-
‘თქვენი მამა გულმოწყალეა’საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 სექტემბერი
-
-
‘თქვენი მამა გულმოწყალეა’
„ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36).
1, 2. როგორ ცხადყო იესომ მწიგნობრების, ფარისევლებისა და თავისი მოწაფეებისთვის ნათქვამი სიტყვებით, რომ გულმოწყალება მნიშვნელოვანი თვისებაა?
მოსეს კანონი დაახლოებით 600 კანონსა და წესს შეიცავდა. ამ კანონის დაცვა აუცილებელი იყო, თუმცა გულმოწყალების გამოვლენაც არ იყო უმნიშვნელო. გავიხსენოთ, რა უთხრა იესომ უმოწყალო ფარისევლებს. იესომ გაკიცხა ისინი უმოწყალობის გამო და ორჯერ გაუმახვილა ყურადღება ღვთის მითითებაზე: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“ (მათე 9:10—13; 12:1—7; ოსია 6:6). თავისი მსახურების დასასრულს იესომ უთხრა მათ: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! იხდით პიტნის, კამისა და ზირის მეათედს, მაგრამ დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მათე 23:23).
2 როგორც ვხედავთ, იესო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გულმოწყალებას. მან უთხრა თავის მიმდევრებს: „ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36). მაგრამ ღმერთს რომ მივბაძოთ, საჭიროა გავიგოთ, რა არის სინამდვილეში გულმოწყალება (ეფესოელები 5:1). ამასთანავე, როცა კარგად გვესმის გულმოწყალების მნიშვნელოვნება, აღძრულები ვართ, მეტად გამოვავლინოთ ის ცხოვრებაში.
გულმოწყალების გამოვლენა გაჭირვებულთა მიმართ
3. რატომ უნდა ვისწავლოთ იეჰოვასგან ნამდვილი გულმოწყალების გამოვლენა?
3 ფსალმუნმომღერალი წერდა: „იეჰოვა მწყალობელი და გულმოწყალეა, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე. კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმუნი 145:8, 9). იეჰოვა ‘თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამაა’ (2 კორინთელები 1:3). სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენით ჩვენ გულმოწყალებას ვავლენთ, რაც ღვთისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მისი მაგალითიდან და მითითებებიდან ვსწავლობთ, რა არის ნამდვილი გულმოწყალება.
4. რას გვასწავლის ესაიას 49:15 გულმოწყალების შესახებ?
4 ესაიას 49:15-ში იეჰოვა ამბობს: „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?!“ ამ მუხლში „სიბრალულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვის მონათესავე სიტყვები გამოიყენება გულმოწყალების გამოსახატავად ფსალმუნის 145:8, 9-ში, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. გრძნობა, რომელიც იეჰოვას გულმოწყალებისკენ აღძრავს, შედარებულია იმ სათუთ გრძნობასთან, რომელიც დედას აქვს თავისი ჩვილის მიმართ. სიბრალული და თანაგრძნობა აღძრავს დედას, ჩვილზე იზრუნოს, როცა ბავშვი მშიერია ან სხვა რამ სჭირდება. იეჰოვას ასეთი სათუთი გრძნობები აქვს მათ მიმართ, ვისაც გულმოწყალედ ეპყრობა.
5. რით ცხადყო იეჰოვამ, რომ „გულმოწყალებით მდიდარი“ იყო ისრაელების მიმართ?
5 კარგია, როცა ვინმე გვებრალება, მაგრამ უკეთესია, თუ ეს გრძნობა გაჭირვებულების დასახმარებლად აღგვძრავს. ვნახოთ, რა გააკეთა იეჰოვამ, როცა დაახლოებით 3 500 წლის წინათ მისი თაყვანისმცემლები ეგვიპტის მონობაში იყვნენ. მან უთხრა მოსეს: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან. ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან, გამოვიყვანო იმ მიწიდან და წავიყვანო კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება“ (გამოსვლა 3:7, 8). დაახლოებით 500 წლის შემდეგ, რაც ისრაელები ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლდნენ, იეჰოვამ შეახსენა მათ: „მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან და მე გიხსენით ეგვიპტისა და თქვენი შემავიწროებელი სამეფოების ხელიდან“ (1 სამუელი 10:18). მაგრამ ისრაელები არღვევდნენ ღვთის სამართლიან ნორმებს, რის გამოც ხშირად ატყდებოდათ თავს გასაჭირი. მიუხედავად ამისა, იეჰოვას ებრალებოდა ისინი, ამიტომ არაერთხელ იხსნა მტრის ხელიდან (მსაჯულები 2:11—16; 2 მატიანე 36:15). აქედან ვხედავთ, როგორ ეპყრობა მოსიყვარულე ღმერთი გასაჭირში, საფრთხეში ან რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. იეჰოვა „გულმოწყალებით მდიდარი“ ღმერთია (ეფესოელები 2:4).
