საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ისინი ელოდნენ მესიას
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აგვისტო
    • ისინი ელოდნენ მესიას

      „ხალხი მოლოდინში იყო და ყველა იოანეზე ფიქრობდა გულში, იქნებ ეს არისო ქრისტე“ (ლუკ. 3:15).

      1. რა აცნობა ანგელოზმა მწყემსებს?

      დაღამდა. მწყემსები გარეთ არიან და ცხვარს მწყემსავენ. მათ გაოცებას საზღვარი არ აქვს, როდესაც იეჰოვას ანგელოზი ეცხადებათ და ღვთის დიდება იქაურობას ანათებს. ყური დაუგდეთ! ანგელოზი მათ საოცარ ამბავს ატყობინებს: „ნუ გეშინიათ, რადგან გახარებთ, რომ ყველას დიდი სიხარული ელის: დღეს . . . დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“, ანუ ის, ვინც მესია გახდება. ანგელოზი მწყემსებს ეუბნება, რომ ბაგაში მწოლიარე ჩვილის ნახვა ახლომდებარე ქალაქში შეუძლიათ. უეცრად „დიდძალი ზეციერი ლაშქარი“ იეჰოვას განდიდებას იწყებს: „დიდება ზეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკ. 2:8—14).

      2. რას ნიშნავს „მესია“ და როგორ შეიძლებოდა მისი ამოცნობა?

      2 რასაკვირველია, იუდეველმა მწყემსებმა იცოდნენ, რომ „მესია“, ანუ „ქრისტე“, ღვთის ცხებულს ნიშნავდა (გამ. 29:5—7). მაგრამ, როგორ შეეძლოთ მწყემსებს გაეგოთ მეტი და სხვები დაერწმუნებინათ, რომ ანგელოზის მიერ მოხსენიებული ჩვილი იეჰოვას დანიშნული მესია იყო? მათ შეეძლოთ გამოეკვლიათ ებრაულ წერილებში მოცემული წინასწარმეტყველებები და შეედარებინათ ამ ბავშვის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან.

      რატომ იყო ხალხი მოლოდინში?

      3, 4. როგორ გვესმის დანიელის 9:24, 25?

      3 წლების შემდეგ, როდესაც ასპარეზზე იოანე ნათლისმცემელი გამოჩნდა, მისი სიტყვებისა და საქმეების შემხედვარე ზოგი ფიქრობდა, მესია ხომ არ არისო (წაიკითხეთ ლუკას 3:15 ). შესაძლებელია, ზოგს სწორად ესმოდა წინასწარმეტყველებები მესიის, და მათ შორის „სამოცდაათი კვირის“, შესახებ. ამიტომ მათ შეეძლოთ დაედგინათ, როდის უნდა მოსულიყო მესია. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა გავა“ (დან. 9:24, 25). მრავალი მეცნიერის აზრით, აქ საუბარია წლებისგან შემდგარ კვირებზე. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ნათქვამია: „წლებისგან შემდგარი სამოცდაათი კვირა გავა“ (Revised Standard Version).

      4 დღეს იეჰოვას მსახურებმა იციან, რომ დანიელის 9:25-ში მოხსენიებული 69 კვირა, ანუ 483 წელი, დაიწყო ძვ. წ. 455 წელს, როდესაც სპარსეთის მეფე არტაქსერქსემ ნება დართო ნეემიას, აღედგინა იერუსალიმი (ნეემ. 2:1—8). ეს კვირები დასრულდა 483 წლის შემდეგ, ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო ნაზარეთელი მოინათლა და წმინდა სულით ცხებული, მესია, გახდა (მათ. 3:13—17).a

      5. რა წინასწარმეტყველებებს განვიხილავთ ახლა?

      5 განვიხილოთ კიდევ რამდენიმე წინასწარმეტყველება მესიის შესახებ, რომლებიც იესოს დაბადების, ბავშვობისა და მსახურების დროს შესრულდა. ეს უეჭველად გაგვიძლიერებს ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენას და მოგვცემს იმის ნათელ მტკიცებას, რომ იესო იყო მესია, რომელსაც ასე დიდხანს ელოდნენ.

      წინასწარმეტყველებები მისი დაბადებისა და ბავშვობის შესახებ

      6. ახსენით, როგორ შესრულდა დაბადების 49:10.

