-
რბილი ხასიათი აუცილებელია ქრისტიანებისათვისსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 აპრილი
-
-
რბილი ხასიათი აუცილებელია ქრისტიანებისათვის
«შეიმოსეთ . . . სიმშვიდე [„რბილი ხასიათით“, აქ]» (კოლასელთა 3:12).
1. რატომ არის სირბილე შესანიშნავი თვისება?
როგორც რბილი ჰავაა სასიამოვნო, ასეთივე სასიამოვნოა იმ ადამიანთან ურთიერთობაც, რომელსაც რბილი ხასიათი აქვს. „რბილი ენა ძვალს დაამსხვრევს“, — თქვა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 25:15). სირბილე შესანიშნავი თვისებაა, რადგან სასიამოვნოც არის და, ამავე დროს, ძლიერმოქმედიც.
2, 3. რა კავშირია რბილ ხასიათსა და სულიწმიდას შორის და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 მოციქულმა პავლემ გალატელთა 5:22, 23-ში სულის ნაყოფის აღწერისას რბილი ხასიათიც მოიხსენია. იმ ბერძნული სიტყვის ადგილზე, რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ნათარგმნია „რბილ ხასიათად“, სხვა თარგმანებში გვხვდება სიტყვა „თვინიერება“ ან „სიმშვიდე“. ბევრ ენაში რთულია ამ ბერძნული სიტყვის ზუსტი შესატყვისის პოვნა, რადგანაც მასში გარეგნულად გამოხატული სიმშვიდე ან თვინიერება კი არ იგულისხმება, არამედ შინაგანი სირბილე და სიკეთე; იგულისხმება არა მოქმედების მანერა, არამედ გულისა და გონების მდგომარეობა.
3 უკეთესად რომ გავიგოთ, რას ნიშნავს რბილი ხასიათი და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას, განვიხილოთ ოთხი ბიბლიური მაგალითი (რომაელთა 15:4). ეს მაგალითები მხოლოდ ამ თვისების მნიშვნელობას არ დაგვანახვებს; აგრეთვე, ვისწავლით, თუ როგორ უნდა შევიძინოთ და როგორ უნდა გამოვავლინოთ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„ძვირფასია ღვთის წინაშე“
4. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა აფასებს რბილ ხასიათს?
4 რადგანაც რბილი ხასიათი ღვთის სულის ნაყოფია, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთის დიდებულ პიროვნებასთან. პეტრე მოციქულმა დაწერა, რომ ‘მყუდროება და სულის სიმშვიდე [„რბილი ხასიათი“, აქ] ძვირფასია ღვთის წინაშე’ (1 პეტრე 3:4). იეჰოვა თავად ავლენს სირბილეს და ამ თვისებას ნამდვილად აფასებს. მხოლოდ ესეც კი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ღვთის ყველა მსახური შეეცადოს მის განვითარებას. როგორ ავლენს ამ თვისებას ყოვლისშემძლე ღმერთი, სამყაროს უზენაესი ხელისუფალი?
5. რის შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ იეჰოვა სირბილეს ავლენს?
5 პირველმა ადამიანებმა, ადამმა და ევამ, განზრახ არ იღეს ყურად ღვთის სრულიად გასაგები აკრძალვა, არ ეჭამათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან (დაბადება 2:16, 17). განზრახ ურჩობის შედეგი, როგორც მათთვის, ისე მათი შთამომავლებისთვის, მხოლოდ ცოდვა, სიკვდილი და ღვთისგან ჩამოშორება იყო (რომაელთა 5:12). იეჰოვას ასეთი განაჩენის გამოსატანად სრული საფუძველი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას უხეშად და მკაცრად არ უარყვია კაცობრიობა — არ უფიქრია, რომ ადამიანები გამოუსწორებლები იყვნენ და არ ღირდა მათი გამოსყიდვა (ფსალმუნები 129:3). ნაცვლად ამისა, ის მზად იყო, სულგრძელობა გამოევლინა და არ ყოფილიყო მომთხოვნი — ეს კი მის სირბილეზე მეტყველებს. იეჰოვამ შესაძლებელი გახადა, რომ ცოდვილი ადამიანები კვლავაც დაახლოებოდნენ მას და მისი კეთილგანწყობილება მოეპოვებინათ. დიახ, თავისი ძის, იესო ქრისტეს, გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით იეჰოვა გვაძლევს შესაძლებლობას, შიშისა და ძრწოლის გარეშე მივუახლოვდეთ მის დიდებულ ტახტს (რომაელთა 6:23; ებრაელთა 4:14—16; 1 იოანე 4:9, 10, 18).
6. როგორ გამოავლინა იეჰოვამ სირბილე კაენის მიმართ?
6 ჯერ კიდევ იესოს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე იეჰოვამ სირბილე გამოავლინა, როდესაც ადამის ვაჟებმა, კაენმა და აბელმა, მსხვერპლი შესწირეს მას. იეჰოვამ ორივეს გული დაინახა და ამის საფუძველზე კაენის მსხვერპლი უარყო, ხოლო აბელსა და მის მსხვერპლს „გადმოხედა“. კაენი მტრულად განაწყო იმან, რომ ღმერთმა ერთგული აბელისა და მისი მსხვერპლის მიმართ გამოავლინა კეთილგანწყობილება. „ძალზე ეწყინა კაენს, და მოეღუშა სახე“, — ნათქვამია ბიბლიაში. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე იეჰოვას? განარისხა ის კაენის ცუდმა განწყობილებამ? არა. მან რბილად ჰკითხა კაენს, რამ გაანაწყენა ასე და ისიც კი აუხსნა, თუ რის გაკეთება ‘დაუფასდებოდა’ (დაბადება 4:3—7). დიახ, იეჰოვა რბილად მიდგომის სრულყოფილ მაგალითს გვაძლევს (გამოსვლა 34:6).