6. როგორ ბაძავდა იესო ქრისტე თავის მამას გულმოწყალების გამოვლენაში?
6 დედამიწაზე მსახურების დროს იესო ქრისტე სრულყოფილად ჰბაძავდა მამას გულმოწყალების გამოვლენაში. როგორ მოიქცა იესო, როცა ორი უსინათლო მამაკაცი ემუდარებოდა: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო“? ისინი ეხვეწებოდნენ იესოს, სასწაულებრივად აღედგინა მათთვის მხედველობა. იესო ასეც მოიქცა, ოღონდ ეს გულგრილად არ გაუკეთებია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იესოს გული დაეწვა და თვალებზე შეეხო მათ; მაშინვე აეხილათ თვალი“ (მათე 20:30—34). სიბრალულმა აღძრა იესო, მრავალი სასწაული მოეხდინა უსინათლოების, დემონით შეპყრობილების, კეთროვნებისა და იმ მშობლების დასახმარებლად, რომელთა შვილებიც იტანჯებოდნენ (მათე 9:27; 15:22; 17:15; მარკოზი 5:18, 19; ლუკა 17:12, 13).
7. რას ვსწავლობთ გულმოწყალების შესახებ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის მაგალითებიდან?
7 იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მაგალითებიდან ჩანს, რომ გულმოწყალება ორ ფაქტორს მოიცავს: გაჭირვებულთა მიმართ სიბრალულის, თანაგრძნობის გამოვლენასა და მათ დასახმარებლად სათანადო მოქმედებას. გულმოწყალების გამოსავლენად ორივე მნიშვნელოვანია. წმინდა წერილებში გულმოწყალების გამოვლენაში ხშირად გაჭირვებულთათვის სიკეთის კეთება იგულისხმება. მაგრამ როგორ ვლინდება გულმოწყალება სამართლებრივ საკითხებში? შედის ამაში დასჯისგან თავის შეკავება?
გულმოწყალების გამოვლენა შემცოდველების მიმართ
8, 9. როგორ გამოვლინდა ღვთის გულმოწყალება დავითის მიმართ, როცა მან ბათ-შებასთან შესცოდა?
8 განვიხილოთ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ნათანმა ისრაელის მეფე დავითი ბათ-შებასთან მრუშობაში ამხილა. მომნანიე დავითი ლოცულობდა: „წყალობა მიყავი, ღმერთო, შენი სიკეთით. შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები. მთლიანად ჩამომრეცხე დანაშაული და განმწმინდე ჩემი ცოდვისგან, რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას. შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე, ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში“ (ფსალმუნი 51:1—4).
9 დავითი მთელი გულით ინანიებდა. იეჰოვამ აპატია მას ცოდვა და მკაცრად არ დასაჯა. მოსეს კანონის თანახმად, დავითი და ბათ-შება სიკვდილით უნდა დაესაჯათ (კანონი 22:22). ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ თავიანთი ცოდვის ზოგ შედეგს ვერ გაექცნენ (2 სამუელი 12:13). ღვთის გულმოწყალება ცოდვების პატიებას მოიცავს, მაგრამ ღმერთი შემცოდველს სათანადო სასჯელისგან არ ათავისუფლებს.
10. თუმცა ადამიანების გასამართლებისას იეჰოვა გულმოწყალებას ავლენს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტად ღვთის გულმოწყალება?
10 ვინაიდან „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში“ და „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, ყველა ადამიანი სიკვდილს იმსახურებს (რომაელები 5:12; 6:23). რა მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა გასამართლებისას გულმოწყალებას ავლენს! თუმცა ღვთის გულმოწყალება ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. კანონის 32:4-ში ნათქვამია: „სამართლიანია მისი [იეჰოვას] ყოველი გზა“. თუმცა იეჰოვა გულმოწყალებას ავლენს, ის არ უგულებელყოფს თავის სამართლიან ნორმებს.