      6 მესია იუდას ტომში უნდა დაბადებულიყო. სიკვდილის წინ, როდესაც თავის ვაჟებს აკურთხებდა, პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა: „არ მოსცილდება სამეფო კვერთხი იუდას და არც მთავრის კვერთხი მოსცილდება ფეხთა შუიდან, სანამ არ მოვა შილო; მას დაემორჩილებიან ხალხები“ (დაბ. 49:10). ძველი დროის მრავალი იუდეველი სწავლული ამ სიტყვებს მესიას უკავშირებდა. იუდაელი მეფე დავითის მმართველობიდან მოყოლებული სამეფო კვერთხი (სამეფო ძალაუფლება) და მთავრის კვერთხი (ძალაუფლების ნიშანი) იუდას ტომს ჰქონდა. „შილო“ განიმარტება როგორც „მისი მფლობელი; ის, ვისიც არის“. იუდას სამეფო ხაზი მიდიოდა შილომდე, ანუ მემკვიდრემდე, რომელიც მარადიულად იმეფებდა. მის შესახებ ღმერთმა იუდეის უკანასკნელ მეფე ციდკიას უთხრა, რომ ეს მმართველობა კანონით უფლებამოსილს გადაეცემოდა (ეზეკ. 21:26, 27). ციდკიას შემდეგ იესო იყო დავითის ერთადერთი მემკვიდრე, რომელსაც ღმერთმა ეს მეფობა აღუთქვა. იესოს დაბადებამდე ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს უთხრა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკ. 1:32, 33). შილო უნდა ყოფილიყო იესო ქრისტე, რომელიც იუდასა და დავითის საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა (მათ. 1:1—3, 6; ლუკ. 3:23, 31—34).

      7. სად დაიბადა იესო და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

      7 მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო. წინასწარმეტყველმა მიქამ დაწერა: „შენ კი, ეფრათას ბეთლემო, ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას ათასთა შორის იყო, მაგრამ შენგან გამომივა მმართველი ისრაელში; ძველი დროიდანაა მისი წარმოშობა, უხსოვარი დროიდან“ (მიქ. 5:2). მესია უნდა დაბადებულიყო იუდეის ქალაქ ბეთლემში, რომელსაც, როგორც ჩანს, ერთ დროს ეფრათა ერქვა. იესოს დედა მარიამი და მამობილი იოსები ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ აღწერის შესახებ რომაელების ბრძანების გამო, მათ ბეთლემში მოუწიათ წასვლა, სადაც ძვ. წ. 2 წელს დაიბადა იესო (მათ. 2:1, 5, 6). წინასწარმეტყველების რა საოცარი შესრულებაა!

      8, 9. რა იყო ნაწინასწარმეტყველები მესიის დაბადებასა და იმ მოვლენებზე, რომლებიც მის დაბადებას მოჰყვა?

      8 მესია ქალწულისგან უნდა დაბადებულიყო (წაიკითხეთ ესაიას 7:14 ). ამ მუხლში ნათქვამია, რომ ქალწული გააჩენდა ვაჟს. ებრაულში არის ორი სიტყვა „ბეთულა“ და „ალმა“, რომლებიც „ქალწულად“ ითარგმნება. ეს სიტყვა (ალმა) არის გამოყენებული რებეკასთან მიმართებაში, სანამ ის გათხოვდებოდა (დაბ. 24:16, 43). ღვთის შთაგონებით მათემ დაწერა, რომ ესაიას 7:14 შესრულდა მაშინ, როცა იესო დაიბადა. ამ მუხლში ის იყენებს ბერძნულ სიტყვას „პართენოსს“, რომელიც ქალწულად ითარგმნება. სახარების ორივე დამწერი, მათეც და ლუკაც, აღნიშნავს, რომ ქალწული მარიამი დაორსულდა ღვთის წმინდა სულის მეშვეობით (მათ. 1:18—25; ლუკ. 1:26—35).

      9 მესიის დაბადების შემდეგ ბავშვებს დახოცავდნენ. მსგავსი რამ მოხდა საუკუნეების წინ, როცა ეგვიპტის ფარაონმა ბრძანა, ყველა ახალშობილი ებრაელი ბიჭი მდინარე ნილოსში გადაეგდოთ (გამ. 1:22). მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია იერემიას 31:15, 16-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ რახელი დაიტირებდა თავის ვაჟებს, რომლებსაც „მტრის ქვეყანაში“ წაიყვანდნენ. მის გოდებას ისრაელის ჩრდილოეთით ბენიამინის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ რამაშიც კი გაიგებდნენ. მათეს სახარებიდან ჩანს, რომ იერემიას სიტყვები შესრულდა მაშინ, როცა მეფე ჰეროდემ ბეთლემსა და მის შემოგარენში პატარა ბიჭების დახოცვა ბრძანა (წაიკითხეთ მათეს 2:16—18 ). წარმოიდგინეთ, ტირილისა და მოთქმის ხმა, რომელიც იმ ოჯახებიდან გამოდიოდა!

