-
ვისკენ გაქვთ მზერა მიპყრობილი?საგუშაგო კოშკი — 2018 | ივლისი
-
-
ისრაელები მიადგნენ ადგილს, რომელიც აგრეთვე მერიბას სახელით გახდა ცნობილი. ეს ტერიტორია აღთქმული მიწის საზღვრის სიახლოვეს, კადეშთან ახლოს მდებარეობდა.a ისრაელებმა ამჯერადაც უწყლობის გამო დაიწყეს წუწუნი (რიცხ. 20:1—5). მაგრამ ამ შემთხვევაში მოსე სხვანაირად მოიქცა.
9. რა მითითება მიიღო მოსემ, მაგრამ როგორ მოიქცა ის? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)
9 რა რეაქცია ჰქონდა მოსეს ამ ხალხის ურჩობაზე? მან მზერა კვლავ იეჰოვასკენ მიაპყრო და მისგან ითხოვა ხელმძღვანელობა. თუმცა ამჯერად იეჰოვას არ უთქვამს მოსესთვის, რომ კლდისთვის დაეკრა ჯოხი. ღმერთმა მას დაავალა, აეღო თავისი ჯოხი, შეეკრიბა ხალხი და მათ თვალწინ კლდისთვის ეთქვა, რომ წყალი მიეცა (რიცხ. 20:6—8). თუმცა მოსეს კლდისთვის არაფერი უთქვამს. პირიქით, ხალხს გაცხარებულმა მიმართა: „მომისმინეთ, ურჩებო! გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“. ამ სიტყვების შემდეგ მოსემ ერთხელ კი არა, „ორჯერ დაჰკრა ჯოხი კლდეს“ (რიცხ. 20:10, 11).
10. როგორი რეაქცია ჰქონდა იეჰოვას მოსეს საქციელზე?
10 იეჰოვა უბრალოდ კი არ გაბრაზდა, არამედ განრისხდა მოსეზე (კან. 1:37; 3:26). რატომ ჰქონდა იეჰოვას ასეთი რეაქცია? შესაძლოა ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღმერთი შეიძლება იმიტომ გაუწყრა მოსეს, რომ ის არ მიჰყვა ახალ მითითებებს.
11. როგორ შეიძლებოდა მოსეს კლდეზე ჯოხის დარტყმით იეჰოვას მიერ მოხდენილი სასწაულისთვის ძალა დაეკარგვინებინა?
11 შესაძლოა იეჰოვას განრისხების სხვა მიზეზიც ჰქონდა. პირველ მერიბასთან კლდე მთლიანად გრანიტისა იყო, ამიტომ ძლიერი დარტყმის შემთხვევაშიც კი არავინ მოელოდა, რომ მისგან წყალი გადმოვიდოდა. მაგრამ მეორე მერიბასთან სრულიად განსხვავებული, შედარებით რბილი, კირქვის კლდე იყო. ვინაიდან კირქვა ფოროვანი და ნაპრალოვანი ქანია, მასში ადვილად აღწევს წყალი და მიწისქვეშა წყლის რეზერვუარები იქმნება. ასეთ კლდეებზე ხვრელის გაკეთების შემდეგ შესაძლებელია იქ დაგროვებული წყლის გამოყენება. როცა მოსემ ორჯერ დაარტყა კირქვის კლდეს ჯოხი, ხომ არ იფიქრებდა ხალხი, რომ კლდიდან წყალი ბუნებრივად გადმოვიდა და არა სასწაულებრივად? ხომ არ დაუკარგა მოსემ იეჰოვას სასწაულს ძალა, როცა დალაპარაკების ნაცვლად კლდეს ჯოხი დაარტყა?b გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით.
მოსეს ურჩობა
12. კიდევ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოსესა და აარონზე იეჰოვას განრისხების მიზეზი?
12 არსებობს კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი, თუ რატომ განურისხდა იეჰოვა მოსესა და აარონს. ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა მოსემ ხალხს: „გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“. სიტყვაში „გადმოგიდინოთ“, როგორც ჩანს, მოსე თავის თავსა და აარონს გულისხმობდა. ამ სიტყვებით მოსემ უპატივცემულობა გამოავლინა იეჰოვას მიმართ, ვისი ძალითაც უნდა მომხდარიყო ეს სასწაული. ამ მოსაზრებას ადასტურებს ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „აღაშფოთეს ის მერიბას წყალთან, ამიტომ მათ გამო ხელი არ მოემართა მოსეს. სული გაუმწარეს, ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით“ c (ფსალმ. 106:32, 33; რიცხ. 27:14). როგორც უნდა ყოფილიყო, მოსემ არ მიაგო იეჰოვას დიდება, რომელსაც ის იმსახურებდა. იეჰოვამ მოსეს და აარონს უთხრა: „არ დაემორჩილეთ [შენ და აარონი] ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან“ (რიცხ. 20:24). ეს საკმაოდ მძიმე ცოდვა იყო.
13. რატომ იყო იეჰოვას მიერ მოსესთვის გამოტანილი განაჩენი სწორიც და სამართლიანიც?
13 როგორც ღვთის ხალხის წინამძღოლებს, მოსესა და აარონს უფრო მეტი მოეთხოვებოდათ (ლუკ. 12:48). წლებით ადრე იეჰოვამ ურჩობის გამო ისრაელთა ერთ თაობას ქანაანის მიწაზე შესვლის ნება არ დართო (რიცხ. 14:26—30, 34). ამიტომ ურჩობის გამო მოსესთვის გამოტანილი განაჩენი სწორიც იყო და სამართლიანიც. სხვა ურჩი ისრაელების მსგავსად, ღმერთმა არც მას მისცა აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება.
პრობლემის მიზეზი
14, 15. რამ მიიყვანა მოსე ურჩობამდე?
14 რამ მიიყვანა მოსე ურჩობამდე? კიდევ ერთხელ დაფიქრდით ფსალმუნის 106:32, 33-ზე: „აღაშფოთეს ის მერიბას წყალთან, ამიტომ მათ გამო ხელი არ მოემართა მოსეს. სული გაუმწარეს, ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით“. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები იეჰოვას წინააღმდეგ წავიდნენ, სული მოსეს გაუმწარდა. ის თავშეუკავებლად მოიქცა და არ იფიქრა იმ შედეგებზე, რომლებიც მის სიტყვებს მოჰყვებოდა.
15 მოსემ დაუშვა, რომ სხვების საქციელის გამო მზერა იეჰოვასგან სხვა რამეზე გადაეტანა. პირველ შემთხვევაში ის სწორედ ისე მოიქცა, როგორც იეჰოვამ უთხრა (გამ. 7:6). თუმცა შესაძლოა ათწლეულების მანძილზე ურჩი ისრაელების წინამძღოლობამ მოსე დაღალა და გული გაუტეხა. როგორც ჩანს, მან ძირითადი აქცენტი საკუთარ გრძნობებზე გააკეთა და არა იეჰოვას განდიდებაზე.
-