11. როგორ გამოავლინა იეჰოვამ სამართლიანობა, როცა დავითმა ბათ-შებასთან შესცოდა?
11 დავითისა და ბათ-შებასთვის სასჯელის შემსუბუქებამდე ჯერ მათთვის ცოდვა უნდა ყოფილიყო მიტევებული. ისრაელ მსაჯულებს ამის უფლება არ ჰქონდათ. თუ ისინი განიხილავდნენ ამ საქმეს, ვალდებულნი იქნებოდნენ, სიკვდილით დაესაჯათ შემცოდველები. ეს კანონით მოითხოვებოდა. მაგრამ დავითთან დადებული შეთანხმების გამო იეჰოვას უნდოდა დაენახა, არსებობდა თუ არა დავითისთვის ცოდვის პატიების საფუძველი (2 სამუელი 7:12—16). ამგვარად, იეჰოვა ღმერთმა, „მთელი დედამიწის მოსამართლემ“, რომელიც ‘გულების შემმოწმებელია’, გადაწყვიტა, თავად განეხილა ეს საქმე (დაბადება 18:25; 1 მატიანე 29:17). ღმერთს შეეძლო სწორად შეეფასებინა, რამდენად გულწრფელად ინანიებდა დავითი, და ეპატიებინა.
12. როგორ შეუძლიათ ცოდვილ ადამიანებს ღვთის გულმოწყალების მიღება?
12 იეჰოვა თავის სამართლიანობასთან შეთანხმებულად ავლენს გულმოწყალებას, როცა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის სასჯელისგან გვათავისუფლებს. ცოდვების პატიებისას სამართლიანობის ნორმები რომ არ დარღვეულიყო, იეჰოვამ თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით გამოსასყიდი გაიღო, რაც უდიდესი წყალობა იყო (მათე 20:28; რომაელები 6:22, 23). ჩვენ რწმენა უნდა გამოვავლინოთ მისი ძის მიმართ, რომ ღვთის გულმოწყალება მივიღოთ და მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის სასჯელისგან გავთავისუფლდეთ (იოანე 3:16, 36).
მწყალობელი და სამართლიანი ღმერთი
13, 14. არბილებს ღვთის გულმოწყალება მის სამართლიანობას? ახსენით.
13 თუმცა გულმოწყალების გამოვლენით იეჰოვა არ არღვევს თავის სამართლიან ნორმებს, ახდენს ეს გავლენას მის სამართლიანობაზე? ამსუბუქებს გულმოწყალება ღვთის სამართლიანობას? რა თქმა უნდა, არა.
14 ოსია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ უთხრა ისრაელებს: „სამარადისოდ დაგნიშნავ ჩემზე, სიმართლით, სამართლიანობით, სიკეთითა და წყალობით დაგნიშნავ“ (ოსია 2:19). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა გულმოწყალებას ყოველთვის სხვა თვისებებთან, მათ შორის სამართლიანობასთან შეთანხმებულად ავლენს. „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, . . . პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას, თუმცა დასასჯელს დაუსჯელად არ ტოვებს“ (გამოსვლა 34:6, 7). იეჰოვა გულმოწყალებისა და სამართლიანობის ღმერთია. მის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (კანონი 32:4). ღმერთი სრულყოფილად ავლენს როგორც სამართლიანობას, ისე გულმოწყალებას. ეს თვისებები ერთმანეთზე არ უპირატესობს და არც ერთმანეთის გასაწონასწორებლად არის საჭირო. პირიქით, ორივე თვისება სრულყოფილად ერწყმის ერთმანეთს.
15, 16. ა) საიდან ჩანს, რომ ღმერთი მკაცრად არ ავლენს სამართლიანობას? ბ) რაში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი იეჰოვას თაყვანისმცემლები ბოროტ ქვეყნიერებაზე განაჩენის აღსრულებისას?
15 იეჰოვა მკაცრად არ ავლენს სამართლიანობას. სამართლიანობა, როგორც წესი, კანონის აღსრულებას უკავშირდება და დამნაშავეთა დამსახურებულ დასჯას მოითხოვს. მაგრამ ღვთის სამართლიანობა მართლების ხსნასაც გულისხმობს. მაგალითად, ლოტი და მისი ორი ქალიშვილი გადარჩნენ სოდომისა და გომორას განადგურების დროს (დაბადება 19:12—26).