      10. ახსენით, როგორ შესრულდა ოსიას 11:1 იესოზე.

      10 ისრაელების მსგავსად, ღმერთი მესიას ეგვიპტიდან გამოიხმობდა (ოს. 11:1). სანამ ჰეროდე ბიჭების დახოცვის შესახებ ბრძანებას გასცემდა, ანგელოზმა უთხრა იოსებსა და მარიამს, რომ იესო ეგვიპტეში წაეყვანათ. ისინი იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ, «რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის [ოსიას] პირით იეჰოვას მიერ ნათქვამი: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“» (მათ. 2:13—15). რა თქმა უნდა, იესო ვერ შეძლებდა გავლენა მოეხდინა მოვლენებზე, რომლებიც მის დაბადებასა და ბავშვობასთან იყო დაკავშირებული.

      მესია მოქმედებას იწყებს

      11. როგორ მომზადდა გზა იეჰოვას ცხებულისთვის?

      11 ღვთის ცხებულისთვის გზა უნდა მომზადებულიყო. მალაქიამ იწინასწარმეტყველა, რომ „ელია წინასწარმეტყველი“ მოამზადებდა ადამიანთა გულებს მესიის მისაღებად (წაიკითხეთ მალაქიას 4:5, 6 ). იესომ იოანე ნათლისმცემელზე თქვა: „ის არის ელია“ (მათ. 11:12—14). მარკოზმაც აღნიშნა, რომ იოანეს მსახურებით ესაიას წინასწარმეტყველება შესრულდა (ეს. 40:3; მარ. 1:1—4). იესოს არ დაუვალებია იოანესთვის, რომ ელიას როლი შეესრულებინა და მისთვის გზა მოემზადებინა. ნაწინასწარმეტყველები „ელიას“ მოქმედება შეესაბამებოდა ღვთის ნებას და ასეთი სახით შესაძლებელი გახდა მესიის ამოცნობა.

      12. ღვთის მიერ დაკისრებული რა დავალების შესრულებით იყო შესაძლებელი მესიის ამოცნობა?

      12 მესიას ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესრულებით ამოიცნობდნენ. ერთხელ იესო ჩავიდა ნაზარეთში, ქალაქში, სადაც ის გაიზარდა, სინაგოგაში შევიდა, ესაიას გრაგნილი გაშალა და წაკითხული წინასწარმეტყველება თავის თავს დაუკავშირა: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“. იესოს შეეძლო ეთქვა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“, რადგან ის ნამდვილად მესია იყო (ლუკ. 4:16—21).

      13. როგორ იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ იესო გალილეაში იქადაგებდა?

      13 ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია გალილეაში იქადაგებდა. უცხოტომელთა გალილეის მხარეში მდებარე ზებულონისა და ნაფთალის მიწის შესახებ ესაიამ დაწერა: „ბნელში მოსიარულე ხალხმა დიდი სინათლე იხილა და უკუნეთის ქვეყანაში მცხოვრებლებს სინათლემ გაუნათა“ (ეს. 9:1, 2). იესომ მსახურება დაიწყო გალილეის ქალაქ კაპერნაუმში, სადაც ზებულონისა და ნაფთალის მკვიდრებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ მესიის მიერ მოტანილი სინათლე (მათ. 4:12—16). სწორედ გალილეაში წარმოთქვა იესომ გულში ჩამწვდომი მთაზე ქადაგება, აირჩია მოციქულები, მოახდინა პირველი სასწაული და, როგორც ჩანს, იქ ეჩვენა 500-ზე მეტ მოწაფეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ (მათ. 5:1—7:27; 28:16—20; მარ. 3:13, 14; იოან. 2:8—11; 1 კორ. 15:6). ამგვარად, „ზებულონის . . . და ნაფთალის მიწაზე“ ქადაგებით შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება. რა თქმა უნდა, იესომ სამეფოს შესახებ ცნობა ისრაელის სხვა მხარეებშიც იქადაგა.

      მესიაზე შესრულებული სხვა წინასწარმეტყველებები

      14. როგორ შესრულდა ფსალმუნის 78:2 იესოზე?