რბილი ხასიათი მიმზიდველი და გამომაცოცხლებელია
7, 8. ა) რა დაგვეხმარება იეჰოვას სირბილის უკეთესად დანახვაში? ბ) რას ვიგებთ მათეს 11:27—29-დან იეჰოვასა და იესოს შესახებ?
7 იეჰოვას შესანიშნავი თვისებების უკეთ დანახვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მსახურების შესწავლაა (იოანე 1:18; 14:6—9). გალილეაში მსახურებისას, ქადაგების დაწყებიდან მეორე წელს, იესომ ბევრი სასწაული მოახდინა ქორაზინში, ბეთსაიდაში, კაპერნაუმსა და მათ შემოგარენში. მიუხედავად ამისა, ხალხის უმრავლესობა ამაყი და გულგრილი იყო, რის გამოც არ ირწმუნეს იესოს სიტყვები. რა რეაქცია ჰქონდა იესოს? ის გაბედულად აფრთხილებდა მათ თავინთი საქციელის შედეგების შესახებ, მაგრამ სიბრალულითაც იყო აღვსილი „ამჰა-ა’რეცთა“, უბრალო ხალხის, მიმართ მათი სავალალო სულიერი მდგომარეობის გამო (მათე 9:35, 36; 11:20—24).
8 იესოს შემდგომმა მოქმედებებმა ცხადყო, რომ ის კარგად ‘იცნობდა’ მამას და მას ჰბაძავდა. იესო თბილად იწვევდა უბრალო ხალხს: «მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი [„რბილი“, აქ] და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს». რა მანუგეშებელი და გამომაცოცხლებელი უნდა ყოფილიყო ეს სიტყვები დაჩაგრული ხალხისთვის! იესოს სიტყვები დღესაც გამამხნევებელია. თუ ყოველმხრივ შევეცდებით რბილი ხასიათით, ასე ვთქვათ, შემოსვას, ჩვენც მათ შორის ვიქნებით, „ვისაც ძეს სურს, განუცხადოს“ ზეციერი მამის შესახებ (მათე 11:27—29).
9. რა თვისებაა დაკავშირებული რბილ ხასიათთან და ამ თვისების გამოვლენის რა დიდებულ მაგალითს გვაძლევს იესო?
9 რბილ ხასიათთან მჭიდროდ არის დაკავშირებული თავმდაბლობა. თავმდაბლობის საპირისპირო თვისებას, სიამაყეს, საკუთარი თავის განდიდებამდე მიჰყავს ადამიანი და ის ხშირად მკაცრად და უგულოდ ეპყრობა სხვებს (იგავები 16:18, 19). იესო თავმდაბლობას ავლენდა დედამიწაზე მსახურების განმავლობაში. სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე იერუსალიმში შესვლის დროსაც კი, როდესაც ხალხი მას ესალმებოდა, როგორც იუდეველთა მეფეს, იესო ამ წუთისოფლის ხელისუფალთაგან სავსებით განსხვავდებოდა. ამ დროს მასზე შესრულდა მესიის შესახებ ზაქარიას წინასწარმეტყველება: «აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი [„რბილი ხასიათისა“, აქ], მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე» (მათე 21:5; ზაქარია 9:9). ერთგულმა წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვაში ნახა, როგორ აღჭურვა იეჰოვამ ძალაუფლებით თავისი ძე. ამ ხილვამდე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებაში კი მან იესო აღწერა, როგორც „კაცთაგან ყველაზე თავმდაბალი“ (აქ). დიახ, რბილი ხასიათი და თავმდაბლობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული (დანიელი 4:17; 7:13, 14).
10. რატომ არ არის ქრისტიანული სირბილე სისუსტის ნიშანი?
10 იეჰოვასა და იესოს მიერ გამოვლენილი ეს სასიამოვნო თვისება — სირბილე — მათთან დაახლოებაში გვეხმარება (იაკობი 4:8). სირბილე არავითარ შემთხვევაში არ არის სისუსტე! იეჰოვა, ყოვლისშემძლე ღმერთი, უდიდეს ძალას ავლენს. ის რისხვით არის აღვსილი ბოროტმოქმედთა მიმართ (ესაია 30:27; 40:26). მის მსგავსად, იესოც უდიდეს სიმტკიცეს, შინაგან ძალას, ავლენდა. ის სატანა ეშმაკის მხრიდან შემოტევის დროსაც კი არ წასულა კომპრომისზე. მას თვალი არ დაუხუჭია თავისი დროის რელიგიურ წინამძღოლთა უკანონო ვაჭრობაზე (მათე 4:1—11; 21:12, 13; იოანე 2:13—17). და მაინც, იესო რბილად უდგებოდა თავის მოწაფეებს, მოთმინებით პატიობდა შეცდომებს და იტანდა მათ სისუსტეებს (მათე 20:20—28). ბიბლიის ერთმა მკვლევარმა სათანადოდ აღნიშნა ხასიათის სირბილის შესახებ, რომ „მის მიღმა ფოლადის სიმტკიცე დგას“. მოდი, ქრისტეს მსგავსად, ჩვენც გამოვავლინოთ სირბილე.
