ღვინო ქრისტეს უცოდველი სხეულისა და მის მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოებია. მხოლოდ ასეთი მსხვერპლის საშუალებით შეიძლებოდა კაცობრიობის გათავისუფლება მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისაგან (რომაელთა 5:12; 6:23).
2. რა გაფრთხილებაა მოცემული 1 კორინთელთა 11:27-ში?
2 მათ, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს მიიღებს, ეს ღირსეულად უნდა გააკეთონ. ამ საკითხს კარგად მოჰფინა ნათელი მოციქულმა პავლემ თავის წერილში, რომელიც ძველ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა. ამ ქალაქში უფლის გახსენების საღამოს სათანადოდ არ აღნიშნავდნენ (1 კორინთელთა 11:20—22). პავლე წერდა: „ვინც შეჭამს ამ პურს ან შესვამს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე“ (1 კორინთელთა 11:27). რას ნიშნავს ეს სიტყვები?
ზოგიერთი უღირსად იღებდა სიმბოლოებს
3. როგორ იქცეოდა მრავალი კორინთელი ქრისტიანი უფლის გახსენების საღამოზე?
3 მრავალი კორინთელი ქრისტიანი უღირსად მონაწილეობდა გახსენების საღამოში. მათ შორის განხეთქილება იყო, და, სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც, ზოგს ვახშამი თან მიჰქონდა და საღამოს დაწყების ან მიმდინარეობის დროს ვახშმობდა, ხშირად კი მეტისმეტს ჭამდნენ და სვამდნენ. ისინი არ ფხიზლობდნენ, არც გონებით და არც სულიერად. ამან გახადა ეს ქრისტიანები „დამნაშავე . . . უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე“. ისინი კი, რომლებსაც არ ევახშმათ, მშივრები იყვნენ, რაც მათ ხელს უშლიდა ღონისძიების დროს ყურადღებით ყოფნაში. დიახ, მრავალი უღირსად იღებდა მონაწილეობას და ბოლომდე არ ესმოდა ამ შემთხვევის მთელი სერიოზულობა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თავს მსჯავრი დაიტეხეს (1 კორინთელთა 11:27—34).
4, 5. რატომ არის საკუთარი თავის გამოკვლევა მნიშვნელოვანი მათთვის, ვინც, ჩვეულებრივ, გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს?
4 ყოველი გახსენების საღამოს მოახლოებისას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა, ვინც სიმბოლოებს იღებს, საკუთარი თავი გამოიკვლიოს. საერთო სუფრის ღირსეული მოზიარეები რომ იყვნენ, ამ სუფრასთან მყოფნი სულიერად ჯანმრთელები უნდა იყვნენ. ნებისმიერი, ვინც იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი უპატივცემულობას ან არასერიოზულ დამოკიდებულებას ავლენს, ‘თავისი ხალხიდან მოკვეთის’ (სსგ) საფრთხეში იგდებს თავს, სწორედ ისე, როგორც ეს ისრაელში სამშვიდობო მსხვერპლის უწმინდურ მდგომარეობაში შემწირველის შემთხვევაში იყო (ლევიანები 7:20; ებრაელთა 10:28—31).
5 პავლემ გახსენების საღამო ძველ ისრაელში არსებულ საერთო სუფრის მოზიარეობას შეადარა. მან აღნიშნა, რომ სიმბოლოების მიმღებნი ქრისტეს მოზიარეები არიან, შემდეგ კი თქვა: «შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამოთ და დემონების სუფრიდანაც» (1 კორინთელთა 10:16—21, აქ). თუ ადამიანმა, რომელიც, ჩვეულებრივ, სიმბოლოებს იღებს, სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მან უნდა აღიაროს ეს იეჰოვას წინაშე და სულიერი დახმარების მისაღებად კრების უხუცესებსაც მიმართოს (იგავები 28:13; იაკობი 5:13—16). ნამდვილი მონანიებისა და ამ მონანიების ღირსი ნაყოფის გამოღების შემდეგ ის უღირსად აღარ მიიღებს სიმბოლოებს (ლუკა 3:8).