16 ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბოროტ ქვეყნიერებაზე თავისი განაჩენის აღსრულებისას იეჰოვა გადაარჩენს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს, „უამრავ ხალხს“, რომლებმაც „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“. ისინი ‘დიდი გასაჭირიდან მოვლენ’ (გამოცხადება 7:9—14).
რატომ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი?
17. რა არის გულმოწყალების გამოვლენის ძირითადი მიზეზი?
17 იეჰოვასა და იესო ქრისტეს მაგალითებიდან ვსწავლობთ, რა არის სინამდვილეში გულმოწყალება. იგავების 19:17-ში გულმოწყალების გამოვლენის ძირითად მიზეზზე ნათქვამია: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“. იეჰოვას მოსწონს, რომ ვბაძავთ მას და მის ძეს და გულმოწყალებას ვავლენთ სხვების მიმართ (1 კორინთელები 11:1). ეს სხვებსაც აღძრავს, გულმოწყალენი იყვნენ (ლუკა 6:38).
18. რატომ უნდა ვცდილობდეთ, რომ გულმოწყალენი ვიყოთ?
18 გულმოწყალების გამოვლენისას სხვა მრავალ კარგ თვისებასაც ვავლენთ, მაგალითად დიდსულოვნებას, სიყვარულსა და სიკეთეს. სათუთი გრძნობები და თანაგრძნობა გვიბიძგებს, რომ გულმოწყალენი ვიყოთ. თუმცა ღვთის გულმოწყალება არ არბილებს მის სამართლიანობას, ღმერთი რისხვაში ნელია, მომთმენია და ცოდვილებს საკმარის დროს აძლევს მოსანანიებლად (2 პეტრე 3:9, 10). ასე რომ, გულმოწყალება მოთმინებასა და სულგრძელობასთან არის დაკავშირებული. ის აერთიანებს მრავალ სასურველ თვისებას, მათ შორის ღვთის სულის ნაყოფში შემავალ სხვადასხვა თვისებას, და კარგ საფუძველს ქმნის მათ განსავითარებლად (გალატელები 5:22, 23). მართლაც, რა მნიშვნელოვანია, რომ გულმოწყალენი ვიყოთ!
„ბედნიერნი არიან გულმოწყალენი“
19, 20. რა გაგებით იმარჯვებს გულმოწყალება გასამართლებაზე?
19 იაკობი გვიხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის გულმოწყალენი ვიყოთ. ის ამბობს: „გულმოწყალება იმარჯვებს გასამართლებაზე“ (იაკობი 2:13ბ). იაკობი საუბრობს ისეთ გულმოწყალებაზე, რომელსაც ღვთის თაყვანისმცემელი სხვების მიმართ ავლენს. იმ დროს, როცა ადამიანი „საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“, გულმოწყალება გაიმარჯვებს გასამართლებაზე იმ გაგებით, რომ იეჰოვა გაითვალისწინებს ამ ადამიანის გულმოწყალებას და თავისი ძის გამოსასყიდის საფუძველზე აპატიებს მას (რომაელები 14:12). უეჭველია, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა დავითს ბათ-შებასთან ჩადენილი ცოდვა აპატია, დავითის გულმოწყალება იყო (1 სამუელი 24:4—7). მეორეს მხრივ, „ვინც გულმოწყალებას არ ავლენს, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება“ (იაკობი 2:13ა). გასაკვირი არ არის, რომ ღვთის თვალსაზრისით უმოწყალო ადამიანები „სიკვდილს იმსახურებენ“ (რომაელები 1:31, 32).
20 მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათე 5:7). რა კარგად ცხადყოფს ეს სიტყვები, რომ ღვთის გულმოწყალების მისაღებად ადამიანი თავადაც გულმოწყალე უნდა იყოს! მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ გამოვავლინოთ გულმოწყალება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
-
-
როგორ გამოვავლინოთ გულმოწყალება?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 სექტემბერი
-
-
როგორ გამოვავლინოთ გულმოწყალება?
„ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელები 6:10).
1, 2. რას ვიგებთ გულმოწყალებაზე კეთილი სამარიელის შესახებ იგავიდან?