თავის თანამედროვეთა შორის ყველაზე რბილი ხასიათის ადამიანი
11, 12. რამ გახადა მოსეს ხასიათის სირბილე განსაკუთრებული, თუ მხედველობაში მივიღებთ მის აღზრდას?
11 მესამე მაგალითი, რომელსაც განვიხილავთ, მოსეს ცხოვრებაა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ «მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი [„ურბილესი ხასიათისა“, აქ, სქოლიო], დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან» (რიცხვნი 12:3). ეს სიტყვები ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაიწერა. სწორედ რომ ხასიათის საოცარმა სირბილემ გაუადვილა მოსეს იეჰოვას მითითებების შესრულება.
12 მოსე უჩვეულო ვითარებაში გაიზარდა. ღვთისმოშიშ ებრაელთა ოჯახში დაბადებული პატარა მოსე იეჰოვას ნებით ცოცხალი გადარჩა ღალატისა და მკვლელობების მძიმე პერიოდში. პირველი წლების განმავლობაში მასზე ზრუნავდა დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ ასწავლიდა. მოგვიანებით, მოსეს ოჯახისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში მოუწია ცხოვრება. „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე, — აღნიშნა პირველი საუკუნის ქრისტიანმა წამებულმა, სტეფანემ — და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით“ (საქმეები 7:22). მოსეს რწმენა მაშინ გამოვლინდა, როდესაც დაინახა, რა უსამართლოდ ჩაგრავდნენ მის თანამოძმეებს ფარაონის მიერ დაყენებული თავკაცები. მან მოკლა ეგვიპტელი, რომელიც ერთ ებრაელს სცემდა. ამის გამო მას ეგვიპტიდან მიდიანის ქვეყანაში მოუწია გაქცევა (გამოსვლა 1:15, 16; 2:1—15; ებრაელთა 11:24, 25).
13. რა გავლენა მოახდინა მოსეზე 40 წლის განმავლობაში მიდიანის ქვეყანაში ცხოვრებამ?
13 მოსე 40 წლის ასაკში მარტო აღმოჩნდა უდაბნოში. მიდიანში ის რეღუელის შვიდ ქალიშვილს შეხვდა და ფარის დარწყულებაში დაეხმარა. სახლში დაბრუნებულმა ქალიშვილებმა მაშინვე ახარეს მამას, რომ „ეგვიპტელმა კაცმა“ დაიცვა ისინი მწყემსებისგან, რომლებიც ხელს უშლიდნენ ფარის დარწყულებაში. რეღუელმა თავისთან ცხოვრება შესთავაზა მოსეს, რაზეც თანხმობა მიიღო. გადატანილ გაჭირვებას მოსე არ გაუსასტიკებია; არც ახალ პირობებთან შეგუებაში შეუშლია მისთვის ხელი. მას არასდროს დაუკარგავს ღვთის ნების შესრულების სურვილი. მოსეს 40 წელი მოუწია რეღუელთან დარჩენა და მისი ფარის მწყემსვა. ის ციფორაზე დაქორწინდა და მისგან ვაჟები შეეძინა. ამ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოსემ სულ უფრო მეტად განივითარა თვისება, რომელიც მისი ხასიათის ნაწილი გახდა. დიახ, სირთულეებმა მას რბილი ხასიათი ჩამოუყალიბა (გამოსვლა 2:16—22; საქმეები 7:29, 30).
14. აღწერეთ, როგორ გამოავლინა ერთხელ მოსემ სირბილე იმ დროს, როდესაც ისრაელის წინამძღოლი იყო.
14 მოსე რბილ ხასიათს მას შემდეგაც ავლენდა, რაც იეჰოვამ ისრაელი ერის წინამძღოლად დააყენა. ერთხელ ერთმა ჭაბუკმა მას ამბავი მიუტანა, რომ ელდადი და მედადი ბანაკში წინასწარმეტყველებდნენ; და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ისინი არ იყვნენ იმ 70 უხუცესს შორის, რომლებსაც იეჰოვამ თავისი სული მოჰფინა, რათა მოსეს დახმარება შეძლებოდათ. იესო ნავეს ძემ წამოიძახა: „მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!“. მოსემ რბილად მიუგო: „ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!“ (რიცხვნი 11:26—29, სსგ). მოსეს რბილმა ხასიათმა განმუხტა შექმნილი დაძაბული მდგომარეობა.
15. რატომ უნდა მივბაძოთ მოსეს, მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილი ადამიანი იყო?
15 ერთხელ, როგორც ჩანს, მოსემ ვერ გამოავლინა ხასიათის სირბილე. მერიბასთან, კადეშთან ახლოს, მან არ განადიდა ღმერთი, რომელიც სასწაულებს ახდენდა (რიცხვნი 20:1, 9—13). მაგრამ, არასრულყოფილების მიუხედავად, მოსემ მტკიცე რწმენა შეინარჩუნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მისი საოცრად რბილი ხასიათი დღესაც გვხიბლავს (ებრაელთა 11:23—28).
უკმეხობა და რბილი ხასიათი
16, 17. რა გაფრთხილებას ვიღებთ ნაბალისა და აბიგაილის მაგალითიდან?
