მელიტო სარდისელი ჭეშმარიტების დამცველი?
ყოველწლიურად ჭეშმარიტი ქრისტიანები ებრაული კალენდრის 14 ნისანის შესაბამის დღეს უფლის გახსენების საღამოს აღნიშნავენ. ამგვარად ისინი იცავენ იესოს მითითებას: „ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად“. ახ. წ. 33 წელს, 14 ნისანს პასექის აღნიშვნის შემდეგ, იესომ დააფუძნა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო. იესო იმ დღის დასრულებამდე მოკვდა (ლუკა 22:19, 20; 1 კორინთელები 11:23—28).
ახ. წ. მეორე საუკუნეში ზოგმა ამ დღის აღნიშვნის დრო შეცვალა; შეცვალეს აგრეთვე ის, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ეს საღამო. მცირე აზიაში განაგრძობდნენ იესოს სიკვდილის დღის აღნიშვნას, მაგრამ ერთი ნაშრომის თანახმად, „რომსა და ალექსანდრიაში დამკვიდრებული იყო ჩვეულება, მომდევნო დღეს, კვირას, მკვდრეთით აღდგომა აღენიშნათ“; ამ დღესასწაულს კი აღდგომის პასექს უწოდებდნენ. „კვარტოდეციმანებად“ („თოთხმეტიანელებად“) ცნობილი ჯგუფის წევრები იმის დამცველებად გამოდიოდნენ, რომ 14 ნისანს აღენიშნათ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო. მელიტო სარდისელიც ამ აზრს იზიარებდა. ვინ იყო მელიტო? როგორ გამოდიოდა ის ამ და სხვა ბიბლიური ჭეშმარიტების დამცველად?
„დიდი განმანათლებელი“
მეორე საუკუნის დასასრულისთვის ევსები კესარიელს თავის ნაშრომში „ეკლესიის ისტორია“ მოყვანილი ჰქონდა პოლიკრატე ეფესოელის მიერ რომში გაგზავნილი წერილიდან ფრაგმენტი, სადაც ეს უკანასკნელი იმის მომხრედ გამოდიოდა, რომ „სახარების თანახმად, პასექის მეთოთხმეტე დღის აღნიშვნა არ შეეცვალათ, არამედ ქრისტიანული მრწამსის შესაბამისად დაეცვათ“. ამ წერილის თანახმად, მელიტო — სარდისის (ლიდია) ეპისკოპოსი — ერთ–ერთი მათგანი იყო, ვინც 14 ნისანის აღნიშვნის მომხრედ გამოდიოდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ თანამედროვენი მელიტოს „აწ განსვენებულ დიდ განმანათლებლად“ მიიჩნევდნენ. პოლიკრატემ აღნიშნა, რომ მელიტო არ დაქორწინებულა და „მხოლოდ წმინდა სულის საქმეებით იყო დაკავებული, გარდაცვალების შემდეგ დაიკრძალა სარდისში და ელოდება მოწოდებას ზეციდან, სადაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იცხოვრებს“. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მელიტო იყო ადამიანი, ვისაც სწამდა, რომ მკვდრეთით აღდგომა ქრისტეს დაბრუნებამდე არ მოხდებოდა (გამოცხადება 20:1—6).
როგორც ჩანს, მელიტო გაბედული და შეუპოვარი კაცი იყო. მან ქრისტიანებისთვის დაწერა „აპოლოგია“; ეს იყო პირველი ნაშრომი, რომელიც რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის მისამართით დაიწერა (ეს იმპერატორი ახ. წ. 161—180 წლებში მმართველობდა). მელიტომ უშიშრად დაიცვა ქრისტიანობა და განსაჯა ბოროტი და ხარბი მამაკაცები. ეს უკანასკნელნი სხვადასხვა საშუალებით ცდილობდნენ, იმპერატორისგან ბრძანებების მიღებას, რომელთა საფუძველზეც დევნიდნენ და უსამართლოდ მსჯავრს სდებდნენ ქრისტიანებს, რათა მათ ქონებას დაუფლებოდნენ.
იმპერატორს მელიტომ გაბედულად მისწერა: „მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ პირადად გამოიკვლიოთ, ვინ არიან [ქრისტიანების] ამგვარად შემავიწროებლები და სამართლიანად განსაჯოთ, იმსახურებენ ისინი [ქრისტიანები] სიკვდილსა და დასჯას თუ უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობას. მაგრამ, თუ ის ბრძანებები და ახალი დებულებები, რომლებიც ბარბაროსული მტრების წინააღმდეგ საბრძოლველადაც კი არ არის გამართლებული, თქვენ მიერ არ არის გაცემული, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ მძარცველთა ხელში, რომლებიც უკანონოდ გვდევნიან“.
ქრისტიანობის დასაცავად მელიტო სარდისელი წმინდა წერილებს იყენებს
მელიტო დიდი გულმოდგინებით სწავლობდა წმინდა წერილებს. ჩვენ არა გვაქვს მისი ნაშრომების სრული სია, მაგრამ ამ ნაშრომთაგან ზოგიერთის სათაური ცხადყოფს, რომ ის ძალიან იყო დაინტერესებული ბიბლიური თემებით. მოვიყვანთ ზოგ სათაურს: „ქრისტიანული ცხოვრება და წინასწარმეტყველები“, „რწმენის კაცი“, „შემოქმედება“, „ნათლობა და ჭეშმარიტება, რწმენა და ქრისტეს შობა“, „სტუმართმოყვარეობა“, „წმინდა წერილების გაგების გასაღები“ და „ეშმაკი და იოანეს აპოკალიფსი“.