      14 მესია იგავებით, ანუ თვალსაჩინო მაგალითებით, ასწავლიდა. ფსალმუნმომღერალი ასაფი წერდა: „იგავით გავხსნი ბაგეს“ (ფსალმ. 78:2). რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიტყვები წინასწარმეტყველურად იესოს ეხება? მათე გვაძლევს ამის საფუძველს. მან ჩაწერა იესოს მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითები, რომლებშიც ღვთის სამეფო მდოგვის მარცვალსა და საფუარს შეადარა, და დასძინა: «მაგალითის გარეშე [იესო] არაფერს ეუბნებოდა მათ, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მაგალითებით გავხსნი ბაგეს, გამოვაცხადებ ქვეყნიერების შექმნიდან დაფარულს“» (მათ. 13:31—35). იესო იგავებს, ანუ თვალსაჩინო მაგალითებს, სწავლებისას ეფექტურად იყენებდა.

      15. აღნიშნეთ, როგორ შესრულდა ესაიას 53:4.

      15 მესია იტვირთებდა ჩვენს უძლურებებს. ესაიამ იწინასწარმეტყველა: „თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები, იტვირთა ჩვენი ტკივილები“ (ეს. 53:4). მათემ აღნიშნა, რომ პეტრეს სიდედრის განკურნების შემდეგ იესომ სხვებიც განკურნა, «რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და ატარებდა ჩვენს სნეულებებს“» (მათ. 8:14—17). და ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალი შემთხვევიდან, როდესაც იესომ ავადმყოფები განკურნა.

      16. როგორ ცხადყო იოანემ, რომ ესაიას 53:1 იესოზე შესრულდა?

      16 მესიის კარგი საქმეების მიუხედავად, ბევრი არ ირწმუნებდა მას (წაიკითხეთ ესაიას 53:1 ). მოციქულმა იოანემ გვიჩვენა, რომ ეს წინასწარმეტყველება შესრულდა. მან დაწერა: «მიუხედავად იმისა, რომ [იესომ] ამდენი ნიშანი მოახდინა მათ წინაშე, არ სწამდათ ის, რითაც შესრულდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი? ვის ეჩვენა იეჰოვას მკლავი?“» (იოან. 12:37, 38). მოციქული პავლეს მსახურების დროსაც არც თუ ისე ბევრმა გამოავლინა რწმენა იესოს, ანუ მესიის, შესახებ სასიხარულო ცნობისადმი (რომ. 10:16, 17).

      17. როგორ შესრულდა ფსალმუნის 69:4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

      17 მესიას უმიზეზოდ შეიძულებდნენ (ფსალმ. 69:4). მოციქულმა იოანემ იესოს სიტყვები მოიყვანა: «მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ, ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც, მაგრამ ეს იმისთვის მოხდა, რომ შესრულდეს მათ კანონში ჩაწერილი სიტყვა: „უმიზეზოდ შემიძულეს“» (იოან. 15:24, 25). „კანონში“ ხშირად მთელი ბიბლია იგულისხმება (იოან. 10:34; 12:34). სახარებები გვამცნობს, რომ იესო ნამდვილად სძულდათ, განსაკუთრებით იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს. გარდა ამისა, ქრისტემ თქვა: „ქვეყნიერებას მიზეზი არა აქვს, რომ თქვენ სძულდეთ, მე კი ვძულვარ, რადგან ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია“ (იოან. 7:7).

      18. რაზე ფიქრი განგვიმტკიცებს რწმენას, რომ იესო მესიაა?

      18 იესოს პირველი საუკუნის მიმდევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის მესია იყო, რადგან მესიის შესახებ ებრაულ წერილებში მოცემული ყველა წინასწარმეტყველება მასზე შესრულდა (მათ. 16:16). როგორც დავინახეთ, ზოგი მათგანი შესრულდა მისი დაბადებისას, ბავშვობისას და ნაზარეთში მსახურებისას. მესიის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ. ამ წინასწარმეტყველებებზე ფიქრი, განგვიმტკიცებს რწმენას, რომ იესო ქრისტე ნამდვილად არის ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, მიერ დანიშნული მესია.

      [სქოლიო]

      a „სამოცდაათი კვირის“ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნში „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი 11.

  • მათ იპოვეს მესია!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აგვისტო
    • მათ იპოვეს მესია!

      „მესია ვიპოვეთ“ (იოან. 1:41).

      1. რა მოხდა მანამ, სანამ ანდრია იტყოდა, მესია ვიპოვეთო?