16 ჩვენთვის გამაფრთხილებელი მაგალითია ნაბალისა და მისი მეუღლის, აბიგაილის, შემთხვევაც, რომელიც დავითის დროს, წინასწარმეტყველ სამუელის სიკვდილიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ მოხდა. ეს ცოლ-ქმარი სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან! აბიგაილი „კეთილგონიერი“ იყო, მისი მეუღლე კი „უკმეხი და ავისმქმნელი“. ნაბალმა უხეშად უთხრა უარი სურსათით დახმარებაზე დავითის მსახურებს, რომლებიც ნაბალის მსახურებს ქურდებისგან ფარის დაცვაში ეხმარებოდნენ. სავსებით სამართლიანად აღშფოთებული დავითი და მისი მსახურები შეიარაღდნენ და ნაბალთან საბრძოლველად გაემართნენ (1 მეფეთა 25:2—13).
17 როდესაც ეს ამბავი აბიგაილის ყურს მისწვდა, მან სასწრაფოდ გაამზადა პური, ღვინო, ხორცი, ჩამიჩი და ლეღვის ჩირი და დავითთან შესახვედრად გაემართა. „ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული. ლაპარაკის ნება მიეცი შენს მხევალს და ისმინე შენი მხევლის სიტყვები“, — შესთხოვა მას აბიგაილმა. დავითს გული მოულბო აბიგაილის ვედრებამ, რომელიც სირბილით იყო აღსავსე. ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, დავითმა უთხრა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს. და კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავი შენ, რომ არ გამიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე“ (1 მეფეთა 25:18, 24, 32, 33). ნაბალის უკმეხობა, საბოლოოდ, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. დადებითმა თვისებებმა კი ბედნიერება მოუტანა აბიგაილს, რომელიც დავითმა მოგვიანებით ცოლად შეირთო. მისი რბილი ხასიათი სამაგალითოა ყველასთვის, ვინც დღეს იეჰოვას ემსახურება (1 მეფეთა 25:36—42).
განივითარეთ რბილი ხასიათი
18, 19. ა) რა ცვლილება შეიმჩნევა, როდესაც რბილი ხასიათით ვიმოსებით? ბ) რა დაგვეხმარება საკუთარი თავის კარგად გამოკვლევაში?
18 რბილი ხასიათის განვითარება აუცილებელია. მასში თავაზიანობაზე მეტი იგულისხმება; სირბილე თვისებაა და ის დადებითად მოქმედებს გარშემო მყოფებზე. წარსულში, შესაძლოა, გვახასიათებდა უკმეხად და მკაცრად ლაპარაკი, მაგრამ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების შემდეგ უფრო თავაზიანები გავხდით. პავლე ასეთი ცვლილებების შესახებ ლაპარაკობდა, როდესაც თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: «შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე [„რბილი ხასიათი“, აქ], სულგრძელობა» (კოლასელთა 3:12). ბიბლიაში პიროვნების ამგვარად გარდაქმნა მტაცებელი ცხოველების — მგლის, ვეფხვის, ლომის, დათვისა და ასპიტის — თვისებების თვინიერი შინაური ცხოველების — კრავის, თიკნის, ხბოსა და ძროხის — თვისებებით შეცვლას არის შედარებული (ესაია 11:6—9; 65:25). ადამიანის ხასიათის ასეთი ცვლილება ნამდვილად გასაოცარია, მაგრამ გვესმის, რომ ამაში მთავარ როლს ღვთის სული ასრულებს, რადგანაც რბილი ხასიათი ღვთის სულის საუცხოო ნაყოფის ნაწილია.
19 ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ, თუ უკვე მოვახდინეთ სასურველი ცვლილებები და თავი მივუძღვენით იეჰოვას, აღარ გვესაჭიროება რბილი ხასიათის განვითარება? არა. მაგალითად, ახალ ტანსაცმელს ყოველთვის სჭირდება მოვლა, რათა სუფთად და ფაქიზად გამოიყურებოდეს. ღვთის სიტყვის შესწავლა და მასში მოცემულ მაგალითებზე დაფიქრება დაგვეხმარება, ახალი თვალით შევხედოთ საკუთარ თავს და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი თვისებები. რას ხედავთ, როდესაც სულიერ სარკეში — ღვთის შთაგონებით დაწერილ ბიბლიაში — იხედებით? (იაკობი 1:23—25).
20. რა დაგვეხმარება რბილი ხასიათის განვითარებაში?
20 ადამიანები ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ღვთის მსახურთა შორის ზოგს უფრო რბილი ხასიათი აქვს, ვიდრე სხვებს. ასეა თუ ისე, თითოეულ ქრისტიანს ესაჭიროება, განივითაროს ღვთის სულის ნაყოფი, რომელშიც რბილი ხასიათიც შედის. პავლე ტიმოთეს სიყვარულით შეაგონებდა: „ისწრაფე სიმართლისკენ, ღვთისადმი ერთგულებისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, მოთმინებისკენ და რბილი ხასიათის შეძენისკენ“ (1 ტიმოთე 6:11, აქ). სიტყვა „ისწრაფე“ ძალისხმევის აუცილებლობაზე მიუთითებს. ერთ თარგმანში ეს სიტყვა ნათარგმნია, როგორც „მტკიცედ გადაწყვიტე“. თუ ძალისხმევას მოვახმართ და ვიფიქრებთ ღვთის სიტყვაში მოცემულ შესანიშნავ მაგალითებზე, ისინი ჩვენში ‘ჩაინერგება’. ეს მაგალითები ხელს შეუწყობს ჩვენს ფორმირებას და ცხოვრებაში სახელმძღვანელო პრინციპებად გამოგვადგება (იაკობი 1:21).