იესოსთან საუბრის დროს ერთმა კანონის მცოდნემ ჰკითხა მას: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ პასუხად იესომ იგავი მოუყვა: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში. ტანსაცმელი გახადეს, სცემეს, წავიდნენ და ცოცხალმკვდარი დატოვეს. შემთხვევით იმ გზაზე ერთმა მღვდელმა ჩაიარა, დაინახა იგი და გზის მეორე მხარეს გადავიდა. იმ ადგილას ლევიანმაც ჩაიარა და, როცა დაინახა, ისიც გზის მეორე მხარეს გადავიდა. მაგრამ გზად მიმავალმა ერთმა სამარიელმა დაინახა იგი და გული დაეწვა. მივიდა, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, თავის პირუტყვზე შესვა ის კაცი, სასტუმროში მიიყვანა და მოუარა. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, სასტუმროს პატრონს მისცა და უთხრა: ამ კაცს მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო“. შემდეგ იესომ ჰკითხა კანონის მცოდნეს: „როგორ ფიქრობ, რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“ მან მიუგო: „ის, ვინც გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ“ (ლუკა 10:25, 29—37ა).
2 სამარიელმა ნამდვილი გულმოწყალება გამოავლინა. ეს ადამიანი მისთვის სრულიად უცხო იყო, მაგრამ თანაგრძნობამ და სიბრალულმა აღძრა, რომ დაზარალებულს დახმარებოდა. გულმოწყალების გამოვლენას ხელს არ უშლის ეროვნული, რელიგიური და კულტურული სხვაობა. იესომ კეთილი სამარიელის შესახებ იგავის მოყოლის შემდეგ თავის მსმენელს ურჩია: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“ (ლუკა 10:37ბ). ეს რჩევა ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ და ვეცადოთ, გულმოწყალენი ვიყოთ. როგორ შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გულმოწყალების გამოვლენა?
„თუ ძმა . . . შიშველია“
3, 4. რატომ უნდა ვავლენდეთ გულმოწყალებას განსაკუთრებით ქრისტიანული კრების წევრების მიმართ?
3 პავლე მოციქულმა თქვა: „ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელები 6:10). თავდაპირველად, განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია გულმოწყალების გამოვლენა მათ მიმართ, ვინც რწმენით ჩვენიანია.
4 მოწაფე იაკობმა მოუწოდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს, გულმოწყალენი ყოფილიყვნენ ერთმანეთის მიმართ; მან დაწერა: „ვინც გულმოწყალებას არ ავლენს, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება“ (იაკობი 2:13). ამ მუხლის კონტექსტიდან ვიგებთ, თუ როგორ შეგვიძლია გულმოწყალების გამოვლენა. მაგალითად, იაკობის 1:27-ში ვკითხულობთ: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და უმანკოდ დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“. იაკობის 2:15, 16-ში კი ნათქვამია: „თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო არა აქვს, რომელიმე თქვენგანი კი ეუბნება, აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთო, მაგრამ სხეულისათვის საჭიროს არაფერს აძლევს, რა სარგებელია?“
5, 6. როგორ შეგვიძლია გულმოწყალების გამოვლენა ჩვენს კრებაში?
5 ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს ახასიათებთ სხვებზე ზრუნვა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება. ჩვენი თაყვანისმცემლობა არ გვრთავს ნებას, მხოლოდ სიტყვიერად ვანუგეშოთ და დავაიმედოთ ადამიანები. თანაგრძნობით აღძრულებმა სიკეთე უნდა გავუკეთოთ გაჭირვებაში მყოფთ (1 იოანე 3:17, 18). ჩვენ გულმოწყალებას გამოვავლენთ, თუ ავადმყოფს საჭმელს მოვუმზადებთ, ხანდაზმულს საოჯახო საქმეებში მივეხმარებით, თანაქრისტიანს მანქანით წავიყვანთ ქრისტიანულ შეხვედრებზე და ხელგაშლილები ვიქნებით მათ მიმართ, ვინც ამას იმსახურებს (კანონი 15:7—10).
6 მაგრამ მატერიალურ დახმარებაზე უფრო მნიშვნელოვანია, სულიერად დავეხმაროთ თანაქრისტიანებს. ბიბლია მოგვიწოდებს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს“ (1 თესალონიკელები 5:14). „ხანში შესულ ქალებს“ ურჩევს, იყვნენ „კარგის მასწავლებლები“ (ტიტე 2:3). ქრისტიან ზედამხედველებზე კი ამბობს, რომ „თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში“ (ესაია 32:2).