      იოანე ნათლისმცემელი თავის ორ მოწაფესთან ერთად დგას. იესოს დანახვაზე იოანე ამბობს: „აი ღვთის კრავი!“ ანდრია სხვა მოწაფესთან ერთად იესოს მიჰყვება და მთელი დღე ერთად არიან. მოგვიანებით ანდრიამ მოძებნა თავისი ძმა სიმონ-პეტრე და უთხრა: „მესია ვიპოვეთ“. შემდეგ ის იესოსთან წაიყვანა (იოან. 1:35—41).

      2. რა სარგებლობას მოგვიტანს, თუ განვაგრძობთ მესიის შესახებ წინასწარმეტყველებების გამოკვლევას?

      2 დროთა განმავლობაში, ანდრიას, პეტრესა და სხვებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეკვლიათ წერილები და ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაეცხადებინათ, რომ იესო ნაზარეთელი აღთქმული მესია იყო. თუ განვაგრძობთ მესიის შესახებ წინასწარმეტყველებების გამოკვლევას, ღვთის სიტყვისა და მისი ცხებულისადმი რწმენა უფრო განგვიმტკიცდება.

      „აი, მოდის . . . შენი მეფე“

      3. რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა იერუსალიმში იესოს ტრიუმფალური შესვლით?

      3 მესია ტრიუმფალურად შევიდოდა იერუსალიმში. ზაქარიამ იწინასწარმეტყველა: „გაიხარე, სიონის ასულო! სიხარულით იყიჟინე, იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე მოდის შენთან! მართალი და დახსნილია ის, თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული“ (ზაქ. 9:9). ფსალმუნმომღერალმა კი დაწერა: „კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი!“ (ფსალმ. 118:26). იესოს არ შეეძლო ხალხით მანიპულირება. მის დანახვაზე ისინი სიხარულით აყიჟინდნენ, რითაც წინასწარმეტყველება შესრულდა. სახარების ამ მონაკვეთის კითხვისას, წარმოიდგინეთ ეს სცენა და მხიარული შეძახილები, რაც იქ ისმოდა (წაიკითხეთ მათეს 21:4—9 ).

      4. ახსენით, როგორ შესრულდა ფსალმუნის 118:22, 23.

      4 მრავალი იესოს „დაიწუნებდა“, როგორც მესიას, მაგრამ ის ღვთისთვის ძვირფასი იქნებოდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო მოძულებული და უგულებელყოფილი იქნებოდა მათ მიერ, ვისაც ფაქტების დანახვა არ უნდოდა (ეს. 53:3; მარ. 9:12). მაგრამ ღმერთმა ფსალმუნმომღერალი შთააგონა, დაეწერა: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადები ქვა გახდა. ეს იეჰოვამ მოახდინა“ (ფსალმ. 118:22, 23). იესომ თავის რელიგიურ მოწინააღმდეგეებს ამ წინასწარმეტყველებაზე გაუმახვილა ყურადღება. პეტრემ კი თქვა, რომ ეს ქრისტეზე შესრულდა (მარ. 12:10, 11; საქ. 4:8—11). იესო ქრისტიანული კრების „ქვაკუთხედად იქცა“. უღვთო ადამიანების მიერ დაწუნებული, „ღვთისთვის რჩეული და ძვირფასი“ იყო (1 პეტ. 2:4—6).

      ის გასცეს და მიატოვეს

      5, 6. რა იყო ნაწინასწარმეტყველები მესიის გაცემაზე და როგორ შესრულდა ის?

      5 ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესიას ვერაგულად გასცემდა ახლობელი. დავითმა იწინასწარმეტყველა: „ვისთანაც მშვიდობა მქონდა, ვისაც ვენდობოდი და ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“ (ფსალმ. 41:9). ძველ ისრაელში მას, ვისთანაც ჭამდნენ პურს, მეგობრად მიიჩნევდნენ (დაბ. 31:54). ასე რომ, იუდა ისკარიოტელის მიერ იესოს გაცემა ყველაზე ვერაგული ქმედება იყო. იესომ დავითის წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მოციქულებთან საუბრისას თავისი გამცემი მოიხსენია: «ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ, ვიცი, ვინც ამოვირჩიე, მაგრამ უნდა შესრულდეს წმინდა წერილში დაწერილი: „მან, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“» (იოან. 13:18).