21. ა) რატომ უნდა განვივითაროთ რბილი ხასიათი? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
21 გარშემო მყოფთა მიმართ ჩვენი დამოკიდებულებიდან გამოჩნდება, რამდენად რბილი ხასიათი გვაქვს. «ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? — შეკითხვას სვამს მოწაფე იაკობი და დასძენს: — კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოქმედებაში [„აჩვენოს . . . სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით“, აქ]» (იაკობი 3:13). როგორ უნდა გამოვავლინოთ ეს ქრისტიანული თვისება ოჯახში, კრებასა და ქრისტიანულ მსახურებაში? ამასთან დაკავშირებით მომდევნო სტატიაში პრაქტიკული რჩევებია მოცემული.
-
-
ყველასთან გამოავლინეთ რბილი ხასიათისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 აპრილი
-
-
ყველასთან გამოავლინეთ რბილი ხასიათი
«შეახსენე მათ. . . იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს [„რბილი ხასიათი გამოავლინონ“, აქ] ყველა ადამიანის მიმართ» (ტიტე 3:1, 2).
1. რატომ არ არის ყოველთვის ადვილი რბილი ხასიათის გამოვლენა?
„მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“, — წერდა მოციქული პავლე (1 კორინთელთა 11:1). ღვთის მსახურები მთელი გულით ცდილობენ ამ რჩევის შესრულებას. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არც ისე ადვილია, რადგან ადამისა და ევასგან ყველამ მემკვიდრეობით მივიღეთ ეგოისტური მისწრაფებები და თვისებები, რომლებიც ქრისტეს მაგალითს არ შეესაბამება (რომაელთა 3:23; 7:21—25). მიუხედავად ამისა, ძალისხმევის შედეგად რბილი ხასიათის განვითარება თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია. ამისათვის საკმარისი არაა საკუთარი ნებისყოფა. კიდევ რა არის საჭირო?
2. როგორ შევძლებთ ყველასთან რბილი ხასიათის გამოვლენას?
2 ღვთის მოსაწონი რბილი ხასიათი სულიწმიდის ნაყოფის ნაწილია. რაც უფრო მეტად დავექვემდებარებით ღვთის მოქმედ ძალას, მით უფრო შესამჩნევი იქნება მისი ნაყოფი. მხოლოდ და მხოლოდ ამგვარად შევძლებთ „ყველა ადამიანის მიმართ“ რბილი ხასიათის გამოვლენას (ტიტე 3:2). მოდი განვიხილოთ, როგორ მივბაძოთ იესოს, რათა სხვებისთვის ჩვენთან ურთიერთობა სასიამოვნო და გამომაცოცხლებელი იყოს (მათე11:29; გალატელთა 5:22, 23).
ოჯახში
3. რა გავლენას ახდენს წუთისოფლის სული ოჯახებზე?
3 რბილი ხასიათი აუცილებელია ოჯახში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ოჯახის წევრების მხრიდან ძალმომრეობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ქალების ჯანმრთელობას, ვიდრე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მალარია ერთად აღებული. მაგალითად, ლონდონში აღრიცხული ძალადობის ფაქტების მეოთხედი ოჯახის წევრებს შორის ხდება. პოლიციელები ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც „ყვირილითა და ლანძღვით“ დაუფარავად გამოხატავენ ემოციებს. უარესი კი ის არის, რომ „გამწარებით“ მეუღლეები იფუჭებენ ერთმანეთთან ურთიერთობას. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულში „წუთისოფლის სული“ ირეკლება. ამიტომაც ასეთი საქციელი ყოვლად დაუშვებელია ქრისტიანულ ოჯახებში (ეფესელთა 4:31, აქ; 1 კორინთელთა 2:12).
4. რა გავლენას მოვახდენთ ოჯახურ ატმოსფეროზე რბილი ხასიათით?
4 წუთისოფლის ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ღვთის სულის დახმარება გვესაჭიროება. „სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორინთელთა 3:17). სიყვარული, სიკეთე, თავშეკავება და სულგრძელობა განამტკიცებს ცოლქმრულ — ორი არასრულყოფილი ადამიანის — კავშირს (ეფესელთა 5:33). რბილი ხასიათის დახმარებით ოჯახში სასიამოვნო ატმოსფეროს ვინარჩუნებთ და თავიდან ვირიდებთ უთანხმოებებსა და შეხლა-შემოხლას, რასაც ბევრი ოჯახისთვის გამოუთხრია ძირი. მართალია, მნიშვნელოვანია, რას ამბობს ადამიანი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ ამბობს სათქმელს; სწორედ აქ ვლინდება მისი გრძნობები და განწყობა. წყენისა და გულისტკივილის შესახებ აზრის რბილად გამოთქმა დაძაბულობას განმუხტავს. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას“ (იგავები 15:1).
5. როგორ დაეხმარება რბილი ხასიათი რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მცხოვრებ ქრისტიანებს?
5 რბილი ხასიათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ. რბილად მიდგომითა და კარგად მოქცევით შეიძლება მოვიპოვოთ ოჯახის წევრები, რომლებიც იეჰოვას სიტყვისადმი კეთილგანწყობილი არ არიან. პეტრე მოციქულმა ქრისტიან ცოლებს ურჩია: «ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე იყვნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, იხილავენ რა თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით. თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში [„რბილი ხასიათით, აქ], რაც ძვირფასია ღვთის წინაშე» (1 პეტრე 3:1—4).