დასწრება ღირსეულ დამკვირვებლებად
6. ვის მისცა ღმერთმა უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღების უნიკალური შესაძლებლობა?
6 უნდა მიიღონ თუ არა უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოები იმ ადამიანებმა, რომლებიც სიკეთეს უკეთებენ ქრისტეს 144 000 ძმას? (მათე 25:31—40; გამოცხადება 14:1, სსგ). არა. ღმერთმა ეს უნიკალური შესაძლებლობა მხოლოდ სულიწმიდით ცხებულ „ქრისტეს თანამემკვიდრეებს“ მისცა (რომაელთა 8:14—18; 1 იოანე 2:20). მაშ, რა მიზნით ესწრებიან გახსენების საღამოს ისინი, რომლებსაც სამეფოს ქვეშევრდომობით დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ? (გამოცხადება 21:3, 4). ისინი არ არიან ქრისტეს თანამემკვიდრეები, რომელთაც ზეციერი იმედი აქვთ; ამიტომაც გახსენების საღამოს ესწრებიან, როგორც ღირსეული დამკვირვებლები (რომაელთა 6:3—5).
7. საიდან იცოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანებმა, რომ გახსენების საღამოზე სიმბოლოები უნდა მიეღოთ?
7 პირველ საუკუნეში ჭეშმარიტი ქრისტიანები სულით ცხებულები იყვნენ. ბევრ მათგანს ჰქონდა სულის ერთი ან რამდენიმე სასწაულებრივი ძღვენი, მაგალითად, უცხო ენებზე ლაპარაკობდნენ. ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის რთული არ იქნებოდა, განესაზღვრათ, რომ სულით ცხებულები იყვნენ და გახსენების საღამოზე სიმბოლოები უნდა მიეღოთ. მაგრამ ჩვენს დღეებში ამის განსაზღვრა შესაძლებელია ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვების საშუალებით. მაგალითად, შემდეგი მუხლების დახმარებით: «ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“» (რომაელთა 8:14, 15).
8. ვინ არიან წარმოდგენილი მათეს მე-13 თავში მოხსენიებული „ხორბლითა“ და „ღვარძლით“?
8 საუკუნეების განმავლობაში ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანები „იზრდებოდნენ“, როგორც „ხორბალი“ მინდორში, სადაც ასევე ჩათესილი იყო „ღვარძლი“ ანუ ცრუქრისტიანები (მათე 13:24—30, 36—43). XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან „ხორბალი“ სულ უფრო და უფრო გამოიკვეთა, რის გამოც მოგვიანებით ცხებულ ქრისტიან ზედამხედველებს მიეცათ მითითება: „უხუცესებმა . . . [გახსენების საღამოზე] შეკრებილებს უნდა წაუყენონ შემდეგი მოთხოვნები: 1) სწამდეთ [ქრისტეს] სისხლის და 2) თავი მიძღვნილი ჰქონდეთ უფლისა და მისადმი მსახურებისთვის ისე, რომ თვით სიკვდილამდე აკეთონ ეს. ამის შემდეგ ყველა, ვინც ასეა განწყობილი და ამგვარად მზად არის, შეუერთდება უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნას“ („საღვთო წერილის გამოკვლევა“, ტომი VI, „ახალი ქმნილება“, გვერდი 473a).
„სხვა ცხვრების“ შეკრება
9. როგორ მოეფინა ნათელი 1935 წლიდან იმას, თუ ვინ იყო „უამრავი ხალხი“ და რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა იმ ქრისტიანთაგან ზოგზე, რომლებიც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებდნენ?