      6 მესია უნდა გაცემულიყო 30 ვერცხლად, მონის ფასად. მათემ ყურადღება გაამახვილა ზაქარიას 11:12, 13-ზე და აღნიშნა, რომ იესოს ასე მცირე თანხად გასცემდნენ. მაგრამ, რატომ თქვა მათემ, რომ ეს იერემიამ იწინასწარმეტყველა? მათეს დღეებში, შესაძლოა, იერემიას წინასწარმეტყველებით იწყებოდა ბიბლიური წიგნების კრებული, რომელშიც ზაქარიას წინასწარმეტყველებაც შედიოდა (შეადარეთ ლუკას 24:44). იუდამ ვერ გამოიყენა ეს უპატიოსნო გზით მოპოვებული თანხა. მან ფული ტაძარში დაყარა, შემდეგ კი თავი მოიკლა (მათ. 26:14—16; 27:3—10).

      7. როგორ შესრულდა ზაქარიას 13:7?

      7 მესიის მოწაფეებიც კი გაიფანტებოდნენ. ზაქარიამ დაწერა: „დაჰკარი მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები“ (ზაქ. 13:7). ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: «ამაღამ ყველანი დაბრკოლდებით და მიმატოვებთ, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს და გაიფანტება სამწყსოს ცხვარი“». სწორედ ასეც მოხდა. მათე განაგრძობს: „ყველა მოწაფემ მიატოვა ის [იესო] და გაიქცნენ“ (მათ. 26:31, 56).

      ბრალი დასდეს და სცემეს

      8. როგორ შესრულდა ესაიას 53:8?

      8 მესიას გაასამართლებდნენ და მსჯავრს დასდებდნენ (წაიკითხეთ ესაიას 53:8 ). 14 ნისანს, როგორც კი გარიჟრაჟდა, სინედრიონის წევრებმა მოითათბირეს, იესო შებოჭეს და რომაელ მმართველ პონტიუს პილატეს გადასცეს. მან დაკითხა იესო და ბრალი ვერაფერში დასდო. პილატემ ხალხს იესოს გათავისუფლება შესთავაზა, მაგრამ ბრბო აყვირდა: „ბოძზე გააკარი!“ და ბოროტმოქმედ ბარაბას გათავისუფლება მოითხოვა. პილატემ დააკმაყოფილა ბრბოს სურვილი, გაათავისუფლა ბარაბა, იესო კი გააშოლტვინა და ბოძზე გასაკრავად გადასცა (მარ. 15:1—15).

      9. რა მოხდა იესოს დღეებში, როგორც ფსალმუნის 35:11-ში იყო ნაწინასწარმეტყველები?

      9 მესიის წინააღმდეგ ცრუმოწმეები დაამოწმებდნენ. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „აღსდგნენ მოძალადე მოწმეები; რაც არ ვიცი, იმას მეკითხებიან“ (ფსალმ. 35:11). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო: „უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი ცრუმოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი“ (მათ. 26:59). ფაქტობრივად, „ბევრი ცრუმოწმე გამოდიოდა მის წინააღმდეგ, მაგრამ მათი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა“ (მარ. 14:56). იესოს მტრებს არ აღელვებდათ, რომ მის წინააღმდეგ ცრუმოწმეები გამოჰყავდათ. მათ მხოლოდ იესოს სიკვდილი სწყუროდათ.

      10. ახსენით, როგორ შესრულდა ესაიას 53:7.

      10 მესია დადუმდებოდა ბრალმდებლების წინაშე. ესაიამ იწინასწარმეტყველა: „შევიწროებული იყო, თავი დააჩაგვრინა და ხმა არ დაუძრავს. ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად; როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს სიტყვა“ (ეს. 53:7). როცა იესოს „უფროსი მღვდლები და უხუცესები სდებდნენ ბრალს, არაფერს პასუხობდა“. პილატემ ჰკითხა მას: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ მაგრამ იესოს „პასუხი არ გაუცია, სიტყვაც კი არ დაუძრავს. გამგებელს ეს ძალიან უკვირდა“ (მათ. 27:12—14). იესო ლანძღვით არ პასუხობდა თავის მოწინააღმდეგეებს (რომ. 12:17—21; 1 პეტ. 2:23).

      11. როგორ შესრულდა ესაიას 50:6-სა და მიქას 5:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები?

