სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ქადაგება „დროულად და უდროოდ“
ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ომის დროს ათასობით ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ მძიმე პერიოდში იეჰოვას მოწმეები მთელ ძალისხმევას ახმარდნენ, რომ გაემხნევებინათ და იმედი მიეცათ იქ მცხოვრები ხალხისთვის. ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სარაევოში მსახურობდა, წერილი დაწერა. მოვიყვანთ ნაწყვეტს ამ წერილიდან:
«ძალიან ძნელია აქ ცხოვრება, მაგრამ ხალხს სურვილი აქვს, გაეცნოს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ადგილობრივი იეჰოვას მოწმეები შეუპოვრობით საუკეთესო მაგალითს იძლევიან. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად ძალიან უჭირთ, შესანიშნავ სულს ავლენენ. კრებაში ახალგაზრდების უმრავლესობა სრული დროით მსახურობს. ასეთი თავგამოდებული სულისკვეთება გამამხნევებელია ახალი მაუწყებლებისთვის და მათთვის არ არის უჩვეულო, მსახურების პირველი თვიდანვე 60 ან მეტი საათი იქადაგონ.
ადამიანთა დასაინტერესებლად ჩვენ, ადგილობრივი იეჰოვას მოწმეები, ვცდილობთ კარდაკარ ქადაგების გარდა მსახურების სხვა მეთოდებიც გამოვიყენოთ. მაგალითად, შედეგიანი აღმოჩნდა ბიბლიური ლიტერატურის გავრცელება ქალაქის სასაფლაოებზე.
მოწმეები საავადმყოფოებშიც ქადაგებდნენ. სარაევოს საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების მთავარმა ექიმმა მათ გამოართვა 1996 წლის 8 დეკემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომლის სათაური იყო: „გულის შეტევა — რის გაკეთება შეიძლება“? მან მოითხოვა დამატებითი ეგზემპლარები, რომ სხვა ექიმებისთვისაც დაერიგებინა. ამის შემდეგ მოწმეებს ნება დაერთოთ, მოენახულებინათ მის განყოფილებაში მყოფი ყველა ავადმყოფი, რის შედეგადაც ერთ საათზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში პალატებში გაავრცელეს 100-ზე მეტი ჟურნალი. ბევრმა ავადმყოფმა აღნიშნა, რომ ისინი პირველად მოინახულეს საავადმყოფოში გამხნევებისა და იმედის ჩანერგვის მიზნით.
სხვა შემთხვევისას მოწმეებმა პედიატრიულ განყოფილებაში გაავრცელეს ჟურნალი, რომელშიც მოცემული იყო ბავშვებთან დაკავშირებული სტატიები. ამ განყოფილების მთავარმა ექიმმა სამკითხველო დარბაზისთვის მოწმეებს გამოართვა წიგნის „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ რამდენიმე ეგზემპლარი. მას შემდეგ დედები, რომლებიც ინახულებენ თავიანთ შვილებს საავადმყოფოში, ყოველდღიურად უკითხავენ მათ ბიბლიურ მოთხრობებს. მოწმეები აგრეთვე მოელაპარაკნენ ამ ექიმს, რომ სახლში მიაკითხავდნენ.
სარაევოში სხვადასხვა ეროვნების ათასობით ნატოს ჯარისკაცია. მოწმეებმა მათაც გაუზიარეს კეთილი ცნობა. დროდადრო ჯავშანმანქანებთან ქადაგებისას ჩვენ ვიყენებთ ბროშურას „კეთილი ცნობა ყველა ერისთვის“ და, ამავე დროს, ჯარისკაცებს ვთავაზობთ ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ“! სხვადასხვა ენაზე. 200-ზე მეტი ჟურნალი იქნა გავრცელებული იტალიელი ჯარისკაცების ბარაკებში. ჩვენდა გასაოცრად, ბევრი იტალიელი ჯარისკაცი ამბობდა, რომ აქამდე არასოდეს უსაუბრიათ იეჰოვას მოწმეებთან. სასიხარულოა, რომ კონტაქტი დავამყარეთ მათთან სარაევოში.
ერთხელ ქუჩაში გაჩერებულ ჯავშანმანქანაზე ქოლგით მივაკაკუნე. მანქანიდან ჯარისკაცი გადმოვიდა. მე შევთავაზე მას ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, სათაურით „მშვიდობის მაცნეები — ვინ არიან ისინი?“. ჯარისკაცმა შემომხედა და მკითხა: „თქვენ იეჰოვას მოწმე ხართ, არა?“ როდესაც გაიგო, რომ მოწმე ვიყავი, შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „დაუჯერებელია, აქაც თქვენ ხართ? ნეტავ არსებობს დედამიწაზე ადგილი, სადაც მოწმეები არ არიან?“».
პავლე მოციქული მოგვიწოდებდა: „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ“ (2 ტიმოთე 4:2). სარაევოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები მთელი მსოფლიოს თანამორწმუნეების მსგავსად პალატებში და ჯავშანმანქანებთანაც კი ქადაგებენ!