7. რას ვსწავლობთ გულმოწყალების შესახებ სირიის ანტიოქიაში მცხოვრები ქრისტიანების მაგალითიდან?
7 გარდა იმისა, რომ პირველ საუკუნეში ქრისტიანები ზრუნავდნენ თავიანთი კრების ქვრივებზე, ობლებსა და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე და ამხნევებდნენ მათ, ისინი სხვა მხარეებში მცხოვრებ თანამორწმუნეებსაც ეხმარებოდნენ. მაგალითად, მას მერე, რაც აგაბემ იწინასწარმეტყველა, რომ „დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყნიერებაზე“, სირიის ანტიოქიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა „გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა“. მათ ეს დახმარება „ბარნაბასა და სავლეს ხელით“ გაუგზავნეს უხუცესებს (საქმეები 11:28—30). დღეს რა მდგომარეობაა? „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ შექმნა დახმარების კომიტეტები, რომლებიც ზრუნავენ სტიქიური უბედურებების, მაგალითად ქარიშხლის, მიწისძვრის თუ ცუნამის შედეგად დაზარალებულ ძმებზე (მათე 24:45). თუ ამ კომიტეტებთან ვთანამშრომლობთ და ვწირავთ ჩვენს დროს, ენერგიასა და სახსრებს, გულმოწყალებას ვავლენთ.
„თუ ისევ ავლენთ მიკერძოებას . . .“
8. როგორ უშლის ხელს მიკერძოება გულმოწყალების გამოვლენას?
8 მოწაფე იაკობი თანაქრისტიანებს აფრთხილებდა იმ თვისების შესახებ, რომელიც ხელს უშლის გულმოწყალების გამოვლენასა და სიყვარულის „დიდებული კანონის“ შესრულებას. ის წერდა: „თუ ისევ ავლენთ მიკერძოებას, ცოდვას სჩადიხართ, ვინაიდან კანონი გამხელთ დანაშაულში“ (იაკობი 2:8, 9). თუ ზედმეტად ყურადღებიანი ვართ ისეთი ქრისტიანების მიმართ, ვინც მდიდარი და გამორჩეულია, შეიძლება „ღარიბის ჩივილის“ მიმართ უგრძნობი გავხდეთ (იგავები 21:13). მიკერძოება აშთობს გულმოწყალებას. ჩვენ გულმოწყალებას ვავლენთ, თუ მიუკერძოებლად ვეპყრობით სხვებს.
9. რატომ არ არის ცუდი განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა მათ მიმართ, ვინც ამას იმსახურებს?
9 ნიშნავს ეს, რომ საერთოდ არ უნდა გამოვავლინოთ ვინმეს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება? ცხადია, არა. პავლე მოციქულმა ფილიპეში მცხოვრებ ქრისტიანებს თანამსახურ ეპაფროდიტეს შესახებ მისწერა: „დააფასეთ ასეთი ადამიანები, რადგან უფლის საქმისთვის სიკვდილის პირამდე მივიდა, საფრთხეში ჩაიგდო სული, რათა შეევსო თქვენი არყოფნა, რის გამოც პირადად ვერ მემსახურებით“ (ფილიპელები 2:25, 29, 30). ეპაფროდიტე სხვების ყურადღებას ერთგულების გამო იმსახურებდა. გარდა ამისა, 1 ტიმოთეს 5:17-ში ნათქვამია, რომ „ხელმძღვანელობის კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის ღირსად უნდა ჩაითვალონ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“. ქრისტიანებს კარგი თვისებების გამოც უნდა ვაფასებდეთ. ასეთი ყურადღების გამოვლენა მიკერძოება არ არის.
„ზემოდან მომავალი სიბრძნე . . . სავსეა გულმოწყალებით“
10. რატომ უნდა ვაკონტროლოთ ენა?
10 იაკობმა ენის შესახებ თქვა, რომ ის „უმართავი და მავნებელია და მომაკვდინებელი გესლით არის სავსე. ენით ვადიდებთ იეჰოვას, მამას, და ენითვე ვწყევლით ადამიანებს, ღვთის მსგავსებად შექმნილებს. ერთი და იმავე პირიდან ამოდის დიდებაც და წყევლაც“. მან დასძინა: „თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ნუ ცრუობთ. ეს არ არის ზემოდან მომავალი სიბრძნე, არამედ მიწიერი, ხორციელი და დემონურია, რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება. ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა“ (იაკობი 3:8—10ა, 14—17).