9 დროთა განმავლობაში იეჰოვას ორგანიზაციამ ქრისტეს ცხებული მიმდევრების გარდა სხვა ჯგუფსაც მიაპყრო ყურადღება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრები 30-იანი წლებიდან დაიწყო. მანამდე ღვთის ხალხი გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებულ „უამრავ ხალხს“ მეორეხარისხოვან სულიერ კლასად მიიჩნევდა, რომელიც 144 000 ცხებულთან ერთად იქნებოდა ზეცაში, როგორც ქრისტეს პატარძლის ხელისმომკიდე (ფსალმუნები 44:15, 16; გამოცხადება 7:4; 21:2, 9). მაგრამ 1935 წლის 31 მაისს ვაშინგტონში ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე საღვთო წერილის საფუძველზე აიხსნა, რომ „უამრავი ხალხი“ უკანასკნელ დღეებში მცხოვრები „სხვა ცხვრები“ არიან (იოანე 10:16). ამ კონგრესის შემდეგ ზოგმა შეწყვიტა გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება, რადგან მიხვდა, რომ დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდა და არა ზეცაში ცხოვრებისა.
10. როგორ აღწერდით თანამედროვე „სხვა ცხვრების“ იმედსა და ვალდებულებებს?
10 „სხვა ცხვრების“ შეკრება განსაკუთრებით 1935 წლიდან დაიწყო. მათ სწამთ გამოსყიდვის, საკუთარი თავი მიუძღვნეს ღმერთს და სამეფოს შესახებ ქადაგებაში მხარში უდგანან სულით ცხებულ „მცირე სამწყსოს“ (ლუკა 12:32). „სხვა ცხვრებს“ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ, მაგრამ სხვა დანარჩენ საკითხებში ისინი არაფრით განსხვავდებიან სამეფოს მემკვიდრეთა დარჩენილი ნაწილისგან. ძველ ისრაელში მცხოვრებ უცხოტომელთა მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს და რჯულს იცავდნენ, დღეს სხვა ცხვრები საკუთარ თავზე იღებენ ქრისტიანულ პასუხისმგებლობებს და სულიერ ისრაელთან ერთად სასიხარულო ცნობას ქადაგებენ (გალატელთა 6:16). მაგრამ, როგორც ძველ ისრაელში ვერც ერთი უცხოტომელი ვერ გახდებოდა მღვდელი ან მეფე, ამის მსგავსად, „სხვა ცხვრებიც“ ვერ იქნებიან ზეციერი სამეფოს მმართველები და მღვდლები (მეორე რჯული 17:15).
11. რატომ შეიძლება, მონათვლის თარიღს მნიშვნელობა ჰქონდეს იმისთვის, თუ რა იმედი აქვს ქრისტიანს?
11 ოცდაათიან წლებში თანდათანობით ნათელი გახდა, რომ, მთლიანობაში, ზეციერი კლასი უკვე არჩეული იყო. მას შემდეგ ათეული წლებია, რაც დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე „სხვა ცხვრების“ შეკრება მიმდინარეობს. თუ რომელიმე ცხებული ორგული აღმოჩნდება, მის ადგილს „სხვა ცხვრებიდან“ რომელიმე ქრისტიანი შეავსებს და სავარაუდოა, რომ იეჰოვა ისეთ ადამიანს აირჩევს, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ღმერთს.
რატომ ასკვნის ზოგიერთი შეცდომით, რომ ზეციერი მოწოდება აქვს
12. რა შემთხვევაში უნდა შეწყვიტოს ქრისტიანმა გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება და რატომ?