6. როგორ განამტკიცებს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას ერთმანეთისადმი რბილად მოპყრობა?
6 მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა ზოგჯერ შეიძლება დაიძაბოს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს იეჰოვას სიყვარული აკლია. ასეთ შემთხვევაშიც ქრისტიანულ ოჯახებში აუცილებელია ერთმანეთისადმი რბილად მოპყრობა. პავლემ მამებს ურჩია: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). როდესაც მშობლები და შვილები რბილად ეპყრობიან ერთმანეთს, მათ შორის ურთიერთობა მტკიცდება. დენისი, რომელიც ხუთშვილიან ოჯახში გაიზარდა, მამამისის შესახებ იხსენებს: „მამას რბილი ხასიათი ჰქონდა. არ მახსოვს, ოდესმე გვეჩხუბოს, მაშინაც კი, როდესაც მოზარდი ვიყავი. მამა ყოველთვის რბილად მეპყრობოდა, თუნდაც ჩემი საქციელით უკმაყოფილო ყოფილიყო. მართალია, ზოგჯერ ჩემი ოთახიდან გამოსვლის უფლებას არ მაძლევდა ან დროებით ჩემთვის სასიამოვნო რამის გაკეთებას მიკრძალავდა, მაგრამ არასოდეს მეჩხუბებოდა. ის ჩვენთვის მხოლოდ მამა კი არა, მეგობარიც იყო, ვისი გულის ტკენაც არ გვინდოდა“. რბილად მოპყრობა ნამდვილად განამტკიცებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობას.
სამქადაგებლო მსახურებაში
7, 8. რატომ არის აუცილებელი ქადაგების დროს ხალხთან რბილად ლაპარაკი?
7 რბილი ხასიათი სამქადაგებლო მსახურებაშიც არის საჭირო. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას სხვადასხვა ხასიათის ადამიანებს ვხვდებით. ზოგი სიხარულით ისმენს იმედის მომცემ ცნობას. სხვებს კი ამა თუ იმ მიზეზით უარყოფითი რეაქცია აქვთ. სწორედ ასეთ შემთხვევებში გვეხმარება რბილი ხასიათი და შესაძლებლობას გვაძლევს, შევასრულოთ ჩვენი დავალება — ვიქადაგოთ ქვეყნის კიდემდე (საქმეები 1:8; 2 ტიმოთე 4:5).
8 მოციქულმა პეტრემ დაწერა: «წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით [„რბილად“, აქ] და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ» (1 პეტრე 3:15). რამდენადაც სულითა და გულით ვბაძავთ ქრისტეს, ვცდილობთ ქადაგებისას რბილად და პატივისცემით მოვეპყროთ მათ, ვინც უხეშად გველაპარაკება. ასეთ მოპყრობას ხშირად კარგი შედეგები მოჰყვება ხოლმე.
9, 10. მოიყვანე მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია სირბილე სამქადაგებლო მსახურებაში.
9 როდესაც კითს ოჯახში იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს, კარი მისმა ცოლმა გააღო. როგორც კი გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა საქმე, კითის მეუღლე აღშფოთდა და მოწმეები ბავშვებისადმი სასტიკად მოპყრობაში დაადანაშაულა. ჩვენმა ძმამ სიმშვიდე შეინარჩუნა და რბილად უპასუხა: „სამწუხაროა, რომ ჩვენზე ასეთი წარმოდგენა გაქვთ შექმნილი. თუ შეიძლება, აგიხსნით, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს“. კითი, რომელიც მათ საუბარს ისმენდა, ამ დროს გამოვიდა და ძმას საუბარი გააწყვეტინა.
10 მოგვიანებით, კითმა და მისმა მეუღლემ ინანეს, უხეშად რომ მოექცნენ სტუმარს. ძმის სიმშვიდემ ორივეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათდა გასაოცრად, ერთ კვირაში ძმამ მათ ისევ მიაკითხა. ამჯერად კითმა და მისმა მეუღლემ მას ბიბლიური მრწამსის ახსნის საშუალება მისცეს. ისინი იხსენებენ: „ორი წლის განმავლობაში ვუსმენდით იეჰოვას მოწმეებს“. მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, საბოლოოდ კი თავი მიუძღვნეს იეჰოვას და მოინათლნენ. რა დიდი კურთხევაა ეს იმ ძმისთვის, რომელმაც მათ პირველად მიაკითხა! ის წლების შემდეგ შეხვდა კითსა და მის მეუღლეს, უკვე სულიერ ძმასა და დას. რბილმა ხასიათმა შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო.
11. როგორ ეხმარება მქადაგებლის რბილი ხასიათი ადამიანს ქრისტიანული ჭეშმარიტების მიღებაში?