11. როგორ შეგვიძლია გულმოწყალება გამოვავლინოთ საუბრის დროს?
11 როგორც ვხედავთ, ჩვენი საუბარი ცხადყოფს, გვაქვს თუ არა სიბრძნე, რომელიც „სავსეა გულმოწყალებით“. მაგრამ რისი მიმანიშნებელი იქნება, თუ შური და შუღლი აღგვძრავს, ვიტრაბახოთ, ტყუილი ვთქვათ ან ჭორი გავავრცელოთ ვინმეზე? ფსალმუნის 94:4-ში ნათქვამია: „ყველა სიავის მქნელი საკუთარი თავით ტრაბახობს“. რა ადვილად შეიძლება ჭორმა ადამიანს რეპუტაცია შეულახოს! (ფსალმუნი 64:2—4). არანაკლები ზიანი მოაქვს „ცრუმოწმეს, [რომელიც] აფრქვევს სიცრუეს“ (იგავები 14:5; 1 მეფეები 21:7—13). მას შემდეგ, რაც ენის უმართებულოდ გამოყენების შესახებ ისაუბრა, იაკობმა თქვა: „არ არის კარგი, ჩემო ძმებო, რომ ასეთი რამ ხდება“ (იაკობი 3:10ბ). ნამდვილად გულმოწყალე ადამიანი იმას ილაპარაკებს, რაც წმინდა, მშვიდობიანი და გონივრულია. იესომ თქვა: „გეუბნებით: კაცი ყოველი ფუჭი სიტყვისთვის პასუხს აგებს სასამართლოს დღეს“ (მათე 12:36). რამდენად მნიშვნელოვანია, გულმოწყალებას ვავლენდეთ საუბრის დროს!
‘აპატიეთ სხვებს მათი შეცოდებები’
12, 13. ა) რას გვასწავლის გულმოწყალების შესახებ იგავი მონაზე, რომელსაც თავისი ბატონის დიდი ვალი ჰქონდა? ბ) რას ნიშნავს, ვაპატიოთ ძმას „სამოცდაჩვიდმეტჯერ“?
12 გულმოწყალების გამოვლენის კიდევ ერთი საშუალების შესახებ საუბარია იესოს იგავში მონაზე, რომელსაც თავისი ბატონის სამოცი მილიონი დინარი ემართა. ვინაიდან მონას არ ჰქონდა ვალის გადახდის საშუალება, წყალობა სთხოვა ბატონს. მას შეებრალა მონა და აპატია ვალი. მაგრამ მონა გავიდა და მოძებნა სხვა მონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, უმოწყალოდ მოექცა მას და საპყრობილეში ჩააგდო. როდესაც ბატონმა გაიგო, რაც მოხდა, დაიბარა ის და უთხრა: „ბოროტო მონავ! რაკი შემეხვეწე, მთელი ვალი გაპატიე. განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?!“ ამის შემდეგ ბატონმა მონა საპყრობილის ზედამხედველებს გადასცა. იესომ იგავი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (მათე 18:23—35).
13 ამ იგავში ხაზგასმულია, რომ გულმოწყალე ადამიანი მზად უნდა იყოს პატიებისთვის. იეჰოვამ ჩვენ უდიდესი ვალი — ცოდვა გვაპატია. განა ჩვენც არ უნდა ‘ვაპატიოთ სხვებს მათი შეცოდებები’? (მათე 6:14, 15). სანამ იესო უმოწყალო მონაზე იგავს მოყვებოდა, პეტრემ ჰკითხა მას: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა? შვიდჯერ?“ იესომ უთხრა: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (მათე 18:21, 22). უდავოა, რომ გულმოწყალე ადამიანი მზად არის, აპატიოს „სამოცდაჩვიდმეტჯერ“ ანუ ყოველთვის.
14. მათეს 7:1—4-ის თანახმად, როგორ შეგვიძლია ყოველდღე გამოვავლინოთ გულმოწყალება?
14 მთაზე ქადაგებისას იესომ გულმოწყალების გამოვლენის კიდევ ერთ მხარეზე ისაუბრა. მან თქვა: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით . . . მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ? ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა თვითონ შენ მორი გაქვს თვალში?“ (მათე 7:1—4). ასე რომ, ყოველდღე უნდა გამოვავლინოთ გულმოწყალება და მოთმინებით მოვეკიდოთ სხვების სისუსტეებს, არ განვსაჯოთ და არ ვიყოთ კრიტიკული.