12 ცხებული ქრისტიანები აბსოლუტურად არიან დარწმუნებული იმაში, რომ ზეციერი მოწოდება აქვთ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანს არა აქვს ზეციერი მოწოდება და გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს? როდესაც ასეთი ქრისტიანი ხვდება, რომ ზეციერი იმედი არ აქვს, სინდისმა უნდა უკარნახოს, რომ შეწყვიტოს სიმბოლოების მიღება. ღმერთი არ მოიწონებს არავის, ვინც საკუთარ თავს ზეციერი მეფისა და მღვდლის მოწოდების მქონედ წარმოადგენს, მაშინ როდესაც ამ ადამიანმა იცის, რომ სინამდვილეში ასეთი მოწოდება არა აქვს (რომაელთა 9:16; გამოცხადება 20:6). იეჰოვამ დასაჯა ლევიანი კორახი იმისათვის, რომ კადნიერება გამოავლინა და მღვდლობა მოინდომა, რაც აარონის ძეებს ეკუთვნოდათ (გამოსვლა 28:1; რიცხვნი 16:4—11, 31—35). თუ რომელიმე ქრისტიანი მიხვდება, რომ გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღება არ მართებს, მაშინვე უნდა შეწყვიტოს ამის კეთება და ღმერთს ლოცვაში თავმდაბლად პატიება სთხოვოს (ფსალმუნები 18:14).
13, 14. რატომ შეიძლება ზოგმა შეცდომით დაასკვნას, რომ ზეციერი მოწოდება აქვს?
13 რატომ შეიძლება ზოგმა შეცდომით დაასკვნას, რომ ზეციერი მოწოდება აქვს? მეუღლის სიკვდილმა ან სხვა ტრაგედიამ, შესაძლებელია, ზოგს დედამიწაზე ცხოვრების ინტერესი დააკარგვინოს. ზოგს კი, შესაძლოა, ზეციერი ჯილდოს მიღების იმედი იმან ჩაუსახოს, რომ მისი ახლო მეგობარია ცხებული ქრისტიანი. ცხადია, ღმერთს არავინ დაუნიშნავს იმისათვის, რომ სხვები ზეცაში საცხოვრებლად მიიწვიოს. არც სასწაულებრივი სახით ატყობინებს ქრისტიანებს, რომ სამეფოს ცხებულ მემკვიდრეებად აირჩია.
14 ცრუ რელიგიურმა სწავლებამ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის, შესაძლოა, ზოგს აფიქრებინა, რომ ზეციერი მოწოდება აქვს. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა წარსულმა არასწორმა შეხედულებებმა თუ სხვა ფაქტორებმა ჩვენზე გავლენა არ იქონიოს. მაგალითად, ზოგმა შეიძლება საკუთარ თავს დაუსვას კითხვა: ხომ არ ვიღებ ისეთ წამლებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე? ხომ არა ვარ იმდენად ემოციური, რომ მოზღვავებული გრძნობები სწორი დასკვნის გაკეთებაში მიშლის ხელს?
15, 16. რატომ შეიძლება ზოგმა არასწორად დაასკვნას, რომ ცხებულია?
15 ზოგმა შეიძლება ჰკითხოს საკუთარ თავს: გამოჩენის სურვილი ხომ არ მამოძრავებს? ძალაუფლების მისაღებად ხომ არ მინდა ქრისტეს თანამემკვიდრეობა? პირველ საუკუნეში, როდესაც ღმერთმა ქრისტიანები სამეფოს მემკვიდრეებად აირჩია, ყველას როდი ჰქონდა კრებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობები. ზეციერი მოწოდების მქონე ქრისტიანები არ ცდილობდნენ, გამორჩეულები ყოფილიყვნენ ან იმით ეტრაბახათ, რომ ცხებულები იყვნენ. ისინი თავმდაბლობას ავლენდნენ, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც მათგან, ვისაც „ქრისტეს გონება“ ჰქონდა (1 კორინთელთა 2:16).
16 ზოგიერთი შეიძლება ღრმა ბიბლიურმა ცოდნამ მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ზეციერი მოწოდება აქვს. მაგრამ სულით ცხების შედეგად ადამიანი უჩვეულო ცოდნას არ იღებს; პავლეს ხომ არაერთხელ მოუწია რჩევის მიცემა ზოგი ცხებული ქრისტიანისთვის (1 კორინთელთა 3:1—3; ებრაელთა 5:11—14). ღმერთმა ერთი კონკრეტული არხი აირჩია თავისი ხალხისთვის სულიერი საზრდოს მისაცემად (მათე 24:45—47). ამიტომ არავინ უნდა იფიქროს, რომ თუ ცხებულია, მას სხვებზე მეტი სიბრძნე აქვს. ბიბლიურ კითხვებზე პასუხების გაცემის, ქადაგების ან ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებების წარმოთქმის კარგი უნარი სულაც არ განსაზღვრავს იმას, სულით ცხებულია ადამიანი თუ არა. დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანებიც შესანიშნავად არიან დახელოვნებული ამ სფეროებში.
17. რაზე და ვისზეა დამოკიდებული, ცხებულია თუ არა ქრისტიანი?
17 თუ ქრისტიანს ზეციერი მოწოდების შესახებ კითხვა ებადება და უხუცესს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანს მიმართავს, მათ შეუძლიათ ესაუბრონ, მაგრამ გადაწყვეტილებას მის მაგივრად სხვა ვერ მიიღებს. ადამიანს, რომელსაც ნამდვილად აქვს ზეციერი მოწოდება, არ სჭირდება სხვას ჰკითხოს, მართლა აქვს თუ არა ეს იმედი. სულით ცხებულები „ხელახლად შობილნი [არიან] არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნადისაგან, ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის მიერ“ (1 პეტრე 1:23). ღმერთი თავისი სულიწმიდითა და სიტყვით ნერგავს „თესლს“, რომელიც მათ ზეციერი იმედის მქონე „ახალ ქმნილებად“ აქცევს (2 კორინთელთა 5:17). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არჩევანს იეჰოვა აკეთებს. ცხებული იქნება ქრისტიანი თუ არა, „დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე“ (რომაელთა 9:16). მაშ, როგორ შეუძლია ქრისტიანს დანამდვილებით იცოდეს, რომ ზეციერი მოწოდება აქვს?
რატომ არიან ისინი დარწმუნებული
18. როგორ ემოწმება ღვთის სული ცხებული ქრისტიანების სულს?
18 ცხებულ ქრისტიანებს ღვთის სული უმოწმებს, რომ ზეციერი მოწოდება აქვთ. «მიღებული გაქვთ შვილობის სული, — წერდა მოციქული პავლე, — რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“ სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები — მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც» (რომაელთა 8:15—17). სულიწმიდის გავლენით სული, ანუ მოქმედების განმსაზღვრელი შინაგანი განწყობილება, ცხებულებს უბიძგებს, საკუთარ თავზე მიიღონ საღვთო წერილის ის სიტყვები, რომლებითაც იეჰოვა თავის სულიერ შვილებს მიმართავს (1 იოანე 3:2). ღვთის სული მათ შვილობის გრძნობას უჩენს და უნიკალურ იმედს უნერგავს (გალატელთა 4:6, 7). დიახ, დედამიწაზე ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად სრულყოფილ ადამიანად ცხოვრება შესანიშნავი იქნება, მაგრამ სულით ცხებულებისთვის ღმერთს ეს იმედი არ მიუცია. სულიწმიდის გავლენით მათში იმდენად ძლიერი ზეციერი იმედი ინერგება, რომ მზად არიან, დათმონ დედამიწაზე ცხოვრების ყველა სიკეთე (2 კორინთელთა 5:1—5, 8; 2 პეტრე 1:13, 14).
19. რა როლს ასრულებს ახალი შეთანხმება ცხებული ქრისტიანების ცხოვრებაში?