11 ჰაროლდს ომის დროს თავს გადახდენილმა შემთხვევებმა გული გაუტეხა. მას უკვე ღვთის არსებობაშიც კი ეპარებოდა ეჭვი. ჰაროლდი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ნასვამი მძღოლის გამო ავარიაში მოყვა და სამუდამოდ დაინვალიდდა. როდესაც სახლში იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს, მათ სთხოვა მეტად აღარ მისულიყვნენ. ერთხელაც ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ბილი, ჰაროლდის მეზობლად მცხოვრებ დაინტერესებულთან უნდა მისულიყო. ბილი შეცდომით ჰაროლდის კარს მიადგა. როდესაც კარი გაიღო და მან ყავარჯნებზე დაყრდნობილი ჰაროლდი დაინახა, მაშინვე მოიბოდიშა და აუხსნა, რომ უბრალოდ კარი შეეშალა. რა რეაქცია ჰქონდა ჰაროლდს? ბილთან შეხვედრამდე მას საინფორმაციო ტელეგადაცემაში ენახა, როგორ ააშენეს იეჰოვას მოწმეებმა საკმაოდ მცირე დროში სამეფო დარბაზი. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა ამდენი ხალხის ერთსულოვან შრომას და უკვე სულ სხვა თვალით უყურებდა იეჰოვას მოწმეებს. ჰაროლდზე არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ბილის თავაზიანმა მობოდიშებამ და რბილმა ხასიათმა. მან გადაწყვიტა, მოესმინა მოწმეებისთვის; ბიბლიის შესწავლა დაიწყო, სულიერად გაიზარდა, მოინათლა და იეჰოვას მსახური გახდა.
კრებაში
12. წუთისოფლის ხალხისგან განსხვავებით, რას უნდა მოვერიდოთ ქრისტიანული კრების წევრები?
12 რბილი ხასიათი ქრისტიანულ კრებაშიც უნდა გამოვავლინოთ. დღევანდელ საზოგადოებაში ხშირია კონფლიქტური სიტუაციები. ურთიერთდაპირისპირება, კამათი და დავა ბუნებრივია მათთვის, ვინც ცხოვრებას წუთისოფლის თვალით უყურებს. დროდადრო წუთისოფლის ხალხისთვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებები კრებაშიც აღწევს, რაც ზოგჯერ ქრისტიანთა სიტყვიერ ურთიერთდაპირისპირებაში გამოიხატება. პასუხისმგებელი ძმები წუხან, როდესაც კრებაში ასეთი სიტუაციაა. მაგრამ იეჰოვასა და სულიერი ძმების სიყვარული მათ აღძრავს, შეეცადონ შემცოდველთა კვლავ მოპოვებას (გალატელთა 5:25, 26).
13, 14. რა შედეგებს მოგვიტანს უარყოფითად განწყობილებთან რბილად მიდგომა?
13 პირველ საუკუნეში პავლესა და მის თანამსახურ ტიმოთეს ზოგჯერ პრობლემები კრების წევრების მხრიდან ექმნებოდათ. პავლე აფრთხილებდა ტიმოთეს, რომ იყვნენ ძმები, რომლებიც „არასაპატიო მიზნისთვის“ (აქ) განკუთვნილ ჭურჭელს ჰგავდნენ. «მონას ღვთისას კი არ მართებს ჩხუბი, — თქვა პავლემ, — არამედ წყნარი [„თავაზიანი“, აქ] უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე [„თავშეკავებული“, აქ]. სიმშვიდით [„რბილად“, აქ] არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ». როდესაც დაძაბული სიტუაციების დროსაც კი რბილ ტონს ვინარჩუნებთ, უარყოფითად განწყობილ ადამიანს ხშირად ეცვლება ჩვენზე წარმოდგენა. უფრო მეტიც, პავლეს სიტყვების თანახმად, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, „მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად“ (2 ტიმოთე 2:20, 21, 24, 25). საყურადღებოა, რომ პავლემ რბილი ხასიათი თავაზიანობასა და თავშეკავებულობას დაუკავშირა.
14 პავლე თვითონაც იყენებდა პირად ცხოვრებაში იმას, რასაც ქადაგებდა. კორინთის კრებაში მყოფი „ესოდენ მაღალი მოციქულების“ შესახებ მსჯელობისას ის ძმებს შეაგონებდა: «თვითონ მე, პავლე, რომელიც პირისპირ მყოფი თქვენ შორის თავმდაბალი ვარ, ხოლო შორით — კადნიერი თქვენს მიმართ, მოგიწოდებთ ქრისტეს სიმშვიდით [„რბილი ხასიათითა“, აქ] და სიკეთით» (2 კორინთელთა 10:1; 11:5). პავლე ნამდვილად ბაძავდა ქრისტეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ძმებს „ქრისტეს რბილი ხასიათით“ შეაგონებდა. ამგვარად, მას არ ჰქონდა დესპოტური და მბრძანებლური ტონი. მისი შეგონება უეჭველად დადებითად იმოქმედებდა გულით მორჩილ ქრისტიანებზე. პავლემ განმუხტა დაძაბული სიტუაცია და საფუძველი ჩაუყარა კრების მშვიდობასა და ერთობას. განა თითოეული არ უნდა შევეცადოთ ამას? უხუცესებმა განსაკუთრებით უნდა მიბაძონ ქრისტესა და პავლეს.
15. რატომ არის საჭირო რჩევის რბილად მიცემა?
15 ცხადია, თანაქრისტიანებს ყოველთვის უნდა დავეხმაროთ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებას ეხება. ძმებს სიყვარულით დახმარება მანამდე სჭირდებათ, ვიდრე მათ შორის ურთიერთობა დაიძაბება. «ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით [„შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ“, აქ]», — შეაგონებდა ძმებს პავლე. მაშ, როგორ უნდა გამოესწორებინათ შემცოდველი? რბილად მიდგომით. გარდა ამისა, პავლემ ძმებს ურჩია: „გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში“ (გალატელთა 6:1). ყოველთვის ადვილი არ არის ‘რბილად მიდგომა’, რადგან თითოეულ ქრისტიანზე — მასზეც კი, ვისაც სერიოზული პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული — გავლენას ახდენს ცოდვილი ბუნება. მიუხედავად ამისა, მხოლოდ რბილად მიდგომა დაეხმარება ადამიანს გამოსწორებაში.