„ყველას სიკეთე გავუკეთოთ“
15. რატომ უნდა გამოვავლინოთ გულმოწყალება თანამორწმუნეების გარდა სხვების მიმართაც?
15 თუმცა „იაკობის“ წიგნში საუბარია თანამორწმუნეების მიმართ გამოვლენილ გულმოწყალებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ქრისტიანული კრების წევრებით უნდა შემოვიფარგლოთ. ფსალმუნის 145:9-ში ნათქვამია: „კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“. ბიბლია მოგვიწოდებს, ‘მივბაძოთ ღმერთს’ და „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (ეფესოელები 5:1; გალატელები 6:10). თუმცა არ გვიყვარს „ქვეყნიერება და . . . ის, რაც ქვეყნიერებაშია“, ჩვენთვის სულერთი არ არის ქვეყნიერებაში მცხოვრები ადამიანების გასაჭირი (1 იოანე 2:15).
16. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული გულმოწყალების გამოვლენა?
16 ჩვენ, ქრისტიანები, ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ მათ, ვინც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა ან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა (ეკლესიასტე 9:11). რასაკვირველია, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, როგორ დავეხმარებით დაზარალებულს (იგავები 3:27). თუმცა მატერიალური დახმარების აღმოჩენისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სიკეთე სხვისი გაზარმაცების მიზეზი არ გახდეს (იგავები 20:1, 4; 2 თესალონიკელები 3:10—12). ნამდვილი გულმოწყალება თანაგრძნობიდან და საღი აზრიდან მომდინარეობს.
17. როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ გამოვავლინოთ გულმოწყალება მათ მიმართ, ვინც ქრისტიანული კრების წევრი არ არის?
17 ბიბლიის ჭეშმარიტების ქადაგება გულმოწყალების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნება. ადამიანთა უმეტესობა სულიერ სიბნელეში იმყოფება. ისინი პრობლემებიდან გამოსავალს ვერ პოულობენ და მომავლის რეალური იმედი არა აქვთ, ამიტომ „უმწყემსო ცხვარივით . . . გასავათებული და დაფანტული“ არიან (მათე 9:36). ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ცნობა ‘ლამპარი იქნება მათი ფეხისთვის’ ანუ ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება მათ. ის ასევე ‘სინათლე იქნება მათი სავალისთვის’, ვინაიდან ღვთის განზრახვა, რომელიც ადამიანების მომავალს უკავშირდება, ნათელ იმედს მისცემს მათ (ფსალმუნი 119:105). რამხელა პატივია, ვაუწყოთ ეს შესანიშნავი ცნობა ყველას, ვისაც ეს ძალიან სჭირდება! „დიდი გასაჭირი“ მოახლოებულია, ამიტომ ახლაა დრო, აქტიურად ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ და მოვამზადოთ მოწაფეები (მათე 24:3—8, 21, 22, 36—41; 28:19, 20). ასეთი გულმოწყალების გამოვლენა უმნიშვნელოვანესია.
„გაეცით . . . შინაგანი“
18, 19. რატომ უნდა ვეცადოთ, მეტად გამოვავლინოთ გულმოწყალება?
18 იესომ თქვა: „გაეცით მოწყალებად შინაგანი“ (ლუკა 11:41). კეთილი საქმე რომ ნამდვილი გულმოწყალების გამოვლინება იყოს, შინაგანიდან ანუ სიყვარულით სავსე გულიდან უნდა მომდინარეობდეს (2 კორინთელები 9:7). რამდენად სასიამოვნოა, როცა ადამიანი ასეთ გულმოწყალებას ავლენს ქვეყნიერებაში, სადაც უხეშობა, ეგოიზმი და სხვების ტანჯვისა თუ პრობლემების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჩვეულებრივი მოვლენაა!
19 მოდი, ვეცადოთ მეტად გამოვავლინოთ გულმოწყალება ცხოვრებაში. რაც მეტად ვავლენთ ამ თვისებას, მით მეტად ვბაძავთ ღმერთს. ეს კი ჩვენს ცხოვრებას უფრო აზრიანსა და კმაყოფილებით აღსავსეს ხდის (მათე 5:7).
-