19 ცხებული ქრისტიანები დარწმუნებული არიან, რომ ზეციერი იმედი აქვთ და რომ მათთან ახალი შეთანხმება დაიდო. იესომ ეს გახსენების საღამოს დაფუძნებისას მოიხსენია: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკა 22:20, აქ). ეს ახალი შეთანხმება ღმერთსა და ცხებულ ქრისტიანებს შორის იდება (იერემია 31:31—34; ებრაელთა 12:22—24). იესო კი შუამავალია. აღნიშნული შეთანხმება ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში და მისი მონაწილეები არა მარტო იუდეველები არიან, არამედ სხვა ხალხებიც, რომლებიც ღმერთმა თავისი სახელისთვის ამოარჩია და აბრაამის „თესლის“ ნაწილი გახადა (გალატელთა 3:26—29; საქმეები 15:14). ეს „მარადიული შეთანხმება“ სულიერი ისრაელის ყველა წევრს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ზეცაში უკვდავ ქმნილებად იქნეს აღდგენილი (ებრაელთა 13:20, აქ).
20. რა შეთანხმება დაიდო ქრისტესა და ცხებულებს შორის?
20 ცხებულები დარწმუნებული არიან თავიანთ იმედში. მათთან დადებულია არა მარტო ახალი შეთანხმება, არამედ შეთანხმება სამეფოზე. ქრისტესთან ერთად მათი მეფობის შესახებ ბიბლიაში თავად იესოს სიტყვებს ვკითხულობთ: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება სამეფოსთვის“ (ლუკა 22:28—30, აქ). ქრისტესა და მის თანამეფეებს შორის დადებული ეს შეთანხმება მარადიულად იმოქმედებს (გამოცხადება 22:5).
გახსენების საღამოს წინა პერიოდი
21. როგორ შეიძლება, გახსენების საღამოს წინა პერიოდმა დიდი სარგებლობა მოგვიტანოს?
21 გახსენების საღამოს წინა პერიოდში მრავალი სასარგებლო რამ შეიძლება გავაკეთოთ. კარგია, ვიკითხოთ ამ პერიოდისთვის დაგეგმილი ბიბლიური მონაკვეთები. აგრეთვე, ეს განსაკუთრებით შესანიშნავი პერიოდია ლოცვისთვის, დედამიწაზე იესოს ცხოვრებასა და სიკვდილზე ფიქრისთვის და სამეფოს შესახებ ქადაგებაში მონაწილეობისთვის (ფსალმუნები 76:13; ფილიპელთა 4:6, 7). თვითონ გახსენების საღამოს აღნიშვნა კი შეგვახსენებს იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც გამომსყიდველური მსხვერპლის გაღებით ღმერთმა და ქრისტემ გამოავლინეს (მათე 20:28; იოანე 3:16). აღნიშნული ღონისძიება იმედს გვაძლევს, გვანუგეშებს და განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს (გამოსვლა 34:6; ებრაელთა 12:3). გახსენების საღამო საიმისოდაც გვაძლიერებს, რომ ვიცხოვროთ, როგორც ღვთის მიძღვნილმა მსახურებმა და ვიყოთ მისი ძვირფასი ძის ერთგული მიმდევრები.
22. რა უდიდესი ძღვენი მისცა ღმერთმა ადამიანებს და რომელი ერთ-ერთი საშუალებით შეიძლება ამისათვის მადლიერების გამოვლენა?
22 მართლაც, რა დიდებულად გვასაჩუქრებს იეჰოვა! (იაკობი 1:17). ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მისი სიტყვით; ღმერთი გვეხმარება სულიწმიდით და გვაძლევს მარადიული სიცოცხლის იმედს. ღვთისგან მიღებული უდიდესი ძღვენი კი იესოს მიერ გაღებული მსხვერპლია, რომელიც გამოისყიდის როგორც ცხებულების, ისე რწმენის გამომვლენი ყველა სხვა ადამიანის ცოდვებს (1 იოანე 2:1, 2). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია პირადად თქვენთვის იესოს სიკვდილი? თქვენც იქნებით მათ შორის, რომლებიც მადლიერებას გამოავლენენ და 2003 წლის 16 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეიკრიბებიან?
[სქოლიოები]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ აღარ გამოიცემა.
-