16, 17. როგორი მიდგომაა ეფექტური მაშინ, როდესაც ვინმეს რჩევის მიღება უჭირს?
16 ბერძნული ზმნა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „გამოასწორეთ“, მოტეხილობისას ძვლების შეერთებასთან დაკავშირებითაც გამოიყენება. ეს პროცედურა მტკივნეულია. მზრუნველი ექიმი ამ დროს პაციენტს აწყნარებს და ეუბნება, რომ პროცედურა კი მტკივნეულია, მაგრამ შედეგი ღირს ტკივილის ატანად. მისი სიმშვიდე ავადმყოფსაც ამშვიდებს. რამდენიმე გამამხნევებელი სიტყვა პაციენტს მდგომარეობას უმსუბუქებს. არანაკლებ მტკივნეულია სულიერი განკურნების პროცესი — გამოსწორება. რბილად მიდგომა ამ პროცესს ნაკლებად მტკივნეულს გახდის, ხელს შეუწყობს სასიამოვნო ურთიერთობების აღდგენას და შემცოდველს გამოსწორებაში დაეხმარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქრისტიანს თავიდან რჩევის მიღება უჭირს, რბილად მიდგომამ შეიძლება მას ბიბლიური რჩევის გამოყენების აუცილებლობა დაანახვოს (იგავები 25:15).
17 როდესაც თანამორწმუნეებს გამოსწორებაში ვეხმარებით, ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო, რომ მათ რჩევა კრიტიკად არ მიიღონ. ამის შესახებ ერთმა მწერალმა დაწერა: „ისე არასოდეს გვემუქრება თავდაჯერებულობის საფრთხე და, ამიტომაც, ისე არასოდეს გვესაჭიროება თავმდაბლობა, როგორც რჩევის მიცემისას“. თავმდაბლობიდან გამომდინარე რბილი ხასიათის განვითარება დაეხმარება ქრისტიანს რჩევის მიცემისას ამ საშიშროების არიდებაში.
„ყველა ადამიანის მიმართ“
18, 19. ა) რატომ შეიძლება გაუჭირდეთ ქრისტიანებს თანამდებობის პირებთან რბილად ლაპარაკი? ბ) რა დაეხმარება ქრისტიანებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რბილი ხასიათის გამოვლენაში და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
18 ბევრისთვის რთულია თანამდებობის პირებთან რბილად ლაპარაკი. არავინ უარყოფს იმას, ზოგი თანამდებობის პირი ზედმეტად მკაცრია და სხვების მიმართ თანაგრძნობას არ ავლენს (ეკლესიასტე 4:1; 8:9). მიუხედავად ამისა, იეჰოვას სიყვარული დაგვეხმარება, ვაღიაროთ მისი უზენაესი ხელისუფლება და თანამდებობის პირთა მიმართ პირობითი მორჩილება გამოვავლინოთ (რომაელთა 13:1, 4; 1 ტიმოთე 2:1, 2). მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ შეზღუდონ იეჰოვასადმი საჯაროდ თაყვანისცემა, ჩვენ ვეძებთ სხვა გზებს ქების მსხვერპლის შესაწირავად (ებრაელთა 13:15).
19 ქრისტიანისთვის ნებისმიერ სიტუაციაში გაუმართლებელია აგრესიულობა. ჩვენ ვცდილობთ გონივრულად მოვიქცეთ, მაგრამ არასოდეს ვთმობთ სამართლიან პრინციპებს. სწორედ ასეთი პოზიციის წყალობით მიაღწიეს ჩვენმა და-ძმებმა წარმატებას მსოფლიოს 234 ქვეყანაში მსახურებისას. პავლე ქრისტიანებს ურჩევს, «დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს [„რბილი ხასიათი გამოავლინონ“, აქ] ყველა ადამიანის მიმართ» (ტიტე 3:1, 2).
20. როგორ აკურთხებს ღმერთი მათ, ვისაც რბილი ხასიათი აქვს?
20 უხვად კურთხეული იქნება ყველა, ვინც რბილ ხასიათს გამოავლენს. «ნეტარ არიან თვინიერნი [„რბილი ხასიათისანი, აქ], — თქვა იესომ, — ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას» (მათე 5:5). ქრისტეს სულით ცხებული ძმებისთვის რბილი ხასიათის შენარჩუნება ბედნიერების გარანტიაა და აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მათ ღვთის სამეფოში იმმართველონ. რაც შეეხება „უამრავ ხალხს“, ისინი რბილი ხასიათის გამოვლენას განაგრძობენ და სულითა და გულით ელიან იმ დროს, როდესაც დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16; ფსალმუნები 36:11). რა შესანიშნავი პერსპექტივა გვაქვს! მაშ, ნურასოდეს უგულებელვყოფთ ეფესოში მცხოვრები ქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიცემულ რჩევას: «ამიტომ შეგაგონებთ, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ, მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდით [„რბილი ხასიათით“, აქ]» (ეფესელთა 4:1, 2).
-