      11 ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესიას სცემდნენ. „ზურგი მივუშვირე დამრტყმელებს, ლოყები — წვერების მგლეჯელებს. სახე არ დამიფარავს დამცირებისა და ფურთხისგან“, — წერდა ესაია (ეს. 50:6). მიქამ კი იწინასწარმეტყველა: „ჯოხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს“ (მიქ. 5:1). სახარების დამწერმა მარკოზმა დაადასტურა ამ წინასწარმეტყველებების შესრულება: «ზოგიერთები აფურთხებდნენ [იესოს], სახეს უფარავდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: „იწინასწარმეტყველე!“ სასამართლოს აღმასრულებლებიც ურტყამდნენ სახეში და ისე მიჰყავდათ». მარკოზის თქმით, ჯარისკაცები „თავში ლერწამს ურტყამდნენ, აფურთხებდნენ, [დაცინვით] მუხლს იდრეკდნენ და მდაბლად თაყვანს სცემდნენ“ (მარ. 14:65; 15:19). მაგრამ იესო სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

      სიკვდილამდე ერთგული

      12. როგორ უკავშირდება იესოს ფსალმუნის 22:16 და ესაიას 53:12?

      12 ნაწინასწარმეტყველები იყო მესიის სიკვდილთან დაკავშირებული დეტალები. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „ბოროტმოქმედთა კრებული შემომერტყა გარს; ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს“ (ფსალმ. 22:16). ბიბლიის მკითხველებისთვის კარგად ცნობილი შემთხვევის აღწერისას სახარების დამწერმა მარკოზმა თქვა: „მესამე საათი [დაახლოებით დილის 9 საათი] იყო, როცა ის ბოძზე გააკრეს“ (მარ. 15:25). ასევე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია შემცოდველებში ჩაითვლებოდა. ესაიამ დაწერა: „სიკვდილს გადასცა თავისი სული და შემცოდველებში ჩაითვალა“ (ეს. 53:12). ასეც მოხდა: „მასთან ერთად ორი ყაჩაღი გააკრეს ბოძებზე: ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ“ (მათ. 27:38).

      13. როგორ შესრულდა ფსალმუნის 22:7, 8 იესოზე?

      13 დავითმა იწინასწარმეტყველა, რომ მესიას შეურაცხყოფას მიაყენებდნენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 22:7, 8 ). მათე გვამცნობს, რომ წამების ბოძზე გაკრულ იესოს შეურაცხყოფას აყენებდნენ: «გამვლელები გმობდნენ მას, თავს აქნევდნენ და ამბობდნენ: „ეი, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი თავი! თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი წამების ბოძიდან!“» უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესებიც დასცინოდნენ მას და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია! ეს ისრაელის მეფეა. მაშ, ჩამოვიდეს წამების ბოძიდან და ვირწმუნებთ მას. ღმერთზე იყო მინდობილი. მაშ, იხსნას, თუ იწონებს მას, რადგან ამბობდა: ღვთის ძე ვარო“ (მათ. 27:39—43). მაგრამ იესომ ყოველივე ეს ღირსეულად აიტანა. მართლაც რომ ბრწყინვალე მაგალითია ჩვენთვის!

      14, 15. აღნიშნეთ, როგორ შესრულდა მესიის ტანსაცმელსა და მისთვის ძმრის მიწოდებასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები.

      14 მესიის ტანსაცმელზე წილს იყრიდნენ. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ჩემს ტანსაცმელს ინაწილებენ და ჩემს სამოსელზე წილს ყრიან“ (ფსალმ. 22:18). ეს ზუსტად შესრულდა, „როცა [რომაელმა ჯარისკაცებმა] ის [იესო] ბოძზე გააკრეს, მისი ტანსაცმელი წილისყრით გაინაწილეს“ (მათ. 27:35; წაიკითხეთ იოანეს 19:23, 24 ).

      15 მესიას ძმარსა და ნაღველს მიაწვდიდნენ. ფსალმუნებში ვკითხულობთ: „შხამიანი მცენარე მომცეს საჭმელად, ძმარი მომაწოდეს წყურვილის მოსაკლავად“ (ფსალმ. 69:21). მათე გვეუბნება: „მას ნაღველნარევი ღვინო მისცეს დასალევად, მაგრამ როგორც კი გემო გაუსინჯა, უარი თქვა დალევაზე. მოგვიანებით ერთი მათგანი გაიქცა, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა“ (მათ. 27:34, 48).

      16. ახსენით, როგორ შესრულდა ფსალმუნის 22:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები.

      16 ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებული იქნებოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 22:1 ). წინასწარმეტყველების თანახმად, „მეცხრე საათზე“ [დაახლოებით დღის 3 საათზე] იესომ ხმამაღლა დაიძახა: «ელი, ელი, ლამა საბაქთანი, რაც ასე ითარგმნება: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე“?» (მარ. 15:34). ქრისტეს თავისი ზეციერი მამისადმი რწმენა არ დაუკარგავს. ღმერთმა იესო „მიატოვა“, ანუ თავისი მფარველობის გარეშე დატოვა, რათა მისი ერთგულება ბოლომდე გამოცდილიყო. იესოს მიერ ზემოხსენებული სიტყვების თქმით ფსალმუნის 22:1 შესრულდა.