მელიტო პირადად გაემგზავრა ბიბლიურ ქვეყნებში, რათა ზუსტად განესაზღვრა, თუ რამდენი წიგნი შედიოდა ებრაულ წერილებში. ამასთან დაკავშირებით ის წერდა: „ამგვარად, როდესაც აღმოსავლეთს ვეწვიე და მოვინახულე ადგილები, სადაც ყოველივე ამას ქადაგებდნენ და ცხოვრებაში ახორციელებდნენ, და მას შემდეგ, რაც ზუსტად შევისწავლე ძველი აღთქმის წიგნები და ჩამოვწერე ფაქტები, გიგზავნი მათ“. ძველი აღთქმის წიგნების მელიტოს მიერ შედგენილ სიაში მოხსენიებული არ არის ნეემია და ესთერი, მაგრამ ეს სია მაინც არის ეგრეთ წოდებული ქრისტიანული მწერლობის ებრაული წერილების კანონიკურ წიგნთა უძველესი კატალოგი.
კვლევის დროს მელიტო ებრაული წერილებიდან კრებდა მუხლებს, რომლებშიც იესოს შესახებ წინასწარმეტყველებები იყო მოცემული. მელიტოს ნაშრომი „ნაწყვეტი“ ცხადყოფს, რომ იესო იყო მესია, რომელსაც ასე დიდი ხანი ელოდნენ, და რომ მოსეს კანონი და წინასწარმეტყველებები ქრისტეზე მიუთითებდა.
მელიტო სარდისელი და სწავლება გამოსყიდვაზე
მცირე აზიის მნიშვნელოვან ქალაქებში იუდეველთა საკმაოდ დიდი დიასპორა ცხოვრობდა. სარდისელი იუდეველები ებრაულ პასექს 14 ნისანს აღნიშნავდნენ. მელიტომ დაწერა დარიგება, სათაურით „პასექი“, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მოსეს კანონის თანახმად, მართებული იყო პასექის აღნიშვნა და იმის მომხრედ გამოდიოდა, რომ ქრისტიანებს უფლის გახსენების საღამო 14 ნისანს აღენიშნათ.
გამოსვლის მე–12 თავის შესახებ კომენტარების გაკეთებისა და მას შემდეგ, რაც ცხადყო, რომ პასექი ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის სიმბოლო იყო, მელიტომ ახსნა, რატომ არა აქვს აზრი ქრისტიანებისთვის პასექის აღნიშვნას. ამის მიზეზად მან ღვთის მიერ მოსეს კანონის გაუქმება მოიყვანა. შემდეგ მელიტომ აღნიშნა, თუ რატომ იყო აუცილებელი ქრისტეს მიერ მსხვერპლის გაღება: ღმერთმა ადამი სამოთხეში დაასახლა; ასე რომ, მას შეეძლო ეცხოვრა და ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ ამ პირველმა მამაკაცმა დაარღვია მითითება, არ ეჭამა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი. ამის გამო გახდა საჭირო გამოსასყიდის გაღება.
მელიტომ განავრცო თავისი ახსნა-განმარტება და აღნიშნა, რომ იესო ღმერთმა დედამიწაზე გამოგზავნა და ის ძელზე მოკვდა, რათა მორწმუნეები ცოდვისა და სიკვდილისგან გამოესყიდა. საინტერესოა, რომ, როდესაც ძელზე იესოს სიკვდილის შესახებ წერდა, მელიტომ გამოიყენა ბერძნული სიტყვა „ქსილონი“, რაც „ხეს“ ნიშნავს (საქმეები 5:30; 10:39; 13:29).
მელიტო მცირე აზიის ფარგლებს გარეთაც იყო ცნობილი. ტერტულიანე, კლემენტ ალექსანდრიელი და ორიგენე კარგად იცნობდნენ მის ნაშრომებს. მაგრამ ისტორიკოსი რანიერო კანტალამესა ამბობს: „მელიტოს დაცემა, რასაც მისი ნაშრომების თანდათანობით გაქრობა მოჰყვა, მაშინ დაიწყო, რაც კვირის პასექის აღნიშვნის ჩვეულებამ გაიმარჯვა და კვარტოდეციმანების ერეტიკოსებად მიჩნევა დაიწყეს“. საბოლოოდ, მელიტოს თითქმის ყველა ნაშრომი დაიკარგა.
განდგომილების მსხვერპლი?
მოციქულების სიკვდილის შემდეგ ჭეშმარიტ ქრისტიანობაში ნაწინასწარმეტყველებმა განდგომილებამ იწყო ფეხის მოკიდება (საქმეები 20:29, 30). აშკარაა, რომ ამან მელიტოზეც იქონია გავლენა. მისი ნაშრომების რთული ენა, როგორც ჩანს, იმაზე მეტყველებს, რომ ეს კაცი ბერძნული ფილოსოფიისა და რომაული სამყაროს გავლენის ქვეშ მოექცა. შესაძლოა, სწორედ ამ გავლენის გამო უწოდებდა მელიტო ქრისტიანობას „ჩვენს ფილოსოფიას“. ის აგრეთვე სასიკეთო ცვლილებისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯად მიიჩნევდა ეგრეთ წოდებული ქრისტიანობის რომის იმპერიასთან გაერთიანებას.
აშკარაა, რომ მელიტომ ყურად არ იღო პავლე მოციქულის რჩევა: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომელიც ეთანხმება ადამიანთა ადათ–წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“. ასე რომ, მელიტო გარკვეულწილად კი იცავდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას, მაგრამ მეტწილად მან მიატოვა ის (კოლოსელები 2:8).
[სურათი 18 გვერდზე]
იესომ უფლის გახსენების საღამო 14 ნისანს დააფუძნა.