      17. როგორ შესრულდა ზაქარიას 12:10 და ფსალმუნის 34:20?

      17 მესიას განგმირავდნენ, მაგრამ ძვლებს არ გადაუმტვრევდნენ. იერუსალიმის მკვიდრები „შეხედავდნენ მას, ვინც განგმირეს“ (ზაქ. 12:10). ფსალმუნის 34:20-ში კი ვკითხულობთ: „[ღმერთი] იცავს მის ძვლებს, არც ერთი მათგანი არ გადატყდება“. მოციქულმა იოანემ დაადასტურა, რომ ასეც მოხდა: «ერთმა ჯარისკაცმა [იესოს] შუბი გაუყარა ფერდში და მაშინვე სისხლი და წყალი წამოუვიდა. ეს თვითმხილველმა [იოანემ] დაამოწმა და მისი დამოწმება ჭეშმარიტია . . . ეს ყოველივე მოხდა, რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი: „მისი ძვალი არ გადატყდება“». ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „შეხედავენ მას, ვინც განგმირეს“ (იოან. 19:33—37).

      18. როგორ დაიმარხა იესო მდიდრებთან?

      18 მესიას მდიდრებთან დამარხავდნენ (წაიკითხეთ ესაიას 53:5, 8, 9 ). 14 ნისანს, საღამოს „ერთმა არიმათეელმა მდიდარმა კაცმა, სახელად იოსებმა“ პილატეს იესოს სხეული სთხოვა და მისგან თანხმობა მიიღო. მათე დასძენს: „იოსებმა წაიღო ცხედარი, საუკეთესო სელის სუფთა ტილოში შეახვია და ახალ სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში ჰქონდა გამოკვეთილი. სამარხის შესასვლელს ლოდი მიაგორა და წავიდა“ (მათ. 27:57—60).

      განადიდეთ მესია, ცხებული მეფე

      19. რა მოვლენებმა ცხადყო, რომ შესრულდა ფსალმუნის 16:10?

      19 მესია მკვდრეთით აღდგებოდა. დავითმა დაწერა: „შენ [იეჰოვა] არ დატოვებ ჩემს სულს სამარეში“ (ფსალმ. 16:10). წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული იქნებოდნენ ქალები, რომლებიც იესოს სამარხთან მივიდნენ. მათ იქ ხორცშესხმული ანგელოზი დახვდათ, რომელმაც უთხრა: „ნუ გეშინიათ. თქვენ ეძებთ იესო ნაზარეთელს, რომელიც ბოძზე გააკრეს. ის აღდგა, აქ აღარ არის. აი აქ ესვენა“ (მარ. 16:6). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში შეკრებილ ხალხს მოციქულმა პეტრემ განუცხადა: „[დავითმა] წინასწარ იხილა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა, არც სამარეში იქნებოდა მიტოვებული და არც მისი სხეული გაიხრწნებოდა“ (საქ. 2:29—31). ღმერთმა არ დაუშვა, რომ თავისი საყვარელი ძის სხეული გახრწნილიყო. უფრო მეტიც, იესო სასწაულებრივად აღდგა მკვდრეთით, როგორც სულიერი პიროვნება (1 პეტ. 3:18).

      20. რა არის ნაწინასწარმეტყველები მესიის მმართველობის შესახებ?

      20 წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი განაცხადებდა, რომ იესო მისი ძეა (წაიკითხეთ ფსალმუნის 2:7; მათეს 3:17 ). ხალხი განადიდებდა იესოს და მის სამეფოს. მოდი, ჩვენც სიხარულით ვისაუბროთ ქრისტესა და მის კურთხეულ მმართველობაზე (მარ. 11:7—10). „ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრებული“ ქრისტე მალე თავის მტრებს გაანადგურებს (ფსალმ. 2:8, 9; 45:1—6). მისი მეფობა მთელ დედამიწაზე მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიტანს (ფსალმ. 72:1, 3, 12, 16; ეს. 9:6, 7). რაოდენ ბედნიერები ვართ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, რომ შეგვიძლია გავაცხადოთ ჭეშმარიტება ღვთის საყვარელი ძის შესახებ, რომელიც ცაში უკვე მეფობს, როგორც ცხებული მეფე, მესია!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება